გემის სახელმწიფო რეგისტრაციისა და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესების დამტკიცების შესახებ

გემის სახელმწიფო რეგისტრაციისა და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 09
დოკუმენტის მიმღები საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 05/07/2021
დოკუმენტის ტიპი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/07/2021
სარეგისტრაციო კოდი 310020000.55.067.016135
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
09
05/07/2021
ვებგვერდი, 07/07/2021
310020000.55.067.016135
გემის სახელმწიფო რეგისტრაციისა და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესების დამტკიცების შესახებ
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (07/07/2021 - 03/11/2023)

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №09

2021 წლის 5 ივლისი

ქ. ბათუმი

 

გემის სახელმწიფო რეგისტრაციისა და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესების დამტკიცების შესახებ

საქართველოს საზღვაო კოდექსის 30-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლების, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „გემის სახელმწიფო რეგისტრაციისა და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესები“.
მუხლი 2
ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 17 სექტემბრის №020 ბრძანება „გემის სახელმწიფო რეგისტრაციისა და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესების“ დამტკიცების შესახებ.  
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორითამარ იოსელიანი



გემის სახელმწიფო რეგისტრაციისა და საზღვაო იპოთეკის  აღრიცხვის წესები

თავი I
 
საერთო დებულებები
 
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
 
1. „გემის სახელმწიფო რეგისტრაციისა და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესები“ (შემდეგში – წესები) განსაზღვრავს საქართველოში გემის სახელმწიფო რეგისტრაციის პროცედურას (შემდეგში – სარეგისტრაციო პროცედურა), სახელმწიფო რეგისტრაციის პირობებს, რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლებს, დაკარგული ან დაზიანებული გემის სარეგისტრაციო მოწმობის ნაცვლად დუბლიკატის გაცემის წესს, საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრის (შემდეგში – სახელმწიფო რეესტრი) წარმოების წესებსა და დასარეგისტრირებელ მონაცემთა ჩამონათვალს, მათში ცლილებ(ებ)ის შეტანის წესს, სახელმწიფო რეგისტრაციის შეჩერების, მოხსნის, შეწყვეტის საფუძვლებსა და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის პირობებს საქართველოს საზღვაო კოდექსისა (შემდგომ ტექსტში – კოდექსი) და საზღვაო სფეროში მოქმედი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად.
 
2. საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრი შედგება შემდეგი წიგნებისგან:
 
ა) საერთაშორისო ნაოსნობის გემების წიგნი;
 
ბ) შიდა ნაოსნობის გემების წიგნი;
 
გ) ბერბოუტ-ჩარტერის წიგნი;
 
დ) მშენებარე გემების წიგნი.
 
3. სახელმწიფო რეესტრის შესაბამის წიგნში გემის რეგისტრაციას, რეგისტრაციაზე უარის თქმას, რეგისტრაციის შეჩერებას, გემის რეგისტრაციიდან მოხსნას, გემის რეგისტრაციის შეწყვეტას და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).
 
4. სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციას არ ექვემდებარება:
 
ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ან საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მფლობელობაში არსებული მცურავი საშუალებები;
 
ბ) გემზე არსებული საშტატო მცურავი ობიექტი, რომლის გარეშეც გემის ნაოსნობა აკრძალულია;
 
გ) გემი, რომლის ასაკი 40 და მეტი წლისაა.
 
5. სააგენტო უფლებამოსილია უარი თქვას იმ თევზსაჭერი გემების საქართველოს სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციაზე, რომლებიც ჩართული არიან არალეგალურ, არადეკლარირებულ და დაურეგულირებელ (IUU) თევზჭერაში.
 
6. გემთმფლობელი პასუხისმგებელია სააგენტოში გემის სარეგისტრაციოდ წარდგენილ მონაცემთა სისწორესა და სისრულეზე.
 
7. გემის სახელმწიფო რეგისტრაცია, რეგისტრაციაზე უარის თქმა, რეგისტრაციის შეჩერება, გემის რეგისტრაციიდან მოხსნა, გემის რეგისტრაციის შეწყვეტა და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვა ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.
 
8. ამ წესებით გათვალისწინებული სარეგისტრაციო მოწმობ(ებ)ის ფორმა და შინაარსი განისაზღვრება სააგენტოს მიერ.
 
9. სააგენტოს გადაწყვეტილება სახელმწიფო რეესტრში გემის რეგისტრაციაზე, სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემში ცვლილების შეტანაზე ან საზღვაო იპოთეკის აღრიცხვაზე უარის თქმის შესახებ, აგრეთვე რეგისტრაციის შეჩერება, გემის რეგისტრაციიდან მოხსნა, გემის რეგისტრაციის შეწყვეტა, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
 
10. გემთმფლობელის მოთხოვნის შემთხვევაში გემის სახელმწიფო რეესტრიდან მოხსნისას, რეგისტრატორი გასცემს გემის რეგისტრაციიდან მოხსნის მოწმობას, რომელშიც მიეთითება გემის რეგისტრაციიდან მოხსნის/შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია და თარიღი. 
 
 
 
მუხლი 2. ტერმინებისა და ცნებების განმარტება
 
1. ამ წესების მიზნებისათვის, მასში გამოყენებულ ტერმინებსა და ცნებებს, აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
 
ა) გემის სარეგისტრაციო ნომერი – სახელმწიფო რეესტრის შესაბამის წიგნში გემის რეგისტრაციის რიგითი ხუთციფრიანი ნომერი, შემდეგი ინდექსით:
 
ა.ა) M-00000 – ენიჭება გემს, რომელიც რეგისტრირდება საერთაშორისო ნაოსნობის გემების წიგნში და ახორციელებს შეუზღუდავ ნაოსნობას ღია ზღვაში;
 
ა.ბ) C-00000 – ენიჭება გემს, რომელიც რეგისტრიდება შიდა ნაოსნობის გემების წიგნში და ახორციელებს შეზღუდულ შიდა ნაოსნობას;
 
ა.გ) BC-00000 – ენიჭება გემს, რომელიც რეგისტრირდება ბერბოუტ-ჩარტერის წიგნში და ახორცილებს შიდა ან საერთაშორისო ნაოსნობას;
 
ა.დ) UC-00000 – ენიჭება გემს, რომელიც რეგისტრირდება მშენებარე გემების წიგნში.
 
ბ) გემის სარეგისტრაციო მოწმობა – გემის სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს გემის სახელმწიფო რეესტრის შესაბამის წიგნში რეგისტრაციას. გემის სარეგისტრაციო მოწმობა მისი მოქმედების ვადის გათვალისწინებით, შეიძლება იყოს დროებითი ან მუდმივი საქართველოს საზღვაო კოდექსის შესაბამისად. გემის რეგისტრაციის დროებითი მოწმობა გაიცემა ამ წესების მე-12 მუხლით გათვალისწინებული სარეგისტრაციო პროცედურის I ეტაპზე, ხოლო გემის სარეგისტრაციო მოწმობა იმავე მუხლით გათვალისწინებული სარეგისტრაციო პროცედურის IV ეტაპზე;
 
ბ.ა) საერთაშორისო ნაოსნობის გემების წიგნში გემის რეგისტრაციისას გაიცემა გემის რეგისტრაციის მოწმობა – Certificate of Registry;
 
ბ.ბ) შიდა ნაოსნობის გემების წიგნში 100 რეგისტრული ტონა და მეტი ტევადობის გემის რეგისტრაციისას გაიცემა სარეგისტრაციო მოწმობა შიდა ნაოსნობის მითითებით;
 
ბ.გ) 100 რეგისტრულ ტონაზე ნაკლების გემის სარეგისტრაციო მოწმობა გაიცემა შესაბამისი ნაოსნობის გემების წიგნში გემის რეგისტრაციისას;
 
ბ.დ) სარეგისტრაციო მოწმობა ბერბოუტ-ჩარტერის წიგნში რეგისტრაციისას გაიცემა ბერბოუტ-ჩარტერის სარეგისტრაციო მოწმობის ფორმით – Bareboat Charter Certificate of Registry;
 
ბ.ე) მშენებარე გემის სარეგისტრაციო მოწმობა გაიცემა მშენებარე გემების წიგნში რეგისტრაციის მოწმობის ფორმით, იმის მითითებით, რომ გემი არის მშენებარე – Under Construction.
 
