ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებისა და განთავსების ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე

ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებისა და განთავსების ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 179/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 07/10/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/10/2020
სარეგისტრაციო კოდი 190040000.18.011.016508
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
179/04
07/10/2020
ვებგვერდი, 08/10/2020
190040000.18.011.016508
ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებისა და განთავსების ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (08/10/2020 - 26/12/2023)

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება  №179/04

2020 წლის 7 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებისა და განთავსების ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 52-ე მუხლის „ა“, „დ“ და „ზ“ ქვეპუნქტების, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-8 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებისა და განთავსების ანგარიშის წარდგენის წესი და დანართები.
მუხლი 2
ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებისა და განთავსების ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 12 ოქტომბრის №226/04 ბრძანება.
მუხლი 3
ამ ბრძანების ამოქმედებამდე საქართველოს ეროვნულ ბანკში წარდგენილი პროსპექტები დამტკიცდეს ამ ბრძანების ამოქმედებამდე დადგენილი წესით.
მუხლი 4
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე



ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებისა და განთავსების ანგარიშის წარდგენის წესი

მუხლი 1. მიზანი და გავრცელების სფერო

1.  ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებისა და განთავსების ანგარიშის წარდგენის წესის (შემდგომში – წესი) მიზანია, განსაზღვროს მოთხოვნები საჯარო შეთავაზებისთვის განკუთვნილი ფასიანი ქაღალდების  პროსპექტის სტრუქტურასა და შინაარსთან, წარდგენისა და გამოქვეყნების წესთან, პროსპექტში ცვლილებების შეტანასა და ფასიანი ქაღალდების ემისიისა და განთავსების შესახებ ანგარიშთან (შემდგომში – განთავსების ანგარიში) დაკავშირებით.

2.  ეს წესი ვრცელდება „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ საჯარო შეთავაზებებზე.

3. ეს წესი არ ვრცელდება შემდეგ შეთავაზებებზე:

ა) „უცხო ქვეყნის აღიარებული საფონდო ბირჟების ნუსხის, მათზე სავაჭროდ დაშვებული ფასიანი ქაღალდების ემიტენტის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის და უცხო სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი განვითარების ორგანიზაციის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების საქართველოში საჯარო შეთავაზებასთან დაკავშირებული წესით“ გათვალისწინებული:

ა.ა) საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და უცხო სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი განვითარების ორგანიზაციების მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების შეთავაზებაზე;

ა.ბ) იმ ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებაზე, რომლებიც დაშვებულია სავაჭროდ უცხო ქვეყნის ერთ-ერთ აღიარებულ საფონდო ბირჟაზე;

ბ) საწარმოს არსებული აქციონერებისთვის დივიდენდის სახით გაცემულ იმავე კლასის ფასიანი ქაღალდების შეთავაზებაზე,  რომელთა მფლობელებსაც წარმოადგენენ აღნიშნული აქციონერები;

გ) თანამშრომელთა ანაზღაურების სქემის მეშვეობით, საწარმოს არსებული თანამშრომლებისა და არსებული ან ყოფილი მმართველი ორგანოს წევრებისთვის ფასიანი ქაღალდების შეთავაზებაზე ან/და განაწილებაზე.

4.  ემიტენტმა პროსპექტი უნდა წარადგინოს საქართველოს ეროვნულ ბანკში (შემდგომში – ეროვნული ბანკი) კანონისა და ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად. 

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნია შემდეგი მნიშვნელობა:

ა) განთავსების აგენტი – ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალი, რომელთანაც ემიტენტს დადებული აქვს ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულება;

ბ) ანდერაიტერი –   ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალი, რომელიც ემიტენტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე კისრულობს ვალდებულებას, შეისყიდოს გამოშვებული ფასიანი ქაღალდები სრულად ან ნაწილობრივ, მათი საკუთრებაში დატოვების და/ან შემდგომი გაყიდვის გარანტიით;

გ) განთავსება – ფასიანი ქაღალდების გასხვისება ემიტენტის ან განთავსების აგენტის მიერ საჯარო ან კერძო შეთავაზებით;

დ) ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზება – კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრული შეთავაზება;

ე) ობლიგაცია – სასესხო ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს ემიტენტის ფინანსურ ვალდებულებას, საემისიო პირობების შესაბამისად გადაუხადოს ობლიგაციის მფლობელს ნომინალური ღირებულება და სარგებელი კუპონური ობლიგაციის შემთხვევაში, ხოლო დისკონტური ობლიგაციის შემთხვევაში, ნომინალური ღირებულება;

ვ) ობლიგაციის საკლასო თვისებები – სახეობა (კონვერტირებადი, დისკონტური, კუპონური და სხვ.), ვადიანობა, ნომინალური ღირებულებისა და სარგებლის ოდენობები, გამოთვლის მეთოდი, გადახდის პერიოდულობა და ვადები, ასევე ობლიგაციის ყოველი ის მახასიათებელი, რაც განსაზღვრავს მოცემული კლასის ობლიგაციის მფლობელის უფლება-მოვალეობებსა და მათი რეალიზაციისა და უზრუნველყოფის სპეციფიკას;

ზ) დისკონტური ობლიგაცია – ობლიგაცია, რომელიც გამოშვებულია ნომინალურ ღირებულებაზე ნაკლები ფასით;

თ) კუპონური ობლიგაცია – ობლიგაცია, რომლის საემისიო პირობებით განსაზღვრულია მისი წლიური საპროცენტო სარგებელი, რომელსაც იღებს ობლიგაციის მფლობელი წინასწარ განსაზღვრულ თარიღებში, ობლიგაციის მოქმედების ვადის განმავლობაში;

ი) კონვერტირებადი ფასიანი ქაღალდი – ფასიანი ქაღალდი, რომლის საემისიო პირობებით განსაზღვრულია მისი გადაცვლა ამავე ემიტენტის მიერ გამოშვებულ ან გამოსაშვებ სხვა კლასის ფასიან ქაღალდ(ებ)ზე;

კ) ობლიგაციის დაფარვა – ემიტენტის მიერ ობლიგაციის მფლობელისთვის დისკონტური ობლიგაციის შემთხვევაში – ნომინალური ღირებულების, ხოლო კუპონური ობლიგაციის შემთხვევაში ნომინალური ღირებულებისა და სარგებლის გადახდა საემისიო პირობების შესაბამისად და ამ პირობებით განსაზღვრულ ვადაში, რომლის შემდეგაც წყდება ემიტენტის ფინანსური ვალდებულება ობლიგაციის მფლობელისადმი;

ლ) ობლიგაციის ნომინალური ღირებულება – ფიქსირებული თანხა, რომელიც განსაზღვრულია ობლიგაციის პირობებით და წარმოადგენს ღირებულებას, რომლის გადახდის ვალდებულებაც გააჩნია ემიტენტს ობლიგაციის ვადის დადგომისას;

მ) ობლიგაციის საპროცენტო სარგებელი (სარგებელი) – ემიტენტის მიერ ობლიგაციის მფლობელისთვის  ემისიის პირობებით გათვალისწინებული ოდენობით და ვადაში, პერიოდულად ან ერთჯერადად გადასახდელი ფულადი თანხა (პროცენტი, დისკონტის თანხა);

ნ) აქციის საკლასო თვისებები – სახეობა (პრივილეგირებული, ჩვეულებრივი), ნომინალური ღირებულება, დაკავშირებული უფლებები და შეზღუდვები; ასევე, მოცემული კლასის აქციის მფლობელის უფლება-მოვალეობებისა და მათი რეალიზაციის სპეციფიკის განმსაზღვრელი ყველა მახასიათებელი;

ო) ინფორმაციის  გასაჯაროება (გამოქვეყნება) – ინფორმაციის გამოქვეყნება ემიტენტის, საფონდო ბირჟის, ან ეროვნული ბანკის ვებგვერდის, სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ან სხვა ისეთი საშუალებების გამოყენებით, რომელიც უზრუნველყოფს ინვესტორთათვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;

პ) უზრუნველყოფის აგენტი – იურიდიული პირი, რომელიც ემისიის პროსპექტის და ემიტენტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მოქმედებს ფასიანი ქაღალდის მფლობელის ინტერესებიდან გამომდინარე უზრუნველყოფის საგნის მართვისა და შესაძლო რეალიზაციის საკითხებში;

ჟ) არაპირდაპირი მონაწილეობა/წილი – საწარმოს წილის ფლობა მესამე პირის მეშვეობით;

რ) წილის განზავება – ახალი აქციების გამოშვების შედეგად ძველი აქციონერების ფლობის წილის პროცენტული რაოდენობის შემცირება;

ს) აქცია – „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლით გათვალისწინებული ფასიანი ქაღალდი;

ტ) პრივილეგირებული აქცია – აქცია, რომლის მფლობელს არ აქვს ხმის უფლება აქციონერთა საერთო კრებაზე, თუ საწარმოს წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთი აქცია უზრუნველყოფს დივიდენდის მიღებას დადგენილი განაკვეთით, რომლის ოდენობა და მიღების წესი განისაზღვრება წესდებით ან/და სათანადო ემისიის პროსპექტით (ამ უკანასკნელის არსებობის შემთხვევაში);

უ) დაკავშირებული მხარე – ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დაკავშირებულ მხარედ განმარტებული პირი;

ფ) არსებითი (მატერიალური) მოვლენა (ფაქტი ან გარემოება) –  ფაქტი ან გარემოება, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ემიტენტის საქმიანობაზე და/ან აქვს უნარი იმოქმედოს ინვესტორის გადაწყვეტილებაზე, განახორციელოს ან შეწყვიტოს ინვესტირება მოცემულ ფასიან ქაღალდში;

ქ) ნომინალური საპროცენტო განაკვეთი – საპროცენტო განაკვეთი, რომელიც მითითებულია პროსპექტში  და ასახავს ობლიგაციაზე  დარიცხულ ან დასარიცხ პროცენტს, მაგრამ არ ასახავს სხვა დაკავშირებულ  ფინანსურ ხარჯებს;

ღ) დისკონტის თანხა – სხვაობა ფასიანი ქაღალდის ნომინალურ ღირებულებასა და მის საანგარიშსწორებო ფასს შორის, რომელიც ნომინალურ ღირებულებაზე ნაკლებია;

ყ) საცალო ინვესტორი – ინვესტორი, რომელიც არ არის კანონით განსაზღვრული გათვითცნობიერებული ინვესტორი;

შ) შეთავაზების პერიოდი – დროის მონაკვეთი საბოლოო შეთავაზების პირობების დოკუმენტის დამტკიცებიდან საბოლოო პროსპექტის მოქმედების ვადის დასრულებამდე;

ჩ) საბაზრო ინტერესის შეფასება – „ინსაიდერული ვაჭრობის, ინსაიდერული ინფორმაციის არამართლზომიერი გამჟღავნებისა და ბაზრის მანიპულაციასთან დაკავშირებული წესის“ მე-5 მუხლით განსაზღვრული საბაზრო ინტერესის შეფასება;

ც) პრო-ფორმა ფინანსური ინფორმაცია – კომპანიის ფინანსური ინფორმაცია, რომელიც მზადდება იმ შემთხვევაში, როდესაც კომპანიამ განახორციელა სხვა კომპანიის შეძენა ან/და მასთან შერწყმა, ბიზნესმიმართულების დამატება ან/და შეწყვეტა და აღნიშნული ქმედება წარმოადგენს მატერიალურ მოვლენას;

ძ) დეპოზიტარული ხელწერილი – ფასიანი ქაღალდები, რომლებიც წარმოადგენენ უფლებებს ემიტენტის მიერ უცხო ქვეყანაში გამოშვებულ გარკვეული რაოდენობის სხვა საჯარო ფასიან ქაღალდებზე და რომელთა საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვება და ვაჭრობა შესაძლებელია უცხო ქვეყანაში გამოშვებული ფასიანი ქაღალდებისგან დამოუკიდებლად;

წ) ემიტენტი – კანონის მე-2 მუხლის მე-16 პუნქტით განსაზღვრული პირი. დეპოზიტარული ხელწერილის შემთხვევაში ემიტენტად მიიჩნევა იმ ფასიანი ქაღალდების ემიტენტი, რომლებიც აღნიშნული დეპოზიტარული ხელწერილითაა წარმოდგენილი;

