საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით შემოწმების, მათ შორის გაფრენისწინა შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ

საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით შემოწმების, მათ შორის გაფრენისწინა შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 109
დოკუმენტის მიმღები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 03/07/2017
დოკუმენტის ტიპი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 310150000.54.066.016121
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
109
03/07/2017
ვებგვერდი, 04/07/2017
310150000.54.066.016121
საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით შემოწმების, მათ შორის გაფრენისწინა შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (04/07/2017 - 21/09/2017)

 

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №109

2017 წლის 3 ივლისი

ქ. თბილისი

 

საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით შემოწმების, მათ შორის გაფრენისწინა შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ

„საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-17 დანართის („საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის დაცვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისაგან“),  „საქართველოს საჰაერო კოდექსის“ მე-9 მუხლის პირველი ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის  2016 წლის 02 ივნისის №241 დადგენილების, იკაო-ს ოფიციალური გამოცემის Doc-8973 („საავიაციო უშიშროების სახელმძღვანელო“), ევროპის სამოქალაქო ავიაციის კონფერენციის ოფიციალური გამოცემის Doc-30 საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით შემოწმების, მათ შორის გაფრენისწინა შემოწმების წესი“ №1- 12  დანართებთან ერთად.  
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 17 ივლისის  №121 ბრძანება „გაფრენისწინა შემოწმების წესის“ დამტკიცების შესახებ“. 
მუხლი 3
„საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით შემოწმების, მათ შორის გაფრენისწინა შემოწმების წესი“ ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე, გარდა მე-3 მუხლის მე-12 პუნქტისა.   
მუხლი 4
„საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით შემოწმების, მათ შორის გაფრენისწინა შემოწმების წესის“ მე-3 მუხლის მე-12 პუნქტი ამოქმედდეს 2017 წლის 1 სექტემბრიდან.     

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგურამ ჯალაღონია



საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით შემოწმების, მათ შორის გაფრენისწინა შემოწმების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. „საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით შემოწმების, მათ შორის გაფრენისწინა შემოწმების წესის“ მიზანია, საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფად სამოქალაქო აეროპორტებში საჰაერო ხომალდების, მგზავრების, მათი თანმქონი ნივთების, ხელბარგის, მგზავრის სტატუსის არმქონე პირების, საჰაერო ხომალდის საბორტო მარაგის, აეროპორტის მარაგის ბორტკვებისა და თანმდევი საშუალებების, ტვირთის/ფოსტის, ავიაგადამზიდველის მასალების, ავიაგადამზიდველის ფოსტის შემოწმების მოთხოვნების დადგენა.

2. წესით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა აეროდრომის ექსპლუანტანტის, ავიაგადამზიდველი/ექსპლუატანტის (შემდგომ – ავიაგადამზიდველი), საავიაციო სატვირთო ტერმინალის, სხვა ავიასაწარმოთა პერსონალისა და ნებისმიერი იურიდიული თუ ფიზიკური პირისათვის, რომლებიც ამა თუ იმ სახით მონაწილეობას იღებენ საავიაციო უშიშროების ზომების უზრუნველყოფაში.  

3.  შემოწმება ხორციელდება საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის, მგზავრების, მგზავრის სტატუსის არმქონე პირების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის, აგრეთვე საჰაერო ხომალდის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების, დაუფლების მცდელობის და/ან სამოქალაქო ავიაციის საქმიანობაში მართლსაწინააღმდეგო ქმედების სხვა აქტების აღკვეთის, იარაღის, საბრძოლო მასალების, ფეთქებადი ნივთიერებების, მომწამლავი, სწრაფაალებადი, რადიოაქტიური და საჰაერო ხომალდით გადასატანად აკრძალული სხვა სახიფათო საგნებისა და ნივთიერებების უკანონოდ გატანის აღკვეთის მიზნით.

4. სამოქალაქო საჰაერო ხომალდით ბარგის, ხელბარგის ან თანმქონი ნივთების სახით, სითხეების, აეროზოლების და გელების გაფრენისწინა შემოწმება და გადაზიდვისას საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფა ხორციელდება ამ წესის №5 დანართის შესაბამისად.

5.  სამოქალაქო საჰაერო ხომალდზე  გადასატანად აკრძალული საგნებისა და ნივთიერებების ნუსხა განსაზღვრულია ამ წესის №1 დანართით.

6. ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობას, საქართველოს კანონმდებლობის, შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (შემდგომ – სააგენტო).


მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
1. წესში გამოყენებულ ტერმინებს, ამ წესის მიზნებისათვის, აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) აეროპორტის ვაჭრობის ობიექტი – აეროპორტის კონტროლირებად ზონაში განთავსებული სავაჭრო ობიექტ(ებ)ი, მათ შორის, უბაჟო ვაჭრობის (DUTY FREE) ობიექტ(ებ)ი;

ბ) არასანქცირებული გახსნისგან დაცული პაკეტები (აგდპ) – აეროპორტში ვაჭრობის ობიექტზე ან საჰაერო ხომალდზე  გაყიდული სითხეების, აეროზოლების, გელების (შემდგომ – საგ) შესაფუთად განკუთვნილი პაკეტები;

) გაფრენისწინა შემოწმების საკონტროლო ბარათი – ავიაგადამზიდველის მიერ თითოეული საჰაერო ხომალდის ტიპისათვის შემუშავებული ფორმა, რომელიც მოიცავს საჰაერო ხომალდის შესამოწმებელ ზონებს და რომლის მიხედვით ხორციელდება გაფრენისწინა შემოწმება;

ტვირთის უშიშროების დეკლარაცია – ტვირთის/ფოსტის დაცვის მიზნით შემუშავებული ბეჭდური ან ელექტრონული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უშიშროების ზომების დაცულობას მთელი ტრანსპორტირების მანძილზე და განსაზღვრავს ტვირთგამგზავნის პასუხისმგებლობას;

შენიშვნა: უშიშროების დეკლარაცია დგება იმ პირის მიერ, რომელიც პასუხისმგებელია ტვირთის/ფოსტის უშიშროების ზომების გატარებაზე. მასზე წვდომა მთელი ტრანსპორტირების მანძილზე აქვს ტრანსპორტირების პროცესში ჩართულ ყველა მხარეს.

) საფრთხის გამოსახულების პროეცირება (TIP) – პროგრამული უზრუნველყოფა კონკრეტული ტიპის რენტგენური დანადგარისთვის, რომელიც ხელბარგის შემოწმების პროცესში ახორციელებს სახიფათო საგნების გამოსახულების ვირტუალურ პროეცირებას (მაგ.: ცეცხლსასროლი იარაღი, ცივი იარაღი, ასაფეთქებელი მოწყობილობა და ა.შ.) და განსაზღვრავს შემოწმების ოპერატორის უნარს, აღმოაჩინოს ასეთი სახის გამოსახულება;

შენიშვნა: პროგრამული უზრუნველყოფის  შესყიდვა შეთანხმებული უნდა იყოს  სააგენტოსთან.

) სითხეები, აეროზოლები და გელები (საგ) – მათ განეკუთვნება წყალი და სხვა სასმელები, წვნიანები, ჯემები, კონსერვირებული ხორცი, სოუსები და პასტები; საკვები პროდუქტები სოუსის სახით ან დიდი რაოდენობის სითხის (100 გრ-ზე მეტი) შემადგენლობით; კრემები, ლოსიონები, კოსმეტიკური საშუალებები და ზეთები; სუნამოები; სპრეები; გელები, საშხაპე და თმის გელების ჩათვლით, წნევის ქვეშ მყოფი ტარის შიგთავსი, საპარსი ქაფის ჩათვლით, სხვა სახის ქაფები და დეოდორანტები; პასტები, კბილების პასტის ჩათვლით; სითხეების და მყარი ნივთიერებების ნარევები; წამწამების ტუშები; ტუჩის საცხები და ანალოგიური კონსისტენციის ნებისმიერი პროდუქტი;

) სხეულის სკანერი – სიგნალით აღჭურვილი ტექნიკური მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის სხეულზე   გადასატანად აკრძალული საგნების აღმოჩენას;

) ფეთქებადი ნივთიერების აღმომჩენი სისტემა (EDS) – სისტემა ან სისტემათა ერთობლიობა, რომელიც მასალის მიუხედავად, უზრუნველყოფს ბარგსა თუ სხვა ნივთებში ფეთქებადი ნივთიერების გამოვლენას, რაზეც მიუთითებს სიგნალის საშუალებით;

) ფეთქებადი ნივთიერების კვალის აღმომჩენი მოწყობილობა (ETD) – ტექნიკური მოწყობილობა, რომელიც აღმოაჩენს ფეთქებადი ნივთიერების კვალს და სიგნალის მეშვეობით მიუთითებს ასეთი ნივთიერებების არსებობაზე ბარგსა თუ სხვა შესამოწმებელ საგნებში;

) შემოწმების საკონტროლო ბარათი – ავიაგადამზიდველის მიერ თითოეული საჰაერო ხომალდის ტიპისათვის შემუშავებული ფორმა, რომელიც მოიცავს საჰაერო ხომალდის შესამოწმებელ ზონებს და რომლის მიხედვით ხორციელდება საჰაერო ხომალდის შემოწმება მომატებული საფრთხის შემთხვევაში, ფრენის დროს და ხმელეთზე;

ლ) ცენტრალიზებული შემოწმების პუნქტი – აეროპორტის შეზღუდული  დაშვების დაცულ ზონასა და სტერილურ ზონაში მგზავრთა დაშვების მიზნით გამოყოფილი, ერთზე მეტი შემოწმების  პუნქტისაგან შემდგარი ზონა, სადაც  ხორციელდება მგზავრების, მგზავრის სტატუსის არმქონე პირების, მათი ხელბარგის, თანმქონი ნივთების შემოწმება;  

მ) უდისციპლინო  მგზავრი – მგზავრი, რომელიც არ ემორჩილება და უგულებელყოფს  ქცევის დადგენილ წესებს აეროპორტის ტერიტორიასა თუ საჰაერო ხომალდზე, არ ემორჩილება აეროპორტის პერსონალისა და ეკიპაჟის წევრების  მითითებებს  და ამ მოქმედებით არღვევს წესრიგს.

2. წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს საქართველოს საჰაერო კოდექსითა და „მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის  2016 წლის 02 ივნისის №241 დადგენილებით განსაზღვრული მნიშვნელობა.


მუხლი 3. შემოწმების ჩატარების ორგანიზება
1.   მგზავრები, მგზავრის სტასუსის არმქონე პირები, მათი თანმქონი ნივთები, ხელბარგი, ბარგი, საბორტო/აეროპორტის მარაგი, ბორტკვება და თანმდევი საშუალებები,  ავიაგადამზიდველის ფოსტა, ავიაგადამზიდველის მასალები, ტვირთი და ფოსტა, საჰაერო ხომალდი უნდა შემოწმდეს კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში დაშვებამდე/გაფრენამდე.

2. საჰაერო ხომალდის, მგზავრების, მათი თანმქონი ნივთების, ხელბარგის, ბარგის, მგზავრის სტასუსის არმქონე პირების, საბორტო მარაგის, ბორტკვებისა და თანმდევი საშუალებების, ავიაგადამზიდველის მასალების/ ავიაგადამზიდველის ფოსტის გაფრენისწინა შემოწმების (შემდგომ – შემოწმება) უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელია ავიაგადამზიდველი. შემოწმება ხორციელდება ავიაგადამზიდველის საავიაციო უშიშროების სამსახურის მიერ, სააგენტოსთან შეთანხმებით (ავიაგადამზიდველმა უნდა აცნობოს აეროპორტს წერილობით აღნიშნულის შესახებ) ან ხელშეკრულების საფუძველზე, აეროპორტის საავიაციო უშიშროების სამსახურის  მიერ (ადამიანური რესურსისა და/ან საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი ტექნიკური მოწყობილობების გამოყენებით).