გ) გემთმფლობელი – გემის მესაკუთრე ან პირი, რომელსაც გემის მესაკუთრისაგან მინიჭებული აქვს გემის მესაკუთრის სახელით გემის ფლობის/ექსპლუატაციის უფლება;
 
დ) გემის სარეგისტრაციო საბუთი – ამ წესებით გათვალისწინებული, გემის სახელმწიფო რეგისტრაციისათვის აუცილებელი საბუთი;
 
ე) საზღვაო იპოთეკის აღრიცხვა – საზღვაო იპოთეკის რეგისტრაცია და იპოთეკის შესახებ მონაცემების შეტანა სახელმწიფო რეესტრში; 
 
ვ) რეგისტრირებულ მონაცემთა ელექტრონული ბაზა – სახელმწიფო რეესტრში, ელექტრონული დოკუმენტის სახით, რეგისტრირებულ მონაცემთა ერთობლიობა;
 
ზ) გემის განმასხვავებელი ნიშნები – ასოებისა და ციფრებისაგან შემდგარი სიმბოლოები, რომლებიც დაიტანება სახელმწიფო რეესტრის შესაბამის წიგნში რეგისტრირებულ გემზე;
 
თ) საფასური – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის ბრძანებით №1-1/592 დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ გათვალისწინებული სააგენტოს მომსახურების საფასური;
 
ი) სარეგისტრაციო მოსაკრებელი – საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემის სახელმწიფო რეგისტრაციის ყოველწლიური მოსაკრებელის ოდენობა და ბიუჯეტში მისი გადახდის წესი განისაზღვრება „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით.
 
2. ამ წესებში გამოყენებულ სხვა ტერმინებსა და ცნებებს აქვთ საქართველოს საზღვაო კოდექსითა, სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული მნიშვნელობა.
 
 
 
მუხლი 3. რეგისტრირებული მონაცემების უტყუარობის პრეზუმფცია
 
სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სხვა რამე არ დადგინდება.
 
 
 
მუხლი 4. რეგისტრირებული მონაცემების ხელმისაწვდომობა
 
1. სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემები საჯაროა.
 
2. ამონაწერი სახელმწიფო რეესტრიდან უნდა შეიცავდეს ამონაწერის გაცემის მომენტისათვის გემთან დაკავშირებით არსებულ მონაცემებს
 
 
 
მუხლი 5. სახელმწიფო რეგისტრაციასთან დაკავშირებული საბუთების შენახვა
 
1. ამ წესებით გათვალისწინებული განაცხადები და გემის სარეგისტრაციო საბუთები ინახება სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში, თითოეულ გემთან დაკავშირებით გახსნილ საქმეში (შემდგომ ტექსტში – გემის საქმე), აღნიშნული გემის სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციაში ყოფნის პერიოდსა და სახელმწიფო რეგისტრაციის გაუქმების დღიდან 5 წლის განმავლობაში.
 
2. გემის უშიშროების გეგმებზე დაშვება ზღვაზე სიცოცხლის დაცვის შესახებ 1974 წლის კონვენციის (SOLAS 1974), ISPS კოდექსის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტისა და მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ცვლილებათა გათვალისწინებით, განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.
 
 
 
მუხლი 6. სახელმწიფო რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირი
 
1. სახელმწიფო რეგისტრაციას აწარმოებს რეგისტრატორი მთავარი რეგისტრატორის მიერ უფლებამოსილების დელეგირების შემთხვევაში. უფლებამოსილების დელეგირების დოკუმენტში მიეთითება რეგისტრატორის უფლებამოსილების განსაზღვრის შესახებ.
 
2. სახელმწიფო რეგისტრაციის პროცესში მთავარი რეგისტრატორი და რეგისტრატორი ხელმძღვანელობენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და საზღვაო სფეროში მოქმედი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად.
 
3. საზღვაო კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გემის რეგისტრაციასთან დაკავშირებული უფლებამოსილების დელეგირება წარმოებს ერთჯერადი ფორმით და ფორმდება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით, შესაბამისი გარემოებების მითითებით.
 
 
 
თავი II
 
სახელმწიფო რეესტრის სტრუქტურა და წარმოების წესი
 
მუხლი 7. სახელმწიფო რეესტრი
 
1. საქართველოში გემის სახელმწიფო რეგისტრაცია ხორციელდება სახელმწიფო რეესტრში, რომელიც შედგება წინამდებარე წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული წიგნებისაგან. სახელმწიფო რეესტრი წარმოებს მატერიალური და ელექტრონული სახით.
 
2. სახელმწიფო რეესტრი მატერიალური დოკუმენტის სახით წარმოადგენს დანომრილ და სტამბური წესით დამზადებულ ზონარგაყრილ ჟურნალს. მასში შეტანილი ჩანაწერი მოწმდება რეგისტრატორის ხელმოწერით. ჩანაწერში შესწორების შეტანა დასტურდება ხაზის გადასმით, სიტყვებით „ენდეთ შესწორებას“, რომელიც მოწმდება რეგისტრატორის ხელმოწერით.
 
3. სააგენტო უზუნველყოფს რეგისტრირებულ მონაცემთა ელექტრონული ბაზის დაცვას არასანქცირებული შეღწევისაგან. შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს/ორგანიზაციის წერილობითი მოთხოვნით, სააგენტო ვალდებულია მიაწოდოს მას ინფორმაცია რეგისტრირებულ მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან.
 
4. მატერიალურ ან/და ელექტრონულ რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა შეუსაბამობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება მატერიალური დოკუმენტით წარმოდგენილ რეგისტრირებულ მონაცემებს.
 
5. მატერიალურ და ელექტრონულ რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა შორის მონაცემთა სისრულის მხრივ უპირატესობა ენიჭება ელექტრონულ რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებს.
 
6. გემის სახელმწიფო რეგისტრაციის მოხსნის/შეწყვეტის/დროებითი შეჩერების შემთხვევაში, მისი სარეგისტრაციო ნომერი არ გამოიყენება სხვა გემის სახელმწიფო რეგისტრაციისათვის.
 
7. სახელმწიფო რეესტრში ჩანაწერები სრულდება ქართულ ენაზე, ხოლო გემისა და გემთმფლობელის სახელწოდება – ინგლისურ ენაზე. ციფრებით გამოხატული შესაბამისი მონაცემები შეიტანება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საზომი ერთეულებით.
 
 
 
მუხლი 8. სახელმწიფო რეესტრის მონაცემები
 
1. სახელმწიფო რეესტრის შესაბამის წიგნებში, გარდა ბერბოუტ-ჩარტერის წიგნისა, რეგისტრირდება შემდეგი მონაცემები:
 
ა) ექსპლუატაციაში მყოფი გემის შესახებ:
 
ა.ა) სარეგისტრაციო ნომერი და რეგისტრაციის თარიღი;
 
ა.ბ) გემის სახელი რეგისტრაციის მომენტისათვის;
 
ა.გ) გემის წინა სახელი, ბოლო რეგისტრაციის ქვეყანა, რეგისტრაციის შეწყვეტის/მოხსნის თარიღი (არსებობის შემთხვევაში);
 
ა.დ) გემის ტიპი;
 
ა.ე) საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის – IMO-ს ნომერი;
 
ა.ვ) აღიარებული ორგანიზაციის სახელწოდება;
 
ა.ზ) საერთაშორისო სახმობი და ამოსახმობი ნიშნები – თუ გემი აღჭურვილია კავშირგაბმულობის საშუალებით;
 
ა.თ) გემის აშენების/დამზადების წელი და ადგილი;
 
ა.ი) გემის კორპუსის მასალა;
 
ა.კ) ძრავ(ებ)ის გამოშვების თარიღი, ტიპი, მოდელი, რაოდენობა, სიმძლავრე;
 
ა.ლ) გაბარიტული ზომები: მაქსიმალური სიგრძე, სიგრძე, სიგანე, სიღრმე, საერთო და სუფთა ტევადობა და მგზავრთტევადობა;
 
ა.მ) გემთმფლობელის მონაცემები (სახელწოდება, საინდეტიფიკაციო მონაცემები, იურიდიული მისამართი);
 
ა.ნ) საზღვაო იპოთეკის თაობაზე ამ წესების 26-ე მუხლით გათვალისწინებული მონაცემები;
 
ა.ო) ლიზინგის შესახებ არსებული მონაცემები.
 
