ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 31
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/09/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/09/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 07/07/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016520
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
31
06/09/2019
ვებგვერდი, 12/09/2019
010250050.35.105.016520
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (12/09/2019 - 06/12/2019)

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №31

2019 წლის 6 სექტემბერი

ქ. ზუგდიდი

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების  შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად,

 


მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება.

 

მუხლი 2
დადგენილების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №3 დადგენილება. 
მუხლი 3
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე, აქტის მოქმედება გავრცელდეს 2019 წლის 12  სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა წოწერია



დანართი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება

ეს დებულება, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, განსაზღვრავს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის (ტექსტში შემდგომ – მერია) სტრუქტურას, მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების, საჯარო მოსამსახურეების (პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი) სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებებს და მუშაობის ორგანიზაციას.

თავი I

ზოგადი დებულებები

 მუხლი 1. მერია

1. მერია არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსადმი დაქვემდებარებული დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს მერის უფლებამოსილების განხორციელებას. მერიას ხელმძღვანელობს მერი.

2. მერია შედგება სტრუქტურული ერთეულებისგან. მერიის სტრუქტურული ერთეული, შესაბამისი დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერის დავალებების შესრულებას. მერიის სტრუქტურულ ერთეულს ააქვს ქვედანაყოფები, რომლებიც განისაზღვრება მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებითა და საშტატო ნუსხით.

მუხლი 2. საქმიანობის საფუძველი და ძირითადი პრინციპები

1. მერია საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის, მოქმედი კანონმდებლობის და ამ დებულების შესაბამისად.

2. მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირები, სტრუქტურული ერთეულები და საჯარო მოსამსახურეები მოქმედებენ კანონიერების, საჯაროობისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით.

მუხლი 3. ადმინისტრაციული წარმოების ენა

მერიაში ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება ქართულ ენაზე.

მუხლი 4. ბეჭედი, შტამპი, ბლანკი და ადგილსამყოფელი

1. მერიას აქვს შტამპი, ბლანკი, ბეჭედი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საიდენტიფიკაციო კოდის მითითებით და წარწერით – „საქართველო. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია“.

2. მერიის ადგილსამყოფელია: ქ. ზუგდიდი, შოთა  რუსთაველის ქ. №90.

თავი II

პოლიტიკური თანამდებობის პირები და მათი უფლებამოსილებები

მუხლი 5. პოლიტიკური თანამდებობის პირები

1. მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირები არიან:

ა) მერი;

ბ) მერის პირველი მოადგილე;

გ) მერის მოადგილე.

2. მერიის თანამდებობის პირების რაოდენობა (მერის ჩათვლით) არ უნდა აღემატებოდეს 13-ს.

3. მერის არჩევა, მერიის თანამდებობის პირების დანიშვნა, მერის გადაყენება, მერიის თანამდებობის პირების უფლებამოსილებების შეჩერება და შეწყვეტა, თანამდებობრივი შეუთავსებლობა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ დებულებით.

მუხლი 6. მერი

1. მერი არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო და მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირი. მერი წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების განხორციელებას „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.

2. მერი აირჩევა 4 წლის ვადით, პირდაპირი არჩევნებით, საყოველთაო, თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი წესით. მერად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 5 წელი მაინც.

3. მერი:

) მერიის ორგანიზაციული საქმიანობის სფეროში:

ა.ა) საერთო ხელმძღვანელობასა და კოორდინაციას უწევს მერიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას;

ა.ბ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მერიის დებულებასა და საშტატო ნუსხას, აგრეთვე მერიის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;

ა.გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერიის თანამდებობის პირებს;

ა.დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერიის მოსამსახურეებს;

ა.ე) უნაწილებს ფუნქციებს მერიის მოსამსახურეებს, დავალებებს აძლევს მერიის თანამდებობის პირებს და ისმენს მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ;

ა.ვ) მერიის დებულებით დადგენილი წესით ახორციელებს მერიის თანამდებობის პირებისთვის უფლებამოსილებების დელეგირებას, გარდა ამ პუნქტის „ა.ა“, „ა.გ“, „ბ.ა“, „ბ.გ“, „დ.კ“, „ე.ვ“ და „ე.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა, აგრეთვე იმ უფლებამოსილებებისა, რომლებიც „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საკრებულოს მიერ დამტკიცებას ან თანხმობის მიცემას საჭიროებს; ახდენს მერიის თანამდებობის პირებისათვის ან სხვა მოხელეებისათვის უფლებამოსილების დელეგირებას კანონით/უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ა.ზ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს მერიის მოხელეთა წახალისებისა და საჯარო მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ;

ა.თ) ამტკიცებს მერიის შინაგანაწესს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს, აგრეთვე მერიის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

) მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან ურთიერთობის სფეროში:

ბ.ა) საკრებულოს წელიწადში ერთხელ მაინც, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით, წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ, აგრეთვე საკრებულოს წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის მოთხოვნით საკრებულოს წარუდგენს რიგგარეშე ანგარიშს;

ბ.ბ) ამ დებულების შესაბამისად შეიმუშავებს და საკრებულოს მისაღებად წარუდგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ბ.გ) საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართავს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ წინადადებით, საკრებულოს მორიგ სხდომაზე შეაქვს დამატებით განსახილველი საკითხი, უფლებამოსილია დაესწროს საკრებულოს და საკრებულოს კომისიების ღია და დახურულ სხდომებს;

ბ.დ) უზრუნველყოფს საკრებულოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების აღსრულებას.

) საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში:

გ.ა) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა და ბიუჯეტში შესატანი ცვლილების პროექტებს; უზრუნველყოფს დამტკიცებული  ბიუჯეტის შესრულებას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;

გ.ბ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საანგარიშო წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს;

გ.გ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, საკრებულოს მიერ დადგენილი წესით, მუნიციპალიტეტის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილების შეუტანლად იღებს გადაწყვეტილებას მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების შესახებ;

გ.დ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კანონით განსაზღვრული ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღების, ცვლილებისა და გაუქმების შესახებ დადგენილებების პროექტებს;

გ.ე) მუნიციპალიტეტის სახელითა და საკრებულოს თანხმობით იღებს სესხს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესით;

გ.ვ) არაუგვიანეს თებერვლისა, საკრებულოს უგზავნის შესყიდების გეგმის შესაბამისად წინა წელს განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშს; ახორციელებს შესყიდვებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

) მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის სფეროში:

დ.ა) „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონით და საკრებულოს მიერ დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ;

დ.ბ) საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებებს: შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ; კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნებაში მონაწილეობისა და მასში გაწევრების შესახებ; მეწარმე იურიდიული პირის წილის/აქციების შეძენის შესახებ;

