დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურეთათვის სოციალური დაცვის ღონისძიებების და შეღავათების განსაზღვრის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 6 |
დოკუმენტის მიმღები | საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური |
მიღების თარიღი | 30/01/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/01/2018 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 21/08/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 140070000.67.079.016007 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (31/01/2018 - 21/08/2018)
|
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურეთათვის სოციალური დაცვის ღონისძიებების და შეღავათების განსაზღვრის შესახებ
|
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 დეკემბრის №562 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
დამტკიცდეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურეთა თანდართული სოციალური დაცვის ღონისძიებები და შეღავათები.
|
მუხლი 2 |
ეს
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
დანართი
|
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის ღონისძიებები და შეღავათები
|
მუხლი 1
1. ეს ბრძანება განსაზღვრავს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის (შემდგომში – სამსახური) მოსამსახურეთა, მათ შორის, გამოსაცდელი ვადით დანიშნულ მოსამსახურეთა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა (შემდგომში – მოსამსახურე) სოციალური დაცვის ღონისძიებებსა და შეღავათებს, ერთჯერადი ფულადი ან/და მატერიალური დახმარების სახეებს, აგრეთვე, მათი დაწესებისა და გაცემის პირობებს. 2. მოსამსახურეებზე, გარდა ამ ბრძანებით დადგენილი ღონისძიებებისა და შეღავათებისა, აგრეთვე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სოციალური დაცვის სხვა ღონისძიებები. 3. ამ წესის მოქმედება ვრცელდება სამსახურში სახელმწიფო სპეციალური წოდებით დანიშნულ მოსამსახურეებზე, თუ სპეციალური კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მუხლი 2 1. მოსამსახურეს ეძლევა ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო, აგრეთვე, შეიძლება მიეცეს საქართველოს კანონით გათვალისწინებული დანამატი და ფულადი ჯილდო. 2. მოსამსახურის, გარდა სამსახურის სამოქალაქო პირისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა, თანამდებობრივი სარგოს და საქართველოს კანონით გათვალისწინებული დანამატის დაანგარიშება ხდება კალენდარული დღეების მიხედვით. 3. სამსახურის სამოქალაქო პირისა და სამსახურის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის თანამდებობრივი სარგოს და საქართველოს კანონით გათვალისწინებული დანამატის დაანგარიშება ხდება სამუშაო დღეების მიხედვით.
მუხლი 3 1. მრავალშვილიან მოსამსახურეებს, გარდა სამსახურის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებისა, ეძლევათ ყოველთვიური დანამატი შემდეგი ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს ოდენობის 20%-ისა: ა) ოთხი შვილის მშობელს – 250 ლარი; ბ) ხუთი შვილის მშობელს – 375 ლარი; გ) ექვსი შვილის მშობელს – 500 ლარი; დ) შვიდი და მეტი შვილის მშობელს – 625 ლარი. 2. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დანამატის მიღების უფლება წარმოეშობა შრომითი ხელშეკრულების პირობებში სამსახურთან მისი 6 თვიანი უწყვეტი შრომითი ურთიერთობის შემდეგ. შრომითი ურთიერთობის ვადა უწყვეტად ჩაითვლება აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულება დაიდო წინა ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 60 დღის განმავლობაში. 3. მოსამსახურეს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო დახმარებასთან ერთად ეძლევა კომპენსაცია მის მიერ ანაზღაურებად შვებულებაში ყოფნის პერიოდში მისაღები შრომითი ანაზღაურების სრულ ოდენობამდე შესავსებად.
მუხლი 4 1. მოსამსახურეს ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება: ა) დაქორწინებისას – 1250 ლარის ოდენობით; ბ) შვილის შეძენისას – 1250 ლარის ოდენობით; გ) ოჯახის წევრის (მეუღლე, შვილი, დედა, მამა) გარდაცვალებისას – 1250 ლარის ოდენობით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთჯერადი ფულადი დახმარება გაიცემა შესაბამისი დოკუმენტაციის (ქორწინების მოწმობის ასლი, დაბადების მოწმობის ასლი, გარდაცვალების მოწმობის ასლი) წარდგენის საფუძველზე. 3. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დანამატის მიღების უფლება წარმოეშობა შრომითი ხელშეკრულების პირობებში სამსახურთან მისი 6 თვიანი უწყვეტი შრომითი ურთიერთობის შემდეგ. შრომითი ურთიერთობის ვადა უწყვეტად ჩაითვლება აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულება დაიდო წინა ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 60 დღის განმავლობაში.
მუხლი 5 მოსამსახურეს, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის იყენებს მობილურ ტელეფონს და სამსახურებრივ სატრანსპორტო საშუალებას, სასაუბრო დროის ლიმიტებით და საწვავით უზრუნველყოფს სამსახური, სამსახურის უფროსის, ხოლო სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში – მისი ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ლიმიტების შესაბამისად.
მუხლი 6 1. სამსახურის შესაბამის დანაყოფებში, საჭიროების შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება დაწესდეს მოსამსახურის სასურსათო იჯრა ამ წესის №1 დანართის შესაბამისად. 2. მოსამსახურეს, საჭიროების შემთხვევაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, გარდა სამსახურებრივი მივლინების გაფორმებისას, სამსახურის უფროსის/სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ეძლევა სასურსათო ულუფა, ამ წესის №2 დანართით დადგენილი მშრალი სასურსათო იჯრის შესაბამისად. 3. მოსამსახურის მშრალი იჯრით კვების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს უწყვეტ 3 (სამი) დღე-ღამეს, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში – 7 (შვიდი) დღე-ღამეს. 4. ამ წესის №2 დანართის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული იჯრის დანამატი, განსაკუთრებულ შემთხვევაში, გაიცემა სამსახურის უფროსის ბრძანებით. 5. ერთი მოსამსახურისათვის ინდივიდუალურად განკუთვნილი მშრალი დღიური ულუფა გაიცემა შეფუთულ მდგომარეობაში, შესაბამისი რაოდენობისა და ზომის შესაფუთი მასალის გამოყენებით.
მუხლი 7 სამსახურის მოსამსახურის და მისი ოჯახის წევრების (მეუღლისა და არასრულწლოვანი შვილების) სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით.
მუხლი 8 1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, სამსახურის მეხანძრე-მაშველის/მაშველის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, დაზიანების ხარისხის შესაბამისად, სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე მას ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება შემდეგი ოდენობით: ა) ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისას – 7 000 (შვიდი ათასი) ლარი; ბ) ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას – 4 000 (ოთხი ათასი) ლარი; გ) ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებისას – 2 000 (ორი ათასი) ლარი. 2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, სამსახურის სამოქალაქო შემადგენლობის მოსამსახურის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, დაზიანების ხარისხის შესაბამისად და იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომელშიც მოსამსახურემ მიიღო აღნიშნული დაზიანება, სამსახურის უფროსი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ მოსამსახურისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემის თაობაზე, მაგრამ არაუმეტეს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოდენობისა. 3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამსახურის მეხანძრე-მაშველის/მაშველის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, თუ ეს დაზიანება შეუძლებელს ხდის მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ჯეროვნად შესრულებას, სამსახური უზრუნველყოფს ამ მოსამსახურის სამსახურში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის, პიროვნული და საქმიანი თვისებების და განათლების შესაბამის თანამდებობაზე დასაქმებას. 4. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახური ობიექტური მიზეზების გამო ვერ უზრუნველყოფს სამსახურის მეხანძრე-მაშველის/მაშველის სამსახურში დასაქმებას, მას უმუშევრობის პერიოდში, მაგრამ არაუმეტეს 1 წლისა, ყოველთვიურად ეძლევა კომპენსაცია ბოლო დაკავებული თანამდებობისათვის გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით. 5. მოსამსახურის ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხი დგინდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესის შესაბამისად. 6. სამსახურისთვის/სამსახურის სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთვის საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ეკონომიის არსებობის შემთხვევაში, დაღუპული სამსახურის მეხანძრე-მაშველის/მაშველის ოჯახის წევრს (მემკვიდრეს) ან მის კმაყოფაზე მყოფ პირს სამსახურის მიერ გამოცემული აქტის საფუძველზე შესაძლებელია მიეცეს დამატებითი ფულადი ან/და სხვა სახის დახმარება. 7. გარდაცვლილ მოსამსახურეზე გაცემული შრომის ანაზღაურება და კომპენსაცია არ ექვემდებარება დაბრუნებას.
მუხლი 9 1. სამსახურის მეხანძრე-მაშველს/მაშველს, რომელსაც მიენიჭა სახელმწიფო სპეციალური წოდება, სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შესაძლებელია საცხოვრებლად სარგებლობაში გადაეცეს სამსახურის ბალანსზე რიცხული უძრავი ქონება. 2. მეხანძრე-მაშველს/მაშველს, რომელსაც სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, უწევს სამსახურებრივი გადაადგილება სხვა ქალაქში ან დასახლებულ პუნქტში, რაც დაკავშირებულია საცხოვრებელი ადგილის შეცვლასა და ბინის დაქირავებასთან, სამსახურის უფროსის ბრძანებით შეიძლება დაუქირავდეს საცხოვრებელი ბინა.
მუხლი 10 სამსახურის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს, საომარი მდგომარეობის დროს შეიარაღებულ კონფლიქტში უშუალო მონაწილეობისას, სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე შეიძლება ერთი დღე ჩაეთვალოს ნამსახურობის სამ დღედ. ამასთან, შესაძლებელია, თანამდებობრივი სარგო დროის ამ პერიოდში მიეცეს სამმაგი ოდენობით.
მუხლი 11 სამსახურებრივი დანიშნულების ცხოველების (ძაღლი, ცხენი) სასურსათო უზრუნველყოფის ნორმები განისაზღვრება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. დანართი №1 საერთო სასურსათო იჯრა
დანართი N2 მშრალი სასურსათო იჯრა
შენიშვნა: 1. ნორმით გათვალისწინებული პროდუქტები მშრალი ულუფის დაკომპლექტებისას უცვლელია, ხოლო რაოდენობა განისაზღვრება დაფასოების მიხედვით. 2. მშრალი ულუფის დაკომპლექტებისას დასაშვებია 300-400 გრ მშრალი პურის I ხარისხის ფქვილისაგან დამზადებული 600 გრ თეთრი პურით ჩანაცვლება. 3. იჯრით გათვალისწინებული 300-400 გრ ხორცის კონსერვის ან ხორცისაგან მომზადებული დაკონსერვებული კერძის ნაცვლად შესაძლებელია გაიცეს 300-400 გრ ძეხვი. 4. მშრალი ულუფის დაკომპლექტებისას დასაშვებია, 200-250 გრ დაკონსერვებული ლორის ნაცვლად დამატებით გაიცეს 300-400 გრ ხორცის კონსერვი ან ხორცისაგან მომზადებული დაკონსერვებული კერძი კალორაჟის გათვალისწინებით.
|
დოკუმენტის კომენტარები