3. საბორტო მარაგი, ბორტკვება და თანმდევი საშუალებები შეიძლება შემოწმდეს რეგულირებადი მიმწოდებლის მიერ.

4. ტვირთისა და ფოსტის გაფრენისწინა შემოწმების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელია  საავიაციო სატვირთო ტერმინალი. შემოწმება ხორციელდება საავიაციო სატვირთო ტერმინალის  საავიაციო უშიშროების სამსახურის ან  ხელშეკრულების საფუძველზე, აეროპორტის საავიაციო უშიშროების სამსახურის  მიერ.

5.   აეროპორტის მარაგის შემოწმების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელია  აეროდრომის ექსპლუატანტი.  აეროპორტის მარაგი შეიძლება შემოწმდეს ცნობილი მიმწოდებლის მიერ.

6. მგზავრების, მგზავრის სტასუსის არმქონე პირების, მათი თანმქონი ნივთების, ხელბარგის, ბარგის, საჰაერო ხომალდის საბორტო/აეროპორტის მარაგის, ბორტკვებისა და თანმდევი საშუალებების,  ავიაგადამზიდველის ფოსტის, ავიაგადამზიდველის მასალების, ტვირთისა და ფოსტის შემოწმებას ახორციელებს შემოწმების ოპერატორებისაგან დაკომპლექტებული შემოწმების ჯგუფი, რომელთაგანაც ერთ-ერთი შემოწმების ოპერატორი, საქმიანობის ეფექტურად და კოორდინირებულად განხორციელების მიზნით, შემოწმების ჯგუფის უფროსია.

7.  უნდა გამოირიცხოს შემოწმებაგავლილი და შემოწმებაგაუვლელი მგზავრების, მგზავრის სტასუსის არმქონე პირების, მათი თანმქონი ნივთების, ხელბარგის, ბარგის, საჰაერო ხომალდის საბორტო/აეროპორტის მარაგის, ბორტკვებისა და თანმდევი საშუალებების, ტვირთის/ ფოსტის, ავიაგადამზიდველის ფოსტის, ავიაგადამზიდველის მასალების  ერთმანეთთან შერევა.  

8. მგზავრების, მგზავრის სტასუსის არმქონე პირების, მათი თანმქონი ნივთების, ხელბარგის, ბარგის, საჰაერო ხომალდის საბორტო/აეროპორტის მარაგის, ბორტკვებისა და თანმდევი საშუალებების, ტვირთის/ ფოსტის, ავიაგადამზიდველის ფოსტის, ავიაგადამზიდველის მასალების ერთმანეთთან შერევის შემთხვევაში უნდა განხორციელდეს მათი განმეორებით შემოწმება.

9. იმ საფრენ მოედნებზე, სადაც არ ფუნქციონირებს საავიაციო უშიშროების სამსახურები, შემოწმებას ახორციელებს საჰაერო ხომალდის მეთაური ან მის მიერ დანიშნული ეკიპაჟის რომელიმე წევრი.

10. თავისუფალი აეროსტატის გაფრენისწინა შემოწმებას ახორციელებს ეკიპაჟის წევრი. გაფრენისწინა შემოწმება მოიცავს როგორც საჰაერო ხომალდის, ასევე მგზავრების შემოწმებას. თავისუფალი აეროსტატის შემოწმება ხორციელდება ამ წესის მე-4 მუხლის 21-ე პუნქტის შესაბამისად, ხოლო მისი მგზავრების შემოწმება -ხორციელდება ხელით.

11. შემოწმებისათვის გამოიყენება ისეთი საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი ტექნიკური მოწყობილობები, როგორიცაა: რენტგენური დანადგარები, პორტატული (ხელის) მეტალმძებნები, თაღური მეტალმძებნები, სხეულის სკანერი, ფეთქებადი ნივთიერების აღმომჩენი სისტემა, ფეთქებადი ნივთიერების კვალის აღმომჩენი მოწყობილობა, და სხვა საშუალებები (შემდგომ – ტექნიკური მოწყობილობები). საჭიროების შემთხვევაში, შემოწმებისას გამოიყენება აგრეთვე სამართალდამცავი ორგანოების ან აეროპორტის კინოლოგიური ქვედანაყოფების სამსახურებრივი ძაღლები.

12. რენტგენური დანადგარი, რომლითაც ხორციელდება თანმქონი ნივთების, ხელბარგის, ბარგის, ტვირთის, ფოსტის ბორტკვებისა და თანმდევი საშუალებების, აეროპორტის/საბორტო მარაგის, ავიაგადამზიდველის ფოსტის/ავიაგადამზიდველის მასალების  შემოწმება აღჭურვილი უნდა იყოს საფრთხის გამოსახულების პროეცირების სისტემით.

13. მოთხოვნები, საფრთხის გამოსახულების პროეცირების სისტემის მიმართ,  განსაზღვრულია ამ წესის №11 დანართით.

14. საჰაერო ხომალდზე ფეთქებადი ნივთიერების, ასაფეთქებელი მოწყობილობის, იარაღისა და სხვა გადასატანად აკრძალული საგნებისა და ნივთიერებების განთავსების შესახებ ინფორმაციის არსებობისას, განმნაღმველთა ჯგუფის მიერ საჰაერო ხომალდის შემოწმების ან/და სხვა ღონისძიებების განხორციელების შემდეგ უნდა მოხდეს საჰაერო ხომალდის, მგზავრების, მათი თანმქონი ნივთების, ხელბარგის, ბარგის, ეკიპაჟის წევრების, საბორტო მარაგის, ბორტკვებისა და თანმდევი საშუალებების, ტვირთის/ფოსტის, ავიაგადამზიდველის ფოსტის,ავიაგადამზიდველის მასალების  განმეორებით  შემოწმება.

15.  თუ მგზავრების, მგზავრის სტატუსის არმქონე პირების, მათი თანმქონი ნივთების, ხელბარგის, ბარგის, საჰაერო ხომალდის საბორტო მარაგის, აეროპორტის მარაგის ბორტკვებისა და თანმდევი საშუალებების, ტვირთის/ფოსტის, ავიაგადამზიდველის ფოსტის,ავიაგადამზიდველის მასალების  გაფრენისწინა შემოწმებისას შემოწმების ოპერატორი ვერ რწმუნდება გადასატანად აკრძალული საგნებისა და/ან ნივთიერებების არარსებობაში, იგი ახორციელებს სხვადასხვა მეთოდებით მათ შემოწმებას, ვიდრე არ დადგინდება, საფრთხის შემცველი საგნებისა და ნივთიერებების  არარსებობა.

16.  თუ მგზავრების, მგზავრის სტასუსის არმქონე პირების, მათი თანმქონი ნივთების, ხელბარგის, ბარგის, საჰაერო ხომალდის საბორტო/აეროპორტის მარაგის, ბორტკვებისა და თანმდევი საშუალებების, ტვირთის/ ფოსტის, ავიაგადამზიდველის ფოსტის,ავიაგადამზიდველის მასალების    სხვადასხვა მეთოდებით შემოწმების შემდეგ, შემოწმების ოპერატორი ვერ დარწმუნდა გადასატანად აკრძალული საგნებისა და/ან ნივთიერებების არარსებობაში, ისინი არ დაიშვება აეროპორტის კონტროლირებად და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონაში და საჰაერო ხომალდზე.

17. მგზავრების, მათი თანმქონი ნივთების, ხელბარგის, ბარგის, მგზავრის სტატუსის არმქონე პირების, საჰაერო ხომალდის, საჰაერო ხომალდის საბორტო მარაგის, აეროპორტის მარაგის, ბორტკვებისა და თანმდევი საშუალებების, ტვირთის/ფოსტის, ავიაგადამზიდველის ფოსტის, ავიაგადამზიდველისმასალების   ფეთქებადი ნივთიერების კვალის აღმომჩენი მოწყობილობით შემოწმებისას, სიგნალის ამოქმედების შემთხვევაში შემოწმების ოპერატორი აცნობებს საავიაციო უშიშროების სამსახურის ცვლის უფროსს  სამართალდამცავი ორგანოების  ჩართვის  მიზნით. უნდა განხორციელდეს ამ წესის №9 დანართით გათვალისწინებული აქტის შევსება.

18. ინფორმაცია, შემოწმების დროს ამოღებული ან აეროპორტის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ასაფეთქებელი მოწყობილობის ან ფეთქებადი ნივთიერების შესახებ, აეროპორტის ოპერატიული ცენტრის ხელმძღვანელის    მიერ დაუყოვნებლივ  მიეწოდება  სააგენტოს.

19. ფეთქებადი ნივთიერების კვალის აღმომჩენი მოწყობილობის სიგნალის ამუშავების მიუხედავად,  თუ  ასაფეთქებელი მოწყობილობა ან სხვა სახის გადასატანად აკრძალული საგანი ან ნივთიერება  არ იქნა აღმოჩენილი, სამართლდამცავი ორგანოს წარმომადგენლებთან შეთანხმებით, მგზავრები, მათი თანმქონი ნივთები, ხელბარგი, ბარგი, მგზავრის სტატუსის არმქონე პირები, საჰაერო ხომალდის საბორტო მარაგი, აეროპორტის მარაგი, ბორტკვება და თანმდევი საშუალებები, ტვირთი/ფოსტა, ავიაგადამზიდველის ფოსტა, ავიაგადამზიდველის მასალები დაიშვება საჰაერო ხომალდზე/კონტროლირებად ტერიტორიაზე.

20. შემოწმებული ბარგი, ბორტკვება, ტვირთი/ფოსტა,  ექვემდებარება საავიაციო უშიშროების თანამშრომლის მიერ დანომრილი სტიკერებით მარკირებას. უნდა ხორციელდებოდეს დანომრილი სტიკერების  დაცვა და აღრიცხვა.


მუხლი 4. საჰაერო ხომალდის გაფრენისწინა შემოწმება
1. ყველა საჰაერო ხომალდი ექვემდებარება გაფრენისწინა შემოწმებას.

2. საჰაერო ხომალდის შემოწმება ხორციელდება გაფრენისწინა შემოწმების საკონტროლო ბარათის მიხედვით. გაფრენისწინა შემოწმების საკონტროლო ბარათის შესამოწმებელი ზონების ნუსხა და შევსების ინსტრუქცია განსაზღვრულია ამ წესის №8 დანართით.

3. გაფრენისწინა შემოწმების საკონტროლო ბარათის ფორმის შემუშავებაზე (ექსპლუატაციაში მყოფი, თითეული საჰაერო ხომალდის ტიპის მიხედვით) და გაფრენისწინა შემოწმების განხორციელებაზე პასუხისმგებელია ავიაგადამზიდველი.

4. საჰაერო ხომალდის გაფრენისწინა შემოწმებას ახორციელებს ავიაგადამზიდველი საკუთარი ძალებით, ან ხელშეკრულების საფუძველზე - აეროპორტის საავიაციო უშიშროების სამსახური.

5. თუ გაფრენისწინა შემოწმება ხორციელდება ავიაგადამზიდველის მიერ, შემოწმებას ატარებენ ავიაგადამზიდველის საავიაციო უშიშროების სამსახურის თანამშრომლები ან საჰაერო ხომალდის საფრენოსნო ეკიპაჟის წევრები, ბორტგამყოლები და საინჟინრო-ტექნიკური სამსახურის თანამშრომლები, რომელთაც გავლილი აქვთ შესაბამისი მომზადება სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2016 წლის 20 სექტემბრის №125 ბრძანების „სამოქალაქო ავიაციის სფეროში, საავიაციო უშიშროების საკითხებში მომზადების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თანახმად.

6. თუ გაფრენისწინა შემოწმება ხორციელდება აეროპორტის საავიაციო უშიშროების სამსახურის მიერ, შემოწმებას ატარებენ აეროპორტის საავიაციო უშიშროების სამსახურის მომზადებაგავლილი თანამშრომლები, ინტერიერის შემოწმებისას – ბორტგამყოლების, ხოლო ექსტერიერის შემოწმების დროს საფრენოსნო ეკიპაჟის ან საინჟინრო-ტექნიკური პერსონალის თანხლებით.

7. საჰაერო ხომალდის შემოწმების მეთოდებია:

 ა) ხელით შემოწმება;

 ბ) ვიზუალური დათვალიერება, რომელიც გამოიყენება, როგორც ალტერნატიული მეთოდი, მხოლოდ ცარიელი არეების შემოწმებისთვის;

 გ) შემოწმება ფეთქებადი ნივთიერებების აღმომჩენი ძაღლების მეშვეობით, რომელიც გამოიყენება, როგორც შემოწმების დამატებითი მეთოდი;

 დ) შემოწმება ფეთქებადი ნივთიერებების კვალის აღმომჩენი მოწყობილობის მეშვეობით, რომელიც გამოიყენება, როგორც შემოწმების დამატებითი მეთოდი.

8. საჰაერო ხომალდის გაფრენისწინა შემოწმების დროს სალონის განათება უნდა იყოს მაქსიმალურ რეჟიმზე.

აეროდრომის ექსპლუატანტმა ღამის საათებში უნდა უზრუნველყოს აეროდრომზე საჰაერო ხომალდის სადგომების ადეკვატური განათება. საჰაერო ხომალდის სადგომის ჰორიზონტალური განათების სიმძლავრის მაჩვენებელი უნდა იყოს არანაკლებ 3.0 (lx) ლუქსისა, იმის გათვალისწინებით, რომ ერთგვაროვნების მაჩვენებელი იქნება არანაკლებ 0,4-ისა. საჰაერო ხომალდის შემოწმებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს დამხმარე ძალური დანადგარი ან მიწისზედა ძალური დანადგარი.

 9. საჰაერო ხომალდის გაფრენისწინა შემოწმება უნდა ჩატარდეს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლების მიერ საჰაერო ხომალდის დატოვების შემდეგ (მაგ.: ბორტკვება, დასუფთავების სამსახური და ა.შ.) ბარგის, ტვირთის/ფოსტის საჰაერო ხომალდზე ჩატვირთვამდე და მგზავრების ჩასხდომამდე.

 10. საჰაერო ხომალდის გაფრენისწინა შემოწმების დროს იკრძალება საჰაერო ხომალდთან მომსახურე პერსონალის დაშვება, გარდა ეკიპაჟის წევრებისა.

 11. საჰაერო ხომალდის გაფრენისწინა შემოწმების დასრულების შემდეგ საჰაერო ხომალდზე დაიშვებიან მხოლოდ მგზავრები. პერსონალი და სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის თანამშრომლები დაიშვებიან მხოლოდ აუცილებლობიდან გამომდინარე.

 12. საჰაერო ხომალდის შემოწმების დროს საჰაერო ხომალდზე მგზავრები არ უნდა იმყოფებოდნენ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საჰაერო ხომალდი ასრულებს ტრანზიტულ ფრენას. ტრანზიტულ აეროპორტში საჰაერო ხომალდის გაფრენისწინა შემოწმების დროს, თუ:

 ა) მგზავრები ტრანზიტული გაჩერებისას არ ტოვებენ საჰაერო ხომალდს, უნდა განხორციელდეს ხელბარგის მგზავრისადმი კუთვნილების დადგენის პროცედურა შემდეგი წესის მიხედვით: თითოეულმა მგზავრმა უნდა აიღოს კუთვნილი ხელბარგი და დაიკავოს მისთვის განკუთვნილი ადგილი. მგზავრები უნდა იმყოფებოდნენ მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ, მათ ეკრძალებათ გადაადგილება სალონში. ტარდება საპირფარეშოებისა და მგზავრთათვის სხვა ხელმისაწვდომი არეების შემოწმება. საჰაერო ხომალდიდან, უსაფრთხოების ზომების დაცვით, იხსნება ის ხელბარგი, რომელიც აღრიცხვის შედეგად არ იქნა ამოცნობილი არცერთი მგზავრის მიერ;

 ბ) ტრანზიტული გაჩერებისას მგზავრები ტოვებენ საჰარო ხომალდს: ხელბარგის საჰაერო ხომალდზე დატოვების შემთხვევაში, ჩასხდომის შემდეგ უნდა განხორციელდეს ხელბარგის მგზავრისადმი კუთვნილების დადგენის პროცედურა, ტარდება საპირფარეშოებისა და მგზავრთათვის ხელმისაწვდომი სხვა არეების შემოწმება. საჰაერო ხომალდიდან, უსაფრთხოების ზომების დაცვით, იხსნება ის ხელბარგი, რომელიც აღრიცხვის შედეგად არ იქნა ამოცნობილი არცერთი მგზავრის მიერ. უნდა მოხდეს ჩასხდომის შემდეგ მგზავრთა გადათვლა;

 გ) ტრანზიტულ აეროპორტში მგზავრთა ნაწილი ტოვებს საჰაერო ხომალდს, მათი საჰაერო ხომალდზე დაბრუნების შემდეგ უნდა განხორციელდეს მგზავრთა გადათვლა და ხელბარგის მგზავრებისადმი კუთვნილების დადგენის პროცედურა. ტრანზიტული აეროპორტიდან გამფრენი მგზავრების ჩასხდომა უნდა განხორციელდეს აღნიშნული პროცედურების ჩატარების შემდეგ.

 13. საფრთხის დონის მომატებისას საჰაერო ხომალდის შემოწმება უნდა განახორციელონ ავიაგადამზიდველის ან აეროპორტის საავიაციო უშიშროების სამსახურის სპეციალურად მომზადებულმა და კვალიფიციურმა თანამშრომლებმა, იკაოს ოფიციალური გამოცემის Doc-8973 „საავიაციო უშიშროების სახელმძღვანელოს“ – „საჰაერო ხომალდის შემოწმების საკონტროლო ბარათის“ (Aircraft Security Search Checklist) მიხედვით.

 14. საჰაერო ხომალდზე ასაფეთქებელი მოწყობილობის შესაძლო არსებობის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, ხორციელდება საჰაერო ხომალდის იზოლირებულ სადგომზე გადაყვანა. იზოლირებული სადგომი უნდა მდებარეობდეს სხვა საჰაერო ხომალდების სადგომებიდან, შენობებიდან, სამიმოსვლო ბილიკებიდან, ასაფრენ-დასაფრენი ზოლიდან, სულ მცირე, 100 მეტრის დაშორებით.

 15. თუ იზოლირებული სადგომი არ არის ხელმისაწვდომი, საჰაერო ხომალდის გადაყვანა უნდა მოხდეს აეროდრომის ექსპლუატანტთან შეთანხმებულ და წინასწარ განსაზღვრულ სადგომზე. სადგომზე გადაყვანის მიზნით სამიმოსვლო ბილიკების მარშრუტი ისე უნდა იყოს შერჩეული, რომ მინიმალური საფრთხე შეექმნას პერსონალს, სხვა საჰაერო ხომალდებსა და შენობა-ნაგებობებს.

 16. შემოწმების დროს საეჭვო საგნის აღმოჩენის შემთხვევაში არ უნდა მოხდეს მასთან შეხება, უნდა განხორციელდეს საჰაერო ხომალდიდან პერსონალის გაყვანა, უზრუნველყოფილ იქნეს აღნიშნული ზონის იზოლირება და დაცვა.

 17. რადიოკავშირის საშუალებების გამოყენება იკრძალება საეჭვო საგნიდან 25 მეტრის რადიუსით.

 18. საეჭვო საგნის ან ასაფეთქებელი მოწყობილობის აღმოჩენისას, მის გაუვნებელყოფას და საჰაერო ხომალდიდან გატანას ახორციელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამნაღმველთა ჯგუფი.

 19. ასაფეთქებელი მოწყობილობის გატანის შემდეგ, საჰაერო ხომალდის შემოწმება უნდა გაგრძელდეს სხვა ასაფეთქებელი მოწყობილობის/ნივთიერების აღმოჩენის მიზნით.

 20. საჰაერო ხომალდით ფრენის განხორციელება დასაშვებია მას შემდეგ, რაც გამნაღმველეთა ჯგუფი დაადასტურებს, რომ საჰაერო ხომალდი უსაფრთხოა, განხორციელდება საჰაერო ხომალდზე არსებული ტვირთის/ფოსტის, ბარგის, ხელბარგის, ბორტკვებისა და საბორტო მარაგის, ავიაგადამზიდველის მასალების, ავიაგადამზიდველის ფოსტის, მგზავრთა ხელმეორედ შემოწმება ამ წესით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით.

 21. გაფრენის წინ თავისუფალი აეროსტატი მოწმდება ხელით და ვიზუალურად. ვიზუალური დათვალიერება გამოიყენება როგორც ალტერნატიული მეთოდი ცარიელი არეების შესამოწმებლად.


მუხლი 5. მგზავრების, მათი თანმქონი ნივთების, ხელბარგის გაფრენისწინა შემოწმების ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებები 
1. შემოწმების ორგანიზაციულ-ტექნიკურ ღონისძიებებს განეკუთვნება:

ა) საჰაერო ხომალდზე იარაღის, საბრძოლო მასალების, ასაფეთქებელი მოწყობილობების, ფეთქებადი, მომწამლავი, ადვილად აალებადი და იმ სხვა სახიფათო ნივთიერებების და საგნების შეტანის დროული გამოვლენა და აღკვეთა;

ბ) სამოქალაქო ავიაციის საქმიანობაში, მართლსაწინააღმდეგო ქმედების აღკვეთის უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირ(ებ)ისათვის, საჰაერო ხომალდის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მუქარის ან სამოქალაქო ავიაციის საქმიანობაში მართლსაწინააღმდეგო ქმედების სხვა აქტების შესახებ ინფორმაციის დროული მიწოდება;

გ) მგზავრთა მომსახურების ყველა ეტაპზე მათი ინფორმირება შემოწმების მიზნებისა და გავლის წესის, მგზავრთა უფლებებისა და მოვალეობების, საჰაერო ხომალდიზე  გადასატანად აკრძალული საგნებისა და ნივთიერებების ნუსხის და საჰაერო ხომალდზე მათი შეტანის შემთხვევაში მგზავრთა პასუხისმგებლობის შესახებ.

2. მგზავრების, მათი თანმქონი ნივთების, ხელბარგის შემოწმების პუნქტ(ებ)ის და საჰაერო ხომალდს შორის მგზავრების მოსაცდელი ზონა (შემდგომ – სტერილური ზონა) მკაცრად კონტროლდება. შემოწმების პუნქტ(ებ)ის შესასვლელების წინ უნდა გამოიკრას წარწერა: „შემოწმების პუნქტი“  სულ მცირე ორ ენაზე: ქართულად და ინგლისურად.