დ.გ) „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის მოძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გაცემის შესახებ;

დ.დ) საკრებულოს თანხმობით წყვეტს უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გაცემის საკითხს;

დ.ე) საკრებულოს თანხმობით უფლებამოსილია გადაწყვიტოს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის/სარგებლობის უფლებით მიმღების/მართვის უფლებით მიმღების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისთვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების საკითხი;

დ.ვ) საკრებულოს თანხმობით უფლებამოსილია გადაწყვიტოს პრივატიზებული ან/და სარგებლობის უფლებით გაცემული ქონების მიმღების ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების) შესრულების ვალდებულებისგან გათავისუფლების საკითხი, გარდა ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული პირობებისა;

დ.ზ) „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისების შესახებ;

დ.თ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ქონების მოვლა-პატრონობას, მშენებლობას, რეკონსტრუქციასა და აღდგენას;

დ.ი) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმას;

დ.კ) ახორციელებს მონიტორინგს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ მათთვის სარგებლობის უფლებით გადაცემული მუნიციპალიტეტის ქონების გამოყენებისა და ქონებით სარგებლობის წესების დაცვაზე;

დ.ლ) მუნიციპალიტეტის ქონების პირობებიანი აუქციონის ფორმით განკარგვის შემთხვევაში ახორციელებს მონიტორინგს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ შესაბამისი პირობების შესრულებაზე;

) აღმასრულებელი საქმიანობის სხვა სფეროებში:

ე.ა) ხელს აწერს მუნიციპალიტეტის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;

ე.ბ) წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალური ურთიერთობებისას, მუნიციპალიტეტის სახელით ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს, მათ შორის, რწმუნებებს (მინდობილობებს), გარდა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ე.გ) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და სხვა პროგრამების, სტრატეგიებისა და გეგმების მომზადებას, საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენას და განხორციელებას;

ე.დ) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტებს;

ე.ე) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

ე.ვ) მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული ცალკეული საკითხების შესასწავლად, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად ქმნის სათათბირო ორგანოებს − საბჭოებს და სამუშაო ჯგუფებს;

ე.ზ) ანიჭებს მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებსა და ჯილდოებს;

ე.თ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან/და დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების (მათ შორის, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების) მიზნით ქმნის კომისიებს, რომელთა უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონით/უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით ან/და კანონის საფუძველზე გაცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით;

ე.ი) უზრუნველყოფს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 და მე-17 მუხლებით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას ამ ქვეპუნქტში აღნიშნული კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და საკრებულოს მიერ დადგენილი წესით;

ე.კ) ახორციელებს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონით, მერიის დებულებითა და საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს;

ე.ლ) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, ადასტურებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, თუ მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში დანიშნული არ არის მერის წარმომადგენელი.

4. მერი უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში დანიშნოს მერის წარმომადგენელი. მერის წარმომადგენლის უფლებამოსილება განისაზღვრება მერიის დებულებით.

5. მერის შეუთავსებლობის, აგრეთვე უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები წესრიგდება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონით.

მუხლი 7. საქონლის ადგილწარმოშობის და პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ცნობების გაცემის წესი

1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ცნობების ფორმას ამტკიცებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი. ცნობა გაიცემა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სახელით.

2. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირი ვალდებულია, აწარმოოს გაცემული ცნობების რეესტრი და შეინახოს გაცემული ცნობების ასლები.

მუხლი 8. მერის პირველი მოადგილე და მოადგილე

1. მერის პირველ მოადგილეს და მოადგილეს ამ დებულებით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

2. პირველი მოადგილე ასრულებს მერის მოვალეობებს მერის არყოფნისას, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას და/ან გადაყენებისას.

3. მერის პირველი მოადგილე და მოადგილე ფუნქციათა განაწილების შესაბამისად ხელმძღვანელობენ მერიის უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ დარგს (დარგებს), ორგანიზებას უწევენ და აკონტროლებენ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და მერის დავალებების შესრულებას, მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.

4. პირველი მოადგილე და მოადგილე ანგარიშვალდებულნი არიან მერის წინაშე.

5. პირველი მოადგილის და მოადგილის თანამდებობრივი შეუთავსებლობის, აგრეთვე უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები წესრიგდება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონით.

თავი III

სტრუქტურა

 მუხლი 9. სტრუქტურული აგებულება

1. მერია შედგება სტრუქტურული ერთეულებისაგან.

2. მერიის სტრუქტურული ერთეულები შესაბამისი დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერის დავალებების შესრულებას, სტრუქტურულ ერთეულს ააქვს ქვედანაყოფები, რომელიც განისაზღვრება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებითა და საშტატო ნუსხით.

მუხლი 10. სამსახურები

1. მერიის სამსახური არის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც შესაბამისი სფეროს მიხედვით უზრუნველყოფს მერის გადაწყვეტილებების შესრულებას, აგრეთვე ამზადებს მერის დავალებით – საკრებულოს გადაწყვეტილებების პროექტებს.

2. სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და სამსახურის დებულების საფუძველზე და მერის მიერ დამტკიცებული სამუშაო გეგმებისა და დავალებების შესაბამისად.

3. სამსახურის საქმიანობას უძღვება სამსახურის უფროსი. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.

4. მერიის სამსახურებია:

) ადმინისტრაციული სამსახური

ა.ა) საქმისწარმოების განყოფილება;

ა.ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობის და პროტოკოლის განყოფილება;

ა.გ) იურიდიული განყოფილება;

ა.დ) ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება;

ა.ე) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება;

ა.ვ) ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ადმინისტრაციული ერთეულების მუშაობის კოორდინაციის განყოფილება.

) საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური

ბ.ა) საბიუჯეტო-დაგეგვმის განყოფილება;

ბ.ბ) სახაზინო მომსახურების, ქონებისა და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება;

ბ.გ) შემოსულობების განყოფილება;

ბ.დ) სამშენებლო პროექტების და სამუშაოების შესყიდვის განყოფილება;

ბ.ე) საქონლისა და მომსახურების შესყიდვის განყოფილება.

) ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის და არქიტექტურის სამსახური:

გ.ა) ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის განყოფილება;

გ.ბ) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო განყოფილება;

გ.გ) არქიტექტურის განყოფილება.

) ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების სამსახური:

დ.ა) ქონების მართვის განყოფილება;

დ.ბ) მუნიციპალური სერვისების და ბუნებრივი რესურსების მართვის განყოფილება;

დ.გ) ტრანსპორტის განყოფილება;

დ.დ) საინვესტიციო პროექტების და დონორებთან ურთიერთობის განყოფილება.

) განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური:

ე.ა) განათლების განყოფილება;

ე.ბ) ძეგლთა დაცვის განყოფილება;

ე.გ) სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება;

ე.დ) კულტურის განყოფილება.

) სოციალური და ჯანდაცვის სამსახური:

ვ.ა) ჯანმრთელობის დაცვის განყოფილება;

ვ.ბ) სოციალური დაცვის და გენდერული თანასწორობის განყოფილება.

) ზედამხედველობის სამსახური:

ზ.ა) რეაგირებისა და მონიტორინგის განყოფილება;

ზ.ბ) სამშენებლო ინსპექტირების განყოფილება;

ზ.გ) საორგანიზაციო განყოფილება.

) შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახური:

თ.ა) შიდა აუდიტის განყოფილება;

თ.ბ) ინსპექტირების განყოფილება.

) სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური:

ი.ა) წვევამდელთა აღრიცხვისა და გაწვევის განყოფილება;

ი.ბ) რეზერვის რიგითის, სერჟანტისა და ოფიცრის აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის განყოფილება.

მუხლი 11. სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ფუნქციები

1. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:  მერიის სამსახურების საქმისწარმოება, კომუნიკაცია ერთმანეთთან, ადამიანური რესურსების მართვა, მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფა, მერიის ინტერესების დაცვა და სამართლებრივი მომსახურება, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ურთიერთობის ორგანიზება მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საპროტოკოლო საკითხების მომზადება, მერიის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება.

2. საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების  სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: პრიორიტეტის დოკუმენტის შემუშავება, მუნიციპალური პროგრამების ფინანსური გაანგარიშება, წარმოდგენილი მასალების განხილვა და ანალიზის საფუძველზე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადება, ბიუჯეტის შესრულება, შესრულების ანგარიშის შედგენა, საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება, სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვა.

3. ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის და არქიტექტურის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: არქიტექტურული და ურბანული დაგეგმარების სფეროში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თავისი კომპეტენციის განხორციელება,  ინფრასტრუქტურული პროგრამების შემუშავება და შესრულების მონიტორინგი.

4. ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ბუნებრივ რესურსებზე და არსებულ ინფრასტუქტურაზე მონაცემთა ბაზის შექმნა, უძრავ-მოძრავი ქონების აღრიცხვა-რეგისტრაცია, მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების ხელშეწყობა და საინვესტიციო აქტივობებისა და საინვესტიციო პორტფელების მომზადება.

5. განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და სკოლისგარეშე დაწესებულებების, განათლების, კულტურის პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა. ძეგლთა დაცვა, სპორტის, ახალგაზრდობის საკითხებზე მუნიციპალური წინადადებების შემუშავება და განხორციელება.

6. სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, გენდერული თანასწორობის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება.

7. ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის მერიის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის, გარე იერსახის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის და დასუფთავების წესების დარღვევაზე კონტროლი.

8. შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ადგილობრივი თვითმმართველობის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ან/და წილობრივი მონაწილეობით არსებული იურიდიული პირებისა და მათი მოსამსახურეების/თანამშრომლების საქმიანობის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების განხორციელება.

9. სამხედრო აღრიცხვის გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის საკითხებში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა.

10. მერიის სტრუქტურულ ერთეულში, მისი დებულების შესაბამისად, შეიძლება შეიქმნას განყოფილებები.

თავი IV

საჯარო მოსამსახურეები

მუხლი 12. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

1. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელია საჯარო მოსამსახურე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

2. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:

ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის;

ბ) უნაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის მოხელეებს;

გ) მერს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; სტრუქტურული ერთეულის მოხელეთა წახალისების, საჯარო მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, პროფესიული განვითარების შესახებ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;

დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;

ე) მერს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ;

ზ) მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

თ) ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.

3. მერიის სტრუქტურული ერთეულის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი.

4.მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობრივი შეუთავსებლობის, აგრეთვე უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები წესრიგდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 13. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე

1. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილეა საჯარო მოსამსახურე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

2. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე:

ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის განყოფილების საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ განყოფილებისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის;

ბ) სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; სტრუქტურული ერთეულის მოხელეთა წახალისების, საჯარო მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, პროფესიული განვითარების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონით დადგენილი წესით;

გ) სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

დ) ანგარიშვალდებულია მერისა და სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინაშე.

3. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობრივი შეუთავსებლობის, აგრეთვე უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები წესრიგდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 14. სამსახურის განყოფილების უფროსი

1. სამსახურის განყოფილების უფროსს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ დებულების შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

2. სამსახურის განყოფილების უფროსი:

ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას;

ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ       სამსახურის     დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;

გ) სამსახურის უფროსს დასამტკიცებლად წარუდგენს განყოფილების სამუშაო გეგმებს;

დ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;

ე) იღებს და აფასებს მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;

ვ) ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშებს განყოფილების მიერ სამუშაო გეგმებით და ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ;

ზ) უზრუნველყოფს განყოფილების მოხელეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას. დადგენილი წესით აფასებს მოხელეების საქმიანობას, სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინული ზომების გამოყენების შესახებ;

თ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით,         ამ დებულებით და    სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. სამსახურის განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.

მუხლი 15. მერის წარმომადგენელი

1.მერის წარმომადგენელი არის ადგილობრივი თვითმმართველობის პროფესიული საჯარო მოსამსახურე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

2. მერის წარმომადგენელი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში. მერის წარმომადგენლის სამოქმედო ტერიტორიას განსაზღვრავს მერი.

3. მერის წარმომადგენელი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე და მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი.

4. მერის წარმომადგენელი:

ა) მერს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემებისა და აგრეთვე მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;

ბ) მერის დავალებით უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას;

გ) უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას;

დ) მერის დავალებით ორგანიზებას უწევს დასახლებაში მოსახლეობის გამოკითხვის ჩატარებას;

ე) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს მის სამოქმედო ტერიტორიაზე საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს;

ვ) მერს წარუდგენს წინადადებებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ;

ზ) „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით ახორციელებს დაბადების რეგისტრაციის თაობაზე (თუ ბავშვი დაიბადა სამედიცინო დაწესებულების გარეთ დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე) შეტყობინების მიწოდებას, გარდაცვალების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის შედგენასა და გაცემას, პირის გარდაცვალების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში გაგზავნას;

თ) მერის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

5. მერის წარმომადგენელს       აქვს  ბეჭედი   და ბლანკი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შემავალი შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის სახელწოდების აღნიშვნით.

6. ბეჭდის გამოყენებაზე უფლებამოსილია მერის წარმომადგენელი.

