საქართველოს ტყის კოდექსი

საქართველოს ტყის კოდექსი
დოკუმენტის ნომერი 5949-სს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/05/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/05/2020
სარეგისტრაციო კოდი 390000000.05.001.019838
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
5949-სს
22/05/2020
ვებგვერდი, 28/05/2020
390000000.05.001.019838
საქართველოს ტყის კოდექსი
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (28/05/2020 - 16/03/2021)

 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ტყის კოდექსი

საქართველოს ტყე ბუნებრივი გარემოს უმთავრესი ელემენტია. ის არის ქვეყნისთვის განსაკუთრებული ფასეულობის მქონე ბუნებრივი რესურსი და მისი ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი საფუძველი. საქართველოს ტყე, მიუხედავად მისი საკუთრების ფორმისა, უნდა იმართებოდეს მდგრადი განვითარების პრინციპების შესაბამისად ჩამოყალიბებული სისტემის საფუძველზე, რომელიც უზრუნველყოფს ტყის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებას, მისი ბიომრავალფეროვნების დაცვას, ტყის ეკოლოგიური ფასეულობის გათვალისწინებით მისი ეკონომიკური პოტენციალის რაციონალურ გამოყენებას, ტყის მართვაში საზოგადოების მონაწილეობას და მისთვის ტყის რესურსების ხელმისაწვდომობას.

 

თავი I

ზოგადი დებულებები

 

მუხლი 1. კოდექსის მოქმედების სფერო და მიზნები

1. ეს კოდექსი აწესრიგებს ტყის მართვასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

2. ამ კოდექსის მიზნებია:

ა) საქართველოს ტყის ბიომრავალფეროვნების დაცვა, ტყის ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ფუნქციების შესასრულებლად მისი თვისებრივი მახასიათებლების, აგრეთვე ტყის რესურსების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების შენარჩუნება და გაუმჯობესება;

ბ) თვითმყოფადი ბუნებრივი და კულტურული გარემოს, მათ შორის, მცენარეული საფრისა და ცხოველთა სამყაროს, ტყეში არსებული ბუნებისა და კულტურის ძეგლების, მცენარეთა იშვიათი, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებისა და სხვა ღირებულებათა მომავალი თაობებისთვის შენარჩუნება და მათი ურთიერთგავლენის ჰარმონიული რეგულირება;

გ) ტყის რესურსებისა და სხვა ბუნებრივი პოტენციალის მიზნობრივი და რაციონალური გამოყენება;

დ) ტყის მართვის ძირითადი პრინციპების განსაზღვრა, რომლებსაც უნდა დაეფუძნოს ტყის მდგრადი მართვა.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ კოდექსში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) საქართველოს ტყე − სახელმწიფო, მუნიციპალური და კერძო საკუთრების ტყეებისა და მათი რესურსების ერთობლიობა;

ბ) ტყე − ტყის კონტურის შიგნით არსებული ტყის შემქმნელი სახეობებით დაფარული ტერიტორია და სხვა ტერიტორია, რომელიც ტყის ეკოსისტემის განუყოფელი ნაწილია:

ბ.ა) ტყის შემქმნელი სახეობებით დაფარული ტერიტორია − ტყის შემქმნელი მერქნიანი მცენარის ერთი ან რამდენიმე სახეობით დაფარული, არანაკლებ 10 მ სიგანისა და სულ მცირე 0.5 ჰა მიწის ფართობი, სადაც ხეთა დგომის სიმჭიდროვე ფართობის ერთეულზე შეადგენს არანაკლებ 0,1 სიხშირეს;

ბ.ბ) სხვა ტერიტორია:              

ბ.ბ.ა) ტერიტორია, სადაც ტყის შემქმნელი სახეობები ბუნებრივი ან/და ანთროპოგენური მოვლენების შედეგად დროებით დეგრადირებული ან განადგურებულია;

ბ.ბ.ბ) ტყის მიწა − ტყის კონტურის შიგნით არსებული მიწის ღია ფართობი: მიწა, რომელიც გამოიყენება სათიბად ან საძოვრად; სპეციალური დანიშნულების მიწა; მიწა, რომელიც მოიცავს ტყეში არსებულ ჭაობს, კლდეს, რიყეს ან ტყის გაშენებისთვის გამოუყენებელ სხვა მიწის ფართობს; სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების განსახორციელებლად საჭირო ინფრასტრუქტურა (სატყეო გზა, ხეტყის დასაწყობების ადგილი, საქმიანი ეზო) და სხვა.

შენიშვნა: ტყედ არ მიიჩნევა ტყის კონტურის გარეთ არსებული მიწის ფართობი: ბაღი (ხეხილის და სხვა), სკვერი, პარკი;­­­ ხეთა ზოლი, რომელიც ასრულებს ნიადაგის ეროზიისგან დაცვის ფუნქციას (ქარსაფარი ზოლი); ტერიტორია, რომელიც ტყეში არ არის და გამოიყენება მოკლევადიანი მონაცვლეობისთვის ტყის შემქმნელი სახეობების გაშენებიდან 30 წლამდე პერიოდში (პლანტაცია); მერქნიან სახეობათა დენდრარიუმი, საახალწლო ხის პლანტაცია; მერქნიან ხეთა (კაკალნაყოფიანების) პლანტაცია ნაყოფის მისაღებად, ხილკენკროვანი სახეობების პლანტაცია;

გ) არიდული ტყე − ნათელი ტყე, სადაც ტენის სიმცირის ან/და სხვა ბუნებრივი პირობების გამო კორომის სიხშირე 0.1-ზე ნაკლებია;

დ) ჭალის ტყე − ტყე, რომელიც მდინარის აუზშია განფენილი და პერიოდულად (წყალდიდობის ან/და წყალმოვარდნის დროს) წყლით იფარება;

ე) სუბალპური ტყე − ტყე, რომელიც ალპური ზონის საზღვრის ქვემოთ მდებარე 300 მ-მდე სიგანის ზოლშია მოქცეული და არის გარდამავალი (ბრძოლის) სარტყელი;

ვ) ტყის რესურსები − ტყის მერქნული რესურსების, არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების ერთობლიობა:

ვ.ა) ტყის არამერქნული რესურსები − სოკო, სამკურნალო ნედლეული, ტექნიკური ნედლეული, სხვა ბალახოვანი მცენარეები და მათი ნაწილები, ბუჩქოვანი მცენარეების ნაწილები და მათი პროდუქტები, რომელთა შემადგენლობაში არ არის მერქანი;

ვ.ბ) მერქნიანი მცენარეების პროდუქტები − მერქნიანი მცენარეების წიწვი, ფოთოლი, ყვავილი, ყვავილის მტვერი, ფისი, წვენი, თესლი, გირჩი, ნაყოფი;

ვ.გ) ხის მეორეხარისხოვანი მასალები − მერქნიანი მცენარეების ფესვი, ქერქი, ლაფანი, ძირკვი;

ზ) ხეტყის ნარჩენები – ტყის მოვლის ღონისძიებების განხორციელებისა და ხეტყის დამზადების შედეგად დარჩენილი ქერქი, ნაფოტი, ნახერხი, შეშად გამოუსადეგარი ტოტები, ძირნაყარი ხეები, რომლებსაც ბუნებრივი ან სხვა ფაქტორების ზემოქმედების გამო აღარ აქვს მერქნული რესურსის ღირებულება;

თ) ბოძი – საყრდენ მასალად ვარგისი, მსხვილი ბოლოდან 8 სმ-დან 12 სმ-მდე დიამეტრის მერქნული რესურსი;

ი) სარი − სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, მსხვილი ბოლოდან 4 სმ-დან 8 სმ-მდე დიამეტრის მერქნული რესურსი;

კ) ჭიგო − სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, მსხვილი ბოლოდან 4 სმ-მდე დიამეტრის მერქნული რესურსი;

ლ) ტყის კონტური − ტყის საზღვარი, რომელსაც ადგენს საქართველოს მთავრობა შესაბამისი დადგენილებით;

მ) ტყის შემქმნელი სახეობები − მერქნიანი მცენარეები, რომლებიც შეტანილია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის (შემდგომ − მინისტრი) მიერ დამტკიცებულ „ტყის შემქმნელ მერქნიან მცენარეთა სახეობების ნუსხაში“;

ნ) ხე − მრავალწლიანი მერქნიანი მცენარე, რომელიც ივითარებს ერთ მთავარ ღეროს ან, ამონაყრის შემთხვევაში, ღეროებს და აქვს განშტოებული ვარჯი, რომლის სიმაღლე სიმწიფის ასაკში არანაკლებ 3 მ-ია;

ო) ბუჩქი − მრავალწლიანი მერქნიანი მცენარე, რომელსაც აქვს ნიადაგის ზედაპირიდან განშტოებული ვარჯი და რომლის სიმაღლე არაუმეტეს 3 მ-ია;

პ) ქვეტყე − მერქნიანი მცენარის/მცენარეების სახეობების ერთობლიობა, რომელიც არ ქმნის და არსებულ პირობებში ვერც შექმნის კორომის ზედა საბურველს;

ჟ) ფიჩხი − მერქნიანი მცენარის ძირნაყარი ტოტები, რომელთაგან თითოეულის დიამეტრი ძირეულ ნაწილში არაუმეტეს 6 სმ-ია;

რ) კორომი − ტყის ნაწილი, რომელიც მომიჯნავე ტერიტორიისგან შემადგენლობითა და სტრუქტურით მკვეთრად განსხვავებულია;

ს) მრგვალი ხეტყე (მორი) − ხეტყის დამზადებით (მათ შორის, მოთხრილი და მოტეხილი ხეებისგან) მიღებული, წვრილი ბოლოდან 12 სმ-ზე მეტი დიამეტრის მერქნული რესურსი;

ტ) სპეციალური ფირნიში − ფირნიში, რომელიც ადასტურებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში მრგვალი ხეტყის (მორის) კანონიერ წარმოშობას და დადგენილი წესით აღირიცხება შესაბამის ერთიან მონაცემთა ბაზაში;

უ) მდგრადი განვითარების პრინციპები − პრინციპები, რომლებიც ინტეგრირებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1992 წლის რიო-დე-ჟანეიროს გარემოსა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციის (United Nations Conference on Environment and Development, Rio de Janeiro, 1992) მიერ მიღებულ შემდეგ დასკვნით დოკუმენტებში: „გარემოსა და განვითარების რიოს დეკლარაცია“, „21-ე საუკუნის გლობალური მდგრადი განვითარების პროგრამა − დღის წესრიგი 21“, „ტყეების დაცვის, მდგრადი განვითარებისა და მართვის პრინციპების შესახებ არასაკანონმდებლო ვალდებულებათა განცხადება“;

ფ) ტყის მართვა − ტყის სასარგებლო თვისებებისა და ტყის რესურსების გამოყენების, აგრეთვე ტყის დაცვის, მოვლისა და აღდგენა-გაშენების ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;

ქ) ტყის მდგრადი მართვა − ტყის ისეთი გზითა და მოცულობით მართვა და გამოყენება, რომ შენარჩუნდეს მისი ბიომრავალფეროვნება, პროდუქტიულობა, რეგენერაციის შესაძლებლობა, სიცოცხლისუნარიანობა და პოტენციალი, რათა ახლაც და მომავალშიც შესრულდეს ტყის ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ფუნქციები ადგილობრივ, ეროვნულ და გლობალურ დონეებზე და არ დაზიანდეს სხვა ეკოსისტემები;

ღ) ტყის ეროვნული აღრიცხვა − საქართველოს ტყის აღრიცხვა, რომლის მიზანია ტყისა და ტყის რესურსების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის მიღება, ტყის მდგომარეობის მონიტორინგის უწყვეტი განხორციელება, ტყის შესახებ მონაცემების თაობაზე საერთაშორისო ანგარიშგება და ამ სფეროში ერთიანი პოლიტიკის დაგეგმვა;

ყ) ტყეთმოწყობა − საქართველოს ტყის აღრიცხვის, დაცვის, მოვლისა და აღდგენა-გაშენების ღონისძიებების განხორციელებისა და მათი ეფექტიანობის გაზრდის, აგრეთვე ტყის რესურსებით მდგრადი სარგებლობის დაგეგმვა;

შ) ტყის მონიტორინგი − საქართველოს ტყის  მდგომარეობის შეფასების, მის დინამიკაზე უწყვეტი დაკვირვების, მისი ანალიზისა და პროგნოზირების სისტემა;

ჩ) ბუნებრივი განახლების ხელშეწყობა − შემდეგი ღონისძიებების განხორციელება: აღსადგენი ტერიტორიის (ფართობის) მთლიანი ან ნაწილობრივი შემოღობვა, ტყის აღმონაცენის ან/და ამონაყრის ძოვებისგან დაცვა, შემოღობილ ფართობზე ნიადაგის ქვეტყისგან გაწმენდა, ბალახისგან გასუფთავება და აჩიჩქვნა თვითმოთესვის ხელშეწყობის მიზნით;

ც) ტყის მავნებელ-დაავადებები − მავნე ორგანიზმები (მწერი, მღრღნელი, სოკო, ბაქტერია, ვირუსი), რომელთა რაოდენობის მატებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ტყის ეკოლოგიურ მდგომარეობას ან არსებითად შეამციროს მერქნის ხარისხი;

ძ) სატყეო-სამეურნეო ღონისძიება − ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიება, რომელიც ხორციელდება ტყის აღდგენა-გაშენების, მოვლისა და დაცვის და ტყით მდგრადი სარგებლობის მიზნით;

წ) ტყითსარგებლობა − სახელმწიფოსა და მისი მოსახლეობის ეკოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მიზნით ტყის ტყით საერთო სარგებლობისა და ტყით სპეციალური სარგებლობის ფარგლებში გამოყენება და ეკონომიკური და სხვა ღირებულებების მქონე ტყის რესურსების მოპოვება;

ჭ) ტყით საერთო სარგებლობა − ტყის ბუნებრივი გარემოთი უსასყიდლო სარგებლობა, რომელიც გულისხმობს პირის უფლებას, იმყოფებოდეს და თავისუფლად გადაადგილდეს ტყეში, პირადი მოხმარების მიზნით შეაგროვოს ტყის არამერქნული რესურსები, მერქნიანი მცენარეების პროდუქტები და ხის მეორეხარისხოვანი მასალები, აგრეთვე ფიჩხი;

ხ) ტყით სპეციალური სარგებლობა − ტყითსარგებლობა, რომელიც არ ხორციელდება ტყით საერთო სარგებლობის ფარგლებში;

ჯ) ტყითმოსარგებლე − საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირი, რომელიც ახორციელებს ტყითსარგებლობას;

ჰ) ტყეკაფი − ტყის უბანი, რომელზედაც განსაზღვრულია მოსაჭრელი და ძირნაყარი ხეების რაოდენობა და მონიშნულია მოსაჭრელი ხეები;

1) ხეტყის დამზადება − ზეზემდგომი ხის მოჭრა ან/და ძირნაყარი ხეებიდან მერქნის ამოღება, მისი დახარისხება და საქმიან ეზომდე გატანა (გაზიდვა);

2) სამეურნეო ჭრა − მერქნის მოპოვების მიზნით ამ კოდექსით დადგენილი წესების დაცვით განხორციელებული ჭრა;

3) მოვლითი ჭრა − სატყეო-სამეურნეო ღონისძიება, რომელიც ხორციელდება ტყის სახეობრივი შემადგენლობის, სტრუქტურისა და სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მაღალი წარმადობის კორომების ჩამოყალიბების მიზნით;

4) სპეციალური სარგებლობის ჭრა − ამ კოდექსით გათვალისწინებული ტყით სპეციალური სარგებლობის სახეების მიზნებისთვის განხორციელებული ჭრა, გარდა სამეურნეო ჭრისა;

5) ტყითსარგებლობის გეგმა − ტყითმოსარგებლის მიერ შემუშავებული გეგმარებითი დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ტყითსარგებლობის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების, მათი ეტაპებისა და მოცულობის შესახებ; 

6) სატყეო გზა − სატყეო-სამეურნეო ღონისძიების განსახორციელებლად ტყეში არსებული გზა:

6.ა) გრუნტის გზა − მოკლევადიანი ტყითსარგებლობისთვის გაყვანილი სამეურნეო გზა;

6.ბ) მკვრივსაფრიანი გზა − ტყეში არსებული ხრეშმოყრილი ან/და მოშანდაკებული გზა, რომლის მოწყობა და რეაბილიტაცია გრძელვადიანი სარგებლობისთვის განხორციელდა;

7) დროებითი ნაგებობა − ტყით სპეციალური სარგებლობის ფარგლებში ტყის ტერიტორიაზე მოსაწყობი ან მოწყობილი ნაგებობა, რომელსაც საძირკველი არ აქვს და რომელიც გამოიყენება შესაბამისი ტყითსარგებლობის უფლების განსახორციელებლად;

8) მინისტრი − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი;

9) სამინისტრო − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

მუხლი 3. ტყის სფეროში საქართველოს კანონმდებლობა

1. ტყის სფეროში საქართველოს კანონმდებლობა შედგება საქართველოს კონსტიტუციისგან, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისგან, საქართველოს ეროვნული სატყეო კონცეფციისგან, ამ კოდექსისგან, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისა და მათ საფუძველზე მიღებული/გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისგან.

2. ტყეში სახეობებისა და ჰაბიტატების დაცვის, აგრეთვე ტყის გენეტიკური რესურსების ხელმისაწვდომობისა და სარგებლის სამართლიანი განაწილების საკითხები წესრიგდება შესაბამისი საკანონმდებლო აქტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტყის მართვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

4. დაცული ტერიტორიის ფარგლებში არსებული ტყის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს აწესრიგებს ეს კოდექსი, თუ „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

5. თუ საქმიანობა, რომელიც ტყით სპეციალურ სარგებლობას საჭიროებს, ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას, სათანადო გადაწყვეტილება მიიღება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად.

მუხლი 4. საქართველოს ტყის მდგრადი მართვის პრინციპები

1. საქართველოს ტყის მდგრადი მართვა, ტყის ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ფუნქციების გათვალისწინებით, უნდა ეფუძნებოდეს შემდეგ პრინციპებს:

ა) ტყის მართვის პროცესში გამოყენებული უნდა იქნეს ისეთი მეთოდები, რომლებიც უზრუნველყოფს მისი ბიომრავალფეროვნების, პროდუქტიულობის, თვითაღდგენისა და სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებას;

ბ) ტყის მართვის დაგეგმვის პროცესში გათვალისწინებული უნდა იქნეს ტყის ფუნქციური დანიშნულება, რათა ტყის ერთი ფუნქციით სარგებლის მიღებამ არ გამოიწვიოს ტყის სხვა ფუნქციის დეგრადაცია;

გ) ტყის მართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინება უნდა ეფუძნებოდეს ტყის მდგრად მართვას. ტყით საერთო სარგებლობის მიზნით უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ტყის ყველასთვის ხელმისაწვდომობა;

დ) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით ტყის არასატყეო მიზნით გამოყენებისას უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი საკომპენსაციო ღონისძიებები, გარდა ამ კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა.

2. ტყის მდგრადი მართვის შეფასება და ანგარიშგება ხორციელდება „ტყის მდგრადი მართვის კრიტერიუმებისა და ინდიკატორების შესახებ“ დებულებით განსაზღვრული ტყის მდგრადი მართვის კრიტერიუმებისა და ინდიკატორების საფუძველზე, რომლებიც ეფუძნება მდგრადი განვითარების პრინციპებს და ევროპის ტყეების დაცვის მინისტრთა კონფერენციის („ევროპის ტყე“) მიერ მიღებულ „ტყის მდგრადი მართვის კრიტერიუმებსა და ინდიკატორებს“. აღნიშნულ დებულებას შეიმუშავებს სამინისტრო და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

მუხლი 5. ტყეზე საკუთრების უფლება

1. ტყეზე საკუთრების უფლება განუყოფელია მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებისგან. საქართველოს ტყე შეიძლება იყოს სახელმწიფო, მუნიციპალური ან კერძო საკუთრების.

2. სახელმწიფო ტყე არის საქართველოს ტყის ნაწილი, რომელიც არ არის  მუნიციპალიტეტის ან კერძო საკუთრებაში.

3. მუნიციპალური ტყე არის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის ტყე, რომლის მიმართ მმართველობით უფლებამოსილებებს ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად ახორციელებენ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები.

4. კერძო საკუთრების ტყე არის საქართველოს ტყის ნაწილი, რომელიც მდებარეობს ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე.

5. ავტონომიურ რესპუბლიკას ტყე საკუთრებაში შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ტყე მის საკუთრებაში არსებულ მიწის ფართობზე ხელოვნურადაა გაშენებული და აკმაყოფილებს ამ კოდექსის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ტერმინის „ტყე“ განმარტების მოთხოვნებს. 

6. ამ კოდექსით დადგენილი წესები ვრცელდება საქართველოს ტყეზე, მიუხედავად მისი საკუთრების ფორმისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

მუხლი 6. საქართველოს ტყის კატეგორიებად დაყოფის მიზნები

საქართველოს ტყის კატეგორიებად დაყოფის მიზნებია:

ა) ტყის ეკოლოგიური ფუნქციისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების, ტყის ეკონომიკური პოტენციალის მდგრადი გამოყენებისა და მისი სოციალური ფუნქციის შესრულების ხელშეწყობა;

ბ) ტყის ნიადაგდაცვითი და წყალ- და კლიმატმარეგულირებელი ფუნქციების შენარჩუნებისა და აღდგენის ხელშეწყობა და მათი გაძლიერება;

გ) ტყის პროდუქტიულობის, მათ შორის, ტყის რესურსების, ტურიზმისა და რეკრეაციის შესაძლებლობების, რაციონალური გამოყენება, გრძელვადიანი სარგებლის მიღების გათვალისწინებით;

დ) ტყის ეკოსისტემურ მომსახურებებთან დაკავშირებული ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის (სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა და სხვა) ჰარმონიული და მდგრადი განვითარების ხელშეწყობა და ტყის ეკოსისტემების უარყოფითი კუმულაციური ზეგავლენისგან დაცვა.

მუხლი 7. საქართველოს ტყის კატეგორიებად დაყოფა და მათი მართვის ამოცანები

1. საქართველოს ტყე, ტყის ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ფუნქციებისა და ტყის მართვის ძირითადი მიზნების გათვალისწინებით, იყოფა შემდეგ კატეგორიებად:

ა) დაცული ტყე;

ბ) დაცვითი ტყე;

გ) საკურორტო და სარეკრეაციო ტყე;

დ) სამეურნეო ტყე.

2. დაცული ტყის მართვის ამოცანაა მისი ბიომრავალფეროვნებისა და იშვიათი ან/და საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებისა და მოწყვლადი ეკოსისტემების დაცვა.

3. დაცვითი ტყის მართვის ამოცანაა ტყის დაცვითი ფუნქციის (მარეგულირებელი ეკოსისტემური მომსახურებების) შენარჩუნება და გაძლიერება.

4. საკურორტო და სარეკრეაციო ტყის მართვის ამოცანაა ტყის კურორტოლოგიური ფუნქციის, ლანდშაფტისა და ბუნებრივი ელემენტების შენარჩუნება და გაუმჯობესება.

5. სამეურნეო ტყის მართვის ამოცანაა ტყის რესურსებით მდგრადი სარგებლობა და ტყის დაცვითი ფუნქციის შენარჩუნება.

6. საქართველოს ტყის ფუნქციური დანიშნულებით დაყოფას „საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემის, კატეგორიზაციისა და მონიტორინგის წესის“ შესაბამისად ახორციელებს სამინისტრო, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე − შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო.

მუხლი 8. დაცული კატეგორიის ტყე

1. დაცულ ტყეს მიეკუთვნება:

ა) ტყე, რომელსაც მინიჭებული აქვს დაცული ტერიტორიის სტატუსი. მისი მართვა ხორციელდება დაცული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონმდებლობისა და მენეჯმენტის გეგმის შესაბამისად;

ბ) ბუნებრივი ლანდშაფტის წარმომქმნელი ჭალის ტყე და არიდული ტყე, აგრეთვე ტყე, რომელშიც ეროვნულ დონეზე დაცული ტყის შემქმნელი სახეობების კონცენტრაცია მაღალია (გაბატონებულია).

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ტყე არის პირველი კატეგორიის დაცული ტყე, რომელზედაც დაცული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების საფუძველზე ვრცელდება დაცვის განსაკუთრებული რეჟიმი.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ტყე არის მეორე კატეგორიის დაცული ტყე, რომელიც შეიძლება იყოს პოტენციური/სარეზერვო დაცული ტერიტორია, სადაც დაცული ტერიტორიების ქსელი ფართოვდება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებებისა და გრაფიკის შესაბამისად.

მუხლი 9. დაცვითი კატეგორიის ტყე

1. დაცვითი ტყე არის ტყე, რომელიც ასრულებს დასახლების, სასოფლო-სამეურნეო სავარგულის, კულტურის/ისტორიული ძეგლის, ინფრასტრუქტურისა და მოწყვლადი ტერიტორიის დაცვის ფუნქციას.

2. დაცვით ტყეს მიეკუთვნება:

ა) ზვავის ან ღვარცოფის მუდმივი კალაპოტის გასწვრივ მდებარე, 200 მ-მდე სიგანის ტყე;

ბ) 35 გრადუსზე მეტი დაქანების ფერდობზე მდებარე ტყე;

გ) უტყეო სივრცეებს შორის მდებარე, 30 ჰა-მდე ფართობის ტყე;

დ) ფლატის, დამეწყრილი ადგილის, ჩამონაშლის, კარსტული წარმონაქმნის, მთის დედაქანის მიწის ზედაპირზე გამოსვლის ადგილის ირგვლივ მდებარე, 100 მ-მდე სიგანის ტყე;

ე) რკინიგზის ან საავტომობილო გზის გასწვრივ მდებარე, მისი მიწის ვაკისიდან 100 მ-მდე სიგანის ტყე;

ვ) მდინარის, ტბის ან წყალსაცავის ნაპირიდან 100 მ-მდე სიგანის ტყე;

ზ) ქვათაცვენის ან კლდოვანი ტერიტორიიდან 50 მ-მდე რადიუსში მდებარე ტყე;

თ) ბუნებრივი გამოქვაბულიდან 50 მ-მდე რადიუსში მდებარე ტყე;

ი) ეროზირებულ ფართობზე მდებარე ტყე;

კ) მცოცავ ნიადაგზე მდებარე ტყე;

ლ) მეწყერსაშიშ ფერდობზე მდებარე ტყე;

მ) სუბალპური ტყე;

ნ) წყლის სათავე ნაგებობიდან 100 მ-ის რადიუსში მდებარე ტყე;

ო) კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონა, კულტურის/ისტორიული ძეგლიდან 250 მ-მდე რადიუსში მდებარე ტყე.

მუხლი 10. საკურორტო და სარეკრეაციო კატეგორიის ტყე     

1. საკურორტო და სარეკრეაციო ტყეს მიეკუთვნება:

ა) კურორტის სანიტარიული დაცვის ზონაში მდებარე ტყე;

ბ) სამკურნალო დაწესებულებიდან ან მინერალური წყაროდან 1 კმ-ის რადიუსში მდებარე ტყის უბანი. შესაბამისი მანძილი წყალგამყოფით იზღუდება;

გ) ქალაქის ან სხვა დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ტყე, რომელსაც მოსახლეობა მასობრივი დასვენებისთვის, ტურისტული და სპორტულ-გამაჯანსაღებელი საქმიანობისთვის იყენებს.

2. საკურორტო და სარეკრეაციო ტყის მართვისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ტყის საკურორტო-გამაჯანსაღებელი თვისებების, ლანდშაფტის, მნიშვნელოვანი ბუნებრივი ელემენტებისა და კულტურული ღირებულებების შენარჩუნება. აკრძალულია ყველა ქმედება, რომლებმაც შეიძლება მათზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს.

მუხლი 11. სამეურნეო კატეგორიის ტყე

1. სამეურნეო ტყეს მიეკუთვნება ტყე, რომელიც არ არის ამ კოდექსის მე-8−მე-10 მუხლებით განსაზღვრული კატეგორიის ტყე.

2. სამეურნეო კატეგორია ენიჭება ტყეს, რომელიც ასრულებს ნიადაგდაცვით და წყალმარეგულირებელ ფუნქციებს და რომელშიც შესაძლებელია ამ კოდექსით დადგენილი წესით განხორციელდეს ტყითსარგებლობის ყველა სახე.

3. სამეურნეო ტყის მდგრადი მართვისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ტყისა და ტყის ქვეშ ჩამოყალიბებული ნიადაგის დაცვა, ნაყოფიერებისა და მისგან გამომდინარე სარგებლის შენარჩუნება.

4. ამ მუხლით განსაზღვრული ტყის კონკრეტულ ტერიტორიაზე (ფართობზე), ტყის მართვის ამოცანიდან და გარემო პირობებიდან გამომდინარე, შესაძლებელია დროებით აიკრძალოს ტყითსარგებლობა ან/და დაწესდეს სხვა შეზღუდვები.

მუხლი 12. ტყის სტატუსის მინიჭება   

1. ტერიტორიას სახელმწიფო ტყის სტატუსი ენიჭება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით. ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია სახელმწიფო ტყის სტატუსის მინიჭების შესახებ სამინისტროს შუამდგომლობა, რომელიც შემუშავდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით.

2. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის ტყისთვის ან მისი ნაწილისთვის მუნიციპალური ტყის სტატუსის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს შუამდგომლობას განიხილავს ტყის სტატუსის განმსაზღვრელი კომისია, რომელიც იქმნება მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე.

3. ტყის სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის დასკვნის საფუძველზე შემუშავებული მუნიციპალური ტყის სტატუსის მინიჭების შესახებ სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემისა და მისთვის მუნიციპალური ტყის სტატუსის მინიჭების შესახებ.

4. კერძო მესაკუთრის ინიციატივით ან მასთან შეთანხმებით, ტყის სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის დასკვნის საფუძველზე შემუშავებული კერძო საკუთრების ტყის სტატუსის მინიჭების შესახებ სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიისთვის კერძო საკუთრების ტყის სტატუსის მინიჭების შესახებ, თუ ეს ტერიტორია ბუნებრივადაა გატყევებული და აკმაყოფილებს ამ კოდექსით განსაზღვრული ტერმინის „ტყე“ განმარტების მოთხოვნებს.

5. თუ კერძო მესაკუთრე დაასაბუთებს კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიის სხვა მიზნით გამოყენების უპირატეს ინტერესს, ამ ტერიტორიას კერძო საკუთრების ტყის სტატუსი არ მიენიჭება. კერძო მესაკუთრის ეს უფლება არ ვრცელდება იმ ტერიტორიაზე, სადაც ტყით დაფარულია სულ მცირე 5 ჰა ფართობი და ტყის შემქმნელი სახეობების საშუალო ხნოვანება 20 წელია.  

6. თუ ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიისთვის კერძო საკუთრების ტყის სტატუსის კერძო მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ მინიჭება მის მიმართ შეუსაბამო სოციალურ პასუხისმგებლობას წარმოშობს, მესაკუთრე უფლებამოსილია, საკუთრების უფლების შეზღუდვის ხასიათის გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოსგან მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

7. ამ მუხლით გათვალისწინებულ ტყის სტატუსის განმსაზღვრელ კომისიას ქმნის მინისტრი. აღნიშნული კომისიის უფლებამოსილებები და ფუნქციონირების წესი განისაზღვრება „ტყის სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის შესახებ“ დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს მინისტრი.

მუხლი 13. ტყის სტატუსის შეწყვეტა, ტყის სტატუსის დაბრუნება

1. ტყის სტატუსის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.

2. ტყის სტატუსის შეწყვეტის შესახებ საჯარო ადმინისტრაციული წარმოება იწყება სამინისტროს/ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის/მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, რომელიც შეიცავს დასკვნას პროექტის განხორციელების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. ამ შუამდგომლობის შემუშავების უფლებამოსილება შეიძლება ჰქონდეს აგრეთვე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რისთვისაც სავალდებულოა არსებობდეს სამინისტროს დასკვნა პროექტის განხორციელების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით.

3. ტყის სტატუსის შეწყვეტით დაინტერესებული პირი განცხადებით მიმართავს სამინისტროს/ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას/მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს ან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. ეს განცხადება უნდა შეიცავდეს პროექტის განხორციელების ალტერნატივების შესწავლის შედეგების შესახებ ინფორმაციას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაბამისი საქმიანობა ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას.

4. ტყის სტატუსის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ინტერესთა ურთიერთგაწონასწორების საფუძველზე. თუ ტყის სტატუსის შეწყვეტის ინტერესი აღემატება ტყის შენარჩუნების ინტერესს, საქართველოს მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ტყის მართვის ორგანოს/კერძო მესაკუთრის სასარგებლოდ საკომპენსაციო ღონისძიების განსაზღვრის შესახებ.

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ტყის სტატუსის შეწყვეტის უპირატესი ინტერესი შეიძლება იყოს:

ა) საქართველოს სახელმწიფო თავდაცვისა და უსაფრთხოების ინტერესები;

ბ) ამ კოდექსის 68-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზანი, თუ მისი განხორციელება შეუძლებელია განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის ფარგლებში ან/და განსახორციელებელი განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის ეკონომიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე.

6. ტერიტორიას, რომელსაც, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მინიჭებული აქვს დაცული ტერიტორიის სტატუსი, ამ მუხლით გათვალისწინებული მიზნით ტყის სტატუსი შეიძლება შეუწყდეს ამ კოდექსით დადგენილი წესით, შესაბამისი დაცული ტერიტორიის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში.

7. ტერიტორიისთვის ტყის სტატუსის შეწყვეტის შემდეგ, თუ აღარ არსებობს ამ მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული ტყის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი, ტერიტორიას უბრუნდება ტყის სტატუსი.

8. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ტერიტორიისთვის ტყის სტატუსის დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა ტყის სტატუსის დაბრუნების შესახებ სამინისტროს/ავტონომიური რესპუბლიკის/მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, რომელიც შემუშავდება ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სამინისტროს/ავტონომიური რესპუბლიკის/მუნიციპალიტეტის ინიციატივით ან იმ პირის განცხადების საფუძველზე, რომლის მოთხოვნითაც შეუწყდა ტერიტორიას ტყის სტატუსი.

მუხლი 14. საქართველოს ტყის საზღვრის კორექტირება

1. საქართველოს ტყის საზღვრის კორექტირება ხორციელდება ამ კოდექსის მე-12 და მე-13 მუხლებით განსაზღვრული საფუძვლით.

2. საქართველოს ტყის საზღვრის კორექტირება ხორციელდება „ტყის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტისა და ტყის საზღვრების დადგენისა და კორექტირების/შეცვლის შესახებ“ დებულების შესაბამისად, რომელსაც შეიმუშავებს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტრო.

მუხლი 15. სახელმწიფო ტყის საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გადაცემა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით სახელმწიფო ტყის ნაწილი საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში გადაეცემა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი პროცედურების დაცვით.

მუხლი 16. მოსახლეობის ინფორმირება/ცნობიერების ამაღლება

სამინისტრომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით უნდა უზრუნველყოს მოსახლეობისთვის ტყისა და ტყის რესურსების მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

მუხლი 17. ტყის მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა

1. დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს ტყის მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამ გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ტყის მიმდებარე ტერიტორიის მცხოვრებთა იდენტობა და კულტურა, აგრეთვე ტყის მართვის ტრადიციები.

2. ტყესთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილე სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/მუნიციპალიტეტის ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფენ ტყის მართვის შესახებ ინფორმაციის საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას, აგრეთვე ტყის მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობას.

3. ტყის მართვის გეგმა მტკიცდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

თავი II

უფლებამოსილება სატყეო პოლიტიკის, საქართველოს ტყის მართვისა და ზედამხედველობის სფეროში

მუხლი 18. სამინისტროს კომპეტენცია

1. სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) ტყის მართვის დარგობრივი პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება;

ბ) ტყის სფეროში საქართველოს საკანონმდებლო აქტებისა და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება და საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა;

გ) საქართველოს ტყის (გარდა ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებზე არსებული ტყეებისა) ფუნქციური დანიშნულებით დაყოფა „საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემის, კატეგორიზაციისა და მონიტორინგის წესის“ შესაბამისად;

დ) ტყის აღრიცხვის სისტემის ორგანიზება;

ე) ტყის მართვის სფეროში ერთიანი სამეცნიერო-ტექნიკური პოლიტიკის განხორციელება, ნორმატიული და მეთოდოლოგიური დოკუმენტაციის შემუშავება და დამტკიცება, სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ორგანიზება;

ვ) სახელმწიფო ტყის მართვის გეგმისა და კერძო საკუთრების ტყის მართვის გეგმის დამტკიცება;

ზ) ტყის მართვის სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების ორგანიზება და საერთაშორისო პროექტების კოორდინაცია;

თ) ტერიტორიისთვის სახელმწიფო, მუნიციპალური ან კერძო საკუთრების ტყის სტატუსის მინიჭების შესახებ შუამდგომლობის შემუშავება;

ი) ტერიტორიისთვის (გარდა ავტონომიური რესპუბლიკისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიებზე არსებული ტყეებისა) ტყის სტატუსის შეწყვეტის ან ტყის სტატუსის დაბრუნების შესახებ შუამდგომლობის შემუშავება;

კ) სახელმწიფო ტყის მართვის ორგანოს (გარდა ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყის მართვის ორგანოსი და მუნიციპალური ტყის მართვის ორგანოსი) საქმიანობის სამართლებრივი და დარგობრივი კონტროლის განხორციელება;

ლ) ტყის მართვის ორგანოსთვის რეკომენდაციების შემუშავება;

მ) ტყის ეროვნული აღრიცხვის განხორციელება.

2. სამინისტრო ხელს უწყობს ტყის ნებაყოფლობითი და დამოუკიდებელი სერტიფიცირების პროცესის დანერგვას.   

მუხლი 19. ავტონომიური რესპუბლიკის კომპეტენცია

სახელმწიფო ტყის მართვის სფეროში აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) მათ სამოქმედო ტერიტორიებზე არსებული ტყის ფუნქციური დანიშნულებით დაყოფა „საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემის, კატეგორიზაციისა და მონიტორინგის წესის“ შესაბამისად;

ბ) ტყის დაცვის, მოვლის, აღდგენა-გაშენებისა და ტყითსარგებლობის სახელმწიფო პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა;

გ) მათ სამოქმედო ტერიტორიებზე არსებული ტყის დაცვის, მოვლის, აღდგენა-გაშენებისა და ტყითსარგებლობის ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება;

დ) ეკოლოგიური კატასტროფებით, ტყის მავნებელ-დაავადებებითა და სხვა მიზეზებით დაზიანებული ტყის აღდგენა-გაშენების ორგანიზებაში მონაწილეობა;

ე) მათ სამოქმედო ტერიტორიებზე არსებული სახელმწიფო ტყის მართვის გეგმის დამტკიცება;

ვ) მათ სამოქმედო ტერიტორიებზე არსებული ტყის დაცვის, მოვლის, აღდგენა-გაშენებისა და ტყითსარგებლობის ღონისძიებების დაფინანსება ან/და მათ დაფინანსებაში მონაწილეობა და გამოყოფილი თანხების ხარჯვის კონტროლი;

ზ) ამ კოდექსით დადგენილი წესით მათ სამოქმედო ტერიტორიებზე ტყით სპეციალური სარგებლობის განსახორციელებლად (გარდა იმ საქმიანობისა, რომელსაც ახორციელებს მხოლოდ ტყის მართვის ორგანო) შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა და ხელშეკრულების დადება;

თ) ტყეში სტიქიური მოვლენების დროს საგანგებო ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა;

ი) მათ სამოქმედო ტერიტორიებზე არსებული ტყისთვის ტყის სტატუსის შეწყვეტის ან ტყის სტატუსის დაბრუნების შესახებ შუამდგომლობის საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა;

კ) მათ სამოქმედო ტერიტორიებზე არსებული სახელმწიფო ტყის მართვის ორგანოს შექმნა;

ლ) „საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემის, კატეგორიზაციისა და მონიტორინგის წესის შესახებ“ დებულებით გათვალისწინებული ინფორმაციის სამინისტროსთვის მიწოდება.

მუხლი 20. მუნიციპალიტეტის კომპეტენცია

მუნიციპალური ტყის მართვის სფეროში მუნიციპალიტეტის ორგანოთა კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) მუნიციპალური ტყის მართვის ორგანოს შექმნა;

ბ) ტყის დაცვის, მოვლის, აღდგენა-გაშენებისა და ტყითსარგებლობის ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება;

გ) უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობით ტყის დაცვის, მოვლის, აღდგენა-გაშენებისა და ტყითსარგებლობის ადგილობრივი პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა;

დ) ეკოლოგიური კატასტროფებით, ტყის მავნებელ-დაავადებებითა და სხვა მიზეზებით დაზიანებული ტყის აღდგენა-გაშენების ორგანიზებაში მონაწილეობა;

ე) ტყეში სტიქიური მოვლენების დროს საგანგებო ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა;

ვ) უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოსთვის მუნიციპალური ტყის საზღვრების კორექტირების შესახებ წინადადების წარდგენა;

ზ) მუნიციპალური ტყის მართვის გეგმის დამტკიცება;

თ) ამ კოდექსით დადგენილი წესით მუნიციპალური ტყის ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის განსახორციელებლად (გარდა იმ საქმიანობისა, რომელსაც ახორციელებს მხოლოდ ტყის მართვის ორგანო) შესაბამისი სანებართვო დოკუმენტის გაცემა და ხელშეკრულების დადება;

ი) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების აღკვეთა და ამ ფაქტების შესახებ შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოებისთვის შეტყობინება;

კ) საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

მუხლი 21. ტყის მართვის ორგანო

1. სახელმწიფო ტყის მართვის ორგანოა ამ კოდექსისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

2. ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყის მართვის ორგანოს ქმნის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო.

3. დაცული ტერიტორიის ფარგლებში არსებული ტყის მართვის ორგანოა დაცული ტერიტორიების მართვის უფლებამოსილების მქონე ორგანო.

4. მუნიციპალური ტყის მართვის ორგანოს ქმნის და მუნიციპალური ტყის მართვის გეგმას ამტკიცებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო. 

5. კერძო საკუთრების ტყის მართვას ახორციელებს ტყის მესაკუთრე ან მის მიერ ამ უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი.

6. ტყის მართვის ორგანო საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში:

ა) ახორციელებს ტყეთმოწყობის ღონისძიებებს;

ბ) ახორციელებს ტყის დაცვის ღონისძიებებს;

გ) ახორციელებს ტყის მოვლისა და აღდგენა-გაშენების ღონისძიებებს;

დ) ახორციელებს ტყითსარგებლობის ღონისძიებებს;

ე) ტყის ცალკეულ ტერიტორიებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების გამოვლენის მიზნით აფასებს და სწავლობს მათ მდგომარეობას და ქმნის მონიტორინგის შედეგად მიღებულ მონაცემთა ბაზას;

ვ)  სხვა ტყითმოსარგებლისგან მოითხოვს ტყის განადგურების თავიდან აცილებას და ისეთი ქმედების შეწყვეტას, რომელიც ტყეს აზიანებს;

ზ) მონაწილეობს ტყეში სტიქიური მოვლენების დროს საგანგებო ღონისძიებებში;

თ) უზრუნველყოფს სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვას, ხანძრის საფრთხის არსებობის შემთხვევაში ინფორმაციას დაუყოვნებლივ აწვდის შესაბამის ორგანოებს და მონაწილეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში;

ი)  შეიმუშავებს და სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს ტყის მართვის გეგმის პროექტს (სახელმწიფო ტყის მართვის ორგანო, დაცული ტერიტორიის ფარგლებში არსებული ტყის მართვის ორგანო, კერძო საკუთრების ტყის მესაკუთრე). ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყის მართვის ორგანო ან  მუნიციპალური ტყის მართვის ორგანო ტყის მართვის გეგმის პროექტს დასამტკიცებლად წარუდგენს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს;

კ) შეიმუშავებს და ამტკიცებს წლიურ სამოქმედო გეგმას;

ლ) მონაწილეობს ეკოლოგიური კატასტროფებით, ტყის მავნებელ-დაავადებებითა და სხვა მიზეზებით დაზიანებული ტყის აღდგენა-გაშენების ორგანიზებაში;

მ) ახორციელებს ამ კოდექსით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებითა და საკუთარი წესდებით ან დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

7. ამ მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტყის დაცვის ღონისძიებების განხორციელების უფლებამოსილება არ მოიცავს ამავე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სახელმწიფო ტყის მართვის ორგანოს უფლებამოსილებას, განახორციელოს უკანონო ჭრის ფაქტების პრევენციისა და აღკვეთის ღონისძიებები. უკანონო ჭრის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სახელმწიფო ტყის მართვის ორგანო ვალდებულია აცნობოს ტყის ზედამხედველობის უფლებამოსილების მქონე ორგანოს.

8. სახელმწიფო ტყის მართვის ორგანოს დაფინანსების წყაროებია:

ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) კრედიტები და შემოწირულებები;

გ) ამ კოდექსის საფუძველზე გაწეული მომსახურების საფასური და ტყითსარგებლობის წლიური საფასური (მათ შორის, აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო ფასი);

დ) ამ კოდექსით გათვალისწინებული საკომპენსაციო თანხები;

ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

მუხლი 22. ტყის ზედამხედველობის უფლებამოსილება

1. ტყის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვისა და საქართველოს ტყის (გარდა მუნიციპალური ტყისა) დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, ხოლო მუნიციპალური ტყისა − მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ შექმნილი უფლებამოსილი ორგანო.

2. დაცული ტერიტორიის ფარგლებში არსებული ტყის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს აგრეთვე „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანო.

3. ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყის მართვის ორგანო.

მუხლი 23. კერძო საკუთრების ტყის მესაკუთრის უფლებამოსილება

1. კერძო საკუთრების ტყის მესაკუთრე უფლებამოსილია განახორციელოს ტყის მართვასთან დაკავშირებული ნებისმიერი ქმედება, რომელიც არ ეწინააღმდეგება ტყის დაცვისთვის ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, ან მესამე პირს მიანიჭოს ეს უფლებამოსილება. კერძო მესაკუთრეს ტყის რესურსებით სარგებლობის უფლება შესაძლებელია შეეზღუდოს ამ კოდექსითა და გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული საფუძვლებით და დადგენილ ფარგლებში.

2. კერძო საკუთრების ტყის მესაკუთრე ვალდებულია ამ კოდექსის 26-ე მუხლის მოთხოვნების დაცვით შეიმუშაოს და სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგინოს ტყის მართვის გეგმის პროექტი.

3. საჭიროების შემთხვევაში სამინისტრომ შეიძლება კერძო საკუთრების ტყის მესაკუთრეს მოსთხოვოს:

ა) თავიდან აიცილოს ისეთი ქმედება, რომელიც ტყეს აზიანებს ან ანადგურებს;

ბ) შეინარჩუნოს ან/და გააუმჯობესოს ტყის სანიტარიული მდგომარეობა;

გ) შეამციროს ან შეძლებისდაგვარად თავიდან აიცილოს ხეტყის დამზადებისას ტყის ნიადაგის ან/და მცენარეული საფრის დაზიანება;

დ) გააუქმოს ტყეში შესვლის შეზღუდვა და მოხსნას ამ შეზღუდვის აღმნიშვნელი ნიშნები, თუ აღარ არსებობს შეზღუდვის საფუძველი.

4. კერძო საკუთრების ტყის მესაკუთრე ვალდებულია უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში აცნობოს  შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს.

თავი III

საქართველოს ტყის აღრიცხვა და დაგეგმვა

მუხლი 24. საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემა

1. საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემა შედგება ტყის ეროვნული აღრიცხვისგან, ტყეთმოწყობისა და საქართველოს ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემისგან.

2. „საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემის, კატეგორიზაციისა და მონიტორინგის წესის შესახებ“ დებულებას შეიმუშავებს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტრო.

მუხლი 25. ტყის ეროვნული აღრიცხვა

1. ტყის ეროვნულ აღრიცხვას ახორციელებს სამინისტრო საქართველოს ტყის ტერიტორიაზე 10 წელიწადში ერთხელ. ტყის ეროვნული აღრიცხვა სამინისტროსთან შეთანხმებით შეიძლება განხორციელდეს აგრეთვე ფიზიკური ან იურიდიული პირის სახსრებით.

2. ტყის ეროვნული აღრიცხვა მოიცავს სტატისტიკურ ინფორმაციას საქართველოს ტყის მდგომარეობისა და მისი მრავალფეროვნების შესახებ.

3. ტყის ეროვნული აღრიცხვა ხორციელდება მუდმივ სანიმუშო ფართობებზე დაკვირვებითა და მონიტორინგით.

4. ტყის ეროვნული აღრიცხვის განხორციელების წესი დგინდება „საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემის, კატეგორიზაციისა და მონიტორინგის წესის შესახებ“ დებულებით.

მუხლი 26. ტყეთმოწყობა

1. ტყეთმოწყობას ახორციელებს ტყის მართვის ორგანო თავის სამოქმედო ტერიტორიაზე 10 წელიწადში ერთხელ.

2. ტყეთმოწყობის ღონისძიებებია:

ა) ტყის საზღვრების დადგენა;

ბ) ტყის შიდასამეურნეო ორგანიზება და შესაბამისი ტერიტორიებისთვის კარტოგრაფიული მასალების მომზადება;

გ) ტყის მდგომარეობის, სახეობრივი შემადგენლობისა და ხნოვანებითი სტრუქტურის დადგენა;

დ) მცენარეთა გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი იშვიათი, რელიქტური, ენდემური და შეზღუდული გავრცელების არეალის მქონე სახეობების გამოვლენა;

ე) ტყის იმ უბნების დადგენა, სადაც შესაძლებელია/საჭიროა სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების განხორციელება, აგრეთვე ამ ღონისძიებათა სახეების, მოცულობის ან/და განხორციელების მეთოდების განსაზღვრა;

ვ) ფუნქციური დანიშნულების მიხედვით ტყის უბნებისთვის კატეგორიისა და დაცვის რეჟიმის მიკუთვნების, აგრეთვე ტყის საზღვრების დადგენისა და კორექტირების მიზანშეწონილობის განსაზღვრა;

ზ) ტყეში მოსაპოვებელი შესაძლო რესურსის რაოდენობრივი და ხარისხობრივი შეფასება;

თ) ტყის პათოლოგიური გამოკვლევა.

3. ტყეთმოწყობის მასალები აისახება ტყის მართვის გეგმაში, რომელიც არის ფუნქციური დაგეგმვის საფუძველზე ტყითსარგებლობისა და სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების განხორციელებისთვის სავალდებულო დოკუმენტი.

4. საქართველოს ტყეში ტყით სპეციალური სარგებლობა (გარდა ამ კოდექსის 68-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მიზნით განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობისა) და სატყეო-სამეურნეო ღონისძიებები ხორციელდება ტყის მართვის გეგმის საფუძველზე, ამ მუხლის მე-8 ნაწილის გათვალისწინებით, გარდა სტიქიური უბედურების შემთხვევისა.

5. სახელმწიფო ტყის მართვის ორგანო ან კერძო საკუთრების ტყის მესაკუთრე ტყის მართვის გეგმის პროექტს დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყის მართვის ორგანო ან მუნიციპალური ტყის მართვის ორგანო − შესაბამის ორგანოს.

6. ტყის მართვის გეგმის პროექტის შემუშავების ვალდებულება არ ვრცელდება კერძო საკუთრების ან მუნიციპალურ ტყეზე, რომლის ფართობი 50 ჰა-ს არ აღემატება.

7. ტყის მართვის გეგმის პროექტი შემუშავდება „საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემის, კატეგორიზაციისა და მონიტორინგის წესის შესახებ“ დებულებით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.

8. ტყის იმ ფართობზე, სადაც ტყეთმოწყობა არ განხორციელებულა და არ არის შემუშავებული ტყის მართვის გეგმის პროექტი, ან/და იმ ღონისძიებებისთვის, რომლებიც არ არის განსაზღვრული ტყის მართვის გეგმით, ტარდება ამ კოდექსის 29-ე მუხლით გათვალისწინებული ტყის სპეციალური გამოკვლევა.

9. ტყეთმოწყობის ღონისძიებები ფინანსდება როგორც სახელმწიფო, ისე სხვა სახსრებით.

მუხლი 27. საქართველოს ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემა

1. საქართველოს ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემა არის სისტემატიზებული დოკუმენტების ერთობლიობა, რომელიც შეიცავს სრულ ინფორმაციას საქართველოს ტყის შესახებ.

2. საქართველოს ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემა შეიცავს დოკუმენტურ და სივრცულ ინფორმაციას.

3. საქართველოს ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემაში არსებული ინფორმაცია საჯაროა.

4. საქართველოს ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემას ტყის მართვის ორგანოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე აწარმოებს სამინისტრო.

5. საქართველოს ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემის მართვა ხორციელდება „ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემის წარმოების ინსტრუქციის შესახებ“ დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს სამინისტრო.

მუხლი 28. ტყის მონიტორინგი

1. ტყის მონიტორინგის მიზანია საქართველოს ტყის ეკოლოგიური მდგომარეობის დადგენა, მისი გაუმჯობესების მიზნით ანალიზის შედეგების სახელმწიფო ორგანოებისთვის მიწოდება და საქართველოს მოსახლეობის ინფორმირება.

2. ტყის მონიტორინგს ახორციელებენ ტყის მართვის ორგანოები თავიანთ სამოქმედო ტერიტორიებზე, მათი ტერიტორიული ერთეულები, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი დაწესებულებები და ტყითმოსარგებლეები.

3. საქართველოს ტყის მონიტორინგი შეიძლება განხორციელდეს ტყის ეროვნული აღრიცხვით, მუდმივ სანიმუშო ფართობებზე. ამ ფართობების რაოდენობა და მოცულობა, აგრეთვე ტყის მდგომარეობის შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის (მონაცემების) შეგროვების პერიოდულობა განისაზღვრება „საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემის, კატეგორიზაციისა და მონიტორინგის წესით“.

მუხლი 29. ტყის სპეციალური გამოკვლევა

1. ტყის სპეციალური გამოკვლევა ტარდება:

ა) ტყის კონკრეტულ ტერიტორიაზე ტყის აღდგენა-გაშენების პროექტის შედგენისთვის, აგრეთვე ტყის პათოლოგიური მდგომარეობისა და ტყის რესურსების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების დადგენისთვის;

ბ) ტყის რესურსების ეფექტიანი მართვისა და ტყითსარგებლობის ღონისძიებების ოპერატიული განხორციელების უზრუნველსაყოფად;

გ) განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად. იგი უნდა მოიცავდეს ინფორმაციას გეოლოგიური კვლევის შედეგების შესახებ (როდესაც შესაბამისი საქმიანობა 36 გრადუსი ან მეტი დაქანების ფერდობზე ხორციელდება) და ტყის მერქნული რესურსების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მონაცემების შესახებ. ამ ქვეპუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობაზე.

2. ტყის სპეციალური გამოკვლევის საფუძველზე შესაძლებელია შემუშავდეს მრავალწლიანი (არაუმეტეს 3 წლისა) პერსპექტიული გეგმა.

3. ტყის სპეციალური გამოკვლევის შედეგები აისახება წლიურ სამოქმედო გეგმაში, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

4. ტყის სპეციალურ გამოკვლევას გეგმავს და ატარებს ტყის მართვის ორგანო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ტყის სპეციალურ გამოკვლევას ატარებს განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების მოპოვებით დაინტერესებული პირი.

5. ტყის სპეციალური გამოკვლევის ჩატარების წესი განისაზღვრება „საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემის, კატეგორიზაციისა და მონიტორინგის წესით“.

6. სახელმწიფო ტყის სპეციალური გამოკვლევა შეიძლება დაფინანსდეს როგორც სახელმწიფო, ისე სხვა სახსრებით.

მუხლი 30. წლიური სამოქმედო გეგმა

1. წლიური სამოქმედო გეგმა შემუშავდება ტყის მართვის გეგმის, ტყითსარგებლობის გეგმის ან/და ტყის სპეციალური გამოკვლევის შედეგების/მასალების საფუძველზე და დეტალურად აღწერს დაგეგმილ, წლის განმავლობაში განსახორციელებელ ღონისძიებებს.

2. წლიური სამოქმედო გეგმა უნდა შეიცავდეს სულ მცირე შემდეგ ინფორმაციას:

ა) დაგეგმილ ღონისძიებათა განხორციელების ტერიტორიის მდებარეობისა და ფართობის შესახებ;

ბ) სატყეო-სამეურნეო ღონისძიებათა მოცულობისა და განხორციელების მეთოდების შესახებ;

გ) დაგეგმილ პერიოდში განსახორციელებელი ღონისძიებების/საქმიანობის სახეებისა და მოცულობის შესახებ.

3. წლიური სამოქმედო გეგმის დამტკიცებამდე ტყითმოსარგებლეს ეკრძალება ტყის ეკონომიკური საქმიანობის მიზნებისთვის (გარდა ამ კოდექსის 68-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მიზნებისა) გამოყენება.

4. კერძო საკუთრების ტყის შემთხვევაში წლიურ სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს და სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგენს კერძო მესაკუთრე. სახელმწიფო ტყის ან მუნიციპალური ტყის შემთხვევაში წლიურ სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს და ამტკიცებს ტყის მართვის ორგანო.

თავი IV

ტყით საერთო სარგებლობა

მუხლი 31. ტყეში შესვლა და გადაადგილება

1. ყველას აქვს უფლება, დასვენებისა და გართობის მიზნით იმყოფებოდეს და თავისუფლად გადაადგილდეს ტყეში. ეს უფლება არ მოიცავს იმ ტყის რესურსებით სარგებლობას, რომლებით სარგებლობისთვისაც საქართველოს კანონმდებლობით სავალდებულოა შესაბამისი უფლების მოპოვება.

2. ტყის მესაკუთრის ან ტყის მართვის ორგანოს გადაწყვეტილებით, ტყეში შესვლა ან/და გადაადგილება შესაძლებელია შეიზღუდოს:

ა) ხანძრის თავიდან აცილებისა და მისი შედეგების შემცირების პრევენციული ღონისძიებების ან ხანძრის ჩაქრობის ღონისძიებების განხორციელების მიზნებისთვის;

ბ) ტყის დაცვის, მოვლისა და აღდგენა-გაშენების ღონისძიებების განხორციელების მიზნებისთვის და ვადით;

გ) ტყის მერქნული რესურსების მოსაპოვებლად მიმდინარე სამუშაოების უსაფრთხოდ განხორციელების მიზნით;

დ) ტყეში, სადაც არის მერქნიან სახეობათა დენდრარიუმი, ტყის სათესლე უბანი, სამონადირეო მეურნეობა, თევზის მეურნეობა, სანერგე, ხეტყისა და მექანიზმების საწყობი, შენობა-ნაგებობა, ხეტყის გადაზიდვის საშუალებების სამოქმედო ადგილი, გარდა სატყეო გზისა;

ე) ტყის აღდგენა-გაშენების ფართობზე, სადაც ნარგავების სიმაღლე არაუმეტეს 3 მ-ია;

ვ) ტყის მართვის გეგმით ან წლიური სამოქმედო გეგმით განსაზღვრული სხვა საფუძვლით.

3. ტყეში სატრანსპორტო საშუალებით შესვლა ან/და გადაადგილება ნებადართულია მხოლოდ სატყეო გზაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ტყითმოსარგებლის მიერ შეზღუდულია ტყეში სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საფუძვლით.

მუხლი 32. ტყეში შესვლისა და გადაადგილების შეზღუდვის მოწესრიგება

1. ტყეში შესვლისა და გადაადგილების შეზღუდვა უნდა მოწესრიგდეს ტყის ტერიტორიაზე შესაბამისი საინფორმაციო ნიშნების განთავსებით.

2. ტყის ტერიტორიაზე საინფორმაციო ნიშნები იმ ადგილებში უნდა განთავსდეს, სადაც არის საერთო სარგებლობის გზა, სატყეო გზა და ბილიკი და ისინი გადის ტყეში შესვლისა და გადაადგილების შეზღუდვის ზონაში ან ამ ზონის მომიჯნავე ტერიტორიაზე.

3. ტყეში შესვლისა და გადაადგილების შეზღუდვის მოქმედება უნდა გაუქმდეს და უნდა მოიხსნას ტყის ტერიტორიაზე განთავსებული საინფორმაციო ნიშნები − შეზღუდვის აღმნიშვნელი ნიშნები, თუ აღარ არსებობს ამ კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული შეზღუდვის საფუძველი.

4. ტყეში შესვლისა და გადაადგილების შეზღუდვის აღმნიშვნელი ნიშნების გამოყენების წესები დგინდება „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს სამინისტრო და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

მუხლი 33. ტყეში საქონლის ძოვება

1. ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, სახელმწიფო ან მუნიციპალურ ტყეში საქონლის ძოვებისთვის გამოიყოფა შესაბამისი ტერიტორიები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, ტყის ფუნქციიდან ან/და მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს შეუძლებელია.

2. ტყეში საქონლის ძოვების ადგილები გამოიყოფა და შესაბამისი კვოტები დგინდება ტყის მართვის გეგმის ან წლიური სამოქმედო გეგმის საფუძველზე. ტყეში საქონლის ძოვებისთვის გამოყოფილ ტერიტორიებზე უნდა განთავსდეს შესაბამისი საინფორმაციო ნიშანი.

3. ტყის მართვის ორგანოს გადაწყვეტილებით, საქონლის ძოვების ადგილების გამოყენება შესაძლებელია დროებით შეიზღუდოს, თუ ეს აუცილებელია ტყის დაცვის, მოვლისა და აღდგენა-გაშენების ღონისძიებების განსახორციელებლად.

მუხლი 34. ტყეში ცეცხლის დანთება

1. ტყეში ცეცხლის დანთება დასაშვებია ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში. ამ ადგილებში უნდა განთავსდეს შესაბამისი საინფორმაციო ნიშანი.

2. ტყის მართვის ორგანოს მიერ ტყის გაწმენდის მიზნით ტყის მავნებელ- დაავადებებით დაზიანებული ხეების მოჭრითა და გაქერქვით მიღებული ხეტყის ნარჩენების ტყეში დაწვა ნებადართულია იმ შემთხვევაში, თუ ეს არ შეუქმნის საფრთხეს ტყეს, არ გააუარესებს მისი ნიადაგის ხარისხს ან არ შექმნის ტყეში ხანძრის გაჩენის საშიშროებას.

3. ტყის მესაკუთრე ან ტყის მართვის ორგანო უფლებამოსილია ხანძრის თავიდან აცილების მიზნით სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში ცეცხლის დანთება განსაზღვრული დროით შეზღუდოს.

მუხლი 35. ტყის რესურსების მოპოვება

1. ტყით საერთო სარგებლობა გულისხმობს პირადი მოხმარების მიზნით ტყეში (გარდა კერძო საკუთრების ტყისა) ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების, აგრეთვე ფიჩხის თავისუფალ ხელმისაწვდომობას.

2. ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების თავისუფალი ხელმისაწვდომობა შესაძლებელია შეიზღუდოს:

ა) ტყის სტატუსისა და ფუნქციური დანიშნულების გათვალისწინებით;

ბ) ტყის დაცვის, მოვლისა და აღდგენა-გაშენების ღონისძიებების განხორციელების მიზნებისთვის.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე გადაწყვეტილებას იღებს ტყის მესაკუთრე ან ტყის მართვის ორგანო.

მუხლი 36. ტყით საერთო სარგებლობის უფლების ფარგლები

1. ტყით საერთო სარგებლობის უფლება მოიცავს ამ უფლებით მოსარგებლე პირის ვალდებულებას, გაუფრთხილდეს ტყეს და დაიცვას მისი სიმდიდრე, ხოლო ისეთი ქმედების გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც ბუნებრივ გარემოს აზიანებს, აცნობოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებს.

2. დაუშვებელია ტყით საერთო სარგებლობის უფლებით მოსარგებლე პირის მიერ ტყეში ინვაზიური ან/და გენეტიკურად მოდიფიცირებული სახეობების შეტანა, ტყის დაცვის ქიმიური და სხვა საშუალებების გამოყენება.

3. ტყით საერთო სარგებლობის უფლება კერძო საკუთრების ტყის შემთხვევაში გულისხმობს გადაადგილებისა და დასვენების მიზნით მის ხელმისაწვდომობას. 

თავი V

ტყით სპეციალური სარგებლობა

მუხლი 37. ტყით სპეციალური სარგებლობის სახეები

1. საქართველოს ტყეში შეიძლება განხორციელდეს ტყით სპეციალური სარგებლობის შემდეგი სახეები:

ა) სამეურნეო ჭრით ხეტყის დამზადება;

ბ) ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადება;

გ) პლანტაციური მეურნეობის მოწყობა;

დ) სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობა;

ე) საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნებით ტყითსარგებლობა;

ვ) თევზის მეურნეობის ან/და სამონადირეო მეურნეობის მოწყობა;

ზ) ცხოველთა თავშესაფრისა და სანაშენის მოწყობა;

თ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობის განთავსება;

ი) სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნებით ტყითსარგებლობა;

კ) განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობა.

2. ფართობის ერთეულზე დასაშვებია ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ტყით სპეციალური სარგებლობის რამდენიმე სახის ერთდროულად განხორციელება, თუ ისინი არსობრივად ხელს არ უშლის ერთმანეთს.

3. სამეურნეო ტყეში დასაშვებია ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ტყით სპეციალური სარგებლობის ყველა სახის განხორციელება. დაცულ ტყეში დასაშვებია ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადება, საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნებით ტყითსარგებლობა, სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნებით ტყითსარგებლობა, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობის განთავსება და განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობა (გარდა წიაღის შესწავლისა ან/და მოპოვებისა). დაცვით ტყეში დასაშვებია ტყით სპეციალური სარგებლობის ყველა სახის განხორციელება, გარდა სამეურნეო ჭრით ხეტყის დამზადებისა და წიაღის მოპოვებისა. საკურორტო და სარეკრეაციო ტყეში დასაშვებია ტყით სპეციალური სარგებლობის ყველა სახის განხორციელება, გარდა სამეურნეო ჭრით ხეტყის დამზადებისა.

მუხლი 38. ტყით სპეციალური სარგებლობის უფლება

1. აკრძალულია ტყით სპეციალური სარგებლობა შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე.

2. ფიზიკური პირი საშეშე მერქანზე მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით ხეტყეს ამზადებს ტყის მართვის ორგანოს მიერ გაცემული ხეტყის დამზადების ბილეთის საფუძველზე, ამ კოდექსის 93-ე მუხლით განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით.

3. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ობიექტზე საავარიო-აღდგენითი სამუშაოების შესრულებისას დასაშვებია საქართველოს ტყით (გარდა დაცული ტერიტორიების იმ კატეგორიებისა და ზონებისა, სადაც საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია ტყითსარგებლობა) განსაკუთრებული დანიშნულებით სარგებლობა ტყითსარგებლობის დოკუმენტის გარეშე. აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად საქმიანობის განმახორციელებელი პირი ვალდებულია ტყის მართვის ორგანოს გონივრულ ვადაში შეატყობინოს სათანადო საქმიანობის დაწყების შესახებ და შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვების მიზნით განცხადებით მიმართოს მას საქმიანობის დაწყებიდან 1 თვის ვადაში.

4. დაინტერესებული პირი ამ კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“−„ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ტყით სპეციალური სარგებლობის სახეებს ახორციელებს ტყით სპეციალური სარგებლობის შესახებ ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც იდება აუქციონის შედეგების გათვალისწინებით, ამ კოდექსისა და „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების შესაბამისად.

5. ამ კოდექსის შესაბამისად ტყით სპეციალური სარგებლობის განხორციელების წესები დგინდება „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულებით.

მუხლი 39. ტყის მართვის ორგანოს მიერ სახელმწიფო ტყით სპეციალური სარგებლობის განხორციელება

1. მერქნის დამზადების მიზნით სახელმწიფო ტყით სპეციალურ სარგებლობას ახორციელებს მხოლოდ ტყის მართვის ორგანო ტყის მდგრადი მართვის მიზნებიდან გამომდინარე, ამ კოდექსით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ტყის მართვის გეგმის ან/და წლიური სამოქმედო გეგმის შესაბამისად.

 2. ტყეში ხეტყის ნარჩენების მოპოვებისა და ბოძით, სარითა და ჭიგოთი სარგებლობის უფლების მესამე პირისთვის გადაცემის წესები დგინდება „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულებით.

მუხლი 40. ტყით სპეციალური სარგებლობის დაგეგმვის საფუძველზე განხორციელება

1. ტყით სპეციალური სარგებლობა ხორციელდება დაგეგმვის საფუძველზე, გარდა ამ კოდექსის 26-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. ტყით სპეციალური სარგებლობის განხორციელების დაგეგმვის ძირითადი მოთხოვნები გამომდინარეობს ამ კოდექსით განსაზღვრული პრინციპებიდან.

3. ტყით სპეციალური სარგებლობის განხორციელების დაგეგმვისას უპირატესობა ენიჭება ტყით გრძელვადიან სარგებლობას და ტყით მრავალფუნქციურ სარგებლობას, რომელიც ტყითსარგებლობის რამდენიმე სახის ერთდროულად განხორციელებას ითვალისწინებს.

4. ტყით სპეციალური სარგებლობის განხორციელების დაგეგმვისას სავალდებულოა ისეთი მეთოდების გამოყენება, რომლებიც ზიანს არ აყენებს გარემოსა და მისი ბიომრავალფეროვნების მდგრადობას, ცხოველთა სამყაროს, კულტურის/ისტორიულ და ბუნების ძეგლებს.

5. ტყით სპეციალური სარგებლობის განხორციელების დაგეგმვისთვის შემუშავდება წლიური სამოქმედო გეგმა.

მუხლი 41. ტყით სპეციალური სარგებლობის სასაზღვრო ზოლში განხორციელება

სასაზღვრო ზოლში ტყით სპეციალური სარგებლობა ხორციელდება ამ კოდექსისა და „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად.

მუხლი 42. ტყით სპეციალური სარგებლობის წყალდაცვით ზოლში განხორციელება

წყალდაცვით ზოლში ტყით სპეციალური სარგებლობა ხორციელდება „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს საზღვაო კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.

მუხლი 43. ტყითმოსარგებლის უფლებები და მოვალეობები

1. ტყის მართვის ორგანოს მიერ ტყითმოსარგებლისთვის მინიჭებული ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების ფარგლებში ტყითმოსარგებლე უფლებამოსილია:

ა) ისარგებლოს ტყით, თავისი საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე;

ბ) მოითხოვოს ხელშეკრულებით დადგენილი პირობების დაცვა;

გ) ტყის მართვის ორგანოსთან შეთანხმებით მოაწყოს ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების განსახორციელებლად საჭირო სამეურნეო და სხვა სპეციალური დანიშნულების დროებითი ნაგებობები და მუდმივი შენობა-ნაგებობები;

დ) ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების განსახორციელებლად ისარგებლოს სატყეო გზებითა და შესაბამისი ინფრასტრუქტურით;

ე) მონაწილეობა მიიღოს ტყის დაცვის, მოვლისა და აღდგენა-გაშენების ღონისძიებებში, აგრეთვე ტყით სპეციალური სარგებლობის განხორციელების დაგეგმვასა და განხორციელებაში;

ვ) ფლობდეს მხოლოდ პლანტაციური მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყითსარგებლობის განხორციელებით მოპოვებულ ტყის რესურსებს, ისარგებლოს ამ რესურსებით და განკარგოს ისინი.

2. ტყის მართვის ორგანოს მიერ ტყითმოსარგებლისთვის მინიჭებული ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების ფარგლებში ტყითმოსარგებლე ვალდებულია:

ა) გაეცნოს ტყით სპეციალური სარგებლობის განხორციელების წესებს და დაიცვას ისინი;

ბ) განახორციელოს მხოლოდ ტყითსარგებლობის დოკუმენტით განსაზღვრული ტყით სპეციალური სარგებლობა მასში მითითებულ ადგილებზე, ვადებში და მითითებული მოცულობით;

გ) სამუშაოები შეასრულოს ისეთი ფორმით, მეთოდითა და საშუალებით, რომლებიც არ გამოიწვევს ტყის ნიადაგის ეროზიას, აგრეთვე შეზღუდავს ან გამორიცხავს გარემოზე, ტყის მდგომარეობასა და მის აღდგენაზე ტყით სპეციალური სარგებლობის უარყოფით გავლენას;

დ) დაიცვას სახანძრო უსაფრთხოების წესები, ხოლო ხანძრის საფრთხის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს მისი ლიკვიდაციის ღონისძიებები და ხანძრის საფრთხის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის ორგანოებს;

ე) დაიცვას ტყით სპეციალური სარგებლობის უსაფრთხოების წესები;

ვ) დაიცვას ტყის სანიტარიული დაცვის წესები;

ზ) შესაბამის ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოებს ან/და სამართალდამცავ ორგანოებს დაუყოვნებლივ აცნობოს უკანონოდ განხორციელებული ტყით სპეციალური სარგებლობის ფაქტების შესახებ;

თ) სრულად შეასრულოს ტყითსარგებლობის დოკუმენტით განსაზღვრული სამუშაოები.

მუხლი 44. სახელმწიფო ტყის ფართობით სპეციალური სარგებლობის განხორციელების მიზნით ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი

1. ამ კოდექსით განსაზღვრული ტყით სპეციალური სარგებლობის განხორციელების მიზნით სახელმწიფო ტყის ფართობი გაიცემა ელექტრონული აუქციონის საფუძველზე. სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნებით ტყითსარგებლობის განხორციელების მიზნით და განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის განხორციელების მიზნით სახელმწიფო ტყის ფართობი გაიცემა უფლებამოსილი პირის მიერ პირდაპირი წესით ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების მინიჭების საფუძველზე.

2. ელექტრონული აუქციონის საფუძველზე სახელმწიფო ტყის ფართობი გაიცემა იმ პირობით, რომ ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების მიმღები გადაიხდის სათანადო საფასურს და დაიცავს შესაბამისი ხელშეკრულებით დადგენილ სხვა პირობებს.

3. ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი და პირდაპირი წესით ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების მინიჭების წესი დგინდება „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულებით.

თავი VI

სამეურნეო ჭრით ხეტყის დამზადება

მუხლი 45. სამეურნეო ჭრით ხეტყის დამზადების საფუძველი

1. სამეურნეო ჭრა ხორციელდება მერქნის მოპოვების მიზნით, თუ უზრუნველყოფილია ტყის სასარგებლო ბუნებრივი თვისებებისთვის ზიანის მიუყენებლად მერქნის თანაბარი და უწყვეტი მოპოვების პირობები.

2. სამეურნეო ჭრა ხორციელდება მწიფე და მწიფეზე უხნეს კორომებში. კორომში ძირითადად იჭრება მწიფეზე უხნესი ხეები, რაც ხელს უწყობს მის გაახალგაზრდავებას (გაჯანსაღებას).

3. სამეურნეო ჭრით ხეტყე მზადდება ტყის 36 გრადუსამდე დაქანების ფერდობზე.

მუხლი 46. ტყის 31 გრადუსიდან 36 გრადუსამდე დაქანების ფერდობზე არსებულ კორომში სამეურნეო ჭრით ხეტყის დამზადების სპეციალური მოთხოვნები

1. ტყის 31 გრადუსიდან 36 გრადუსამდე დაქანების ფერდობზე არსებულ კორომში სამეურნეო ჭრით ხეტყის დამზადებისას კორომის სიხშირე არ უნდა გახდეს 0,5-ზე ნაკლები.

2. ტყის 31 გრადუსიდან 36 გრადუსამდე დაქანების ფერდობზე არსებულ კორომში სამეურნეო ჭრით დამზადებული ხეტყის გატანა დასაშვებია მხოლოდ დაცურებით, საბაგირო ან საჰაერო ტრანსპორტით, ცოცხალი გამწევი ძალით.

3. ტყის 31 გრადუსიდან 36 გრადუსამდე დაქანების ფერდობზე არსებულ კორომში სამეურნეო ჭრით ხეტყის დამზადების სპეციალური მოთხოვნები დგინდება ტყის მართვის გეგმის საფუძველზე და მათი შესრულება სავალდებულოა.

მუხლი 47. სამეურნეო ჭრის სახეები

1. ტყეში მერქნის მოპოვების მიზნით ხორციელდება პირწმინდა და ამორჩევითი სამეურნეო ჭრები.

2. პირწმინდა სამეურნეო ჭრა არის ტყის განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე არსებულ ტყის მერქნიან სახეობათა ერთდროული (პირწმინდა) მოჭრა.

3. პირწმინდა სამეურნეო ჭრის განხორციელება დასაშვებია კოლხეთის დაბლობის ტყეების მურყნარ (თხმელნარ) კორომებში, პლანტაციურ მეურნეობებსა და ტყის 6 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე არსებულ აკაციის კორომებში.

4. ამორჩევითი სამეურნეო ჭრა არის ტყის განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე შესაბამისი რაოდენობის ხეების ამორჩევითი ჭრის მეთოდით მოჭრა. ტყიდან მიღებული მერქნის მოცულობა, ჭრის განმეორების პერიოდის გათვალისწინებით, ტყის წლიურ ბუნებრივ შემატებას არ უნდა აჭარბებდეს.

5. სამეურნეო ჭრით მოსაჭრელი ტყის შემქმნელი სახეობების ოპტიმალური ხნოვანება დგინდება „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულებით.

მუხლი 48. საანგარიშო ტყეკაფი

1. სამინისტრო ტყეთმოწყობის მასალების საფუძველზე, ტყის მართვის ორგანოს სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით, ტყით გრძელვადიანი სარგებლობის განსახორციელებლად ადგენს სამეურნეო ჭრით დასამზადებელი ხეტყის ყოველწლიურ შესაძლო ოპტიმალურ ოდენობას − საანგარიშო ტყეკაფს.

2. დასაშვებია სამინისტროს მიერ საანგარიშო ტყეკაფის გაზრდა ან შემცირება ტყეთმოწყობის მასალების, ტყის დაცვის რეჟიმის, კატეგორიისა და სხვა ისეთი პირობების შეცვლისას, რომლებიც გავლენას ახდენს ტყის მდგომარეობაზე.

მუხლი 49. ტყეკაფის განსაზღვრა/გამოყოფა

1. ტყეკაფი განისაზღვრება მერქნის დამზადების მიზნით 2 წლამდე ვადით ტყით სპეციალური სარგებლობის განსახორციელებლად.

2. სამეურნეო ჭრის საანგარიშო ტყეკაფის გადამეტებით განხორციელება დასაშვებია მხოლოდ წინა წელს აუთვისებელი ტყეკაფის ხარჯზე.

3. ტყეკაფის გამოყოფის წესები დგინდება „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულებით.

მუხლი 50. სამეურნეო ჭრით ხეტყის დამზადების სამართლებრივი საფუძველი

1. ტყის მართვის ორგანო სამეურნეო ჭრით ხეტყეს ამზადებს ტყის მართვის ინტერესებიდან გამომდინარე, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამეურნეო ჭრით ხეტყის დამზადების სამართლებრივი საფუძველია ტყის მართვის ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. კერძო საკუთრების ტყის შემთხვევაში სამეურნეო ჭრით ხეტყის დამზადების სამართლებრივი საფუძველია ტყის მესაკუთრის ან ტყის მართვის ორგანოს მიერ შედგენილი წერილობითი დოკუმენტი, რომელშიც მითითებულია შესასრულებელი სამუშაო და დასამზადებელი მერქნის მოცულობა.

მუხლი 51. ხეტყის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი

1. დაუშვებელია მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან საშეშე მერქნის სათანადო დოკუმენტის გარეშე ან/და სპეციალური ფირნიშით მარკირების გარეშე ტრანსპორტირება. ტყის ტერიტორიაზე ამ კოდექსის მოთხოვნათა დაცვით დამზადებული ხეტყის ტყიდან ტრანსპორტირებისთვის თითოეულ სატრანსპორტო საშუალებაზე გაიცემა ხეტყის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. ხეტყის წარმოშობის დამადასტურებელ დოკუმენტს გასცემს ტყის მართვის ორგანო. იგი ხეტყის საკუთრების დამადასტურებელი მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტია.

3. აკრძალულია ხეტყის ხეტყის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე ტრანსპორტირება. ხეტყის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი მოთხოვნის შემთხვევაში წარედგინება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილ მაკონტროლებელ ორგანოს.

4. ხეტყის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმა და გაცემის წესი დგინდება „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტით“.

5. საქართველოს ტყეში ხეტყით სარგებლობასთან, ხეტყის მოძრაობასა და პირველად გადამუშავებასთან დაკავშირებული ღონისძიებების აღრიცხვის მიზნით ტყის მართვის ორგანოს შესაბამისი ინფორმაცია შეაქვს მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაში, რომელიც საქართველოს ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემის ნაწილია.

თავი VII

ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადება

მუხლი 52. ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადების მიზნით ტყითსარგებლობის მიზანი

1. ტყის მართვის ორგანოს მიერ ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადების მიზნით ტყით სპეციალური სარგებლობა ხორციელდება ამ კოდექსის საფუძველზე, ტყის მართვის ორგანოს მიერ ტყის მართვის მიზნებიდან გამომდინარე ან ტყით სპეციალური სარგებლობით დაინტერესებული იურიდიული პირისთვის შესაბამისი უფლების მინიჭებით.

2. ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადების მიზნით ტყით სპეციალური სარგებლობა გულისხმობს კომერციული მიზნებისთვის მათ ხელმისაწვდომობას.

3. ამ მუხლით განსაზღვრული სახის ტყით სპეციალური სარგებლობის მიზანი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ტყის მდგრადი მართვის ინტერესებს.

4. „გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ 1973 წლის 3 მარტის ქ. ვაშინგტონის კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის, ამ კონვენციის II დანართში შეტანილი მცენარეთა სახეობების ნიმუშების კომერციული მიზნით ექსპორტისთვის ბუნებაში მოპოვების ლიცენზიის, ამავე კონვენციის III დანართში შეტანილ მცენარეთა წარმოშობის სერტიფიკატის (CITES-ის წარმოშობის სერტიფიკატი), ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩით სარგებლობის ლიცენზიის (შემდგომ − ლიცენზია) გაცემის წესები და პირობები დგინდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით.

მუხლი 53. ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადების მიზნით ტყითსარგებლობის სამართლებრივი საფუძვლები

1. ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადების მიზნით ადმინისტრაციული წარმოება იწყება ტყით სპეციალური სარგებლობით დაინტერესებული იურიდიული პირის განცხადების საფუძველზე ან ტყის მართვის ორგანოს ინიციატივით.

2. ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადების მიზნით ტყითსარგებლობის განსახორციელებლად ტყის ფართობს შეარჩევს ტყის მართვის ორგანო ტყის მართვის გეგმის ან/და წლიური სამოქმედო გეგმის საფუძველზე.

3. ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადების წესი, მათ შორის, ტყით სპეციალური სარგებლობით დაინტერესებული იურიდიული პირისთვის შესაბამისი უფლების მინიჭების წესი, დგინდება „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულებით.

თავი VIII

პლანტაციური მეურნეობის მოწყობა

მუხლი 54. პლანტაციური მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყითსარგებლობის მიზანი

1. პლანტაციური მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყით სპეციალური სარგებლობა ხორციელდება ტყის მართვის ორგანოს მიერ ტყის მართვის მიზნებიდან გამომდინარე ან ტყით სპეციალური სარგებლობით დაინტერესებული პირისთვის კომერციული მიზნებისთვის ტყის ფართობის გადაცემით.

2. პლანტაციური მეურნეობის მოწყობის მიზნით ადმინისტრაციული წარმოება იწყება ტყით სპეციალური სარგებლობით დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ან ტყის მართვის ორგანოს ინიციატივით.

3. ტყის მართვის ორგანომ პლანტაციური მეურნეობა შეიძლება მოაწყოს შემდეგი მიზნით:

ა) ტყის მიწაზე ტყის მერქნიან სახეობათა გაშენებით ეროზიული და მეწყრული პროცესების შესაჩერებლად;

ბ) ტყის ენერგეტიკული პოტენციალის გასაზრდელად;

გ) ბუნებრივი ტყისთვის ზიანის მიუყენებლად ტყის მერქნული რესურსების მოსაპოვებლად.

4. პლანტაციური მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყის მერქნიანი სახეობების შერჩევა და მოპოვებული მერქნული რესურსებით სარგებლობა ხორციელდება შესაბამისი პლანტაციური მეურნეობის მართვის გეგმის საფუძველზე. პლანტაციურ მეურნეობაში ინვაზიური სახეობების გამოყენება აკრძალულია.

5. პლანტაციური მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყითსარგებლობის განსახორციელებლად გამოყოფილ ტყის ფართობზე დასაშვებია მხოლოდ დროებითი ნაგებობების მოწყობა.

მუხლი 55. პლანტაციური მეურნეობის მოწყობის მიზნით გადაწყვეტილების მიღების საფუძველი

1. პლანტაციური მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყითსარგებლობის განსახორციელებლად ტყის ფართობი შეირჩევა ტყის მართვის ორგანოს მიერ ან ტყით სპეციალური სარგებლობით დაინტერესებული პირის ინიციატივით, ტყის მართვის გეგმის ან/და წლიური სამოქმედო გეგმის საფუძველზე. შესაბამის გადაწყვეტილებაში მოცემული უნდა იყოს ინფორმაცია:

ა) ტყის ფართობისა და მისი საზღვრების შესახებ (საკადასტრო აზომვითი ნახაზი);

ბ) ტყის ფართობის მდებარეობის (სატყეო, კვარტალი, ლიტერი, სიმაღლე ზღვის დონიდან, დაქანება, ექსპოზიცია და სხვა) შესახებ;

გ) ტყის ფართობზე არსებული და მოსაწყობი გზებისა და სხვა ინფრასტრუქტურის შესახებ;

დ) ტყის ფართობზე არსებული ნარგავების/მცენარეთა სახეობების ტაქსაციური მონაცემების შესახებ.

2. ტყითმოსარგებლე „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების საფუძველზე შეიმუშავებს პლანტაციური მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყითსარგებლობის გეგმას.

თავი IX

სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობა

მუხლი 56. სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობის მიზანი

1. სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობა გულისხმობს ტყის მიწის (ფართობის) სათიბად, საძოვრად ან ფუტკრის დროებითი სადგომის მოსაწყობად გამოყენებას.

2. სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობის განსახორციელებლად ტყის ფართობით სარგებლობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება იწყება ტყით სპეციალური სარგებლობით დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ან ტყის მართვის ორგანოს ინიციატივით.

3. სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობა ხორციელდება ისეთი ფორმითა და მეთოდით, რომლებიც არ აზიანებს მერქნიან მცენარეებს  და არ იწვევს ეროზიულ პროცესებს.

4. სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობის განსახორციელებლად გამოყოფილ ტყის ფართობზე დასაშვებია მხოლოდ დროებითი ნაგებობების მოწყობა.

მუხლი 57. სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობის სამართლებრივი საფუძვლები

1. სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობის განსახორციელებლად ტყის ფართობი შეირჩევა ტყის მართვის ორგანოს მიერ ან ტყით სპეციალური სარგებლობით დაინტერესებული პირის ინიციატივით, ტყის მართვის გეგმის ან/და წლიური სამოქმედო გეგმის საფუძველზე. შესაბამის გადაწყვეტილებაში მოცემული უნდა იყოს:

ა) ტყის ფართობისა და მისი საზღვრების შესახებ ინფორმაცია (საკადასტრო აზომვითი ნახაზი);

ბ) ტყის ფართობის მდებარეობის (სატყეო, კვარტალი, ლიტერი, სიმაღლე ზღვის დონიდან, დაქანება, ექსპოზიცია და სხვა) შესახებ ინფორმაცია;

გ) ტყის ფართობზე არსებული და მოსაწყობი გზებისა და სხვა ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაცია;

დ) ტყის ფართობზე არსებული მცენარეთა სახეობების ტაქსაციური მონაცემების შესახებ ინფორმაცია;

ე) შერჩეული ტყის ფართობის მიმდებარე ტერიტორიების ზოგადი დახასიათება.

2. ტყითმოსარგებლე „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების საფუძველზე შეიმუშავებს სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობის გეგმას.

თავი X

 საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნებით ტყითსარგებლობა

მუხლი 58. საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნებით ტყითსარგებლობის მიზანი

საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნებით ტყითსარგებლობა გულისხმობს ამ უფლების განსახორციელებლად აუცილებელი შენობა-ნაგებობების, მათ შორის, კვების ობიექტებისა და დამხმარე სათავსების, აშენებას, მოწყობილობებისა და სპორტული ინვენტარის დამონტაჟებას, სასეირნო ბილიკებისა და გადასახედების მოწყობას შესაბამისი სანებართვო დოკუმენტის საფუძველზე.

მუხლი 59. საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნებით ტყითსარგებლობის სამართლებრივი საფუძვლები

1. საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნებით ტყით სპეციალური სარგებლობის განსახორციელებლად ტყის ფართობით სარგებლობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება იწყება ტყით სპეციალური სარგებლობით დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ან ტყის მართვის ორგანოს ინიციატივით.

2. საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნებით ტყითსარგებლობის განსახორციელებლად ტყის ფართობი შეირჩევა ტყის მართვის ორგანოს მიერ ან ტყით სპეციალური სარგებლობით დაინტერესებული პირის ინიციატივით, ტყის მართვის გეგმის ან/და წლიური სამოქმედო გეგმის საფუძველზე. შესაბამის გადაწყვეტილებაში მოცემული უნდა იყოს:

ა) ტყის ფართობისა და მისი საზღვრების შესახებ ინფორმაცია (საკადასტრო აზომვითი ნახაზი);

ბ) ტყის ფართობის მდებარეობის (სატყეო, კვარტალი, ლიტერი, სიმაღლე ზღვის დონიდან, დაქანება, ექსპოზიცია და სხვა) შესახებ ინფორმაცია;

გ) ტყის ფართობზე არსებული და მოსაწყობი გზებისა და სხვა ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაცია;

დ) ტყის ფართობზე არსებული მცენარეთა სახეობების ტაქსაციური მონაცემების შესახებ ინფორმაცია;

ე) შერჩეული ტყის ფართობის მიმდებარე ტერიტორიების ზოგადი დახასიათება.

3. ტყითმოსარგებლე ტყის მართვის ორგანოს წარუდგენს „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების საფუძველზე შემუშავებულ საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნებით ტყითსარგებლობის გეგმას.

თავი XI

თევზის მეურნეობის ან/და სამონადირეო მეურნეობის მოწყობა

მუხლი 60. თევზის მეურნეობის ან/და სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზანი

1. თევზის მეურნეობა ეწყობა კომერციული მიზნებისთვის თევზის გამოზრდისა და მოპოვების მიზნით.

2. თევზის მეურნეობის მოწყობის უფლების ფარგლებში ინვაზიური სახეობების შემოყვანა და გამრავლება აკრძალულია.

3. თევზის მეურნეობის ან/და სამონადირეო მეურნეობის მოწყობა წესრიგდება შესაბამისი საკანონმდებლო აქტით.

მუხლი 61. თევზის მეურნეობის ან/და სამონადირეო მეურნეობის მოწყობის სამართლებრივი საფუძვლები

1. თევზის მეურნეობის ან/და სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყითსარგებლობის განსახორციელებლად ტყის ფართობით სარგებლობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება იწყება ტყით სპეციალური სარგებლობით დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ან ტყის მართვის ორგანოს ინიციატივით. შესაბამის გადაწყვეტილებაში მოცემული უნდა იყოს:

ა) ტყის ფართობისა და მისი საზღვრების შესახებ ინფორმაცია (საკადასტრო აზომვითი ნახაზი);

ბ) ტყის ფართობის მდებარეობის (სატყეო, კვარტალი, ლიტერი, სიმაღლე ზღვის დონიდან, დაქანება, ექსპოზიცია და სხვა) შესახებ ინფორმაცია;

გ) ტყის ფართობზე არსებული და მოსაწყობი გზებისა და სხვა ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაცია;

დ) შერჩეული ტყის ფართობის მიმდებარე ტერიტორიების ზოგადი დახასიათება.

2. თევზის მეურნეობის ან/და სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყითსარგებლობის განსახორციელებლად ტყის ფართობი შეირჩევა ტყის მართვის ორგანოს მიერ ან ტყით სპეციალური სარგებლობით დაინტერესებული პირის ინიციატივით, ტყის მართვის გეგმის ან/და წლიური სამოქმედო გეგმის ან სპეციალური გამოკვლევის საფუძველზე.

3. ტყითმოსარგებლე ტყის მართვის ორგანოს წარუდგენს „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების საფუძველზე შემუშავებულ თევზის მეურნეობის ან/და სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყითსარგებლობის გეგმას.

თავი XII

ცხოველთა თავშესაფრისა და სანაშენის მოწყობა

მუხლი 62. ცხოველთა თავშესაფრისა და სანაშენის მოწყობის მიზანი

1. ცხოველთა თავშესაფარი და სანაშენე ეწყობა ცხოველთა სახეობების შენარჩუნების ან გამრავლების/მოშენების და რეალიზაციის მიზნით.

2. ცხოველთა თავშესაფრისა და სანაშენის მოწყობის მიზნით ტყის ფართობი არ უნდა შეირჩეს იმ ტერიტორიაზე, სადაც აუცილებელი გახდება 1 ჰა-ზე 20 მ3-ზე მეტი ხის/ხეების მოჭრა. დასაშვებია ცხოველთა თავშესაფრისა და სანაშენის მოსაწყობად ბუჩქნარისა და ქვეტყის პირწმინდად მოჭრა.

მუხლი 63. ცხოველთა თავშესაფრისა და სანაშენის მოწყობის სამართლებრივი საფუძვლები

1. ცხოველთა თავშესაფრისა და სანაშენის მოწყობის მიზნით ტყითსარგებლობის განსახორციელებლად ტყის ფართობით სარგებლობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება იწყება ტყით სპეციალური სარგებლობით დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ან ტყის მართვის ორგანოს ინიციატივით. შესაბამის გადაწყვეტილებაში მოცემული უნდა იყოს:

ა) ტყის ფართობისა და მისი საზღვრების შესახებ ინფორმაცია (საკადასტრო აზომვითი ნახაზი);

ბ) ტყის ფართობის მდებარეობის (სატყეო, კვარტალი, ლიტერი, სიმაღლე ზღვის დონიდან, დაქანება, ექსპოზიცია და სხვა) შესახებ ინფორმაცია;

გ) ტყის ფართობზე არსებული და მოსაწყობი გზებისა და სხვა ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაცია;

დ) ტყის ფართობზე არსებული მცენარეთა სახეობების ტაქსაციური მონაცემების შესახებ ინფორმაცია;

ე) შერჩეული ტყის ფართობის მიმდებარე ტერიტორიების ზოგადი დახასიათება.

2. ცხოველთა თავშესაფრისა და სანაშენის მოწყობის მიზნით ტყითსარგებლობის განსახორციელებლად ტყის ფართობი შეირჩევა ტყის მართვის ორგანოს მიერ ან ტყით სპეციალური სარგებლობით დაინტერესებული პირის ინიციატივით, ტყის მართვის გეგმის ან/და წლიური სამოქმედო გეგმის ან სპეციალური გამოკვლევის საფუძველზე. ეს ტყის ფართობი ისე უნდა შეირჩეს, რომ აღნიშნული მიზნით ტყითსარგებლობამ არ გამოიწვიოს ტყის დაზიანება, ხოლო მოსაშენებელმა ცხოველთა სახეობებმა ტყის ეკოსისტემაზე უარყოფითი ზემოქმედება არ მოახდინონ. ცხოველთა თავშესაფრისა და სანაშენის ინვაზიური სახეობების გამრავლების მიზნით გამოყენება აკრძალულია.

3. ტყითმოსარგებლე ტყის მართვის ორგანოს წარუდგენს „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების საფუძველზე შემუშავებულ ცხოველთა თავშესაფრისა და სანაშენის მოწყობის მიზნით ტყითსარგებლობის გეგმას.

თავი XIII

ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობის განთავსება

მუხლი 64. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობის განთავსების მიზნით ტყითსარგებლობის მიზანი

1. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობის განთავსების მიზნით ტყითსარგებლობა გულისხმობს კავშირგაბმულობის ქსელების გაფართოებასა და სრულყოფას.

2. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობის განთავსების მიზნით ტყის ფართობი არ უნდა შეირჩეს იმ ტერიტორიაზე, სადაც აუცილებელი გახდება 1 ჰა-ზე 20 მ3-ზე მეტი ხის/ხეების მოჭრა. თუ აღნიშნული ნაგებობის განსათავსებლად სხვა ფართობის შერჩევა შეუძლებელია, დასაშვებია ბუჩქნარისა და ქვეტყის პირწმინდად მოჭრა არაუმეტეს შერჩეული ტყის ფართობის 20%-ისა.

მუხლი 65. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობის განთავსების მიზნით ტყითსარგებლობის სამართლებრივი საფუძვლები

1. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობის განთავსების მიზნით ტყითსარგებლობის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება იწყება ტყით სპეციალური სარგებლობით დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე. შესაბამის გადაწყვეტილებაში მოცემული უნდა იყოს:

ა) ტყის ფართობისა და მისი საზღვრების შესახებ ინფორმაცია (საკადასტრო აზომვითი ნახაზი);

ბ) ტყის ფართობის მდებარეობის (სატყეო, კვარტალი, ლიტერი, სიმაღლე ზღვის დონიდან, დაქანება, ექსპოზიცია და სხვა) შესახებ ინფორმაცია;

გ) ტყის ფართობზე არსებული და მოსაწყობი გზებისა და სხვა ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაცია;

დ) ტყის ფართობზე არსებული მცენარეთა სახეობების ტაქსაციური მონაცემების შესახებ ინფორმაცია;

ე) შერჩეული ტყის ფართობის მიმდებარე ტერიტორიების ზოგადი დახასიათება.

2. ტყითმოსარგებლე ტყის მართვის ორგანოს წარუდგენს „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების საფუძველზე შემუშავებულ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობის განთავსების მიზნით ტყითსარგებლობის გეგმას.

თავი XIV

სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნებით ტყითსარგებლობა

მუხლი 66. სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნებით ტყითსარგებლობის მიზანი

1. სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნებით ტყითსარგებლობა გულისხმობს ისეთი სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო საქმიანობის განხორციელებას, რომელიც დაკავშირებულია ტყისთვის ზიანის მიუყენებლად ტყის რესურსების ამ საქმიანობის მიზნებისთვის აუცილებელი მოცულობითა და აუცილებელ ფარგლებში გამოყენებასთან. 

2. სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნებით ტყითსარგებლობა ხორციელდება სამეცნიერო და პედაგოგიური ავტონომიურობისა და აკადემიური პატიოსნების პრინციპების დაცვით. ტყის მართვის ორგანომ აღნიშნული საქმიანობა შეიძლება შეზღუდოს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, ტყის დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე.

მუხლი 67. სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნებით ტყითსარგებლობის სამართლებრივი საფუძვლები

1. სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნებით ტყითსარგებლობის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებული, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ ადმინისტრაციული წარმოება იწყება დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე.

2. დაინტერესებული პირის განცხადება და თანდართული დოკუმენტები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ამ კოდექსისა და „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების მოთხოვნებს.

3. სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნებით ტყითსარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით იღებს ტყის მართვის ორგანო.

თავი XV

განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობა

მუხლი 68. განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის მიზნები

1. განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობა ხორციელდება შემდეგი მიზნით:

ა) განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განსახორციელებლად, წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურით, ჰიდროკვანძებით, ელექტროსადგურებით, მილსადენებით, ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობისთვის ან/და ბუნებრივ რეზერვუარში მოწყობილი გაზის საცავით სარგებლობისთვის, გზების, ელექტროგადამცემი კომუნიკაციების, ელექტრონული ქსელებისა და არხების მშენებლობისთვის/ ფუნქციონირებისთვის ან ამისთვის საჭირო საპროექტო ან/და საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოების შესასრულებლად;

ბ) წიაღის შესასწავლად ან/და მოსაპოვებლად;

გ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეკონსტრუქციისთვის (რეაბილიტაციისთვის), არქეოლოგიური სამუშაოების შესასრულებლად, არქეოლოგიური დაზვერვის განსახორციელებლად, არქეოლოგიური გათხრების წარმოებისთვის;

დ) გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ობიექტებზე საავარიო-აღდგენითი სამუშაოების შესასრულებლად.

2. განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით  სპეციალური სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით იღებს ტყის მართვის ორგანო.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების მიზნით განსახორციელებელ ადმინისტრაციულ წარმოებაში სხვა ადმინისტრაციული ორგანოსა და დაინტერესებული მხარის მონაწილეობას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვით უზრუნველყოფს ტყის მართვის ორგანო.

4. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეგზავნება განმცხადებელსა და სამინისტროს, ხოლო ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − აგრეთვე ლიცენზიის გამცემს.

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ტყის მართვის ორგანო განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების მოპოვებით დაინტერესებულ პირთან დებს განსაკუთრებული დანიშნულებით ტყითსარგებლობის შესახებ ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას.

მუხლი 69. განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი

1. განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების მოპოვებით დაინტერესებულ პირს ეს უფლება ენიჭება განცხადების საფუძველზე.

2. განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის უფლებით დაინტერესებული პირის განცხადება და თანდართული დოკუმენტები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ამ კოდექსის (მათ შორის, ამ კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის), გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსისა და „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების მოთხოვნებს.

3. ამ კოდექსის 68-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნით განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების მინიჭების პროცედურები დგინდება „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულებითა და „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულებით.  

4. ტყითმოსარგებლის მიერ განხორციელებული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყითსარგებლობა, გარდა ამ კოდექსის ამოქმედებამდე ამავე კოდექსის 68-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მიზნით განხორციელებული ტყითსარგებლობისა ან/და ამ კოდექსის ამოქმედებამდე ამავე კოდექსის 68-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ობიექტების ფუნქციონირებისთვის საჭირო განსაკუთრებული დანიშნულებით ტყითსარგებლობისა, ექვემდებარება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კომპენსირებას.

5. განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების ფარგლებში ხეტყის დამზადების აუცილებლობის შემთხვევაში ხეტყის დამზადებასა და ტრანსპორტირებას ახორციელებს ტყის მართვის ორგანო დაინტერესებული მხარის დაფინანსებით, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე.

6. მაგისტრალური მილსადენებისა და ელექტრონული ქსელების სახაზო ნაგებობების დაცვის ზონებში სპეციალური სარგებლობის ჭრის განხორციელების წესი დგინდება „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულებით.

თავი XVI

საქართველოს ტყის დაცვა

 მუხლი 70. საქართველოს ტყის დაცვის მიზნები

1. საქართველოს ტყის დაცვის მიზნებია:

ა) ტყეში ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნება და გაუმჯობესება;

ბ) ტყის ნიადაგის ეროზიის, დაჭაობების, ღვარცოფის, ზვავისა და სხვა ისეთი პროცესის თავიდან აცილება, რომელიც ნიადაგის მდგომარეობას აუარესებს;

გ) ხელუხლებელი ტყის თვითმყოფადობის შენარჩუნება;

დ) მცენარეთა რელიქტური, ენდემური და სხვა იშვიათი სახეობების დაცვა.

2. საქართველოს ტყე დაცული უნდა იყოს:

ა) ხანძრისგან;

ბ) ტყის მავნებელ-დაავადებებისგან;

გ) ტყითსარგებლობისა და სხვა ღონისძიებებით დადგენილი წესების დარღვევისგან;

დ) უკანონო ჭრისგან;

ე) სანიტარიული მდგომარეობის გაუარესებისგან;

ვ) სხვა უარყოფითი ანთროპოგენური ზემოქმედებისგან.

მუხლი 71. ტყის დაცვის ღონისძიებები

1. საქართველოს ტყის დაცვა ხორციელდება ტყის ბიომრავალფეროვნებისა და სხვა თავისებურებების გათვალისწინებით. იგი გულისხმობს ტყის შესანარჩუნებლად სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების განხორციელებას, ბიოლოგიური, ქიმიური და მექანიკური მეთოდების გამოყენებას, აგრეთვე განადგურებისგან, დაზიანებისგან, დაბინძურებისა და სხვა უარყოფითი ზემოქმედებისგან ტყის დაცვის ორგანიზაციული, სამართლებრივი და სხვა ღონისძიებების განხორციელებას.

2. ტყის დაცვის ქიმიური საშუალებები გამოიყენება „ტყის დაცვის, აღდგენისა და მოვლის წესის შესახებ“ დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესების დაცვით.

3. ტყის დაცვის ღონისძიებებია:

ა) ტყის მავნებელ-დაავადებების გავრცელების საშიშროების გათვალისწინებით ტყის ზონირება (სუსტი, საშუალო და მაღალი რისკების ზონებად დაყოფა);

ბ) ტყის პათოლოგიური გამოკვლევა და მონიტორინგი;

გ) ტყის პათოლოგიური გამოკვლევის საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში, ტყის მავნებელ-დაავადებების გავრცელებისგან ტყის დაცვა ბიოლოგიური, ქიმიური და მექანიკური მეთოდებით/საშუალებებით;

დ) ტყის მავნებელ-დაავადებათა ახალი კერების გავრცელების აღკვეთის მიზნით მოჭრილი დაავადებული, ბიოლოგიურად ან მექანიკურად დაუმუშავებელი ხეების ტყიდან გატანის აკრძალვა;

ე) ტყის ხანძრისგან დაცვა;

ვ) უკანონო ტყითსარგებლობისა და ტყის რესურსების დატაცების პრევენცია და აღკვეთა;

ზ) განსაკუთრებული მდგომარეობით გამოწვეული სხვა აუცილებელი ღონისძიებები.

4. ტყის დაცვის ღონისძიებები ტყის მართვის გეგმის ნაწილია.

მუხლი 72. ტყის განადგურების დაუშვებლობა

1. აკრძალულია ისეთი ქმედება, რომელიც იწვევს ტყის განადგურებას.

2. ტყის განადგურების გამომწვევად მიიჩნევა ქმედება, რომელიც:

ა) იწვევს ტყის ნიადაგის საშუალო ან საშუალოზე მეტ დეგრადაციას;

ბ) ტყის ნიადაგს უქმნის მეწყრული ან ეროზიული პროცესების აშკარა საფრთხეს;

გ) შეუძლებელს ხდის ტყის დროულ აღდგენა-გაშენებას;

დ) დაუცველს ხდის ხეებს − ხელს უშლის მათ ზრდას ფართოდ გავრცელებული საფრთხეების (ქარი, ხანძარი, ბიოლოგიური და ქიმიური პრეპარატების გამოყენება, ტყის მავნებელ-დაავადებების გავრცელება, ნებისმიერი დაბინძურება) ზემოქმედების გამო.

3. საყოფაცხოვრებო, სამრეწველო და სხვა ნარჩენებისა და მავნე ნივთიერებებისგან ტყის გაწმენდის წესი დგინდება „ტყის დაცვის, აღდგენისა და მოვლის წესის შესახებ“ დებულებით.

4. ტყისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და ზიანის გამომწვევი პირის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხები წესრიგდება ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.

მუხლი 73. ტყის დაცვის სამართლებრივი საფუძვლები

ტყის დაცვის წესი დგინდება „ტყის დაცვის, აღდგენისა და მოვლის წესის შესახებ“ დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს სამინისტრო და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

მუხლი 74. ტყის დაცვის ღონისძიებების დაფინანსება

1. ტყის დაცვის ღონისძიებები ფინანსდება შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან. ამ მიზნით შეიძლება სხვა თანხების გამოყენებაც.

2. კერძო საკუთრების ტყის დაცვის ღონისძიებებს აფინანსებს კერძო მესაკუთრე. აღნიშნული ღონისძიებები შესაძლებელია განხორციელდეს სახელმწიფო თანადაფინანსებით, თუ აუცილებელია ტყის დაცვის ერთიანი, ფართომასშტაბიანი ღონისძიებების გატარება.

თავი XVII

ტყის აღდგენა-გაშენება

მუხლი 75. ტყის აღდგენა-გაშენების მიზანი

1. ტყის აღდგენა-გაშენება არის სატყეო-სამეურნეო ღონისძიებათა მრავალწლიანი ციკლი, რომლის მიზანია ქარისმიერი, წყლისმიერი და სხვა ეროზიული პროცესებისგან ნიადაგის დაცვა, აგრეთვე ტყით დაუფარავ ფართობზე მდებარე დაბალი სიხშირისა და წარმადობის კორომების სახეობრივი შემადგენლობისა და პროდუქტიულობის, ტყის დაცვითი და სხვა სასარგებლო ფუნქციების გაუმჯობესება.

2. ტყის აღდგენა-გაშენება ხორციელდება „ტყის დაცვის, აღდგენისა და მოვლის წესის შესახებ“ დებულების მოთხოვნების დაცვით.

მუხლი 76. ტყის აღდგენა-გაშენების ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება

1. ტყის აღდგენა-გაშენების ღონისძიებებს, არსებული საშუალებების გათვალისწინებით, ტყის მართვის გეგმის ან/და წლიური სამოქმედო გეგმის საფუძველზე ყოველწლიურად გეგმავს ტყის მართვის ორგანო. აღნიშნული გეგმის საფუძველზე დგება ტყის კონკრეტულ ტერიტორიაზე ტყის აღდგენა-გაშენების პროექტი.

2. ტყის აღდგენა-გაშენების მიზნით შეიძლება შემუშავდეს სპეციალური სახელმწიფო პროგრამა.

3. ტყის აღდგენა-გაშენების პროექტს ამტკიცებს და მის განხორციელებას აკონტროლებს ტყის მართვის ორგანო.

4. ტყის აღდგენა-გაშენება ხორციელდება თესვით, დარგვით ან/და ბუნებრივი განახლების ხელშეწყობით.

5. ტყის აღდგენა-გაშენების ღონისძიებებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ტყის მართვის ორგანო ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ფიზიკური ან იურიდიული პირი.

6. ტყის ფართობის დეგრადაციის შესაჩერებლად და მისი დაზიანების თავიდან ასაცილებლად ტყის აღდგენა-გაშენების ღონისძიებები განხორციელდება იმ დროიდან არაუგვიანეს 3 კალენდარული წლისა, როდესაც ბუნებრივი ან ანთროპოგენური პროცესების შედეგად ტყის გამეჩხრებული ადგილები ან/და ღია ფართობები წარმოიშვა.

7. ფართომასშტაბიანი ზიანის (5 ჰა ან 5 ჰა-ზე მეტი ფართობის დაზიანების) შემთხვევაში, როდესაც ტყის აღდგენა-გაშენების ღონისძიებების 3 კალენდარულ წელში განხორციელება შეუძლებელია, ტყის აღდგენა-გაშენების ვადა აითვლება იმ დროიდან, როდესაც დასრულდება ზიანის გამომწვევი გარემოებების ზემოქმედება და გაიწმინდება აღსადგენი ტერიტორია.

8. თუ ტყის განახლება ბუნებრივი მოთესვით ან ამონაყრით მიმდინარეობს, რაც აღსადგენი ტერიტორიის გატყევების საფუძველია, ტყის აღდგენა-გაშენება უნდა განხორციელდეს ბუნებრივი განახლების ხელშეწყობით.

9. ტყის აღდგენა-გაშენების ღონისძიებები დასრულებულად მიიჩნევა, თუ აღსადგენ ტერიტორიაზე არის მოზარდ-აღმონაცენის ან/და ნერგების შესაბამისი რაოდენობა და არ არსებობს მათი ზრდა-განვითარების შემაფერხებელი გარემოება.

10. ტყის აღდგენა ხორციელდება იმ სარეპროდუქციო მასალებით, რომლებიც სერტიფიცირებულია „ტყის სარეპროდუქციო მასალების იმპორტის, ექსპორტისა და წარმოების წესის შესახებ“ დებულების საფუძველზე, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს სამინისტრო.

მუხლი 77. სატყეო მეთესლეობა

1. ტყის აღდგენა-გაშენებით მაღალპროდუქტიული, მიზნობრივი ტყის ან/და პლანტაციის შექმნის საფუძველია სატყეო მეთესლეობა.

2. სატყეო მეთესლეობის მოწესრიგებისა და განვითარების მიზნით ხორციელდება ტყის მერქნიან სახეობათა:

ა) დარაიონება;

ბ) მუდმივი სათესლე უბნების მოწყობა;

გ) სათესლე მასალის ბანკის შექმნა.

3. ტყის მერქნიან სახეობათა თესლების დამზადების, გადამუშავების, შენახვის, რეალიზაციისა და გამოყენების ხელშეწყობის მიზნით უნდა განხორციელდეს შესაბამისი ღონისძიებები.

4. ტყის აღდგენა-გაშენებისას გამოიყენება ტყის მერქნიან სახეობათა მაღალი ხარისხის თესლები, ხოლო მათი არარსებობის შემთხვევაში თესლები შესაბამის კონდიციამდე მიიყვანება.

5. ტყის აღდგენა-გაშენებისას დაუშვებელია დარაიონებული სახეობების თესლებისა და სარგავი მასალის სხვაგან გამოყენება, აგრეთვე შეუმოწმებელი და დაუდგენელი ხარისხის თესლების გამოყენება.

6. ტყის მერქნიან სახეობათა თესლების დამზადებისა და გამოყენების წესი დგინდება „ტყის დაცვის, აღდგენისა და მოვლის წესის შესახებ“ დებულებით.

თავი XVIII

ტყის მოვლა

მუხლი 78. ტყის მოვლა და მისი მიზნები

1. ტყის მოვლა არის ღონისძიებათა სისტემა, რომლის უმთავრესი მიზნებია:

ა) ტყის სოციალური და ეკოლოგიური ფუნქციების (ნიადაგდაცვითი, წყალ- და კლიმატმარეგულირებელი და სხვა სასარგებლო ფუნქციების/ თვისებების) შენარჩუნება და გაუმჯობესება;

ბ) ტყის სახეობრივი შემადგენლობის, სტრუქტურისა და პროდუქტიულობის გაუმჯობესება;

გ) ტყის სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესება;

დ) სარგებლობის მიზნით ტყეში ფართობის ერთეულიდან მისაღები მერქნის მოცულობის გაზრდა.

2. ტყის მოვლის ღონისძიებებს ახორციელებს ტყის მართვის ორგანო „ტყის დაცვის, აღდგენისა და მოვლის წესის შესახებ“ დებულების მოთხოვნების დაცვით.

3. ტყის მოვლის ღონისძიებების განხორციელებით მიიღება შესაბამისი მოცულობის მერქნული რესურსი. ამ რესურსის განკარგვის წესი დგინდება „ტყის დაცვის, აღდგენისა და მოვლის წესის შესახებ“ დებულებით.

4. კორომთა ხნოვანების, ფუნქციისა და მდგომარეობის გათვალისწინებით ხორციელდება მოვლითი ჭრა. მოვლითი ჭრის სახეებია სანიტარიული და სარეკონსტრუქციო ჭრები.

მუხლი 79. მოვლითი ჭრა

მოვლითი ჭრა ხორციელდება 0,7 ან 0,7-ზე მეტი სიხშირის მომწიფარ ხნოვანებამდე კორომში. მისი მიზანია შერჩეული ხეების ამორჩევითი ჭრის მეთოდით მოჭრის შედეგად განსაზღვრული ადგილისთვის დამახასიათებელი ძვირფასი, მეურნეობისთვის სასურველი სახეობის ხეების ფართობის ერთეულზე თანაბარი განაწილება, მათი განათებით უზრუნველყოფა, აგრეთვე ხის ღეროსა და ვარჯის სრულყოფილად ჩამოყალიბებისა და მერქნის შემატების ზრდისთვის შესაბამისი პირობების შექმნა/გაუმჯობესება.

მუხლი 80. სანიტარიული ჭრა

1. მოვლითი სანიტარიული ჭრა, რომელიც არ მიეკუთვნება ტყის სისტემურ ჭრებს, არის სატყეო-სამეურნეო ღონისძიება, რომლის მიზანია ტყის სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესება. იგი გულისხმობს განსაზღვრულ ადგილზე ხმელი, ძლიერ ფაუტი (ფუტურო) და ტყის მავნებელ-დაავადებებით ძლიერ დაზიანებული ხეების დადგენილ ვადებში მოჭრას, აგრეთვე მათი და სტიქიის შედეგად მოთხრილი და მოტეხილი ხეების ტყიდან გატანას.

2. თუ მოსალოდნელია, რომ სანიტარიული ჭრის შედეგად კორომის სიხშირე 0,3-ზე ნაკლები გახდება, ჭრის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, სათანადო დასაბუთების საფუძველზე, ერთიანი ღონისძიებების გატარებისას.

მუხლი 81. სარეკონსტრუქციო ჭრა

1. მოვლითი სარეკონსტრუქციო ჭრა ხორციელდება განსაზღვრული ადგილისთვის ნაკლებად ღირებულ და დაბალი წარმადობის კორომებში მათი სახეობრივი შემადგენლობის, სტრუქტურისა და პროდუქტიულობის გაუმჯობესების მიზნით. იგი გულისხმობს არასასურველი ხეების ან/და მარადმწვანე ქვეტყის მოჭრას და ჭრის შედეგად გათავისუფლებულ ფართობზე ბუნებრივი განახლების ხელშეწყობას ან/და ტყის კულტურების გაშენებას.

2. საკურორტო და სარეკრეაციო ტყეში სარეკონსტრუქციო ჭრა შეიძლება განხორციელდეს ლანდშაფტის (ღია, დახურული, ნახევრად დახურული ლანდშაფტის) ჩამოყალიბებისთვის.

მუხლი 82. ტყის მოვლის ღონისძიებების დაფინანსება

1. ტყის მოვლის ღონისძიებები ფინანსდება ტყის მართვის ორგანოს ბიუჯეტიდან. ამ მიზნით შეიძლება სხვა თანხების გამოყენებაც.

2. კერძო საკუთრების ტყის მოვლის ღონისძიებებს აფინანსებს კერძო მესაკუთრე. აღნიშნული ღონისძიებები შესაძლებელია განხორციელდეს სახელმწიფოს თანადაფინანსებით, თუ აუცილებელია ტყის მოვლის ერთიანი, მასშტაბური ღონისძიებების გატარება.

თავი XIX

ტყის სფეროში შესაბამისი აკადემიური განათლება და პროფესიული განათლება

მუხლი 83. ტყის მართვაში მეტყევისა და სატყეო საქმის სპეციალისტის კვალიფიკაციის მქონე პირების სავალდებულო მონაწილეობა

ტყის მართვის ორგანომ უნდა უზრუნველყოს ტყის მართვაში მეტყევისა და სატყეო საქმის სპეციალისტის კვალიფიკაციის მქონე პირების სავალდებულო მონაწილეობა.

მუხლი 84. მეტყევე

მეტყევე არის პირი, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და რომელსაც საქართველოს შრომის კანონმდებლობის საფუძველზე შრომითი ურთიერთობა აქვს ტყის მართვის ორგანოსთან.

მუხლი 85. სატყეო საქმის სპეციალისტი

სატყეო საქმის სპეციალისტი არის პირი, რომელიც მეტყევის ზედამხედველობით ახორციელებს სატყეო-სამეურნეო ღონისძიებებს და რომელსაც საქართველოს შრომის კანონმდებლობის საფუძველზე შრომითი ურთიერთობა აქვს ტყის მართვის ორგანოსთან.

მუხლი 86. სპეციალური მოთხოვნები

1. მეტყევესა და სატყეო საქმის სპეციალისტს საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებისას უნდა ეცვათ შესაბამისი სპეციალური სამსახურებრივი ტანსაცმელი.

2. მეტყევისა და სატყეო საქმის სპეციალისტის სამსახურებრივი ტანსაცმლის მიმართ სპეციალურ მოთხოვნებს და მათი შრომის უსაფრთხოების წესებს ადგენს სამინისტრო „სახელმწიფო ტყეში დასაქმებულ პირთა სამსახურებრივი ტანსაცმლის ფორმის დადგენის შესახებ“ დებულებით. ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის შემთხვევაში აღნიშნული მოთხოვნები და წესები დგინდება შესაბამისად ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ან მუნიციპალიტეტის ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

მუხლი 87. მეტყევისა და სატყეო საქმის სპეციალისტის საკვალიფიკაციო მოთხოვნები

1. მეტყევე შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს ტყის სფეროში შესაბამისი უმაღლესი განათლება (სულ მცირე ბაკალავრის აკადემიური ხარისხი).

2. სატყეო საქმის სპეციალისტი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი პროფესიული კვალიფიკაცია.

3. მეტყევისა და სატყეო საქმის სპეციალისტის საკვალიფიკაციო მოთხოვნები დგინდება ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.

მუხლი 88. მეტყევისა და სატყეო საქმის სპეციალისტის თანამდებობათა რანგირების განხორციელებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის უფლებამოსილების მქონე ორგანო

მეტყევისა და სატყეო საქმის სპეციალისტის თანამდებობათა რანგირებას ახორციელებს და საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ადგენს სამინისტრო „სახელმწიფო ტყეში დასაქმებული პირების თანამდებობათა რანგირებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ“ დებულებით. ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის შემთხვევაში აღნიშნული რანგირება ხორციელდება და მოთხოვნები დგინდება შესაბამისად ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ან მუნიციპალიტეტის ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

თავი XX

მეტყევისა და სატყეო საქმის სპეციალისტის სოციალური დაცვის გარანტიები

მუხლი 89. მეტყევისა და სატყეო საქმის სპეციალისტის სოციალური დაცვა

1. მეტყევისა და სატყეო საქმის სპეციალისტის სოციალურ დაცვას უზრუნველყოფს ტყის მართვის ორგანო.

2. ტყის მართვის ორგანომ შეიძლება განსაზღვროს მეტყევისა და სატყეო საქმის სპეციალისტის ერთჯერადი დახმარებისა და სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებები და სხვა შეღავათები.

მუხლი 90. ტყის სფეროში დასაქმებულ პირთა წახალისება

1. მეტყევის წახალისების ღონისძიებაა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით „საქართველოს დამსახურებული მეტყევის“ წოდების მინიჭება.

2. ტყის სფეროში 10 წლის ან 10 წელზე მეტი ხნის მუშაობის გამოცდილების მქონე პირის წახალისების ღონისძიებაა წარმატებული მუშაობისთვის სპეციალური სამკერდე ნიშნით დაჯილდოება.

3. ტყის სფეროში დასაქმებული სხვა პირის მიმართ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს წახალისების ღონისძიება − მადლობის გამოცხადება.

4. „საქართველოში „მეტყევის პროფესიული დღის“ გამოცხადებისა და ტყის სფეროში დასაქმებულ პირთა წახალისების წესი“ მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.

თავი XXI

 პასუხისმგებლობა კოდექსის დარღვევისთვის

მუხლი 91. კოდექსის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის სამართლებრივი საფუძველი

1. ამ კოდექსის დარღვევისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

2. პასუხისმგებლობის დაკისრება სამართალდამრღვევს არ ათავისუფლებს ტყისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან. აღნიშნული ზიანის ანაზღაურების საფუძვლები და წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

თავი XXII

გარდამავალი დებულებები

მუხლი 92. ტყითსარგებლობის სფეროში გაცემული ლიცენზიისა და იჯარის, მიჩენის მიზნით ტყითსარგებლობის განხორციელებისა და სხვა საკითხების მოწესრიგება გარდამავალ პერიოდში

1. ამ კოდექსის ამოქმედებამდე ტყითსარგებლობის სფეროში გაცემული ლიცენზია და იჯარა ინარჩუნებს იურიდიულ ძალას შესაბამისი მოქმედების ვადის განმავლობაში.

2. ამ კოდექსის ამოქმედებამდე ტყითსარგებლობის სფეროში მიჩენის მიზნით ტყითსარგებლობის განსახორციელებლად დადებული ხელშეკრულება ინარჩუნებს იურიდიულ ძალას შესაბამისი მოქმედების ვადის განმავლობაში.

3. ამ კოდექსის ამოქმედებამდე გაცემული ტყითსარგებლობის უფლების მიმნიჭებელი დოკუმენტი ინარჩუნებს იურიდიულ ძალას შესაბამისი მოქმედების ვადის განმავლობაში.

4. ელექტროსადგურების, მილსადენების, ელექტრული ქსელების ინფრასტრუქტურის უსაფრთხო ექსპლუატაციის მიზნით მათი  დაცვის ზონებში მოხვედრილ ფართობებზე განაკაფის ზოლის დასაცავად ხე-მცენარეების მოჭრა, აგრეთვე მათი ფუნქციონირებისთვის საჭირო/აუცილებელი სამუშაოები კომპენსირების გარეშე ხორციელდება.

მუხლი 93. ხეტყის დამზადების საკითხის მოწესრიგება გარდამავალ პერიოდში

1. ხეტყის დამზადების ბილეთი გაიცემა ფიზიკური პირის ინდივიდუალური სოციალური ინტერესების გათვალისწინებით ტყის მართვის ორგანოს მიერ გამოყოფილი ტყეკაფის ფარგლებში.

2. ხეტყის დამზადების ბილეთი არის ტყის მართვის ორგანოს მიერ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პირზე გაცემული დოკუმენტი, რომელიც მის მფლობელს საშეშე მერქნის მოპოვების მიზნით ხეტყის დამზადების უფლებას ანიჭებს.

3. ხეტყის დამზადების ბილეთი გაიცემა იმ სიის საფუძველზე, რომელსაც ადგენს შესაბამისი მუნიციპალიტეტის ორგანო. ამ სიაში მითითებულია აღნიშნულ მუნიციპალიტეტში ფაქტობრივად მცხოვრები კომლის (ოჯახის) წარმომადგენლის სახელი, გვარი და პირადი ნომერი.

4. ხეტყის დამზადების ბილეთის მიღებით დაინტერესებული პირი მისთვის შესაბამისი მომსახურების გაწევისა და „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელ ქვითარს წარუდგენს ტყის მართვის ორგანოს. ტყის მართვის ორგანო შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს დაუყოვნებლივ, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

5. ხეტყის დამზადების ბილეთში აღნიშნულია შემდეგი ინფორმაცია: ხეტყის დამზადების ბილეთის ნომერი, ტყეკაფის ნომერი, ტყეკაფის მდებარეობა, დასამზადებელი ტყის მერქნიანი სახეობა, მისი ხარისხი და მოცულობა, ხეტყის დამზადების ბილეთის მოქმედების ვადა.

6. ხეტყის დამზადების ბილეთში აღნიშნული დასამზადებელი ტყის მერქნიანი სახეობის (რესურსის) მითითებული მოცულობის შესაბამის ვადაში აუთვისებლობის შემთხვევაში ხეტყის დამზადების ბილეთი უქმდება და ტყის მართვის ორგანოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური არ ბრუნდება.

7. ხეტყის დამზადების ბილეთი გაიცემა „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების საფუძველზე.

8. განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების ფარგლებში ხეტყის დამზადების აუცილებლობის შემთხვევაში ხეტყის დამზადებას ახორციელებს ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების მქონე პირი.

9. ფიზიკური პირის ინდივიდუალური სოციალური ინტერესების გათვალისწინებით საშეშე მერქნის მოპოვების უფლების ხეტყის დამზადების ბილეთის საფუძველზე გაცემა დასაშვებია 2023 წლის 1 იანვრამდე.

10. ამ კოდექსის 69-ე მუხლის მე-5 ნაწილის ამოქმედებამდე განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების ფარგლებში ხეტყის დამზადების აუცილებლობის შემთხვევაში ხეტყის დამზადება და ტრანსპორტირება შეიძლება განახორციელოს როგორც ტყის მართვის ორგანომ, ისე დაინტერესებულმა მხარემ.

11. ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროების გათვალისწინებით, დაცული ტერიტორიის ფარგლებში არსებულ ტყეში სამეურნეო ჭრით ხეტყის დამზადება დასაშვებია 2026 წლის 1 იანვრამდე.

მუხლი 94. პროფესიული განათლების საკითხის მოწესრიგება გარდამავალ პერიოდში

1. ამ კოდექსის ამოქმედებამდე ტყის სფეროში დასაქმებული პირი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად 2025 წლის ბოლომდე განახორციელოს არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარება.

2. სატყეო საქმის სპეციალისტად დასაქმებული პირის მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს მისი პროფესიული საქმიანობის აკრძალვას ამ კოდექსის 87-ე მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის საფუძვლით.

მუხლი 95. კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები/გამოსაცემი ნორმატიული აქტები

1. საქართველოს მთავრობამ 2030 წლის 1 იანვრამდე შეიმუშაოს „ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის“ განსაზღვრის კრიტერიუმები და ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემის წესი.

2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2021 წლის 1 იანვრამდე შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინოს შემდეგი კანონქვემდებარე აქტები:

ა) „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულება;

ბ) „ტყის დაცვის, აღდგენისა და მოვლის წესის შესახებ“ დებულება;

გ) „საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემის, კატეგორიზაციისა და მონიტორინგის წესის შესახებ“ დებულება;

დ) „ტყის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტისა და ტყის საზღვრების დადგენისა და კორექტირების/შეცვლის შესახებ“ დებულება;

ე) „ტყის მდგრადი მართვის კრიტერიუმებისა და ინდიკატორების შესახებ“ დებულება.

3. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ:

ა) 2021 წლის 1 იანვრამდე შეიმუშაოს და დაამტკიცოს შემდეგი კანონქვემდებარე აქტები:

ა.ა) „სახელმწიფო ტყეში დასაქმებულ პირთა სამსახურებრივი ტანსაცმლის ფორმის დადგენის შესახებ“;

ა.ბ) „სახელმწიფო ტყეში დასაქმებული პირების თანამდებობათა რანგირებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ“;

ა.გ) „ტყის შემქმნელ მერქნიან მცენარეთა სახეობების ნუსხის შესახებ“;

ა.დ) „ტყის სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის შესახებ“;

ა.ე) „საქართველოში „მეტყევის პროფესიული დღის“ გამოცხადებისა და ტყის სფეროში დასაქმებულ პირთა წახალისების წესის შესახებ“;

ბ) 2022 წლის 1 იანვრამდე შეიმუშაოს და დაამტკიცოს შემდეგი კანონქვემდებარე აქტები:

ბ.ა) „ტყის სარეპროდუქციო მასალების იმპორტის, ექსპორტისა და წარმოების წესის შესახებ“;

ბ.ბ) „ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემის წარმოების ინსტრუქციის შესახებ“.

4. ამ მუხლით განსაზღვრული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღებამდე/გამოცემამდე მოქმედი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას, თუ ისინი არ ეწინააღმდეგება ამ კოდექსის მოთხოვნებს.

მუხლი 96. კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები

1. ამ კოდექსის ამოქმედებამდე არსებული სახელმწიფო ტყის ფონდი მიიჩნევა სახელმწიფო ტყედ, რომლის საზღვრები დადგენილია „სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №299 დადგენილებით.

2. ამ კოდექსით განსაზღვრული ტერმინის „ტყე“ განმარტების შინაარსის გათვალისწინებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2026 წლის 1 იანვრამდე ეტაპობრივად უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო ტყის საზღვრების კორექტირება. ტერიტორიისთვის სახელმწიფო ტყის სტატუსის მინიჭება არ იწვევს ამ ტერიტორიის სასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყენებისთვის  მანამდე დადებული ხელშეკრულების შეწყვეტას ან მისი პირობების შეცვლას. სახელმწიფო ტყის საზღვრების კორექტირების ფარგლებში ამ კოდექსის ამოქმედებამდე ამორიცხულ ტერიტორიას სახელმწიფო ტყის სტატუსი ენიჭება იმ შემთხვევაში, თუ აღარ არსებობს ტერიტორიისთვის სტატუსის შეწყვეტის ის სამართლებრივი ინტერესი, რომელიც გახდა მისთვის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი.

3. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2026 წლის 1 იანვრამდე ამ კოდექსის მე-12 მუხლის საფუძველზე უნდა შეიმუშაოს და ტყის სტატუსის განმსაზღვრელ კომისიას უნდა წარუდგინოს შუამდგომლობა კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიისთვის კერძო საკუთრების ტყის სტატუსის მინიჭების შესახებ.

4. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2021 წლის 1 იანვრამდე უნდა შექმნას ამ კოდექსის მე-12 მუხლით გათვალისწინებული ტყის სტატუსის განმსაზღვრელი კომისია და უნდა უზრუნველყოს მისი ფუნქციონირება.

5. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2021 წლის 1 იანვრამდე უნდა მოახდინოს საქართველოს ტყის დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი, ამ კოდექსის 22-ე მუხლით განსაზღვრული ტყის ზედამხედველობის უფლებამოსილების მქონე სუბიექტის სამართლებრივი და ორგანიზაციული უზრუნველყოფა.

6. სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების ორგანოებმა 2021 წლის 1 იანვრამდე საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა უზრუნველყონ სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კოდექსთან შესაბამისობა.

7. ტყის მართვის ორგანომ საქართველოს ტყის მდგრადი მართვის პრინციპების განხორციელების მიზნით 2025 წლის 1 იანვრამდე ყოველწლიურად უნდა უზრუნველყოს ამ კოდექსის 83-ე მუხლით განსაზღვრულ პირთა რაოდენობის ზრდა იმგვარად, რომ უზრუნველყოფილ იქნეს ტყეში არაუმეტეს 3500 ჰა-ზე არანაკლებ 1 პირის მიერ უფლებამოსილების განხორციელება.

თავი XXIII

დასკვნითი დებულებები

მუხლი 97. კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით ძალადაკარგული საკანონმდებლო აქტები

ამ კოდექსის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს:  

ა) 1999 წლის 22 ივნისის საქართველოს ტყის კოდექსი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №28(35), 1999 წელი, მუხ. 148);

ბ) 2010 წლის 6 ივლისის საქართველოს კანონი „ტყის ფონდის მართვის შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39, 19.07.2010, მუხ. 235).

მუხლი 98. კოდექსის ამოქმედება

1. ეს კოდექსი, გარდა ამ კოდექსის მე-12 მუხლის მე-4−მე-6 ნაწილებისა და 69-ე მუხლის მე-5 ნაწილისა, ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.

2. ამ კოდექსის 69-ე მუხლის მე-5 ნაწილი ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.

3. ამ კოდექსის მე-12 მუხლის მე-4−მე-6 ნაწილები ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

22 მაისი 2020 წ.

N5949-სს

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.