დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და მათი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 17/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 05/02/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/02/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220090000.18.011.016433 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
პირველადი სახე (06/02/2020 - 19/03/2021)
|
ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და ამავე ორგანული კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების თანდართული წესი. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები |
1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მიერ ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების საკითხებს.
2. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიმართ გამოიყენოს სხვადასხვა სახის სანქცია, მათ შორის, დააკისროს ამ წესით დადგენილი ფულადი ჯარიმები, თუ ვალუტის გადამცვლელმა პუნქტმა ან/და ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ფილიალმა: ა) დაარღვია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მოთხოვნები ან/და არ შეასრულა წერილობითი მითითებები ან/და მოთხოვნები; ბ) დაარღვია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით, მის საფუძველზე ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტებით, წერილობითი მითითებებით და შემოწმების შედეგად განსაზღვრული მოთხოვნები, ასევე სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის (შემდგომში – ფინანსური მონიტორინგის სამსახური) მითითებები. 3. ვალუტის გადამცვლელი პუნქტისათვის ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით, რომელშიც მითითებული იქნება მისი აღსრულების წესი. 4. ჯარიმა გადახდილი უნდა იქნეს დაჯარიმების შესახებ განკარგულების ასლის ან „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული ელექტრონული წესით განკარგულების მხარისათვის ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. 5. ვალუტის გადამცვლელი პუნქტისათვის ფულადი ჯარიმის დაკისრების იძულებითი აღსრულება ხორციელდება ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. 6. ვალუტის გადამცვლელი პუნქტისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დაკისრებული ფულადი ჯარიმის იძულებით აღსასრულებლად მიქცევა ხდება კანონიერ ძალაში შესული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 7. ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ გადახდილი ფულადი ჯარიმის თანხა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მიიმართება. 8. ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაციის გაუქმება პირს არ ათავისუფლებს დაკისრებული ფულადი ჯარიმის გადახდისაგან. |
მუხლი 2.
ფულადი ჯარიმების ოდენობები |
1. ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიმართ გამოიყენოს ფულადი ჯარიმები შემდეგი ოდენობებით:
ა) ვალუტის გადამცვლელი პუნქტი დაჯარიმდება 2,000 (ორი ათასი) ლარით, თუ პუნქტის/ფილიალის მიერ დაირღვა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 28 თებერვლის №37/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესით“ განსაზღვრული შემდეგი მოთხოვნები და ვალდებულებები: ა.ა) მე-3 მუხლით განსაზღვრული სარეგისტრაციო პირობები; ა.ბ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტითა და 71 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომხმარებელთა ინფორმირებასთან დაკავშირებული ვალდებულებები; ა.გ) მე-8 მუხლით განსაზღვრული პუნქტის/ფილიალის ვიდეომეთვალყურეობის სისტემასთან დაკავშირებული ვალდებულებები; ა.დ) წესით განსაზღვრული სხვა ვალდებულებები. ბ) ეროვნული ბანკის მიერ ფულადი ჯარიმის დაკისრებიდან ერთი წლის განმავლობაში ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“, „ა.ბ“, „ა.გ“ ან/და „ა.დ“ ქვეპუნქტებში მითითებული მოთხოვნების/ვალდებულებების განმეორებით დარღვევა გამოიწვევს ვალუტის გადამცვლელი პუნქტის დაჯარიმებას 5,000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო მრავალჯერადად დარღვევის შემთხვევაში – ვალუტის გადამცვლელი პუნქტის დაჯარიმებას 5,000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით; გ) ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ კვარტალური ანგარიშგების დადგენილ ვადაში ან/და დადგენილი ფორმით წარუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 1,000 (ათასი) ლარის ოდენობით; დ) ვალუტის გადამცვლელ პუნქტთან და მის საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის დოკუმენტაციისა და ინფორმაციის დადგენილ ვადებში ეროვნულ ბანკში წარუდგენლობის ან/და არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის ან/და წერილობითი მითითების/მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის თითოეულ შემთხვევაში – 1,000 (ათასი) ლარის ოდენობით. ვალუტის გადამცვლელ პუნქტთან და მის საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის დოკუმენტაციისა და ინფორმაციის დადგენილ ვადებში ეროვნულ ბანკში განმეორებით წარუდგენლობის ან/და არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის ან/და წერილობითი მითითების/მოთხოვნის განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევაში – 10,000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით. 2. ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიმართ გამოიყენოს ფულადი ჯარიმები შემდეგი ოდენობებით: ა) დადგენილ ვადებში ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აღრიცხვის ფორმის წარუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას – 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით; ბ) ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის ბრძანებით ან განკარგულებით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ, გარდა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ინფორმაციის ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის დადგენილი ვადის დაუცველად, დაგვიანებით წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში, დარღვევის თითოეულ ფაქტზე: ბ.ა) 5 დღემდე დაგვიანებისათვის – 100 (ასი) ლარის ოდენობით; ბ.