7. ბეჭედი გამოიყენება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ შედგენილ ცნობებზე, მერის წარმომადგენლის მონაწილეობით შედგენილ დოკუმენტებზე და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 20 აგვისტოს №82 დადგენილებით დამტკიცებული „ადგილობრივი   თვითმმართველობის ორგანოების   დოკუმენტების          უნიფიცირებული      ფორმების ტაბელის“ მე-40 მუხლის შესაბამისად.

8. ბეჭდის გამოყენებისას ბეჭდის ანაბეჭდი დოკუმენტს დაესმება იმგვარად, რომ ტვიფრმა მოიცვას ხელმომწერის თანამდებობისა და ხელმოწერის ადგილი.

9. მერის წარმომადგენლების საქმიანობის კოორდინაციას ახორციელებს ადმინისტრაციული სამსახურის შესაბამისი განყოფილება.

მუხლი 16. საჯარო მოსამსახურე

1. მერიაში საჯარო სამსახურს ეწევა:

ა) პროფესიული საჯარო მოხელე;

ბ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მიღებულია მერიაში დამხმარე ან არამუდმივი სამუშაოს შესასრულებლად.

2. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად დადებული შრომითი ხელშეკრულებით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებთან შრომით ხელშეკრულებას მუნიციპალიტეტის სახელით დებს მერი.

მუხლი 17. მოხელის ზოგადი უფლება-მოვალეობები

1. მოხელის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ამ დებულებით და მოხელის სამუშაოთა აღწერილობით.

2. მოხელეს უფლება აქვს:

ა) გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლოს საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით;

ბ) თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია ხელმძღვანელობისაგან, სტრუქტურული ერთეულებისაგან, წარმომადგენლებისაგან და აგრეთვე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირებისაგან;

გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედოს დამოუკიდებლად, საკუთარი პასუხისმგებლობით მიიღოს გადაწყვეტილება, მონაწილეობდეს თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა გადაწყვეტილებების მომზადებაში და დაცული იყოს აღმასრულებელი პრივილეგიით;

დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ზეპირად ან მოხსენებითი ბარათით მიმართოს ზემდგომ თანამდებობის პირს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარუდგინოს მას შესაბამისი წინადადებები;

ე) მოითხოვოს სამსახურებრივი გამოძიება;

ვ) მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ შემთხვევებში        მოითხოვოს სამსახურებრივი დაწინაურება;

ზ) დადგენილი წესით ისარგებლოს შვებულებით პროფესიული განვითარებისათვის;

თ) მოითხოვოს საკუთარი კვალიფიკაციის ობიექტური შეფასება;

ი) მიღებული დავალების კანონიერებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ეჭვის თაობაზე აცნობოს დავალების გამცემს და მის ზემდგომ ხელმძღვანელს;

კ) უარი  თქვას  ისეთი  დავალების შესრულებაზე, რომელიც არ შეესაბამება მის სამუშაოთა აღწერილობას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ლ) მიიღოს თანამდებობრივი სარგო და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დანამატი;

მ) აინაზღაუროს სამსახურებრივი მივლინების ხარჯები;

ნ) ისარგებლოს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით 24 სამუშაო დღის ოდენობით;

ო) ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით.

3. მოხელე მოვალეა:

ა) საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად;

ბ) შეასრულოს   შესაბამისი დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობით         განსაზღვრული სამსახურებრივი ფუნქციები;

გ) უარი თქვას უკანონო დავალების შესრულებაზე;

დ) დაიცვას შინაგანაწესი და საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესები;

ე) შეასრულოს ზემდგომი თანამდებობის პირის დავალებები;

ვ) შეასრულოს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებული სამუშაოები;

ზ) დადგენილი პერიოდულობით და წესით, აგრეთვე ზემდგომი თანამდებობის პირის დავალების შესაბამისად მოამზადოს და წარადგინოს ანგარიშები შესრულებული სამუშაოს შესახებ;

თ) გაუფრთხილდეს ქონებას, არ დაუშვას მისი არადანიშნულებითი გამოყენება;

ი) იზრუნოს პროფესიულ განვითარებაზე მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამებში მონაწილეობით;

კ) შეასრულოს  მოქმედი  კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები.

მუხლი 18. მოხელის სამუშაოთა აღწერილობა (თანამდებობრივი ინსტრუქცია) და საკვალიფიკაციო მოთხოვნა

1. საშტატო ნუსხით გათვალისწინებული ყოველი დანიშვნითი თანამდებობისათვის დგება სამუშაოთა აღწერილობა და საკვალიფიკაციო მოთხოვნა.

2. სამუშაოთა     აღწერილობით განისაზღვრება საშტატო ნუსხით გათვალისწინებული  მოხელის საქმიანობის სფერო, სამსახურებრივი ფუნქციები და უფლება-მოვალეობები.

3. მოხელის თანამდებობის თითოეული იერარქიული რანგისათვის აუცილებელი სპეციალური მოთხოვნები დგინდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტის თანახმად.

4. პირველი მოადგილის, მოადგილის და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა სამუშაოთა აღწერილობებს განსაზღვრავს და ამტკიცებს მერი, ხოლო მერიის სხვა მოხელეთა სამუშაოთა აღწერილობებს ადგენს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მისი წარდგინებით ამტკიცებს მერი.

5. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები დგინდება მერის მიერ საჯარო სამსახურის ბიუროსთან შეთანხმებით, თითოეული თანამდებობის სპეციფიკისა და ამ თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობის შინაარსის გათვალისწინებით.

თავი V

თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება და კარიერული განვითარება

მუხლი 19. თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება და კარიერული განვითარება

1. ვაკანსია გახსნილად მიიჩნევა:

ა) საშტატო ნუსხაში ახალი საშტატო ერთეულის (თანამდებობის) დამტკიცების მომდევნო დღიდან;

ბ) თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ძალაში შესვლის მომდევნო დღიდან, თუ გათავისუფლება არ განხორციელებულა შტატის შემცირების საფუძველზე.

2. ვაკანსიის შევსებამდე შტატით გათვალისწინებული თანამდებობრივი მოვალეობის შესრულება და დროებითი        ფუნქციის       დაკისრება      მოქმედი კანონმდებლობების          შესაბამისად   განისაზღვრება მერის ბრძანებით.

მუხლი 20. საჯარო მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის ზოგადი წესი

1. საჯარო მოსამსახურის ვაკანტურ თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს 18 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ და შესაბამისი თანამდებობისათვის დაწესებულ სპეციალურ და დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

2. საჯარო მოსამსახურე თანამდებობაზე ინიშნება:

ა) კონკურსის წესით;

ბ) უკონკურსოდ, ამ დებულების მე-19 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში.