ბ) მშენებარე გემის შესახებ – ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“, „ა.ბ“, „ა.დ“, „ა.ე“ (არსებობის შემთხვევაში) „ა.მ“ „ა.ნ“ და „ა.ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემები.
 
 
 
მუხლი 9. სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანა
 
1. თუ სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებულმა მონაცემებმა განიცადეს ცვლილება, გემთმფლობელი ვალდებულია, აღნიშნული ცვლილების განხორციელებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში, მიმართოს სააგენტოს შესაბამისი განაცხადით შემდეგში – განაცხადი რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ), რომელსაც თან უნდა ერთვოდეს მასში მითითებულ გარემოებათა დამადასტურებელი საბუთები.
 
 
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განაცხადის სააგენტოში რეგისტრაციიდან სააგენტო უზრუნველყოფს სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
 
3. თუ სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანის შედეგად საჭირო გახდა ადრე გაცემული გემის სარეგისტრაციო მოწმობის შეცვლა, მაშინ მის ნაცვლად სააგენტო გასცემს ახალ სარეგისტრაციო მოწმობას. აღნიშნულ შემთხვევაში, შეცვლილი გემის სარეგისტრაციო მოწმობა ძალადაკარგულია.
 
4. თუ სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანა განპირობებულია საზღვაო იპოთეკით, მაშინ სააგენტოს წარედგინება განაცხადი საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის შესახებ და მასზე თანდართული საბუთები.
 
 
 
მუხლი 10. სახელმწიფო რეგისტრაციაზე/სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის საფუძვლები
 
სახელმწიფო რეგისტრაციაზე/სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის საფუძვლებია, თუ:
 
ა) განაცხადი წარდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ;
 
ბ) განაცხადი ან/და სარეგისტრაციო საბუთები არ აკმაყოფილებს ამ წესების მოთხოვნებს და ეს ხარვეზ(ებ)ი სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში არ იქნა გამოსწორებული განმცხადებლის მიერ;
 
გ) ვერ დასტურდება სარეგისტრაციო საბუთების ნამდვილობა;
 
დ) მაძიებელი ითხოვს იმ გემის სახელმწიფო რეგისტრაციას, რომელსაც სახელმწიფო რეგისტრაცია გაუქმებული ჰქონდა ამ წესების 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე და აღნიშნული გაუქმებიდან არ გასულა 2 წელი;ე) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უარის თქმის სხვა საფუძველი.
 
 
 
თავი III
 
გემის სახელმწიფო რეგისტრაცია
 
ზოგადი დებულებები
 
მუხლი 11. სარეგისტრაციო პროცედურა
 
1. გემი, რომელსაც სურს დარეგისტრირება საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში, ვალდებულია გაიაროს წინასარეგისტრაციო ინსპექტირება მინიმუმ ერთ-ერთი ქვემოთ მოყვანილი გარემოების არსებობისას:
 
ა) გემის ასაკი არის 20 წელი ან მეტი;
 
ბ) გააჩნია ერთი დაკავება ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის სამსახურების მიერ ბოლო 12 თვის განმავლობაში;
 
გ) იმყოფება საქართველოს მიერ არ აღიარებული საკლასიფიკაციო საზოგადოების ზედამხედველობის ქვეშ და რეგისტრაციაზე განაცხადის გაკეთების დროისათვის წარმოადგენს საქართველოს მიერ აღიარებული საკლასიფიკაციო საზოგადოებაში კლასის გადაცემის შესახებ ოფიციალურ შეტყობინებას;
 
დ) თუ გემს ბოლო 24 თვის განმავლობაში განცდილი აქვს სერიოზული საზღვაო შემთხვევა ან საზღვაო ინციდენტი;
 
ე) ბოლოს იყო დარეგისტრირებული ერთ-ერთი ურთიერთგაგების მემორანდუმის შავ სიაში აღრიცხული ქვეყნიდან; 
 
ვ) 20 ან მეტი შეუსაბამობის არსებობისას ბოლო 12 თვის განმავლობაში, რომელიც დადასტურებულია ნავსადგურის კონტროლის სახელმწიფო სამსახურების ანგარიშებით.
 
2. გემი, რომელიც წარმატებით გაივლის წინა სარეგისტრაციო III ინსპექტირებას აღარ არის ვალდებული გაიაროს რეგისტრაციის ეტაპის ბოლოს განსაზღვრული სააგენტოს მიერ აღიარებული ინსპექტირება, თუკი არ არსებობს ამისათვის შესაბამისი საფუძველი. რეგისტრატორის რეკომენდაციის საფუძველზე, მთავარი რეგისტრატორი ყოველ ასეთ შემთხვევაზე მიიღებს ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას.
 
3. წინა სარეგისტრაციო ინსპექტირება ითვლება წარმატებულად გავლილად, თუ:
 
ა) ინსპექტირებისას მცურავი საშუალების ზოგადი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი ან;
 
ბ) აღმოჩენილი შეუსაბამობები გამოსწორდა/გამოსწორდება სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში.
 
4. გემის რეგისტრაცია ხორციელდება ამ წესის მე-12 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
 
5. 100 რეგ. ტონაზე ნაკლები გემის სარეგისტრაციო პროცედურა არ ითვალისწინებს წინასარეგისტრაციო სავალდებულო ინსპექტირებას. სააგენტოს, მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, შეუძლია ჩაატაროს კონცენტრირებული ან დაუგეგმავი ინსპექტირება.
 
 
 
მუხლი 12. სარეგისტრაციო ეტაპები
 
1. სარეგისტრაციო პროცედურა, სახელმწიფო რეესტრში ხორციელდება შემდეგ ოთხ ეტაპად:
 
ა) I ეტაპი – დროებითი რეგისტრაცია – გემის სახელმწიფო რეგისტრაციის მაძიებლის (შემდგომში – მაძიებელი) მიერ სააგენტოსათვის გემის სახელმწიფო რეგისტრაციის შესახებ განაცხადების და შემდეგი სარეგისტრაციო საბუთების ელექტრონული ან მატერიალური ვერსიით ან/და მისი ასლის სახით წარდგენა:
 
ა.ა) რეგისტრაციის განაცხადის ხელმომწერი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი (ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, მინდობილობა, დავალების ხელშეკრულება და სხვა);
 
ა.ბ) გემზე საკუთრების უფლების წარმოშობის დამადასტურებელი საბუთი (ნასყიდობის ხელშეკრულება, სამკვიდროს მოწმობა, სასამართლო გადაწყვეტილება, მშენებლობის სერტიფიკატი, წინა დროშის სარეგისტრაციო მოწმობა, მინდობილობა და სხვა საკუთრების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი);
 
ა.გ) აღიარებული ორგანიზაციის ან საკლასიფიკაციო საზოგადოების ან/და აღიარებული სურვეერის მიერ გემზე გაცემული საერთაშორისო კონვენციებით/რეზოლუციებით გათვალისწინებული მოწმობები/სერტიფიკატები ან ასეთის არარსებობის შემთხვევაში აღიარებული ორგანიზაციის ოფიციალური მიმართვა, რომ სარეგისტრაციო გემი აყვანილია ორგანიზაციის ზედამხედველობის ქვეშ;
 
ა.დ) განაცხადი გემის რადიოსადგურის რეგისტრაციისათვის, შესაბამისი რადიოაღჭურვილობის არსებობის შემთხვევაში კანონმდებლობის მოთხოვნიდან გამომდინარე;
 
ა.ე) წინა რეგისტრაციის ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს/ორგანიზაციის მიერ გაცემული გემის რეგისტრაციის მოწმობის ასლი, არსებობის შემთხვევაში;
 
ა.ვ) გემთმფლობელის წერილობითი დასტური იმის შესახებ, რომ სახელმწიფო რეესტრში გემის მუდმივი რეგისტრაციის თარიღიდან, გემის რეგისტრაცია წაიშლება/შეჩერდება წინა რეგისტრაციის ქვეყნის გემების შესაბამის რეესტრში;
 
ა.ზ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან – თუ სარეგისტრაციო გემის მფლობელი იურიდიული პირი ან ინდივიდუალური მეწარმეა, ხოლო თუ გემთმფლობელი ფიზიკური პირია კანონმდებლობით განსაზღვრული საიდენტიფიკაციო საბუთი;
 
ა.თ) საზღვაო იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლების მქონე პირის თანხმობის წერილი – საზღვაო იპოთეკის არსებობის შემთხვევაში;
 
ა.ი) საჭიროებისამებრ ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელსაც განსაზღვრავს მთავარი რეგისტრატორი;
 
ბ) სააგენტოს მიერ რეგისტრაციის განაცხადისა და თანდართული სარეგისტრაციო საბუთების წინასწარი განხილვა-შეფასება, გემის დროებითი რეგისტრაციის მოწმობის არაუმეტეს 6 თვის ვადით გაცემა ან აღნიშნული მოწმობის გაცემაზე უარის თქმა. სააგენტო გემის რეგისტრაციაზე ნებისმიერი გადაწყვეტილების შესახებ ატყობინებს რეგისტრაციის მაძიებელს. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, მაძიებელი ვალდებულია წარმოადგინოს საფასურისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები;
 
გ) II ეტაპი – მუდმივი ან ვადიანი რეგისტრაცია – გემის სახელმწიფო რეგისტრაციის მაძიებლის მიერ სააგენტოსათვის გემის სახელმწიფო რეგისტრაციის შესახებ განაცხადების და შემდეგი სარეგისტრაციო დოკუმენტების ორიგინალების წარდგენა გარდა დოკუმენტებისა, რომელთა წარმოდგენა საკმარისია ასლის სახით:
 
გ.ა) რეგისტრაციის განაცხადის ხელმომწერი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი (ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, მინდობილობა, დავალების ხელშეკრულება და სხვა);
 
გ.ბ) გემზე საკუთრების უფლების წარმოშობის დამადასტურებელი საბუთი (ნასყიდობის ხელშეკრულება, სამკვიდროს მოწმობა, სასამართლო გადაწყვეტილება, მშენებლობის სერტიფიკატი, წინა დროშის სარეგისტრაციო მოწმობა, მინდობილობა და სხვა საკუთრების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი);
 
გ.გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული საკლასიფიკაციო საზოგადოების მიერ გემზე გაცემული საერთაშორისო კონვენციებით/რეზოლუციებით გათვალისწინებული მოწმობების/სერტიფიკატების ასლები;
 
გ.დ) 100 რეგისტრულ ტონაზე ნაკლები ტევადობის გემისათვის, გემის ნაოსნობის პირობების განმსაზღვრელი ტექნიკური დოკუმენტის ასლი;
 
გ.ე) გემის 2 ფოტოსურათი, მისი წინა და გვერდითი ხედებით, ისე, რომ ჩანდეს გემის სახელი და მიწერის ნავსადგური; 
 
გ.ვ) საერთაშორისო საზღვაო კონვენციებიდან გამომდინარე გემის დაზღვევის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის ასლი, არსებობის შემთხვევაში;
გ.ზ) უცხო ქვეყნის გემების ბოლო რეესტრში გემის რეგისტრაციის შეწყვეტის/შეჩერების დამადასტურებელი საბუთი;
 
გ.თ) სააგენტოს მიერ აღიარებული გემის შემმოწმებლის მიერ განხორციელებული გემის ინსპექტირების ანგარიში;
 
გ.ი) გემის უწყვეტი ისტორიის (Continuous Synopsis Record) – ასლი (არსებობის შემთხვევაში);
 
გ.კ) საჭიროებისამებრ ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელსაც განსაზღვრავს მთავარი რეგისტრატორი;
 
დ) III ეტაპი – II ეტაპზე წარმოდგენილი სარეგისტრაციო საბუთების განხილვა-შეფასება და სააგენტოს მიერ გემის შემოწმება, საერთაშორისო კონვენციებით/რეზოლუციებით გათვალისწინებული მოწმობების/სერტიფიკატების მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის დადგენის მიზნით;
 
ე) IV ეტაპი – გემის რეგისტრაციის მოწმობის და სხვა სავალდებულო საბუთების გემთმფლობელისათვის მიწოდება ან გემის რეგისტრაციის მოწმობის გაცემაზე უარის თქმა.
 
2. თუ მაძიებელი სარეგისტრაციო პროცედურის I და II ეტაპზე წარსადგენ საბუთებს წარადგენს I ეტაპზე, მაშინ სარეგისტრაციო პროცედურა ხორციელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ პუნქტების შესაბამისად. 
 
3. მოწმობების მოქმედების ვადა განისაზღვრება შემდეგნაირად:
 
ა) გემის რეგისტრაციის მოწმობა:
 
ა.ა) დიდი გემის რეგისტრაციის მოწმობა გაიცემა უვადოდ ყოველწლიური დამოწმებით;
ა.ბ) საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული 100 რეგისტრულ ტონაზე ნაკლები იახტებისა და კატარღების გემის რეგისტრაციის მოწმობა გემთმფლობელის მოთხოვნის საფუძველზე შესაძლებელია გაიცეს არაუმეტეს 5-წლიანი მოქმედების ვადით, ყოველწლიური დამოწმების გარეშე;
 
ა.გ) შიდა ნაოსნობაში ჩართული პატარა და ზომამცირე გემის რეგისტრაციის მოწმობა გაიცემა არაუმეტეს ერთწლიანი მოქმედების ვადით;
 
ბ) გემის რადიოსადგურის მოწმობა – გაიცემა ერთი წლის ვადით გარდა საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული 100 რეგისტრულ ტონაზე ნაკლები იახტებისა და კატარღებისათვის, ასევე შიდა ნაოსნობაში ჩართული ნიჩბიანი ნავებისა და მოტონავებისათვის. რადიოაღჭურვილობის მონაცემები შეიტანება გემის რეგისტრაციის მოწმობაში;
 
გ) გემის ეკიპაჟის უსაფრთხო დაკომპლექტების დოკუმენტი – გაიცემა უვადოდ. აღნიშნული დოკუმენტი არ გაიცემა შიდა ნაოსნობაში ჩართული პატარა და ზომამცირე გემებისა და 100 რეგისტრულ ტონაზე ნაკლები იახტებისა და კატარღებისათვის. უსაფრთხო დაკომპლექტების შესახებ ჩანაწერი კეთდება გემის რეგისტრაციის მოწმობაში;
 
დ) შესაბამისი საერთაშორისო საზღვაო კონვენციიდან გამომდინარე დაზღვევის სერტიფიკატი – გაიცემა სადაზღვევო პოლისის (Blue Card) მოქმედების ვადის შესაბამისად.
 
4. პატარა და ზომამცირე გემის რეგისტრაციისათვის მაძიებლის მიერ სარეგისტრაციო საბუთების წარდგენა განისაზღვრება ამავე მუხლის ან სააგენტოს მიერ დადგენილი პროცედურის/წესის შესაბამისად.
 
 
თავი IV
 
ბერბოუტ-ჩარტერის რეგისტრაცია
 
მუხლი 13. განაცხადი ბერბოუტ-ჩარტერის რეგისტრაციისათვის
 
ბერბოუტ-ჩარტერის რეგისტრაციისათვის უფლებამოსილმა პირმა უნდა წარმოადგინოს წერილობითი განაცხადი მთავარი რეგისტრატორის სახელზე და თან დაურთოს შემდეგი საბუთები:
 
ა) დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ბერბოუტ-ჩარტერში მყოფი გემის მიმართ უფლებამოსილი პირის დანიშვნას;
 
ბ) ბერბოუტ-ჩარტერერის სახელი და გვარი, მისამართი და ტელეფონი, ფაქსი (არსებობის შემთხვევაში) და ელექტრონული ფოსტის მისამართი;
 
გ) ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელსაც განსაზღვრავს მთავარი რეგისტრატორი;
 
დ) ბერბოუტ-ჩარტერის ხელშეკრულების დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
 
დ.ა) გემის სახელს;
 
დ.ბ) ბერბოუტ-ჩარტერერისა და გემთმფლობელის სახელებს;
 
დ.გ) ჩარტერის ხელშეკრულების ხელმოწერის თარიღს და ადგილს;
 
დ.დ) გემის მაიდენტიფიცირებელ სხვა სარეგისტრაციო მონაცემებს.
 
