ტექნიკური რეგლამენტის – „გარკვეული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების გზებზე გამოყენებისათვის ნებადართული მაქსიმალური გაბარიტებისა და ნებადართული მაქსიმალური მასის განსაზღვრის შესახებ“ დამტკიცების თაობაზე

ტექნიკური რეგლამენტის – „გარკვეული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების გზებზე გამოყენებისათვის ნებადართული მაქსიმალური გაბარიტებისა და ნებადართული მაქსიმალური მასის განსაზღვრის შესახებ“ დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 393
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/08/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/08/2017
ძალაში შესვლის თარიღი 31/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.020102
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
393
11/08/2017
ვებგვერდი, 16/08/2017
300160070.10.003.020102
ტექნიკური რეგლამენტის – „გარკვეული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების გზებზე გამოყენებისათვის ნებადართული მაქსიმალური გაბარიტებისა და ნებადართული მაქსიმალური მასის განსაზღვრის შესახებ“ დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (16/08/2017 - 01/12/2017)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №393

2017 წლის 11 აგვისტო

ქ. თბილისი

 

ტექნიკური რეგლამენტის – „გარკვეული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების გზებზე გამოყენებისათვის ნებადართული მაქსიმალური გაბარიტებისა და ნებადართული მაქსიმალური მასის განსაზღვრის შესახებ“ დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის, „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ XXIV დანართის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი – „გარკვეული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების გზებზე გამოყენებისათვის ნებადართული მაქსიმალური  გაბარიტებისა  და ნებადართული მაქსიმალური მასის განსაზღვრის შესახებ“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 31 დეკემბრიდან.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი



ტექნიკური რეგლამენტი 

გარკვეული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების

გზებზე გამოყენებისათვის ნებადართული მაქსიმალური  გაბარიტებისა  და ნებადართული მაქსიმალური მასის განსაზღვრის შესახებ


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ტექნიკური რეგლამენტი – „გარკვეული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების გზებზე გამოყენებისათვის ნებადართული მაქსიმალური გაბარიტებისა და ნებადართული მაქსიმალური მასის განსაზღვრის შესახებ“  (შემდგომში – რეგლამენტი) შემუშავებულია ევროკავშირის საკანონმდებლო აქტების შესაბამისად.

2. ეს რეგლამენტი განსაზღვრავს:

ა) გარკვეული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების გზებზე გამოყენებისათვის ნებადართულ მაქსიმალურ გაბარიტებსა და ნებადართულ მაქსიმალურ მასებს, ასევე მათთან დაკავშირებულ სხვა მახასიათებლებს;

ბ) სატრანსპორტო საშუალებების კატეგორიებს, რომლებზეც სავალდებულოა ამ რეგლამენტის დებულებების გამოყენება;

გ) სატრანსპორტო საშუალებების გაბარიტული პარამეტრების გაზომვის წესს.

მუხლი 2. რეგლამენტის მიზანი

რეგლამენტის მიზანია:

ა) ევროკავშირის საკანონმდებლო აქტების დებულებების საქართველოში დადგენილ ვადებში ამოქმედება;

ბ)  სატრანსპორტო საშუალებების მასასა და გაბარიტებთან დაკავშირებით ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედ სტანდარტებთან საქართველოს სტანდარტების ჰარმონიზაცია, რაც უზრუნველყოფს ყველა გადამზიდველისთვის თანაბარი კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნასა და საერთაშორისო, მათ შორის, სატრანზიტო, გადაზიდვების განვითარებას;

გ) საავტომობილო ტრანსპორტით მსხვილგაბარიტიანი და მძიმეწონიანი ტვირთების გადაზიდვის შესაძლებლობის შეზღუდვა დადგენილ ზღვრამდე:

გ.ა) საავტომობილო მიმოსვლისას მძღოლისა და მგზავრის უსაფრთხოების, აგრეთვე საავტომობილო გზების, საგზაო ნაგებობებისა და ტვირთის დაცულობის   გაუმჯობესება;

გ.ბ) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების, ადამიანისა და გარემოსათვის მიყენებული ზიანის მინიმიზაცია.

