ახალციხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

ახალციხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 35
დოკუმენტის მიმღები ახალციხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/12/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.138.016314
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
35
22/12/2017
ვებგვერდი, 29/12/2017
190040000.35.138.016314
ახალციხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
ახალციხის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (29/12/2017 - 12/01/2018)

 

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №35

2017 წლის 22 დეკემბერი

ქ. ახალციხე

 

ახალციხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის, ,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1

დამტკიცდეს, ახალციხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი, დანართის შესაბამისად.

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ (ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 27/11/2017, სარეგისტრაციო კოდი: 190040000.35.138.016294) ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 ნოემბრის №15 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ნოზაძე



დანართი

 ახალციხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი


ეს წესი განსაზღვრავს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისათვის და ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული პირებისათვის-დევნილებისათვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, მოსარგებლეთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და გასაცემი სოციალური დახმარების სახეობასა და ოდენობას.


მუხლი 1. მოსახლეობის სამედიცინო-სადიაგნოსტიკო გამოკვლევების დაფინანსება
1. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო-სადიაგნოსტიკო გამოკვლევების დაფინანსება განისაზღვროს შემდეგ კატეგორიებზე:

ა) მოქალაქეს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 0-დან 75 000-ის ჩათვლით, დაუფინანსდება/აუნაზღაურდება სამედიცინო-სადიაგნოსტიკო გამოკვლევები, მოთხოვნილი გადასახდელი/გადახდილი თანხის 100%-მდე, წლის განმავლობაში არაუმეტეს 800 (რვაასი) ლარისა.

ბ) მოქალაქეს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 75 001-დან 150 000-ის ჩათვლით, დაუფინანსდება/აუნაზღაურდება სამედიცინო-სადიაგნოსტიკო გამოკვლევები, მოთხოვნილი გადასახდელი/გადახდილი თანხის 80%-მდე, წლის განმავლობაში არაუმეტეს 600 (ექვსასი) ლარისა.

გ) მოქალაქეს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 150 001-დან 200 000-ის ჩათვლით, ერთჯერადად დაუფინანსდება სამედიცინო-სადიაგნოსტიკო გამოკვლევები, მოთხოვნილი გადასახდელი თანხის 70%-მდე, არაუმეტეს 400 (ოთხასი) ლარისა.

დ) მოქალაქეს, რომელზეც არ ვრცელდება ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ა”, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები და მის მიერ გადასახდელი თანხა აღემატება 300 (სამასი) ლარს, ერთჯერადად დაუფინანსდება სამედიცინო - სადიაგნოსტიკო გამოკვლევები, მოთხოვნილი გადასახდელი თანხის 50%-მდე, არაუმეტეს 200 (ორასი) ლარისა.

2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო მომსახურების ღირებულება გადასახდელია:

ა.ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან ნებისმიერი დაინტერესებული პირი);

ა.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) მოსარგებლის პირადობის მოწმობის ასლი (არასრულწლოვნის შემთხვევაში: პირადობის მოწმობის და/ან დაბადების მოწმობის ასლი და რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი);

ა.დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);

ა.ე) ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) და/ან კალკულაცია შესაბამისი დაწესებულებიდან;

ა.ვ) საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის ან სხვა სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული მიმართვა/საგარანტიო წერილი (არსებობის შემთხვევაში);

ა.ზ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (არსებობის შემთხვევაში);

ბ) იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო მომსახურების ღირებულება გადახდილია:

ბ.ა) განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან ნებისმიერი დაინტერესებული პირი);

ბ.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ბ.გ) მოსარგებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი (არასრულწლოვნის შემთხვევაში: პირადობის მოწმობის და/ან დაბადების მოწმობის ასლი და რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი);

ბ.დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);

ბ.ე) მომსახურების ღირებულების გადახდის დამადასტურებელი ანგარიშსწორების ქვითარი და სალაროს შემოსავლის ორდერი;

ბ.ვ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

ბ.ზ) მოსარგებლის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის ნომერი.

3. ანაზღაურება განხორციელდება სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, შესრულებული სამუშაოს საბოლოო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე, ან წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე (თუ სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდა განხორციელდა მოქალაქის მიერ).


მუხლი 2. მოსახლეობის გეგმური და ურგენტული ქირურგიული მომსახურებების დაფინანსება
1. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრები მოსახლეობის გეგმიური და ურგენტული ქირურგიული მომსახურებების დაფინანსება განისაზღვროს შემდეგ კატეგორიებზე:

ა) მოქალაქეს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 0-დან 75 000-ის ჩათვლით, დაუფინანსდება ქირურგიული მომსახურება მოთხოვნილი გადასახდელი თანხის 100%-მდე, წლის განმავლობაში არაუმეტეს 2500 (ორიათასხუთასი) ლარისა.

ბ) მოქალაქეს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 75 001-დან 150000-ის ჩათვლით, ერთჯერადად დაუფინანსდება ქირურგიული მომსახურება მოთხოვნილი გადასახდელი თანხის 70%-მდე, არაუმეტეს 1200 (ერთიათასორასი) ლარისა.

გ) მოქალაქეს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 150 001-დან 200 000-ის ჩათვლით, ერთჯერადად დაუფინანსდება ქირურგიული მომსახურება მოთხოვნილი გადასახდელი თანხის 60%-მდე, არაუმეტეს 1000 (ერთიათასი) ლარისა.

დ) მოქალაქეს, რომელზეც არ ვრცელდება ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ა” და „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები და მის მიერ გადასახდელი თანხა აღემატება 400 (ოთხასი) ლარს, ერთჯერადად დაუფინანსდება ქირურგიული მომსახურება მოთხოვნილი გადასახდელი თანხის 50%-მდე, არაუმეტეს 800 (რვაასი) ლარისა.

2. მოქალაქეს, რომელმაც, მიმდინარე წელს, ისარგებლა ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით და გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, ესაჭიროება ამავე დაავადების გართულებით გამოწვეული დამატებითი ქირურგიული ჩარევა, დაუფინანსდება აღნიშნული მომსახურება, მოთხოვნილი გადასახდელი თანხის 100%-მდე, არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა.

3. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან ნებისმიერი დაინტერესებული პირი);

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) მოსარგებლის პირადობის მოწმობის ასლი (არასრულწლოვნის შემთხვევაში: პირადობის მოწმობის და/ან დაბადების მოწმობის ასლი და რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი);

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);

ე) ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) და/ან კალკულაცია შესაბამისი დაწესებულებიდან;

ვ) საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის ან სხვა სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული მიმართვა/საგარანტიო წერილი (არსებობის შემთხვევაში);

ზ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (არსებობის შემთხვევაში);

4. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, შესრულებული სამუშაოს საბოლოო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე.


მუხლი 3. ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბენეფიციარების მკურნალობის დაფინანსება
1. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრებ ონკოლოგიური დაავადების მქონე მოსახლეობას დაუფინანსდება ამ დაავადებისთვის გათვალისწინებული მედიკამენტოზური, სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობა მოთხოვნილი გადასახდელი თანხის 100%-მდე, წლის განმავლობაში არაუმეტეს 1500 (ერთიათასხუთასი) ლარისა.

2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან ნებისმიერი დაინტერესებული პირი);

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) მოსარგებლის პირადობის მოწმობის ასლი (არასრულწლოვნის შემთხვევაში: პირადობის მოწმობის და/ან დაბადების მოწმობის ასლი და რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი);

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);

ე) ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) და/ან კალკულაცია შესაბამისი დაწესებულებიდან;

ვ) საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის ან სხვა სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული მიმართვა/საგარანტიო წერილი (არსებობის შემთხვევაში);

3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი დაწესებულების ანგარიშზე, შესრულებული სამუშაოს საბოლოო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე.


მუხლი 4. მოსახლეობის სამედიცინო მკურნალობის დაფინანსება
1. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო დაწესებულებაში ჩასატარებელი/ჩატარებული მკურნალობის დაფინანსება (გარდა ონკოლოგიური დაავადების მქონე მოსახლეობის ამავე დაავადებისთვის გათვალისწინებული მედიკამენტოზური, სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობისა) განისაზღვროს შემდეგ კატეგორიებზე:

ა) მოქალაქეს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 0-დან 75 000-ის ჩათვლით, დაუფინანსდება/აუნაზღაურდება სამედიცინო მომსახურება მოთხოვნილი გადასახდელი/გადახდილი თანხის 100%-მდე, არაუმეტეს 1500 (ერთიათასხუთასი) ლარისა.

ბ) მოქალაქეს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 75 001-დან 150 000-ის ჩათვლით, ერთჯერადად დაუფინანსდება/აუნაზღაურდება სამედიცინო მომსახურება მოთხოვნილი გადასახდელი/გადახდილი თანხის 70%-მდე, არაუმეტეს 1200 (ერთიათასორასი) ლარისა.

გ) მოქალაქეს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 150 001-დან 200 000-ის ჩათვლით, ერთჯერადად დაუფინანსდება სამედიცინო მომსახურება მოთხოვნილი გადასახდელი თანხის 60%-მდე, არაუმეტეს 1000 (ერთიათასი) ლარისა.

2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო მომსახურების ღირებულება გადასახდელია:

ა.ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან ნებისმიერი დაინტერესებული პირი);

ა.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) მოსარგებლის პირადობის მოწმობის ასლი (არასრულწლოვნის შემთხვევაში: პირადობის მოწმობის და/ან დაბადების მოწმობის ასლი და რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი);

ა.დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);

ა.ე) ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) და/ან კალკულაცია შესაბამისი დაწესებულებიდან;

ა.ვ) საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის ან სხვა სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული მიმართვა/საგარანტიო წერილი (არსებობის შემთხვევაში);

ა.ზ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

ბ) იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო მომსახურების ღირებულება გადახდილია:

ბ.ა) განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან ნებისმიერი დაინტერესებული პირი);

ბ.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ბ.გ) მოსარგებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი (არასრულწლოვნის შემთხვევაში: პირადობის მოწმობის და/ან დაბადების მოწმობის ასლი და რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი);

ბ.დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);

ბ.ე) მომსახურების ღირებულების გადახდის დამადასტურებელი ანგარიშსწორების ქვითარი და სალაროს შემოსავლის ორდერი;

ბ.) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

ბ.) მოსარგებლის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის ნომერი.

3. ანაზღაურება განხორციელდება სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, შესრულებული სამუშაოსაბოლოო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე, ან წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე (თუ სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდა განხორციელდა მოქალაქის მიერ).


მუხლი 5. მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსება
1. ამ მუხლით გათვალისწინებული დაფინანსების მიღება შუძლიათ:

ა) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატულ შშმ პირებს (კოდი: 311, 312);

ბ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატულ შშმ პირებს (კოდი: 211, 212);

გ)მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს;

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირებს დაუფინანსდებათ მედიკამენტოზური მკურნალობა წლის განმავლობაში არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

3. მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან ნებისმიერი დაინტერესებული პირი);

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) მოსარგებლის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ვეტერანის მოწმობის ასლი;

ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);

ვ) ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) და/ან კალკულაცია ფარმაცევტული დაწესებულებიდან;

ზ) საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის ან სხვა სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული მიმართვა/საგარანტიო წერილი (არსებობის შემთხვევაში);

4. ანგარიშსწორება განხორციელდეს ფარმაცევტული დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, ამავე დაწესებულების მიერ მოსარგებლისთვის მიწოდებული მედიკამენტების რაოდენობისა და ღირებულების ამსახველი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე.


მუხლი 6. სამედიცინო მომსახურებები, რომლებიც არ ფინანსდება ამ წესის ფარგლებში
ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, წინამდებარე წესის ფარგლებში არ ფინანსდება შემდეგი სახის სამედიცინო მომსახურებები:

ა) სამედიცინო ჩვენებისა და ექიმის დანიშნულების გარეშე მკურნალობა, თვითმკურნალობა;

ბ) სანატორიულ-კურორტული მკურნალობა;

გ) ესთეტიკური ქირურგია, კოსმეტიკური მკურნალობა;

დ) საზღვარგარეთ ჩასატარებელი/ჩატარებული სამედიცინო მომსახურება;

ე) ფიზიოთერაპია (სამკურნალოდ, პროფილაქტიკის და რეაბილიტაციის მიზნით), ფსიქოთერაპია;


მუხლი 7. სოციალური დახმარება ახალშობილთა ოჯახებისთვის
1. მიმდინარე კალენდარულ წელს დაბადებული, ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ყოველი ახალშობილისთვის, გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება, თუ ახალშობილის ერთ-ერთი მშობელი მაინც რეგისტრირებულია ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული ფულადი დახმარება გაიცემა შემდეგი ოდენობით:

ა) პირველი და მეორე ახალშობილისთვის – 125 ლარი;

ბ) მესამე ახალშობილისთვის – 200 ლარი;

გ) მეოთხე და ყოველი შემდგომი ახალშობილისთვის – 250 ლარი.

3. ტყუპების დაბადების შემთხვევაში ამ მუხლით გათვალისწინებული ფულადი დახმარება ოჯახზე გაიცემა ერთჯერადად შემდეგი ოდენობით:

ა) თუ ტყუპები პირველი და მეორე შვილები არიან – 300 ლარი;

ბ) თუ ტყუპები მეორე და მესამე შვილები არიან – 400 ლარი;

გ) თუ ტყუპები მესამე და მეოთხე, ან მომდევნო შვილები არიან – 500 ლარი;

დ) სამი და მეტი ტყუპის შეძენის შემთხვევაში – 700 ლარი.

4. თუ ოჯახს დახმარების მიღების უფლება წარმოეშობა ამ მუხლით გათვალისწინებული ერთზე მეტი საფუძვლით, დახმარება მიეცემა მხოლოდ ერთი საფუძვლით – მაქსიმალური თანხის უპირატესობის პრინციპით.

5. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) ერთ-ერთი მშობლის წერილობითი განცხადება;

ბ) მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;

გ) ახალშობილის დაბადების მოწმობის ასლი;

დ) ახალშობილის რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) ყველა ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი (მესამე, მეოთხე და ყოველი შემდგომი ახალშობილის დაბადების შემთხვევაში);

ვ) ერთ-ერთი მშობლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

6. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.

7. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შემთხვევაში მხედველობაში მიიღება მხოლოდ ოჯახის არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) შვილები.

8. ერთჯერადი ფულადი დახმარების მიღება შეუძლიათ იმ მშობლებსაც, რომელთაც შვილები შეეძინათ გასული წლის ნოემბრისა და დეკემბრის თვეებში, მაგრამ 2017 წელში არ მოუმართავთ აღნიშნული ფულადი სოციალური დახმარების მისაღებად.

9. თუ ახალშობილის ერთ-ერთი მშობელი რეგისტრირებულია სხვა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ამ მუხლით გათვალისწინებული ფულადი დახმარება გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ ოჯახს არ უსარგებლია ამავე ტიპის დახმარებით სხვა მუნიციპალიტეტიდან.


მუხლი 8. ა(ა)იპ – სამუსიკო და სამხატვრო სკოლების მოსწავლეთა სწავლის დაფინანსება
1. ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ – სამუსიკო სკოლებში, აგრეთვე ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ ,,სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქალაქ ახალციხის სამუსიკო სკოლაში“ და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ ,,სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქალაქ ახალციხის სამხატვრო სკოლაში“ სწავლის ღირებულების 100%-ით დაფინანსდებიან ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრები შემდეგი კატეგორიის მოსწავლეები:

ა) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა შვილები;

ბ) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სხვა ტერიტორიული ბრძოლების მონაწილეთა შვილები;

გ) იძულებით გადაადგილებულ პირთა შვილები;

დ) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მკვეთრად გამოხატული შშმ პირთა შვილები;

ე) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მრავალშვილიან მშობელთა (მშობლის) შვილები (4 და მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი);

ვ) დედით ან/და მამით ობოლი ბავშვები;

ზ) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ, ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა შვილები.

2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: ერთ-ერთი მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი);

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) მოსწავლის დაბადების მოწმობის ასლი;

დ) მოსწავლის რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) მშობლების პირადობის მოწმობების ასლები (დედით ან/და მამით ობოლი ბავშვების შემთხვევაში ცოცხალი მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი);

ვ) ვეტერანის მოწმობის ასლი; (საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა და სხვა ტერიტორიული ბრძოლების მონაწილეთა შვილებისთვის);

ზ) იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობის ასლი (იძულებით გადაადგილებულ პირთა შვილებისთვის);

თ) შშმ პირად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მკვეთრად გამოხატული შშმ პირთა შვილებისთვის);

ი) ყველა ბავშვის დაბადების მოწმობების ასლები (მრავალშვილიან ოჯახთა შვილებისთვის);

კ) გარდაცვალების მოწმობის ასლი (დედით ან მამით ობოლი ბავშვებისთვის);

ლ) ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულის დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის პირობა, არ ვრცელდება იძულებით გადაადგილებულ-დევნილ მოსწავლეებზე.

4. ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული სწავლის შეღავათი, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ ,,სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქალაქ ახალციხის სამუსიკო სკოლაში“, არ ვრცელდება ახალციხის მუნიციპალიტეტის ქ. ვალესა და აწყურის ადმინისტრაციულ ერთეულებში რეგისტრირებულ და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრებ მოსწავლეებზე.


მუხლი 9. იძულებით გადაადგილებულ პირთა, სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურება
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება სარიტუალო მომსახურება 250 ლარის ოდენობით.

2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: გარდაცვლილის ოჯახის წევრი ან სხვა უფლებამოსილი პირი);

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;

დ) ვეტერანის მოწმობის ასლი (ვეტერანის გარდაცვალების შემთხვევაში);

ე) დევნილის მოწმობის ასლი (დევნილის გარდაცვალების შემთხვევაში);

ვ) განმცხადებლისა და გარდაცვლილის ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი ან უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ზ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.

4. აღნიშნული ფულადი დახმარება გაიცემა იმ შემთხვევაშიც, თუ დევნილი ან ვეტერანი გარდაცვლილია გასულ წელს და სარიტუალო მომსახურების თანხა ოჯახს ჯერ არ მიუღია.


მუხლი 10. უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან განხორციელდეს უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურების უზრუნველყოფა.

2. თითოეული უპატრონო მიცვალებულის სარიტუალო მომსახურების უზრუნველსაყოფად განისაზღვროს არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარი.

3. უპატრონო მიცვალებულად ჩაითვალოს მიცვალებული, რომელიც ცხოვრობდა ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და რომელსაც გარდაცვალების შემდეგ არ დარჩა ოჯახის წევრი, ნათესავი ან სხვა დაინტერესებული (დამკრძალავი) პირი, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს მიცვალებულის სარიტუალო მომსახურება.

4. ინფორმაციის მოწოდება, უპატრონო მიცვალებულის შესახებ, დაევალოს შესამაბის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს.


მუხლი 11. სოციალური დახმარება მეწყერის შედეგად დაზარალებული უსახლკარო ოჯახებისთვის
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მომხდარი მეწყერის შედეგად დაზარალებულ უსახლკარო ოჯახებისთვის ყოველთვიური სოციალური დახმარება გაიცემა 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: დაზარალებული, მისი ოჯახის წევრი ან სხვა უფლებამოსილი პირი);

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი დაზარალებული ოჯახის შესახებ;

3. ყოველთვიურად თანხის გადარიცხვა ხორციელდება შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი მოხსენებითი ბარათის საფუძველზე ბენეფიციარებისათვის კუთვნილი სოციალური დახმარების მიღების აუცილებლობის შესახებ.

4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, მოსარგებლე პირის პირად საბანკო ანგარიშზე.


მუხლი 12. მეწყერის შედეგად დაზარალებულ უსახლკაროთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა
1. ახალციხის მუნიციპალიტეტი ფინანსურ თანამონაწილეობას იღებს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მომხდარი მეწყერის შედეგად დაზარალებულ, ამ წესის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ უსახლკარო ბენეფიციართათვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაში.

2. თანამონაწილეობისას მუნიციპალიტეტის მხრიდან თანხის ოდენობა განისაზღვრება ბენეფიციარის მიერ დარჩენილი გადასახდელი თანხიდან - არაუმეტეს 5000 ლარის ოდენობით.

3. თანადაფინანსებისათვის მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) განმცხადებელის და ოჯახის სხვა წევრების პირადობის მოწმობების ასლები;

გ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შუამდგომლობა, ბენეფიციარისთვის საცხოვრებელი ფართის შასაძენად მუნიციპალიტეტის მხრიდან ხელშეწყობის განხორციელების თაობაზე, სადაც მითითებული იქნება შესაძენი უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება ან ბენეფიციარის მიერ შასაძენ უძრავ ქონებაზე ფაქტობრივად გადასახდელი თანხის ოდენობა;

დ) გეოლოგიური დასკვნა შესაძენი უძრავი ქონების მდგომარეობის შესახებ.

4. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით მყიდველის პირად ანგარიშზე.


მუხლი 13. შშმ პირის სტატუსის მქონე ომის ვეტერანთა სოციალური დახმარება
1. ამ მუხლით გათვალისიწინებულ ფულად სოციალურ დახმარებას მიიღებენ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრები შემდეგი კატეგორიის შშმ პირის სტატუსის მქონე ომის ვეტერანები:

ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად გამოხატული შშმ პირები; (კოდი: 311);

ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირები; (კოდი: 312);

გ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების მკვეთრად გამოხატული შშმ პირები, (კოდი: 211);

დ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირები; (კოდი: 212).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შშმ ვეტერანები ყოველთვიურად მიიღებენ 75 (სამოცდათხუთმეტი) ლარს, კომუნალური და ყოფითი ხარჯების დასაფარად, ხოლო 17 ოქტომბერს, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის დღესთან დაკავშირებით ერთჯერადად მიიღებენ 250 (ორასორმოცდაათი) ლარს.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შშმ ვეტერანები ყოველთვიურად მიიღებენ 40 (ორმოცი) ლარს, კომუნალური და ყოფითი ხარჯების დასაფარად, ხოლო ხოლო 17 ოქტომბერს, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის დღესთან დაკავშირებით ერთჯერადად მიიღებენ 200 (ორასი) ლარს.

4. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) მოქალაქის განცხადება ან ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებულ და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრები შშმ პირის სტატუსის მქონე ომის ვეტერანთა მონაცემების შესახებ.

ბ) ვეტერანის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ვეტერანის მოწმობის ასლი;

დ) ვეტერანის საბანკო ანგარიშის ნომერი.

5. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ვეტერანის საბანკო ანგარიშზე.


მუხლი 14. ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მქონე პირთა სოციალური დახმარება
1. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მქონე პირები (კოდი: 501) მიიღებენ ერთჯერად სოციალურ დახმარებას 200 (ორასი) ლარის ოდენობით 14 აგვისტოს (აფხაზეთის ომის დაწყება) დღესთან დაკავშირებით.

2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) მოქალაქის განცხადება ან ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებულ და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მქონე პირთა მონაცემების შესახებ;

ბ) მოსარგებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) მოსარგებლის ვეტერანის მოწმობის ასლი;

დ) მოსარგებლის საბანკო ანგარიშის ნომერი.

3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მქონე პირის საბანკო ანგარიშზე.


მუხლი 15. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა სოციალური დახმარება
1. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრები მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები 9 მაისის დღესთან დაკავშირებით მიიღებენ ერთჯერად სოციალურ დახმარებას 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით.

2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) მოქალაქის განცხადება ან ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებულ და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრები მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა მონაცემების შესახებ.

ბ) ვეტერანის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ვეტერანის მოწმობის ასლი;

დ) ვეტერანის საბანკო ანგარიშის ნომერი.

3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ვეტერანის საბანკო ანგარიშზე.


მუხლი 16. უხუცესთა სოციალური დახმარება
1. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრები 99 წელს გადაცილებული უხუცესები მიიღებენ ერთჯერად სოციალურ დახმარებას 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: უხუცესი ან მისი ოჯახის წევრი);

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) უხუცესის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ცნობა ოჯახის შემადგენლობის შესახებ;

ე) უხუცესის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.


მუხლი 17. შშმ პირთა სოციალური დახმარება
1. ამ მუხლით გათვალისწინებულ სოციალურ დახმარებას მიიღებენ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრები შემდეგი კატეგორიის შშმ პირები:

ა) მკვეთრად გამოხატული შშმ პირები;

ბ) მხედველობით მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირები;

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შშმ პირები დახმარებას მიიღებენ წელიწადში ორჯერ, სააღდგომოდ და 3 დეკემბერს-შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 100-100 (ასი) ლარის ოდენობით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შშმ პირები დახმარებას მიიღებენ წელიწადში ორჯერ, სააღდგომოდ და 3 დეკემბერს-შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 75-75 (სამოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით.

4. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) მოქალაქის განცხადება ან ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებულ და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრებ შშმ პირთა შესახებ;

ბ) შშმ პირის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შშმ პირად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) შშმ პირის საბანკო ანგარიშის ნომერი.

5. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.


მუხლი 18. შშმ ბავშვთა სოციალური დახმარება
1. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრები შშმ ბავშვები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მიიღებენ ერთჯერად სოციალურ დახმარებას 200 (ორასი) ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლით გათვალისწინებულ სოციალურ დახმარებას ბენეფიციარები მიიღებენ 1 ივნისს-ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით.

3. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: შშმ ბავშვის მშობელი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი);

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (საჭიროების შემთხვევაში);

დ) შშმ ბავშვის პირადობის მოწმობის ან/და დაბადების მოწმობის ასლი და რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) შშმ ბავშვის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) შშმ ბავშვის, მისი მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

4. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.


მუხლი 19. ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების სოციალური დახმარება
1. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრებ მოქალაქეს, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ფართზე, მიმდინარე წელს, ასევე გასული წლის დეკემბრის თვეში მომხდარი ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის გათვალისწინებით, მიეცემათ ერთჯერადი ფულადი დახმარება შემდეგი ოდენობით:

ა) საცხოვრებელი ფართის დაზიანების შემთხვევაში – არაუმეტეს 2000 (ორიათასი) ლარისა.

ბ) არასაცხოვრებელი ფართის დაზიანების შემთხვევაში – არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა.

2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: ხანძრით დაზარალებული ოჯახის ერთ-ერთი წევრი);

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

3. შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ უნდა იქნეს წარმოდგენილი მოხსენებითი ბარათი თანდართული ხანძრით დაზიანებული შენობა-ნაგებობის სურათებით;

4. მომხდარ ხანძართან დაკავშირებით წარმოდგენილ უნდა იქნეს ხანძრის აქტი (სახანძრო-სამაშველო სამსახურიდან);

5. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ უნდა იქნეს წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტი ხანძრის შედეგად მიყენებული მიახლოებითი ზარალის შესახებ.

6. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.


მუხლი 20. უსახლკაროთა და მიუსაფართა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, უსახლკაროდ დარჩენილთა სოციალური დაცვა
1. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრებ ოჯახებს ან/და მოქალაქეებს, რომელთაც არ აქვთ მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილი, რის გამოც ცხოვრება უხდებათ ღია ცის ქვეშ, არაადამიანურ პირობებში ან ნებისმიერ სხვა ცხოვრებისთვის მიზანშეუწონელ ადგილას უზრუნველყოფილნი იქნებიან დროებითი საცხოვრებელი ფართით ან ქირით.

2. საცხოვრებელი ფართის დაქირავების შემთხვევაში ყოველთვიური ქირის ოდენობა განისაზღვრება არაუმეტეს 200 (ორასი) ლარის ოდენობით.

3. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) გამქირავებლის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან გამქირავებლის ბინის საკუთრების თაობაზე;

ე) გამქირავებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

4. შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს წერილობითი დასაბუთება სოციალური დახმარების საჭიროების მქონე მოქალაქის ან/და მისი ოჯახის მდგომარეობის შესახებ.

5. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.


მუხლი 21. ა(ა)იპ „ქალაქ ახალციხის სათნოების სახლის'' უფასო სასადილოს მომსახურება
1. ამ მუხლით მოსარგებლე ბენეფიციარებად განისაზღვროს:

ა) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მარტოხელა პენსიონერები, რომლებსაც არ ჰყავთ საკვების მიმწოდებელი;

ბ) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის ის ნაწილი, რომელთაც არ აქვთ საკვების შეძენის საშუალება ან რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, მოქმედი სარეიტინგო ქულით არაუმეტეს 75 000-სა;

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები, უზრუნველყოფილნი იქნებიან ა(ა)იპ „ქალაქ ახალციხის სათნოების სახლის“ უფასო სასადილოში კვებით კვირაში 5 დღის განმავლობაში (შაბათ-კვირის, 1-ლი და 2 იანვრის გარდა).

3. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან ნებისმიერი დაინტერესებული პირი);

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) მოსარგებლის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (არსებობის შემთხვევაში);

4. შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს მოხსენებითი ბარათი ბენეფიციარებისათვის სოციალური დახმარების მიღების აუცილებლობის შესახებ.

5. ბენეფიციარს ა(ა)იპ „ქალაქ ახალციხის სათნოების სახლის“ უფასო სასადილოს მომსახურებით სარგებლობის უფლება შეუწყდება:

ა) გარდაცვალების შემთხვევაში;

ბ) რეგისტრაციის ადგილის ცვლილების შემთხვევაში;

გ) ბენეფიციარის სოციალური-ეკონოკიკური მდგომარეობის ისეთი ცვლილების შემთხვევაში, როდესაც იგი ვეღარ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და “ბ“ ქვეპუნქტების მოთხოვნებს.

დ) პირადი განცხადების საფუძველზე;

6. ბენეფიციარს ა(ა)იპ „ქალაქ ახალციხის სათნოების სახლის“ უფასო სასადილოს მომსახურებით სარგებლობის უფლება შეუჩერდება:

ა) ზედიზედ 5 დღის მანძილზე უფასო სასადილოში გამოუცხადებლობის შემთხვევაში;

ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში;

გ) საცხოვრებელი ადგილის დროებით შეცვლის შემთხვევაში;


მუხლი 22. შეჭირვებული მოსახლეობის სოციალური დახმარება
1. ამ მუხლით მოსარგებლე ბენეფიციარებად განისაზღვროს:

ა) ა(ა)იპ „ქალაქ ახალციხის სათნოების სახლის“ უფასო სასადილოს ბენეფიციართა ოჯახები.

ბ) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრები ოჯახები, რომლებიც განიცდიან მძიმე ეკონომიკურ სიდუხჭირეს და ვერ ახერხებენ ან გაჭირვებით ახერხებენ ცხოვრებისათვის აუცილებელი მინიმალური საყოფაცხოვრებო, საარსებო პირობების შექმნას (გარდა ა(ა)იპ „ქალაქ ახალციხის სათნოების სახლის“ უფასო სასადილოს ბენეფიციართა ოჯახებისა).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციართა ოჯახები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სააღდგომოდ ერთჯერადად მიიღებენ 50 (ორმოცდაათი) ლარს, ხოლო ზამთრისთვის, გათბობის უზრუნველსაყოფად, ერთჯერადად მიიღებენ 100 (ასი) ლარს.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარები წელიწადში ოთხჯერ (კვარტალში ერთხელ) უზრუნველყოფილნი იქნებიან არაუმეტეს 65 (სამოცდახუთი) ლარის ღირებულების, სასურსათო პაკეტებით.

4. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) მოქალაქის განცხადება ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი სოციალური დახმარების საჭიროების მქონე ოჯახის შესახებ;

ბ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (არსებობის შემთხვევაში);

დ) ბენეფიციარის საბანკო ანგარიშის ნომერი.


მუხლი 23. თირკმლის უკმარისობით დაავადებულთა სოციალური დახმარება
1. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრები თირკმლის უკმარისობით დაავადებული მოქალაქეები, რომლებიც იმყოფებიან ჰემოდიალიზზე ან პერიტონეულ დიალიზზე, მიიღებენ სოციალურ დახმრებას 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლით გათვალისწინებულ სოციალურ დახმარებას ბენეფიციარები მიიღებენ წელიწადში 4-ჯერ, კვარტალში ერთხელ, 250-250 (ორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

3. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: პროგრამით მოსარგებლე პირი, მისი ოჯახის წევრი ან კანონიერი წარმომადგენელი);

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) მოსარგებლის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) მოსარგებლის ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);

ე) მოსარგებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

4. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.


მუხლი 24. იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სოციალური დახმარება
1. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებული და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრები იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა ოჯახები მიიღებენ სოციალურ დახმარებას სასურსათო პაკეტის სახით, სააღდგომოდ და საახალწლოდ.

2. თითოეული სასურსათო პაკეტის ღირებულება განისაზღვრება არაუმეტეს 65 (სამოცდახუთი) ლარის ოდენობით.

3. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) მოქალაქის განცხადება ან ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებულ და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მონაცემების შესახებ;

ბ) დევნილის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) დევნილის მოწმობის ასლი.


მუხლი 25. დედ-მამით ობოლ ბავშვთა სოციალური დახმარება
1. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 18 წლამდე ასაკის დედ-მამით ობოლი ბავშვები მიიღებენ ყოველთვიურ სოციალურ დახმარებას 100 (ასი) ლარის ოდენობით.

2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) მეურვის/მზრუნველის წერილობითი განცხადება;

ბ) მეურვის/მზრუნველის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) მეურვეობის/მზრუნველობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) ბავშვის დაბადების მოწმობის ან/და პირადობის მოწმობის ასლი;

ე) ბავშვის რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) მშობლების გარდაცვალების მოწმობების ასლები;

ზ) მეურვის/მზრუნველის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.


მუხლი 26. მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოძრავი სამარშრუტო ტრანსპორტის ღირებულების თანადაფინანსება
ახალციხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან განხორციელდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, წრიული მარშრუტით, მგზავრთა გადაყვანის საფასურის 50%-იანი თანადაფინანსება.

მუხლი 27. გარდამავალი დებულებანი
1. მოქალაქისათვის სამედიცინო მომსახურების დაფინანსების შემთხვევაში გაიცემა საგარანტიო წერილი.

2. გასულ წელს გაცემული საგარანტიო წერილებით აღებული ფინანსური ვალდებულებების დაფარვა განხორციელდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან.

3. ა(ა)იპ სტატუსის მქონე სამუსიკო და სამხატვრო სკოლებში, 2017-2018 სასწავლო წლის ფარგლებში, მოსწავლეთა სწავლის დაფინანსება 2018 წლის 01 იანვრიდან განხორციელდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან.

4. ამ წესის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის შემთხვევაში ახალშობილთა ოჯახების დაფინანსება განხორციელდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან.

5. წინამდებარე წესის თითოეული მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოქალაქეთათვის სოციალური დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სოციალური დახმარების მიზნობრივად გაცემის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი.


მუხლი 28. დასკვნითი დებულებანი
დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხორციელდება ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.