შრომის პირობების ინსპექტირების 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

შრომის პირობების ინსპექტირების 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 668
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/12/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 08/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 270220000.10.003.021695
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
668
31/12/2019
ვებგვერდი, 31/12/2019
270220000.10.003.021695
შრომის პირობების ინსპექტირების 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (31/12/2019 - 21/12/2020)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №668

2019 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

შრომის პირობების ინსპექტირების 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსისა“ და საქართველოს ორგანული კანონის „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ გათვალისწინებით, დამტკიცდეს თანდართული „შრომის პირობების ინსპექტირების 2020 წლის სახელმწიფო პროგრამა“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.

 


პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია



შრომის პირობების ინსპექტირების 2020 წლის სახელმწიფო პროგრამა

მუხლი 1. პროგრამის მიზანი და ამოცანები

1. შრომის პირობების ინსპექტირების 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში − პროგრამა) მიზანია, დაეხმაროს დამსაქმებელს, უზრუნველყოს:

ა) შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვა;

ბ) დასაქმებულისთვის სამუშაო ადგილებზე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი გარემოებების შემცირება ან/და აღმოფხვრა;

გ) შრომის ბაზარზე შრომის კანონმდებლობისა და  შრომის უსაფრთხოების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის შესწავლა;

დ) შრომის დაცვის ნორმების გაუმჯობესება/სრულყოფა და ამის საფუძველზე, ობიექტების შემოწმებით დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი ურთიერთობების გაუმჯობესება.

2. პროგრამის ამოცანებია:

ა) შრომის კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია;

ბ) გამოვლენილ დარღვევებზე დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლება, ინფორმირება და კონსულტირება;

გ) იძულებითი შრომის პრევენციის მიზნით, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საფრთხეების შესახებ დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლება;

დ) შრომის დაცვის ნორმების გაუმჯობესების/სრულყოფის მიზნით, სტანდარტების შემუშავება/გადასინჯვა.

მუხლი 2. პროგრამის სამიზნე ჯგუფი

1. პროგრამის სამიზნე ჯგუფი შედგება ორი მიმართულებისაგან – შრომითი უფლებების მიმართულება და შრომის უსაფრთხოების მიმართულება.

2. შრომითი უფლებების მიმართულებით სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ დამსაქმებლები, რომლებმაც შრომის კანონმდებლობის დარღვევის პრევენციის მიზნით, თანხმობა განაცხადეს ან/და ინტერესი გამოხატეს ამ პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით და დასაქმებულები, რომლებიც მუშაობენ ამ დამსაქმებლებთან.

3. შრომის უსაფრთხოების მიმართულებით პროგრამის სამიზნე ჯგუფს  წარმოადგენენ დამსაქმებლები, რომლებსაც აქვთ ან შესაძლოა, ჰქონდეთ ობიექტებზე შრომის უსაფრთხოების დარღვევის ფაქტ(ებ)ი და დასაქმებულები, რომლებიც მუშაობენ ამ დამსაქმებლებთან.

4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტის შესაბამისად, ინსპექტირების განმახორციელებელი არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი (შემდგომში − შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის შემოწმების განმახორციელებელი სამსახური).

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის შემოწმების განმახორციელებელი სამსახურის მიერ მოხდება სარეკომენდაციო ხასიათის ინსპექტირება, რომლის თაობაზე ინსპექტირების განმახორციელებელი 5 დღით ადრე აცნობებს დამსაქმებელს.

6. ინსპექტირების განხორციელების ხანგრძლივობა და წესი დამოკიდებულია დასაქმებულთა ოდენობაზე, ინსპექტირების ობიექტის ზომაზე, საქმიანობის ტიპზე და განისაზღვრება „ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ობიექტებზე შესვლისა და შემოწმების (ინსპექტირების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად.

7. ინსპექტირების განხორციელებიდან გონივრული ვადის გასვლის შემდეგ, შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის შემოწმების განმახორციელებელი სამსახური ახორციელებს შრომის პირობების რემონიტორინგს, რომლის ხანგრძლივობაც არ უნდა აღემატებოდეს თავდაპირველი ინსპექტირების ვადას.

8. ამ პროგრამის მიზნებისთვის, რემონიტორინგი გულისხმობს პირველადი ინსპექტირების განხორციელების დროს, ინსპექტორების მიერ გაცემული მითითებების შესრულებაზე მონიტორინგის განხორციელებას.

9. ამ პროგრამის შესაბამისად, ინსპექტირების განხორციელების, რიგითობისა და ვადების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

10. ამ პროგრამის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებიდან გამომდინარე:

ა) დამსაქმებელს ეკისრება ვალდებულება, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი  ინსპექტორებს თავიანთი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში (კერძოდ, ობიექტზე დაშვება, თავისუფალი გადაადგილება და დასაქმებულებთან შეხვედრა/გასაუბრება, საჭირო დოკუმენტებისა და ინფორმაციის წარდგენა;

ბ) დამსაქმებელი უფლებამოსილია:

ბ.ა) მოითხოვოს ინფორმაცია ინსპექტირების მიმდინარეობის შესახებ;

ბ.ბ) მოითხოვოს სოციალური პარტნიორის წარმომადგენლის დასწრება შრომითი უფლებების მიმართულებით ინსპექტირების მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე;

ბ.გ) გაეცნოს ინსპექტორის მიერ მომზადებულ დასკვნას შრომის პირობების დარღვევის შესახებ;

ბ.დ) წერილობით დააფიქსიროს შენიშვნები/მოსაზრებები ინსპექტირების განხორციელების პროცესისა და მომზადებული დასკვნის შესახებ;

ბ.ე) მიმართოს ინსპექტორს რეკომენდაციებისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებულ შრომის პირობების დაცვის საკითხებთან დაკავშირებით;

ბ.ვ) მიმართოს შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის შემოწმების განმახორციელებელ სამსახურსა და შესაბამის ორგანოებს, ინსპექტორის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევაში.

11. შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის შემოწმების განმახორციელებელი სამსახური ინსპექტირებას ახორციელებს მისი უფლებამოსილების ფარგლებში ამ დადგენილებისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად, იმგვარად, რომ გონივრულ ფარგლებში არ დაარღვიოს დამსაქმებლის საქმიანობის ჩვეული რიტმი.

12. შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის შემოწმების განმახორციელებელი სამსახური იცავს პროფესიული, კომერციული და პერსონალური მონაცემების საიდუმლოებასა და კონფიდენციალურობას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 3. პროგრამის ღონისძიებები

1. პროგრამის ღონისძიებებია:

ა) შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესწავლა, დარღვევების გამოვლენა და მათი აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი ქმედებების განხორციელება;

ბ) შრომის უსაფრთხოების ნორმების შესრულებაზე მონიტორინგი, დარღვევების გამოვლენა და მათი აღმოფხვრის ან/და მინიმუმამდე დაყვანის მიზნით ღონისძიებების გატარება;

გ) ანგარიშების/დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება,  რისი შესაძლო გასაჯაროების შესახებ დამსაქმებელს ინფორმაცია უნდა მიეწოდოს ინსპექტირების პროცესის დაწყებამდე;

დ) დამსაქმებლის ან/და დასაქმებულთა კონსულტირება;

ე) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საფრთხეების შესახებ დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლების მიზნით  შესაბამისი ღონისძიებების გატარება;

ვ) ანალიზის საფუძველზე, შრომის კანონმდებლობის სტანდარტების შემუშავება/გადასინჯვა და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი წინადადებების მომზადება;

ზ) ადგილობრივი, დონორი და საერთაშორისო ექსპერტების/ორგანიზაციების დახმარებით ინსპექტორების ტრენინგი;

თ) საჭიროების შემთხვევაში, პროგრამის ეფექტიანად განხორციელებისა და შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის შემოწმების განმახორციელებელი სამსახურის სრულფასოვანი ფუნქციონირების მიზნით, თარგმნის მომსახურების, ავტომობილების, მზომი ხელსაწყოების, სპეცტანსაცმლისა და სპეცფეხსაცმლის, კომპიუტერული მოწყობილობების, სხვა შესაბამისი აღჭურვილობის, საინფორმაციო კამპანიებსა და ღონისძიებების ორგანიზებასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვა;

ი) საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო/ადგილობრივი საექსპერტო ორგანიზაციების (ექსპერტების) მიერ ადგილობრივ საწარმოებში/დაწესებულებებში შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვისა და ტექნიკური მდგომარეობის შესწავლის მიზნით, ექსპერტიზის ჩასატარებლად შესყიდვის განხორციელება;

კ) პროგრამის ადმინისტრირება (მათ შორის, პროგრამის ფარგლებში დასაქმებულ პირთათვის შესაბამისი სოციალური უზრუნველყოფის გაწევა).

2. ინსპექტირების განხორციელების პროცესში ინსპექტორის მიერ შესაძლებელია, შეივსოს ანკეტა, რომლის ფორმას შეიმუშავებს ზედამხედველი ორგანო და მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. ინსპექტორის მიერ შედგენილი დასკვნა უნდა შეიცავდეს:

ა) ინფორმაციას ობიექტის შესახებ (სახელწოდება, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია, ინფორმაცია ხელმძღვანელის/წარმომადგენლის შესახებ, საქმიანობის სფერო);

ბ) ინფორმაციას ინსპექტირების განმახორციელებელი პირ(ებ)ის შესახებ;

გ) ინფორმაციას ინსპექტირების ჩატარების თარიღის შესახებ;

დ) ინფორმაციას ხელისშემშლელი ფაქტორების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) ინფორმაციას შრომის პირობების დარღვევის შესახებ არსებული შესაბამისი ნორმატიული აქტების, სტანდარტებისა და რეგლამენტების მითითებით;

ვ) რეკომენდაციებს მათი აღმოფხვრის შესახებ;

ზ) ინსპექტორ(ებ)ის ხელმოწერასა და თარიღს;

თ) დამსაქმებლის უფლებამოსილი ხელმძღვანელი პირის ხელმოწერას.

4. ინსპექტორის მიერ შედგენილ დასკვნას შესაძლებელია, ერთოდეს დამსაქმებლის წერილობითი შენიშვნები/მოსაზრებები ინსპექტირების განხორციელების პროცესისა და მომზადებული დასკვნის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

მუხლი 4. პროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსების წყარო

1. პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 3 210 000 (სამი მილიონ ორას ათი ათასი) ლარით.

2. პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების (მათ შორის, პროგრამის ადმინისტრირების ხარჯების) დაფინანსება ხორციელდება  „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმების პროგრამისათვის“ (პროგრამული კოდი: 27 05) გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში.

მუხლი 5. პროგრამის შესრულების ინდიკატორები

პროგრამის შესრულების ინდიკატორებია:

ა) პროგრამაში ჩართულ დამსაქმებელთა და მათ მიერ დასაქმებულთა რაოდენობა;

ბ) გამოვლენილი დარღვევების სტატისტიკური და თემატური ანალიზი;

გ) შენიშვნები, რეკომენდაციები და, საჭიროების შემთხვევაში, საკანონმდებლო ინიციატივები.

მუხლი 6. პროგრამის განმახორციელებელი

1. პროგრამის განმახორციელებელია სამინისტროს ცენტრალური აპარატი.

2. პროგრამის განხორციელების მიზნებისთვის, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.

3. ამ პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის  „ზ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.