საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5611-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 19/12/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 040030000.05.001.019705
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
5611-რს
19/12/2019
ვებგვერდი, 24/12/2019
040030000.05.001.019705
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (05/01/2021 - 09/06/2021)

 

საქართველოს კანონი

 
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ

მუხლი 1. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის (შემდგომ − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“) შექმნა, მისი საქმიანობის ძირითადი პრინციპების, ამოცანებისა და ფუნქციების განსაზღვრა.

მუხლი 2. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის სამართლებრივი სტატუსი

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ არის ამ კანონით დაფუძნებული, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

მუხლი 3. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, ეს კანონი, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის (შემდგომ – მინისტრი)  სამართლებრივი აქტები.

მუხლი 4. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ამოცანები და ფუნქციები

1. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ამოცანებია:

ა) გადაუდებელი დახმარების ოპერატიული და ეფექტიანი მართვის მიზნით საგანგებო სიტუაციებსა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში ერთიანი სატელეფონო ნომრის − „112“-ის საშუალებით შეტყობინებების მიღება;

ბ) ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენის, დანაშაულის მცდელობის ფაქტისა და სამართალდარღვევის ჩადენის დაფიქსირებისა და მათზე სათანადო რეაგირებისთვის 24-საათიანი, უწყვეტი ვიდეომეთვალყურეობის განხორციელება;

გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კერძო დაცვითი საქმიანობის ლიცენზიის გაცემა და აღნიშნული საქმიანობის კონტროლი.

2. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ფუნქციებია:

ა) უფლებამოსილ სუბიექტებთან ერთად საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების გაწევის აუცილებლობის სხვა შემთხვევების ოპერატიული და ეფექტიანი მართვა და ამ მიზნით აღნიშნულ სუბიექტებთან კოორდინირებული საქმიანობის უზრუნველყოფა;

ბ) საგანგებო სიტუაციის, დანაშაულის/სამართალდარღვევის ჩადენისა და გადაუდებელი დახმარების გაწევის აუცილებლობის სხვა შემთხვევის შესახებ შეტყობინების მიღება, დამუშავება და მასზე სათანადო რეაგირებისთვის ინფორმაციის შესაბამისი სუბიექტებისათვის მიწოდება;

გ) ვიდეოანალიტიკური პროგრამების მეშვეობით ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 24-საათიანი, უწყვეტი ვიდეომეთვალყურეობის უზრუნველყოფა და ვიდეომეთვალყურეობის ერთიანი სისტემის მუდმივი განვითარება;

დ) პოლიციის საჭიროებებიდან გამომდინარე, ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დაგეგმვა, ავტომატური ფოტო- და ვიდეოტექნიკისა და რადარების დამონტაჟება/განთავსება და ვიდეომეთვალყურეობის სისტემაში ჩართვა;

ე) კომპეტენციის ფარგლებში ავტომატური ფოტო- და ვიდეოტექნიკისა და რადარების დამონტაჟებისთვის/განთავსებისთვის და ექსპლუატაციისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულების მონიტორინგი;

ვ) ვიდეომეთვალყურეობის შედეგად დანაშაულის ჩადენის/დანაშაულის მცდელობის ფაქტის დაფიქსირება, ძებნილი პირებისა და ავტომობილების აღმოჩენა, აგრეთვე ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დაფიქსირება;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში და დადგენილი წესით ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელება;

თ) „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კერძო დაცვითი საქმიანობის ლიცენზიის გაცემა და აღნიშნული საქმიანობის კონტროლი;

ი) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული წესით შესაბამისი მომსახურების განხორციელება;

კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

3. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის სხვა ფუნქციები და უფლებამოსილებები განისაზღვრება საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.

4. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის საქმიანობის სფეროსთვის მიკუთვნებული საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების გაწევის აუცილებლობის სხვა შემთხვევები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

5. მინისტრი უფლებამოსილია ამ კანონით გათვალისწინებულ საკითხებზე გამოსცეს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

მუხლი 5. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მომსახურების საფასური და მისი განაკვეთი

1. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მომსახურების საფასურის (შემდგომ – საფასური) გადამხდელები არიან ფიქსირებული გეოგრაფიული ან არაგეოგრაფიული ზონის აბონენტი და მობილური სატელეფონო მომსახურების მიმღები აბონენტი (შემდგომ – აბონენტი).

2. ფიქსირებული გეოგრაფიული ან არაგეოგრაფიული ზონის აბონენტის სააბონენტო ნომერზე ყოველ კალენდარულ თვეში, მიუხედავად აბონენტად გახდომის რიცხვისა, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიძლება დაწესდეს საფასური 0.20-დან 0.50 ლარამდე.