ჭ) წინასწარი პროსპექტი – ემისიის პროსპექტი, რომელიც წარედგინა ეროვნულ ბანკს, მაგრამ ჯერ არ დამტკიცებულა მის მიერ;

ხ) დამტკიცებული პროსპექტი – ემისიის პროსპექტი, რომელიც დამტკიცებულია ეროვნული ბანკის მიერ;

ჯ) წინასწარი შეთავაზების პირობების დოკუმენტი – შეთავაზების პირობების დოკუმენტი, რომელიც ადგენს მისი წარდგენის თარიღისთვის არსებული ინფორმაციის ან სავარაუდო ინფორმაციის გამჟღავნებით შეთავაზების პირობებს, შედგენილია ამ წესის დანართი №5-ის შესაბამისად და ეროვნულ ბანკს წარედგინება წინასწარ პროსპექტთან ერთად;

ჰ) საბოლოო შეთავაზების პირობების დოკუმენტი − შეთავაზების პირობების დოკუმენტი, რომელიც ადგენს შეთავაზების საბოლოო პირობებს, შედგენილია ამ წესის დანართი №5-ის შესაბამისად და ეროვნულ ბანკს დასამტკიცებლად წარედგინება შეთავაზების განაცხადის წარდგენის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს წინასწარი პროსპექტის დამტკიცებიდან 10 დღისა ან ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული მეტი დროის განმავლობაში;

1) დეპოზიტარული ხელწერილის შეთავაზების პირობების დოკუმენტი − შეთავაზების პირობების დოკუმენტი, რომელიც ადგენს დეპოზიტარული ხელწერილის შეთავაზების პირობებს, შედგენილია ამ წესის დანართი №10-ის შესაბამისად და ეროვნულ ბანკს წარედგინება დასამტკიცებლად;

2) დამტკიცებული შეთავაზების პირობების დოკუმენტი – ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებული საბოლოო შეთავაზების პირობების დოკუმენტი, რომელიც  საბოლოო პროსპექტის განუყოფელი ნაწილია და რომლითაც ზუსტდება შეთავაზების საბოლოო პირობები. დეპოზიტარული ხელწერილების შემთხვევაში, დამტკიცებული პირობების დოკუმენტი არის ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებული დეპოზიტარული ხელწერილის შეთავაზების პირობების დოკუმენტი;

3) საბოლოო პროსპექტი – დამტკიცებული პროსპექტისა და დამტკიცებული შეთავაზების პირობების დოკუმენტის ერთობლიობა.

2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.

მუხლი 3. ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზების ზოგადი წესი და მოთხოვნები ემისიის პროსპექტისადმი

1. დაუშვებელია ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზების დაწყება საბოლოო პროსპექტის ამ წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გამოქვეყნების გარეშე.

2. ფასიანი ქაღალდის საკლასო თვისებები დგინდება მისი საემისიო პირობებით, რომელთაც განსაზღვრავს ემიტენტი და რომლებიც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

3. საჯარო შეთავაზებისათვის განკუთვნილი ფასიანი ქაღალდების ემისიის პროსპექტის დასამტკიცებლად ემიტენტმა ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს საჯარო შეთავაზების განაცხადი, რომელიც კანონით მოთხოვნილი ინფორმაციის გარდა უნდა მოიცავდეს, სულ მცირე, შემდეგ ინფორმაციასა და დოკუმენტებს:

ა) ემიტენტის სადამფუძნებლო დოკუმენტები მასში შეტანილი ბოლო ცვლილების გათვალისწინებით;

ბ) ფასიანი ქაღალდების ემისიის შესახებ ემიტენტის პარტნიორთა (აქციონერთა) კრების გადაწყვეტილების ასლი. ასევე, მის საფუძველზე, ხელმძღვანელი ორგანოს გადაწყვეტილების ასლი, თუ კანონმდებლობის ან ემიტენტის წესდების მიხედვით შეთავაზების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად ემიტენტს მოეთხოვება მისი თანხმობა. ამასთან:

ბ.ა) თუ  ემიტენტის წესდების ან კანონმდებლობის მიხედვით, ფასიანი ქაღალდების ემისიის შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება გააჩნია  სამეთვალყურეო საბჭოს ან/და ხელმძღვანელ ორგანოს,  ისე რომ მას არ მოეთხოვება პარტნიორთა (აქციონერთა) კრების გადაწყვეტილება/თანხმობა, ემიტენტი პარტნიორთა (აქციონერთა) კრების გადაწყვეტილების ნაცვლად, წარადგენს სამეთვალყურეო საბჭოს ან/და ხელმძღვანელი ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილების ასლს;

ბ.ბ) თუ კანონმდებლობით ან ემიტენტის წესდებით ემიტენტის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ ორგანოს, შეთავაზების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობა მოეთხოვება, მაშინ ეს თანხმობა მის გადაწყვეტილებას წერილობით უნდა დაერთოს;

გ) ემისიის გამომწვევი რაიმე კონკრეტული მოვლენის/მიზეზის შესახებ გადაწყვეტილება, აღწერა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტები, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

დ) მიმდინარე ფინანსური ანგარიშგება (მოგება-ზარალი და ბალანსი), რომელიც მომზადებული იქნება ბოლო შესაძლო თარიღისთვის და ხელმოწერილი იქნება ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირების მიერ. თუ ბოლოს ხელმისაწვდომი ფინანსური ანგარიშგების შემდეგ პროსპექტის წარდგენის თარიღამდე ადგილი ჰქონდა რაიმე არსებით (მატერიალურ) მოვლენას, უნდა მოხდეს ანგარიშგების განახლება, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში უნდა მოხდეს წარდგენილ ფინანსურ ინფორმაციაზე ცვლილების ზეგავლენის სრულყოფილი სიტყვიერი აღწერა;

ე) თუ ფასიანი ქაღალდის ემისიის სქემაში მონაწილეობს უზრუნველყოფის აგენტი, ემისიის პროსპექტი უნდა შეიცავდეს:

ე.ა) ინფორმაციას უზრუნველყოფის აგენტის შესახებ, მათ შორის ამონაწერს საჯარო რეესტრიდან, ინფორმაციას მმართველ ორგანოში შემავალი და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი პირების შესახებ, ასევე, სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას;

ე.ბ) ინფორმაციას უზრუნველყოფის აგენტის ფუნქციებისა და უფლებამოსილებების შესახებ;

ე.გ) ინფორმაციას ემიტენტსა და უზრუნველყოფის აგენტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ და საჯარო რეესტრის და/ან სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემულ დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს უზრუნველყოფის აგენტის სასარგებლოდ ემისიის პროსპექტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისი უფლებამოსილების რეგისტრაციის ფაქტს;

ე.დ) ინფორმაციას უზრუნველყოფის აგენტის ფუნქციების განხორციელებასთან დაკავშირებული ყველა შესაძლო რისკის თაობაზე.

