შრომის ბაზარზე იშვიათი, დეფიციტური ან/და მაღალანაზღაურებადი პროფესიების/ფუნქციათა ერთობლიობის ნუსხის განსაზღვრისა და საჯარო დაწესებულებაში ამ ფუნქციების შემსრულებელთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

შრომის ბაზარზე იშვიათი, დეფიციტური ან/და მაღალანაზღაურებადი პროფესიების/ფუნქციათა ერთობლიობის ნუსხის განსაზღვრისა და საჯარო დაწესებულებაში ამ ფუნქციების შემსრულებელთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 68
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/02/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 010320000.10.003.020383
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
68
07/02/2018
ვებგვერდი, 08/02/2018
010320000.10.003.020383
შრომის ბაზარზე იშვიათი, დეფიციტური ან/და მაღალანაზღაურებადი პროფესიების/ფუნქციათა ერთობლიობის ნუსხის განსაზღვრისა და საჯარო დაწესებულებაში ამ ფუნქციების შემსრულებელთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (08/02/2018 - 15/08/2023)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №68

2018 წლის 7 თებერვალი

ქ. თბილისი

 

შრომის ბაზარზე იშვიათი, დეფიციტური ან/და მაღალანაზღაურებადი პროფესიების/ფუნქციათა ერთობლიობის ნუსხის განსაზღვრისა და საჯარო დაწესებულებაში ამ ფუნქციების შემსრულებელთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის თანახმად, განისაზღვროს იმ პროფესიათა/ფუნქციათა ერთობლიობის ნუსხა და შრომის ანაზღაურების წესი, რომლებიც შრომის ბაზარზე იშვიათი და დეფიციტურია ან/და რომელთა შრომის ანაზღაურება აღემატება, ამავე კანონით განსაზღვრული  კოეფიციენტების მიხედვით, საჯარო სამსახურში არსებულ შრომის ანაზღაურებას.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი



შრომის ბაზარზე იშვიათი, დეფიციტური ან/და მაღალანაზღაურებადი პროფესიების/ფუნქციათა ერთობლიობის ნუსხის განსაზღვრისა და საჯარო დაწესებულებაში ამ ფუნქციების შემსრულებელთა შრომის ანაზღაურების წესი

მუხლი 1. შრომის ბაზარზე იშვიათი, დეფიციტური ან/და მაღალანაზღაურებადი პროფესიების/ფუნქციათა ერთობლიობის ნუსხა:

1. საინფორმაციო სისტემებისა და პროგრამული უზრუნველყოფის სფერო:

ა) ანალიტიკოსი/ანალიტიკა−ინფორმაციული სისტემების შექმნის/დახვეწის და პროგრამული უზრუნველყოფის მიზნებისათვის  ბიზნესპროცესებისა და ამოცანების ანალიზი, ინფორმაციულ სისტემებსა და პროგრამულ უზრუნველყოფასთან ან/და მათი შექმნისა და მართვის ბიზნესპროცესების გაუმჯობესებასთან დაკავშირებული პროექტების მართვა;  ინფორმაციული სისტემების სპეციფიკაციების, ტექნიკური დავალებისა და არქიტექტურის შემუშავება; ინფორმაციული სისტემების ფუნქციონალის/მოდულის ტესტირების გეგმის შემუშავება, ამავე სფეროში ტესტირებისა და დანერგვის პროცესში ჩართულობა;

ბ) პროგრამისტი/პროგრამირება−საინფორმაციო სისტემების   პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა და მოდერნიზაცია, პროგრამული კოდის შემუშავება, არსებული პროგრამული კოდის რევიზია, ოპტიმიზაცია, გაუმჯობესება, უშუალოდ პროგრამირების პროცესთან დაკავშირებული საპროექტო დოკუმენტაციის შექმნა; პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება და ხარისხის კონტროლის პროცესში ჩართულობა (პროგრამირების პროცესსა და სატესტო გარემოს ადმინისტრირებასთან დაკავშირებით); პროგრამული კოდის/სისტემების განვითარებასთან დაკავშირებით ახალი ალგორითმისა და არქიტექტურის შემუშავება;

გ) საინფორმაციო სისტემის ადმინისტრატორი/ადმინისტრირება −   საინფორმაციო ტექნოლოგიური სისტემების ან/და ქსელების არქიტექტურის განსაზღვრა/დაგეგმვა/ადმინისტრირება, სისტემების ინსტალაცია/განახლება, კონფიგურირება, კოორდინაცია, მონიტორინგი და ოპტიმიზაცია;

დ) საინფორმაციო სისტემის ინჟინერი/ინჟინერია და მართვა,   ქსელების ადმინისტრატორი − საინფორმაციო ტექნოლოგიური სისტემების (მათ შორის,  პროგრამული უზრუნველყოფის სისტემების, მონაცემთა ბაზების, ქსელების) კომპიუტერული სისტემების ან/და ქსელების ინსტალაცია,  გამართვა,  ექსპლუატაცია, აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია, კონფიგურირება, დარეზერვება, აღდგენა და განახლება; მონაცემთა ბაზების არქიტექტურის განსაზღვრა, ადმინისტრირება, მართვა, შენახვა და აღდგენა;

ე) ინფორმაციული უსაფრთხოება − ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკისა და სტანდარტების, სამართლებრივი რეგულაციების საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის ანალიზი და მათი დანერგვის აქტივობების ორგანიზება; ინფორმაციული უსაფრთხოების სტანდარტებისა და მიდგომების შემუშავება, მხარდაჭერა და განახლება; ინფორმაციული უსაფრთხოების სტანდარტებისა და მიდგომების დანერგვა, „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობის აუდიტი; ინფორმაციული უსაფრთხოების სატრენინგო მოდულების მომზადება, კრიტიკული სუბიექტების საკომუნიკაციო პირებისთვის ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის თაობაზე კონსულტაცია;

ვ) კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი/კიბერუსაფრთხოება−კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო საუკეთესო პოლიტიკის, სამართლებრივი რეგულაციებისა და პრაქტიკის კვლევა და ანალიზი; სხვადასხვა ორგანიზაციებიდან და საერთაშორისო ჯგუფებიდან მიღებული კიბერინციდენტების ანალიზი და ანგარიშგება/რეპორტინგი; კომპიუტერულ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფის მიმდინარე პროექტების მართვა; სხვადასხვა სამუშაო შეხვედრებისა და კიბერსავარჯიშოების ორგანიზება და დაგეგმარება; ქსელური და ინფრასტრუქტურული სისტემების ყოველდღიური მონიტორინგი, განახლება და ოპტიმიზაცია;

ზ) ამ პუნქტის „ა-ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირების ხელმძღვანელი პირი/პირები იმ შემთხვევაში, თუ მას/მათ უშუალოდ ეკისრებათ პასუხისმგებლობა ამ პირების მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე;

თ) იმ საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი პირი/პირები, რომლის    ფუნქციასაც წარმოადგენს საინფორმაციო სისტემების განვითარება, ამ სისტემებში დაცული ინფორმაციის მიმოცვლა და ამ ინფორმაციისა და თავად სისტემების დაცულობის უზრუნველყოფა.

2. ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის სფერო:

ა) საგადასახადო აუდიტორი/აუდიტი − საგადასახადო აუდიტის ჩატარება, საგადასახადო ვალდებულებების შესრულების შემოწმება და ამ მიზნით, გადამხდელის ბუღალტრული და საგადასახადო აღრიცხვის მდგომარეობის შესწავლა, ანალიზი და საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენა;

ბ) აუდიტის ზედამხედველობის ინსპექტორი − კერძო აუდიტორების/აუდიტორული კომპანიების, მათ შორის, საერთაშორისო აუდიტორული ქსელების ადგილობრივი წარმომადგენლობების აუდიტის ხარისხის კონტროლის სისტემის შემოწმება; მათი საქმიანობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასება და სათანადო მითითებების/რეკომენდაციების შემუშავება, მათ შორის, აუდიტორული მომსახურების ხარისხის აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებისა (ISA) და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით;

გ) ამ პუნქტით განსაზღვრული პირების ხელმძღვანელი პირი/პირები, რომელსაც/რომელთაც უშუალოდ ეკისრებათ პასუხისმგებლობა ამ პირების მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე.

3.  სამოქალაქო ავიაციის სფერო:

ა) მფრინავი/პილოტი/ავიასაწარმოების სერტიფიცირების ზედამხედველობის სპეციალისტი − საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის  სერტიფიცირების პროცესში მონაწილეობის მიღება, საქმიანობაზე ზედამხედველობა, ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ზედამხედველობა და სამოქალაქო საჰაერო ხომალდების მარშრუტებზე ეკიპაჟის საფრენოსნო და მეთოდური შემოწმება, სამოქალაქო ავიაციის სფეროში მომხდარი ინციდენტებისა და შემთხვევების მოკვლევა;

ბ) ფრენის სამედიცინო უზრუნველყოფაზე ზედამხედველი ექიმი-ინსპექტორი − ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ზედამხედველობა, ავიასამედიცინო ცენტრისა და ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიცირება,  საავიაციო-სამედიცინო-საექსპერტო კომისიის საქმიანობაზე ზედამხედველობა;

გ) ავიასპეციალისტების სერტიფიცირების ინსპექტორი − ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ზედამხედველობა, ავიასპეციალისტებისათვის მოწმობების გაცემის, გამოცვლის, მოქმედების ვადის გაგრძელებისა და საკვალიფიკაციო აღნიშვნის გაცემა და შესაბამისი რეესტრის წარმოება; სხვა სახელმწიფოების მიერ გაცემული მოწმობებისა და საკვალიფიკაციო აღნიშვნის აღიარება;

დ) სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულებების სერტიფიცირების ინსპექტორი − ავიაციის სასწავლო დაწესებულებების სერტიფიცირება, მასწავლებლის მოწმობის გაცემა; სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულებების საქმიანობაზე ზედამხედველობა, პერსონალის სერტიფიცირება, მასწავლებლის მოწმობის გაცემა, უცხო ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულებების აღიარება;

ე) ავიატექნიკოსი/საჰაერო ხომალდების საფრენად ვარგისობის  (Airworthiness)/ტექნიკური მომსახურების საწარმოს სპეციალისტი −  სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაცია და შესაბამისი რეესტრის წარმოება;  საჰაერო ხომალდის  ფრენისათვის ვარგისობის დადგენა და სათანადო საბორტო დოკუმენტაციის გაცემა; უპილოტო საჰაერო ხომალდების რეგისტრაცია და შესაბამისი  რეესტრის წარმოება;  ავიასაწარმოების მიერ საავიაციო ტექნიკის ტექნიკურ ექსპლუატაციაზე ზედამხედველობა; საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირება და მის საქმიანობაზე ზედამხედველობა; უცხო ქვეყნის მიერ გაცემული საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიკატის ან მისი ანალოგიური დოკუმენტის აღიარება;

ვ) SAFA (უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდების ბაქანზე შემოწმება) ინსპექტორი − საქართველოს აეროპორტებში საქართველოს და უცხო ქვეყნის სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ბაქანზე ინსპექტირება (SAFA), ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს მოთხოვნების შესაბამისად;

ზ) აეროდრომების/აეროპორტების ინსპექტორი − აეროდრომების, ვერტოდრომების სერტიფიცირება და მათზე ზედამხედველობა; აეროდრომებისა და ვერტოდრომების რეგისტრაცია; აეროდრომის შუქტექნიკური სისტემის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე ზედამხედველობა; ავიასაწვავგასამართი საწარმოების სერტიფიცირება, მათი ზედამხედველობა და შესაბამისი რეესტრის წარმოება;  საწვავგასამართი საწარმოების ტექნიკური პერსონალის სერტიფიცირება, მათ საქმიანობაზე ზედამხედველობა, შესაბამისი რეესტრის წარმოება და ტექნიკური პერსონალის მოწმობების გაცემა;

თ) სახიფათო ტვირთების გადაზიდვის ინსპექტორი − სამოქალაქო საჰაერო ხომალდით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის ზედამხედველობა და „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-18 დანართის („სახიფათო ტვირთის უსაფრთხო საჰაერო გადაზიდვა“) საფუძველზე, სახიფათო ტვირთების სამოქალაქო საჰაერო ხომალდით გადაზიდვის აკრძალვისაგან გათავისუფლება;

ი) საავიაციო უშიშროების ინსპექტორი (AVSEC) − საავიაციო საქმიანობაში მართლსაწინააღმდეგო  ქმედების პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრა; სამოქალაქო ავიაციის სფეროში მართლსაწინააღმდეგო ქმედების თავიდან აცილების მიზნით ავისაწარმოების საქმიანობის  მუდმივი ა.კ.   ზედამხედველობა; ავიასაწარმოების საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამების შეთანხმება;