ე) გემის რეგისტრაციის ქვეყნის შესაბამისი რეესტრის ოფიციალური ცნობა გემთმფლობელისა და გემის მიმართ არსებული ნებისმიერი ქონებრივი შეზღუდვის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
 
ვ) მოგირავნის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა გემის რეგისტრაციის შესახებ საქართველოს სახელმწიფო რეესტრის ბერბოუტ-ჩარტერის წიგნში, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
 
ზ) ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს სხვა ქვეყნის შესაბამის რეესტრში გემის რეგისტრაციის შეჩერებას;
 
თ) შესაბამისი მოსაკრებლის და საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
 
 
 
მუხლი 14. ბერბოუტ-ჩარტერის წიგნის მონაცემები
 
1. მას შემდეგ, რაც სააგენტოს სრულად წარედგინება მე-13 მუხლით მოთხოვნილი საბუთები და მოსაკრებლის და საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, მთავარი რეგისტრატორის გადაწყვეტილებით რეგისტრატორი ბერბოუტ-ჩარტერის წიგნში აკეთებს შემდეგი სახის ჩანაწერებს:
 
ა) გემის სახელი;
 
ბ) გემის სახელის შეცვლის შემთხვევაში პირველადი რეგისტრაციის სახელი;
 
გ) გემის სარეგისტრაციო ნომერი;
 
დ) IMO ნომერი;
 
ე) ამოსაცნობი ნიშნები (სახმობი ნიშნანი და ამოსაცნობი ნიშანი);
 
ვ) გემის ტიპი;
 
ზ) გემის განზომილებები;
 
თ) ძრავ(ებ)ის, ტიპი, მოდელი, რაოდენობა, სიმძლავრე;
 
ი) კორპუსის მასალა და ნომერი (არსებობის შემთხვევაში);
 
კ) საერთო ტევადობა და სუფთა ტევადობა;
 
ლ) აშენების წელი და ქვეყანა;
 
მ) ბერბოუტ-ჩარტერერის და გემთმფლობელის სახელი და მისამართი;
 
ნ) გემის ძირითადი რეგისტრაციის ქვეყანა;
 
ო) ბერბოუტ-ჩარტერის ხელშეკრულების მოქმედების ვადა;
 
პ) ბერბოუტ-ჩარტერის ხელშეკრულების დადების ადგილი და თარიღი;
 
ჟ) ბერბოუტ-ჩარტერის რეგისტრაციის თარიღი.
 
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების გემის ბერბოუტ-ჩარტერის რეგისტრაციის მოწმობაზე დაიტანება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
 
3. ბერბოუტ-ჩარტერერი ვალდებულია მიაწოდოს სააგენტოს ინფორმაცია ბერბოუტ-ჩარტერის ხელშეკრულებაში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილების შესახებ, მისი განხორციელებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. განხორციელებული ცვლილების შესაბამისად რეგისტრატორი განახორციელებს შესაბამის ჩანაწერს ბერბოუტ-ჩარტერის წიგნში ცვლილების თარიღის მითითებით.
 
 
 
მუხლი 15. ბერბოუტ-ჩარტერის რეგისტრაციის მოწმობა
 
1. ბერბოუტ-ჩარტერის წიგნში გემის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტია ბერბოუტ-ჩარტერის რეგისტრაციის მოწმობა.
 
2. ბერბოუტ-ჩარტერის რეგისტრაციის მოწმობა გაიცემა ბერბოუტ-ჩარტერის ხელშეკრულების მოქმედების ვადის ან შესაბამისი გემისთვის უცხო ქვეყნის სათანადო რეესტრში რეგისტრაციის შეჩერების ვადის შესაბამისად, რომელიც ექვემდემბარება გახანგრძლივებას.
 
3. ბერბოუტ-ჩარტერის ხელშეკრულების საფუძველზე დაქირავებული გემის სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის ვადები განისაზღვრება კოდექსის 35-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად.
 
 
 
მუხლი 16. ბერბოუტ-ჩარტერის რეგისტრაციის შეჩერება, მოხსნა, შეწყვეტა
 
1. კოდექსის დებულებების შესაბამისად და ამ წესებიდან გამომდინარე ბერბოუტ-ჩარტერის რეგისტრაციის შეჩერება, შეწყვეტა ან მოხსნა ხორციელდება შემდეგ შემთხვევებში:
 
ა) ბერბოუტ-ჩარტერის ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა ან ხელშეკრულების ვადის გასვლა, რის საფუძველზეც გემი დარეგისტრირდა ბერბოუტ-ჩარტერის წიგნში;
 
ბ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღრულ სხვა შემთხვევებში.
 
2. როდესაც ბერბოუტ-ჩარტერის რეგისტრაციის შეწყვეტა ხდება ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული გარემოებების გამო, რეგისტრაციის შეწყვეტა არ იწვევს იმ ქონებრივი შეზღუდვების გაუქმებას იმ პირების მიმართ, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ბერბოუტ-ჩარტერის წიგნში.
 
3. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული გარემოებების გამო რეგისტრაციის შეწყვეტისას/მოხსნისას გემთმფლობელი ან ბერბოუტ-ჩარტერერი ვალდებულია სააგენტოს დაუბრუნოს ბერბოუტ-ჩარტერის რეგისტრაციის მოწმობის ორიგინალი თუ ის გაცემული არის მატერიალური სახით:
 
ა) დაუყოვნებლივ, თუ გემი იმყოფება საქართველოში;
 
ბ) მიზანშეწონილ ვადაში თუ გემი არ იმყოფება საქართველოში გარემოებათა გათვალისწინებით. ამ პუნქტით გათვალისწინებულ მიზანშეწონილ ვადად ჩაითვლება ბერბოუტ-ჩარტერის რეგისტრაციის შეწყვეტის დღიდან 30-ე კალენდარული დღე.
 
4. მთავარი რეგისტრატორი იღებს ბერბოუტ-ჩარტერის წიგნიდან გემის მოხსნის გადაწყვეტილებას:
 
იმ თარიღიდან, როდესაც გავიდა ბერბოუტ-ჩარტერის რეგისტრაციის მოწმობის ვადა და მთავარ რეგისტრატორს არ მიუღია წერილობითი განცხადება მოწმობის ხელახალი გაცემის თაობაზე.
 
5. მთავარი რეგისტრატორი იღებს ბერბოუტ-ჩარტერის წიგნიდან გემის შეწყვეტის გადაწყვეტილებას შემდეგ შემთხვევებში:
 
ბ) მთავარმა რეგისტრატორმა მიიღო განცხადება, თუმცა გამოირკვა, რომ:
 
ბ.ა) გემი არ/აღარ შეესაბამება კოდექსის დებულებებს ან/და რეგისტრაციის პირობებს;
 
ბ.ბ) გემი არ/აღარ შეესაბამება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებს ან უსაფრთხოების, უშიშროების და გარემოს დაცვის შესახებ შესაბამის კანონმდებლობას. 
 
 
 
 
 
 
მუხლი 17. ბერბოუტ-ჩარტერის რეგისტრაციის მოწმობის განახლება/ხელახალი გაცემა
 
1. ბერბოუტ-ჩარტერის რეგისტრაციის მოწმობის განახლების/ხელახალი გაცემის მოთხოვნით უფლაბამოსილი პირი მიმართავს სააგენტოს შესაბამისი განაცხადის ფორმით, ბერბოუტ-ჩარტერის რეგისტრაციის მოწმობის მოქმედების ვადის გასვლამდე.
 
2. ბერბოუტ-ჩარტერის რეგისტრაციის მოწმობის განახლებაზე/ხელახალ გაცემაზე განაცხადს თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტები:
 
ა) ნებისმიერი ცვლილება, რომელიც განხორციელდა ბერბოუტ-ჩარტერის ხელშეკრულებაში;
 
ბ) რეგისტრაციის საფასურისა და საქართველოს კანონმდელობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
 
3. მთავარი რეგისტრატორის მიერ წარმოდგენილი განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რეგისტრატორი ახორციელებს შემდეგ ქმედებებს:
 
ა) ბერბოუტ-ჩარტერის წიგნში ახორციელებს ჩანაწერებს ნებისმიერი იმ ცვლილების შესახებ, რომელიც განხორციელდა ბერბოუტ-ჩარტერის ხელშეკრულებაში, არსებობის შემთხვევაში;
 
ბ) გამოსცემს განახლებულ/ხელახლა გაცემულ ბერბოუტ-ჩარტერის რეგისტრაციის მოწმობას, რომელშიც ეთითება ახალი რეგისტრაციის მოწმობის მოქმედების ვადა და ახორციელებს შესაბამის ჩანაწერს ბერბოუტ-ჩარტერის წიგნში. 
 
