„საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესის, საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებისა და მათი განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ

„საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესის, საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებისა და მათი განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 254
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 27/08/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/08/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.017229
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
254
27/08/2019
ვებგვერდი, 27/08/2019
230210000.22.033.017229
„საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესის, საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებისა და მათი განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (27/08/2019 - 05/12/2019)

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №254

2019 წლის 27 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესის, საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებისა და მათი განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ

საქართველოს საბაჟო კოდექსის 164-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს:
1. საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესი (დანართი №1).
2. საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები და მათი განხორციელების წესი (დანართი №2).
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი




დანართი №1

საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საბაჟო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

2. საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოება მოიცავს საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენისას სამართალდარღვევის ოქმის შედგენის, საქმის განხილვის, საბაჟო სანქციის შეფარდების, გადაწყვეტილების მიღების, მიღებული გადაწყვეტილებების აღრიცხვის, აგრეთვე საბაჟო სამართალდარღვევაზე დავის შემთხვევაში დავის განმხილველი ორგანოს ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების თანმდევ  პროცედურებს.

3. საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენა, რაც ფიქსირდება საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით (დანართი №1-01) ან საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის აქტით.

მუხლი 2. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი

1. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს (შემდგომში – ოქმი) ადგენს საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი.

2. ოქმს აქვს ინდივიდუალური ნომერი და შესაძლებელია შედგეს წერილობითი (რომელიც წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის ფორმას) ან ელექტრონული ფორმით, რომლებსაც აქვთ თანაბარი იურიდიული ძალა.

3. წერილობითი ოქმი დგება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება საბაჟო ორგანოს, ხოლო მეორე ბარდება/ეგზავნება სამართალდამრღვევ პირს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს. ელექტრონული ფორმით ოქმი დგება ერთ ეგზემპლარად და ბარდება/ეგზავნება სამართალდამრღვევ პირს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს.

4. სამართალდამრღვევი პირისათვის ოქმის ჩაბარება ხორციელდება საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-10 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.  ამასთან, ელექტრონული ფორმით შედგენილი ოქმი ელექტრონულად ეგზავნება სამართალდამრღვევ პირს. დასაშვებია ელექტრონული ფორმით შედგენილი ოქმის ამობეჭდვა და გაგზავნა სამართალდამრღვევი პირისათვის. ამასთან, დასაშვებია ელექტრონული ფორმით შედგენილი ოქმის ამობეჭდვა და ჩაბარება სამართალდამრღვევი პირისათვის, თუ  იგი ესწრება მის შედგენას.

5. თუ სამართალდამრღვევი პირი ესწრება ოქმის შედგენას, მას დაუყოვნებლივ წარედგინება ოქმი გასაცნობად. სამართალდამრღვევ პირს უფლება აქვს, საბაჟო ორგანოს წარუდგინოს განმარტება ან/და შენიშვნა, რომელიც აისახება ოქმში ან დაერთვება მას.

6. როდესაც სამართალდამრღვევი პირი უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე, უფლებამოსილი პირის მიერ ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.  

7. საბაჟო ორგანოს უფლება აქვს, მატერიალური დოკუმენტის წარდგენისას მის ჩაბარებაზე უარის თქმის ფაქტის დაფიქსირების მიზნით გამოიყენოს ტექნიკური საშუალება. თუ მატერიალური დოკუმენტის წარდგენის ფაქტი ტექნიკური საშუალებით არის დაფიქსირებული, ეს დოკუმენტი ჩაბარებულად მიიჩნევა.

8. ოქმში აღნიშნება:

ა) ოქმის დასახელება;

ბ) ოქმის შედგენის თარიღი, დრო და ადგილი;

გ) ოქმის შემდგენელი უფლებამოსილი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი;

დ) სამართალდამრღვევი პირის დასახელება/სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი;

ე) საბაჟო სამართალდარღვევის შინაარსი;

ვ) შეფარდებული საბაჟო სანქციის სახე და ოდენობა.

9. საბაჟო სანქციის შეფარდების საკითხის გადაწყვეტისას, ოქმის შემდგენელი პირი უფლებამოსილია მოითხოვოს სასაქონლო ექსპერტიზის ჩატარება საქონლის რაოდენობის/საბაჟო ღირებულების/სეს ესნ-ის შესაბამისად სასაქონლო კოდის განსაზღვრის მიზნით.

10. ოქმს ხელს აწერენ ოქმის შემდგენელი პირი (გარდა ელექტრონული ფორმით შედგენილი ოქმისა), სამართალდამრღვევი ან მისი წარმომადგენელი (თუ ისინი ესწრებიან ოქმის შედგენას), აგრეთვე მოწმეები მათი არსებობის შემთხვევაში. ელექტრონული ფორმით შედგენილ ოქმზე სამართალდამრღვევის ხელმოწერა შესაძლებელია განხორციელდეს ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, ელექტრონული ხელმოწერით, რომელიც არის მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალის მქონე.