3. მობილური სატელეფონო მომსახურების მიმღები აბონენტის სააბონენტო ნომერზე ყოველ კალენდარულ თვეში, მიუხედავად აბონენტად გახდომის რიცხვისა, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიძლება დაწესდეს საფასური 0.20-დან 0.50 ლარამდე.

4. ფიქსირებული გეოგრაფიული ან არაგეოგრაფიული ზონის აბონენტის  სააბონენტო ნომერზე საფასური გადაიხდევინება:

ა) სააბონენტო ნომერზე, რომელსაც ერიცხება სააბონენტო გადასახდელი და რომელიც კალენდარული თვის განმავლობაში ერთხელ მაინც იყო ორმხრივად ჩართული;

ბ) სააბონენტო ნომერზე, რომელსაც არ ერიცხება სააბონენტო გადასახდელი, მაგრამ რომლითაც კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელდა ფასიანი მომსახურების შეძენა ან ფასიანი მომსახურებით სარგებლობა;

გ) სატელეკომუნიკაციო მომსახურების პაკეტის შეძენისას ან პაკეტით სარგებლობისას, თუ ამ პაკეტით მიწოდებული სააბონენტო ნომრის მეშვეობით კალენდარული თვის განმავლობაში მოხდა ფასიანი მომსახურების შეძენა ან ფასიანი მომსახურებით სარგებლობა.

5. ამ მუხლის მე‑3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საფასური გადაიხდევინება თითოეულ სააბონენტო ნომერზე, რომლითაც კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელდა ჯამში 5 ლარზე მეტი ღირებულების მომსახურების შეძენა ან მომსახურებით სარგებლობა.

6. საფასური არ გადაიხდევინება იმ სააბონენტო ნომერზე, რომელიც საკონტროლო‑სალარო აპარატში გამოიყენება.

7. სააბონენტო ნომრის პორტირების შემთხვევაში მას საფასური პორტირებამდე პერიოდისა და პორტირების შემდგომი პერიოდისთვის ცალ‑ცალკე დაერიცხება.

8. საფასურის განაკვეთი და მისი გადახდის დეტალური წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

საქართველოს 2021 წლის 5 იანვრის  კანონი №78 – ვებგვერდი, 06.01.2021წ.

მუხლი 6. საფასურის გადახდის წესი

1. საფასურის ამოღებას უზრუნველყოფს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი პირი (შემდგომ – მომსახურების მიმწოდებელი) საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

2. მომსახურების მიმწოდებლის მიერ მისთვის ამ კანონით  დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას აკონტროლებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.

3. მომსახურების მიმწოდებლის მიერ მისთვის ამ კანონით  დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია.

მუხლი 7. საფასურის გადახდისაგან გათავისუფლება

1. ამ კანონის მე-5 მუხლის მე‑2 პუნქტით დადგენილი საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ს არ აღემატება.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო ვალდებულია უზრუნველყოს მომსახურების მიმწოდებლისთვის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ხელმისაწვდომობა და მას პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნულ ბაზაში სოციალურად დაუცველი ოჯახების/პირების დამატების ან სტატუსის გაუქმების შესახებ.

3. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლება წარმოეშობათ ან უუქმდებათ აღნიშნულ ბაზაში რეგისტრაციის ან რეგისტრაციის გაუქმების თვის მომდევნო თვიდან.

მუხლი 8. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის სტრუქტურა

1. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ შედგება სტრუქტურული ერთეულებისგან.

2. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების კომპეტენცია განისაზღვრება საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.

მუხლი 9. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მართვა და წარმომადგენლობა

1. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს ხელმძღვანელობს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დირექტორი (შემდგომ – დირექტორი), რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დირექტორი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ერთპიროვნულად უძღვება საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს და პერსონალურად აგებს პასუხს მისი საქმიანობის სწორად წარმართვისათვის.

3. დირექტორი:

ა) წყვეტს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის გამგებლობის სფეროსთვის მიკუთვნებულ საკითხებს; მოქმედებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის სახელით;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს საერთაშორისო და სხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობებში;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს − ბრძანებას;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მოსამსახურეებს და ახორციელებს მათი საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;

ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ქონებასა და სახსრებს;

ვ) სამინისტროსთან შეთანხმებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ბიუჯეტს, საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდს;

ზ) განსაზღვრავს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შინაგანაწესს;

თ) მინისტრსა და კურატორ მინისტრის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს;

ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. დირექტორს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომელსაც (რომლებსაც) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე (თანამდებობებზე) ნიშნავს და თანამდებობიდან (თანამდებობებიდან) ათავისუფლებს დირექტორი.

5. დირექტორის მოადგილის (მოადგილეების) უფლებამოსილებები განისაზღვრება საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.