3. აეროპორტებში შემოწმების პუნქტების რაოდენობა  განისაზღვრება გადაზიდვების მოცულობის მიხედვით და ისინი აისახება აეროპორტის „საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამაში“.

4. შემოწმების საიმედოობის უზრუნველყოფა და მგზავრთა მომსახურება ხორციელდება:

ა) აეროპორტის სამგზავრო ტერმინალებში, კონტროლის ზონების და შემოწმების პუნქტების, აგრეთვე ამ ზონებში და პუნქტებში საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი ტექნიკური მოწყობილობების ოპტიმალური განლაგებით;

ბ) მგზავრების კომფორტულად განთავსების, აეროპორტის პერსონალისათვის მუშაობის და შემოწმების პროცედურების მოხერხებულად ჩატარებისთვის შესაბამისი პირობების შექმნით;

გ) საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი ტექნიკური მოწყობილობების ექსპლუატაციის პირობებისა და მომსახურების წესების დაცვით.

5. კონტროლის ზონებსა და შემოწმების პუნქტებში აკრძალულია იმ პირების ყოფნა, რომლებსაც არ გააჩნიათ შესაბამისი უფლებამოსილება.


მუხლი 6. მგზავრების, მათი ხელბარგისა და თანმქონი ნივთების შემოწმების ჯგუფის სტრუქტურა
1. აეროპორტებში, რომელთა წლიური მგზავრთნაკადი არ აღემატება 100 000 მგზავრს, შემოწმების ჯგუფი უნდა შედგებოდეს, სულ მცირე, სამი შემოწმების ოპერატორისგან.

2. აეროპორტებში, რომელთა წლიური მგზავრთნაკადი აღემატება 100 000 მგზავრს, შემოწმების ჯგუფი უნდა შედგებოდეს, სულ მცირე, ექვსი შემოწმების ოპერატორისგან.

3. შემოწმების ოპერატორების  რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს აეროპორტის მუშაობის რეჟიმის, მგზავრთა გადაყვანა-გადაზიდვების მოცულობის, აეროპორტის მიერ მომსახურე საჰაერო ხომალდების და შემოწმების პუნქტების აღჭურვილობის გათვალისწინებით.

4. შემოწმების ჯგუფის   ფუნქციები ნაწილდება ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტის შესაბამისად

5. აეროპორტის მუშაობის რეჟიმიდან გამომდინარე, შემოწმების ოპერატორები ნაწილდებიან ცვლების მიხედვით. თითოეულ ცვლაში თანამშრომელთა რაოდენობა განისაზღვრება  შემოწმების მოქმედი პუნქტების რაოდენობის მიხედვით. შემოწმების პუნქტის თანამშრომელთა მიმდინარე საქმიანობას ხელმძღვანელობს რანგით უფროსი ან შემოწმების ცვლის უფროსი.

6. შემოწმების ჩატარების პერიოდში, შემოწმების ოპერატორებს  უნდა ეცვათ საავიაციო უშიშროების სამსახურის ფორმის ტანსაცმელი, სახელოზე ან მკერდზე განმასხვავებელი ნიშნით. ფორმის ნიმუში თანხმდება აეროპორტის კომიტეტთან.

7.  ამ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები ასახული უნდა იყოს ავიაგადამზიდველისა და აეროპორტის „საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამაში“.


მუხლი 7. შემოწმების ოპერატორის ვალდებულებები
1. შემოწმების ოპერატორი ვალდებულია:

ა) მოითხოვოს მგზავრებისაგან საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულება;

ბ) მგზავრს, შემოწმების პუნქტში შესვლისას, შეუმოწმოს ჩასხდომის ბარათ(ებ)ი, სამგზავრო დოკუმენტ(ებ)ი და მოთხოვნილი საბუთების მონაცემების ერთმანეთთან შესაბამისობა;

გ) მგზავრის/მგზავრის სტატუსის არმქონე პირის მხრიდან საეჭვო ქცევის შემთხვევაში, განახორციელოს მისი შემოწმება ხელით, ხოლო იმ აეროპორტებში, სადაც გამოიყენება ასაფეთებელი ნივთიერების კვალის აღმომჩენი მოწყობილობა – ხელითა და ასაფეთებელი ნივთიერების კვალის აღმომჩენი მოწყობილობით;

დ) განახორციელოს საჰაერო ხომალდის, მგზავრების, მგზავრის სტატუსის არმქონე პირების, მათი თანმქონი ნივთების, ხელბარგის, ბარგის, საჰერო ხომალდის საბორტო მარაგის, აეროპორტის მარაგის, ბორტკვებისა და თანმდევი საშუალებების, ტვირთების და ფოსტის, ავიაგადამზიდველის ფოსტის, ავიაგადამზიდველის მასალების შემოწმება;

ე) უდისციპლინო მგზავრების გამოვლენის მიზნით დააკვირდეს მგზავრის საქციელს შემოწმების პუნქტში;

ვ) წარუდგინოს მასალები ხელმძღვანელობას საავიაციო უშიშროების ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების დამრღვევი პირ(ებ)ის თაობაზე, შესაბამისი ზომების მიღების მიზნით;

ზ) შეამოწმოს მგზავრების მიერ შემნახველ საკანში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ჩასაბარებელი ბარგი;

თ) შემოწმების ეფექტურობის მიზნით, შემოწმების ტექნოლოგიისა და ტექნიკური მოწყობილობების გამოყენების სრულყოფის კუთხით, მოახსენოს საკუთარი მოსაზრებები უშუალო ხელმძღვანელს;

ი) გადასატანად აკრძალული საგნებისა და ნივთიერებების გამოვლენის ან მათი არსებობის ეჭვის შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება მგზავრის პირადი შემოწმების სათავსში შემოწმების ჩატარების შესახებ;

კ) განახორციელოს კონტროლი მგზავრის მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ფრენის პერიოდში დროებით შესანახად ჩაბარებული იარაღის, ვაზნების და საბრძოლო მასალის გადაზიდვის წესების დაცვაზე;

ლ) ჩამოართვას მგზავრს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შემოწმების პროცესში აღმოჩენილი იარაღი და საბრძოლო მასალები, აგრეთვე საჰაერო ხომალდით გადასატანად აკრძალული სხვა სახიფათო საგნები და ნივთიერებები;

მ) მგზავრების მიმართ იყოს ყურადღებიანი და თავაზიანი;

ნ) კანონმდებლობით დადგენილი წესითა და შემთხვევებში გააფორმოს სათანადო საბუთები, შემოწმების დროს საჰაერო ხომალდზე გადასატანად აკრძალული საგნების და ნივთიერებების ამოღების შემთხვევაში;

ო) არ დაუშვას გასაფრენად მგზავრები, რომლებიც უარს აცხადებენ შემოწმებაზე;

პ) არ დაუშვას შემოწმების პუნქტის გავლით სტერილურ ზონაში შეუმოწმებელი მგზავრები და მგზავრის სტატუსის არმქონე პირები, მათი თანმქონი ნივთები, ხელბარგი;

ჟ) არ დაუშვას შემოწმებაგავლილი და შემოწმებაგაუვლელი მგზავრების, მგზავრის სტატუსის არმქონე პირების, ბორტკვების, თანმდევი საშუალებების, ტვირთის, ფოსტის, ავიაგადამზიდველის ფოსტის,ავიაგადამზიდველის მასალების, საჰაერო ხომალდის საბორტო მარაგის. ბარგის, აეროპორტის მარაგის შერევა;

რ) საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფ ტექნიკურ მოწყობილობებთან მუშაობისას დაიცვას ტექნიკური და სახანძრო უსაფრთხოების წესები;

ს) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოვალეობანი.

2. აეროპორტებში, რომელთა წლიური მგზავრთნაკადი არ აღემატება 100 000 მგზავრს, მგზავრთა, მათი თანმქონი ნივთებისა და ხელბარგის შემოწმების ჯგუფის წევრებს შორის მოვალეობები ნაწილდება შემდეგნაირად:

ა) შემოწმების პირველი ოპერატორი:

ა.ა) შემოწმების პუნქტში მგზავრის შესვლისას ამოწმებს მგზავრის ჩასხდომის ბარათს, სამგზავრო დოკუმენტს და ადარებს მათ მონაცემებს მგზავრის პიროვნებას; დოკუმენტების უფრო დეტალურად შემოწმების აუცილებლობის შემთხვევაში აცნობებს ამის შესახებ შემოწმების პუნქტის უფროსს, იღებს გადაწყვეტილებას მგზავრის შესამოწმებლად დაშვებაზე;

ა.ბ) ატარებს მგზავრს შემოწმების გასავლელად რიგის მიხედვით და უზრუნველყოფს მგზავრების ნაკადის კონტროლს;

ა.გ) სთავაზობს მგზავრს ამოალაგოს თანმქონი ლითონის საგნები, მობილური ტელეფონ(ებ)ი, გაიხადოს ზედა ტანსაცმელი, ფეხსაცმელი (აუცილებლობის შემთხვევაში), მოიხსნას თავსაბურავი, ქამარი და წარმოადგინოს ეს საგნები შესამოწმებლად;

ა.დ) თვალყურს ადევნებს რენტგენური დანადგარის, ტრანსპორტიორზე ამ პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ნივთების სწორად განლაგებას, არეგულირებს ტრანსპორტიორის დატვირთვას, აცნობებს შემოწმების მეორე ოპერატორს ტრანსპორტიორის გაჩერების საჭიროების შესახებ;

ა.ე) სთავაზობს მგზავრებს, გაიარონ თაღურ მეტალმძებნში;

ა.ვ) აწარმოებს მგზავრების იმ ნივთების ხელით შემოწმებას, რომელთა გაბარიტები აღემატება რენტგენური დანადგარის გვირაბის გაბარიტებს. ახორციელებს ან ორგანიზებას უწევს მათი სხვა მეთოდით (ფეთქებადი ნივთიერების აღმომჩენი ძაღლები, ფეთქებადი ნივთიერების კვალის აღმომჩენი მოწყობილობა და ა.შ.) შემოწმებას;

ა.ზ) აუცილებლობის შემთხვევაში მონაწილეობს მგზავრებისა და მათი ნივთების ხელით და მგზავრების პირადი შემოწმების პროცესში.