ბ) 5 და მეტი დღით დაგვიანებისათვის – 300 (სამასი) ლარის ოდენობით; გ) ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის ბრძანებით ან განკარგულებით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ, გარდა საეჭვო ოპერაციის (გარიგების), ინფორმაციის ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარუდგენლობის ან არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში – 1,000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; დ) ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის ბრძანებით ან განკარგულებით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისთვის საეჭვო ან/და უჩვეულო ოპერაციასთან (გარიგებასთან) დაკავშირებული შესაბამისი ღონისძიებების განუხორციელებლობის შემთხვევაში – 3,000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ე) ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის ბრძანებით ან განკარგულებით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულებით გათვალისწინებული ანგარიშგების ერთი ფორმით ორი ან მეტი მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციის (გარიგების) შესახებ ინფორმაციის წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში – 1,000 (ათასი) ლარის ოდენობით, მონიტორინგს დაქვემდებარებულ თითოეულ ოპერაციაზე (გარიგებაზე); ვ) ნებისმიერი პირის (მისი წარმომადგენლის და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება იდება (ოპერაცია სრულდება) მესამე პირის სასარგებლოდ) ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციის გარეშე მომსახურების გაწევის გამოვლენის შემთხვევაში – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ზ) იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის პროცედურებით გათვალისწინებული შესაბამისი ზომების განხორციელების გარეშე ნებისმიერი პირისათვის მომსახურების გაწევის შემთხვევაში – 10,000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ პირთან მიმართებაში; თ) პოლიტიკურად აქტიურ პირთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში – 10,000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ასეთ პირთან მიმართებაში; ი) ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვისა და შენახვისათვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; კ) ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის ბრძანებით ან განკარგულებით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაციისა და დოკუმენტების დადგენილი ვადის დაუცველად წარდგენის შემთხვევაში, დარღვევის თითოეულ ფაქტზე: კ.ა) 5 დღემდე დაგვიანებისათვის – 100 (ასი) ლარის ოდენობით; კ.ბ) 5 და მეტი დღით დაგვიანებისთვის – 300 (სამასი) ლარის ოდენობით; ლ) ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის ბრძანებით ან განკარგულებით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაციისა და დოკუმენტების წარუდგენლობის ან არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში – 1,500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; მ) გარიგების (ოპერაციის) აღსრულების შეჩერების თაობაზე ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითების შეუსრულებლობისთვის – 5,000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ნ) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის შუამდგომლობის საფუძველზე ყადაღის დადების შესახებ სასამართლო ბრძანების შეუსრულებლობის შემთხვევაში – 10,000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ო) ვალუტის გადამცვლელი პუნქტი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ორგანიზაციის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისათვის შიდა კონტროლისა და მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებას, ასევე პროცედურებისა და წესების მიღებას ან/და დაცვას, ან/და ეროვნული ბანკის წერილობითი მითითებების ან/და ეროვნული ბანკის მიერ შემოწმების შედეგად განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებას, დაჯარიმდება – 5,000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით; პ) ვალუტის გადამცვლელი პუნქტის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების ეროვნული ბანკისთვის დადგენილი ფორმით ან/და დადგენილ ვადებში წარუდგენლობის ან/და არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში – 1,000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ჟ) ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმების პროცესში ეროვნული ბანკისთვის ინფორმაციის მოთხოვნილი ფორმით ან ვადებში წარუდგენლობის ან/და არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში – 1,000 (ათასი) ლარის ოდენობით, წერილში მითითებულ თითოეულ მოთხოვნაზე; რ) ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმების პროცესში ეროვნული ბანკისთვის ინფორმაციის მოთხოვნილი ფორმით ან ვადებში განმეორებით წარუდგენლობის ან/და არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში – 10,000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, წერილში მითითებულ თითოეულ მოთხოვნაზე; ს) ვალუტის გადამცვლელ პუნქტთან და მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ნებისმიერი სახის დოკუმენტაციისა და ინფორმაციის დადგენილ ვადებში ეროვნულ ბანკში წარუდგენლობის ან/და არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის ან/და წერილობითი მითითების შეუსრულებლობისთვის თითოეულ შემთხვევაში – 1,000 (ათასი) ლარის ოდენობით; ტ) ვალუტის გადამცვლელ პუნქტთან და მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ნებისმიერი სახის დოკუმენტაციისა და ინფორმაციის დადგენილ ვადებში ეროვნულ ბანკში განმეორებით წარუდგენლობის ან/და არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის ან/და წერილობითი მითითების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევაში – 10,000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით; უ) შესაბამისი პროგრამული (ელექტრონული) სისტემის არქონის ან/და ოპერაციების (გარიგების) აღრიცხვასთან და შენახვასთან დაკავშირებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში – 20,000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები