დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 03 - ს |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო |
| მიღების თარიღი | 25/03/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/03/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240010.30.060.016060 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
|
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ
|
თავი I
ზოგადი დებულებანი |
| მუხლი 1 |
1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა (შემდგომში – მთავრობა) არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო, რომელიც ახორციელებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელ ხელისუფლებას და განსაზღვრავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის ძირითად მიმართულებებს.
2. მთავრობა ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს (შემდგომში – უმაღლესი საბჭო) წინაშე. 3. მთავრობა შედგება მთავრობის თავმჯდომარის, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილისა და მინისტრებისგან. 4. მთავრობის წევრს უფლება არა აქვს ეკავოს სხვა თანამდებობა, გარდა პარტიულისა, ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, იღებდეს ანაზღაურებას სხვა საქმიანობისთვის, გარდა სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობისა. |
| მუხლი 2 |
1. მთავრობა თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის, ამ კანონისა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტების საფუძველზე. მთავრობა თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას ხელმძღვანელობს უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული სამთავრობო პროგრამით.
2. მთავრობა უფლებამოსილია გადაწყვიტოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებულ უფლებამოსილებებს მიკუთვნებული ყველა ის საკითხი, რომელიც საქართველოს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებისა და კანონმდებლობის თანახმად არ განეკუთვნება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილებას. მთავრობას შეუძლია განახორციელოს ნებისმიერი უფლებამოსილება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით არ მიეკუთვნება სახელმწიფო ხელისუფლების განსაკუთრებულ უფლებამოსილებას ან ადგილობრივი თვითმმართველობის ექსკლუზიურ საკუთარ უფლებამოსილებას და რომლის განხორციელებაც საქართველოს კანონმდებლობით არ გამოირიცხება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებიდან. |
| მუხლი 3 |
1. მთავრობა აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელებას უზრუნველყოფს სამინისტროების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატისა და საქვეუწყებო დაწესებულებების მეშვეობით.
2. დაუშვებელია მთავრობის შემადგენლობაში ამ კანონით გათვალისწინებულის გარდა სხვა რაიმე სტრუქტურის/ორგანოს შექმნა ან არსებობა. 3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები შედის საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა სისტემაში. |
თავი II
მთავრობის ფორმირების წესი |
| მუხლი 4 |
1. მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების შემდეგ უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას და მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის მიერ
წარდგენილ მთავრობის შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას. მთავრობისა და სამთავრობო პროგრამის დამტკიცებას კენჭი ეყრება ერთიანად. მთავრობა და სამთავრობო პროგრამა დამტკიცებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. 2. თუ უმაღლესი საბჭო 2 კვირის ვადაში არ დაამტკიცებს მთავრობასა და სამთავრობო პროგრამას, უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი 2 კვირის ვადაში უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს მთავრობის იმავე ან სხვა შემადგენლობას, რომლის დამტკიცებასაც კენჭი ეყრება 2 კვირის ვადაში. 3. ამ მუხლთან დაკავშირებული სხვა საკითხები წესრიგდება უმაღლესი საბჭოს რეგლამენტითა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. |
თავი III
მთავრობის კომპეტენცია |
| მუხლი 5 |
მთავრობა საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებისა და კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში:
ა) კოორდინაციას უწევს და აკონტროლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატისა და საქვეუწყებო დაწესებულებების საქმიანობას; ბ) ამტკიცებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატისა და საქვეუწყებო დაწესებულებების დებულებებს; გ) ამტკიცებს მთავრობის აპარატის დებულებასა და სტრუქტურას; დ) ქმნის მთავრობის სათათბირო ორგანოებს და ამტკიცებს მათ დებულებებს; ე) უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აქტი; ვ) შეიმუშავებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის პროექტს; ზ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის მიღების შემდეგ უზრუნველყოფს მის შესრულებას, უმაღლეს საბჭოს წარუდგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებს; თ) ახორციელებს საკანონმდებლო ინიციატივას უმაღლეს საბჭოში; ი) ქმნის საჯარო სამართლისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამტკიცებს მათ დებულებებს, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს (კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო, რელიგიური და წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობა ან/და მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი სამინისტრო), გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. კ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ამტკიცებს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში თანამდებობათა სარგოებს; ლ) ახორციელებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვას; მ) ახორციელებს ავტონომიური რესპუბლიკის მნიშვნელობის საგანმანათლებლო, სამეცნიერო, შემოქმედებითი და სპორტული დაწესებულებების შექმნას, მართვასა და მხარდაჭერას; ნ) მონაწილეობას იღებს ეკონომიკური, სოციალური, ჯანმრთელობის დაცვის საკითხების გადაწყვეტაში, უზრუნველყოფს მოქალაქეთა სოციალური დაცვის ღონისძიებების განხორციელებას; ო) ახორციელებს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საარქივო საქმიანობის მართვას; პ) უფლებამოსილებას ანიჭებს სამინისტროს (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატს) მთავრობის სახელით განახორციელოს ქმედება ან/და გასწიოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობა მისთვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებისას; ჟ) ახორციელებს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით, ამ კანონით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის 26 მარტის კანონი №08-ს - ვებგვერდი, 03.04.2025 წ.
|
| მუხლი 6 |
1. მთავრობის სამართლებრივი აქტებია დადგენილება და განკარგულება.
2. მთავრობის დადგენილება არის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, ხოლო განკარგულება ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი. მთავრობის ნორმატიული აქტის მომზადების, მიღება-გამოცემისა და ძალაში შესვლის წესი განისაზღვრება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით. 3. მთავრობის სამართლებრივ აქტებს ხელს აწერს მთავრობის თავმჯდომარე. |
| მუხლი 7 |
1. მთავრობას უფლებამოსილება უწყდება მთავრობის თავმჯდომარის გადადგომისას ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტისას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მთავრობა განაგრძობს მოვალეობის შესრულებას მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე. |
თავი IV
მთავრობის ხელმძღვანელობა |
| მუხლი 8 |
1. მთავრობის თავმჯდომარე არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი თანამდებობის პირი და წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას.
2. მთავრობის თავმჯდომარე: ა) ხელმძღვანელობს მთავრობას, განსაზღვრავს მთავრობის საქმიანობის მიმართულებებს, ორგანიზებას უწევს მთავრობის საქმიანობას; ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ნიშნავს და ათავისუფლებს მთავრობის თავმჯდომარის მოადგილესა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრებს; გ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სხვა თანამდებობის პირებს; დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონებას; ე) უმაღლეს საბჭოს წარუდგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის პროექტს; ვ) ახორციელებს მინისტრების საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს; ზ) იწვევს და ხელმძღვანელობს მთავრობის სხდომებს, ხელს აწერს მთავრობის სამართლებრივ აქტებს; თ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს – ბრძანებას, ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს მთავრობის შენობაში; ი) წარადგენს კანონის პროექტს უმაღლეს საბჭოში; კ) ხელს აწერს და აქვეყნებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონებს; ლ) ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხას; მ) კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს მთავრობის აპარატის მოხელეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ; ნ) ახორციელებს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. |
| მუხლი 9 |
1. მთავრობის თავმჯდომარე მთავრობის საქმიანობისთვის ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წინაშე. წელიწადში ერთხელ იგი უმაღლეს საბჭოს წარუდგენს მოხსენებას სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ, აგრეთვე უმაღლესი საბჭოს მოთხოვნით - სამთავრობო პროგრამის ცალკეული ნაწილის შესრულების მიმდინარეობის ანგარიშს.
2. მთავრობის თავმჯდომარის გადადგომის, მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტის, არყოფნის და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი უფლებამოსილი არ არის: ა) გამოიყენოს ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებები; ბ) განკარგოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონება. 4. მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილებები განისაზღვრება მთავრობის თავმჯდომარის მიერ. |
| მუხლი 10 |
1. მთავრობის თავმჯდომარეს უფლებამოსილება უწყდება:
ა) გადადგომისას; ბ) გარდაცვალებისას; გ) უმაღლესი საბჭოს მიერ მისი გათავისუფლებისას; დ) მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას; ე) მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტისას; ვ) კანონით შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელებისას; ზ) საარჩევნო უფლების დაკარგვისას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მთავრობის თავმჯდომარე თანამდებობიდან გადამდგარად ითვლება ამის თაობაზე საჯაროდ განცხადების ან საქართველოს მთავრობისა და უმაღლესი საბჭოსათვის წერილობითი განცხადებით მიმართვის მომენტიდან; ბ) „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილება შეწყვეტილად ითვლება შესაბამისი ფაქტის დადგომისთანავე; გ) ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უმაღლესი საბჭოს მიერ მთავრობის თავმჯდომარის გათავისუფლებისას: გ.ა) უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი საქართველოს მთავრობას მიმართავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გათავისუფლების თაობაზე თანხმობის მისაღებად; გ.ბ) საქართველოს მთავრობის თანხმობის მიღების შემდეგ უმაღლესი საბჭო 1 კვირის ვადაში სიითი შემადგენლობის უმრავლესობით თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს; დ) „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილება შეწყვეტილად ითვლება შესაბამისი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან; ე) „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილება შეწყვეტილად ითვლება თანამდებობრივი შეუთავსებლობის ფაქტის შესახებ უმაღლესი საბჭოს დადგენილების მიღებისთანავე. |
| მუხლი 11 |
1. ის პირები, რომლებიც ამ კანონის შესაბამისად დანიშნული არიან არაუმეტეს თანამდებობის პირის (ორგანოს) უფლებამოსილების ვადით/ან განსაზღვრული ვადით, თანამდებობის პირის (ორგანოს) უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში თავიანთ მოვალეობას ასრულებენ ახალი თანამდებობის პირის (ორგანოს) დანიშვნამდე (დამტკიცებამდე).
2. მთავრობის თავმჯდომარე/მთავრობა უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით, ან ხელმძღვანელის/კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ხელმძღვანელის ინიციატივით გაათავისუფლოს თანამდებობიდან ამ კანონის თანახმად უფლებამოსილების ვადით/ან განსაზღვრული ვადით დანიშნული პირი. |
თავი V
მთავრობის საქმიანობის ორგანიზება |
| მუხლი 12 |
1. მთავრობა თავის საქმიანობას წარმართავს მთავრობის სხდომების მეშვეობით.
2. მთავრობის სხდომა ტარდება საჭიროებისამებრ, მაგრამ თვეში ერთხელ მაინც. 3. მთავრობის სხდომას იწვევს, ხელმძღვანელობს და მის დღის წესრიგს განსაზღვრავს მთავრობის თავმჯდომარე ან მისი დავალებით მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე. 4. მთავრობის სხდომაში მთავრობის თავმჯდომარე და მთავრობის წევრები მონაწილეობენ პირადად. თუ მთავრობის სხდომაზე მთავრობის წევრის დასწრება შეუძლებელია, იგი ამის შესახებ წინასწარ ატყობინებს მთავრობის თავმჯდომარეს. სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით მთავრობის სხდომაზე სათათბირო ხმის უფლებით შესაძლებელია სხვა პირების მოწვევაც. 5. მთავრობის სხდომა, როგორც წესი, დახურულია. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აგრეთვე მთავრობის გადაწყვეტილებით სხდომა შეიძლება გამოცხადდეს საჯაროდ. 6. მთავრობის მუშაობის, მთავრობის სხდომის მომზადების, წარმართვისა და სხდომაზე საკითხის განხილვის წესი განისაზღვრება მთავრობის რეგლამენტით, რომელსაც მთავრობის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს მთავრობა.
7. მთავრობის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება მთავრობის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. მთავრობა გადაწყვეტილებას იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა. |
| მუხლი 13 |
1. მთავრობის საქმიანობის ორგანიზაციული, სამართლებრივი, ანალიტიკური, ინფორმაციული და სხვა მასალების მომზადების, აგრეთვე მთავრობის გადაწყვეტილებათა შესრულებაზე კონტროლის მიზნით იქმნება მთავრობის აპარატი.
2. მთავრობის აპარატის საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს მთავრობის თავმჯდომარე. 3. მთავრობის აპარატის მიმდინარე საქმიანობას ხელმძღვანელობს აპარატის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობის თავმჯდომარე. 4. მთავრობის აპარატის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს აპარატის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას; ბ) მთავრობის თავმჯდომარეს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს აპარატის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ სხვა საჯარო მოსამსახურეებს; გ) მთავრობის თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს მთავრობის აპარატის საჯარო მოხელეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს აპარატის მოსამსახურეთა საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას; ე) სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობს მთავრობის სხდომებში, ხელს აწერს მთავრობისა და მთავრობის თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების პროექტებს, აგრეთვე აპარატის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას; ვ) სხვა სახელმწიფო ორგანოებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობაში გამოდის მთავრობის აპარატის სახელით; ზ) ასრულებს მთავრობის აპარატის დებულებითა და მთავრობის თავმჯდომარის მიერ მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. |
| მუხლი 14 |
მთავრობის აპარატის სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის ორგანიზება ამ კანონის საფუძველზე განისაზღვრება მთავრობის სამართლებრივი აქტით. |
თავი VI
მთავრობის სათათბირო ორგანოები |
| მუხლი 15 |
1. მთავრობის თავმჯდომარეს, მთავრობას, მთავრობის კომპეტენციაში შემავალი ცალკეული საკითხების შესწავლისა და მომზადების მიზნით შეუძლია შექმნას სათათბირო ორგანოები –კომისიები და საბჭოები. ასევე, გარკვეული საკითხის შესწავლის მიზნით შეიძლება შეიქმნას სამუშაო ჯგუფები.
2. სათათბირო ორგანოს ამოცანებს, აგრეთვე მისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადების წესს ამ ორგანოს შექმნისას განსაზღვრავს შესაბამისად მთავრობის თავმჯდომარე, მთავრობა. 3. სათათბირო ორგანოს უფლება აქვს შესაბამისი დაწესებულებებისაგან მიიღოს თავისი მუშაობისათვის საჭირო დოკუმენტები, ცნობები და სხვა მონაცემები. 4. სათათბირო ორგანოს მიერ მომზადებული დასკვნები და წინადადებები განსაზღვრულ ვადაში უნდა წარედგინოს შესაბამისად მთავრობის თავმჯდომარეს, მთავრობას, მთავრობის წევრს. 5. სახელმწიფო მოსამსახურე, საჯარო მოსამსახურე ან პირი, რომელიც სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე არ არის, სათათბირო ორგანოს წევრად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მისი თანხმობით. |
თავი VII
სამინისტრო |
| მუხლი 16 |
1. სამინისტრო იქმნება ამ კანონის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრების განსაზღვრულ სფეროში აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში მმართველობის უზრუნველსაყოფად.
2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებია: ა) განათლებისა და კულტურის სამინისტრო; ბ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; გ) ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო; დ) იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო; ე) იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი N21-ს - ვებგვერდი, 20.12.2021 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2022 წლის 9 ივნისის კანონი N16-ს - ვებგვერდი, 14.06.2022 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის 7 თებერვლის კანონი N02-ს - ვებგვერდი, 11.02.2025 წ.
|
| მუხლი 17 |
1. სამინისტრო ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ ან მთავრობისა და მთავრობის თავმჯდომარის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.
2. სამინისტროს აქვს დებულება, დასრულებული ბალანსი და ანგარიში ხაზინაში, ხარჯთაღრიცხვა, ბეჭედი მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით. 3. სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 4. სამინისტრო თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის, საქართველოს კანონების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონებისა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტების საფუძველზე. 5. სამინისტრო ფინანსდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან. იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე. |
| მუხლი 18 |
1. სამინისტროს მმართველობის სფერო განისაზღვრება სამინისტროს დებულებით.
2. თუ საკითხი მიეკუთვნება რამდენიმე სამინისტროს გამგებლობის სფეროს და განსაზღვრული არ არის მასზე გადაწყვეტილების მიმღები სამინისტრო, გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა. 3. საკითხზე, რომელიც კანონის შესაბამისად შედის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენციაში, მაგრამ არ მიეკუთვნება არცერთი სამინისტროს გამგებლობის სფეროს, გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა. მთავრობა ასევე უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება შესაბამისი სამინისტროს მმართველობის სფეროსთვის მიკუთვნებულ საკითხზე, თუ შესაბამისი სამინისტრო გადაწყვეტილებას არ იღებს ან გადაწყვეტილების მიღებას აყოვნებს. 4. თუ საკითხი ერთდროულად შედის რამდენიმე სამინისტროს გამგებლობის სფეროში, მათი შეთანხმებით შესაძლებელია ერთობლივი ბრძანების გამოცემა. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა. |
| მუხლი 19 |
1. სამინისტროს დებულებას შესაბამისი მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს მთავრობა.
2. სამინისტროს დებულება უნდა შეიცავდეს: ა) სამინისტროს სრულ დასახელებას და იურიდიულ მისამართს; ბ) სამინისტროს საქმიანობის სფეროს და ამოცანებს; გ) სამინისტროს ხელმძღვანელობის ორგანიზებას, ხელმძღვანელთა უფლება-მოვალეობას; დ) სამინისტროს სისტემას, სტრუქტურას, სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას; ე) სხვა არსებით საკითხებს სამინისტროს საქმიანობის ორგანიზების შესახებ. |
| მუხლი 20 |
1. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი.
2. მინისტრი: ა) ხელმძღვანელობს სამინისტროს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) პასუხისმგებელია საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებისა და კანონმდებლობის, მათ შორის მთავრობის დადგენილებებისა და განკარგულებების შესრულებისათვის; გ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებების, ტერიტორიული ორგანოებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულების მიმდინარეობას; დ) ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებსა და საქმიანობაზე; ე) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოხელეებს, (ამ კანონის მე-5 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს); ადმინისტრაციული ხელშეკრულებით ან შრომითი ხელშეკრულებით სამსახურში იღებს სხვა საჯარო მოსამსახურეებს; ვ) მთავრობის თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე და იღებს გადაწყვეტილებას საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ, პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულებისათვის; ზ) მონაწილეობს მთავრობის სხდომებში; თ) ასრულებს მისთვის საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით, მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით, მთავრობის თავმჯდომარის ბრძანებებით და სამინისტროს დებულებით დაკისრებულ სხვა ამოცანებს. 3. მინისტრს უფლება აქვს თავის კომპეტენციაში შემავალი ცალკეული საკითხების შესწავლისა და მომზადების მიზნით შექმნას სათათბირო ორგანოები – კომისიები და საბჭოები, განსაზღვროს მათი მოვალეობანი და საქმიანობის წესი. 4. თუ სამინისტროს გამგებლობის სფეროსთვის მიკუთვნებული საკითხი ეხება აგრეთვე სხვა სამინისტროს, მინისტრი გადაწყვეტილებას ათანხმებს შესაბამის მინისტრთან. თანხმობის მიუღწევლობის შემთხვევაში საკითხი განიხილება მთავრობის სხდომაზე. 5. მინისტრი პასუხისმგებელია შესაბამისი ქონების დაცვისა და გამოყენებისათვის და ორგანიზებას უწევს ამ საქმიანობას კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. მინისტრი საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის, მათ შორის მთავრობის დადგენილებების საფუძველზე და მათ შესასრულებლად გამოსცემს ბრძანებებს. მინისტრის ბრძანება შეიძლება იყოს როგორც ნორმატიული, ისე ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი. მინისტრი, რომელიც ხელს აწერს ბრძანებას, პასუხისმგებელია მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობისათვის. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის 26 მარტის კანონი №08-ს - ვებგვერდი, 03.04.2025 წ. |
| მუხლი 21 |
1. მინისტრს უფლებამოსილება უწყდება:
ა) გადადგომისას; ბ) გარდაცვალებისას; გ) მთავრობის თავმჯდომარის მიერ მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში; დ) მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას; ე) მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტისას; ვ) კანონით შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელებისას; ზ) საარჩევნო უფლების დაკარგვისას. 2. მინისტრი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართავს მთავრობის თავმჯდომარეს. მინისტრის გადადგომის ან თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში მთავრობის თავმჯდომარე 2 კვირის ვადაში ნიშნავს მთავრობის წევრს. |
| მუხლი 22 |
1. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები. მინისტრის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობის თავმჯდომარე. მოადგილეთა რაოდენობა განისაზღვრება სამინისტროს დებულებით, ხოლო უფლებამოსილებანი – მინისტრის ბრძანებით, თუ კანონითა და მთავრობის აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. მინისტრის მოადგილე კოორდინაციას უწევს სამინისტროს ცალკეული დარგობრივი სტრუქტურული ერთეულის (ერთეულების) საქმიანობას, ახორციელებს და კონტროლს უწევს მინისტრის ბრძანებების, მითითებებისა და სხვა დავალებების შესრულებას. 3. მინისტრის პირველი მოადგილე მინისტრის არყოფნისას ან მინისტრის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას, აგრეთვე მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში ასრულებს მინისტრის მოვალეობას. 4. მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტისას მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს უფლებამოსილება უწყდებათ ახალი მინისტრის დანიშვნისთანავე. |
| მუხლი 23 |
1. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს შექმნის, გარდაქმნისა და საქმიანობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა.
2. სამინისტროს ტერიტორიული ორგანო წარმოადგენს ამ სამინისტროს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში. 3. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს მმართველობის სფერო, უფლება-მოვალეობანი და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები განისაზღვრება ტერიტორიული ორგანოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი. 4. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, მინისტრის უფლებამოსილების ვადით. |
| მუხლი 24 |
1. განსაკუთრებული მნიშვნელობის ამოცანების შესასრულებლად, აფხაზეთის მთავრობის დადგენილების საფუძველზე, შეიძლება შემოღებულ იქნეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის თანამდებობა.
2. (ამოღებულია - 07.02.2025, № 02-ს). 3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობის თავმჯდომარე. 4. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის უფლებამოსილება და მისი ფარგლები განისაზღვრება ამ კანონითა და მთავრობის შესაბამისი დადგენილებით. 5. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი: ა) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს აღმასრულებელ ხელისუფლებას; ბ) ახორციელებს მინისტრისათვის ამ კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებებს, აგრეთვე საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს; გ) ასრულებს მთავრობისა და მთავრობის თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს; დ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს. 6. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის საქმიანობას უზრუნველყოფს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი, რომლის სტრუქტურასა და საშტატო ნუსხას განსაზღვრავს მთავრობა. 7. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრს უფლებამოსილება უწყდება ამ კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის 7 თებერვლის კანონი N02-ს - ვებგვერდი, 11.02.2025 წ. |
თავი VIII
საქვეუწყებო დაწესებულებები |
| მუხლი 25 |
1. საქვეუწყებო დაწესებულება წარმოადგენს სამინისტროს (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის) გამგებლობაში არსებულ აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებას.
2. საქვეუწყებო დაწესებულება იქმნება, გარდაიქმნება და საქმიანობას წყვეტს ამ კანონის შესაბამისად, ან მთავრობის დადგენილებით. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის 25 ნოემბრის კანონი №17 - ვებგვერდი, 30.11.2020 წ.
|
| მუხლი 26 |
1. საქვეუწყებო დაწესებულება იქმნება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მე-2 მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და შესაბამის სფეროში სახელმწიფოებრივი ამოცანებისა და საჯარო ფუნქციების განსახორციელებლად.
2. (ამოღებულია - 15.12.21, №21). 3. სამინისტროს (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის) საქვეუწყებო დაწესებულების დებულებასა და სტრუქტურას ამტკიცებს მთავრობა შესაბამისი მინისტრის წარდგინებით. 4. საქვეუწყებო დაწესებულება ფინანსდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის 25 ნოემბრის კანონი №17 - ვებგვერდი, 30.11.2020 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი N21-ს - ვებგვერდი, 20.12.2021 წ.
|
| მუხლი 27 |
სამინისტროს (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის) საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელსა და მის მოადგილეებს, შესაბამისი მინისტრის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობის თავმჯდომარე. სამინისტროს (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის) საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი ინიშნება შესაბამისი მინისტრის უფლებამოსილების ვადით, ხოლო სამინისტროს (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის) საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის მოადგილე ინიშნება ამავე საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადით.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის 25 ნოემბრის კანონი №17 - ვებგვერდი, 30.11.2020 წ.
|
თავი IX
მთავრობის წარმომადგენლობები |
| მუხლი 28 |
1. მთავრობის წარმომადგენლობა (შემდგომში – „წარმომადგენლობა“) წარმოადგენს მთავრობის გამგებლობაში არსებულ დაწესებულებას.
2. წარმომადგენლობა იქმნება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გამგებლობას მიკუთვნებულ სფეროში სახელმწიფოებრივი ამოცანებისა და საჯარო ფუნქციების განსახორციელებლად. 3. წარმომადგენლობა იქმნება, გარდაიქმნება და საქმიანობას წყვეტს მთავრობის დადგენილებით. 4. წარმომადგენლობის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას მთავრობა ახორციელებს მთავრობის აპარატის მეშვეობით. 5. წარმომადგენლობის დებულებაზე, რომელსაც მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ვრცელდება ამ კანონის კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები. 6. წარმომადგენლობის საშტატო განრიგსა და სახელფასო ფონდს განსაზღვრავს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი მთავრობასთან შეთანხმებით. 7. წარმომადგენლობის ხელმძღვანელსა და მის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობა. 8. წარმომადგენლობის ხელმძღვანელი თანამდებობაზე ინიშნება მთავრობის უფლებამოსილების ვადით, ხოლო, წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე – წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ვადით. 9. წარმომადგენლობა ფინანსდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან. |
თავი X
სამსახურებრივი ზედამხედველობა |
| მუხლი 29 |
1. სამსახურებრივი ზედამხედველობის მიზანია სამინისტროების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატისა და საქვეუწყებო დაწესებულებების საქმიანობის კანონიერების უზრუნველყოფა.
2. სამსახურებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელი პირი უფლებამოსილია: ა) გასცეს წერილობითი მითითებები გამოცემულ აქტში ან შესრულებულ მოქმედებაში ნაკლოვანების აღმოფხვრის შესახებ; ბ) შეაჩეროს აქტის აღსრულება ან მოქმედების შესრულება; გ) ცნოს აქტი ძალადაკარგულად. 3. სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებისას მთავრობის თავმჯდომარე, მინისტრები და საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელები გამოსცემენ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს. 4. სამსახურებრივი ზედამხედველობა ხორციელდება ქვემდებარეობის წესით. 5. სამსახურებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელი პირი უფლებამოსილია დაქვემდებარებული დაწესებულებებისაგან მოითხოვოს სამართლებრივი აქტები და სხვა დოკუმენტები, თანამდებობის პირებისაგან მიიღოს განმარტებები და დასკვნები. დაქვემდებარებული დაწესებულება ვალდებულია დოკუმენტები, განმარტებები და დასკვნები წარმოადგინოს არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა, თუ სამსახურებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელი პირის მიერ სხვა ვადა არ არის დადგენილი.
6. მთავრობის თავმჯდომარე/მთავრობა უფლებამოსილია გააუქმოს მინისტრების ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები მათი კანონიერების ან მიზანშეუწონლობის მოტივით. |
| მუხლი 30 |
1. მინისტრი ზედამხედველობს სამინისტროს (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის) სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის) მმართველობის სფეროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას. მინისტრი ძალადაკარგულად ცნობს მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების სამართლებრივ აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება კანონმდებლობას.
2. მინისტრი უფლებამოსილია ძალადაკარგულად ცნოს ამ მუხლში მითითებულ თანამდებობის პირთა/ხელმძღვანელთა აქტები და მოქმედებები მათი მიზანშეუწონლობის მოტივით. 3. მინისტრს უფლება აქვს სამინისტროს (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის) თანამდებობის პირების მოქმედებაზე სამსახურებრივი ზედამხედველობა დააკისროს მის პირველ მოადგილეს. 4. სამსახურებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელ პირს უფლება აქვს გასცეს შესასრულებლად სავალდებულო მითითებები აქტის შეცვლის ან მოქმედებაში ნაკლოვანების აღმოფხვრის, ან/და ახალი მოქმედების შესრულების შესახებ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის 25 ნოემბრის კანონი №17 - ვებგვერდი, 30.11.2020 წ.
|
| მუხლი 31 |
1. თანამდებობის პირის აქტი ან მოქმედება შეიძლება ცნობილ იქნეს ძალადაკარგულად მიზანშეუწონლობის მოტივით, თუ აქტი ან მოქმედება აშკარად არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს ან იწვევს შესაბამისი ქონებისა და საბიუჯეტო სახსრების არარაციონალურ გამოყენებას, ან სხვა ხერხით ზიანს აყენებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს.
2. მიზანშეუწონლობის მოტივით არ შეიძლება ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი ან მოქმედება, რომელიც გამოცემულია ან შესრულებულია საჯარო სამსახურის ორგანიზებისას, აგრეთვე სხვა აქტი ან მოქმედება, რომლის გამოცემის ან შესრულების პირობები გამომდინარეობს კანონიდან ან სხვა სამართლებრივი აქტებიდან. |
| მუხლი 32 |
1. სამართლებრივი დავა სამინისტროებსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა დაწესებულებებს შორის წყდება ქვემდებარეობის წესით, თუ კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული დავის გადაწყვეტის სხვა წესი.
2. სამართლებრივ დავას სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის, აგრეთვე სამინისტროს (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის) მმართველობის სფეროში შემავალ საქვეუწყებო დაწესებულებებს შორის წყვეტს მინისტრი. 3. სამართლებრივ დავას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იმ დაწესებულებებს შორის, რომლებიც მმართველობის სხვადასხვა სფეროში შედის, წყვეტენ დაინტერესებული მინისტრები. თანხმობის მიუღწევლობის შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის 25 ნოემბრის კანონი №17 - ვებგვერდი, 30.11.2020 წ.
|
თავი XI
ურთიერთობა უმაღლეს საბჭოსთან |
| მუხლი 33 |
1. მთავრობა, მთავრობის წევრი (შემდგომში – ადრესატი) ვალდებულია უმაღლესი საბჭოს წევრის კითხვაზე გასცეს დროული და სრული პასუხი. წერილობითი პასუხი გაცემული უნდა იქნეს კითხვის მიღებიდან არაუგვიანეს 10 დღისა. შესაბამის პირს კითხვის ავტორთან შეთანხმებით კითხვაზე პასუხის გაცემის ვადა შეიძლება გაუგრძელდეს 5 დღით.
2. კითხვაზე პასუხს ხელს აწერს უმაღლესი საბჭოს წევრის კითხვის ადრესატი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის 25 თებერვლის კანონი №01 - ვებგვერდი, 04.03.2026 წ. |
| მუხლი 34 |
1. უმაღლესი საბჭოს ფრაქციას, უმაღლესი საბჭოს წევრთა არანაკლებ ხუთკაციან ჯგუფს უფლება აქვს, ინტერპელაციის წესით შეკითხვით მიმართოს ადრესატს. ინტერპელაციის წესით დასმული შეკითხვის ადრესატი ვალდებულია პირადად უპასუხოს დასმულ შეკითხვას უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე, აგრეთვე, ადრესატი ვალდებულია შეკითხვაზე წერილობითი პასუხი გადასცეს უმაღლესი საბჭოს აპარატს პლენარული სხდომის ჩატარებამდე არანაკლებ 2 დღისა. შეკითხვაზე პასუხს ხელს აწერს ინტერპელაციის წესით დასმული შეკითხვის ადრესატი.
2. ინტერპელაციის წესით შეკითხვის ადრესატი უმაღლეს საბჭოში წარსდგება, როგორც წესი, ყოველი მორიგი სესიის განმავლობაში პლენარული სხდომის დღეს და უპასუხებს იმ შეკითხვებს, რომლებიც მას გადაეცა აღნიშნულ დრომდე არაუგვიანეს 10 დღისა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის 25 თებერვლის კანონი №01 - ვებგვერდი, 04.03.2026 წ. |
| მუხლი 35 |
1. მთავრობის თავმჯდომარე ვალდებულია წელიწადში ერთხელ, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების ბოლო თვეში უმაღლეს საბჭოს წარუდგინოს მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ. აღნიშნული მოხსენება წერილობითი ფორმით უმაღლეს საბჭოს წარედგინება 1 ივნისამდე.
2. მთავრობის თავმჯდომარის მოხსენებით წარდგომის ზუსტ დროს განსაზღვრავს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი მთავრობის თავმჯდომარესთან შეთანხმებით. |
| მუხლი 36 |
1. მთავრობის ცალკეული წევრი, გარდა მთავრობის თავმჯდომარისა, ვალდებულია წელიწადში არანაკლებ ერთხელ, უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე გააკეთოს მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების შესაბამისი მიმართულების შესახებ (მინისტრის საათი). მოხსენება ასევე უნდა შეეხოს იმ საკითხებს, რომლებიც მინისტრის წინაშე იქნება დასმული.
2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცალკეული წევრების უმაღლესი საბჭოს წინაშე წარდგომის განრიგი განისაზღვრება უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით. |
| მუხლი 37 |
1. მთავრობის წევრი უფლებამოსილია უმაღლეს საბჭოს მიმართოს მოსმენის მიზნით.
2. მთავრობის წევრი ვალდებულია უმაღლესი საბჭოსადმი მიმართვამდე არაუგვიანეს 3 დღისა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს წერილობით წარუდგინოს ის საკითხები, რომლებზედაც მას სურს უმაღლესი საბჭოსადმი მიმართვა. |
| მუხლი 38 |
1. უმაღლეს საბჭოსთან ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შეთანხმების მიზნით მთავრობის თავმჯდომარე ყოველი წლის 15 ივნისამდე წარუდგენს მას ინფორმაციას სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ.
2. მთავრობის თავმჯდომარე არაუგვიანეს 1 ნოემბრისა უმაღლეს საბჭოს წარუდგენს რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტს კანონმდებლობით გათვალისწინებული თანდართული მასალებით (მათ შორის, მოხსენებას მიმდინარე წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ) და რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამისი პრიორიტეტების დოკუმენტს. |
| მუხლი 39 |
1. ყოველი კვარტალის დასრულებიდან 1 თვის ვადაში მთავრობა უმაღლეს საბჭოს წარუდგენს რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ მიმოხილვას ნაზარდი ჯამით. 2. რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს მთავრობა უმაღლეს საბჭოს წარუდგენს საბიუჯეტო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა. |
| მუხლი 40 |
ამ თავთან დაკავშირებული სხვა საკითხები წესრიგდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტითა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. |
თავი XII
გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი |
| მუხლი 41 |
1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ 2004 წლის 30 ნოემბრის №4 აფხაზეთის კანონი (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე, №4, 30.11.2004 წელი, მუხ.7).
2. ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ 2004 წლის 30 ნოემბრის №4 აფხაზეთის კანონის საფუძველზე მიღებული (გამოცემული) სამართლებრივი აქტები ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას ამ კანონის შესაბამისად ახალი სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე. 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. |
25 მარტი 2020 წ. ქ. თბილისი N03 - ს |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები