სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 135
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/03/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/03/2019
სარეგისტრაციო კოდი 340170000.10.003.021150
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
135
15/03/2019
ვებგვერდი, 19/03/2019
340170000.10.003.021150
სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (19/03/2019 - 04/02/2020)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №135

2019 წლის 15 მარტი

ქ. თბილისი

 

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა“. 
მუხლი 2
ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული „სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ დაფინანსება განხორციელდეს „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოსავლის ამღები  ტექნიკის  თანადაფინანსების  პროექტიდან  (პროგრამული  კოდი:  31 05 09).

 

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე



სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა

 


მუხლი 1. პროგრამის მიზანი და ამოცანა

1. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში − პროგრამა) მიზანია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე, რომელიც განკუთვნილია სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად (ნებისმიერი ტიპის მოსავლის ამღები ტექნიკა, როგორც თვითმავალი, ასევე მისაბმელი; სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორები; ტრაქტორის სასოფლო-სამეურნეო მისაბმელები (იმპლემენტი) და მოტობლოკი), ხელმისაწვდომობის გაზრდა.

2. პროგრამის ამოცანას წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესასყიდად საჭირო ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა თანადაფინანსების გზით.

3. პროგრამის განმახორციელებელია ა(ა)იპ − სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო (შემდგომში − სააგენტო).

4. სააგენტომ პროგრამისათვის გამოყოფილი თანხების განაწილება, პროგრამით გათვალისწინებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სახეობების მიხედვით, უნდა შეათანხმოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან.

მუხლი 2. პროგრამაში მონაწილეობის პირობები

1. პროგრამის ბენეფიციარი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი ან ინდივიდუალური მეწარმე ან კანონის შესაბამისად რეგისტრირებული კომერციული იურიდიული პირი (მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი), რომელშიც სახელმწიფო არ ფლობს წილს/პაის/აქციას.

2. პროგრამის ბენეფიციარი რეგისტრირებული უნდა იყოს „ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის  პროექტის“ ფარგლებში წარმოებულ  რეესტრში.

3. შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა უნდა იყოს ახალი (ექსპლუატაციაში არმყოფი) და აკმაყოფილებდეს შემდეგ  პირობებს:

ა) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკა წარმოებული უნდა იყოს შესყიდვამდე არაუმეტეს 2  კალენდარული წლით ადრე;

ბ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკის შესყიდვის მომენტში უნდა მოქმედებდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკაზე საგარანტიო პირობები.

4. პროგრამის ბენეფიციარს არ უნდა გააჩნდეს საგადასახადო დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ.

მუხლი 3. შეზღუდვები

1. სააგენტოს თანადაფინანსების გაცემის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ბენეფიციარის  თანამონაწილეობა, რომელიც უნდა შეადგენდეს დასაფინანსებელი პროექტის ჯამური ღირებულების არანაკლებ 50%-ს.

 2. პროგრამის ფარგლებში შეძენილმა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკამ შეძენიდან 5 (ხუთი) წლის განმავლობაში არ უნდა გადაკვეთოს საქართველოს საზღვარი.

3. პროგრამის ბენეფიციარი  ვალდებულია, უზრუნველყოს პროგრამის ფარგლებში შეძენილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის (რომელიც არის იდენტიფიცირებადი და ენიჭება სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირების სახელმწიფო ნომერი, გაცემული სსიპ − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ) დაგირავება სააგენტოს სასარგებლოდ, 5 (ხუთი) წლის ვადით.

4. პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარის მიერ შეძენილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სააგენტოს სასარგებლოდ დაგირავება უნდა განხორციელდეს სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში.

 5. პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარის მიერ შეძენილ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე სააგენტოს გირავნობა შესაძლოა იყოს რიგით მეორე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად ბენეფიციარის თანამონაწილეობის წყაროს წარმოადგენს საფინანსო ინსტიტუტის მიერ გაცემული კრედიტი და ამ კრედიტის უზრუნველსაყოფად საფინანსო ინსტიტუტი არის ტექნიკის პირველი რიგის მოგირავნე. 

6. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაგირავებას სააგენტო არ განახორციელებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად ბენეფიციარის თანამონაწილეობის წყაროს წარმოადგენს ლიზინგი.  

მუხლი 4. ფინანსური დახმარება

სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა ერთ ბენეფიციარზე შეადგენს შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების არაუმეტეს 50%-ს, მაგრამ არაუმეტეს 150,000 ლარისა.

მუხლი 5. პროგრამის პოტენციური ბენეფიციარის მიერ თანადაფინანსების მიღების მიზნით წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა

პროგრამაში მონაწილეობის მიზნით, პროგრამის პოტენციურმა ბენეფიციარმა სააგენტოში უნდა წარადგინოს:

ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში − პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი;

ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში − დირექტორის პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი;

გ)  იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში − ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

დ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შემთხვევაში − სსიპ − სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის შესახებ;

ე) იურიდიული პირების შემთხვევაში − ნოტარიული წესით დამოწმებული დამფუძნებლების/პარტნიორების კრების ოქმი პროგრამაში მონაწილეობისა და სააგენტოსთან გასაფორმებელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების აღების თაობაზე (ასეთის საჭიროების შემთხვევაში);

ვ) ცნობა ან/და შედარების აქტი სსიპ − შემოსავლების სამსახურიდან  დავალიანების არარსებობის შესახებ;

ზ) ბენეფიციარის თანამონაწილეობის თანხის დამადასტურებელი დოკუმენტი  − ცნობა ბანკიდან შესაბამისი თანხის ანგარიშზე არსებობის შესახებ ან/და ცნობა საფინანსო ინსტიტუტიდან კრედიტის/ლიზინგის  დამტკიცების თაობაზე;

თ) შესაძენ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკაზე იურიდიული პირის ან/და ინდივიდუალური მეწარმის მიერ პოტენციური ბენეფიციარისთვის გამოწერილი ინვოისი ან/და მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ქართულ ენაზე (იმპორტის შემთხვევაში − ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი);

ი) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული კომპანიის საექსპერტო/აუდიტორული დასკვნა, წარდგენილი პროექტის საინვესტიციო ღირებულების საბაზრო ფასებთან შესაბამისობის შესახებ;

კ) სხვა დამატებითი დოკუმენტაცია, რომელთა წარდგენის აუცილებლობასაც განსაზღვრავს სააგენტო.

მუხლი 6. ინტერესთა კონფლიქტი

პოტენციური ბენეფიციარი ვერ მიიღებს პროგრამით გათვალისწინებულ თანადაფინანსებას, თუ პოტენციური ბენეფიციარი ან მისი დამფუძნებელი/მეპაიე/აქციონერი ფლობს წილს/აქციას/პაის წარდგენილი ინვოისით/ხელშეკრულებით გათვალისწინებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მიმწოდებელ კომპანიაში.

მუხლი 7. თანადაფინანსების დამტკიცებისა და გაცემის პროცედურა

1. პოტენციური ბენეფიციარის მიერ, დაფინანსების მიზნით,  სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობას პროექტის პირობებთან ამოწმებს სააგენტო, მის მიერ დამტკიცებული თანადაფინანსების დამტკიცებისა და გაცემის პროცედურის შესაბამისად.

2. სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, პოტენციურ ბენეფიციარს გაუფორმდება თანადაფინანსების ხელშეკრულება.  

მუხლი 8. პროგრამის მონიტორინგი და ანგარიშგება

1. ბენეფიციარმა, პროგრამით გათვალისწინებული მიზნობრიობის შესრულების  დასადასტურებლად, სააგენტოს უნდა წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის საექსპერტო/აუდიტორული დასკვნა პროგრამით გათვალისწინებული თანხების (ბენეფიციარის თანამონაწილეობა და სააგენტოს თანადაფინანსება) მიზნობრივად ხარჯვასა და მიზნობრიობის შესრულებასთან დაკავშირებით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დასკვნისა და მისი თანმდევი დოკუმენტაციის დოკუმენტურ მონიტორინგს ახორციელებს სააგენტო, მის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.