3. კონკურსი ტარდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 21. ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნა უკონკურსოდ

საშტატო ნუსხით განსაზღვრულ ვაკანტურ თანამდებობაზე პირი უკონკურსოდ შეიძლება დაინიშნოს:

ა) სამსახურებრივი გადაყვანისას;

ბ) მობილობისას.

მუხლი 22. მოხელის შეფასება

1. მოხელე წელიწადში ერთხელ ექვემდებარება შეფასებას.

2. მოხელის შეფასება ხორციელდება „პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესის და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული მოხელის შეფასების წესის შესაბამისად.

მუხლი 23. მოხელის გადაყვანა

1. მოხელის გადაყვანა იმავე იერარქიული რანგზე და თანამდებობის შესაბამისი სხვა ან/და ფუნქციურად მსგავსი უფლებამოსილებების მინიჭება დასაშვებია მოხელის ინიციატივით ან მერის დასაბუთებული გადაწყვეტილებით და მოხელის თანხმობით.

2. ადმინისტრაციული სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება გადაყვანის მსურველი მოხელის გამოსავლენად ოფიციალურ შიდა ვებგვერდზე აქვეყნებს ინფორმაციას შესაბამისი ვაკანტური თანამდებობის შესახებ და განაცხადის წარსადგენად განსაზღვრავს 2 სამუშაო დღის ვადას. განაცხადის განსაზღვრულ ვადაში დარეგისტრირებისას მერი კანდიდატთან ატარებს გასაუბრებას და იღებს გადაწტყვეტილებას მოხელის შეფასების შედეგებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით.

3. განსაზღვრულ ვადაში განაცხადის წარუდგენლობის ან გასაუბრების შედეგად შესაბამისი კანდიდატის შეურჩევლობის შემთხვევაში, მერია აცხადებს კონკურსს.

მუხლი 24. მობილობა

1. რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის გამო შტატის შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძელებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა სტრუქტურულ ერთეულში, მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით.

2. მოხელის მობილობის შეუძლებლობის შემთხვევაში იგი ირიცხება მოხელეთა რეზერვში და ეძლევა შესაბამისი კომპენსაცია. თუ მოხელე უარს განაცხადებს შეთავაზებული მობილობით სარგებლობაზე, იგი ირიცხება მოხელეთა რეზერვში და ეძლევა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

მუხლი 25. სამსახურებრივი ურთიერთობების შეჩერება და შეწყვეტა

1. მოხელეთა სამსახურებრივი ურთიერთობების შეჩერებისა და შეწყვეტის საფუძვლები და წესი განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით.

თავი VI

მერიის მუშაობის ორგანიზაცია

მუხლი 26. ადმინისტრაციული წარმოების საფუძვლები

1. ადმინისტრაციული წარმოება არის მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული საქმიანობა, რომლის მიზნებია მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე:

ა) საკრებულოსა და მერიის სამართლებრივი აქტების აღსრულების უზრუნველყოფა;

ბ) მერიის სამართლებრივი აქტის მომზადება, გამოცემა და აღსრულება;

გ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადება, დადება ან გაუქმება;

დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მომზადება;

ე) ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტა;

ვ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა საკითხების მოწესრიგება.

2. მერიის ადმინისტრაციული წარმოების წესი და პროცედურები განისაზღვრება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა ნორმატიული აქტებით.

მუხლი 27. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძვლები

1. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძვლებია კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში:

ა) ვალდებულება შეიმუშაოს საკრებულოს სამართლებრივი აქტის პროექტი;

ბ) ვალდებულება უზრუნველყოს საკრებულოს სამართლებრივი აქტის აღსრულება;

გ) ვალდებულება გამოსცეს ბრძანება;

დ) უფლებამოსილი მოხელის ვალდებულება შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი;

ე) დაინტერესებული პირის განცხადება;

ვ) კანონით პირდაპირ განსაზღვრული სხვა საფუძვლის არსებობა.

მუხლი 28. ადმინისტრაციული წარმოების ვადები

1. დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე მერიის ადმინისტრაციული წარმოება უნდა დასრულდეს, როგორც წესი, განცხადების რეგისტრაციიდან 1 თვის ვადაში. თუ საქმე განსაკუთრებით რთული კატეგორიისაა და მოითხოვს დამატებით შესწავლას, ადმინისტრაციული წარმოების ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს ერთი თვით.

2. ადმინისტრაციული წარმოების ვადა, გარდა დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადმინისტრაციული წარმოებისა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განისაზღვრება მერიისა და მუნიციპალური სამსახურების სამუშაო გეგმებით, აგრეთვე მერის დავალებებით.

მუხლი 29. შინაგანაწესი

1. შინაგანაწესით განისაზღვრება:

ა) სამუშაო დროის დასაწყისი და დასასრული;

ბ) დღის განმავლობაში შესვენების დრო;

გ) დასვენების და სადღესასწაულო დღეებში, აგრეთვე ყოველდღიური სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ დაწესებულებაში ყოფნის პირობები და წესი;

დ) სამსახურებრივ საკითხებზე განკარგულებათა მოსამსახურეებამდე დაყვანის წესი;

ე) ხელფასის გაცემის დრო, ფორმა და ადგილი;

ვ) შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქციები;

ზ) საოფისე ტექნიკითა და სხვა მუნიციპალური ქონებით სარგებლობის   წესები;

თ) სამსახურში არყოფნის შეტყობინების წესი.

2. შინაგანაწესს ამტკიცებს მერი.

3. შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვას უზრუნველყოფს მერი;

4. მერი ვალდებულია სამსახურში მიღებისას მოსამსახურეს გააცნოს შინაგანაწესი (ხელწერილის დადებით), აგრეთვე უზრუნველყოს ნებისმიერ დროს მისი გაცნობის შესაძლებლობა.

მუხლი 30. მერიის სამსახურების სამუშაო გეგმები

1. მერია თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლებითა და სამსახურების სამუშაო გეგმების საფუძველზე, სამუშაო გეგმა წარმოადგენს ორგანიზაციულ დოკუმენტს, რომლითაც დასაგეგმ პერიოდში განისაზღვრება განსახორიელებელ სამუშაოთა ნუსხა და სამუშაოთა შესრულების ვადები.

2. ყოველი სამუშაო გეგმა დგება დასაგეგმი პერიოდისათვის, მუნიციპალური სამსახურის და ადმინისტრაციული ერთეულის დასაგეგმი პერიოდებია 6 თვე და ერთი წელი.

3. მერიის სამსახურის სამუშაო გეგმას ამტკიცებს მერი.

4. სამუშაო გეგმების შესრულების კონტროლს ახორციელებს მერი მოადგილეების მეშვეობით.

