ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების განსაზღვრის შესახებ

ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 388
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 06/03/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/03/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/04/2019
სარეგისტრაციო კოდი 100060000.22.027.016888
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
388
06/03/2019
ვებგვერდი, 06/03/2019
100060000.22.027.016888
ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (06/03/2019 - 12/10/2022)

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ერთობლივი ბრძანება №388   №01-18/ნ

2019 წლის 6 მარტი

ქ. თბილისი

 

ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების განსაზღვრის შესახებ

პატიმრობის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილისა და 23-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-5 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, აგრეთვე, „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის №3128 კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებთ:

1. დამტკიცდეს თანდართული ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვების ნორმებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 13 აგვისტოს №88 – №01-34/ნ ერთობლივი ბრძანება.
3. ამ ბრძანების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში საკვების მომზადებასთან უშუალო შეხებაში მყოფი პერსონალი ვალდებულია კვების ბლოკის მენეჯერს წარუდგინოს ამ ბრძანებით დამტკიცებული ნორმების მე-10 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
4. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 1 აპრილიდან.

 


საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო




ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები

თავი I

ზოგადი დებულებები

მუხლი 1. რეგულირების სფერო

1. ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომში – სამსახური) პენიტენციურ დაწესებულებებში (შემდგომში – დაწესებულება) მყოფ ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა (შემდგომში – ბრალდებული/მსჯავრდებული) ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარებისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო კვების ორგანიზებისათვის აუცილებელ ნორმებს.

2. ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები და პირობები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, პატიმრობის კოდექსს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებს, საქართველოს იუსტიციისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების ბრძანებებსა და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნებს.

3. წინამდებარე ნორმების დაცვა სავალდებულოა დაწესებულებებისათვის, სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების მოსამსახურეთათვის და სამსახურის იმ კონტრაქტორი იურიდიული პირებისათვის, რომლებიც ახორციელებენ დაწესებულებების კვებით მომსახურებას.

მუხლი 2. ზოგადი მოთხოვნები კვების ორგანიზებისადმი

1. წინამდებარე ნორმები განსაზღვრავს კვების ობიექტებისა და ასევე კვების ორგანიზების სანიტარიულ-ჰიგიენურ სტანდარტებსა და მოთხოვნებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის დაცვის, ასევე ინფექციური და არაინფექციური დაავადებების წარმოშობისა და გავრცელების თავიდან აცილების მიზნით.

2. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო კვების ორგანიზების უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელია წინამდებარე ნორმებით განსაზღვრულ სანიტარიულ-ჰიგიენურ მოთხოვნათა მკაცრი დაცვა. ამ ნორმების დაუცველობა გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ, მათ შორის, დისციპლინურ პასუხისმგებლობას.

3. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა კვების რეჟიმი განსაზღვრავს დღის განმავლობაში კვების ჯერადობას, მათ შორის, ფიზიოლოგიური თვალსაზრისით გამართლებული შუალედების დაცვას, ასევე შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დამტკიცებული ნორმების მიზანმიმართულ განაწილებას დღისა და კვირის განმავლობაში და საკვების მიღებას კვების რეჟიმით განსაზღვრულ დროის მონაკვეთში.

4. განსაკუთრებულ სიტუაციებსა და პირობებში დასაშვებია დადგენილი კვების რეჟიმის შეცვლა და ახლის შემუშავება სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების მონაწილეობით.

მუხლი 3. კვების ორგანიზება დაწესებულებაში

1. დაწესებულებაში მყოფ პირთა კვების ორგანიზება უნდა შეესაბამებოდეს ჯანსაღი კვებისა და ორგანიზმის საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ფიზიოლოგიური მოთხოვნილების ადეკვატურად დაკმაყოფილების პრინციპს.

2. ბრალდებული/მსჯავრდებული უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხარისხიანი, უსაფრთხო და საკმარისი სასმელი წყლით (არანაკლებ 2,5 ლიტრი ერთ პირზე დღეში).

3. დაწესებულებაში საკვები უნდა შეიცავდეს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის რეკომენდებულ კომპონენტებს (ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, მინერალურ ნივთიერებებსა და ვიტამინებს).

4. განსაკუთრებული კვების რეჟიმის საჭიროების მქონე ბრალდებულები/მსჯავრდებულები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ ექიმის მიერ სამედიცინო ჩვენების შესაბამისად დადგენილი სამკურნალო კვებისათვის აუცილებელი პროდუქტებით, ამ დანართის მოთხოვნების გათვალისწინებით.

5. ექიმი ვალდებულია, შესაბამისი საჭირო პერიოდულობით შეამოწმოს ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის განსაკუთრებული კვების რეჟიმის საჭიროება და მიიღოს გადაწყვეტილება განსაკუთრებული კვების რეჟიმის შეწყვეტის, შეცვლის ან ძალაში დატოვების შესახებ.

6. აკრძალულია ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასჯის მიზნით საკვების კალორიულობის შემცირება.

თავი II

კვების რეჟიმები და დაგეგმვა

მუხლი 4. დღიური კვება

1. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დღიური კვება უნდა იყოს სამჯერადი. შუალედი საკვების მიღებათა შორის არ უნდა აღემატებოდეს 6 საათს.

2. კვების დაგეგმვისას ვახშამი უნდა დაიგეგმოს გასაყრისის გამოცხადებამდე არანაკლებ 2 და არაუმეტეს 3 საათით ადრე.

3. საკვებით მიღებულ ენერგიასა და მის ხარჯვას შორის პროპორციის გათვალისწინებით დასაშვებია, რომ დღიურ რაციონში, საკვების საერთო ენერგეტიკული მაჩვენებელი, მე-8 მუხლით განსაზღვრული რაციონის სასურსათო ნორმების მიხედვით, მერყეობდეს 730 კ.კალ-დან 3390 კ.კალ-მდე.

მუხლი 5. მენიუ-განრიგი

1. სეზონის მიხედვით, ყოველკვირეული მენიუ-განრიგი განისაზღვრება:

ა) გათავისუფლებისათვის მომზადების, დაბალი რისკისა და ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მყოფ მსჯავრდებულთათვის – დანართი №1-ის შესაბამისად;

ბ) დახურული ტიპისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მყოფ მსჯავრდებულთათვის და პატიმრობის დაწესებულებაში მოთავსებულ ბრალდებულთათვის – დანართი №2-ის შესაბამისად;

გ) არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულთათვის – დანართი №3-ის შესაბამისად;

დ) ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის – დანართი №4-ის შესაბამისად;

ე) ორსულ და მეძუძურ ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის – დანართი №5-ის შესაბამისად;

ვ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და დაწესებულებების საექიმო-სამედიცინო პუნქტებში სტაციონარულ მკურნალობაზე მყოფ ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის – დანართი №6-ის შესაბამისად;

ზ) ტუბერკულოზით დაავადებულ ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის – დანართი №7-ის შესაბამისად;

თ) შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის – დანართი №8-ის შესაბამისად;

ი) კუჭ-ნაწლავით დაავადებულ ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის – დანართი №9-ის შესაბამისად;

კ) ღვიძლით დაავადებულ ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის – დანართი №10-ის შესაბამისად;

ლ) სტაციონარულ მკურნალობაზე მყოფ პოსტოპერაციულ ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის – დანართი №11-ის შესაბამისად.

2. მენიუ-განრიგში ცვლილებების საჭიროების შემთხვევაში (ჩანაცვლების ნორმების გათვალისწინებით), აუცილებელია სამსახურის მიერ უფლებამოსილი ექიმი-დიეტოლოგის/ნუტრიციოლოგის თანხმობა და დაწესებულების სასადილოს მენეჯერის მონაწილეობა.

3. მენიუ-განრიგი უნდა გამოიკრას დაწესებულების საერთო სარგებლობის სივრცეში, ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის გაცნობის მიზნით.

მუხლი 6. სხვადასხვა კერძები და პროდუქტები

როგორც წესი, პური გაიცემა მთლიანი რაოდენობით. პურის დაჭრილი სახით გაცემის შემთხვევაში, მთლიანი პურის გადანაწილება ხორციელდება მე-5 მუხლით განსაზღვრული მენიუ-განრიგის შესაბამისად.

მუხლი 7. სადღესასწაულო დღეები

სადღესასწაულო დღეებში, სამსახურის გენერალურ დირექტორთან შეთანხმებით, შეიძლება მომზადდეს კერძი ისეთი პროდუქტისაგან, რომელიც არ არის გათვალისწინებული კვების სტანდარტული მენიუ-განრიგით. ასეთ შემთხვევაში დადგენილი ნორმები უნდა იქნეს დაცული.

მუხლი 8. რაციონის სასურსათო ნორმები

1. სეზონის მიხედვით, მე-5 მუხლით გათვალისწინებულ მენიუ-განრიგში გამოყენებული რაციონის სასურსათო ნორმები განისაზღვრება:

ა) გათავისუფლებისათვის მომზადების, დაბალი რისკისა და ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მყოფ მსჯავრდებულთათვის – დანართი №12-ის შესაბამისად;

ბ) დახურული ტიპისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მყოფ მსჯავრდებულთათვის და პატიმრობის დაწესებულებაში მოთავსებული ბრალდებულთათვის – დანართი №13-ის შესაბამისად;

გ) არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულთათვის – დანართი №14-ის შესაბამისად;

დ) ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის – დანართი №15-ის შესაბამისად;

ე) ორსულ და მეძუძურ ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის – დანართი №16-ის შესაბამისად;

ვ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და დაწესებულებების საექიმო-სამედიცინო პუნქტებში სტაციონარულ მკურნალობაზე მყოფ ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის – დანართი №17-ის შესაბამისად;

ზ) ტუბერკულოზით დაავადებულ ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის – დანართი №18-ის შესაბამისად;

თ) შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის – დანართი №19-ის შესაბამისად;

ი) კუჭ-ნაწლავით დაავადებულ ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის – დანართი №20-ის შესაბამისად;

კ) ღვიძლით დაავადებულ ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის – დანართი №21-ის შესაბამისად;

ლ) სტაციონარულ მკურნალობაზე მყოფ პოსტოპერაციულ ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის – დანართი №22-ის შესაბამისად.

2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაწესებულებიდან გაყვანა/გადაყვანისას დღიური სასურსათო პაკეტი განისაზღვრება დაწესებულების უფლებამოსილი პირის მიერ, ინდივიდუალურად, იმ დღიურ სასურსათო ნორმებზე დაყრდნობით, რომელსაც ღებულობს ბრალდებული/მსჯავრდებული მოცემულ პერიოდში.

მუხლი 9. ერთი პროდუქტის სხვა პროდუქტით ჩანაცვლება

1. ერთი პროდუქტის სხვა პროდუქტით ჩანაცვლება დასაშვებია დანართი №23-ის შესაბამისად.

2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რომელიც საჭიროებს სპეციალურ დიეტას ექიმის დანიშნულების შესაბამისად, შეიძლება შეეცვალოს ერთი სახის პროდუქტი მეორეთი ისე, რომ შენარჩუნებულ იქნეს საკვების შესაბამისი ნორმებით გათვალისწინებული კვებითი ღირებულება.

თავი II

ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები

მუხლი 10. კონტროლი დაწესებულებებში სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვაზე

1. დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის შესაბამისი პერსონალი, კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს დაწესებულებებში სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვაზე ზედამხედველობას.

2. დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის შესაბამისი პერსონალი ვალდებულია, რეგულარულად შეამოწმოს:

ა) ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის განკუთვნილი საკვების ხარისხი და ოდენობა, მათი მომზადებისა და მიწოდების სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები;

ბ) დაწესებულების ტერიტორიისა და ნაგებობის სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა;

გ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ტანსაცმლისა და საწოლის თეთრეულის მდგომარეობა და, სეზონის პირობებთან შესაბამისობის დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, წერილობით აცნობოს დაწესებულების დირექტორს.

3. ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის გადასაცემი საკვები პროდუქტების ხარისხის შემოწმების მიზნით, კვების ბლოკის შესაბამისი თანამშრომელი ვალდებულია აიღოს სინჯი ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის გადასაცემი მიმდინარე დღის კერძიდან. სინჯს ამოწმებს და ხელმოწერით ადასტურებს ექიმი/ექთანი. აღნიშნული სინჯი შენახული უნდა იქნეს აღებიდან 48 საათის განმავლობაში. სინჯს იღებენ მინის, სტერილურ, თავსახურავიან ჭურჭელში (გარნირი განთავსდება ცალკე ჭურჭელში) და ინახავენ მაცივარში, სპეციალურად გამოყოფილ ადგილას 20C – 60C ტემპერატურაზე.

4. საკვების მომზადებასთან უშუალო შეხებაში მყოფი პერსონალი ვალდებულია დაიცვას სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები. მათ უნდა ეცვათ შესაფერისი, სუფთა და, საჭიროების შემთხვევაში, დამცავი ტანსაცმელი (ხელთათმანი, თავსაბურავი, ფეხსაცმელი). საკვების მომზადებასთან უშუალო შეხებაში მყოფი პერსონალი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შევსებული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წარუდგინოს კვების ბლოკის მენეჯერს ექვს თვეში ერთხელ პერიოდულობით. თუ პირი ინფიცირებულია ისეთი დაავადებით, რომლის გავრცელება შესაძლებელია სურსათის/საკვების მეშვეობით (მაგალითად, აქვს ინფიცირებული ჭრილობა, კანის ინფექცია, წყლული და სხვ.) ან არსებობს საკვების პირდაპირი ან არაპირდაპირი დაბინძურების შესაძლებლობა, ეს პირი დაუყოვნებლივ ჩამოშორდება საკვების მომზადების პროცესს.

5. საკვების მომზადების პროცესში, ასევე საკვები პროდუქტების შენახვისა და დამუშავების, ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის საკვების გადაცემის ადგილას თამბაქოს მოწევა დაუშვებელია.

6. დაუშვებელია დაწესებულებაში ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად უვარგისად მიჩნეული პროდუქტისა და საკვებად ვარგისი პროდუქტების ერთად მოთავსება.

7. საექიმო-სამედიცინო პუნქტის შესაბამისი პერსონალი ვალდებულია სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დარღვევათა აღმოჩენის შემთხვევაში წერილობით აცნობოს დაწესებულების დირექტორს.

8. სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების გამოვლენილ დარღვევათა საკუთარი ძალებით აღმოფხვრის შეუძლებლობის შემთხვევაში, დაწესებულების დირექტორი ვალდებულია მოხსენებითი ბარათით მიმართოს სამსახურის გენერალურ დირექტორს. მოხსენებით ბარათს უნდა დაერთოს საექიმო-სამედიცინო პუნქტის შესაბამისი პერსონალის წერილი.

მუხლი 11. დაწესებულებაში მყოფ პირთა საყოფაცხოვრებო პირობების სანიტარიულ-ჰიგიენური უზრუნველყოფა

1. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ყოფნისათვის განკუთვნილი სივრცის (შემდგომში სივრცე) არქიტექტურულ-ინფრასტრუქტურული გადაწყვეტა და აღჭურვა უნდა უზრუნველყოფდეს ბუნებრივი ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, პირადი ჰიგიენის დაცვას, ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას ადამიანის პატივისა და ღირსების შეულახავად, რაც გულისხმობს:

ა) პირადი ჰიგიენის წესების (ხელ-პირის დაბანა, პირის ღრუს ჰიგიენური დამუშავება, სხეულის დაბანა არანაკლებ კვირაში ერთხელ, საპარიკმახერო მომსახურება: პირის გაპარსვა, თმის შეჭრა, ფრჩხილის დაჭრა) შესრულებისათვის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ცენტრალიზებულ ქსელთან მიერთებული, შესაბამისად აღჭურვილი სანიტარიულ-ტექნიკური ინფრასტრუქტურით და ჰიგიენური საშუალებებით (საპონი, კბილის პასტა, ნეჭი, პირსახოცი) უზრუნველყოფას;

ბ) საწოლითა და ლოგინით (ლეიბი, ბალიში, საბანი) უზრუნველყოფას;

გ) სუფთა თეთრეულით არანაკლებ კვირაში ერთხელ უზრუნველყოფას, აგრეთვე, სეზონის შესაფერისი სპეციალური ტანსაცმლის მიწოდებასა და ცვლას დაბინძურების მიხედვით;

დ) მიკროკლიმატის ოპტიმალურ დაცვას სივრცეებში (18​0C​ – 25​0C​);

ე) ბუნებრივ და ხელოვნურ განათებას, ვენტილაციას;

ვ) ნარჩენების შეგროვებისა და დროული გატანის უზრუნველყოფას;

ზ) სივრცის ყოველდღიური დასუფთავების, ავეჯისა და ფანჯრების ყოველკვირეული წმენდის, ოთახებისა და კვების ბლოკების პერიოდული სავალდებულო სადენზიფექციო, სადეზინსექციო და სადერატიზაციო სამუშაოების ორგანიზებას;

თ) სივრცის აღჭურვას საერთო სარგებლობის ავეჯით (მაგიდა, სკამი, ტუმბო, კარადა და სხვ.);

ი) პერიოდული სამედიცინო შემოწმების, პროფილაქტიკური აცრების და სხვა ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარებას.

2. ორსულ ქალებს, მეძუძურ დედებს, არასრულწლოვნებს, ავადმყოფებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უნდა შეექმნათ შესაფერისი საყოფაცხოვრებო და კვების პირობები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

3. ქალი ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს ჰიგიენის დაცვის შესაძლებლობა, როგორიცაა: ჰიგიენური საფენების მიწოდება, სხვა ჰიგიენური საშუალებებისა და მათი განთავსების (გადაყრის) შესაძლებლობის არსებობა.

4. დაუშვებელია ბრალდებულთა და მსჯავრდებულთათვის თმების მთლიანი გადაპარსვის იძულება, თუ არ არსებობს ექიმის მოთხოვნა ან ჰიგიენური აუცილებლობა.