სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე

სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/50
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 01/02/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/02/2019
სარეგისტრაციო კოდი 040030040.22.024.016584
1-1/50
01/02/2019
ვებგვერდი, 04/02/2019
040030040.22.024.016584
სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/50

2019 წლის 1 თებერვალი

ქ. თბილისი

 

სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვის წესი.
2. ბრძანება არ ვრცელდება სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ იმ საწარმოებზე, რომელთა აქციები და წილები გადაცემულია მართვის უფლებით და სს „საპარტნიორო ფონდზე“.
3. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 29 ოქტომბრის №1-1/1732 ბრძანება.
4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიგიორგი ქობულია




სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

ეს წესი (შემდგომში – წესი) აწესრიგებს სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების (შემდგომში – საწარმოები) კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების (შემდგომში – ძირითადი საშუალებები) განკარგვის პროცესს.

მუხლი 2. ძირითადი საშუალებების განკარგვის ფორმები და საწარმოთა მიერ სასამართლო დავების შესახებ შეტყობინების ვალდებულება

1. ძირითადი საშუალებების განკარგვის ფორმებია:

ა) ბალანსიდან ჩამოწერა;

ბ) დროებით სასყიდლიან/უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემა;

გ) გაყიდვა;

დ) ძირითადი საშუალებების საწარმოს კაპიტალიდან ამოღება, ან/და სხვა საწარმოს კაპიტალში შეტანა;

ე) გაცვლა;

ვ) სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით გადაცემა.

2. საწარმოს ხელმძღვანელის (სამეთვალყურეო საბჭოს არსებობისას – მისი წინასწარი თანხმობით) გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან“ (შემდგომში – ქონების სააგენტო) შეთანხმებით, შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული განკარგვისა და გადაცემის სხვა ფორმებიც.

3. საწარმოს ხელმძღვანელი ვალდებულია ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგ სარჩელის აღძვრამდე ორი კვირის ვადაში წერილობით აცნობოს ქონების სააგენტოს ამასთან, საწარმოს ხელმძღვანელი ვალდებულია სასამართლო შეტყობინების მიღებიდან ერთი კვირის ვადაში წერილობით მიაწოდოს ინფორმაცია ქონების სააგენტოს იმ სასამართლო დავის შესახებ, რომელშიც საწარმო წარმოადგენს მოპასუხეს.

მუხლი 3. ძირითადი საშუალებების ბალანსიდან ჩამოწერა

1. ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების ჩამოწერა ხდება საწარმოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით (სამეთვალყურეო საბჭოს არსებობისას – მისი წინასწარი თანხმობით), გარდა საზოგადოების კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების ჩამოწერისა, რაც ხორციელდება ქონების სააგენტოს წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ქონების სააგენტოს თანხმობა საჭიროა იმ შემთხვევაშიც, თუ წლის განმავლობაში ჩამოსაწერი მოძრავი ძირითადი საშუალებების (საშუალების) ჯამური ნარჩენი საბალანსო ღირებულება აღემატება საწარმოს მთელი ძირითადი საშუალებების ნარჩენი საბალანსო ღირებულების 10%-ს.

2. ძირითადი საშუალებების ჩამოწერა ხდება აქტივებისა და ვალდებულებათა ინვენტარიზაციის საფუძველზე, ხოლო ჩამოწერის შედეგები აისახება საწარმოს წლიურ ბალანსზე.

3. ძირითადი საშუალებების ბალანსიდან ჩამოწერის მიზნით საწარმოს ხელმძღვანელის შესაბამისი წერილობითი გადაწყვეტილებით იქმნება კომისია, რომელშიც შედიან საწარმოს ხელმძღვანელები, ბუღალტერი და სხვა თანამშრომლები, კომისიის წევრი შესაძლებელია იყოს მოწვეული პირიც.

4. კომისია სწავლობს ამორტიზებული ან ექსპლუატაციისათვის გამოუყენებელი (ვადაზე ადრე ჩამოწერა) ძირითადი საშუალების მდგომარეობას, ასაბუთებს ძირითადი საშუალების საწარმოს ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ძირითადი საშუალებების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტებს და ძირითადი საშუალებების ლიკვიდაციის აქტებს თითოეულ ძირითად საშუალებაზე ცალ-ცალკე. რომლის საფუძველზეც ხდება სასაქონლო მატერიალური მარაგების საწარმოო მარაგების სახით ბალანსზე აყვანა.

5. საწარმოს ხელმძღვანელი უზრუნველყოფს ჩამოსაწერი ძირითადი საშუალებების ნარჩენი ღირებულებისა და მათი ლიკვიდაციის შედეგად მიღებული სასაქონლო მატერიალური მარაგების ღირებულების დადგენის აქტების შემოწმებასა და დადასტურებას ექსპერტის/შესაბამისი ლიცენზიის მქონე აუდიტორის მიერ, რის შემდეგაც იგი ამტკიცებს კომისიის მიერ ძირითადი საშუალებების ჩამოწერასთან დაკავშირებულ ყველა აქტს.

6. დაუმთავრებელი მშენებლობის ან/და ექსპლუატაციისათვის გამოუსადეგარი შენობა-ნაგებობის ჩამოწერის მიზნით საწარმოს ხელმძღვანელი დასაბუთებული წინადადებით  მიმართავს ქონების სააგენტოს და წარუდგენს საექსპერტო დასკვნას.

7. ძირითადი საშუალებების ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების (ჯართი, სამშენებლო მასალა, ნაწილების და სხვა) გაყიდვა ხორციელდება ელექტრონული აუქციონის ფორმით.

8. ძირითადი საშუალებების ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების (ჯართი, სამშენებლო მასალა, ნაწილების და სხვა) ელექტრონული აუქციონის მოწყობის გარეშე გაყიდვა ხორციელდება საწარმოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით (სამეთვალყურეო საბჭოს არსებობისას – მისი წინასწარი თანხმობით) ქონების სააგენტოსთან შეთანხმებით.

9. გაყიდვიდან მიღებული თანხა ირიცხება საწარმოს ანგარიშზე.

10. ჩამოწერის მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია საწარმოს ხელმძღვანელი.

მუხლი 4. ძირითადი საშუალებების დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემა

1. უძრავი ძირითადი საშუალებების დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემა ხორციელდება საწარმოს ხელმძღვანელის (სამეთვალყურეო საბჭოს არსებობისას – მისი წინასწარი თანხმობით) გადაწყვეტილების საფუძველზე, ხოლო იმ შემთხვევაში,  თუ ძირითადი საშუალებების დროებით სასყიდლიან სარგებლობაში ადრე გადაცემული და/ან გადასაცემი ფართების ჯამური ოდენობა აღემატება 50 მ​2-ს და/ან შეადგენს  საწარმოს ქონების (შენობის, მიწის ნაკვეთის და ა.შ) საერთო ფართის 10%-ზე მეტს. აღნიშნული ფართის გადაცემა წინასწარ საჭიროებს ქონების სააგენტოსთან შეთანხმებას. ასეთი შეთანხმება საჭიროა იმ შემთხვევაშიც, თუ წლის განმავლობაში დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადასაცემი მოძრავი ძირითადი საშუალებების (საშუალების) ჯამური ნარჩენი საბალანსო ღირებულება აღემატება საწარმოს ძირითადი საშუალებების ნარჩენი საბალანსო ღირებულების 5%-ს.

2. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ორგანიზატორი საწარმოს მიერ უძრავი ან მოძრავი ძირითადი საშუალებების დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემა (მათ შორის, ელექტრონული აუქციონის მოწყობის გარეშე) არ საჭიროებს ქონების სააგენტოსთან შეთანხმებას ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თუ ძირითადი საშუალებების დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემა ხორციელდება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნით დადგენილი სარგებლობაში გადაცემის წლიური საფასურის ოდენობით. დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნით დადგენილი  სარგებლობაში გადაცემის წლიურ  საფასურზე ნაკლები ოდენობით თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ორგანიზატორი საწარმოს მიერ უძრავი ან მოძრავი ძირითადი საშუალებების დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ სარგებლობაში გადაცემის პირობების არსებობისას, ქონების სააგენტოსთან წინასწარი შეთანხმებით.

3. ძირითადი საშუალებების დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემა ხორციელდება ელექტრონული აუქციონის ფორმით.

4.  ძირითადი საშუალებების ელექტრონული აუქციონის მოწყობის გარეშე დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქონების სააგენტო.

5. საწარმოს ხელმძღვანელი ვალდებულია ქონების სააგენტოს შესათანხმებლად წარუდგინოს სააუქციონო პირობები სააგენტოს მიერ დადგენილი, ძირითადი საშუალების დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის საკითხის განსახილველად საჭირო დოკუმენტაციასთან ერთად.

6. საწარმოს ან/და დროებით სარგებლობაში გადაცემული ქონების გაყიდვის შემთხვევაში საწარმოს/ქონების შემძენი უფლებამოსილია შეწყვიტოს საწარმოს/ქონების რეალიზაციამდე საწარმოს ძირითადი საშუალებების დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის ურთიერთობები (ხელშეკრულებები), რაც ძირითადი საშუალებების დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის ერთ-ერთი ძირითადი პირობაა და უნდა მიეთითოს ძირითადი საშუალებების დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის სააუქციონო და სახელშეკრულებო პირობებში.

მუხლი 5. ძირითადი საშუალებების საწარმოს კაპიტალიდან ამოღება და/ან სხვა საწარმოს კაპიტალში შეტანა

1. გადაწყვეტილებას, საწარმოს კაპიტალის გაზრდის შესახებ იღებს ქონების საააგენტო.

2. საწარმოს კაპიტალის შემცირების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქონების სააგენტო.

3. საწარმოს კაპიტალში ცვლილებების შეტანა საჭიროებს ექსპერტის/შესაბამისი ლიცენზიის მქონე აუდიტორის მიერ დამოწმებულ საექსპერტო/აუდიტორულ დასკვნას.

4. საწარმოს მიერ სხვა საწარმოთა კაპიტალში ქონებრივი შენატანის განხორციელება ხდება საწარმოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით (სამეთვალყურეო საბჭოს არსებობისას – მისი წინასწარი თანხმობით) ქონების სააგენტოსთან შეთანხმებით.

მუხლი 6. ძირითადი საშუალებების გაყიდვა

1. ძირითადი საშუალებების გაყიდვა ხდება საწარმოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით (სამეთვალყურეო საბჭოს არსებობისას – მისი წინასწარი თანხმობით), ქონების სააგენტოსთან შეთანხმებით.

2. ძირითადი საშუალებების გაყიდვა ხორციელდება ელექტრონული აუქციონის ფორმით.

3. ძირითადი საშუალებების ელექტრონული აუქციონის მოწყობის გარეშე გაყიდვა ხდება ქონების სააგენტოს გადაწყვეტილებით.

4. საწარმოს ხელმძღვანელი ვალდებულია ქონების სააგენტოს შესათანხმებლად წარუდგინოს სააუქციონო პირობები ქონების სააგენტოს მიერ დადგენილი  ძირითადი საშუალებების გაყიდვის საკითხის განსახილველად საჭირო დოკუმენტაციასთან ერთად.

5. ძირითადი საშუალებების გაყიდვიდან მიღებული თანხა ირიცხება საწარმოს ანგარიშზე.

მუხლი 7. გაცვლა

1. ქონების გაცვლა ხორციელდება საწარმოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით (სამეთვალყურეო საბჭოს არსებობისას –  მისი წინასწარი თანხმობით), ქონების სააგენტოსთან შეთანხმებით.

2. საწარმო აფორმებს ხელშეკრულებას ქონების გაცვლის შესახებ  ქონების სააგენტოს მიერ თანხმობის გაცემის დღიდან 3 (სამი) თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემთხვევაში, ქონების გაცვლის თაობაზე ხელახალი თანხმობის  მიღება შესაძლებელია ამ წესით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით.

3. გაცვლისას გასაცვლელი ქონების ღირებულება (გარდა ფულადი მოთხოვნებისა) დგინდება აუდიტორული (საექსპერტო) დასკვნის საფუძველზე.

4. თუ ურთიერთგადასაცემი ქონება არატოლფასოვანია, ქონების ნაწილი შეიძლება ანაზღაურდეს ფულადი თანხით ან სხვა ქონებით.

5. ქონების ურთიერთგადაცემის შედეგად მიღებული თანხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ირიცხება საწარმოს ანგარიშზე.

6. ქონების ურთიერთგადაცემის შედეგად მიღებული თანხის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საწარმოს ხელმძღვანელი (სამეთვალყურეო საბჭოს არსებობისას - მისი წინასწარი თანხმობით), ქონების სააგენტოსთან შეთანხმებით.

მუხლი 8. სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით გადაცემა

1. მიწის ნაკვეთის სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით გადაცემა ხორციელდება  საწარმოს ხელმძღვანელის (სამეთვალყურეო საბჭოს არსებობისას – მისი წინასწარი თანხმობით) გადაწყვეტილებით ქონების სააგენტოსთან შეთანხმებით, ელექტრონული აუქციონის ფორმით ან ელექტრონული აუქციონის გარეშე.

2. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ორგანიზატორი საწარმოს მიერ მიწის ნაკვეთის სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით გადაცემა (მათ შორის, ელექტრონული აუქციონის მოწყობის გარეშე) არ საჭიროებს ქონების სააგენტოსთან შეთანხმებას ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თუ მიწის ნაკვეთის დროებით სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით გადაცემა ხორციელდება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნით დადგენილი აღნაგობის უფლებით გადაცემის წლიური საფასურის ოდენობით. დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნით დადგენილი  აღნაგობის უფლებით გადაცემის წლიურ  საფასურზე ნაკლები ოდენობით თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ორგანიზატორი საწარმოს მიერ მიწის ნაკვეთის სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით გადაცემა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით გადაცემის პირობების არსებობისას, ქონების სააგენტოსთან წინასწარი შეთანხმებით.

3. საწარმოს ხელმძღვანელი ვალდებულია, ქონების სააგენტოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხმობისათვის წარუდგინოს სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით გადაცემის პირობების შესახებ ინფორმცია საკითხის განსახილველად საჭირო, დოკუმენტაციასთან ერთად.

4. საწარმოს ან/და სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით გადაცემული მიწის ნაკვეთის გაყიდვის შემთხვევაში, საწარმოს/მიწის ნაკვეთის შემძენი უფლებამოსილია, შეწყვიტოს საწარმოს/მიწის ნაკვეთის რეალიზაციამდე საწარმოს მიწის ნაკვეთის სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით გადაცემის ხელშეკრულებები, იმ შემთხვევაში, თუ ასეთი უფლების შესახებ მითითებულია სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით გადაცემის აუქციონის პირობებში და გათვალისწინებულია შესაბამის ხელშეკრულებაში.

5. მიწის ნაკვეთის სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით გადაცემის ხელშეკრულებაში უნდა აისახოს აღნაგობის მიზანი.

6. საწარმოს ხელმძღვანელი ვალდებულია ქონების სააგენტოს წლიურ შედეგებთან ერთად წარუდგინოს ინფორმაცია მიწის ნაკვეთის სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით გადაცემის შედეგებისა და გადაცემული ქონების მდგომარეობის შესახებ.

მუხლი 9. ძირითადი საშუალებების  დროებით  უსასყიდლოდ სარგებლობაში გადაცემა

1. საწარმოს ძირითადი საშუალებების დროებით უსასყიდლოდ სარგებლობაში გადაცემა ხორციელდება სახელმწიფო ორგანოსთვის, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის, საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის, სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოსათვის ან სახელმწიფო ორგანოების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირებისათვის საწარმოს ხელმძღვანელის (სამეთვალყურეო საბჭოს არსებობისას – მისი წინასწარი თანხმობით) გადაწყვეტილებით და ქონების სააგენტოსთან შეთანხმებით, ელექტრონული აუქციონის გარეშე.

2. საწარმოს ან/და დროებით უსასყიდლოდ სარგებლობაში გადაცემული ქონების გაყიდვის შემთხვევაში, საწარმოს/ქონების შემძენი უფლებამოსილია, შეწყვიტოს საწარმოს/ქონების რეალიზაციამდე საწარმოს/ქონების უსასყიდლოდ სარგებლობაში გადაცემის ხელშეკრულებები, იმ შემთხვევაში, თუ ასეთი უფლების შესახებ მითითებულია შესაბამის უსასყიდლოდ სარგებლობაში გადაცემის ხელშეკრულებაში.

მუხლი 10. ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი

1. ელექტრონული აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს საწარმოს ხელმძღვანელი.

2. ელექტრონული აუქციონის ჩატარებისას გამოიყენება „სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანება, ამ წესის თავისებურებათა გათვალისწინებით.

მუხლი 11. ძირითადი საშუალებების ღირებულების განსაზღვრა

 1. ძირითადი საშუალებების ღირებულების განსაზღვრისას, ამ წესის თავისებურებათა გათვალისწინებით, გამოიყენება  „სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 10 დეკემბრის №328 დადგენილება.

2. ძირითადი საშუალებების განკარგვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება უნდა განხორციელდეს 6 თვის განმავლობაში, ხოლო იმ შემთხვევაში,  თუ ხელმძღვანელის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჭიროებს საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოსთან ან/და ქონების სააგენტოსთან შეთანხმებას, ეს ვადა იანგარიშება შესაბამისი თანხმობის გაცემის დღიდან. ამ ვადის გასვლის შემთხვევაში საწარმოს ძირითადი საშუალებების განკარგვისა და გადაცემის შესახებ ხელახალი გადაწყვეტილების მიღება ხდება ამ წესით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით.


ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.