მუხლი 3. გამოყენების სფერო

1.  ამ რეგლამენტის დებულებები გამოიყენება:

ა) M2 და M3 კატეგორიების ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებებისა და 0 კატეგორიის მათი მისაბმელების გაბარიტების მიმართ, აგრეთვე N2 და N3 კატეგორიების ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებებისა და 03 და 04 კატეგორიების მათი მისაბმელების გაბარიტების მიმართ. ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების კატეგორიები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის  №37 დადგენილებით დამტკიცებული  ტექნიკური რეგლამენტის – „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირების პერიოდულობა“ შესაბამისად;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული და ამ რეგლამენტის დანართში ჩამოთვლილი სატრანსპორტო საშუალებების მასისა და ზოგიერთი სხვა პარამეტრების მიმართ.

2. ამ რეგლამენტის დანართში მოყვანილი მასის განმსაზღვრელი ყველა პარამეტრი მოქმედებს, როგორც საგზაო მოძრაობისათვის გამოსაყენებელი დატვირთვის პირობები და არ არის სავალდებულო წარმოებისათვის.

მუხლი 4. ტერმინთა განმარტება

1. რეგლამენტის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება  –  ნებისმიერი სახის თვითმავალი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება;

ბ) მისაბმელი – ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია ძრავიან სატრანსპორტო საშუალებაზე მისაბმელად (ნახევარმისაბმელების გარდა) და რომელიც წარმოებულია და აღჭურვილია ტვირთის გადასაზიდად;

გ) ნახევარმისაბმელი  –  ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია ძრავიან  სატრანსპორტო საშუალებაზე მისაბმელად  ისე, რომ მისი მასის ნაწილი და ტვირთის მასის ნაწილი მოდიოდეს ძრავიან სატრანსპორტო საშუალებაზე და რომელიც წარმოებულია და აღჭურვილია ტვირთის გადასაზიდად;

დ) კომბინირებული სატრანსპორტო საშუალება – ნიშნავს შემდეგი ორი მნიშვნელობიდან ერთ-ერთს:

დ.ა) ავტომატარებელი, რომელიც წარმოადგენს მისაბმელთან შეერთებულ ძრავიან სატრანსპორტო საშუალებას; ან

დ.ბ) შესახსრებული სატრანსპორტო საშუალება, რომელიც წარმოადგენს ნახევარმისაბმელთან შეერთებულ ძრავიან სატრანსპორტო საშუალებას;

ე) რეფრიჟერატორი  –  ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალება, რომლის ძარის დამაგრებული ან მოძრავი ზედა ნაწილი სპეციალურად არის აღჭურვილი ტვირთის გადასაზიდად რეგულირებადი ტემპერატურის პირობებში და რომლის გვერდითი კედლების სისქე, იზოლაციის ჩათვლით, შეადგენს მინიმუმ 45 მმ-ს;

ვ) ავტობუსი  –  მგზავრის გადასაყვანად და მისი ბარგის გადასატანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილით, მძღოლის ადგილის გარდა (M2 და M3 კატეგორიები). ავტობუსი შესაძლებელია იყოს ერთ ან ორსართულიანი, აგრეთვე ჰქონდეს ბარგისთვის განკუთვნილი მისაბმელიც;

ზ) სპეციალიზებული ავტომატარებელი – ავტომატარებელი განკუთვნილი და მოწყობილი განსაზღვრული სახეობის ტვირთის გადასაზიდად;

თ)  შესახსრებული ავტობუსი – ავტობუსი, რომელიც სექციებისაგან შედგება. ასეთი ავტობუსის სექციებს შორის შესაძლებელი უნდა იყოს მგზავრთა შეუზღუდავი გადაადგილება. ამ სექციების შეერთება და განცალკევება დასაშვებია მხოლოდ ქარხნული წესით;

ი) საქართველოში ნებადართული მაქსიმალური გაბარიტები (შემდგომ – ნებადართული მაქსიმალური გაბარიტები) – სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებისათვის (ტვირთით ამ მის გარეშე) ნებადართული მაქსიმალური გაბარიტები, რომლებიც მითითებულია ამ რეგლამენტის დანართში;

კ) საქართველოში ნებადართული მაქსიმალური მასები (შემდგომ – ნებადართული მაქსიმალური მასები) – დატვირთული სატრანსპორტო საშუალებების ნებადართული მაქსიმალური მასები, რომლებიც მითითებულია ამ რეგლამენტის დანართში;

ლ) ნებადართული მაქსიმალური ღერძული დატვირთვები – დატვირთული სატრანსპორტო საშუალებების ღერძზე ან ღერძების ჯგუფზე ნებადართული მაქსიმალური დატვირთვები, რომლებიც მითითებულია ამ რეგლამენტის დანართში;

მ) განუყოფელი ტვირთი – ტვირთი, რომელიც საგზაო გადაზიდვის მიზნით არ შეიძლება დაყოფილ იქნეს ორ ან მეტ ნაწილად გაუმართლებელი  ხარჯის ან დაზიანების რისკის გარეშე და რომლის გადაზიდვაც ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებით, მისაბმელით, ავტომატარებლით ან შესახსრებული სატრანსპორტო საშუალებით ამ რეგლამენტის მოთხოვნების დაცვით შეუძლებელია მისი გაბარიტების ან მასის გამო;

ნ) არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) სატრანსპორტო საშუალება – სატრანსპორტო საშუალება, რომლის სიმაღლე, სიგანე  ან/და  სიგრძე ან/და მათი თანმდევი პარამეტრები აღემატება ამ რეგლამენტის დანართში მოყვანილ ზღვრულ მნიშვნელობებს;

ო) ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალება – სატრანსპორტო საშუალება, რომლის თითოეულ წამყვან ან არაწამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა ან/და ფაქტობრივი მასა ან/და მათი თანმდევი პარამეტრები აღემატება ამ რეგლამენტის  დანართში მოყვანილ ზღვრულ მნიშვნელობებს;

პ) ფაქტობრივი მასა − მოცემული დროის მონაკვეთში დატვირთული სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასა, მძღოლისა და მგზავრების ჩათვლით;

ჟ) სატრანსპორტო საშუალების მწარმოებლის ფირფიტა  – სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირებისათვის განკუთვნილი ინფორმაციის  შემცველი  ფირფიტა, რომელიც მაგრდება  სატრანსპორტო  საშუალების მწარმოებლის მიერ  წასაკითხად  მოხერხებულ ადგილას სატრანსპორტო საშუალების (შასის) იმ ნაწილზე, რომელიც არ ექვემდებარება შეცვლას ექსპლუატაციის პროცესში;

რ) გაბარიტების ამსახველი ფირფიტა – სატრანსპორტო  საშუალების გაბარიტების შესახებ ინფორმაციის ამსახველი ფირფიტა, რომელიც მაგრდება სატრანსპორტო  საშუალების მწარმოებლის ფირფიტის გვერდით და შეიცავს ამ რეგლამენტის მე-7  მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მოყვანილ ინფორმაციას.

2. რეგლამენტში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც მოცემულია „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონებში.

მუხლი 5. სატრანსპორტო საშუალებების ნებადართული მაქსიმალური  გაბარიტები და მასები, ასევე მათი თანმდევი სხვა პარამეტრები

1. ამ რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება გზებზე დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში (ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა), თუ მათი მაქსიმალური  გაბარიტები და მასები (ტვირთით ან მის გარეშე), ასევე  მათი თანმდევი სხვა პარამეტრები არ აღემატება რეგლამენტის დანართით გათვალისწინებულ ზღვრულ მნიშვნელობებს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან/და ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალებებისა და კომბინირებული სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, რომლებიც  არ შეესაბამებიან ამ რეგლამენტის დანართში მოყვანილ მახასიათებლებს, დასაშვებია მხოლოდ უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოსთან (უწყებასთან) არადისკრიმინაციული შეთანხმების საფუძველზე ამ შეთანხმებების პირობების შესაბამისად, თუ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები ან კომბინირებული სატრანსპორტო საშუალებები განკუთვნილია დაუნაწევრებელი ტვირთის გადასაზიდად. უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოები (უწყებები), რომლებიც ყოველი კონკრეტული შემთხვევისათვის ითანხმებენ საქართველოს ტერიტორიაზე არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან/და ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალებებისა და კომბინირებული სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობასა და შეთანხმების პირობებს, განისაზღვრება „გზაზე არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალების სამოძრაოდ დაშვებისათვის უფლებამოსილ ორგანოსთან (უწყებასთან) შეთანხმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 21 ივლისის №459 დადგენილებით.

3. დასაშვებია საქართველოს ტერიტორიაზე 2020 წლის 31 დეკემბრამდე იმ ავტობუსების მოძრაობა, რომლებიც რეგისტრირებულია ან იმყოფება ექსპლუატაციაში 1996 წლის 17 სექტემბრამდე და რომელთა გაბარიტებიც აღემატება რეგლამენტის დანართის 1.1, 1.2  და 1.5 და 1.5ა პუნქტებით გათვალისწინებულ ნორმებს.

4. შესახსრებული სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა ექსპლუატაცია დაწყებულია 1991 წლის 1 იანვრამდე და რომლებიც არ შეესაბამება რეგლამენტის დანართის 1.6 და 4.4 პუნქტებში წარმოდგენილ ნორმებს, აღიარებულია აღნიშნული ნორმების შესაბამისად, თუ მათი საერთო სიგრძე არ აღემატება 15,5 მეტრს.

მუხლი 6. სატრანსპორტო საშუალებების გაბარიტული პარამეტრების გაზომვის წესი

1. ISO (International Organization for Standardization) 612-1978 სტანდარტის „საგზაო სატრანსპორტო  საშუალებები ძრავიანი  სატრანსპორტო  საშუალებებისა  და ბუქსირებისათვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების ზომები    ტერმინები და განმარტებები“ 6.1 პუნქტის თანახმად სატრანსპორტო საშუალების სიგრძის გაზომვისას არ მიიღება მხედველობაში სატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებული შემდეგი მოწყობილობები:

ა) მინასაწმენდი და მინამრეცხი მოწყობილობები და საშხეფარი;

ბ) წინა და უკანა მარკირების ტაბლოები, წინა და უკანა სახელმწიფოს რეგისტრაციის ნომრები და მათი დასამაგრებელი კონსტრუქციული ელემენტები;

გ) საბაჟო ლუქები და მათი  დამცავი მოწყობილობები;

დ) ბრეზენტის (ტენტის) სამაგრები და მათი  დამცავი მოწყობილობები;

ე) განათებისა და შუქსიგნალიზაციის მოწყობილობები;

ვ) უკანა ხედვის სარკეები;

ზ) აღჭურვილობები სატრანსპორტო საშუალების უკანა სივრცის დათვალიერებისათვის;

თ) ჰაერსატარი მილები;

ი) მოსახსნელი ძარასა და მისაბმელის შეერთებისათვის განკუთვნილი სარკმლები და გასართები;

კ) კაბინაში შესასვლელი საფეხურები;

ლ) სათადარიგო საბურავის ამწე;

მ) ამწე პლატფორმები, წვდომის საფეხურები და მსგავსი მოწყობილობები, რომლებიც მუშა მდგომარეობაში არ არიან გამოშვერილი  სატრანსპორტო საშუალების წინა და უკანა გაბარიტის წერტილებიდან 200 მმ-ზე მეტად და არ იწვევენ მწარმოებლის მიერ დადგენილი სატრანსპორტო საშუალების მაქსიმალური მასის გადაჭარბებას;

ნ) გადასაბმელი მოწყობილობები სატრანსპორტო საშუალებების ბუქსირებისათვის;

ო) მზის დამცავი გარე საჩეხები.

2. ISO 612-1978 სტანდარტის 6.2 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების სიგანის გაზომვისას არ მიიღება მხედველობაში სატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებული შემდეგი მოწყობილობები:

ა) საბაჟო ლუქები და მათი  დამცავი მოწყობილობები;

ბ) ბრეზენტის (ტენტის) სამაგრები და მათი  დამცავი მოწყობილობები;

გ) წნევის ინდიკატორი საბურავებში;

დ) საშხეფარის გამოშვერილი მოქნილი ნაწილები;

ე) განათების მოწყობილობები;

ვ) ამწე პლატფორმები, წვდომის საფეხურები და მსგავსი მოწყობილობები, იმ პირობით, თუ მუშა მდგომარეობაში არ არიან გამოშვერილი  სატრანსპორტო საშუალების გვერდითი ზედაპირიდან 10 მმ-ზე მეტად, წინა და უკანა მხარეს მიმართულ კუთხეებს აქვთ მომრგვალებები რადიუსით არანაკლებ 5 მმ-ისა, ხოლო ნაწიბურებს აქვთ მომრგვალებები რადიუსით არანაკლებ 2,5 მმ-ისა;

ზ) უკანა ხედვის სარკეები და არაპირდაპირი ხედვის სხვა მოწყობილობები.

3. ISO 612-1978 სტანდარტის 6.3 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების სიმაღლის გაზომვისას არ მიიღება მხედველობაში სატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებული შემდეგი მოწყობილობები:

ა) ანტენა;

ბ) პანტოგრაფი აწეულ მდგომარეობაში.

მუხლი 7. შესაბამისობის მტკიცებულებები

1. ამ რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში ჩამოთვლილ სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, უნდა ჰქონდეთ ქვემოთ მოყვანილი შესაბამისობის მტკიცებულებათაგან ერთ-ერთი მაინც:

ა) შემდეგი ორი ფირფიტის კომბინაცია: „ავტოსატრანსპორტო საშუალების მწარმოებლის ფირფიტა“, გაბარიტების ამსახველი ფირფიტა;

ბ) ერთიანი ფირფიტა, რომელიც შეიცავს „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ორი ფირფიტის ინფორმაციას;

გ) ერთიანი დოკუმენტი, რომელიც გაიცემა იმ სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ, რომელშიც რეგისტრირებულია ან იმყოფება ექსპლუატაციაში სატრანსპორტო საშუალება. აღნიშნული დოკუმენტი უნდა შეიცავდეს იმავე სათაურებსა და ინფორმაციას, რაც წარმოდგენილია ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში გათვალისწინებულ ფირფიტებზე. ის უნდა ინახებოდეს შემოწმებისათვის ადვილად ხელმისაწვდომ ადგილზე  და სათანადოდ უნდა იყოს დაცული.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გაბარიტების ამსახველი ფირფიტა შეძლებისდაგვარად უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) მწარმოებლის დასახელებას1;

ბ) სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერს1;

გ) ძრავიანი სატრანსპორტო საშუალების, მისაბმელის ან ნახევარმისაბმელის  სიგრძეს (L);

დ) ძრავიანი სატრანსპორტო საშუალების, მისაბმელის ან ნახევარმისაბმელის  სიგანეს (W);

ე) მონაცემებს კომბინირებული სატრანსპორტო საშუალებების სიგრძის გასაზომად:

–  მანძილს სატრანსპორტო საშუალების წინა ნაწილსა და მაერთებელი მოწყობილობის ცენტრს შორის (მაერთებელი კავი ან სახსრული შეერთება); სახსრული შეერთების შემთხვევაში, შეერთების რამდენიმე ადგილით, უნდა იქნეს  წარმოდგენილი მინიმალური და მაქსიმალური მნიშვნელობები (a min და amax);

–  მანძილს მისაბმელის ან ნახევარმისაბმელის გადაბმის ცენტრსა და მისაბმელის ან ნახევარმისაბმელის უკანა ნაწილს შორის; რამდენიმე შეერთების ადგილიანი მოწყობილობის შემთხვევაში, უნდა მიეთითოს მინიმალური და მაქსიმალური მნიშვნელობები (bmin და bmax).

3.  შესაბამისობის მტკიცებულებაში წარმოდგენილი მნიშვნელობები ზუსტად უნდა ემთხვეოდეს უშუალოდ სატრანსპორტო საშუალებების პარამეტრების გაზომვის შედეგად მიღებულ  მნიშვნელობებს.

4. იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალების მახასიათებლები აღარ აკმაყოფილებს შესაბამისობის მტკიცებულებებში გათვალისწინებულ მახასიათებლებს, იმ სახელმწიფოს კომპეტენტურმა ორგანომ, რომელშიც რეგისტრირებულია სატრანსპორტო საშუალება, უნდა მიიღოს საჭირო ზომები აღნიშნული მტკიცებულებების შესაცვლელად.

5. სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც აქვს შესაბამისობის მტკიცებულება, შეიძლება დაექვემდებაროს:

– მასის საერთო სტანდარტებთან მიმართებით, შერჩევით შემოწმებას;

–  გაბარიტების საერთო სტანდარტებთან მიმართებით, შემოწმებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი ამ რეგლამენტთან შეუსაბამობის შესახებ.

მუხლი 8. კონტროლის განმახორციელებელი უფლებამოსილი ორგანოები

ამ რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოები თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში.

მუხლი 9. პასუხისმგებლობა

ამ რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.


1 არ არის აუცილებელი აღნიშნული ინფორმაციის გამეორება იმ შემთხვევაში თუ სატრანსპორტო საშუალებას აქვს, როგორც მასის, ასევე გაბარიტების შესახებ მონაცემების ერთიანი ფირფიტა.

 


ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.