ვ) ემისიის პროსპექტით შესათავაზებელ ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ იმ საინფორმაციო/სარეკლამო მასალებს, რომლებიც მიეწოდებათ პოტენციურ ინვესტორებს.

4. კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაცხადი წარდგენილი უნდა იყოს ამ წესის დანართი 1-ით გათვალისწინებული ფორმით.

5. კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფინანსური ანგარიშგება შედგენილი უნდა იყოს „ემიტენტის შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობისა და ემიტენტისათვის ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის დანიშვნის წესის“ მე-3 მუხლის მე-2-3 პუნქტების შესაბამისად.

6. თუ ემიტენტს ან/და შეთავაზების განმახორციელებელს ეროვნულ ბანკში უკვე წარდგენილი აქვს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია ან დოკუმენტაცია, საჯარო შეთავაზების განაცხადში ის შეიძლება ჩაირთოს მითითების სახით კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეროვნული ბანკი ითხოვს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის სრულად წარდგენას.  

7. წინასწარი პროსპექტის წარდგენისას, ემიტენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს ამ წესის დანართი №5-ის მიხედვით შედგენილი წინასწარი შეთავაზების პირობების დოკუმენტი მისი წარდგენის დროისთვის არსებული ინფორმაციის ან სავარაუდო ინფორმაციის გამჟღავნებით.

8. ემისიის წინასწარი პროსპექტის დამტკიცებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, ემიტენტმა ეროვნულ ბანკს დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს საბოლოო შეთავაზების პირობების დოკუმენტი კანონის მე-4 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს გაუხანგრძლივოს ემიტენტს საბოლოო შეთავაზების პირობების დოკუმენტის წარდგენის ვადა.

9.  პროსპექტის მოქმედების ვადად განისაზღვრება საბოლოო შეთავაზების პირობების დოკუმენტის დამტკიცებიდან 12 თვე. პროსპექტის მოქმედების ვადის გაგრძელება დაუშვებელია, მიუხედავად იმისა, ადგილი ჰქონდა თუ არა ცვლილებებს საბოლოო შეთავაზების პირობების დოკუმენტის დამტკიცების შემდგომ. დეპოზიტარული ხელწერილის შემთხვევაში პროსპექტის მოქმედების ვადა განისაზღვრება იმ ფასიანი ქაღალდის ვადიანობით, რომელსაც წარმოადგენს აღნიშნული დეპოზიტარული ხელწერილი, თუ პროსპექტით ნაკლები ვადა არ არის განსაზღვრული.

10. დეპოზიტარული ხელწერილის საჯარო შეთავაზებისთვის, დეპოზიტარული ხელწერილით  წარმოდგენილი ფასიანი ქაღალდები უნდა იყოს უცხო ქვეყნის ერთ-ერთ აღიარებულ საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებული ფასიანი ქაღალდები.

11. დეპოზიტარული ხელწერილის საჯარო შეთავაზება უნდა განხორციელდეს დეპოზიტარული ხელწერილით წარმოდგენილი ფასიანი ქაღალდების პროსპექტის ან უცხო ქვეყნის ერთ-ერთ აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ფასიანი ქაღალდების პროსპექტის/შეთავაზების/სალისტინგო დოკუმენტისა და  ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებული დეპოზიტარული ხელწერილის შეთავაზების პირობების დოკუმენტის მეშვეობით, რომელიც შედგენილი იქნება ამ წესის დანართი №10-ის შესაბამისად და დამტკიცდება კანონის მე-4 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად.

12. დეპოზიტარული ხელწერილის შეთავაზების პირობების დოკუმენტის დასამტკიცებლად ეროვნულ ბანკს დამატებით უნდა წარედგინოს ფასიანი ქაღალდების ემიტენტსა და დეპოზიტარს შორის დადებული დეპოზიტარული მომსახურებების შესახებ ხელშეკრულება და დეპოზიტარული ხელწერილების ემისიაში მონაწილე პირთა/დაწესებულებათა შორის სამართლებრივი ურთიერთობების მომწესრიგებელი  ხელშეკრულებები/დოკუმენტები.

13 დამტკიცებული შეთავაზების პირობების დოკუმენტის საფუძველზე, ეროვნული ბანკი რეგისტრაციაში ატარებს ფასიან ქაღალდებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 სექტემბრის №73/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფასიანი ქაღალდების საიდენტიფიკაციო ნომრის მოთხოვნის, მინიჭების, ემისიის დამტკიცებული პროსპექტის და საჯარო შეთავაზების თაობაზე შეტყობინების რეგისტრაციის წესისა“ და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 4. პროსპექტის სტრუქტურა

1. პროსპექტი უნდა მოიცავდეს ინფორმაციას ემიტენტისა და საჯარო შეთავაზებისთვის განკუთვნილი ფასიანი ქაღალდის შესახებ, ასევე, ემიტენტის საქმიანობიდან და გამოსაშვები ფასიანი ქაღალდის  სახეობიდან  გამომდინარე, ყველა იმ არსებით ინფორმაციას, რომელიც საშუალებას მისცემს  ინვესტორს  შეაფასოს ემიტენტის აქტივები და ვალდებულებები, ფინანსური მდგომარეობა, მოგება-ზარალი, საწარმოს სამომავლო გეგმები, ფასიანი ქაღალდების ფლობასთან დაკავშირებული უფლებები, შეზღუდვები და პროცედურები, ასევე ემისიის მიზეზი და მისი სავარაუდო გავლენა ემიტენტზე. ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია შეიძლება განსხვავდებოდეს ემიტენტის და მის მიერ შესათავაზებელი ფასიანი ქაღალდის კლასის შესაბამისად.

2. პროსპექტში წარმოდგენილი ინფორმაცია უნდა იყოს ამომწურავი, ასახავდეს კომპანიასთან, მის საქმიანობასთან, გამოსაშვებ ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ ყველა არსებით ინფორმაციას, იყოს გადმოცემული მოკლედ, გასაგები ენით და იძლეოდეს მისი მარტივად გაანალიზების საშუალებას.

3. წინასწარ პროსპექტს უნდა ჰქონდეს შემდეგი სტრუქტურა და თანმიმდევრობა:

ა) თავფურცელი;

ბ) დეტალური სარჩევი;

გ) ზოგადი მიმოხილვის ნაწილი;

დ) რისკის ფაქტორები;

ე) შეთავაზების მიზეზები და მოზიდული სახსრების გამოყენება;

ვ) სარეგისტრაციო დოკუმენტი;

ზ) ფასიანი ქაღალდების მიმოხილვის ნაწილი.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს ამ წესის მე-2, მე-3 და მე-4 დანართებში ჩამოთვლილ ყველა პუნქტს შესაბამის დანართებში მოცემული თანმიმდევრობის დაცვით. იმ შემთხვევაში, თუ ემიტენტისთვის არარელევანტური იქნება რომელიმე პუნქტი, მან უნდა განმარტოს ამის მიზეზები.

5. თავფურცელი უნდა შეადგენდეს მაქსიმუმ სამ გვერდს და მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) ემიტენტის დასახელება, სამართლებრივი ფორმა და საიდენტიფიკაციო ნომერი;

ბ) პროსპექტის შედგენაზე პასუხისმგებელი პირების დასახელება, მათ მიერ დაკავებული თანამდებობა და შესაბამისი ხელმოწერები;

გ) პროსპექტის შედგენაზე პასუხისმგებელი პირების მიერ გაკეთებული განაცხადი, რომ პროსპექტში წარმოდგენილ ინფორმაციაში შესულია მათთვის ცნობილი ყველა არსებითი ფაქტი და ადგილი არ ჰქონია ისეთი ინფორმაციის გამოტოვებას, რაც გავლენას მოახდენდა პროსპექტის შინაარსზე;  

დ) განთავსების აგენტის დასახელება და საკონტაქტო ინფორმაცია;

ე) პროსპექტის/შეთავაზების პირობების დოკუმენტის დამტკიცებაზე პასუხისმგებელი ორგანოს დასახელება და საკონტაქტო ინფორმაცია;

ვ) შემდეგი შინაარსის ჩანაწერი: „საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ემისიის პროსპექტის დამტკიცება შეეხება პროსპექტის ფორმას და იგი არ შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც დასკვნა მისი შინაარსის სისწორის ან მასში აღწერილი ინვესტიციების ღირებულების შესახებ“;

ზ) დამტკიცების თარიღი.

6. ეროვნული ბანკის თანხმობით, შესაძლოა პროსპექტში არ მოხდეს გარკვეული ინფორმაციის ასახვა, თუ:

ა) ამგვარი ინფორმაციის გამჟღავნება საჯარო ინტერესების საწინააღმდეგო ან კონფიდენციალურია;

ბ) ამგვარი ინფორმაციის გამჟღავნება სერიოზულ ზიანს მიაყენებს ემიტენტს. ასეთ შემთხვევაში ინფორმაციის გაუმჟღავნებლობა არ უნდა იწვევდეს ინვესტორის შეცდომაში შეყვანას იმ ფაქტებთან და გარემოებებთან დაკავშირებით, რაც აუცილებელია ემიტენტისა და ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული უფლებების შესაფასებლად.

მუხლი 5. პროსპექტის ზოგადი მიმოხილვის ნაწილი

1. პროსპექტის ზოგადი მიმოხილვის ნაწილი უნდა წარმოადგენდეს პროსპექტში წარმოდგენილი ძირითადი ინფორმაციის შეჯამებას, რათა საშუალება მისცეს ინვესტორს გაეცნოს მნიშვნელოვან ინფორმაციას ემიტენტის საქმიანობის, ფინანსური მდგომარეობის, გამოსაშვები ფასიანი ქაღალდების მახასიათებლების და მათთან დაკავშირებული შესაძლო რისკების შესახებ.

2. ზოგადი მიმოხილვის ნაწილი უნდა შეესაბამებოდეს პროსპექტის სრულ შინაარსს. მისი შინაარსი უნდა იყოს ზუსტი, ძირითად საკითხებზე ორიენტირებული, ცხადი და არ უნდა იყოს შეცდომაში შემყვანი.  

3. ზოგადი მიმოხილვის ნაწილის გვერდების რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს 10 გვერდს და წარმოდგენილი უნდა იყოს ადვილად აღქმადი ფორმით. იგი უნდა შედგეს ინვესტორისთვის გასაგები, ზუსტი, არატექნიკური  ენით და იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს მასში წარმოდგენილი ინფორმაციის მარტივად გაანალიზება.

4. ზოგადი მიმოხილვის ნაწილი შედგენილი უნდა იქნეს ამ წესის დანართი №2-ის მოთხოვნების შესაბამისად და მათში მოცემული თანმიმდევრობის დაცვით. ზოგადი მიმოხილვის დანართის ფორმატი და თანმიმდევრობა სავალდებულოა და უზრუნველყოფს ინვესტორებისათვის სხვადასხვა ემიტენტების პროსპექტებსა და ემიტენტის სხვადასხვა პერიოდების პროსპექტებს შორის შესადარისობას. თუ დანართის რომელიმე პუნქტი ემიტენტისათვის არ არის რელევანტური მისი გამოტოვების ნაცვლად, დანართის ფორმატის დარღვევის თავიდან აცილების მიზნით უნდა მიეთითოს, რომ ემიტენტისათვის პუნქტი არარელევანტურია.