11. წერილობითი ოქმი ივსება მუქი ფერის ბურთულიანი კალმით. ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. ოქმის ფორმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი, ძველი გადაიხაზება ჯვარედინად და ჩამოიწერება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით.

12. საბაჟო ორგანო საბაჟო სამართალდარღვევათა ოქმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების შესაბამისად.

მუხლი 3. საბაჟო სამართალდარღვევის საქმის განხილვა

1. საბაჟო სამართალდარღვევის საქმე განიხილება და პირს საბაჟო სანქცია შეეფარდება სამართალდარღვევის გამოვლენის ადგილზე, საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირის მიერ. 

2. საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შედეგად საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, პირს საბაჟო სანქცია შეეფარდება შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემული, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის ბრძანებით.

3. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის შენიშვნით გათვალისწინებულ შემთხვევებში, პირს საბაჟო სანქცია შეეფარდება საგამოძიებო ორგანოს ან სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების საბაჟო ორგანოსათვის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში გამოცემული საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის ბრძანებით.

მუხლი 4.  საბაჟო სანქციის სახით ჩამორთმეული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დაბრუნების პროცედურები   

1. თუ საბაჟო დავის განმხილველი ორგანოს ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება, რომლითაც პირს საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევა, ან საბაჟო დავის განმხილველი ორგანოს ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით პირი საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდა შესაბამისი საბაჟო სანქციისაგან, პირი უფლებამოსილია, წერილობითი ან ელექტრონული ფორმით განცხადებით მიმართოს საბაჟო ორგანოს საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დაბრუნების თაობაზე, რომელსაც უნდა ერთოდეს დავის განმხილველი ორგანოს ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება.

2. საბაჟო დავის განმხილველი ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, საბაჟო ორგანო დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის აღნიშნული ინფორმაციის მიწოდებას.

3. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული განცხადების რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა საბაჟო ორგანო ადგენს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ დასრულებულია თუ არა განკარგვის პროცედურები  და იმ შემთხვევაში, თუ:

ა) საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე დასრულებულია განკარგვის პროცედურები „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონებისა და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე პრივატიზების, რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 15 ივნისის №125 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს ამ პროცედურების შეჩერების ან შედეგების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი, პირს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ უბრუნდება საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის საბაჟო ორგანოს წერილობითი მიმართვით წარდგენილი საბაჟო დავის განმხილველი ორგანოს ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ბრძანების შესაბამისად, საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე არ არის დასრულებული განკარგვის პროცედურები, პირს უბრუნდება ჩამორთმეული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება.

 

დანართი №1-01

შემოსავლების სამსახური

–––––––––––––––––––­­­­­­­­­­­­­­–––––––––––––––

(საბაჟო ორგანოს დასახელება)

საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი

სერია. . . . . №000000

1. ------------ ----------------- ---------                2. ------------------------------------------------------------

 (ოქმის შედგენის თარიღი და დრო)                (ოქმის შედგენის ადგილი)

3. -----------------------------------------------------------------------------------------------------------------

      (ოქმის შემდგენელი პირის (პირების) თანამდებობა, სახელი, გვარი)

4. -----------------------------------------------------------------------------------------------------------------

 -------------------------------------------------------------------------------------------------------------------

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------

               (საბაჟო სამართალდარღვევის შინაარსი)

 -------------------------------------------------------------------------------------------------------------------

5. სამართალდამრღვევი პირი: -------------------------------------------------------------------------------

                                                      (სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი)

6. შეფარდებული საბაჟო სანქცია: ---------------------------------------------------------------------------

(საბაჟო სანქციის სახე ან/და ოდენობა)

7. ოქმის შემდგენელი პირი: ------------------------------ ---------------------------------

                                                      (ხელმოწერა)                   (სახელი, გვარი)

8. სამართალდამრღვევი პირი: --------------------------- ---------------------------------

                                                      (ხელმოწერა)                        (სახელი, გვარი)

9. მოწმე: ------------------------ --------------------------------------------------------------

                   (ხელმოწერა)            (სახელი, გვარი, პირადი ნომერი)

10. ჩავიბარე ოქმი: ---------------------------------------------------------------------------

                                     (სამართალდამრღვევის ხელმოწერა)

11. შენიშვნები და განმარტებები: -------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------

საქართველოს საბაჟო კოდექსის 164-ე მუხლის თანახმად, აღნიშნული ოქმი სამართალდამრღვევ პირს წარედგინება როგორც „საგადასახადო მოთხოვნა“, რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს მისი მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში წერილობითი ან ელექტრონული ფორმით საჩივრის წარდგენის გზით, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლოში

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 (მისამართი)

დამკვეთი:

დამამზადებელი:

სფს-ს რეგისტრაციის №

 

დანართი №2

             საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები და მათი განხორციელების წესი

მუხლი 1. საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფა

1. საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფა მოიცავს სამართალდამრღვევი პირის, საბაჟო სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ გამოსაყენებელ ღონისძიებებს (შემდგომში – უზრუნველყოფის ღონისძიება) და მათი განხორციელების პროცედურებს.