 
 
მუხლი 18. ბერბოუ-ჩარტერში მყოფი გემის მიმართ არსებული უფლებები
1. გემის ბერბოუტ-ჩარტერის წიგნში რეგისტრაცია კოდექსისა და წინამდებარე წესების დებულებების შესაბამისად, არ ახდენს გავლენას გემის მიმართ არსებულ საკუთრების უფლებაზე.
 
2. გემთმფლობელი ან ბერბოუტ-ჩარტერერი ვალდებულია შეატყობინოს სააგენტოს გემთან დაკავშირებული საკუთრების უფლების ნებისმიერი სახის ან სხვა სახის ცვლილების შესახებ, 30 კალენდარული დღის ვადაში ცვლილების განხორციელების დღიდან.
3. ბერბოუტ-ჩარტერის რეგისტრაციის წიგნიდან გემი მოიხსნება ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ცვლილებების განხორციელებიდან 30-ე დღეს, თუკი გემთმფლობელი ან სხვა ნებისმიერი უფლებამოსილი პირი არ წარმოადგენს წერილობით თანხმობას ბერბოუტ-ჩარტერის რეგისტრაციის გაგრძელების თაობაზე.
 
 
მუხლი 19. ბერბოუტ-ჩარტერის რეგისტრაციის დახურვა
მას შემდეგ რაც მთავარი რეგისტრატორი მიიღებს ოფიციალურ ცნობას სხვა ქვეყნის შესაბამისი ორგანოდან, რომ გემის მიმართ გაკეთებულია განცხადება სხვა ქვეყნის შესაბამის რეესტრში გემის გადაყვანის თაობაზე, დარეგისტრირდა სხვა ქვეყნის შესაბამის რეესტრში რეგისტრატორი ახორციელებს შემდეგ ქმედებებს:
 
ა) რეგისტრაციის დახურვის გზითხსნის გემს გემის რეგისტრაციას;
 
ბ) უკან გამოიწვევს ბერბოუტ-ჩარტერის რეგისტრაციის მოწმობას;
 
გ) აცნობებს სხვა ქვეყნის შესაბამის ორგანოს, რომ საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში ამ გემის რეგისტრაცია შეწყდა.
 
 
 
 
მუხლი 20. ცვლილებები ბერბოუტ-ჩარტერის ხელშეკრულებაში და თანმდევი ქმედებები
1. პირი, რომელიც აღარ წარმოადგენს გემთმფლობელს, იმ გემისა, რომლის მიმართ გაცემულია ბერბოუტ-ჩარტერის რეგისტრაციის მოწმობა, 30 დღის ვადაში ვალდებულია მიაწოდოს სააგენტოს ასეთი ცვლილების დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე ახალი გემთმფლობელის სახელი და გვარი, რეგისტრაციის მისამართი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებების შესაბამისად, მთავარი რეგისტრატორი ეთანხმება გემის ახალი გემთმფლობელის სახელით დარეგისტრირებაზე ან უარს ამბობს ბერბოუტ-ჩარტერის რეგისტრაციის გაგრძელებაზე, მე-17 მუხლის დებულებების შესაბამისად.
 
 
მუხლი 21. ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება
 
ბერბოუტ-ჩარტერერი ვალდებულია 7 დღის ვადაში მიაწოდოს სააგენტოს ნებისმიერი ცვლილება წერილობით, რომელიც განხორციელდა ბერბოუტ-ჩარტერერთან მიმართებაში, მათ შორის ნებისმიერი ფინანსური ვალდებულება.
 
 
მუხლი 22. მოხსნის ამონაწერი
იმ შემთვევაში, როდესაც მოხდა გემის რეგისტრაციიდან მოხსნა კოდექსის ან ამ წესებში გათვალისწინებული გარემოებებით, გემთმფლობელის მოთხოვნით, რეგისტრატორი გასცემს გემის რეგისტრაციიდან მოხსნის მოწმობას, რომელშიც მიეთითება რეგისტრაციიდან მოხსნის/შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია და მიეთითება თარიღი. 
 
 
 
მუხლი 23. სხვა მოწმობები
 
ბერბოუტ-ჩარტერის რეგისტრაციის მოწმობის გაცემასთან ერთად სააგენტო გასცემს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა სავალდებულო მოწმობებს.
 
 
თავი V
მშენებარე გემის რეგისტრაცია
 
მუხლი 24. მშენებარე გემის რეგისტრაციის განაცხადი
 
1. მშენებარე გემის რეგისტრაციის განაცხადს თან უნდა ერთვოდეს აღიარებული ორგანიზაციის ან სხვა უფლებამოსილი ორგანოს/ორგანიზაციის მიერ აღიარებული (დადასტურებული) გემის ზოგადი სპეციფიკაცია და/ან წერილი, რომელიც ადასტურებს მშენებარე გემის აღიარებული ორგანიზაციის ზედამხედველობის ქვეშ მშენებლობას და ამონაწერი გემთსაშენი ქარხნის მშენებარე გემების სიიდან;
 
2. გემის მშენებლობის დასრულებისა და ექსპლუატაციაში შეყვანამდე გემთმფლობელი ვალდებულია გაიაროს ამ წესების მე-12 მუხლით გათვალისწინებული სარეგისტრაციო ეტაპები. 
 
 
 
თავი VI
საზღვაო იპოთეკის აღრიცხვა
 
 
მუხლი 25. განაცხადი საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის შესახებ და მასზე თანდართული სააბუთები
 
1. განაცხადს საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის შესახებ თან უნდა ერთვოდეს:
 
ა) საზღვაო იპოთეკის ხელშეკრულება, აგრეთვე მისი დანართები, თუ ისინი გათვალისწინებულია აღნიშნული ხელშეკრულებით;
 
ბ) გემის სარეგისტრაციო მოწმობა.
 
2. საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის შესახებ განაცხადის დედანი, თანდართულ საბუთებთან ერთად, ინახება გემის საქმეში. 
 
 
 
მუხლი 26. საზღვაო იპოთეკის შესახებ სახელმწიფო რეესტრში აღრიცხული მონაცემები
 
 
1. საზღვაო იპოთეკის შესახებ სახელმწიფო რეესტრში აღირიცხება შემდეგი მონაცემები: 
 
ა) დამგირავებლის და მოგირავნის:
 
ა.ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, პირადობის დამადასტურებელი საბუთის ნომერი;
 
ა.ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში, იურიდიული პირის სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, საიდენტიფიკაციო ნომერი ,იურიდიული მისამართი;
 
ბ) საზღვაო იპოთეკის ხელშეკრულების ნომერი, დადების თარიღი და მოქმედების ვადა;
 
გ) საზღვაო იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოცულობა;
 
დ) საზღვაო იპოთეკის მოწმობის გაცემის თარიღი და ნომერი – აღნიშნული მოწმობის გაცემის შემთხვევაში.
 
 
 
მუხლი 27. საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის შესახებ განაცხადის შევსების, წარდგენისა და მისი დამოწმების წესი
 
1. დამგირავებელი ვალდებულია:
 
ა) შეავსოს საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის შესახებ განაცხადის დედნის შესაბამისი ნაწილი და დაამოწმოს ისინი თავისი ხელმოწერითა და ბეჭდით. ამასთან, თუ დამგირავებელი ფიზიკური პირია, მისი ხელმოწერა სანოტარო წესით უნდა იქნეს დამოწმებული;
 
ბ) წარუდგინოს სააგენტოს საზღვაო იპოთეკის ხელშეკრულების დედანი ან სანოტარო წესით დამოწმებული ასლი.
 
გ) მიმართოს სააგენტოს განცხადებით ახალი სარეგისტრაციო მოწმობის მიღებაზე იპოთეკის აღნიშვნით, ხოლო წინა გაცემული სარეგისტრაციო მოწმობა ძალადაკარგულია.
2. შევსებული განაცხადი საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის შესახებ მოწმდება სააგენტოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და მისი ასლი გადაეცემათ დამგირავებელსა (გემთმფლობელი) და მოგირავნეს.
 
