საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის გარანტიებისა და შეღავათების უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის გარანტიებისა და შეღავათების უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 24
დოკუმენტის მიმღები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
მიღების თარიღი 21/08/2018
დოკუმენტის ტიპი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/08/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 03/07/2019
სარეგისტრაციო კოდი 140070000.67.079.016025
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
24
21/08/2018
ვებგვერდი, 21/08/2018
140070000.67.079.016025
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის გარანტიებისა და შეღავათების უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (21/08/2018 - 03/07/2019)

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის

ბრძანება №24

2018 წლის 21 აგვისტო

. თბილისი

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის გარანტიებისა და შეღავათების უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ

„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლისა და „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 ივლისის №387 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:


მუხლი 1
დამტკიცდეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის გარანტიებისა და შეღავათების უზრუნველყოფის თანდართული წესი.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურეთათვის სოციალური დაცვის ღონისძიებების და შეღავათების განსაზღვრის შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 30 იანვრის №6 ბრძანება.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 1 აგვისტოდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელიშალვა ხუციშვილი



დანართი

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის გარანტიებისა და შეღავათების უზრუნველყოფის წესი

მუხლი 1

1. ეს წესი განსაზღვრავს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (შემდგომ – სამსახური) სისტემის მოსამსახურეთა, მათ შორის, გამოსაცდელი ვადით დანიშნულ და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა (შემდგომ – მოსამსახურე) სოციალური დაცვის ღონისძიებებისა და შეღავათების დაწესებისა და გაცემის პირობებს.

2. მოსამსახურეზე, გარდა ამ წესით დადგენილი ღონისძიებებისა და შეღავათებისა, აგრეთვე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სოციალური დაცვის სხვა გარანტიები.

მუხლი 2

1. მოსამსახურეს ეძლევა ყოველთვიური ფულადი სარგო. მოსამსახურის ფულადი სარგო შედგება თანამდებობრივი სარგოსაგან, ხოლო სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის ფულადი სარგო, აგრეთვე, წოდებისათვის დადგენილი (წოდებრივი) სარგოსაგან. სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს ეძლევა ფულად სარგოზე დანამატი წოდებით ნამსახურები წლებისათვის. აგრეთვე, მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ფულადი ჯილდო და სხვა დანამატი.

2. მოსამსახურეთა ფულადი სარგო და დანამატი, გარდა სახელფასო დანამატისა, დაიანგარიშება კალენდარული დღეების მიხედვით.

3. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სახელფასო დანამატი და ფულადი ჯილდო გაიცემა მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, არაუმეტეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ოდენობისა, მიუხედევად ნამუშევარი დღეებისა.

მუხლი 3

1. მოსამსახურეს ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება:

ა) დაქორწინებისას – 1875 ლარის ოდენობით;

ბ) შვილის შეძენისას/საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არასრულწლოვნის შვილად აყვანისას – 1875 ლარის ოდენობით;

გ) ოჯახის წევრის (მეუღლე, შვილი, დედა, მამა) გარდაცვალებისას – 1875 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთჯერადი ფულადი დახმარება გაიცემა შესაბამისი დოკუმენტაციის (ქორწინების მოწმობის ასლი, დაბადების მოწმობის ასლი, შვილად აყვანის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება, გარდაცვალების მოწმობის ასლი) წარდგენის საფუძველზე.

3. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დახმარების მიღების უფლება წარმოეშობა შრომითი ხელშეკრულების პირობებში სამსახურთან მისი 6-თვიანი უწყვეტი შრომითი ურთიერთობის შემდეგ. შრომითი ურთიერთობის ვადა უწყვეტად ჩაითვლება აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულება დაიდო წინა ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 60 დღის განმავლობაში.

4. მოსამსახურეს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო დახმარებასთან ერთად ეძლევა კომპენსაცია მის მიერ ანაზღაურებად შვებულებაში ყოფნის პერიოდში მისაღები ფულადი სარგოს და წელთა ნამსახურობის დანამატის სრულ ოდენობამდე შესავსებად.

მუხლი 4

1. მოსამსახურის და მისი ოჯახის წევრების (მეუღლისა და არასრულწლოვანი შვილების) სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით.

2. კადრების განკარგულებაში ყოფნის მთელ პერიოდში მოსამსახურეს და მის ოჯახის წევრებს (მეუღლეს და არასრულწლოვან შვილებს) უნარჩუნდება სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა.

მუხლი 5

1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანი სამსახურის მეხანძრე-მაშველს აუნაზღაურდება სრულად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში მკურნალობის ხარჯებს სრულად ანაზღაურებს სამსახური.

3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, დაზიანების ხარისხის შესაბამისად, სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე მას ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება შემდეგი ოდენობით:

ა) ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას – 4 000 (ოთხი ათასი) ლარი;

ბ) ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისას – 7 000 (შვიდი ათასი) ლარი.

4. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამსახურის მეხანძრე-მაშველის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, თუ ეს დაზიანება შეუძლებელს ხდის მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ჯეროვნად შესრულებას, სამსახური უზრუნველყოფს ამ მეხანძრე-მაშველის სამსახურში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის, პიროვნული და საქმიანი თვისებების და განათლების შესაბამის თანამდებობაზე დასაქმებას.

5. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახური ობიექტური მიზეზების გამო ვერ უზრუნველყოფს სამსახურის მეხანძრე-მაშველის სამსახურში დასაქმებას, მას უმუშევრობის პერიოდში, მაგრამ არაუმეტეს 1 წლისა, ყოველთვიურად ეძლევა კომპენსაცია ბოლო დაკავებული თანამდებობისათვის გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით.

6. მოსამსახურის ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხი დგინდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

მუხლი 6

1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კერძოდ, უშუალოდ ხანძრის ჩაქრობისას ან/და სამაშველო სამუშაოების/საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების დროს ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და ქონების გადარჩენისას, სამსახურის მეხანძრე-მაშველის დაღუპვის ან მიღებული დაზიანების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) სამსახურისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან, სამსახურის უფროსის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით და დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. სამსახურის მეხანძრე-მაშველის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო (სამსახური) ანაზღაურებს.

2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოსამსახურის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს), სამსახურისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან, სამსახურის უფროსის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარისა და დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. მოსამსახურის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს.

3. სამსახურისათვის საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ეკონომიის არსებობის შემთხვევაში, დაღუპული მოსამსახურის ოჯახის წევრს (მემკვიდრეს) ან მის კმაყოფაზე მყოფ პირს სამსახურის უფროსის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე შეიძლება მიეცეს დამატებითი ფულადი ან/და მატერიალური დახმარება.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამსახურის მეხანძრე-მაშველის დაღუპვის ან მიღებული დაზიანების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში, მისი ოჯახის წევრებს ენიშნებათ სახელმწიფო კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

5. გარდაცვლილ მოსამსახურეზე გაცემული შრომის ანაზღაურება და კომპენსაცია არ ექვემდებარება დაბრუნებას.  

მუხლი 7

1. სამსახურის მეხანძრე-მაშველს, რომელსაც მიენიჭა სახელმწიფო სპეციალური წოდება, სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შესაძლებელია საცხოვრებლად სარგებლობაში გადაეცეს სამსახურის ბალანსზე რიცხული უძრავი ქონება.

2. მეხანძრე-მაშველს, რომელსაც სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე უწევს სამსახურებრივი გადაადგილება სხვა ქალაქში ან დასახლებულ პუნქტში, რაც დაკავშირებულია საცხოვრებელი ადგილის შეცვლასა და ბინის დაქირავებასთან, სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება დაუქირავდეს საცხოვრებელი ბინა.

მუხლი 8

მოსამსახურეს, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის იყენებს მობილურ ტელეფონს და სამსახურებრივ სატრანსპორტო საშუალებას, სასაუბრო დროის ლიმიტებით და საწვავით უზრუნველყოფს სამსახური/სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, სამსახურის უფროსის, ხოლო სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში – მისი ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ლიმიტების შესაბამისად.

მუხლი 9

1. სამსახურის შესაბამის დანაყოფებში, საჭიროების შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება დაწესდეს მოსამსახურის  სასურსათო იჯრა ამ წესის №1 დანართის შესაბამისად.

2. მოსამსახურეს, საჭიროების შემთხვევაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, გარდა სამსახურებრივი მივლინების გაფორმებისას, ეძლევა სასურსათო ულუფა ამ წესის №2 დანართით დადგენილი მშრალი სასურსათო იჯრის შესაბამისად.

3. მივლენის შემთხვევაში მოსამსახურეს სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება მიეცეს სასურსათო იჯრა ამ წესის №1 დანართის შესაბამისად ან კვებისათვის განკუთვნილი სადღეღამისო კომპენსაცია - 18.75 (თვრამეტი ლარი და 75 თეთრი) ლარის ოდენობით.

4. ქვეყნის შიგნით მივლინების გაფორმებისას იმ მოსამსახურეს, რომლის კვებითი უზრუნველყოფა ხორციელდება სამსახურის მიერ, „პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილებით განსაზღვრული სადღეღამისო ხარჯები არ აუნაზღაურდება.

5. მოსამსახურის მშრალი იჯრით კვების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს უწყვეტ 3 (სამი) დღე-ღამეს, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში – 7 (შვიდი) დღე-ღამეს.

6. ერთი მოსამსახურისათვის ინდივიდუალურად განკუთვნილი მშრალი დღიური ულუფა გაიცემა შეფუთულ მდგომარეობაში, შესაბამისი რაოდენობისა და ზომის შესაფუთი მასალის გამოყენებით.

7. სამსახურებრივი დანიშნულების ცხოველების (ძაღლი, ცხენი) სასურსათო უზრუნველყოფის ნორმები განისაზღვრება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

მუხლი 10

სამსახურის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს, საომარი მდგომარეობის დროს შეიარაღებულ კონფლიქტში უშუალო მონაწილეობისას, სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე შეიძლება ერთი დღე ჩაეთვალოს ნამსახურობის სამ დღედ. ამასთან, შესაძლებელია, თანამდებობრივი სარგო დროის ამ პერიოდში მიეცეს სამმაგი ოდენობით.

მუხლი 11

1. მოსამსახურეს სასწავლო მიზნებისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ხარჯზე აქვს პროფესიული განათლების მიღების, სპეციალურ სასწავლებლებში შესვლის, მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების კურსებზე სწავლის უფლება.

2. სამსახური, წინასწარ შედგენილი გეგმის შესაბამისად, სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მეშვეობით, აგრეთვე სხვა საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან ან კერძო სამართლის იურიდიულ პირთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, უზრუნველყოფს მეხანძრე-მაშველთა, აგრეთვე იმ მოსამსახურეთა მომზადებას/პერიოდულ გადამზადებას, რომელთა ფუნქციები და მოვალეობები საგანგებო სიტუაციის მართვაში უშუალო მონაწილეობას ითვალისწინებს.

3. განსაკუთრებულ შემთხვევაში, სამსახურსა და მოსამსახურეს შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე, მეხანძრე-მაშველი, აგრეთვე ის მოსამსახურე, რომლის ფუნქციები და მოვალეობები საგანგებო სიტუაციის მართვაში უშუალო მონაწილეობას ითვალისწინებს, სასწავლებლად შესაძლებელია მივლინებულ იქნეს სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

მუხლი 12

ამ წესით გათვალისწინებული სოციალური დაცვის გარანტიებისა და შეღავათების გარდა სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, განსაკუთრებულ შემთხვევაში სამსახურისათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გათვალისწინებით, შესაძლებელია მოსამსახურეს მიეცეს სხვა სოციალური დახმარება.

მუხლი 13

ამ წესით გათვალისწინებული ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება სამსახურისათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.

 

 

დანართი №1

საერთო სასურსათო იჯრა

სურსათის დასახელება

დღიური  ნორმაბრუტო გრ.

1

პური  (თეთრი)

700

2

ფუნთუშა I ხარ. ფქვ.

100

3

ხორბლის ფქვილი

10

4

ბურღულეული (წიწიბურა, ლობიო, ბარდა, მანანის ბურღ. და სხვ.)

80

5

ბრინჯი

40

6

მაკარონის ნაწარმი

40

7

ხორცი საქონლის

140

8

ხორცი ფრინველის 

60

9

სოსისი

30

10

თევზი გაყინული (თავიანი ან უთავო)

130/100

11

დამარილებული ქაშაყი (ზამთრის სეზ.)

20

12

შესქელებული რძე

20

13

რძე ან რძის ფხვნილი

100/13

14

არაჟანი

30

15

ხაჭო

30

16

ყველი

30

17

კვერცხი (ცალი)

1

18

შაქარი

70

19

კარაქი

40

20

მარგარინი

10

21

ზეთი (მილილიტრი)

20

22

კარტოფილი

400

23

კომბოსტო

100

24

ჭარხალი

20

25

სტაფილო

45

26

ხახვი

50

27

კიტრი, პომიდორი (სეზონურად)

80

28

ბადრიჯანი, ისპანახი, ფხალი (სეზონურად)

40

29

მწვანილი

20

30

ნიორი

5

31

ხილის წვენი (მილილიტრი)

100

32

კისელის კონცენტრატი

10

33

ხილი სხვადასხვა (სეზონის მიხ.)

200

34

კაკაო

4

35

ჩაი

2

36

ტომატ-პასტა

25

37

ძმარი (მილილიტრი)

3

38

მარილი

20

39

წიწაკა საკ. სანელ.

0.5

40

ტყემლის საწებელი (მილილიტრი)

10

41

თაფლი

30

42

შოკოლადის ნაწარმი

50-60

43

ხილფაფა

5

 

 

 

დანართი №2

 

მშრალი სასურსათო იჯრა

1

ერთ მთავარი და ერთი მეორე კერძი (კერძები უნდა იყოს ხორცის ან კომბინირებული)

2

ერთი წასახემსებელი (კრეკერი და ა.შ)

3

ერთი დესერტი (კექსი, პეჩენია და ა.შ)

4

ერთი ერთჯერადი ჩაი ან/და ერთი პაკეტი ყავა

5

ენერგო შოკოლადი ან კანფეტი

6

ენერგო გამაგრილებელი სასმელის ფხვნილი ან რძის კოქტეილის ფხვნილი

7

მცენარეული კარაქი ან მდნარი ყველი

8

შაქარი, მარილი, წიწაკა

9

ხილის ჯემი ან ჟელე

10

ხილის ჩირი (ქიშმიშის ან სხვა)

11

საღეჭი რეზინა

12

კბილის საწმენდი ჩხირი

13

სველი და მშრალი ხელსაწმენდი

14

ერთჯერადი კოვზი ან/და ჩანგალი

15

ასანთი

16

მთავარი და მეორე კერძების, ჩაის, ყავის გასაცხელებელი საშუალებები 

 

შენიშვნა:

- ერთი მშრალი ულუფის (პაკეტი) ენერგეტიკული ღირებულება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 1170 და არაუმეტეს 1430 კკალორიას.

- დღიური ნორმა ერთ კაცზე: 2 ცალი მშრალი ულუფის პაკეტი.

- დღიურ ნორმაზე მეტი მშრალი ულუფის პაკეტის გაცემა ხორციელდება სამსახურის უფროსის თანხმობით.

- სასმელი წყლის გაცემა ხორციელდება სამსახურის შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელის მოტივირებული პატაკის საფუძველზე, სამსახურის უფროსის თანხმობით.

- საგანგებო სიტუაციების დროს მშრალი ულუფის და სასმელი წყლის გაცემა ხორციელდება სამსახურის უფროსის სიტყვიერი განკარგულებით, ხოლო მომდევნო სამი სამუშაო დღის განმავლობაში ფორმდება დოკუმენტურად.

- მშრალ ულუფაზე და სასმელ წყალზე საწყობიდან გაცემული გასავლის ზედნადები ან მიღება-ჩაბარების აქტი ჩაითვალოს ჩამოწერის დოკუმენტად.