მუხლი 31. მოხელის სამუშაო გეგმა

1. მოხელის სამუშაო გეგმა მზადდება შესაბამისი სამსახურის უფროსის დავალებით.

2. მოხელის დასაგეგმი პერიოდია ერთი თვე. მოხელის სამუშაო გეგმა უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი სამსახურის სამუშაო გეგმას, მოხელის სამუშაოთა აღწერილობას და სამსახურის უფროსის დავალებებს.

3. მოხელის სამუშაო გეგმას შეიმუშავებს მოხელე და ამტკიცებს შესაბამისი სამსახურის უფროსი.

4. მოხელის სამუშაო გეგმის შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს შესაბამისი სამსახურის უფროსი.

მუხლი 32. ანგარიშგება

1. ანგარიშგება მერიაში ხორციელდება საანგარიშგებო პერიოდის დასრულებისას ან უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მოთხოვნისას, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ ვადებში წერილობითი ანგარიშის წარდგენით.

2. წერილობითი ანგარიში უნდა შედგეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სამსახურების დოკუმენტების უნიფიცირებული დარგობრივი ტაბელის“ მოთხოვნათა შესაბამისად.

3 მერიის საანგარიშგებო პერიოდებია – 6 თვე და ერთი წელი. მუნიციპალური სამსახურის, სამსახურის განყოფილების და ადმინისტრაციული ერთეულის საანგარიშგებო პერიოდებია ერთი თვე, კვარტალი და წელიწადი. მუნიციპალური სამსახურის მოხელის საანგარიშგებო პერიოდია ერთი თვე.

4. ანგარიშის წარდგენა ხორციელდება შემდეგ ვადებში:

ა) მერიის ანგარიში საკრებულოს წარედგინება საანგარიშგებო პერიოდის დასრულებიდან ან საკრებულოს მოთხოვნიდან არაუგვიანეს 2 კვირის ვადაში;

ბ) სამსახურის ანგარიში მერს წარედგინება საანგარიშგებო პერიოდის დასრულებიდან ან მერის მოთხოვნიდან არაუგვიანეს ერთი კვირის ვადაში;

გ) განყოფილების ანგარიში სამსახურის უფროსს წარედგინება საანგარიშგებო პერიოდის გასვლიდან ან მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში;

დ) მერის სამსახურის მოხელის ყოველთვიური ანგარიში ზემდგომ თანამდებობის პირს წარდეგინება ყოველი მომდევნო თვის პირველ პარასკევს, აგრეთვე, თუ ამას წერილობითი დავალება ითვალისწინებს, დავალების შესრულებისთანავე, თუ დავალებით სხვა ვადა არ არის განსაზღვრული.

5. თუ ანგარიშში მითითებული სამუშაო უკავშირდება მუნიციპალიტეტის სახსრების მიღება-გამოყენებას, მასში დოკუმენტურად უნდა დასაბუთდეს საფინანსო ან სხვა მატერიალურ ფასეულობათა მიღება-გამოყენების კანონიერება, მიზანშეწონილობა და ეფექტიანობა (საფინანსო ანგარიში).

6. საჭიროების შემთხვევაში ანგარიშს უნდა დაერთოს შესრულებული სამუშაოს და გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები.

7. ბიუჯეტის შესრულების  შესახებ ანგარიშის წარდგენის წესი და პროცედურა განსაზღვრულია საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით.

მუხლი 33. საქმიანობის შეფასება

1. მოხელის ყოველთვიურ ანგარიშს აფასებს ზემდგომი თანამდებობის პირი, რომელიც განიხილავს მოხელის მიერ წარდგენილ ანგარიშს და საჭიროების შემთხვევაში აძლევს მას მითითებებს, შენიშვნებსა  და დავალებებს, აგრეთვე უფლებამოსილია მიმართოს სამსახურის უფროსს მოხელის წახალისების ან მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ. ყოველთვიური შეფასების საფუძველზე ზემდგომი თანამდებობის პირი ადგენს მოხელის ყოველწლიური შეფასების ფურცელს, რომელიც  შეიტანება მოხელის პირად საქმეში. ყოველწლიური შეფასების ფურცელი წარმოადგენს ატესტაციაზე მოხელის შეფასების ერთ-ერთ საფუძველს.

2. განყოფილების საქმიანობას აფასებს მუნიციპალური სამსახურის უფროსი, რომელიც განიხილავს განყოფილების უფროსის მიერ წარდგენილ ანგარიშს და საჭიროების შემთხვევაში აძლევს მას მითითებებს,შენიშვნებსა და დავალებებს.

3. მერიის სამსახურის საქმიანობას აფასებს მერი, რომელიც განიხილავს სამსახურის უფროსის მიერ წარდგენილ ანგარიშს და საჭიროების შემთხვევაში აძლევს მას მითითებებს, შენიშვნებსა და დავალებებს.

4. მერიის საქმიანობას აფასებს საკრებულო. მერიის ანგარიშს საკრებულოში წარადგენს მერი, მერიის ანგარიში განიხილება და შეფასდება საკრებულოს მიერ საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით.

მუხლი 34. მოქალაქეთა ინფორმირება და მონაწილეობა მერიის საქმიანობაში

1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონის „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად უზრუნველყოფილია:

ა) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა;

ბ) მოქალაქეთა ინფორმირებულობა მერიის საქმიანობის შესახებ;

გ) მოქალაქეთა მონაწილეობა მერიის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში;

დ) გაწეული საქმიანობის შესახებ მოქალაქეებისათვის ანგარიშის წარდგენა.

2. საქართველოს კანონით „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ განსაზღვრული წესით მერი განსაზღვრავს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირს.

3. მერიის საქმიანობის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებულობას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ვებგვერდი.

მუხლი 35. დასახლების საერთო კრების შესახებ ინფორმაციის გავრცელება

1. საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობისა და დასახლების საერთო კრების (შემდგომ – საერთო კრება) მოწვევის შესახებ ინიციატივის რეგისტრაციის თაობაზე ინფორმაცია და საერთო კრების დღის წესრიგი ქვეყნდება ან/და საჯაროდ ცხადდება ან/და ქვეყნდება პროაქტიულად.

2. საერთო კრების დღის წესრიგის და მოწვევის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება ან/და საჯაროდ ცხადდება ან/და ქვეყნდება პროაქტიულად, ინფორმაციის რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში.

3. საერთო კრების სხდომის ოქმი საჯარო გაცნობისთვის ქვეყნდება მუნიციპალიტეტის მერისთვის მისი წარდგენიდან 3 დღის ვადაში.

4. დასახლებაში განსახორციელებელი პროექტები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მათ ასახვამდე უნდა გამოქვეყნდეს შესაბამის დასახლებულ პუნქტში საერთო კრებისთვის მისი გაგზავნიდან არაუგვიანეს მეორე დღისა.