მუხლი 10. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ქონება

1. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ქონება შედგება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისთვის სახელმწიფოს, ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ გადაცემული ქონებისგან, აგრეთვე მის მიერ საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისგან.

2. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ქონება შედგება ძირითადი საბრუნავი საშუალებებისგან, სხვა მატერიალური ფასეულობებისა და ფინანსური რესურსებისგან, რომლებიც აისახება საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დამოუკიდებელ ბალანსზე.

მუხლი 11. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დაფინანსება

1. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დაფინანსების წყაროებია:

ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) (ამოღებულია - 15.07.2020, 6940);

გ) საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მომსახურების საფასური;

დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;

ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მომსახურების სახეებს, საფასურსა და ვადებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები სრულად ხმარდება საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას და სამინისტროს სისტემის განვითარებას.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6940-რს – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

მუხლი 12. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის სახელმწიფო კონტროლი

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.

მუხლი 13. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის საქმიანობის შეწყვეტისა და მისი ლიკვიდაციის წესი

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის საქმიანობის შეწყვეტა და მისი ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 14. გარდამავალი დებულებანი

1. რეორგანიზებულ იქნეს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „112“ (შემდგომ – „112“) და სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების ცენტრი (დეპარტამენტი) (შემდგომ – ერთობლივი ოპერაციების ცენტრი) და მათი ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების ბაზაზე შეიქმნას საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“.

2. „112“-ისა და ერთობლივი ოპერაციების ცენტრის უფლებამონაცვლედ ჩაითვალოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“.

3. კერძო დაცვითი საქმიანობის ლიცენზიის გაცემისა და კერძო დაცვითი საქმიანობის კონტროლის ფუნქციები გადაეცეს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს და იგი კერძო დაცვითი საქმიანობის ლიცენზიის გაცემის მიმართულებით ჩაითვალოს სამინისტროს უფლებამონაცვლედ, ხოლო კერძო დაცვითი საქმიანობის კონტროლის მიმართულებით − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ.

4. მინისტრმა ამ კანონის ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში თანამდებობაზე დანიშნოს დირექტორი.

5. „112“-სა და ერთობლივი ოპერაციების ცენტრში 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით დასაქმებული მოსამსახურეები და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები უკონკურსოდ იქნენ გადაყვანილი საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესაბამის თანამდებობებზე, ჩაითვალონ მის მოსამსახურეებად და მათი შრომითი სამართლებრივი ურთიერთობები განისაზღვროს სამინისტროში სამსახურის გავლის მარეგულირებელი სპეციალური კანონმდებლობით.

6. სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 3 თვისა უზრუნველყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში დასაქმებული პირების ფუნქციათა ანალიზისა და მის საფუძველზე ოპტიმიზაციისა და რეორგანიზაციის განხორციელება.

7. სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში შექმნას შესაბამისი კომისია, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ისთვის გადასაცემად:

ა)  ერთობლივი ოპერაციების ცენტრზე რიცხული საბალანსო ნაშთების, აგრეთვე სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალისა და სხვა დოკუმენტაციის) განსაზღვრას, განკარგვასა და გადაცემას;

ბ) სამინისტროზე რიცხული, კერძო დაცვითი საქმიანობის ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებული სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალისა და სხვა დოკუმენტაციის) განსაზღვრას, განკარგვასა და გადაცემას;

გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე – დაცვის პოლიციის დეპარტამენტზე რიცხული, კერძო დაცვითი საქმიანობის კონტროლთან დაკავშირებული სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალისა და სხვა დოკუმენტაციის) განსაზღვრას, განკარგვასა და გადაცემას.

8. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრმა „112“-მა ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად მისთვის გადაცემული საბალანსო ნაშთების, აგრეთვე სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალისა და სხვა დოკუმენტაციის) გადაცემიდან/მიღებიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყოს მათი აღრიცხვა და ინვენტარიზაცია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

9. ამ კანონის ამოქმედებამდე მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე.

10. მინისტრმა:

ა) 2019 წლის 31 დეკემბრამდე დაამტკიცოს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დებულება“;

ბ) 2020 წლის 1 მაისამდე უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

11. საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მომსახურების სახეების, საფასურებისა და ვადების დამტკიცების შესახებ“ დადგენილების მიღება.

მუხლი 15. ძალადაკარგული ნორმატიული აქტი

2019 წლის 31 დეკემბრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“-ის შექმნის შესახებ“ საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 05.12.2011, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.05.001.016485).

მუხლი 16. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი−მე-13 მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი−მე-13 მუხლები ამოქმედდეს 2019 წლის 31 დეკემბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

19 დეკემბერი 2019 წ.

N5611-რს