კ) საჰაერო მოძრაობის ორგანიზების უსაფრთხოების ინსპექტორი  (ATM)/კავშირგაბმულობის, სანავიგაციო და რადიოსალოკაციო მომსახურების უსაფრთხოების ინსპექტორი (CNS)  −  სააერნაოსნო მომსახურების საწარმოების სერტიფიცირება, ზედამხედველობა, ინსპექტირება, უწყვეტი მონიტორინგი და საწარმოს სააერნაოსნო მომსახურების განმახორციელებლად დანიშვნის საკითხის განხილვა;  სააერნაოსნო მომსახურების გაწევისას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების აღიარება, საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურისა და კლასიფიკაციის ჩამოყალიბებაში მონაწილეობის მიღება; საჰაერო სივრცის ორგანიზებისა და საჰაერო მოძრაობის ნაკადის ორგანიზების ზედამხედველობა;

ლ) სააერნაოსნო ინფორმაციით მომსახურების უსაფრთხოების სპეციალისტი (AIS) − სააერნაოსნო მომსახურების საწარმოების სერტიფიცირება, ზედამხედველობა, ინსპექტირება, უწყვეტი მონიტორინგი და საწარმოს სააერნაოსნო მომსახურების განმახორციელებლად დანიშვნის საკითხის განხილვა; ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მომზადება;

მ) მეტეოროლოგიური მომსახურების უსაფრთხოების სპეციალისტი (MET) − სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიურ მომსახურებაზე ზედამხედველობა, საავიაციო მეტეოროლოგიური მომსახურების სახეების განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება; საავიაციო მეტეოროლოგიური პერსონალის მომზადებისა და კვალიფიკაციის შენარჩუნების ზედამხედველობა;

ნ) საავიაციო ძებნა-შველის სპეციალისტი (SAR) − ძებნა-შველის სამუშაოებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების შეთანხმება და  სამოქალაქო ავიაციის სფეროში ძებნა-შველაში ჩართული მონაწილე მხარეების ზედამხედველობა;

ო) სააერნაოსნო პროცედურების/კარტოგრაფიული მომსახურების სპეციალისტი (PANS-OPS/Cartographic) − სააერნაოსნო რუკების, სახელსაწყო ფრენის პროცედურებისა და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის გაერთიანებული პაკეტის შედგენასა და გამოქვეყნებაზე ზედამხედველობა;

პ) სამოქალაქო ავიციის საფინანსო-ეკონომიკური ანალიზის სპეციალისტი − საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემა, საქართველოში რეგისტრირებული ავიასაწარმოების საექსპლუატაციო-ეკონომიკური მონაცემების წარმოება და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციისთვის მიწოდება, დადგენილი ფორმების შესაბამისად; საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების მიერ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის შესრულების ფინანსური შესაძლებლობების ანალიზი; საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობის წარმართვა;

ჟ) უპილოტო საჰაერო ხომალდების/სისტემების სპეციალისტი − უპილოტო საჰაერო სისტემისა და უპილოტო საჰაერო ხომალდების უსაფრთხოებაზე ზედამხედველობა, ექსპლუატაციაზე თანხმობის გაცემა, რეგისტრაცია, ინსპექტირება;

რ) ამ პუნქტით განსაზღვრული პირების ხელმძღვანელი პირი/პირები იმ შემთხვევაში, თუ მას/მათ უშუალოდ ეკისრებათ პასუხისმგებლობა ამ პირების მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე.

4. საზღვაო სფერო:

ა) მეზღვაური − საქართველოს სახელმწიფო საზღვაო დროშით მცურავი გემების ინსპექტირება, საქართველოს სახელმწიფოს სახელით საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემების ერთჯერადი გადასვლისა და საშეღავათო ნებართვების გაცემა, საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში შემოსული გემების ინსპექტირება, საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და ნავსადგურებში გემების მოძრაობის მონიტორინგი, საზღვაო-სამაშველო და ზღვაზე ნავთობის დაღვრის სალიკვიდაციო  ოპერაციებში მონაწილეობის მიღება და კოორდინირება, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების ფარგლებში საზღვაო სფეროში გასაცემ საერთაშორისო სერტიფიკატებზე/მოწმობებზე ხელმოწერა, სალოცმანო სამსახურის სახელმწიფო ზედამხედველობა და კონტროლი, საქართველოს ნავსადგურების სახელმწიფო ზედამხედველობა და კონტროლი და მათი კომპლექსური აუდიტი, მეზღვაურთა ცოდნის შემოწმება და სერტიფიცირება,  საზღვაო-სასწავლო და საზღვაო-საწვრთნელი ცენტრების სერტიფიცირება და მონიტორინგი, საზღვაო სფეროს ინციდენტებისა და შემთხვევების  მოკვლევა;