5. ამ მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებში აღნიშნული ინფორმაცია ქვეყნდება მუნიციპალიტეტის მერის ან/და მის მიერ უფლებამოსილი მოხელის/მუნიციპალური სამსახურის მიერ, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, სპეციალურად საჯარო განცხადებებისთვის განკუთვნილ ადგილას და შესაბამის დასახლებულ პუნქტში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე, ასევე ქვეყნდება ბეჭდვით ორგანოში, რომელიც გამოიცემა კვირაში ერთხელ მაინც და ვრცელდება მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე, მუნიციპალიტეტის ვებგვერდსა და სხვა ინტერნეტრესურსების გამოყენებით, რომლის მართვას ახორციელებს მუნიციპალიტეტი.

6. საერთო კრების მოწვევის ორგანიზებას, მათ შორის, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის შესაბამის დასახლებაში გავრცელებას, უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მერია და საინიციატივო ჯგუფი, აგრეთვე, საერთო კრების რჩეული (არსებობის შემთხვევაში).

მუხლი 36. დასახლების საერთო კრების მოწვევისა და საქმიანობის ხელშეწყობის სფეროში მერის უფლებამოსილება

1.დასახლების საერთო კრების მოწვევისა და საქმიანობის ხელშეწყობის სფეროში მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილებას განეკუთვნება:

ა) დასახლების საერთო კრების რჩეულის არჩევნების ბიულეტენის ფორმის დამტკიცება;

ბ) ამომრჩეველთა სიის ფორმის დამტკიცება;

გ) საერთო კრების უფლებამოსილების დასადგენად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილი ამომრჩეველთა საარჩევნო სიის უკანასკნელი მონაცემების მიხედვით დასახლების ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობის აღრიცხვა;

დ) მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით საერთო კრებების ორგანიზებაზე ან/და რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირის (სტრუქტურული ერთეულის) განსაზღვრა.

თავი VII

მოქალაქეთა მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში

მუხლი 37. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მიერ მოქალაქეთა მიღების წესი

1. მერი უფლებამოსილია პერიოდულად მოაწყოს მოქალაქეების (ამომრჩევლების) მიღება კვირაში ერთხელ, სამშაბათ დღეს.

2. მერის მიერ მოქალაქეების (ამომრჩევლების) მიღების გრაფიკი, დღე, ადგილი და საათები ქვეყნდება მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მიერ.

3. მერის მიერ მოქალაქეთა (ამომრჩეველთა) მიღებას აღრიცხავს და მიღების ოქმს ადგენს მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფლებამოსილი პირი. მოქალაქეთა მიღების ოქმში აღირიცხება მოქალაქეთა მიერ დასმული საკითხები.

4. მიღების საათების დამთავრების შემდეგ მერი ეცნობა და ხელს აწერს მოქალაქეთა მიღების ოქმს. მოქალაქეთა მიღების ოქმი ინახება მერიის ადმინისტრაციულ სამსახურში.

5. მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფლებამოსილი პირი უზრუნველყოფს მოქალაქეთა მიღების ოქმში დაფიქსირებული საკითხების შესაბამისი სამსახურებისთვის გადანაწილებას.

მუხლი 38. მერის შეხვედრები ამომრჩევლებთან

1. მერი უფლებამოსილია პერიოდულად მოაწყოს შეხვედრები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობასთან როგორც საკუთარი ინიციატივით, ასევე მოქალაქეთა მოთხოვნის საფუძველზე.

2. მერის მოსახლეობასთან შეხვედრა შეიძლება გაიმართოს წინასწარშედგენილი დღის წესრიგით ან მის გარეშე. მოსახლეობასთან შეხვედრის მიზნით შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მერიის დარბაზი, სხვა შენობა ან შეხვედრა ჩატარდეს შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ.

3. მერის მიერ მოსახლეობასთან შეხვედრისას შეიძლება განხილულ იქნეს შესაბამის დასახლებაში განსახორციელებელი პროექტები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მათ ასახვამდე და წარმოდგენილ იქნეს დასაბუთებული შენიშვნები და წინადადებები, ასევე შეიძლება განხილულ იქნეს მნიშვნელოვანი სოციალური და ეკონომიკური საკითხები, მუნიციპალიტეტში მიმდინარე და განხორციელებული პროექტები. შეხვედრას შეიძლება ჰქონდეს ინფორმაციული ხასიათი ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმებისა და მნიშვნელობის, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების შესახებ.

4.  მერის მიერ მოსახლეობასთან შეხვედრის დღე, ადგილი, საათები, აგრეთვე დღის წესრიგი (მისი არსებობის შემთხვევაში) ქვეყნდება მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მიერ შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე მაინც. გადაუდებელ შემთხვევაში შესაძლებელია მოსახლეობასთან შეხვედრა გამოქვეყნების გარეშეც.

5. მერის   მიერ   მოსახლეობასთან    შეხვედრაზე    მიღებული    წინადადება    ან/და    შენიშვნა ფორმდება შეხვედრის ოქმით.

6. მერის მოსახლეობასთან შეხვედრის ოქმის შედგენას უზრუნველყოფს და ხელს აწერს მერის წარმომადგენელი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში. ოქმი ინახება მერიის ადმინისტრაციულ სამსახურში.

7. მერი, შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან, ადმინისტრაციულ ერთეულთან და მერიის მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან ერთად განიხილავს მოსახლეობასთან შეხვედრაზე გამოთქმულ წინადადებებს, დასაბუთებულ შენიშვნებს. განხილვის შედეგები ქვეყნდება მერიის ვებგვერდზე პერსონალური მონაცემების დაცვით.

8. მერი პერიოდულად შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობის საჭიროებებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში კარდაკარ გაეცნობა.

9. მოსახლეობის საჭიროებების კარდაკარ გაცნობისას  გამოთქმული  წინადადებები,  შენიშვნები ფორმდება ოქმით, რომელსაც ადგენს და ხელს აწერს მერის წარმომადგენელი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში. ოქმი ინახება მერიის ადმინისტრაციულ სამსახურში.

10. პერიოდულად, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერი და მერიის სამსახურის უფროსები მოსახლეობასთან პირისპირ შეხვედრებს გამართავენ.

11.მოსახლეობასთან შეხვედრის ოქმის შედგენას უზრუნველყოფს და ხელს აწერს მერის წარმომადგენელი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში. ოქმი ინახება მერიის ადმინისტრაციულ სამსახურში.