 
 
მუხლი 28. საზღვაო იპოთეკასთან დაკავშირებული უფლებების დათმობა
1. მოგირავნე უფლებამოსილია დაუთმოს საზღვაო იპოთეკასთან დაკავშირებული თავისი უფლებები სხვა პირს.
2. საზღვაო იპოთეკასთან დაკავშირებული უფლებების დათმობისას:
ა) დამგირავებელი და ახალი მოგირავნე ავსებენ საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის შესახებ განაცხადის დედნის მე-2 და მე-3 ნაწილებს და ამოწმებენ ჩანაწერებს თავიანთი ხელმოწერებითა და ბეჭდებით. ამასთან, თუ ახალი მოგირავნე ფიზიკური პირია, მისი ხელმოწერა სანოტარო წესით უნდა იქნეს დამოწმებული;
ბ) რეგისტრატორი:
ბ.ა) საზღვაო იპოთეკის შესახებ სახელმწიფო რეესტრში აღრიცხულ მონაცემებში აკეთებს ჩანაწერს მოგირავნის უფლებების დათმობის თარიღის, სამართლებრივი საფუძვლისა და ახალი მოგირავნის ვინაობის შესახებ;
ბ.ბ) გასცემს ახალ სარეგისტრაციო მოწმობას იპოთეკის აღნიშვნით, ხოლო წინა გაცემული სარეგისტრაციო მოწმობა ძალადაკარგულია.
 
 
მუხლი 29. საზღვაო იპოთეკის გაუქმება/მოხსნა
 
საზღვაო იპოთეკის გაუქმება/მოხსნის შესახებ მოგირავნე წერილობით აცნობებს სააგენტოს, რომელსაც შეაქვს შესაბამისი ჩანაწერი საზღვაო იპოთეკის შესახებ სახელმწიფო რეესტრის შესაბამის წიგნში აღრიცხულ მონაცემებში.
 
 
თავი VII
 
გემის განმასხვავებელი ნიშნები
 
მუხლი 30. გემის განმასხვავებელი ნიშნები და მათი გემზე დატანის წესი 
 
1.100 ტონა და მეტი საერთო ტევადობის გემებისათვის: 
 
ა) გემის სახელწოდება, რომელიც დაიტანება გემის ქიმზე (ორივე ბორტზე), დანაშენის (სანავიგაციო ხიდურის დონეზე), ორივე ბორტზე და კიჩოზე. ამასთან, გემის სახელწოდება დანაშენზე აღინიშნება ინგლისურ ენაზე;
 
ბ) მიწერის ნავსადგურის დასახელება, რომელიც დაიტანება გემის კიჩოზე აღინიშნება სიტყვიერად ინგლისურ ენაზე;
 
გ) IMO-ს ნომერი, რომელიც დაიტანება გემის დანაშენზე (სანავიგაციო ხიდურის დონეზე წინხედით) და გემის კიჩოზე.
 
2.100 ტონა და მასზე ნაკლები საერთო ტევადობის გემებისათვის:
 
ა) გემის სახელწოდება, რომელიც დაიტანება გემის ქიმზე (ორივე ბორტზე), დანაშენის (სანავიგაციო ხიდურის დონეზე), ორივე ბორტზე და კიჩოზე. ამასთან, გემის სახელწოდება დანაშენზე აღინიშნება ინგლისურ ენაზე (არსებობის შემთხვევაში);
 
ბ) მიწერის ნავსადგურის დასახელება, რომელიც დაიტანება გემის კიჩოზე სიტყვიერად აღინიშნება ინგლისურ ენაზე.
 
გ) გემის სარეგისტრაციო ნომერი – (სანავიგაციო ხიდურის დონეზე წინხედით) და გემის კიჩოზე.
 
3. ზომამცირე მცურავ საშუალებებზე ქიმზე (ორივე ბორტზე) და კიჩოზე დაიტანება შემდეგი ნიშნები:
 
ა) G – რეგისტრაციის ქვეყანა საქართველო;
 
ბ) მიწერის ნავსადგურის ლათინური პირველი ასო:
 
ბ.ა) B – ბათუმის ნავსადგური;
 
ბ.ბ) P – ფოთის ნავსადგური;
 
ბ.გ) KU – ყულევის ნავსადგური;
 
ბ.დ) S – სუფსის ნავსადგური;
 
ბ.ე) SU – სოხუმის ნავსადგური.
 
გ) გემის სარეგისტრაციო ნომერი.
 
4. ყველა ტიპის იახტაზე დაიტანება შემდეგი ნიშნები:
 
ა) იახტის სახელწოდება, რომელიც დაიტანება გემის ქიმზე (ორივე ბორტზე) და კიჩოზე.
 
ბ) მიწერის ნავსადგურის დასახელება, რომელიც დაიტანება გემის კიჩოზე აღინიშნება სიტყვიერად ინგლისურ ენაზე;
 
5. თუ მცურავი საშუალებებზე მისი კონსტრუქციული აგებულების გამო შეუძლებელია ამ მუხლის მეორე, მესამე და მეოთხე პუნქტით გათვალისწინებული განმასხვავებელი ნიშნების დატანა, იგივე მონაცემები დაიტანება შესაძლო ხელსაყრელ ადგილას იდენტიფიცირებისათვის.
 
6. IMO ნომერის ან/და გემის სახელწოდების არ არსებობის შემთხვევაში, გემის სარეგისტრაციო ნომერი დაიტანება გემის ქიმზე (კორპუსის ორივე ბორტზე) და კიჩოზე ისე, რომ გემის სრული საექსპლუატაციო დატვირთვისას აღნიშნული ნომერი მოქცეული იყოს წყლის ზევით. სარეგისტრაციო ნომრის თითოეული სიმბოლოს სიმაღლე უნდა იყოს არანაკლები 50 მმ.-ისა, ხოლო ფერი – იმ ფერის კონტრასტული, რა ადგილზედაც დაიტანება სარეგისტრაციო ნომერი.
 
 
 
მუხლი 31. გემის სარეგისტრაციო მოწმობები
 
1. სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების საფუძველზე სააგენტოს მიერ, წინამდებარე წესების გათვალისწინებული მოწმობების გარდა გაიცემა:
 
ა) „გემის დროებითი რეგისტრაციის მოწმობა“, რომელიც გაიცემა ამ გემის დროებითი რეგისტრაციისათვის;
 
ბ) „გემის რადიოსადგურის მოწმობა“, რომელიც გაიცემა იმ გემზე, რომელიც აღჭურვილია შესაბამისი რადიო დანადგარებით, გარდა ამ ბრძანების მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული მცურავი საშუალებებისა;
 
გ) საქართველოს საზღვაო კოდექსით და საერთაშორისო კონვენციებით განსაზღვრული სერტიფიკატები/მოწმობები.
 
2. გემის სარეგისტრაციო მოწმობებზე ინფორმაცია დაიტანება ქართულ ან/და ინგლისურ ენებზე. 
 
 
მუხლი 32. გემის სარეგისტრაციო მოწმობის დაკარგვა ან დაზიანება
 
1. გემის სარეგისტრაციო მოწმობის დაკარგვის/დაზიანების შემთხვევაში, მოწმობის მფლობელმა სააგენტოს უნდა მიმართოს შესაბამისი განაცხადით.
 
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განაცხადის სააგენტოში რეგისტრაციიდან კანონმდებლობით დადგენილი ვადის გათვალისწინებით. დაკარგული/ დაზიანებული გემის სარეგისტრაციო მოწმობის სანაცვლოდ სააგენტო გასცემს მის დუბლიკატს, დაკარგული/დაზიანებული მოწმობის მოქმედების ვადით. დაკარგული/დაზიანებული გემის სარეგისტრაციო მოწმობა ჩაითვლება ძალადაკარგულად.
 
 
თავი VIII
 
გემის სახელმწიფო რეგისტრაციიდან მოხსნა, შეჩერება, შეწყვეტა
 
მუხლი 33. გემის სახელმწიფო რეგისტრაციის მოხსნა, შეჩერება, შეწყვეტა
 
1. რეესტრში რეგისტრირებულ გემს, რომელიც ბერბოუტ-ჩარტერის ხელშეკრულების საფუძველზე რეგისტრირდება უცხო ქვეყნის შესაბამის სახელმწიფო რეესტრში, სახელმწიფო რეგისტრაცია შეუჩერდება ხელშეკრულების მოქმედების ვადით, მაგრამ არაუმეტეს 2 წლის კალენდარულის წლისა, ასეთ შემთხვევაში:
 
ა) სააგენტოს წარედგინება შესაბამისი განაცხადის ფორმა;
 
ბ) სააგენტოს მიერ გაცემული ყველა მოწმობა, გარდა რეგისტრაციის და გემის უწყვეტი ისტორიის მოწმობებისა, ძალადაკარგულია;
 
გ) სააგენტოს წარედგინება ბერბოუტ-ჩარტერის ხელშეკრულების ასლი;
 
დ) სააგენტოს წარედგინება ახალი რეგისტრაციის ქვეყნის შესაბამისი ორგანოს წერილი გემის რეგისტრაციის თაობაზე.
 
2. გემი სახელმწიფო რეგისტრაციიდან მოიხსნება, რეგისტრაცია შეუწყდება ან შეუჩერდება ერთ-ერთი შემდეგი პირობის არსებობისას:
 
ა) საქართველოს საზღვაო კოდექსის 36-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
 
ბ) ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის მიერ 1 წლის განმავლობაში გემის ტექნიკური მიზეზებით სამჯერ დაკავების გამო;
 
გ) 1 წლის განმავლობაში საერთაშორისო ნაოსნობის მოთხოვნების დარღვევის გამო გემის ორჯერ დაკავებისას;
 
დ) თუ გემი გადავიდა ამ წესების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამსახურის მფლობელობაში;
 
ე) გემთმფლობელის განცხადების საფუძველზე;
 
ვ) გემთმფლობელის მიერ ყოველწლიური მოსაკრებლის გადაუხდელობის გამო;
 
ზ) ბერბოუტ-ჩარტერის პირობით დარეგისტრირებული გემის რეგისტრაციის ვადის გასვლის გამო, თუ გემთმფლობელი არ მიმართავს სააგენტოს რეგისტრაციის ვადის გაგრძელების თაობაზე.
 
3. საზღვაო იპოთეკით დატვირთულ გემის, სახელმწიფო რეგისტრაციის შეჩერება, შეწყვეტა ან მოხსნა ხორციელდება მოგირავნის წერილობითი თანხმობის საფუძველზე.
 
4. გემის სახელმწიფო რეგისტრაციის შეჩერების თარიღიდან გემი დროებით კარგავს საქართველოს სახელმწიფო დროშით ნაოსნობის უფლებას.
 
5. გემის სახელმწიფო რეგისტრაციიდან მოხსნისას ან შეწყვეტისას სააგენტო გემთმფლობელის მოთხოვნის საფუძველზე გასცემს „გემის სახელმწიფო რეგისტრაციიდან მოხსნის მოწმობას“. აღნიშნული მოწმობაზე ინფორმაცია დაიტანება ქართულ ან/და ინგლისურ ენებზე.
 
 
 
თავი IX
შიდა ნაოსნობაში ჩართული მცურავი საშუალებების ტიპები
 
მუხლი 34. შიდა ნაოსნობის გემების წიგნში დასარეგისტრირებული მცურავი საშუალებების ტიპები
 
შიდა ნაოსნობის გემების წიგნში დასარეგისტრირებელი შემდეგი მცურავი საშუალებები განისაზღვრება:
 
ა) ზომამცირე გემი, კოდექსით განსაზღვრული მნიშვნელობით;
 
ბ) ნიჩბიანი ნავი მცურავი საშუალება, რომელსაც არ გააჩნია მექანიკური ამძრავი მექანიზმი;
 
გ) მოტორიანი ნავი მცურავი საშუალება, რომელსაც გააჩნია პორტატული/ფიქსირებული მექანიკური ამძრავი მექანიზმი, რომელიც დამონტაჟებულია ღია მდგომარეობაში და ნავის სიგრძე არ აღემატება 7 მეტრს;
 
დ) შიდა ნაოსნობის კატარღა მექანიკური ამძრავი მექანიზმით, რომლის სიმძლავრეც მერყობს 60-დან 150 ცხენის ძალამდე და გააჩნია 5 მგზავრზე მეტის გადაყვანის შესაძლებლობა ან მცურავი საშუალება, რომლის მექანიკური ამძრავი მექანიზმის სიმძლავრე აღემატება 150 ცხენის ძალას მგზავრთა ტევადობის მიუხედავად.
 
ე) სასეირნო დანიშნულებით სამგზავრო გემი – შიდა ნაოსნობაში ჩართული მცურავი საშუალება, რომელიც განკუთვნილია კულტურულ-გასართობი მიზნებისთვის და არ გადაჰყავს მგზავრები ერთი ნავსადგურიდან მეორე ნავსადგურში, რომლის მინიმალური ეკიპაჟი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის 2020 წლის 1 ივნისის დადგენილება №342 ტექნიკური რეგლამენტის – „საქართველოს დროშით მცურავ გემებზე ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე დანართი №1 ცხრილი №5-ით.
 
თავი X
 
ექსპლუატაციიდან გამოყვანილი გემის რეგისტრაცია
 
მუხლი 35. ექსპლუატაციიდან გამოყვანილი გემის რეგისტრაცია – ნაოსნობის უფლების გარეშე
 
1. გემი, რომელიც გამოყვანილია ექსპლუატაციიდან შესაძლოა დარეგისტრირდეს რეესტრის შესაბამის წიგნში წინამდებარე წესების მე-12 მუხლით გათვალისწინებული სარეგისტრაციო ეტაპების გავლის შემდეგ.
 
2. ექსპლუატაციიდან გამოყვანილი გემის რეგისტრაციის განაცხადზე შესაბამისი ეტაპის გათვალისწინებით არ არის აუცილებელი მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა.დ“ და „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საბუთები, ხოლო მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „გ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საბუთის წარმოდგენა სავალდებულოა ასეთის არსებობის შემთხვევაში.
3. გემის ექსპლუატაციაში შეყვანის შემდეგ და ნაოსნობის უფლებით დარეგისტრირებაზე განაცხადის წარმოდგენისას სავალდებულოა მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის, მე-12 მუხლის „გ.ბ“ და მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „გ.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საბუთების წარმოდგენა და შესაბამისი სარეგისტრაციო ეტაპების გავლა.
 
 
თავი XI
 
გარდამავალი დებულებები
 
მუხლი  36. წესების ამოქმედებამდე რეგისტრაცია შეჩერებული გემი
1. ამ წესების ამოქმედებამდე საქართველოს ის გემი, რომელსაც დროებით შეჩერებული აქვს საქართველოს სახელმწიფო დროშით ნაოსნობის უფლება, რეგისტრაციის განახლების მომენტისათვის ვალდებულია იმყოფებოდეს საქართველოს მიერ აღიარებული საკლასიფიკაციო საზოგადოების ზედამხედველობის ქვეშ.
 
2. რეგისტრაციის შეჩერების პერიოდში, მათ შორის რეგისტრაციის შეჩერების გასაგრძელებლად ასეთ გემს არ მოეთხოვება საქართველოს მიერ აღიარებული საკლასიფიკაციო საზოგადოების ზედამხედველობის ქვეშ ყოფნა.
 
3. წესის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი არ გავრცელდეს ამ ბრძანების ამოქმედებამდე რეგისტრაციაში არსებულ გემებზე.
 
4. წესის 30-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები არ გავრცელდეს ამ ბრძანების ამოქმედებამდე რეესტრში რეგისტრირებულ გემებზე.
 
 
მუხლი 37. გემის სარეგისტრაციო ნომერი
1. ამ წესების მიზნებისთვის, ამ წესების ამოქმედებამდე საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრის შესაბამისი წიგნების არსებული ნუმერაცია გრძელდება რიგითობის მიხედვით.
2. თუ ამ წესების ამოქმედებამდე გემი დარეგისტრირებულია საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში, თუმცა წინამდებარე წესების შესაბამისად საჭიროა მისი გადატანა შესაბამის წიგნში, სარეგისტრაციო ნომერი მიენიჭება თავიდან, თუმცა მოქმედი სარეგისტრაციო ნომრის მითითებით, რომელიც ძალაში რჩება სარეგისტრაციო მოწმობების ვადის გასვლამდე.