5. ზოგადი მიმოხილვის ნაწილი არ უნდა შეიცავდეს პროსპექტის სხვა ნაწილებთან ან ნებისმიერ თანდართულ დოკუმენტთან  გაკეთებულ მითითებებს.  

6. ზოგადი მიმოხილვის ნაწილში უნდა აღიწეროს ემიტენტისთვის ან მისი შესათავაზებელი ფასიანი ქაღალდისთვის დამახასიათებელი მატერიალური რისკფაქტორები, რომლებიც დალაგებული უნდა იყოს მატერიალობის მიხედვით, ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

მუხლი 6. რისკის ფაქტორები

1. პროსპექტის რისკის ფაქტორების ნაწილი უნდა მოიცავდეს:

ა) ემიტენტის საქმიანობისთვის დამახასიათებელ მატერიალური რისკების აღწერას, რომელიც მოიცავს:

ა.ა) ინდუსტრიისა და ეკონომიკისთვის დამახასიათებელი რისკის ფაქტორებს;

ა.ბ) ემიტენტის საქმიანობასთან დაკავშირებული რისკის ფაქტორებს;

ბ) ემიტენტის მიერ შესათავაზებელი ფასიანი ქაღალდებისთვის დამახასიათებელი მატერიალური რისკების აღწერას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რისკები თითოეულ კატეგორიაში დალაგებული უნდა იყოს რისკების მატერიალურობის მიხედვით, რისი შეფასებაც უნდა მოხდეს ემიტენტის  მიერ.

მუხლი 7. შეთავაზების მიზეზები  და მოზიდული სახსრების გამოყენება

1. შეთავაზების მიზეზებისა და მოზიდული სახსრების ნაწილში უნდა მოხდეს შეთავაზების მიზეზების აღწერა და შესაძლებლობის შემთხვევაში, ემისიიდან მიღებული წმინდა სახსრების (მთლიან მიღებულ სახსრებს გამოკლებული ემისიის ხარჯები) ჩაშლა გამოყენების ძირითადი მიზნობრიობების მიხედვით (პროცენტული წილების მითითებით), რაც მოცემული უნდა იყოს გამოყენების მიზნობრიობების პრიორიტეტულობის შესაბამისად.  

2. შეთავაზების მიზეზებისა და მოზიდული სახსრების ნაწილში მითითებული უნდა იქნეს მოზიდული სახსრების ათვისების სავარაუდო პერიოდი, თუ მისი განსაზღვრა შესაძლებელია. თუ ემიტენტისათვის ცნობილია, რომ მოსალოდნელი მოზიდული სახსრები არ იქნება საკმარისი იმისათვის, რომ დაფინანსდეს ყველა წინასწარ განსაზღვრული მიზანი, უნდა მიეთითოს სხვა დამატებითი თანხების ოდენობა და დაფინანსების წყარო. მოზიდული თანხების გამოყენება დეტალურად უნდა იქნეს აღწერილი, როდესაც ისინი გამოიყენება ისეთი აქტივების შესყიდვის მიზნით, რაც ემიტენტის ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს სცდება, ან გამოიყენება სხვა ბიზნესის შესყიდვის ან ვალის დაფარვის ან შემცირების მიზნით.

3. თუ მოზიდული სახსრები გამოიყენება ვალის დაფარვის ან შემცირების მიზნით, უნდა მოხდეს ამ ფაქტის დაფიქსირება და მიეთითოს  დავალიანების პროცენტი, ვადიანობა, წყარო, გრაფიკის ტიპი და ნარჩენი ძირი პროსპექტში წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშგების თარიღისათვის. თუ კონფიდენციალურობის ან სხვა დასაბუთებული მიზეზის გამო ემიტენტი ვერ ამჟღავნებს ზუსტი სახის ინფორმაციას იმ ვალთან დაკავშირებით, რომლის დაფარვა/შემცირებაც იგეგმება, ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით უნდა მოხდეს პროსპექტის წარდგენის თარიღისთვის არსებული სავარაუდო/საორიენტაციო ინფორმაციის გამჟღავნება.

მუხლი 8. პროსპექტის სარეგისტრაციო დოკუმენტი

პროსპექტის სარეგისტრაციო დოკუმენტი შედგენილი უნდა იქნეს ამ წესის დანართი №3-ის შესაბამისად და მასში მოცემული თანმიმდევრობის დაცვით.

მუხლი 9. ფასიანი ქაღალდების მიმოხილვის ნაწილი

ფასიანი ქაღალდების მიმოხილვის ნაწილი შედგენილი უნდა იქნეს ამ წესის დანართი №4-ის  შესაბამისად და მასში მოცემული თანმიმდევრობის დაცვით.

მუხლი 10. სხვა დოკუმენტებში არსებულ ინფორმაციაზე მითითება

1. პროსპექტში შესაძლებელია მოხდეს მითითება ერთ ან რამდენიმე მანამდე გამოქვეყნებულ ან პროსპექტთან ერთად გამოსაქვეყნებელ ერთ-ერთ შემდეგ დოკუმენტზე:

ა) ემიტენტის წლიურ, ნახევარი წლის  და არსებობის შემთხვევაში სხვა შუალედურ ანგარიშგებაზე (მათ შორის, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად აუდიტირებულ/მიმოხილულ ანგარიშებზე);

ბ) ამავე ემიტენტის სხვა პროსპექტზე, რომელიც დამტკიცებულია ეროვნული ბანკის მიერ, ან არის უცხო ქვეყნის ერთ-ერთ აღიარებულ საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებული ფასიანი ქაღალდების ემისიის პროსპექტი, შეთავაზების ან სალისტინგო დოკუმენტი;

გ) საკრედიტო რეიტინგის ან სხვა ტიპის შეფასების ანგარიშებზე;

დ) ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ სხვა დოკუმენტებზე. 

2. მითითების გაკეთების შემთხვევაში პროსპექტს თან უნდა დაერთოს ამგვარი მითითებების ჩამონათვალი, რათა ინვესტორებმა შეძლონ ინფორმაციის მარტივად მოძიება, კერძოდ, გარკვევით უნდა მიეთითოს ჩართული ინფორმაციის წარმომავლობა, წყარო, გვერდი, აბზაცი ან ინფორმაციის დამახასიათებელი სხვა მონაცემი. ძნელად მისაწვდომი ინფორმაცია უშუალოდ უნდა იქნეს წარდგენილი. მითითებები უნდა იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი ამ წესის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

მუხლი 11. პროსპექტის გამოქვეყნება და რეკლამა

1. ემიტენტმა უნდა უზრუნველყოს საბოლოო პროსპექტის  გასაჯაროება არაუგვიანეს საბოლოო შეთავაზების პირობების დოკუმენტის დამტკიცებიდან 10 დღისა, მაგრამ სულ მცირე საჯარო შეთავაზებამდე.

2. იმ შემთხვევაში, თუ პროსპექტში გაკეთებულია მითითება ამ წესის მე-10 მუხლის შესაბამისად, გასაჯაროებული უნდა იყოს მითითებული დოკუმენტებიც.

3. შეთავაზების პირობების დოკუმენტის დამტკიცებამდე, ემიტენტს შეუძლია გაასაჯაროოს   ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებული პროსპექტი და წინასწარი შეთავაზების პირობების დოკუმენტი. შეთავაზების პირობების დოკუმენტის დამტკიცების შემდეგ, მხოლოდ საბოლოო პროსპექტი უნდა იყოს გასაჯაროებული.

4. ნებისმიერი საშუალებით გამოქვეყნებული ყველა პროსპექტი ზუსტად უნდა შეესაბამებოდეს ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებულ დოკუმენტებს (დამტკიცებული პროსპექტი, დამტკიცებული შეთავაზების პირობების დოკუმენტი).

5. ემისიის პროსპექტით შესათავაზებელ ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია ან რეკლამა  სრულ შესაბამისობაში უნდა იყოს პროსპექტის საემისიო პირობებთან და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მოთხოვნებთან. იგი უნდა იყოს ცალსახა, არ უნდა იძლეოდეს სხვადასხვაგვარად წაკითხვის საშუალებას და არ უნდა იყოს შეცდომაში შემყვანი პოტენციური ინვესტორებისთვის.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტი არ ვრცელდება პოტენციურ ინვესტორთა საბაზრო ინტერესის შეფასების შემთხვევაზე, რაც არ უნდა წარმოადგენდეს სათანადო ფასიანი ქაღალდის გაყიდვის შეთავაზებას ან ამ პირთა მიერ სხვა პირისაგან სათანადო ფასიანი ქაღალდის შესყიდვაზე თანხმობის მიღებას. საჯარო შეთავაზების ფარგლებში, პოტენციური ინვესტორებისათვის მისაწოდებელი ინფორმაცია საბაზრო ინტერესის შეფასებისას შესაბამისობაში უნდა იყოს ემისიის წინასწარ პროსპექტთან. თუ საბაზრო ინტერესის შეფასება განხორციელდება წინასწარი პროსპექტის დამტკიცებამდე,  საბაზრო ინტერესის შეფასების ფარგლებში ინვესტორებისთვის მიწოდებული ინფორმაცია შესაბამისი უნდა იყოს ემიტენტის მიერ ეროვნული ბანკისათვის დასამტკიცებლად წარდგენილ წინასწარ პროსპექტთან.

7. რეკლამაში აღნიშნული უნდა იყოს სად შეიძლება პროსპექტის გაცნობა და/ან მითითებული იყოს შესაბამისი ელექტრონული ბმული.

მუხლი 12. ცვლილება დამტკიცებულ ემისიის პროსპექტში

1. საჯარო შეთავაზების პერიოდში ამა თუ იმ არსებითი მოვლენის, კერძოდ, ემისიის წინასწარ თუ დამტკიცებულ პროსპექტში ან დამტკიცებულ შეთავაზების პირობების დოკუმენტში ემიტენტის ან/და კანონმდებლობით განსაზღვრული პირის მიერ ფასიანი ქაღალდების რაოდენობის, შეთავაზების ბოლო ვადის ან სხვა არსებითი ფაქტის შეცვლის აუცილებლობის შემთხვევაში ემიტენტმა ან/და შეთავაზების განმახორციელებელმა უნდა მიმართოს კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრულ პროცედურებს და წარმოადგინოს:

ა) საბოლოო პროსპექტში ცვლილების შეტანის შესახებ განაცხადი (ამ წესის დანართი №7-ით განსაზღვრული ფორმით);

ბ) განახლებული პროსპექტი ან განახლებული შეთავაზების პირობების დოკუმენტი კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად წარმოდგენილი დოკუმენტები  შესაბამისია  ფასიანი ქაღალდების ბაზრის კანონმდებლობის მოთხოვნებთან, განახლებული პროსპექტი ან განახლებული შეთავაზების პირობების დოკუმენტი ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცდება მათი წარდგენიდან არაუგვიანეს  10 სამუშაო დღისა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ემიტენტს წერილობით ეცნობება დამატებითი ინფორმაციის, განმარტების, დაზუსტების ან დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის შესახებ. ამ ხარვეზის გამოსწორების შემდეგ ემიტენტმა უნდა წარადგინოს შესაბამისი შესწორებები, რაც ხელახლა განიხილება.

3. საჯარო შეთავაზების პერიოდში არაარსებითი ფაქტის (მოვლენის) შესახებ ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში ემიტენტმა ან/და შეთავაზების განმახორციელებელმა ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს:

ა) საჯარო შეთავაზების პერიოდში საბოლოო პროსპექტში ცვლილების შეტანის შესახებ განაცხადი (ამ წესის დანართი №7-ით განსაზღვრული ფორმით);

ბ) ემიტენტის ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებული შეთავაზების განმახორციელებელი სუბიექტის პასუხისმგებელი პირების მიერ ხელმოწერილი ოფიციალური წერილი, რომელიც მოიცავს შემდეგ ინფორმაცის:

ბ.ა) ცვლილების გამომწვევ მიზეზს;

ბ.ბ) ცვლილების შინაარსს, რომელიც აღწერს შესაბამის ინფორმაციას ცვლილებამდე და ცვლილების შემდეგ, და მიუთითებს კონკრეტულ ქვეთავზე, პუნქტზე და გვერდზე, რომლის შეცვლაც მოხდება ემისიის დამტკიცებულ პროსპექტში;

 ბ.გ) ცვლილების სავარაუდო ზეგავლენას არსებულ თუ პოტენციურ ინვესტორთა გადაწყვეტილებაზე.

4. თუ ეროვნული ბანკი ეთანხმება ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წარმოდგენილ ცვლილებებს, ინფორმაციის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში აღნიშნულის შესახებ წერილობით ეცნობებათ ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირებს, ხოლო ამავე ქვეპუნქტით წარმოდგენილი ოფიციალური წერილი გახდება საბოლოო პროსპექტის განუყოფელი ნაწილი.

5. ემიტენტმა ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებულმა შეთავაზების განმახორციელებელმა პირმა საჯაროდ ხელმისაწვდომი უნდა გახადოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში – განახლებული პროსპექტი (მისი დამტკიცებისთანავე, დაუყოვნებლივ), ხოლო ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში იმავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ცვლილებების ამსახველი წერილი (ეროვნული ბანკისგან წერილობითი თანხმობის მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ)  და ცვლილების შესახებ დაუყოვნებლივ, წერილობით აცნობოს შემდეგ პირებს:

ა) განთავსების აგენტს;

ბ) ყველა იმ ინვესტორსა და პოტენციურ ინვესტორს, რომლებთანაც მას მოლაპარაკება ჰქონდა ფასიანი ქაღალდების შეძენასთან დაკავშირებით.

6. იმ ინვესტორებს, რომელთაც შეიძინეს ან განაცხადი ჰქონდათ გაკეთებული ფასიანი ქაღალდების შეძენაზე, ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ცვლილებების გამოქვეყნებიდან სულ მცირე 5 სამუშაო დღის ვადაში უნდა შეეძლოთ შეძენაზე უარის თქმა. ამასთან, ცვლილებებში მითითებული უნდა იყოს შესყიდვაზე უარის თქმის საბოლოო ვადა.

მუხლი 13. განთავსების ანგარიში

1. კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზების დასრულებიდან 1 თვის ვადაში ემიტენტმა ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს განთავსების ანგარიში, რომელიც შეიცავს ინფორმაციას შეთავაზებული და გაყიდული ფასიანი ქაღალდების ზუსტი რაოდენობისა და ფასის შესახებ. თუ  გამოსაშვები ფასიანი ქაღალდები სრულად არ არის განთავსებული, ემიტენტი წარადგენს ანგარიშს ფაქტობრივად განთავსებული ფასიანი ქაღალდების შესახებ.

2. საჯარო შეთავაზების დასრულებად ჩაითვლება ერთ-ერთი შემდეგი ფაქტის დადგომა:

ა) ემისიის პროსპექტის მოქმედების ვადის გასვლა;

ბ) საჯაროდ შეთავაზებული ფასიანი ქაღალდების სრულად ვადამდე განთავსება;

გ) საჯარო შეთავაზების შეწყვეტა;

დ) პროსპექტში გაწერილი შეთავაზების ვადის დასრულება.

3. დეპოზიტარული ხელწერილების ემისიის შემთხვევაში, საჯარო შეთავაზების დასრულებად ჩაითვლება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული  შემთხვევები.

4. დეპოზიტარული ხელწერილების ემისიის შემთხვევაში, დეპოზიტარი ფაქტობრივად განთავსებული ფასიანი ქაღალდების შესახებ ინფორმაციას  ეროვნულ ბანკს წარუდგენს ყოველთვიურად. აღნიშნული ანგარიში უნდა მოიცავდეს ინფორმაციას როგორც გამოშვებული და განთავსებული დეპოზიტარული ხელწერილების რაოდენობის შესახებ, ისე იმ ფასიანი ქაღალდების შესახებ, რომლებიც აღრიცხულია კასტოდიანთან და რომელთა საფუძველზეც გამოშვებულია აღნიშნული დეპოზიტარული ხელწერილები.

5. განთავსების ანგარიში უნდა შედგეს ამ წესის დანართი №8-ით გათვალისწინებული ფორმით.

6. განთავსების ანგარიშს ხელს უნდა აწერდნენ:

ა) ემიტენტის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირ(ებ)ი;

ბ) განთავსების აგენტის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირ(ებ)ი;

გ) რეგისტრატორის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირ(ებ)ი.

მუხლი 14. ეროვნული ბანკის უფლებამოსილება

პროსპექტის განხილვისა და შეთავაზების პროცესში ეროვნული ბანკი უფლებამოსილია:

ა) ემიტენტს, მის მაკონტროლებელ ან მისი კონტროლის ქვეშ მყოფ პირებს, შეთავაზების განმახორციელებელ შუამავლებს ან ემიტენტის აუდიტორებს, პროსპექტის რომელიმე ნაწილში წარმოდგენილ ინფორმაციაზე პასუხისმგებელ მესამე პირებს, საჭიროების შემთხვევაში, მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაციის ან/და დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა. ამავე მიზნით ეროვნული ბანკი უფლებამოსილია განახორციელოს ემიტენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის სისწორის შემოწმება;  

ბ)  ინვესტორთა ინტერესებისათვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში: 

ბ.ა) შეაჩეროს საჯარო შეთავაზება;

ბ.ბ) შეაჩეროს დამტკიცებული პროსპექტის მოქმედება და განსაზღვროს ვადა დარღვევების გამოსასწორებლად. თუ დარღვევები განსაზღვრულ ვადაში არ გამოსწორდება, ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, გააუქმოს დამტკიცებული პროსპექტის მოქმედება;

გ) ამ წესის დარღვევის შემთხვევაში გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები;

დ) დაამტკიცოს პროსპექტი წინა საანგარიშგებო პერიოდის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების წარდგენის გარეშე იმ შემთხვევაში, თუ არ გასულა აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების წარდგენის კანონით გათვალისწინებული ვადა;

ე) ამ წესით განსაზღვრული ინფორმაციის/დოკუმენტაციის გარდა, მოითხოვოს სხვა დამატებითი ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია.