სუბიექტების მიერ ანგარიშგებებისა და აუდიტორული დასკვნის წარდგენის, მესამე კატეგორიის საწარმოს მიერ ფინანსური ანგარიშგების გამარტივებული სახით წარდგენის, წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების, ანგარიშგების პორტალის სტრუქტურისა და მომხმარებელთა რეგისტრაციის წესის დამტკიცების თაობაზე

სუბიექტების მიერ ანგარიშგებებისა და აუდიტორული დასკვნის წარდგენის, მესამე კატეგორიის საწარმოს მიერ ფინანსური ანგარიშგების გამარტივებული სახით წარდგენის, წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების, ანგარიშგების პორტალის სტრუქტურისა და მომხმარებელთა რეგისტრაციის წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი ნ-15
დოკუმენტის მიმღები ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 18/09/2017
დოკუმენტის ტიპი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/09/2017
სარეგისტრაციო კოდი 260030000.64.076.016024
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (21/09/2017 - 14/11/2017)

 
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის
ბრძანება №ნ-15
2017 წლის 18 სექტემბერი
ქ. თბილისი

 

სუბიექტების მიერ ანგარიშგებებისა და აუდიტორული დასკვნის წარდგენის, მესამე კატეგორიის საწარმოს მიერ ფინანსური ანგარიშგების გამარტივებული სახით წარდგენის, წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების, ანგარიშგების პორტალის სტრუქტურისა და მომხმარებელთა რეგისტრაციის წესის დამტკიცების თაობაზე

„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი, მე-2 და მე-7 პუნქტების საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს:
ა) „სუბიექტების მიერ ანგარიშგებებისა და აუდიტორული დასკვნის წარდგენის, მესამე კატეგორიის საწარმოს მიერ ფინანსური ანგარიშგების გამარტივებული სახით წარდგენის, წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების, ანგარიშგების პორტალის სტრუქტურისა და მომხმარებელთა რეგისტრაციის წესი“ (დანართი №1);
ბ) „ფინანსური ანგარიშგების ფორმები“ (დანართი №2);
გ) „კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების ფორმები“ (დანართი №3);
დ) „სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგების ფორმა“ (დანართი №4).
მუხლი 2
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტისა, მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტისა და მე-9 პუნქტისა, მე-11 მუხლის მე-3 პუნქტისა, მე-12 მუხლისა და მე-13 მუხლის მე-4 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი, მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტი და მე-9 პუნქტი, მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი, მე-12 მუხლი და მე-13 მუხლის მე-4 პუნქტი ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.
 


ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსიიური დოლიძე



დანართი №1

 

სუბიექტების მიერ ანგარიშგებებისა და აუდიტორული დასკვნის წარდგენის, მესამე კატეგორიის საწარმოს მიერ ფინანსური ანგარიშგების გამარტივებული სახით წარდგენის, წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების, ანგარიშგების პორტალის სტრუქტურისა და მომხმარებელთა რეგისტრაციის წესი

თავი I

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. რეგულირების სფერო

ეს წესი ადგენს სუბიექტების მიერ ანგარიშგებებისა და აუდიტორული დასკვნის ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისთვის (შემდგომ სამსახური) ელექტრონული ფორმით წარდგენის, მესამე კატეგორიის საწარმოს მიერ ფინანსური ანგარიშგების გამარტივებული სახით წარდგენის, წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების, ანგარიშგების პორტალის სტრუქტურისა და მომხმარებელთა რეგისტრაციის წესს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ზომითი კატეგორიის განმსაზღვრელი გამომთვლელი, რომელშიც სუბიექტის მიერ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომ კანონი) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ტ“-„ქ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული კრიტერიუმების მითითების შედეგად, ავტომატურად განისაზღვრება საწარმოს/ჯგუფის ზომითი კატეგორია;

ბ) ფინანსური ინსტიტუტი „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 54-ე პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული იურიდიული პირი;

გ) არაფინანსური ინსტიტუტი სუბიექტი, რომელიც არ წარმოადგენს ფინანსურ ინსტიტუტს;

დ) ანგარიშგების პორტალი (შემდგომ პორტალი) ელექტრონული პორტალი, რომელზეც ამ წესის მე-15 მუხლით დადგენილი წესით გამოქვეყნდება ამ წესის მე-16 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია სუბიექტების შესახებ;

ე) სუბიექტის გვერდი – პორტალზე სუბიექტის ინდივიდუალური გვერდი, რომელზეც საანგარიშგებო პერიოდების მიხედვით აისახება სუბიექტის წარდგენილი ანგარიშგებები და აუდიტორული დასკვნები, აგრეთვე სხვა ინფორმაცია სუბიექტის შესახებ ამ წესის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად;

ვ) მომხმარებელი ფიზიკური პირი, რომელიც ამ წესის მე-18 მუხლის შესაბამისად რეგისტრაციის გავლის შემდგომ, უფლებამოსილია მოიძიოს და გაეცნოს პორტალზე განთავსებულ ინფორმაციას;

ზ) ემიტენტის კოდი საფონდო ბირჟის წესების მიხედვით განსაზღვრული ემიტენტის უნიკალური კოდი.

2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტისა, ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებული ტერმინები განიმარტება კანონის შესაბამისად.

მუხლი 3. ვადების განსაზღვრა

1. ამ წესით დადგენილი ვადის ათვლა იწყება შესაბამისი მოქმედების განხორციელების მომდევნო სამუშაო დღიდან.

2. ვადა, რომელიც გამოიანგარიშება თვეებით, მთავრდება ვადის ბოლო თვის შესაბამის რიცხვში.

3. მოქმედება, რომლის განხორციელებისათვის დადგენილია ვადა, შეიძლება განხორციელდეს ამ ვადის ბოლო სამუშაო დღის დამთავრებამდე, ხოლო თუ მოქმედება ხორციელდება ელექტრონული ფორმით − ამ ვადის ბოლო დღის 24 საათამდე.

4. თუ მოქმედების განხორციელების ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მოქმედების განხორციელების ვადა გრძელდება შემდეგი სამუშაო დღის დამთავრებამდე, ხოლო თუ მოქმედება ხორციელდება ელექტრონული ფორმით − მოქმედების განხორციელების ვადა გრძელდება შემდეგი სამუშაო დღის 24 საათამდე.

თავი II

ანგარიშგებებისა და აუდიტორული დასკვნის წარდგენა

მუხლი 4. ანგარიშგებებისა და აუდიტორული დასკვნის წარდგენა

1. სუბიექტი (გარდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა) ვალდებულია მისთვის კანონით დადგენილი ფინანსური ანგარიშგება, კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება, მმართველობის ანგარიშგება, კონსოლიდირებული მმართველობის ანგარიშგება, სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგება და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუდიტორული დასკვნა წარუდგინოს სამსახურს ერთად, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს საანგარიშგებო პერიოდის მომდევნო წლის 1 ოქტომბრისა.

2. თუ სუბიექტის საანგარიშგებო პერიოდი არ ემთხვევა კალენდარულ წელს, იგი ვალდებულია ამ მუხლის პირველ პუნქტში მოცემული ანგარიშგებები და აუდიტორული დასკვნა სამსახურს წარუდგინოს მისი ხელმისაწვდომობისთანავე, დაუყოვნებლივ, მაგრამ საანგარიშგებო პერიოდის დასრულებიდან არაუგვიანეს 9 თვისა.

3. სუბიექტი ანგარიშგებებსა და აუდიტორულ დასკვნას სამსახურს წარუდგენს ელექტრონული ფორმით, შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სერვისების ვებგვერდის შესაბამისი ჩანართის (შემდგომ ვებგვერდი) გამოყენებით (www.eservices.rs.ge).

4. ანგარიშგებებისა და აუდიტორული დასკვნის წარსადგენად სუბიექტმა ვებგვერდზე უნდა გაიაროს ავტორიზაცია არსებული პარამეტრებით.

5. ვებგვერდს მართავს სამსახური. სამსახური იყენებს შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფასა და მართვის ავტომატურ საშუალებებს.

6. სუბიექტი უფლებამოსილია ვებგვერდზე ანგარიშგებები და აუდიტორული დასკვნა წარადგინოს ერთზე მეტ პროცესში. მას უფლება აქვს ამ წესის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად ანგარიშგების წარდგენამდე, ან თუ სუბიექტი წარადგენს აუდიტირებულ ანგარიშგებებს, ამ წესის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების ვებგვერდიდან აუდიტორისთვის გაგზავნამდე, შეცვალოს ასახული მონაცემები. შეტყობინების გაგზავნის შემდგომ მონაცემების შეცვლა დასაშვებია მხოლოდ ამ წესის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, მხოლოდ აუდიტორის მიერ მითითებული შეუსაბამობის აღმოფხვრის მიზნით, ხოლო ანგარიშგების წარდგენის შემდგომ მონაცემების შეცვლა დასაშვებია მხოლოდ ამ წესის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, მხოლოდ სამსახურის მიერ დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით.

7. სუბიექტს ნებისმიერ დროს შეუძლია შეცვალოს ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ღ“ და „ყ“ ქვეპუნქტების შესაბამისად მითითებული საკონტაქტო პირი/საკონტაქტო პირები, ასევე მათი ტელეფონის ნომერი ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართი.

მუხლი 5. ელექტრონული ფორმით კომუნიკაცია

1. სამსახურსა და სუბიექტს, ასევე აუდიტორს შორის კომუნიკაცია ხორციელდება ელექტრონული ფორმით.

2. სამსახურსა და სუბიექტს, ასევე აუდიტორს შორის კომუნიკაციისას, აუდიტორს აუდიტორების სახელმწიფო რეესტრის ბაზაში არსებული ტელეფონის ნომერსა და ელექტრონული ფოსტის მისამართზე, ხოლო ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ღ“ და „ყ“ ქვეპუნქტების შესაბამისად მითითებულ საკონტაქტო პირს/პირებს - ასევე ვებგვერდზე ეგზავნებათ ამ წესით განსაზღვრული შეტყობინებები.

3. ამ წესის მე-14 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, აუდიტორისთვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი შეტყობინება ჩაბარებულად ჩაითვლება მის მიერ ვებგვერდზე ავტორიზაციის გავლისთანავე, ხოლო სუბიექტისთვის ამ წესით დადგენილი ელექტრონული ფორმით გაგზავნილი ნებისმიერი შეტყობინება ჩაბარებულად ჩაითვლება სუბიექტის მიერ შეტყობინების ვებგვერდზე გაცნობისთანავე. შეტყობინებების ჩაბარების თაობაზე სამსახურს ინფორმაცია მიეწოდება ვებგვერდიდან.

4. სამსახურის მიერ ელექტრონული ფორმით შექმნილი და გაგზავნილი შეტყობინება/დოკუმენტი არ საჭიროებს უფლებამოსილი პირის ხელმოწერას და მას აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობითი ფორმით წარდგენილ/გაგზავნილ, პირადი ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებულ შეტყობინებას/დოკუმენტს.

მუხლი 6. სუბიექტისა და ჯგუფის კატეგორიის განსაზღვრა

1. ვებგვერდის პირველ გვერდზე აისახება ინფორმაცია სუბიექტის სამართლებრივი ფორმის, სუბიექტის/ჯგუფის ზომითი კატეგორიის, საზოგადოებრივი დაინტერესების პირისა (შემდგომ სდპ) და მშობელი საწარმოს სტატუსის შესახებ, აგრეთვე ინფორმაცია, მოიცავს თუ არა სუბიექტის საქმიანობა წიაღით სარგებლობას (მათ შორის, ნავთობისა და გაზის მოპოვებას) ან ბუნებრივი წარმოშობის ტყეში ხე-ტყის დამზადებას.

2. სუბიექტის სამართლებრივი ფორმის შესახებ ინფორმაცია აისახება ავტომატურად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ერთიან მონაცემთა ბაზაში არსებული მონაცემების საფუძველზე, სამსახურსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შორის არსებული ხელშეკრულების შესაბამისად.

3. სუბიექტის სდპ-ის სტატუსის შესახებ ინფორმაცია აისახება ავტომატურად, აგრეთვე ინფორმაცია, წარმოადგენს თუ არა კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ყ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ იურიდიულ პირს, აისახება ავტომატურად საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საფონდო ბირჟების სავაჭრო სისტემაში არსებული მონაცემების საფუძველზე. სუბიექტი მიუთითებს სდპ-ის სახეს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

4. სუბიექტი მიუთითებს მისი საქმიანობა მოიცავს თუ არა წიაღით სარგებლობას (მათ შორის, ნავთობისა და გაზის მოპოვებას) ან ბუნებრივი წარმოშობის ტყეში ხე-ტყის დამზადებას.

5. სუბიექტი მიუთითებს, წარმოადგენს თუ არა მშობელ საწარმოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

6. სუბიექტი მიუთითებს ბოლო დასრულებული საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს აქტივების ჯამურ ღირებულებას, შემოსავალსა და საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობას (შემდგომ დსრ), რის შედეგად, ზომითი კატეგორიის განმსაზღვრელის მეშვეობით დგინდება საწარმოს ზომითი კატეგორია.

7. თუ სუბიექტი წარმოადგენს სდპ-ს, იგი მიუთითებს საანგარიშგებო პერიოდში დსრ-ს. თუ მისი დსრ 500-ზე მეტია, ამ შემთხვევაში იგი მიუთითებს საწარმოს ზომითი კატეგორიის დანარჩენი ორი კრიტერიუმის შესაბამის მონაცემებს.

8. თუ სუბიექტი წარმოადგენს მშობელ საწარმოს, სუბიექტმა საკუთარი ზომითი კატეგორიის კრიტერიუმებთან ერთად, დამატებით უნდა მიუთითოს თავისი საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს არსებული ჯგუფის აქტივების ჯამური ღირებულება, შემოსავალი და საანგარიშგებო პერიოდში დსრ, რის შედეგად, ზომითი კატეგორიის განმსაზღვრელის მეშვეობით დგინდება ჯგუფის ზომითი კატეგორია.

9. სუბიექტის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის მითითების შედეგად, ავტომატურად აისახება კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია.

10. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული ინფორმაცია, გარდა ინფორმაციისა სდპ-ის სახის შესახაბ, განახლდება ავტომატურად, ხოლო ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სდპ-ის სახის შესახებ ინფორმაციას, ასევე მე-4-მე-8 პუნქტებით განსაზღვრულ ინფორმაციას სუბიექტი განაახლებს ყოველწლიურად, ანგარიშგებებისა და აუდიტორული დასკვნის წარდგენისას.

მუხლი 7. ინფორმაცია აუდიტორის შესახებ

1. ვებგვერდის მეორე გვერდზე აისახება ინფორმაცია სუბიექტის მიერ წარსადგენი ანგარიშგებების აუდიტის ჩატარების შესახებ, ხოლო თუ სუბიექტი წარმოადგენს პირველი, მეორე ან მესამე კატეგორიის ჯგუფის მშობელ საწარმოს ასევე ინფორმაცია წარსადგენი კონსოლიდირებული ანგარიშგებების აუდიტის ჩატარების შესახებ.

2. სუბიექტმა უნდა მიუთითოს ანგარიშგებების/კონსოლიდირებული ანგარიშგებების აუდიტის განმახორციელებელი გარიგების პარტნიორის/ინდივიდუალურად საქმიანობის განმახორციელებელი აუდიტორის აუდიტორების სახელმწიფო რეესტრის სარეგისტაციო ნომერი, რის შედეგად ავტომატურად აისახება აუდიტორის სახელი, გვარი და პირადი ნომერი აუდიტორების სახელმწიფო რეესტრის ბაზაში არსებული მონაცემების საფუძველზე.

3. თუ აუდიტი ჩატარდა გარიგების პარტნიორის მიერ, აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრის ბაზაში არსებული მონაცემების საფუძველზე, ავტომატურად აისახება იმ აუდიტორული ფირმის/ფირმების დასახელება და სახელმწიფო რეესტრის სარეგისტრაციო ნომერი, რომელშიც დასაქმებულია გარიგების პარტნიორი. თუ ასეთი აუდიტორული ფირმების რაოდენობა ერთზე მეტია, სუბიექტი მიუთითებს იმ აუდიტორულ ფირმას, რომლის სახელითაც მოქმედებდა გარიგების პარტნიორი აუდიტის ჩატარებისას, რის საფუძველზეც ავტომატურად აისახება ამ აუდიტორული ფირმის საიდენტიფიკაციო ნომერი.

მუხლი 8. ინფორმაცია სუბიექტის შესახებ

1. ვებგვერდის მესამე გვერდზე შესაბამის ველებში ელექტრონულად ივსება შემდეგი ინფორმაცია სუბიექტის შესახებ:

ა) საიდენტიფიკაციო ნომერი/პირადი ნომერი;

ბ) სამართლებრივი ფორმა;

გ) საფირმო სახელწოდება/სახელწოდება;

დ) რეგისტრაციის თარიღი;

ე) მარეგისტრირებელი ორგანო;

ვ) იურიდიული მისამართი;

ზ) მმართველობის ორგანო;

თ) სამეთვალყურეო საბჭოს წევრების შესახებ ინფორმაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ი) ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების შესახებ ინფორმაცია;

კ) ინფორმაცია ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის/გადახდისუუნარობის პროცესის მიმდინარეობის შესახებ;

ლ) ინფორმაცია საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის შესახებ;

მ) ინფორმაცია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების შესახებ;

ნ) ინფორმაცია მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე გირავნობა/ლიზინგის უფლების შესახებ;

ო) ინფორმაცია უძრავ ნივთებზე იპოთეკის უფლების შესახებ;

პ) საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში სუბიექტის ეკონომიკური საქმიანობის სახე/სახეები და („NACE“) კოდი „საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის „ეკონომიკური საქმიანობის სახეების“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ „საქსტატის“ საბჭოს 2016 წლის 28 ივლისის №10 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორი „ეკონომიკური საქმიანობის სახეების“ მიხედვით;

ჟ) მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანო, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

რ) ემიტენტის კოდი, თუ სუბიექტი წარმოადგენს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ყ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირს;

ს) მშობელი საწარმოს რეგისტრაციის ქვეყანა, საიდენტიფიკაციო ნომერი და საფირმო სახელწოდება;

ტ) შვილობილი საწარმოს/საწარმოების რეგისტრაციის ქვეყანა, საიდენტიფიკაციო ნომერი და საფირმო სახელწოდება;

უ) აუდიტის კომიტეტის შემადგენლობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ფ) გამოყენებული ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების სტანდარტი;

ქ) საანგარიშგებო პერიოდი;

ღ) ანგარიშგებების მომზადებასა და წარდგენაზე პასუხისმგებელი საკონტაქტო პირის სახელი, პირადი ნომერი, თანამდებობა, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი;

ყ) სხვა საკონტაქტო პირის სახელი, პირადი ნომერი, თანამდებობა, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი;

შ) სუბიექტის საკონაქტო ინფორმაცია, მათ შორის, ფაქტობრივი მისამართი, საფოსტო ინდექსი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ვებგვერდი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ო“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაცია, ასევე, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ს“ და „ტ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მშობელი საწარმო და შვილობილი საწარმო/საწარმოები რეგისტრირებულია საქართველოში, სუბიექტის მიერ მათი საიდენტიფიკაციო ნომრის მითითებით, მათი საფირმო სახელწოდება აისახება ავტომატურად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ერთიან მონაცემთა ბაზიდან, უძრავ ნივთებზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრებში დაცული მონაცემების საფუძველზე, სამსახურსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შორის არსებული ხელშეკრულების შესაბამისად.

3. თუ რეგისტირებულია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ლ“-„ო“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული უფლება/შეზღუდვა, შესაბამის ველებში აისახება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი რეესტრის ბმული.

4. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“-„ი“ ქვეპუნქტების შესაბამისად ასახული პირთა რაოდენობა ერთზე მეტია, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სუბიექტი ამ მუხლის პირველი პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტის შესაბამის ველში მიუთითებს მათგან ანგარიშგებების მომზადებასა და წარდგენაზე პასუხისმგებელ ერთ საკონტაქტო პირს. სუბიექტს დამატებით შეუძლია მიუთითოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტის შესაბამის ველში სხვა საკონტაქტო პირი.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ეკონომიკური საქმიანობის სახე/სახეები და („NACE“) კოდი აისახება ავტომატურად, შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სერვისების ბაზაში არსებული მონაცემების საფუძველზე. თუ ასახული ინფორმაცია განსხვავდება სუბიექტის მიერ წარსადგენ, ფინანსურ ანგარიშგებაში მითითებული საქმიანობის სახისგან/სახეებისგან, იგი უფლებამოსილია შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სერვისების ვებგვერდზე შეცვალოს მითითებული საქმიანობის სახე/სახეები.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ემიტენტის კოდი აისახება ავტომატურად, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საფონდო ბირჟების სავაჭრო სისტემაში არსებული მონაცემების საფუძველზე.

7. თუ სუბიექტი წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, იგი მიუთითებს მხოლოდ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ფ“-„ქ“ და „ყ“-„შ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციას, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“-„გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაცია აისახება ავტომატურად, შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სერვისების ბაზაში არსებული მონაცემების საფუძველზე.

8. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“-„პ“ ქვეპუნქტების შესაბამისად განსაზღვრული ინფორმაცია განახლდება ავტომატურად, ხოლო ამავე პუნქტის „ჟ“, „ს“-„შ“ ქვეპუნქტების შესაბამისად განსაზღვრულ ინფორმაციას სუბიექტი განაახლებს ყოველ წელს, ანგარიშგებებისა და აუდიტორული დასკვნის წარდგენისას.

9. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ღ“-„ყ“ ქვეპუნქტების შესაბამისად განსაზღვრული საკონტაქტო პირის ტელეფონის ნომრის ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართის ცვლილების შემთხვევაში, სუბიექტი ვებგვერდზე მიუთითებს ტელეფონის ახალ ნომერსა ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართს.

მუხლი 9. ელექტრონულად შესავსები ფინანსური და კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების ფორმების არჩევა

1. ვებგვერდის მეოთხე გვერდზე სუბიექტი, გარდა მეოთხე კატეგორიის საწარმოსი, რომელიც არ წარმოადგენს სდპ-ს და რომლის საქმიანობის მარეგულირებელი შესაბამისი ნორმატიული აქტი არ ითვალისწინებს კანონით დადგენილი უფრო მაღალი რანგის ანგარიშგების სტანდარტის გამოყენებას, ვალდებულია აირჩიოს ელექტრონულად შესავსები, მისთვის შესაფერისი ფინანსური ანგარიშგების შემდეგი ფორმებიდან ერთ-ერთი (დანართი №2):

ა) არაფინანსური ინსტიტუტების ანგარიშგების ფორმები;

ბ) ფინანსური ინსტიტუტების ანგარიშგების ფორმები (გარდა მზღვეველებისა);

გ) მზღვეველების ანგარიშგების ფორმები.

2. თუ სუბიექტი წარმოადგენს პირველი, მეორე ან მესამე კატეგორიის ჯგუფის მშობელ საწარმოს, ავტომატურად განისაზღვრება მშობელი საწარმოს მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად არჩეული ელექტრონულად შესავსები ფინანსური ანგარიშგების ფორმების ანალოგიური კონსოლიდირებული ანგარიშგების ფორმებიდან ერთ-ერთი (დანართი №3):

ა) არაფინანსური ინსტიტუტების კონსოლიდირებული ანგარიშგების ფორმები;

ბ) ფინანსური ინსტიტუტების კონსოლიდირებული ანგარიშგების ფორმები (გარდა მზღვეველებისა);

გ) მზღვეველების კონსოლიდირებული ანგარიშგების ფორმები.

3. სუბიექტის მიერ ფინანსური ანგარიშგების ფორმების არჩევის შედეგად, ავტომატურად განისაზღვრება სუბიექტის მიერ ელექტრონულად შესავსები ფინანსური ანგარიშგების ძირითადი კომპონენტები (დანართი №2):

ა) ფინანსური მდგომარეობა (ფორმა №1);

ბ) საქმიანობის შედეგები (ფორმა №2);

გ) ფულადი სახსრების მოძრაობა (ფორმა №3);

დ) კაპიტალის მოძრაობა (ფორმა №4).

4. თუ სუბიექტი წარმოადგენს მესამე კატეგორიის საწარმოს, რომელიც არ წარმოადგენს სდპ-ს და რომლის საქმიანობის მარეგულირებელი შესაბამისი ნორმატიული აქტი არ ითვალისწინებს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) გამოყენებას, ავტომატურად განისაზღვრება ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული, ელექტრონულად შესავსები ფინანსური ანგარიშგების ძირითადი კომპონენტები.

5. კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების ფორმების განსაზღვრის შედეგად, ავტომატურად განისაზღვრება სუბიექტის მიერ ელექტრონულად შესავსები კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების ძირითადი კომპონენტები (დანართი №3):

ა) კონსოლიდირებული ფინანსური მდგომარეობა (ფორმა №1);

ბ) კონსოლიდირებული საქმიანობის შედეგები (ფორმა №2);

გ) კონსოლიდირებული ფულადი სახსრების მოძრაობა (ფორმა №3);

დ) კონსოლიდირებული კაპიტალის მოძრაობა (ფორმა №4).

მუხლი 10. ფინანსური და კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების ფორმების ელექტრონულად შევსება

1. სუბიექტი ვალდებულია ვებგვერდის მე-5-მე-8 გვერდებზე ელექტრონულად შეავსოს ამ წესის მე-9 მუხლის შესაბამისად, მის მიერ არჩეული ფინანსური ანგარიშგების ფორმების ძირითადი კომპონენტები, ხოლო თუ სუბიექტი წარმოადგენს პირველი, მეორე ან მესამე კატეგორიის მშობელ საწარმოს, იგი ვალდებულია ვებგვერდის მე-10-მე-13 გვერდებზე ასევე შეავსოს მის მიერ არჩეული კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების ფორმები კანონის მე-3 მუხლის მე-8-მე-10 პუნქტებით სუბიექტისთვის დადგენილი/არჩეული სტანდარტის შესაბამისად.

2. სუბიექტი ვებგვერდის მე-5 გვერდზე მიუთითებს ანგარიშგება ხორციელდება ერთეულ თუ ათასეულ ლარებში. ვებგვერდის მე-5 გვერდზე მითითებული ანგარიშგების ფორმა ავტომატურად აისახება ვებგვერდის მე-6-მე-8 გვერდებზე, ხოლო თუ სუბიექტი ფინანსურ ანგარიშგებასთან ერთად წარადგენს კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებასაც, ასევე ვებგვერდის მე-10-მე-13 გვერდებზე.

3. უცხოურ ვალუტაში აღრიცხული თანხები წარმოდგენილი უნდა იქნეს ეროვნულ ვალუტაში კანონის მე-3 მუხლის მე-8-მე-10 პუნქტებით სუბიექტისთვის დადგენილი/არჩეული სტანდარტის შესაბამისად.

მუხლი 11. ანგარიშგებებისა და აუდიტორული დასკვნის ატვირთვა

1. სუბიექტი ვალდებულია ვებგვერდის მე-9 გვერდზე ატვირთოს ფინანსური ანგარიშგება, ხოლო თუ სუბიექტი წარმოადგენს პირველი, მეორე ან მესამე კატეგორიის ჯგუფის მშობელ საწარმოს, ვალდებულია ვებგვერდის მე-14 გვერდზე ატვირთოს ასევე კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება. თუ სუბიექტის მიერ წარსაგდენი ფინანსური ანგარიშგება ან/და კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება ექვემდებარება სავალდებულო აუდიტს კანონის მე-6 მუხლის მიხედვით, სუბიექტი ვალდებულია ატვირთოს აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება ან/და კონსოლიდირებული ანგარიშგება.

2. თუ სუბიექტი წარმოადგენს მესამე კატეგორიის საწარმოს, რომელიც არ წარმოადგენს სდპ-ს და რომლის საქმიანობის მარეგულირებელი შესაბამისი ნორმატიული აქტი არ ითვალისწინებს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) გამოყენებას, იგი ვალდებულია ატვირთოს მხოლოდ ფინანსური მდგომარეობა და საქმიანობის შედეგები.

3. თუ სუბიექტი წარმოადგენს სდპ-ს, პირველი ან მეორე კატეგორიის საწარმოს ან/და პირველი ან მეორე კატეგორიის ჯგუფის მშობელ საწარმოს, იგი ვალდებულია მიუთითოს მმართველობის/კონსოლიდირებული მმართველობის ანგარიშგების ის ნაწილები, რომლებიც ასახულია მის მიერ წარსადგენ მმართველობის/კონსოლიდირებული მმართველობის ანგარიშგებაში და ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვებგვერდის შესაბამის გვერდებზე ატვირთოს მმართველობის/კონსოლიდირებული მმართველობის ანგარიშგება.

4. ამ მუხლის პირველი-მე-3 პუნქტებით განსაზღვრული ანგარიშგებები, ასევე კონსოლიდირებული ანგარიშგებები სუბიექტმა უნდა ატვირთოს “word” ფორმატიდან დაკონვერტირებულ “pdf” ფორმატში. თუ სუბიექტი წარადგენს აუდიტირებულ ანგარიშგებას ან/და აუდიტირებულ კონსოლიდირებულ ანგარიშგებას, ამ პუნქტის შესაბამისად ატვირთულ დოკუმენტში ის გვერდები, რომლებზეც მოცემულია ხელმოწერები, წარმოდგენილი უნდა იყოს დასკანერებულ “pdf” ფორმატში.

5. ამ მუხლის პირველი-მე-3 პუნქტებით განსაზღვრული ანგარიშგებები/აუდიტირებული ანგარიშგებები სუბიექტმა უნდა წარადგინოს ქართულ ენაზე. თუ წარსადგენი ანგარიშგებები/აუდიტირებული ანგარიშგებები შედგენილია უცხო ენაზე, სუბიექტმა უნდა ატვირთოს სანოტარო წესით დამოწმებული ქართული თარგმანი და უცხო ენაზე შედგენილი ანგარიშგება/აუდიტირებული ანგარიშგება.

6. სუბიექტი უფლებამოსილია ამ მუხლით გათვალისწინებულ ანგარიშგებებთან/აუდიტირებულ ანგარიშგებებთან ერთად წარადგინოს სანოტარო წესით დამოწმებული ანგარიშგებების/აუდიტირებული ანგარიშგებების უცხო ენაზე/ენებზე თარგმანი.

7. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრული თარგმანი სუბიექტმა უნდა ატვირთოს დასკანერებულ “pdf” ფორმატში.

მუხლი 12. სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგების ელექტრონულად შევსება

ვებგვერდის მე-9 გვერდზე, სუბიექტი, რომელიც წარმოადგენს სდპ-ს ან პირველი კატეგორიის საწარმოს, რომლის საქმიანობა მოიცავს წიაღით სარგებლობას (მათ შორის, ნავთობისა და გაზის მოპოვებას) ან ბუნებრივი წარმოშობის ტყეში ხე-ტყის დამზადებას, ელექტრონულად ავსებს სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგების ფორმას (დანართი №4). იგი მიუთითებს სახელმწიფოსთვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადახდილ იმ თანხებს, რომლებიც საანგარიშგებო პერიოდში გადახდის თითოეული სახეობისათვის ერთჯერადად ან ჯამურად 100 000 ლარს აღემატება.

მუხლი 13. ხარვეზებისა და შედეგების გვერდები

1. შედეგების გვერდზე ავტომატურად, ერთიანად აისახება ვებგვერდზე ასახული ყველა მონაცემი.

2. ხარვეზებისა და შედეგების გვერდზე ავტომატურად აისახება:

ა) სუბიექტის მიერ მითითებულ მონაცმებსა და კანონის მოთხოვნებს შორის შეუსაბამობები;

ბ) ელექტრონულად შევსებული ფინანსური და კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებების ფორმების მუხლებში არსებული შეუსაბამობები.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეუსაბამობის არსებობის შემთხვევაში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სუბიექტს არ აუტვირთავს აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება, იგი უფლებამოსილია განაგრძოს ანგარიშგებებისა და აუდიტორული დასკვნის წარდგენის პროცესი. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეუსაბამობის არსებობის შემთხვევაში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ სუბიექტს არ შეუვსია ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია, სუბიექტი ვერ შეძლებს ანგარიშგებებისა და აუდიტორული დასკვნის წარდგენის პროცესის დასრულებას მითითებული შეუსაბამობის/შეუსაბამობების აღმოფხვრამდე.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შეუსაბამობის/შეუსაბამობების არსებობისას ვებგვერდზე მიეთითება, რომ სუბიექტის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს კანონით განსაზღვრული სანქციები.

5. სუბიექტის მიერ შედეგების გვერდზე გადასაგზავნ ღილაკზე დაჭერით ანგარიშგებები და აუდიტორული დასკვნა წარდგენილად ითვლება.

6. ვებგვერდზე მიეთითება ანგარიშგებებისა და აუდიტორული დასკვნის წარდგენის თარიღი.

მუხლი 14. აუდიტორის მიერ სუბიექტის მიერ წარსადგენი ინფორმაციის დადასტურება

1. თუ სუბიექტი წარადგენს აუდიტირებულ ანგარიშგებას ან/და აუდიტირებულ კონსოლიდირებულ ანგარიშგებას, მის მიერ გადასაგზავნ ღილაკზე დაჭერით აუდიტორს ტელეფონის ნომერსა და ელექტრონული ფოსტის მისამართზე ავტომატურად ეგზავნება შეტყობინება, რომელშიც მითითებულია ვებგვერდზე ავტორიზაციისთვის საჭირო მომხმარებლის სახელი და პაროლი. ვებგვერდზე მიეთითება ამ პუნქტით განსაზღვრული შეტყობინების აუდიტორისთვის გადაგზავნის თარიღი.

2. აუდიტორი ვალდებულია ვებგვერდზე გაიაროს ავტორიზაცია ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიღებული მომხმარებლის სახელითა და პაროლით და 3 სამუშაო დღის ვადაში დაადასტუროს შემდეგი ინფორმაცია:

ა) სუბიექტის მიერ ამ წესის მე-10 მუხლის შესაბამისად, ელექტრონულად შევსებული ფინანსური ანგარიშგების ფორმები ან/და კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების ფორმები არსებითად შეესაბამება სუბიექტის მიერ აუდიტორისათვის მიწოდებულ სამუშაო დოკუმენტაციასა და აუდიტორის მიერ ხელმოწერილი აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების ან/და კონსოლიდირებულ ფინანსური ანგარიშგების შესაბამის ფორმებს;

ბ) სუბიექტის მიერ ამ წესის მე-11 მუხლის შესაბამისად ატვირთული, ხელმოწერილი აუდიტირებული ანგარიშგებები ან/და აუდიტირებული კონსოლიდირებული ანგარიშგებები შეესაბამება აუდიტორის მიერ ხელმოწერილ ანგარიშგებებს ან/და კონსოლიდირებულ ანგარიშგებებს.

3. აუდიტორი მიუთითებს ანგარიშგებების ან/და კონსოლიდირებული ანგარიშგებების აუდიტორული დასკვნის თარიღს.

4. თუ აუდიტორი არ დაადასტურებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ინფორმაციას/ინფორმაციებს, იგი ვალდებულია შესაბამის ველში აღწეროს შეუსაბამობის/შეუსაბამობების არსი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია აისახება ვებგვერდზე და სუბიექტს გაეგზავნება შეტყობინება ელექტრონულ ფოსტის მისამართსა და ტელეფონის ნომერზე.

5. აუდიტორის მიერ შეუსაბამობის/შეუსაბამობების დადგენის შემთხვევაში, სუბიექტი ვალდებულია შეცვალოს ელექტრონულად შევსებული ფინანსური ანგარიშგების ფორმები ან/და წაშალოს და თავიდან ატვირთოს აუდიტირებული ანგარიშგება ან/და აუდიტირებული კონსოლიდირებული ანგარიშგება. ამ შემთხვევაში აუდიტორს თავიდან ეგზავნება შეტყობინება, რომელშიც მითითებულია ვებგვერდზე ავტორიზაციისთვის საჭირო მომხმარებლის სახელი და პაროლი ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. აუდიტორი ვალდებულია თავიდან გაიროს ავტორიზაცია და დაადასტუროს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია ამავე პუნქტით დადგენილი წესითა და ვადაში. ვებგვერდზე მიეთითება ამ პუნქტით განსაზღვრული შეტყობინების აუდიტორისთვის ხელახლა გადაგზავნის თარიღი.

6. აუდიტორი ვალდებულია მიუთითოს მის მიერ ხელმოწერილი ფინანსური ანგარიშგების ან/და კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტორულ დასკვნაში გამოთქმული შემდეგი მოსაზრებებიდან ერთ-ერთი:

ა) არამოდიფიცირებული მოსაზრება;

ბ) პირობითი მოსაზრება;

გ) უარყოფითი მოსაზრება;

დ) მოსაზრების გამოთქმაზე უარი;

ე) არამოდიფიცირებული მოსაზრება მნიშვნელოვან გარემოებათა ამსახველი აბზაცით;

ვ) არამოდიფიცირებული მოსაზრება სხვა გარემოებათა ამსახველი აბზაცით.

7. აუდიტორის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციების დადასტურების შემთხვევაში, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია აისახება ვებგვერდზე და სუბიექტს გაეგზავნება შეტყობინება ელექტრონული ფოსტის მისამართსა და ტელეფონის ნომერზე.

თავი III

ანგარიშგების პორტალი

მუხლი 15. წარდგენილი ინფორმაციის გამოქვეყნება

1. სამსახური ვალდებულია სუბიექტების მიერ ამ წესის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი, ამ წესის მე-16 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია გამოაქვეყნოს მათი წარდგენიდან 1 თვის ვადაში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია განთავსდება პორტალზე, ელექტრონული ფორმით (www.reportal.ge).

3. პორტალს მართავს სამსახური. სამსახური იყენებს შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფასა და მართვის ავტომატურ საშუალებებს.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გამოქვეყნებული ინფორმაცია არის საჯარო და ხელმისაწვდომია გასაცნობად ნებისმიერი მომხმარებლისთვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა.

5. პორტალზე გამოქვეყნებული ანგარიშგებების სისრულეზე, სისწორესა და სამართლიანობაზე, აგრეთვე ამ წესის მე-6 და მე-8 მუხლების შესაბამისად სუბიექტის მიერ მითითებული ინფორმაციის სისწორეზე პასუხს აგებს სუბიექტი. სამსახური პასუხისმგებელია მხოლოდ წარდგენილი ანგარიშგებების გამოქვეყნებასა და გადამოწმებაზე ამ წესის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

მუხლი 16. სუბიექტის გვერდი

1. სუბიექტის გვერდზე შესაბამის ჩანართებში აისახება შემდეგი ინფორმაცია:

ა) ამ წესის მე-6 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული საწარმოს ზომითი კატეგორია და ინფორმაცია სდპ-ის სტატუსის შესახებ, აგრეთვე ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„რ“, „ფ“-„ქ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაცია სუბიექტის შესახებ, ამასთან, ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ეკონომიკური საქმიანობის სახეებიდან აისახება მხოლოდ ძირითადი ეკონომიკური საქმიანობის სახე/სახეები;

ბ) ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული აუდიტორის სახელი, გვარი და აუდიტორების სახელმწიფო რეესტრის სარეგისტაციო ნომერი, ხოლო თუ აუდიტი ჩატარდა გარიგების პარტნიორის მიერ, ასევე ის აუდიტორულ ფირმა, რომლის სახელითაც მოქმედებდა გარიგების პარტნიორი აუდიტის ჩატარებისას ამ წესის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად და აუდიტორული დასკვნაში გამოთქმული მოსაზრება ამ წესის მე-14 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად;

გ) ამ წესის მე-11 მუხლის შესაბამისად ატვირთული ანგარიშგებები/კონსოლიდირებული ანგარიშგებები და აუდიტორული დასკვნები, გარდა მეოთხე კატეგორიის საწარმოს ანგარიშგებისა, რომელიც არ წარმოადგენს სდპ-ს;

დ) ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „შ“ ქვეპუნქტების შესაბამისად მითითებული სუბიექტის იურიდიული მისამართი და ვებგვერდი;

ე) ჯგუფის სტრუქტურის შესახებ ინფორმაცია, რაც მოიცავს ამ წესის მე-6 მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ ჯგუფის ზომით კატეგორიას, ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ს“ და „ტ“ ქვეპუნქტების შესაბამისად მითითებული მშობელი/შვილობილი საწარმოების რეგისტრაციის ქვეყანას, საფირმო სახელწოდებასა და საიდენტიფიკაციო ნომერს, აგრეთვე პორტალზე მშობელი/შვილობილი საწარმოების გვერდების შესაბამის ბმულს/ბმულებს.

2. ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის, ასევე მე-10 მუხლის შესაბამისად წარდგენილი ინფორმაცია, რომელიც არ ექვემდებარება პორტალზე გასაჯაროებას, სამსახურის მიერ გამოიყენება საზედამხედველო სფეროების მდგომარეობის შესწავლისა და სტატისტიკური ანალიზის მიზნით.

მუხლი 17. სამსახურის მიერ წარდგენილი ანგარიშგებების გადამოწმება

1. სამსახური უზრუნველყოფს სუბიექტების მიერ წარდგენილი ანგარიშგებების კანონითა და მის საფუძველზე მიღებული ნორმატიული აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შერჩევით გადამოწმებას რისკზე დაფუძნებული მიდგომის საფუძველზე.

2. სუბიექტის მიერ წარდგენილ ანგარიშგებაში ხარვეზის დადგენის შემთხვევაში იგი უფლებამოსილია ხარვეზის გასწორების დასაბუთებული წერილობითი თხოვნით მიმართოს სამსახურს. თუ სამსახური სუბიექტის მიმართვის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით დაადგენს ხარვეზის არსებობას, იგი უფლებამოსილია სუბიექტს მოსთხოვოს წარდგენილ ანგარიშგებებში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა. თუ სამსახური ხარვეზს დაუდგენს პორტალზე გამოქვეყნებულ ანგარიშგებას, სამსახური უფლებამოსილია პორტალიდან ამოიღოს ანგარიშგება და გააკეთოს შესაბამისი მითითება. ხარვეზის შესახებ სუბიექტს ვებგვერდზე, ელექტრონული ფოსტის მისამართსა და ტელეფონის ნომერზე ეგზავნება შეტყობინება. სამსახური სუბიექტს ხარვეზის აღმოსაფხვრელად, ხარვეზის სირთულის გათვალისწინებით, განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 10 სამუშაო დღეს. სუბიექტის მიერ საპატიო მიზეზის და შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტების სამსახურისთვის წარდგენის შემთხვევაში, აღნიშნული ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღით.

3. სუბიექტი ვალდებულია ვებგვერდზე აღმოფხვრას ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ხარვეზი და ხელახლა წარადგინოს ანგარიშგება. ამ შემთხვევაში ამ წესის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის დინება თავიდან დაიწყება.

4. თუ სუბიექტი ექვემდებარება სავალდებულო აუდიტს კანონის მე-6 მუხლის მიხედვით, ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, სამსახური სუბიექტისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებიდან არაუგვიანეს 10 დღისა უგზავნის მას შეტყობინებას ვებგვერდზე, ელექტრონული ფოსტის მისამართსა და ტელეფონის ნომერზე და აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების წარმოსადგენად დამატებით ვადას განუსაზღვრავს. სამსახურის მიერ სუბიექტისათვის განსაზღვრული ვადა არ უნდა იყოს 1 თვეზე ნაკლები და 6 თვეზე მეტი.

 მუხლი 18. პორტალზე მომხმარებლის რეგისტრაცია და ავტორიზაცია

1. პორტალზე განთავსებული ანგარიშგებებისა და აუდიტორული დასკვნის გასაცნობად მომხმარებელმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია.

2. პორტალზე რეგისტრაციის გასავლელად მომხმარებელმა ელექტრონულად უნდა შეავსოს სარეგისტრაციო განაცხადი და მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) ელექტრონული ფოსტის მისამართი;

ბ) პაროლი;

3. მომხმარებელმა უნდა დაადასტუროს ელექტრონული ფოსტის მისამართი და პაროლი მათი ხელმეორედ მითითებით.

4. რეგისტრაციის შემდგომ, მომხმარებელს პორტალზე შეუძლია ავტორიზაცია გაიაროს რეგისტრაციისას მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართითა და პაროლით.

5. პაროლის დაკარგვის შემთხვევაში მომხარებელს შეუძლია მისი აღდგენა ელექტრონული ფოსტის მისამართის მითითებით, რომელზეც გაეგზავნება განახლებული პაროლი.

მუხლი 19. პორტალზე ინფორმაციის ძიება

1. ამ წესის მე-18 მუხლის შესაბამისად რეგისტრირებული მომხმარებელი სუბიექტის გვერდს მოიძიებს სუბიექტის საიდენტიფიკაციო ნომრის/პირადი ნომრის ან სახელწოდების/საფირმო სახელწოდების მითითებით.

2. მომხმარებელს შეუძლია დეტალური ძიების მეშვეობით მიუთითოს ერთი ან რამდენიმე კრიტერიუმი: სუბიექტის სამართლებრივი ფორმა, ზომითი კატეგორია, სდპ-ის სტატუსი, სდპ-ის სახე, ძირითადი ეკონომიკური საქმიანობის სახე/სახეები, ანგარიშგების სახე, ანგარიშგების ენა, ინდივიდუალური ანგარიშგება, კონსოლიდირებული ანგარიშგება, აუდიტირებული ანგარიშგება, არააუდიტირებული ანგარიშგება და საანგარიშგებო პერიოდი.

მუხლი 20. მეოთხე კატეგორიის საწარმოს ანგარიშგების მოთხოვნა

1. მომხმარებელი უფლებამოსილია პორტალზე ელექტრონულად მოითხოვოს მეოთხე კატეგორიის საწარმოს მიერ წარდგენილი ანგარიშგების მიწოდება.

2. მეოთხე კატეგორიის საწარმოს ანგარიშგების მოთხოვნისას მომხმარებელმა უნდა მიუთითოს თავისი საქმიანობის სფერო და მოთხოვნის მიზანი.

3. სამსახური ვალდებულია მომხმარებელს რეგისტრირებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში გაუგზავნოს მოთხოვნილი ანგარიშგება.

თავი IV

გარდამავალი დებულებანი

მუხლი 21. გარდამავალი დებულებანი

სდპ-მა და პირველი და მეორე კატეგორიების საწარმოებმა ამ წესის II თავით დადგენილი მოთხოვნები შეასრულონ 2017 წლის 31 დეკემბრით დასრულებული საანგარიშგებო პერიოდისთვის და შემდგომ პერიოდებში, ხოლო თუ სუბიექტის საანგარიშგებო პერიოდი არ ემთხვევა კალენდარულ წელს – იმ საანგარიშგებო პერიოდისთვის, რომელიც 2017 წლის 31 დეკემბრის შემდგომი თარიღისთვის სრულდება. მესამე და მეოთხე კატეგორიების საწარმოებმა ამ წესის II თავით დადგენილი მოთხოვნები შეასრულონ 2018 წლის 31 დეკემბრით დასრულებული საანგარიშგებო პერიოდისთვის და შემდგომ პერიოდებში, ხოლო თუ სუბიექტის საანგარიშგებო პერიოდი არ ემთხვევა კალენდარულ წელს – იმ საანგარიშგებო პერიოდისთვის, რომელიც 2018 წლის 31 დეკემბრის შემდგომი თარიღისთვის სრულდება და შემდგომ პერიოდებში. მესამე და მეოთხე კატეგორიების საწარმოები უფლებამოსილი არიან, უზრუნველყონ ანგარიშგების იმ საანგარიშგებო პერიოდისთვის წარდგენა, რომლისთვისაც ეს კანონით არ ევალებათ. ამ პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისი არ ვრცელდება იმ სუბიექტზე, რომელიც „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 29 ივნისის კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.07.2012, სარეგისტრაციო კოდი: 260000000.05.001.016869) შესაბამისად სავალდებულო აუდიტს ექვემდებარება.


totop
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.