ბ) გემთმშენებელი − საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, მშენებარე გემების სამშენებლო პროცესის, ასევე ეროვნული სტანდარტების დადგენა, ეკვივალენტებისა და საზღვაო ადმინისტრაციის მიერ გადასაწყვეტი პროცესების (to the satisfaction of administration) მონიტორინგი და შესაბამისობის უზრუნველყოფა;

გ) ჰიდროინჟინერი (საზღვაო) − საქართველოს საზღვაო ნავსადგურების, ნავმისადგომების, წყალგამყოფი მოლოებისა და სხვ. დაპროექტება და მშენებლობის პროცესის შეფასება, მათი მონიტორინგი საზღვაო უსაფრთხოებისა და ზღვის გარემოს დაცვის სტანდარტებზე, ასევე საზღვაო მომსახურების სფეროსთან დაკავშირებული მშენებლობების პროექტირების ეტაპზე საზღვაო უსაფრთხოების, უშიშროებისა და ზღვის გარემოს დაცვის რეკომენდაციების გაცემა;

დ) ამ პუნქტით განსაზღვრული პირების ხელმძღვანელი პირი/პირები იმ შემთხვევაში, თუ მას/მათ უშუალოდ ეკისრებათ პასუხისმგებლობა ამ პირების მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე.

5.  ჰიდროგრაფიული სფერო:

ა) ოკეანოგრაფიული დაკვირვებებისა და საზღვაო კვლევების დაგეგმარების სპეციალისტი − საქართველოს საზღვაო სივრცეში ჰიდროგრაფიული მომსახურების უზრუნველყოფა, მონიტორინგი, საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის (IHO) სტანდარტების, შუქურების ორგანიზაციის საერთაშორისო ასოციაციის (IALA) რეკომენდაციებისა და ზღვაზე სიცოცხლის უსაფრთხოების შესახებ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის 1974 წლის კონვენციის (SOLAS) ფარგლებში საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების ეროვნულ დონეზე ეფექტური აღსრულების მექანიზმების დანერგვა ან მათი დანერგვის ინიციირება;

ბ) საზღვაო კარტოგრაფი − საქართველოს საზღვაო სივრცესა და საქართველოს ნავსადგურებში საზღვაო კვლევების შედეგად მოპოვებული მონაცემების დამუშავება და ასახვა საზღვაო-სანავიგაციო ქაღალდსა და ელექტრონულ რუკებზე, საქართველოს საზღვაო სივრცესა და საქართველოს ნავსადგურებში ნაოსნობის ინტენსივობიდან გამომდინარე კონკრეტული რაიონების იდენტიფიკაცია საზღვაო-სანავიგაციო რუკების საშუალებით;

გ) საზღვაო-სანავიგაციო რუკების კორექტორი/სპეციალისტი −  საქართველოს საზღვაო სივრცესა და საქართველოს ნავსადგურებში მოქმედი/გამოყენებადი საზღვაო-სანავიგაციო რუკების სისტემური ანალიზი, მათი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა და კორექტირება;

დ) ჰიდროგრაფიული კვლევის ინჟინერი −  საქართველოს საზღვაო სივრცესა და საქართველოს ნავსადგურებში ჰიდროგრაფიული კვლევის ხელსაწყოებით ზღვის სიღრმეების ბათიმეტრიული კვლევა, შელფისა და სანაპირო ზოლის კონტურების ცვლილებების აღნუსხვა/შესწავლა და ნავსადგურის შესასვლელ არხებში დაშვებული უსაფრთხო სიღრმეების მუდმივი მონიტორინგი;

ე) საზღვაო სინოპტიკოს-მეტეოროლოგი − საქართველოს საზღვაო სივრცეში ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, მეტეოროლოგიურ მდგომარეობაზე დაკვირვება, მოსალოდნელი რთული მეტეოროლოგიური პირობების პროგნოზირება, არქივირება, ანალიზი და საშტორმო გაფრთხილებების გამოცემა, ასევე სამომავლო პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით, წლიური მონაცემების სიღრმისეული ანალიზი;

ვ) რადიო-ნავიგაციური საშუალებების სპეციალისტი (ნავიგაციური ტელექსი) − საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ სპეციალურად მინიჭებული არხის საშუალებით დღე-ღამის დადგენილ პერიოდებში საზღვაო გაფრთხილებებისა და საზღვაო-ნავიგაციური მდგომარეობის გადაცემა საქართველოს საზღვაო პასუხისმგებლობის ზონაში მყოფი გემებისათვის;

ზ) ნავიგაციის დამხმარე საშუალებების სპეციალისტი − საქართველოს საზღვაო პასუხისმგებლობის ზონაში, ნავსადგურებსა და მისასვლელ არხებში გემების უსაფრთხო მანევრირებისათვის საზღვაო-სანავიგაციო ნიშნების, როგორც მცურავი, ასევე სახმელეთო სტაციონარულ, გამართულ მუშაობაზე მონიტორინგი, შუქურების ორგანიზაციის საერთაშორისო ასოციაციის (IALA) დადგენილი პარამეტრების მონიტორინგი და მახასიათებლების შენარჩუნება, გამოვლენილი საზღვაო საფრთხეების შემოფარგვლა გამაფრთხილებელი კარდინალური ნიშნებით, მშენებარე ნავსადგურების მარკირება და სანავიგაციო ნიშნების მუდმივი ტექნიკური მომსახურება.

მუხლი 2

1. ამ წესის პირველი მუხლით  განსაზღვრული პირებისათვის, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, თანამდებობრივი სარგო შესაძლებელია განისაზღვროს არაუმეტეს წლიური ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული საბაზო თანამდებობრივი სარგოს ნამრავლს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართ №1-ით განსაზღვრული შესაბამისი ცხრილის (ცენტრალური ხელისუფლებისა და ქ. თბილისის საჯარო დაწესებულებების შემთხვევაში − ცხრილი №1, მუნიციპალიტეტებისა და ავტონომიური რესპუბლიკების საჯარო დაწესებულებებში ცხრილ №2-ის მიხედვით) პირველი რანგის მე-10 კატეგორიის კოეფიციენტზე დამატებული ამ ნამრავლის 30%-ით.

2. ამ წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებთან მიმართებაში თანამდებობრივი სარგო შესაძლებელია განისაზღვროს არაუმეტეს წლიური ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული საბაზო თანამდებობრივი სარგოს ნამრავლს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელისათვის დასაშვები კოეფიციენტის ზედა ზღვარზე დამატებული ამ ნამრავლის 30%-ით.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული წესის მიხედვით გამოანგარიშებული თანამდებობრივი სარგოსგან უფრო მაღალი თანამდებობრივი სარგოს დადგენა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით.

4. ამ წესის პირველი მუხლით განსაზღვრული პირების შრომის ანაზღაურება აისახება შესაბამისი საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში და მტკიცდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 3

1. „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად,  კონკრეტული თანამდებობის/პოზიციის ამ წესის პირველი მუხლით განსაზღვრულ ფუნქციათა ერთობლიობის შინაარსთან შესაბამისობას, საჯარო დაწესებულების მიმართვის საფუძველზე, ადგენს სსიპ − საჯარო სამსახურის ბიურო (შემდგომში − ბიურო).

2. ბიუროს მიერ გაცემული  წერილობითი რეკომენდაცია ამ წესის  პირველი მუხლით განსაზღვრულ ფუნქციათა ერთობლიობის შინაარსთან შესაბამისობის შესახებ ეფუძნება საჯარო დაწესებულების მიერ ბიუროსთვის მიწოდებულ თანამდებობის/პოზიციის სამუშაო აღწერილობას.

მუხლი 4. საჯარო დაწესებულებებმა, რომელთა საშტატო ნუსხები მოიცავს ამ დადგენილებით  განსაზღვრულ ფუნქციათა ერთობლიობის შესაბამის თანამდებობებს/პოზიციებს, 2018 წლის 15 თებერვლამდე უზრუნველყონ ბიუროსთან ამ თანამდებობების/პოზიციების სამუშაო აღწერილობების შეთანხმება, ამ წესის მე-3 მუხლის მოთხოვნების შესრულების მიზნით.