დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო დაწესებულებებში საქმიანობის განსაკუთრებულ ღონისძიებათა განსაზღვრის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 529 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 12/03/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/03/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.025806 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (04/05/2021 - 29/03/2022)
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №529
2020 წლის 12 მარტი
ქ. თბილისი
ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო დაწესებულებებში საქმიანობის განსაკუთრებულ ღონისძიებათა განსაზღვრის შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების აღსაკვეთად მის წინააღმდეგ ერთიანი ღონისძიებების განხორციელების მიზნით:
1. სამსახურში არ გამოცხადდეს საჯარო დაწესებულების ის თანამშრომელი (სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი, პოლიტიკური თანამდებობის პირი, სახელმწიფო მოსამსახურე, საჯარო მოსამსახურე, მათ შორის, პროფესიული საჯარო მოხელე, შრომითი ან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი):
ა) რომელიც ამ განკარგულების ძალაში შესვლამდე ბოლო 7 კალენდარული დღის განმავლობაში იმყოფებოდა „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებით განსაზღვრულ ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებში ან მოემგზავრება ასეთი ქვეყნების გავლით − საქართველოში დაბრუნებიდან 2 კვირის განმავლობაში;
ბ) რომელიც ამ განკარგულების ძალაში შესვლის დროისთვის ან შემდეგ იმყოფება ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ქვეყანაში და დაბრუნდება საქართველოში − საქართველოში დაბრუნებიდან 2 კვირის განმავლობაში;
გ) რომელსაც კონტაქტი ჰქონდა იმ პირთან, რომელსაც დაუდასტურდა ახალი კორონავირუსი.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულმა პირმა:
ა) ამავე განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული 2-კვირიანი პერიოდი გაატაროს თვითიზოლაციის წესების დაცვით;
ბ) სამსახურში გამოუცხადებლობის მიზეზისა და რისკჯგუფში შემავალ პირთან კონტაქტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს დამსაქმებელი დაწესებულების უფლებამოსილ სამსახურს/თანამდებობის პირს და გადავიდეს თვითიზოლაციის რეჟიმში;
გ) შესაძლებლობის შემთხვევაში, სამუშაო შეასრულოს დისტანციურად, უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული დავალებების შესაბამისად.
3. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელებმა უზრუნველყონ მათ დაქვემდებარებულ საჯარო დაწესებულებებსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში (მათ შორის, შენობა-ნაგებობებში) ჯანმრთელობის დაცვის პროტოკოლების, რეკომენდაციებისა და ჰიგიენის წესების დაცვა.
4. შეიზღუდოს სამსახურებრივი მივლინებები, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა.
41. ამ განკარგულების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე.
5. დასაქმებულმა პირებმა მწვავე რესპირაციული დაავადების სიმპტომის არსებობის შემთხვევაში, მიმართონ ექიმს, აგრეთვე აცნობონ დაწესებულებებში ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ სამსახურს/თანამდებობის პირს, თუ საჭიროა თვითიზოლაციის რეჟიმში გადასვლა.
6. ეპიდემიური საფრთხის შემცირებამდე:
ა) შეიზღუდოს დაწესებულების მიერ საჯარო ღონისძიებების ორგანიზება გარეშე პირთა მონაწილეობით;
ბ) დაწესებულებების ხელმძღვანელებმა უზრუნველყონ დაწესებულებებში გარეშე პირთა დაშვებისა და გადაადგილების მაქსიმალური შეზღუდვა/რეგულირება;
გ) საჯარო დაწესებულებების ხელმძღვანელებმა განსაზღვრონ დაწესებულებების თანამშრომლების ის ნაწილი, რომელიც დროებით გადავა დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე (კერძოდ, ის თანამშრომლები, რომელთა საქმიანობაც განსაკუთრებულად არ საჭიროებს სამუშაო ადგილზე ყოფნას და დისტანციურად შეასრულებენ სამუშაოს).
შენიშვნა: დისტანციურ სამუშაო რეჟიმში გადასვლა არ ნიშნავს სამუშაო საათების შემცირებას ან თანამშრომელთა შვებულებაში ყოფნას. საჭიროების შემთხვევაში, დისტანციურ სამუშაო რეჟიმში გადასული თანამშრომელი სამსახურში მოთხოვნისთანავე, დაუყოვნებლივ (არაუგვიანეს 1 საათისა) უნდა გამოცხადდეს. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირს უნარჩუნდება შრომის ანაზღაურება.
7. საბიუჯეტო ორგანიზაციებმა/დაწესებულებებმა/უწყებებმა უზრუნველყონ, ამ განკარგულების გათვალისწინებით, შიდაუწყებრივი სხვა დამატებითი ღონისძიებების განსაზღვრა, ასეთი საჭიროების შემთხვევაში.
8. მიეცეს რეკომენდაცია ყველა პირს, მათ შორის, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, იხელმძღვანელონ ამ განკარგულებით გათვალისწინებული დებულებებით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია
დოკუმენტის კომენტარები