2. უზრუნველყოფის ღონისძიება ხორციელდება სამართალდარღვევის საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე.

3. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებენ:

ა) სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირები;

ბ) საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის აქტის საფუძველზე სამართალდარღვევისთვის საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი პირები;

გ) საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის შენიშვნით განსაზღვრულ შემთხვევებში, საგამოძიებო ორგანოს ან სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გათვალისწინებით, სამართალდარღვევისთვის საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი პირები.

4. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილება ფორმდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც თან დაერთვის სამართალდარღვევის ოქმს ან სამართალდარღვევისთვის საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილებას.

5. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება შეწყდება, თუ სამართალდამრღვევი პირი ნებაყოფლობით აღასრულებს სამართალდარღვევისთვის შეფარდებულ საბაჟო სანქციას ან თუ მის მიმართ გამოყენებულ იქნება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

მუხლი 2. უზრუნველყოფის ღონისძიება

1. საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველსაყოფად დასაშვებია შემდეგი ღონისძიებების გამოყენება:

ა) სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა;

ბ) უზრუნველყოფის ღონისძიების მიქცევა სამართალდამრღვევი პირის კუთვნილ, მე-4 მუხლით გათვალისწინებულ ქონებაზე;

გ) გარანტიის მიღება.

2. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, სამართალდარღვევის საქმის წარმოების პროცესში ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გათვალისწინებით, შეცვალოს გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება სხვა ღონისძიებით ან დამატებით გამოიყენოს ახალი უზრუნველყოფის ღონისძიება, რაც დაუყოვნებლივ ეცნობება სამართალდამრღვევ პირს.

მუხლი 3. სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა

1. საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველსაყოფად სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება არის სამართალდამრღვევი პირის ქონება ან/და სამართალდარღვევის ობიექტი.

2. საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას ოქმის შედგენის გზით ახორციელებენ:

ა) სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირები;

ბ) უფლებამოსილი თანამდებობის პირები, რომლებსაც შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ნიშნავს საბაჟო ორგანოს უფროსი ზემოაღნიშნულ უფლებამოსილებათა აღსასრულებლად.

3. საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევისას უფლებამოსილი თანამდებობის პირი მოვალეა წარადგინოს თავისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტები (საბაჟო ორგანოს უფროსის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა).

4. საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა წარმოებს დამსწრეთა (მოწმეთა) და იმ პირის თანდასწრებით, რომლის მიმართაც წარმოებს ჩამორთმევა. ჩამოსართმევი საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება წარედგინება დამსწრეებს და სხვა იქ მყოფ პირებს და აღინიშნება ჩამორთმევის ოქმში ან მასზე თანდართულ ჩამონათვალში მათი დასახელების, რაოდენობის, მოცულობისა და განსაკუთრებული ნიშნების აღნიშვნით.

5. ჩამორთმეული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება საჭიროების შემთხვევაში შეიძლება დაილუქოს ჩამორთმევის ადგილზე ან/და განხორციელდეს მათი ნიშანდება იდენტიფიკაციის საშუალებებით. საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დალუქვა შემდგომში ჩამორთმევის მიზნით დაუშვებელია.

6. საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ოქმში უნდა აღინიშნოს: ოქმის შედგენის დრო და ადგილი; ოქმის შემდგენი უფლებამოსილი პირის და აგრეთვე ოქმის შედგენისას დამსწრე პირების დასახელება; ჩამორთმეული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დასახელება მისი სახეობისა (საიდენტიფიკაციო მარკირების, ნომრის) და რაოდენობის ჩვენებით; გამოყენებული იდენტიფიკაციის საშუალებები; საწყობის ან იმ პირის დასახელება, ვისაც საქონელი გადაეცა შესანახად და აგრეთვე ის, რომ საქონლის შემნახველს განემარტა მისი მოვალეობანი საქონლის შენახვისათვის და პასუხისმგებლობა შესანახად გადაცემული ქონების გაფლანგვის, გასხვისებისა და გადამალვისათვის. საქონლის ჩამორთმევის ოქმს ხელს აწერენ საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირები, ქონების შემნახველი და მის შედგენაზე დამსწრე სხვა პირები.

7. საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ოქმის ერთი ეგზემპლარი ჩაჰბარდება სამართალდამრღვევ პირს, ვისაც ჩამოერთვა საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება, ხოლო ოქმის მეორე ეგზემპლარი თან დაერთვის სამართალდარღვევის ოქმს ან სამართალდარღვევისთვის საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილებას.

8. იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 249-ე მუხლის შესაბამისად უკვე ჩამორთმეულია სამართალდარღვევის საქმის წარმოების უზრუნველსაყოფად, სამართალდარღვევისთვის შეფარდებული საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფა ხორციელდება აღნიშნულის თაობაზე მხოლოდ გადაწყვეტილების გაფორმებით.

9. ჩამორთმეული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების შენახვა ხდება საწყობში, ხოლო დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევაში დასაშვებია შესანახად სხვა პირისათვის მიბარება. სხვა პირთან შენახვისას იგი იღებს გასამრჯელოს დადგენილი წესის შესაბამისად. გარდა ამისა, შემნახველს აუნაზღაურდება საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების შენახვისათვის ფაქტობრივად გაწეული ხარჯები. სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი ვალდებულია განუმარტოს შემნახველს, რომ შესანახად გადაცემული პროდუქციის გაფლანგვის, გასხვისების ან გადამალვის შემთხვევაში მას დაეკისრება პასუხისმგებლობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

10. საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველსაყოფად ჩამორთმეული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების შენახვა ხორციელდება სანამ:

ა) სამართალდამრღვევი პირი ნებაყოფლობით აღასრულებს სამართალდარღვევისთვის შეფარდებულ საბაჟო სანქციას, ან

ბ) მის მიმართ გამოყენებულ იქნება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები, ან

გ) ჩამორთმეული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ნაცვლად, უზრუნველყოფის ღონიძიების სახით, სამართალდამრღვევი პირის მიერ წარმოდგენილი იქნება გარანტია, ან

დ) საქმის განხილვის შედეგების მიხედვით:

დ.ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობისას მოახდენენ ჩამორთმეული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციას ან დაუბრუნებენ საქონლის მფლობელს;

დ.ბ) სასყიდლით ჩამორთმევის შემთხვევაში მოახდენენ რეალიზაციას.

მუხლი 4. უზრუნველყოფის ღონისძიების მიქცევა სამართალდამრღვევი პირის კუთვნილ სხვა ქონებაზე

1. იმ შემთხვევაში, როდესაც საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველსაყოფად სხვა ღონისძიების გამოყენება შეუძლებელია და არსებობს გარემოებები, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის სამართალდარღვევისთვის შეფარდებული საბაჟო სანქციის აღსრულებას, შესაძლებელია დამატებით განხორციელდეს სამართალდამრღვევი პირის კუთვნილი, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ნებისმიერი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა და შესანახად გადაცემა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა და შესანახად გადაცემა ხორციელდება ოქმის შედგენით, ამ წესის მე-3 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.

3. თუ არსებობს სამართალდამრღვევი პირის მიერ სახელმწიფო ხაზინაში დეპოზიტის სახით საბაჟო ორგანოში წარდგენილი გარანტია ან აღნიშნულ პირს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხება ზედმეტად გადახდილი იმპორტის ან ექსპორტის გადასახდელების თანხა, შესაძლებელია საბაჟო სამართალდარღვევისთვის შეფარდებული საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებულ იქნეს აღნიშნული თანხების უკან დაბრუნების პროცედურების შეჩერება.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების შეჩერება განხორციელდება სამართალდარღვევისთვის შეფარდებული საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებითა და საგადასახადო ორგანოებისათვის, აგრეთვე საქონლის, სატრანსპორტო საშუალებებისა და ფულადი დეპოზიტის შენახვის განმახორციელებელი პირებისათვის შესაბამისი შეტყობინების გაგზავნით.

 მუხლი 5. გარანტიის მიღება

1. სამართალდამრღვევი პირის თხოვნით, საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველსაყოფად ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული უზრუნველყოფის ღონისძიებების ნაცვლად შესაძლებელია სამართალდამრღვევი პირის მიერ სხვა გარანტიის (თავდებობა, საბანკო გარანტიის, დაზღვევის პოლისის ან სახელმწიფო ხაზინაში დეპოზიტის შეტანის თაობაზე ცნობის) წარდგენა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარანტიის ოდენობა განისაზღვრება შესაბამისი სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებული საბაჟო სანქციის მაქსიმალური ოდენობით.

3. გარანტიის წარდგენის შემთხვევაში სამართალდამრღვევ პირს ეძლევა შესაბამისი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების გაფორმების ან/და გადაადგილების უფლება.

4. სამართალდარღვევისთვის შეფარდებული საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველსაყოფად გარანტიის წარდგენა არ იწვევს სამართალდამრღვევი პირის გათავისუფლებას სხვა ვალდებულებებისაგან ან/და შესაბამისი გარანტიების წარდგენის ვალდებულებისაგან.


ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.