12. „ცხელი ხაზი“ გულისხმობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სატელეფონო მომსახურების პროცესს. მისი მიზანია ინფორმაციის ოპერატიულად და კვალიფიციურად მიღება/მიწოდება და მაღალი ხარისხის სატელეფონო მომსახურების შეთავაზება.

13. მოქალაქეთა სატელეფონო მომსახურების პროცესში განხორციელებული მომსახურების ზოგადი წესი და პირობები განისაზღვრება მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

14. „იდეა მერს“ გულისხმობს მერიის საქმიანობაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის ჩართულობისა და მნიშვნელოვან საკითხებზე ინიციატივების ონლაინ წარდგენის მექანიზმს, რაც საშუალებას აძლევს მოქალაქეებს მონაწილეობა მიიღონ მუნიციპალიტეტის განვითარებაში.~

15. რეგისტრაცია შესაძლებელია სარეგისტრაციო ფორმაში პირადი მონაცემების, ელექტრონული ფოსტის, მომხმარებლის სახელისა და პაროლის შეყვანით, რომლითაც შემდგომ შეიძლება ვებგვერდზე ავტორიზაცია.

16. იდეის დასამატებლად აირჩევა იდეის ის კატეგორია, რომელსაც შეესაბამება იდეა. მიეთითება სასურველი სახელწოდება და იდეის აღწერა. შეიძლება ატვირთოს ფოტო ან სხ ფაილი.

17. მიმდინარე იდეები, რომლებზეც ხმის მიცემა აქტიურია, ჩანს იდეების გვერდზე. ხმის მიცემის უფლებით სარგებლობს ზუგდიდში რეგისტრირებული ნებისმიერი სრულწლოვანი საქართველოს მოქალაქე.

18. დარეგისტრირებული იდეა პირველ ეტაპზე განიხილება მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ იდეის წარდგენიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, რომელიც ამოწმებს მის შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან. შეუსაბამობის შემთხვევაში, ხარვეზის გამოსწორება შესაძლებელია 15 კალენდარული დღის განმავლობაში. ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, იდეა არ გავა ხმის მიცემის ეტაპზე. იდეამ ხმის მიცემის პერიოდში, რომელიც 60 კალენდარულ დღეს მოიცავს, უნდა მოაგროვოს 1000 ხმა. საჭირო რაოდენობის ხმების მოგროვების შემდეგ, 10 სამუშაო დღის ვადაში, მერი იღებს გადაწყვეტილებას იდეის განხილვის გაგრძელების, ან იდეის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. თუ მიღებული იქნა გადაწყვეტილება იდეის შემდგომი განხილვის თაობაზე, 60 კალენდარული დღის განმავლობაში მერი, შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან, ადმინისტრაციულ ერთეულებთან და მერიის მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან ერთად განიხილავს იდეის განხორციელების შესაძლებლობას. განხილვის შედეგები ეცნობება იდეის ავტორს და ქვეყნდება ვებგვერდზე.

19. დაუშვებელია იდეა, თუ:

ა) ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას;

ბ) შეეხება მხოლოდ ერთი ან რამდენიმე პირის პირად ინტერესს;

გ) სახუმარო ან უცენზურო ვიზუალური მასალის ან/და შინაარსის მქონეა;

დ) არ შედის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის კომპეტენციის ფარგლებში ან/და მისი გადაწყვეტა წარმოადგენს სხვა უწყების კომპეტენციას;

ე) წარმოადგენს სასამართლოში ან ადმინისტრაციულ ორგანოში მიმდინარე დავის საგანს ან კანონმდებლობით პირდაპირ არის დადგენილი საკითხის რეგულირების პროცედურა, რომელიც გამორიცხავს იდეის საფუძველზე მის გადაწყვეტას;

ვ) იდეის შინაარსი იდენტურია უკვე არსებული მიმდინარე იდეისა, ან იდეას ბოლო 6 თვის განმავლობაში მიღებული აქვს უარყოფითი რეკომენდაცია, ან იდეა ერთხელ იყო ხმის მიცემის ეტაპზე და ვერ მოაგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, ან იდეას მიღებული აქვს დადებითი რეკომენდაცია და მისი სავარაუდო შესრულების მითითებული ვადა ჯერ არ არის ამოწურული.

20. მერი პერიოდულად აწყობს შეხვედრას შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებთან.

21. შეხვედრის ოქმს ადგენს მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფლებამოსილი პირი. ოქმში აღირიცხება სტუდენტთა მიერ დასმული საკითხები.

22. მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფლებამოსილი პირი უზრუნველყოფს ოქმში დაფიქსირებული საკითხების შესაბამისი სამსახურისთვის გადაგზავნას.

თავი VIII

მერიის თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტები

მუხლი 39. თანამდებობის პირთა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები

1. თანამდებობის პირთა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებია:

ა) მერის ბრძანება;

ბ) მერის პირველი მოადგილის ბრძანება;

 გ) მერის მოადგილის ბრძანება;

დ) მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ბრძანება.

2. დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ე.თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომისია კანონით ან უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში უფლებამოსილია, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – განკარგულება.

3.  მერიის თანამდებობის პირთა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, როგორც წესი, გამოიცემა წერილობით. გადაუდებელი აუცილებლობისას მატერიალური ზიანის, დანაშაულის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან დისციპლინული გადაცდომის აღსაკვეთად ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი შეიძლება გამოიცეს ზეპირად. ზეპირად გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი წერილობით უნდა გაფორმდეს 3 დღის ვადაში.

4. თანამდებობის პირთა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, გარდა საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებისა და იმ ბრძანებებისა, რომლებიც შეეხება 50-ზე მეტი პირის უფლება-მოვალეობებს, ძალაშია დადგენილი წესით გაცნობისთანავე.

5. საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, აგრეთვე ის ბრძანება, რომელიც 50-ზე მეტი პირის უფლება-მოვალეობებს შეეხება, ძალაშია გამოქვეყნებისთანავე, თუ შესაბამისი აქტით სხვა ვადა არ არის დადგენილი.

6. ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, რომელთა ამოქმედებისათვის აუცილებელია გამოქვეყნება, ქვეყნდება ამ დებულებით დადგენილი წესით.

მუხლი 40. თანამდებობის პირის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება

1. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საჩივრდება სასამართლოში კანონით დადგენილი წესით.

2. თანამდებობის პირის, გარდა მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საჩივრდება მერთან და შემდგომ − სასამართლოში, კანონით დადგენილი წესით.

თავი IX

 რეორგანიზაციის წესი და დებულებაში ცვლილების შეტანა

მუხლი 41. რეორგანიზაცია

რეორგანიზაცია განხორციელდეს საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ 102-ე, 103-ე და 104-ე მუხლების შესაბამისად.

მუხლი 42. ცვლილების შეტანა

დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მერის წარდგინებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.