სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ მოხმარებული ზოგიერთი კომუნალური მომსახურების ღირებულების ნაწილობრივი სუბსიდირების შესახებ

სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ მოხმარებული ზოგიერთი კომუნალური მომსახურების ღირებულების ნაწილობრივი სუბსიდირების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 52
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/02/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/02/2022
სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.023260
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
52
03/02/2022
ვებგვერდი, 03/02/2022
280120000.10.003.023260
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ მოხმარებული ზოგიერთი კომუნალური მომსახურების ღირებულების ნაწილობრივი სუბსიდირების შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (03/02/2022 - 22/02/2022)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №52

2022 წლის 3 თებერვალი

 ქ. თბილისი

 

სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ მოხმარებული ზოგიერთი კომუნალური მომსახურების ღირებულების ნაწილობრივი სუბსიდირების შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 3​1 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის/წყალარინების სამომხმარებლო ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობა ადგენს:

მუხლი 1
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ ადმინისტრირებად „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ (შემდგომში − მონაცემთა ბაზა) რეგისტრირებული იმ ოჯახებისათვის (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისა), რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70 000-ზე, მოხმარებული ელექტროენერგიისთვის, დახმარების სახით, განხორციელდეს სუბსიდირება. სუბსიდიის თანხა შეადგენს 2020 წლის დეკემბრის თვეში შესაბამის საფეხურზე მოქმედ საბოლოო მომხმარებლის ტარიფსა და 2015 წლის ივლისის თვეში შესაბამისი საფეხურისათვის მოქმედ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფს შორის სხვაობას და დამატებით 1 კვტსთ-ზე 3.5 თეთრის (2022 წლის იანვრის თვესა და 2020 წლის დეკემბრის თვეში მოქმედ ტარიფებს შორის სხვაობის გათვალისწინებითა და დღგ-ის ჩათვლით) ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დახმარებას ყოველი წლის 1 აპრილიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით იღებენ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70 000-ზე.

 

მუხლი 2
დახმარების სახით განხორციელდეს ყოველთვიურად მოხმარებული არაუმეტეს 200 კვტსთ-ის ელექტროენერგიის სუბსიდირება 1 კვტსთ-ზე 3.5 თეთრის (2022 წლის იანვრის თვესა და 2020 წლის დეკემბრის თვეში მოქმედ ტარიფებს შორის სხვაობის გათვალისწინებით და დღგ-ის ჩათვლით) ოდენობით, შემდეგი პირობებით:

ა) 2022 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდისთვის − მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული იმ ოჯახებისათვის, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეიტინგო ქულა მეტია 70 000-ზე და ნაკლებია ან ტოლია 150 000-ისა, გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისა;

ბ) 2022 წლის 1 აპრილიდან 2022 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდისთვის − მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული იმ ოჯახებისათვის, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეიტინგო ქულა მეტია 70 000-ზე და ნაკლებია ან ტოლია 150 000-ისა და მონაცემთა ბაზის მიხედვით ცხოვრობენ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში.

 

მუხლი 3
ამ დადგენილების პირველი და მე-2 მუხლებით გათვალისწინებული სუბსიდია არ ვრცელდება იმ აბონენტებზე, რომლებიც სარგებლობენ „აბონენტების მიერ მაღალმთიან დასახლებაში მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასურის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 25 აგვისტოს №418 დადგენილებით გათვალისწინებული შეღავათით.

 

მუხლი 4
2022 წლის იანვრის თვიდან 2022 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით (თითოეული თვისათვის) მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა ნაკლებია ან ტოლია 70 000-ის და მონაცემთა ბაზის მიხედვით ცხოვრობენ ქალაქ თბილისში, ქალაქ რუსთავში ან ქალაქ მცხეთაში, დახმარების სახით განხორციელდება სასმელი წყლის/წყალარინების საფასურის სუბსიდირება, მოხმარებული სასმელი წყლის/წყალარინების ან სააბონენტო გადასახადის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს 100 ლარისა.

 

მუხლი 5
1. ამ დადგენილებით მოსარგებლე ოჯახების მონაცემები ურთიერთშეთანხმებული ფორმატით, შესაბამისი თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით, მიეწოდება შესაბამის ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს ან/და წყალმომარაგების ლიცენზიანტს, რომელიც საკუთარი პასუხისმგებლობით უზრუნველყოფს სუბსიდიის ოდენობის გაანგარიშებასა და ასანაზღაურებელი თანხის (სუბსიდიის ოდენობის) თაობაზე სააგენტოსათვის მოთხოვნის გაგზავნას. სააგენტო არ არის უფლებამოსილი,  მოახდინოს ამ მუხლის თანახმად მიწოდებული მონაცემების (ასანაზღაურებელი თანხის) სისწორის შემოწმება ან რაიმე სახის კორექტირება.

2. მუნიციპალიტეტების მიერ ელექტროენერგიის ან/და სასმელი წყლის/წყალარინების სუბსიდირება/შეღავათი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ამ დადგენილებით გათვალისწინებულ ოჯახებზე გავრცელდეს მას შემდეგ, რაც შესაბამისი ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ან/და წყალმომარაგების ლიცენზიანტის მიერ გათვალისწინებული (გამოკლებული) იქნება ამ დადგენილებით გათვალისწინებული სუბსიდიის ასანაზღაურებელი თანხა.

 

მუხლი 6
„სახელმწიფო შესყიდვების  შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 3​1 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის/წყალარინების სუბსიდირების მიზნით თანხის გადარიცხვა შესაბამის ლიცენზიანტზე არ წარმოადგენს ზემოაღნიშნული კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვას და საანგარიშგებო თვის ელექტროენერგიის და/ან სასმელი წყლის/წყალარინების საფასურის ანაზღაურება (სუბსიდირება) განხორციელდეს სააგენტოსა და შესაბამის ლიცენზიანტთან არსებული შეთანხმების/მოლაპარაკების შესაბამისად.

 

მუხლი 7
ამ დადგენილების შესაბამისად ელექტროენერგიის და/ან სასმელი წყლის/წყალარინების სუბსიდიით სარგებლობის წესი და პირობები, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

 

მუხლი 8
1. ამ დადგენილებით განსაზღვრული ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის/წყალარინების სუბსიდიის დაფინანსება განხორციელდეს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში („მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების სოციალური დახმარება“, პროგრამული კოდი: 27 02 02).

2. ამ დადგენილებით გათვალისწინებული ღონისძიებები, რომელთა დაფინანსება, დადგენილი წესით, ვერ განხორციელდა კონკრეტულ კალენდარულ წელს, დაფინანსდეს მომდევნო წლების სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში („მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების სოციალური დახმარება“, პროგრამული კოდი: 27 02 02).

3. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ამ დადგენილებით გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ფინანსური რესურსების მობილიზებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება. 

 

მუხლი 9
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ მოხმარებული ზოგიერთი კომუნალური მომსახურების ღირებულების ნაწილობრივი სუბსიდირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №381 დადგენილება.

 

მუხლი 10
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2022 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი