პირის გათვითცნობიერებულ ინვესტორად აღიარების წესის დამტკიცების შესახებ

პირის გათვითცნობიერებულ ინვესტორად აღიარების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 223/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 16/12/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/12/2020
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016530
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
223/04
16/12/2020
ვებგვერდი, 17/12/2020
220090000.18.011.016530
პირის გათვითცნობიერებულ ინვესტორად აღიარების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (17/12/2020 - 27/06/2023)

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება  223/04

2020 წლის 16 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

პირის გათვითცნობიერებულ ინვესტორად აღიარების წესის დამტკიცების შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 57-ე პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს პირის გათვითცნობიერებულ ინვესტორად აღიარების წესი თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე



 

პირის გათვითცნობიერებულ ინვესტორად აღიარების წესი


მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი განსაზღვრავს პირების ჩამონათვალს, რომლებიც  მიიჩნევიან გათვითცნობიერებულ ინვესტორებად, აგრეთვე, ადგენს პირის  გათვითცნობიერებულ ინვესტორად  აღიარების პირობებს.

2. ამ წესის მიზნებისთვის ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლად მიიჩნევა:

ა) „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ლიცენზირებული საბროკერო კომპანია;

ბ) „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ლიცენზირებული კომერციული ბანკი, რომელიც ახორციელებს „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით განსაზღვრულ ერთ ან რამდენიმე საქმიანობას;

გ) „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ლიცენზირებული/რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანია ან ავტორიზებული/რეგისტრირებული საინვესტიციო კომპანია, რომელსაც დანიშნული არ ჰყავს აქტივების მმართველი კომპანია.

3. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული მნიშვნელობა.

მუხლი 2.  გათვითცნობიერებული ინვესტორები

1. გათვითცნობიერებულ ინვესტორად მიიჩნევა შემდეგი იურიდიული პირი ან იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნი:

ა) ფინანსური ინსტიტუტი (მათ შორის, უცხო ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ ლიცენზირებული/რეგულირებული ფინანსური ინსტიტუტი) და  საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი;

ბ) იურიდიული პირი, რომლის ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაანგარიშებული საკუთარი კაპიტალის ოდენობა აღემატება 1 მილიონ ლარს;

გ) საქართველოს ან უცხო ქვეყნის სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის ორგანო, მათ შორის, სახელმწიფო ვალის მართვაზე უფლებამოსილი ორგანო და ცენტრალური ბანკი;

დ) საპენსიო სქემის სახელით ან მის სასარგებლოდ მოქმედი პირი.

2. გათვითცნობიერებულ ინვესტორად მიიჩნევა შემდეგი ფიზიკური პირი:

ა) ფინანსური ინსტიტუტის მმართველი ორგანოს წევრი (მათ შორის, დირექტორი), საბროკერო, სავაჭრო ან/და საინვესტიციო მიმართულების დეპარტამენტის უფროსი, უფროსის მოადგილე და ამ მიმართულებების ნებისმიერი თანამშრომელი, რომელსაც აქვს უფლებამოსილება, დამოუკიდებლად დადოს გარიგებები ასეთი ფინანსური ინსტიტუტის სახელით;

ბ) მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი პირი. კერძოდ, პირი, რომლის დადასტურებული ქონება აღემატება 3 მილიონ ლარს ან თითოეული წლის წლიური შემოსავალი ბოლო 3 წლის განმავლობაში აღემატება 200,000 ლარს. ამასთან,  ინდივიდუალური მეწარმის შემოსავლის დათვლისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მის სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები.

3. გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული პირებისა, ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლის მიერ გათვითცნობიერებულ ინვესტორად შესაძლოა აღიარებულ იქნეს პირი, რომელსაც  შეუძლია საინვესტიციო გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება, ფასიან ქაღალდებში/ფინანსურ ინსტრუმენტებში ინვესტირებასთან დაკავშირებული რისკების შეფასება და  აკმაყოფილებს შემდეგი 3 კრიტერიუმიდან, სულ მცირე, ორს:

ა) უკანასკნელი ოთხი კვარტალის განმავლობაში პირს თავად უნდა ჰქონდეს განხორციელებული კვარტალში, სულ მცირე, 10 ტრანზაქცია, რომელთა ჯამური ღირებულება უნდა შეადგენდეს, სულ მცირე, 200 000  ლარს;

ბ) პირის ფასიანი ქაღალდებისა და ფინანსური ინსტრუმენტების პორტფელის ღირებულება, რომელიც ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის მოიცავს ფასიან ქაღალდებს/ფინანსურ ინსტრუმენტებს და საბანკო დეპოზიტებს, უნდა შეადგენდეს, სულ მცირე, 1 000 000 ლარს;

გ) პირს უნდა ჰქონდეს საფინანსო სექტორში, სულ მცირე, 1 წლის მუშაობის გამოცდილება ისეთ პოზიციაზე, რომელიც საჭიროებს ფინანსურ ინსტრუმენტებთან/ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ტრანზაქციების/სერვისების შესაბამის ცოდნას.

4. გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირისა, ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლის მიერ გათვითცნობიერებულ ინვესტორად შესაძლოა აგრეთვე აღიარებულ იქნეს პირი, რომელსაც ეს სტატუსი მინიჭებული აქვს „განვითარებული ქვეყნების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 19 თებერვლის №16/01 ბრძანებით განსაზღვრულ განვითარებულ ქვეყანაში ლიცენზირებული და გათვითცნობიერებული ინვესტორის სტატუსის მინიჭების უფლებამოსილების მქონე ფინანსური ინსტიტუტის მიერ და ეს პირი აღნიშნულის დამადასტურებელ დოკუმენტს წარუდგენს ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალს.

5. ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული პირი  ავტომატურად მიიჩნევა გათვითცნობიერებულ ინვესტორად.  აღნიშნულ პირს აქვს უფლება მოითხოვოს, რომ მას მოეპყრონ, როგორც გაუთვითცნობიერებელ ინვესტორს.

6. ამ მუხლის მე-3 ან მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირი ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლის მიერ გათვითცნობიერებულ ინვესტორად შესაძლოა აღიარებულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირი თავად მოითხოვს აღნიშნული სტატუსის მინიჭებას ან გამოხატავს აღნიშნულზე თანხმობას.  

მუხლი 3. ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლებისა და გათვითცნობიერებული ინვესტორების მოვალეობები

1. თუ პირმა ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 ან მე-4 პუნქტის საფუძველზე მოითხოვა გათვითცნობიერებული ინვესტორის სტატუსის მინიჭება ან გამოხატა აღნიშნულზე თანხმობა, ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალმა უნდა უზრუნველყოს შემდეგი:

ა)  მოიპოვოს ყველა შესაბამისი ინფორმაცია და დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომლითაც დარწმუნდება, რომ პირი შეესაბამება ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 ან მე-4 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

ბ)  მოიპოვოს პირის წერილობითი თანხმობა, რომლითაც პირი დაადასტურებს, რომ თანახმა არის მიიღოს გათვითცნობიერებული ინვესტორის სტატუსი, მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია უტყუარი და ზუსტია და რომ იგი სრულფასოვნად იაზრებს და ითვალისწინებს სათანადო ფინანსურ ინსტრუმენტებში/ფასიან ქაღალდებში ინვესტირებასა და ვაჭრობასთან დაკავშირებულ რისკებს;

გ) წერილობით  აცნობოს პირს გათვითცნობიერებული ინვესტორის სტატუსთან დაკავშირებული რისკების შესახებ.

2. ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლებმა უნდა უზრუნველყონ ამ წესის მე-2 მუხლის 1-ლი-მე-4 პუნქტებით განსაზღვრული პირების გათვითცნობიერებულ ინვესტორებად მიჩნევისთვის საჭირო/აღიარებასთან დაკავშირებული პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავება. 

3. ყოველი ახალი კლიენტის მიღებისას ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლებმა უნდა უზრუნველყონ მათთვის შესაბამისი სტატუსის მინიჭება (გათვითცნობიერებული/ გაუთვითცნობიერებელი) და აცნობონ კლიენტს აღნიშნულის შესახებ.

4. თუ პირს მინიჭებული აქვს გათვითცნობიერებული ინვესტორის სტატუსი და მას  სურს ამ სტატუსის მოხსნა ან გარკვეულ ტრანზაქციასთან დაკავშირებით სურს, რომ მას მოექცნენ როგორც გაუთვითცნობიერებელ ინვესტორს, მან აღნიშნულის შესახებ უნდა მიმართოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალს, რომელიც ვალდებულია, იმოქმედოს პირის მოთხოვნის შესაბამისად.

5. გათვითცნობიერებული ინვესტორები ვალდებულნი არიან, ყველა ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალს, რომლებთანაც აქვთ ურთიერთობა, აცნობონ ნებისმიერი ისეთი მოვლენის შესახებ, რომელმაც შესაძლოა ცვლილება გამოიწვიოს მათ მიმდინარე სტატუსში.

6. თუ ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლისთვის ცნობილი გახდა, რომ პირი აღარ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რომელთა საფუძველზეც მას მიენიჭა გათვითცნობიერებული ინვესტორის სტატუსი, ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალმა უნდა უზრუნველყოს მისთვის სტატუსის შეცვლა და აცნობოს კლიენტს აღნიშნულის შესახებ.

მუხლი 4. გარდამავალი დებულება

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლებმა ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავება  უზრუნველყონ ამ ბრძანების ამოქმედებიდან არაუგვიანეს 3 (სამი) თვისა.