ბ) შემოწმების მეორე ოპერატორი:

ბ.ა) რენტგენური დანადგარის ეკრანზე გამოსახულების მეშვეობით განსაზღვრავს ნივთების შიგთავსს;

ბ.ბ) შესამოწმებელ ნივთებში გადასატანად აკრძალული, მაღალი საფრთხის შემცველი (იარაღი, ტყვია-წამალი, ასაფეთქებელი მოწყობილობა) საგნების და ნივთიერებების აღმოჩენის შემთხვევაში აჩერებს რენტგენური დანადგარის ტრანსპორტიორს და ამის შესახებ აცნობებს შემოწმების ჯგუფის უფროსს;

ბ.გ) იღებს გადაწყვეტილებას შემოწმების დროს აღმოჩენილი, გადასატანად აკრძალული საგნებისა და ნივთიერებების ამოღებაზე და/ან სტერილურ ზონაში მგზავრებისა და მათი თანქონი ნივთების დაშვებაზე;

ბ.დ) აუცილებლობის შემთხვევაში, მონაწილეობს მგზავრებისა და მათი ნივთების ხელით და მგზავრების პირადი შემოწმების პროცესში;

გ) შემოწმების მესამე ოპერატორი (შემოწმების ჯგუფის უფროსი):

გ.ა) თვალყურს ადევნებს თაღური მეტალმძებნის სასიგნალო მოწყობილობის მაჩვენებლებს, აკონტროლებს, რომ თითოეული მგზავრი შემოწმდეს თაღური მეტალმძებნის გავლით;

გ.ბ) თაღური მეტალმძებნით შემოწმების დროს სიგნალის ამუშავებისას და შერჩევითი შემოწმებისას:

გ.ბ.ა) ახორციელებს მგზავრის ხელით შემოწმებას, ან

გ.ბ.ბ) სთავაზობს მგზავრს გაიაროს შემოწმება სხეულის სკანერით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

გ.გ) რენტგენური დანადგარით შემოწმების მიზნით, თაღური მეტალმძებნის სიგნალის ფეხსაცმლის არეში ამუშავებისას, სთხოვს მგზავრს გაიხადოს ფეხსაცმელი და მოათავსოს კალათში;

გ.დ) ორგანიზებას უწევს მგზავრების იმ ნივთების ხელით ან სხვა მეთოდით (ფეთქებადი ნივთიერების აღმომჩენი ძაღლები, ფეთქებადი ნივთიერების კვალის აღმომჩენი მოწყობილობა და ა.შ.) შემოწმებას, რომელთა გაბარიტები აღემატება რენტგენური დანადგარის გვირაბის გაბარიტებს;

გ.ე) აკონტროლებს შემოწმების ჯგუფის საქმიანობას შემოწმების ტექნოლოგიური პროცესის დაცვის კუთხით;

გ.ვ) დოკუმენტურად აფორმებს გადასატანად აკრძალული ნივთების და ნივთიერებების ამოღებას;

გ.ზ) აუცილებლობის შემთხვევაში, მონაწილეობს მგზავრებისა და მათი ნივთების ხელით და მგზავრების პირადი შემოწმების პროცესში;

გ.თ) არ უშვებს სტერილურ ზონაში შემოწმებაგაუვლელ მგზავრებს და მგზავრის სტატუსის არმქონე პირებს;

გ.ი) ორგანიზებას უკეთებს და ატარებს ინსტრუქტაჟს შემოწმების ჩატარების დროს ზომების გამკაცრების შესახებ;

გ.კ) აკონტროლებს საჰაერო ხომალდში ჩატვირთვამდე მგზავრების მიერ ფრენის პერიოდში დროებით შესანახად ჩაბარებული იარაღის გადაზიდვის მოთხოვნების დაცვას;

შენიშვნა: ფრენის პერიოდში დროებით შესანახად ჩაბარებული იარაღის გადაზიდვისას ივსება ამ წესის დანართი №4-ით განსაზღვრული აქტი.

გ.ლ) ახორციელებს მგზავრების შერჩევითი შემოწმების პროცენტულობის განსაზღვრას.

გ.მ) საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილია შეასრულოს/შეითავსოს სხვა შემოწმების ოპერატორების ფუნქციები.

3. აეროპორტებში, რომელთა წლიური მგზავრთნაკადი აღემატება 100 000 მგზავრს, მგზავრთა, მათი თანმქონი ნივთებისა და ხელბარგის შემოწმების ჯგუფის მოვალეობები ნაწილდება შემდეგნაირად:

ა) შემოწმების პირველი ოპერატორი:

ა.ა) შემოწმების პუნქტში მგზავრის შესვლისას ამოწმებს მგზავრის ჩასხდომის ბარათს, სამგზავრო დოკუმენტს და ადარებს მათ მონაცემებს მგზავრის პიროვნებას. დოკუმენტების უფრო დეტალურად შემოწმების აუცილებლობის შემთხვევაში აცნობებს ამის შესახებ შემოწმების პუნქტის უფროსს, იღებს გადაწყვეტილებას მგზავრის შესამოწმებლად დაშვებაზე;

ა.ბ) ატარებს მგზავრს შემოწმების გასავლელად რიგის მიხედვით და უზრუნველყოფს მგზავრების ნაკადის კონტროლს;

ბ) შემოწმების მეორე ოპერატორი:

ბ.ა) სთავაზობს მგზავრს, ამოალაგოს თანმქონი ლითონის საგნები, მობილური ტელეფონ(ებ)ი, გაიხადოს ზედა ტანსაცმელი, ფეხსაცმელი (აუცილებლობის შემთხვევაში), მოიხსნას თავსაბურავი, ქამარი და წარმოადგინოს ეს საგნები შესამოწმებლად;

ბ.ბ) თვალყურს ადევნებს რენტგენური დანადგარის, ტრანსპორტიორზე ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ნივთების სწორად განლაგებას, არეგულირებს ტრანსპორტიორის დატვირთვას, აცნობებს შემოწმების მესამე ოპერატორს ტრანსპორტიორის გაჩერების საჭიროების შესახებ;

ბ.გ) სთავაზობს მგზავრებს, გაიარონ თაღურ მეტალმძებნში;

ბ.დ) აწარმოებს მგზავრების იმ ნივთების ხელით შემოწმებას, რომელთა გაბარიტები აღემატება რენტგენური დანადგარის გვირაბის გაბარიტებს. ახორციელებს ან ორგანიზებას უწევს მათი სხვა მეთოდით (ფეთქებადი ნივთიერების აღმომჩენი ძაღლები, ფეთქებადი ნივთიერების კვალის აღმომჩენი მოწყობილობა და ა.შ.) შემოწმებას;

ბ.ე) აუცილებლობის შემთხვევაში, მონაწილეობს მგზავრების პირად და ხელით შემოწმებაში, ასევე, მათი ხელბარგისა და თანმქონი ნივთების ხელით შემოწმებაში;

გ) შემოწმების მესამე ოპერატორი:

გ.ა) რენტგენური დანადგარის ეკრანზე გამოსახულების მეშვეობით განსაზღვრავს ნივთების შიგთავსს;

გ.ბ) შესამოწმებელ ნივთებში გადასატანად აკრძალული, მაღალი საფრთხის შემცველი (იარაღი, ტყვია-წამალი, ასაფეთქებელი მოწყობილობა) საგნების და ნივთიერებების აღმოჩენის შემთხვევაში აჩერებს რენტგენური დანადგარის ტრანსპორტიორს და ამის შესახებ აცნობებს შემოწმების ჯგუფის უფროსს;

გ.გ) იღებს გადაწყვეტილებას შემოწმების დროს აღმოჩენილი, გადასატანად აკრძალული საგნებისა და ნივთიერებების ამოღებაზე და/ან სტერილურ ზონაში მგზავრების ნივთების დაშვებაზე;

გ.დ) აუცილებლობის შემთხვევაში, მონაწილეობს მგზავრების პირად და ხელით შემოწმებაში, ასევე, მათი ხელბარგისა და თანმქონი ნივთების ხელით შემოწმებაში;

დ) შემოწმების მეოთხე ოპერატორი:

დ.ა) თვალყურს ადევნებს თაღური მეტალმძებნის სასიგნალო მოწყობილობის მაჩვენებლებს, აკონტროლებს, რომ თითოეული მგზავრი შემოწმდეს თაღური მეტალმძებნის გავლით;

დ.ბ) თაღური მეტალმძებნით შემოწმების დროს სიგნალის ამუშავებისას და შერჩევითი შემოწმებისას:

დ.ბ.ა.) ახორციელებს მგზავრის ხელით შემოწმებას, ან

დ.ბ.ბ.) სთავაზობს მგზავრს, გაიაროს შემოწმება სხეულის სკანერით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დ.გ) საჭიროების შემთხვევაში, ახორციელებს ან ორგანიზებას უწევს მგზავრის შემოწმებას ფეთქებადი ნივთიერების აღმომჩენი ძაღლების საშუალებით ან ფეთქებადი ნივთიერების კვალის აღმომჩენი მოწყობილობის საშუალებით;

დ.დ) რენტგენური დანადგარით შემოწმების მიზნით, თაღური მეტალმძებნის სიგნალის ფეხსაცმლის არეში ამუშავებისას, სთხოვს მგზავრს გაიხადოს ფეხსაცმელი და მოათავსოს კალათში;

დ.ე) აუცილებლობის შემთხვევაში, მონაწილეობს მგზავრების პირად და ხელით შემოწმებაში, ასევე, მათი ხელბარგისა და თანმქონი ნივთების ხელით შემოწმებაში;

დ.ვ) მგზავრის უფრო გულდასმით შემოწმების აუცილებლობის შესახებ აცნობებს შემოწმების ჯგუფის უფროსს;

დ.ე) იღებს გადაწყვეტილებას შემოწმების პროცესში გამოვლენილი აკრძალული საგნებისა და ნივთიერებების ამოღებაზე და/ან მგზავრის დაშვებაზე სტერილურ ზონაში;

ე) შემოწმების მეხუთე ოპერატორი:

ე.ა) ახორციელებს მგზავრების, მათი თანმქონი ნივთებისა და ხელბარგის შემოწმებას ფეთქებადი ნივთიერების კვალის აღმოჩენი მოწყობილობით;

ე.ბ) აუცილებლობის შემთხვევაში, მონაწილეობს მგზავრების პირად და ხელით შემოწმებაში, ასევე, მათი ხელბარგისა და თანმქონი ნივთების ხელით შემოწმებაში;

ვ) შემოწმების მეექვსე ოპერატორი (შემოწმების ჯგუფის უფროსი):

ვ.ა) აკონტროლებს შემოწმების ჯგუფის საქმიანობას შემოწმების ტექნოლოგიური პროცესის დაცვის კუთხით;

ვ.ბ) დოკუმენტურად აფორმებს გადასატანად აკრძალული ნივთების და ნივთიერებების ამოღებას;

ვ.გ) აუცილებლობის შემთხვევაში, მონაწილეობს მგზავრებისა და მათი თანმქონი ნივთების ხელით და მგზავრების პირადი შემოწმების პროცესში;

ვ.დ) ორგანიზებას უწევს მგზავრების იმ ნივთების ხელით ან სხვა მეთოდით (ფეთქებადი ნივთიერების აღმომჩენი ძაღლები, ფეთქებადი ნივთიერების კვალის აღმომჩენი მოწყობილობა და ა.შ.) შემოწმებას, რომელთა გაბარიტები აღემატება რენტგენური დანადგარის გვირაბის გაბარიტებს;

ვ.ე) არ უშვებს სტერილურ ზონაში შემოწმებაგაუვლელ მგზავრებს და მგზავრის სტატუსის არმქონე პირებს;

ვ.ვ) საჭიროების შემთხვევაში, უფლებამისილია შეასრულოს/შეითავსოს სხვა ოპერატორების ფუნქციები;

ვ.ზ) ორგანიზებას უწევს და ატარებს ინსტრუქტაჟს შემოწმების ჩატარების დროს ზომების გამკაცრების შესახებ;

ვ.თ) აკონტროლებს, საჰაერო ხომალდში ჩატვირთვამდე, მგზავრების მიერ ფრენის პერიოდში დროებით შესანახად ჩაბარებული იარაღის გადაზიდვის მოთხოვნების დაცვას;

ე.ი) ახორციელებს მგზავრების, მათი თანმქონი ნივთებისა და ხელბარგის შერჩევითი შემოწმების პროცენტულობის განსაზღვრას.

4. ცენტრალიზებულ შემოწმების პუნქტებში დასაშვებია შემოწმების პირველი და მეხუთე შემოწმების ოპერატორების რაოდენობის შემცირება იმ რაოდენობამდე, რომელიც საჭიროა შეუფერხებელი და ხარისხიანი შემოწმების პროცესის განხორციელებისთვის.

5. შემოწმების პუნქტში, შემოწმების ჯგუფის მუშაობის მთელი პერიოდის განმავლობაში, რეგულარულად უნდა ხორციელდებოდეს სამუშაო ადგილებზე შემოწმების ოპერატორების როტაცია. შემოწმების ოპერატორის მიერ რენტგენური დანადგარის მონიტორის ეკრანზე უწყვეტი დაკვირვების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს, ხოლო შესვენება არ უნდა იყოს 40 წუთზე ნაკლები.

6. შემოწმების ოპერატორებმა, რომლებიც თავისუფალნი არიან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან, აუცილებლობის შემთხვევაში, ცვლის უფროსთან შეთანხმებით შეიძლება მონაწილეობა მიიღონ როგორც მოწმეებმა მგზავრის პირადი შემოწმების პროცესში.


მუხლი 8. სპეციალური ინფორმაცია საჰაერო ტრანსპორტის მგზავრებისათვის  
აეროდრომის ექსპლუატანტები და ავიაგადამზიდველები ვალდებულნი არიან მგზავრებს მიაწოდონ ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი იმ მოთხოვნების შესახებ, რომლებიც ეხება მგზავრების, მათი თანმქონი ნივთების, ხელბარგის და ბარგის გადაყვანა-გადაზიდვას, მათ შორის:

ა) საჰაერო ხომალდით სითხეების, აეროზოლების, გელების, ფეთქებადი, მომწამლავი, ადვილადაალებადი, რადიოაქტიური და სხვა სახიფათო საგნების და ნივთიერებების გადატანის აკრძალვის შესახებ;

ბ) მგზავრების, მათი თანმქონი ნივთების, ხელბარგისა და ბარგის გაფრენისწინა შემოწმების ჩატარების აუცილებლობის შესახებ;

გ) მგზავრის მიერ გადასატანად აკრძალული საგნებისა და ნივთიერებების საჰაერო ხომალდზე შეტანისათვის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მგზავრის პასუხისმგებლობის შესახებ; 

დ) საჰაერო ხომალდით გადასატანად უცხო პირებისაგან ჩანთების, ხელჩანთების, ჩემოდნების, ამანათების და სხვა საგნების მიღების და თავისი ხელბარგის/ბარგის უცხო პირებისათვის დროებით დატოვების/უყურადღებოდ დატოვების აკრძალვის შესახებ;

ე) საჰაერო ხომალდზე ფრენის დროს ელექტრონული სათამაშოებით, პორტატული ვიდეოკამერებით, ვიდეომაგნიტოფონებით, გადასატანი ტელეფონებით და სხვა ელექტრონული აპარატებით სარგებლობის აკრძალვის შესახებ, თუ ავიაგადამზიდველის ფრენის წესები სხვა რამეს არ ითვალისწინებს.


მუხლი 9. მგზავრების, მათი თანმქონი ნივთების, ხელბარგის გაფრენისწინა შემოწმების ჩატარების თანმიმდევრობა 
1. მგზავრების, მათი თანმქონი ნივთებისა და ხელბარგის გაფრენისწინა შემოწმება ხორციელდება საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი ტექნიკური მოწყობილობების გამოყენებით და ხელით, ხოლო იმ აეროდრომებზე ან საფრენ მოედნებზე, სადაც არ არის შემოწმების პუნქტები და ტექნიკური და სტაციონარული საშუალებები, მგზავრი, ხელბარგი და თანმქონი ნივთები მოწმდება ხელის მეტალმძებნით და ხელით.

2. მგზავრის სტატუსის არმქონე პირების და მათი თანმქონი ნივთების შემოწმება ხორციელდება მგზავრთა შემოწმების ანალოგიურად.

3. შემოწმება ხორციელდება ეტაპებად.

4. შემოწმების პირველ ეტაპზე შემოწმების პუნქტში შესვლის წინ მოწმდება ჩასხდომის ბარათი, სამგზავრო დოკუმენტი, მათი იდენტურობა ერთმანეთთან და მგზავრთან.

5. შემოწმების მეორე ეტაპზე მგზავრს შეეთავაზება განაცხადოს, აქვს თუ არა გადასატანად აკრძალული საგნები და ნივთიერებები, ამასთანავე, უცხო პირებისაგან გადაცემული ნივთები (ამანათი, ჩანთა და სხვა). მგზავრს ასევე შეეთავაზება, ამოალაგოს ტანსაცმლიდან ლითონის შემცველი საგნები (გასაღები, სანთებელა, სიგარეტის კოლოფი, ავტოკალამი, სათვალე და ა.შ), გაიხადოს ზედა ტანსაცმელი (პალტო, ქურთუკი, ლაბადა, პიჯაკი, და ა.შ), მოიხსნას თავსაბურავი, გაიხადოს ისეთი სახის ფეხსაცმელი (მაგ: მაღალქუსლიანი, სქელძირიანი ფეხსაცმელი, ჩექმა და ა.შ.), რომელშიც შეიძლება მოთავსებული იყოს გადასატანად აკრძალული საგანი, მოიხსნას ქამარი, ჩანთიდან ამოალაგოს ელექტრონული მოწყობილობები (მაგ: პორტატიული კომპიუტერი, პლანშეტური კომპიუტერი და ა.შ.), არაკონტროლირებად ტერიტორიაზე განლაგებულ აეროპორტის ვაჭრობის ობიექტებში შეძენილი აგდპ-ში შეფუთული სითხეები. ზემოაღნიშნული ჩაალაგოს კალათში და დადგას კალათა რენტგენური დანადგარის ტრანსპორტიორზე.

6. შემოწმების მესამე ეტაპზე მგზავრს შეეთავაზება, გაიაროს თაღურ მეტალმძებნში.

7. შემოწმების მეოთხე ეტაპზე ხორციელდება ხელბარგის და მგზავრის თანმქონი ნივთების შიგთავსის და კალათში ჩალაგებული ნივთებისა და საგნების შემოწმება. აუცილებელია შემოწმდეს შემოწმების პუნქტამდე განლაგებული, აეროპორტის ვაჭრობის ობიექტებში შეძენილი აგდპ-ში შეფუთული სითხეები, მათი ქვითარში მითითებულ მონაცემებთან შესაბამისობა და დადასტურდეს პარკის მთლიანობა; შემოწმების ოპერატორი უნდა დარწმუნდეს, რომ ხელბარგში არ არის მოთავსებული გადასატანად აკრძალული საგნები და ნივთიერებები. იმ შემთხვევაში, როცა შეუძლებელია არსებული საგნის ამოცნობა, ხელბარგი უნდა შემოწმდეს ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი მეთოდით:

ა) ხელით, რაც მოიცავს ჩანთაში არსებული ყველა საგნის გულდასმით შემოწმებას, მასში გადასატანად აკრძალული საგნებისა და ნივთიერებების არსებობის გამორიცხვის მიზნით;

შენიშვნა: ხელბარგი უნდა გაიხსნას მგზავრის მიერ. მგზავრს არ უნდა ჰქონდეს წვდომა ხელბარგთან, ხელბარგის ხელით შემოწმების პროცესში, ხელბარგის გახსნის მომენტიდან შემოწმების დასრულებამდე;

ბ) რენტგენური დანადგარით, იმავე შემოწმების ოპერატორის მიერ ხელბარგის სხვა რაკურსით გასხივების საშუალებით;

გ) ფეთქებადი ნივთიერების აღმომჩენი ძაღლებით;

დ) ფეთქებადი ნივთიერების კვალის აღმომჩენი მოწყობილობით.

8. ფეთქებადი ნივთიერების აღმომჩენი ძაღლებით ან ფეთქებადი ნივთიერების კვალის აღმომჩენი მოწყობილობით შემოწმების დროს, ფეთქებადი ნივთიერების არსებობის ნიშნების გამოვლენისას უნდა შემოწმდეს მთლიანი ჩანთა ან უშუალოდ ის საგნები, რომელიც იწვევს ეჭვს.

9. ხელბარგში არსებული მაღალი სიმკვრივის მქონე საგნები, რომლის რენტგენური დანადგარით გაშუქება შეუძლებელია, ჩანთიდან ამოღების შემდეგ უნდა შემოწმდეს განმეორებით.

10. ხელბარგის 5 % ექვემდებარება შერჩევით შემოწმებას ფეთქებადი ნივთიერების კვალის აღმომჩენი მოწყობილობით.

11. ფეთქებადი ნივთიერების აღმომჩენი ძაღლებისა და ფეთქებადი ნივთიერების კვალის აღმომჩენი მოწყობილობის გამოყენება დაიშვება მხოლოდ როგორც შემოწმების დამატებითი საშუალება.

12. თუ ხელბარგის შემოწმება ხორციელდება ფეთქებადი ნივთიერების კვალის აღმომჩენი მოწყობილობით, რომელიც უზრუნველყოფს ნაწილაკების ანალიზს, შესამოწმებელი მასალა უნდა შეგროვდეს შემდეგი ზონებიდან:

ა) ჩანთის გარე ნაწილის იმ ზონებიდან, რომელთანაც მგზავრს აქვს ხშირი შეხება (მაგ.: „ელვა“ შესაკრავი, სახელური, ბალთა და ა.შ.);

ბ) ჩანთის შიდა ნაწილი, მათ შორის, სარჩული და ხელბარგში მოთავსებული ყველა გაბარიტული ნივთი.

13. თუ ხელბარგის შემოწმება ხორციელდება ფეთქებადი ნივთიერების კვალის აღმომჩენი მოწყობილობით, რომელიც უზრუნველყოფს ჩანთიდან შეგროვებული ანაორთქლის ანალიზს, შესამოწმებელი მასალა უნდა შეგროვდეს, სულ მცირე, ჩანთის შიდა ნაწილიდან.

14. თუ მგზავრის თანმქონ ნივთებში, ხელბარგსა და/ან ბარგში აღმოჩენილ იქნა ასაფეთქებელი მოწყობილობის ელემენტები ან ნიშნები, აღნიშნულის შესახებ უნდა ეცნობოს აეროპორტის ოპერატიული ცენტრის ხელმძღვანელს, რომელიც უზრუნველყოფს სამართალდამცავი ორგანოს ინფორმირებას.

15. შემოწმების ჩატარებისას, ასევე აუცილებელია:

ა) გულდასმით შემოწმდეს რადიო- და ტელეაპარატურა, ფოტო- და კინოაპარატურა, აუდიო- და ვიდეოტექნიკა, მობილური ტელეფონები, პერსონალური კომპიუტერები, სათამაშოები და ა.შ;

ბ) აეროპორტებში, რომელთა წლიური მგზავრთნაკადი აღემატება 100 000 გზავრს, გაბარიტული ან განსხვავებული სპეციფიკის მუსიკალური ინსტრუმენტები და ტექნიკური მოწყობილობები, ასევე ის მოწყობილობები, რომელთა შემოწმება რენტგენური დანადგარითა და ხელით არაეფექტურია, დამატებით უნდა შემოწმდეს ფეთქებადი ნივთიერების კვალის აღმომჩენი მოწყობილობის გამოყენებით;

გ) აეროპორტებში, რომელთა წლიური მგზავრთნაკადი არ აღემატება 100 000 გზავრს, გაბარიტული ან განსხვავებული სპეციფიკის მუსიკალური ინსტრუმენტებისა და ტექნიკური მოწყობილობების შემოწმება, უნდა განხორციელდეს ხელით და ვიზუალურად, უნდა დათვალირდეს ხვრელები და ფოსოები სპეციალური სარკეების საშუალებით. ის მოწყობილობები, რომელთა შემოწმებაც რენტგენური დანადგარით, ვიზუალურად და ხელით არაეფექტურია, გადასაზიდად არ დაიშვება.

46. გამონაკლისის სახით, შემოწმებისგან თავისუფლდება ხელბარგი, რომელიც მოწოდებულია სამედიცინო დაწესებულების მიერ შესაბამისი დოკუმენტაციის თანხლებით და რომელიც შეიძლება დაზიანდეს მისი შემოწმების განხორციელების პროცესში. მაგალითად: სასიცოცხლო მნიშვნელობის ბიოლოგიური მასალა (სისხლი, ორგანოები, ქსოვილები; ლაბორატორიული კვლევისათვის განკუთვნილი მასალა და ა.შ.), ასევე ვაქცინები, მედიკამენტები.

შენიშვნა: დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს გამგზავნის მისამართს, ინფორმაციას საქმიანობის შესახებ, კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდს ან კომპანიის სარეგისტრაციო ნომერს, ინფორმაციას უშუალოდ ტვირთისა და ტვირთმიმღების შესახებ. უნდა განხორციელდეს სატვირთო ტერმინალის წინასწარი ინფორმირება სასიცოცხლო მნიშვნელობის ბიოლოგიური მასალის, სამედიცინო დანიშნულების მალფუჭებადი ტვირთის გადაზიდვის შესახებ. ადამიანის ორგანოთა ექსპორტისათვის, დამატებით, სავალდებულოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წერილობითი თანხმობა, „ადამიანის ორგანოთა ექსპორტ-იმპორტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის №194 დადგენილების შესაბამისად.

17. ცხოველები, რომელიც გადაიზიდება საჰაერო ხომალდის სალონით, მოწმდება ვიზუალურად და ხელით.

18. მეხუთე ეტაპი – თაღური მეტალმძებნის სიგნალიზაციის ამოქმედების შემთხვევაში უნდა განხორციელდეს მგზავრის შემოწმება:

ა) ხელით; ან

ბ) სხეულის სკანერით.

19. თაღური მეტალმძებნის სიგნალის ფეხსაცმლის არეში ამუშავებისას, მგზავრის ფეხსაცმელი უნდა შემოწმდეს რენტგენური დანადგარით და საჭიროებისამებრ სხვა მეთოდებით.

20. მგზავრის შემოწმება ხელის მეტალმძებნის, ფეთქებადი ნივთიერების კვალის აღმომჩენი მოწყობილობით ან ფეთქებადი ნივთიერების აღმომჩენი ძაღლების საშუალებით დასაშვებია, მხოლოდ როგორც შემოწმების დამატებითი საშუალება და არ ცვლის ხელით შემოწმებას.

21. აეროპორტებში, რომელთა წლიური მგზავრთნაკადი აღემატება 100 000 გზავრს, მგზავრთა რაოდენობის 10%, რომელთა თაღური მეტალმძებნით შემოწმებისას არ მოხდა სიგნალიზაციის ამოქმედება, დამატებით უნდა შემოწმდეს ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი მეთოდით:

ა) სხეულის სკანერით;

ბ) ხელით და ფეთქებადი ნივთიერების კვალის აღმომჩენი მოწყობილობით;

გ) ხელით და ფეთქებადი ნივთიერების აღმომჩენი ძაღლების საშუალებით.

22. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების შემოწმებისას, ისეთი დამხმარე საშუალებები, როგორიცაა ეტლი, ყავარჯენი, ხელჯოხი, საკაცე მოწმდება როგორც ხელბარგი.

23. ფეთქებადი ნივთიერების კვალის აღმომჩენი მოწყობილობით მგზავრის შემოწმებისას შესამოწმებელი მასალა უნდა შეგროვდეს, სულ მცირე, შემდეგი ზონებიდან:

ა) მგზავრის ხელების ორივე მხრიდან ან პირადი ნივთიდან, რომელთანაც ჰქონდა შეხება (მაგ.: საფულე, ხელჩანთა, პასპორტი და ა.შ.);

ბ) შარვლის, ქვედაბოლოს სათავის ან სხვა ტანსაცმლის წელის გარშემოწერილობის გარე მხრიდან ან ფეხსაცმლის ზედაპირიდან.

24. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შემოწმების ოპერატორი ჩათვლის, რომ მგზავრის სხეულის კონკრეტული ზონის ხელით შემოწმება არაეფექტური ან არასასურველია, დასაშვებია ამ ზონების შემოწმება ფეთქებადი ნივთიერების კვალის აღმომჩენი მოწყობილობისა და ხელის მეტალმძებნის კომბინაციის გამოყენებით. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ტანსცმლის გადანაკეცებს, თაბაშირის, ნახვევის და ა.შ არსებობისას – კიდეებს და ნაპრალებს, ისევე როგორც იმ ზონებს, რომელიც იწვევს ეჭვს.

25. სხეულის სკანერის გამოყენებისას გასათვალისწინებელია შემდეგი მოთხოვნები:

ა) სხეულის სკანერი არ უნდა ახდენდეს გამოსახულების შენახვას, აღდგენას, ასლის გადაღებას. გამოსახულება, რომლის პროეცირება ხდება უშუალოდ მგზავრის შემოწმებისას შეიძლება შენახულ იქნეს იმ პერიოდით, რომელიც სჭირდება შემოწმების ოპერატორს გამოსახულების ანალიზისთვის. გამოსახულება უნდა წაიშალოს მგზავრის შემოწმების დასრულებისთანავე. აკრძალულია გამოსახულების არასანქცირებული გამოყენება;

ბ) სხეულის სკანერის ოპერატორის სამუშაო ადგილი უნდა მდებარეობდეს მოშორებით, რათა გამოირიცხოს შესამოწმებელ მგზავრთან ვიზუალური კონტაქტი;

გ) სხეულის სკანერის ოპერატორის სამუშაო ადგილზე არ დაიშვება ისეთი სახის მოწყობილობები, რომლითაც შეიძლება მოხდეს გამოსახულების შენახვა, ჩაწერა ან ასლის გადაღება;

დ) გამოსახულება არ უნდა უკავშირდებოდეს იმ მონაცემთა ბაზას, რომელიც მოიცავს ინფორმაციას მგზავრის შესახებ. დაცული უნდა იყოს მგზავრის ვინაობის ანონიმურობა;

ე) მგზავრს უფლება აქვს მოითხოვოს, მისი სხეულის სკანერით შემოწმება განხორციელდეს იმავე სქესის ოპერატორის მიერ;

ვ) გამოსახულება უნდა იყოს ბუნდოვანი, რათა გამოირიცხოს მგზავრის ვინაობის დადგენა;

ზ) შემოწმებამდე მგზავრი ინფორმირებული უნდა იყოს მის მიმართ გამოსაყენებელი ტექნოლოგიის შესახებ;

თ) მგზავრს უფლება აქვს მოითხოვოს ალტერნატიული მეთოდით შემოწმება.

25. სხეულის სკანერის სიგნალიზაციის ამუშავებისას, უნდა განხორციელდეს ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი მეთოდით შემოწმება:

ა) მგზავრის სხეულის იმ ზონების ხელით შემოწმება, რომელმაც გამოიწვია სიგნალიზაციის ამოქმედება;

ბ) მგზავრის ზედმეტი საგნებისაგან გათავისუფლების შემდეგ, მისი სხეულის სკანერით განმეორებითი შემოწმება;

გ) ამ წესით დადგენილი ხელით შემოწმება.

26. შემოწმების მიმდინარეობისას, პოტენციური საფრთხის ნიშნების გამოვლენის მიზნით, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მგზავრის ქცევის ისეთ თავისებურებებს, როგორიცაა: გადამეტებული ნერვიულობა, შფოთვა, მოუსვენრობა. ასეთი ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, აუცილებელია ჩატარდეს მგზავრის გამოკითხვა მისი პოტენციური საფრთხის ხარისხის განსაზღვრის მიზნით.

27. პოტენციურად დამრღვევი მგზავრის ბარგი, ხელბარგი და თანმქონი ნივთები ექვემდებარება ხელით და აუცილებლობის შემთხვევაში, სხვა მეთოდებით შემოწმებას.

28. მგზავრების პირადი (პირადი შემოწმების სათავსში) შემოწმება ტარდება, თუ:

ა) მიღებულ იქნა ინფორმაცია კონკრეტული ფრენის შემსრულებელი საჰაერო ხომალდის შესაძლო ან მოსალოდნელი მართლსაწინააღმდეგო დაუფლების შესახებ;

ბ) მიღებულ იქნა ინფორმაცია ან აღმოჩენილ იქნა, რომ მგზავრს თან აქვს იარაღი, საბრძოლო მასალა, ასაფეთქებელი მოწყობილობა ან სხვა სახიფათო საგანი და/ან ნივთიერება, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს თავდასხმის იარაღად;

გ) საავიაციო უშიშროების სამსახურის თანამშრომლის მიერ პირადი დაკვირვების შედეგად მგზავრის ქცევებში გამოვლენილია საეჭვო ნიშნები, რომლებიც მიუთითებენ მის შესაძლო დანაშაულებრივ ზრახვებზე ან/და იწვევს ეჭვს, რომ მას აქვს იარაღი, საბრძოლო მასალა ან სხვა გადასატანად აკრძალული საგნები ან ნივთიერებები;

დ) მგზავრი რელიგიური ან სხვა მიზეზის გამო უარს აცხადებს შემოწმების პუნქტში ხელით შემოწმებაზე.

29. პირადი შემოწმება ხორციელდება ორი მოწმის თანდასწრებით, რომლებიც არიან შემოწმების ოპერატორები. შემოწმების ოპერატორი და მოწმეები უნდა იყვნენ იმავე სქესის, რომელი სქესისაცაა მგზავრი. აკრძალულია ერთ სათავსში ერთდროულად რამდენიმე მგზავრის პირადი შემოწმება.

30. პირადი შემოწმება ხორციელდება ხელით. დამატებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს ხელის მეტალმძებნი, ფეთქებადი ნივთიერების კვალის აღმომჩენი მოწყობილობა და ფეთქებადი ნივთიერების აღმომჩენი ძაღლები.

31. ხელით შემოწმების მეთოდი გამოიყენება მგზავრის მიერ სხეულზე გადასატანად აკრძალული საგნებისა და ნივთიერებებების არსებობის გამორიცხვის მიზნით. ხელით შემოწმება ხორციელდება თავიდან ფეხების მიმართულებით, ხელების თანმიმდევრული მოძრაობით, სხეულისა და ტანსაცმლის წინა და უკანა მხარეების გულდასმით შემოწმებით და მოიცავს შემდეგ ზონებს:

ა) თავსაბურავი;

ბ) თმა, თუ არსებობს ეჭვი, რომ მასში შეიძლება მოთავსებული იყოს გადასატანად აკრძალული საგანი ან ნივთიერება;

გ) სხეულის ზედა ნაწილი, ზედა ტანსაცმელი (ზურგი, საყელო, ზედა ტანსაცმლის გადანაკეცები, მხრები,

ჯიბეები, მკლავები, ყელსახვევი, ჰალსტუხი, კაშნე, პერანგი, პულოვერი და ა.შ );

დ) სხეულის ქვედა ნაწილი და ქვედა ტანსაცმელი (შარვალი, კაბა, შარვლის, ქვედაბოლოს სათავის ან სხვა ტანსაცმლის წელის გარშემოწერილობის გარე და შიდა მხარე, ქამარი, ჯიბეები, შარვლის, კაბის გადანაკეცები);

ე) ფეხსაცმელი (მაგ: მაღალქუსლიანი, სქელძირიანი ფეხსაცმელი, ჩექმა და ა.შ.), რომელიც იწვევს ეჭვს, რომ მასში შეიძლება მოთავსებული იყოს გადასატანად აკრძალული საგანი ან ნივთიერება;

ვ) ტანსაცმელსა თუ სხეულზე არსებული ყველა საეჭვოდ ამოზნექილი ზონა.

32. ხელით შემოწმებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს საყელოს, შარვლის, ქვედაბოლოს სათავის ან სხვა ტანსაცმლის წელის გარშემოწერილობას და ფეხსაცმელს, სადაც შეიძლება მოთავსებული იყოს გადასატანად აკრძალული საგანი. ხელით შემოწმება უნდა განხორცილდეს იმ სქესის შემოწმების ოპერატორის მიერ, რა სქესისაც არის მგზავრი.

33. მგზავრის სტატუსის არმქონე პირები, კონტროლირებად და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში დაშვებამდე, შემოწმებას გადიან იმავე წესებით, როგორც მგზავრები. ყველა საგანი, რომელიც თან აქვთ ამ პირებს, მოწმდება ისევე, როგორც მგზავრის ხელბარგი და/ან თანმქონი ნივთები.

34. მგზავრები, რომელთაც ვენის 1961 წლის კონვენციის „ვენის კონვენცია დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ“ შესაბამისად მინიჭებული აქვთ დიპლომატიური იმუნიტეტი, ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მათთან გათანაბრებული პირები, შემოწმებას გადიან აღნიშნული კონვენციით და აეროპორტის/ავიაგადამზიდველის „საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამის“ მოთხოვნების შესაბამისად.

35. სახელმწიფოს ამოსაცნობი ნიშნების მქონე დიპლომატიური ვალიზები (დიპლომატიური ფოსტა) არ მოწმდება, თუ ისინი დალუქულია და პირი, რომელსაც ეს ვალიზები გადააქვს, წარმოადგენს პირადობის დამადასტურებელ მოწმობას და ამ ვალიზების გადატანის უფლების დამადასტურებელ შესაბამის საბუთს. დიპლომატიური ფოსტის გახსნა ან შეყოვნება დაუშვებელია.

36. დიპლომატიური კურიერები და მათი პირადი ბარგი არ თავისუფლდება შემოწმებისგან და უნდა გაიარონ შემოწმება სხვა მგზავრების ანალოგიურად.

37. საგნები, რომელთაც გააჩნია შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებ(ებ)ის საიდუმლოობის გრიფი, მოწმდება გახსნის გარეშე. თუ წარმოიქმნება რაიმე ეჭვი საავიაციო უშიშროებასთან დაკავშირებით, ასეთი საგნები გადაზიდვას არ ექვემდებარება.

38.პოტენციურად დამრღვევი მგზავრების გადაყვანისას შესაბამისი ორგანო აცნობებს ავიაგადამზიდველს:

ა) მგზავრების რაოდენობას;

ბ) მგზავრების სახელებსა და გვარებს, გადაყვანის მიზეზს;

გ) ინფორმაციას მგზავრთან დაკავშირებული რისკის შესახებ;

დ) ბადრაგის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელებს, გვარებსა და თანამდებობებს;

ე) მგზავრთა და ბადრაგის საჰაერო ხომალდზე განთავსების გეგმას;

ვ) ინფორმაციას მგზავრთა სამგზავრო დოკუმენტების შესახებ.

39. პოტენციურად დამრღვევი მგზავრი მოწმდება ბადრაგის თანდასწრებით. აკძალულია ერთ საჰაერო ხომალდზე ერთზე მეტი საშიში ბრალდებული/მსჯავრდებულის ტრანსპორტირება.

40. პოტენციურად დამრღვევი მგზავრის ბადრაგი მოწმდება მგზავრის ანალოგიურად.

41. პოტენციურად დამრღვევი მგზავრების საჰაერო ხომალზე ჩასხდომა ხორციელდება სხვა მგზავრების ჩასხომის დაწყებამდე, ხოლო – დანიშნულების აეროპორტში პოტენციურად დამრღვევი მგზავრების გადმოსხდომა ხორციელდება ყველა სხვა მგზავრის მიერ საჰაერო ხომალდის დატოვების შემდეგ.

42. პოტენციურად დამრღვევი მგზავრის ბარგი და პირადი ნივთები გადაიზიდება საჰაერო ხომალდის საბარგო ნაკვეთურით.

43 .პოტენციურად დამრღვევი მგზავრების გადაყვანისას ავიაგადამზიდველი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს პოტენციურად დამრღვევი მგზავრების პირადი ნივთების, ხელბარგისა და ბარგის შემოწმების ორგანიზება;

გ) არ დაუშვას პოტენციურად დამრღვევი მგზავრების გასასვლელთან ან სხვა მგზავრების გვერდით მდებარე სავარძელში განთავსება;

დ) არ დაუშვას პოტენციურად დამრღვევი მგზავრებისა და მათი ბადრაგის მიერ სპირტიანი სასმელების მიღება;

ე) რეალური მდგომარეობის გათვალისწინებით, მიიღოს შემზღუდავი ხასიათის სხვა ზომები.

44.პოტენციურად დამრღვევი მგზავრების საჰაერო ხომალდში ჩასხდომამდე დროებით განსათავსებლად, ოთახის გამოყოფას უზრუნველყოფს აეროდრომის ექსპლუატანტი.

45.მგზავრი, რომელსაც აქვს იმპლანტირებული აპარატ(ებ)ი, გულის მოქმედების სტიმულატორ(ებ)ი, ექვემდებარება ხელით და/ან პირად (პირადი შემოწმების სათავსში) შემოწმებას ტექნიკური მოწყობილობების გამოყენების გარეშე.

46.მგზავრებისა და მგზავრის სტატუსის არმქონე პირების შემოწმებისას აღმოჩენილი სახიფათო საგნები და ნივთიერებები, რომლებიც არის თავისუფალ გაყიდვაში, მაგრამ მათი გადაზიდვა საჰაერო ხომალდის სალონით აკრძალულია, ექვემდებარება ჩამორთმევას და გადაყრას.

47. შემოწმებისას აღმოჩენილი არასანქცირებული იარაღი, საბრძოლო მასალა, ასაფეთქებელი მოწყობილობა, ფეთქებადი ნივთიერებები და სხვა სახიფათო საგნები და მოწყობილობები ამოიღება ამ წესის №2 დანართით გათვალისწინებული აქტის საფუძველზე და მათ მფლობელთან ერთად გადაეცემა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელს.

48. თუ შემოწმების განხორციელებისას შემოწმების ოპერატორს გაუჩნდა ეჭვი, რომ მგზავრს ან მგზავრის სტატუსის არმქონე პირს სხეულზე/ხელბარგში აქვს იარაღი, საბრძოლო მასალა, ასაფეთქებელი მოწყობილობა, მაქსიმალური ძალისხმევით, მათ შორის ფიზიკური ზემოქმედების გზით, უნდა ეცადოს აღკვეთოს პირის წვდომა იარაღთან/საბრძოლო მასალასთან/ასაფეთქებელ მოწყობილობასთან. ასეთ შემთხვევაში საავიაციო უშიშროების სამსახურის ცვლის უფროსმა დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს ოპერატიული ცენტრის ხელმძღვანელს, რომელიც სათანადო ზომების მისაღებად გადასცემს ინფორმაციას სამართალდამცავ ორგანოებს.

49. შემოწმების პუნქტში ასაფეთქებელი მოწყობილობის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გამოძახებული შესაბამისი სპეციალისტები (სახელმწიფო უშიშროების სამსახურის გამნაღმველთა ჯგუფი, სამაშველო რაზმის თანამშრომლები და სხვ.) სპეციალისტების მოსვლამდე, აღმოჩენილი ნივთიერებების გაუვნებელყოფის მიზნით, ნებისმიერი თვითნებური მოქმედება აკრძალულია.

50. შემოწმების პუნქტში სახიფათო ტვირთის გადაზიდვის ინსტრუქციის დარღვევით ტრანსპორტირებული სახიფათო ტვირთის აღმოჩენისას ან საშიში ნივთიერების გაჟონვის შემთხვევაში (მაგ.: მომწამლავი, ბიოლოგიურად საშიში, რადიოაქტიული ნივთიერება) შემოწმების ოპერატორი დაუყოვნებლივ აცნობებს საავიაციიო უშიშროების სამსახურის ცვლის უფროსს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტ(ებ)ის გამოძახების მიზნით. სპეციალისტების გამოყოფას უზრუნველყოფს აეროდრომის ექსპლუატანტი. 


მუხლი 10. ტრანზიტული და ტრანსფერული მგზავრების შემოწმება
1. ტრანზიტული და ტრანსფერული მგზავრების და მათი თანმქონი ნივთების და ხელბარგის შემოწმება აეროპორტში ხორციელდება, მგზავრთა შემოწმების ანალოგიურად სტერილურ ზონაში შესვლამდე და მათ შერევამდე სტერილურ ზონაში მყოფ შემოწმებაგავლილ იმ მგზავრებთან, რომელთათვისაც ეს პუნქტი წარმოადგენს გაფრენის საწყის პუნქტს.

2. შემოწმებაგაუვლელ მგზავრებთან კონტაქტის გამორიცხვის მიზნით, აეროპორტში შეიძლება მოეწყოს ჩამოფრენის/გაფრენის დარბაზები ტრანზიტული და ტრანსფერული მგზავრების განსათავსებლად. 

3. ტრანზიტული და ტრანსფერული მგზავრები არ დაიშვებიან თავიანთ ტრანზიტულ/ტრანსფერულ ბარგთან.

4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში ტრანზიტული და ტრანსფერული მგზავრები, მათ თანმქონ ნივთებთან და ხელბარგთან ერთად, ექვემდებარებიან განმეორებით შემოწმებას.

5. ტრანზიტული და ტრანსფერული მგზავრების ბარგი, მგზავრის მიერ ფრენის მარშრუტის შეცვლის შემთხვევაში, ექვემდებარება დამატებით შემოწმებას.

6. კორესპონდენციის გამცილებელ, შპს „საქართველოს ფოსტის“ საფელდეგერო სამსახურის თანამშრომლებს,  უფლება აქვთ დარჩნენ საჰაერო ხომალდზე შუალედური დაფრენის პუნქტებში და მოახდინონ კორესპონდენციის გაცვლა საჰაერო ხომალდის სალონში, პირადად დაესწრონ კორესპონდენციის ჩატვირთვას/ჩამოტვირთვას საბარგო ნაკვეთურებში/ნაკვეთურებიდან.


მუხლი 11. საბარგო ნაკვეთურით გადასაზიდი ბარგის შემოწმება  
1. საბარგო ნაკვეთურებით გადასაზიდი ბარგის შემოწმება ხორციელდება აეროპორტის შეზღუდული დაშვების დაცულ ზონაში შემავალ სპეციალურად გამოყოფილ ნაწილში. აეროპორტებში, რომელთა წლიური მგზავრთნაკადი არ აღემატება 100 000 მგზავრს, შემოწმებას ახორციელებს სულ მცირე, სამი შემოწმების ოპერატორი. აეროპორტებში, რომელთა წლიური მგზავრთნაკადი აღემატება 100 000 მგზავრს, მაგრამ 500 000 ნაკლებია შემოწმებას ახორციელებს სულ მცირე ხუთი, ხოლო აეროპორტებში 500 000-ზე მეტი მგზავრთნაკადით, სულ მცირე – რვა შემოწმების ოპერატორი.

2. შემოწმების ჯგუფი, რომელიც ახორციელებს საბარგო ნაკვეთურით გადასაზიდი ბარგის შემოწმებას, ვალდებულია:

ა) განახორციელოს საბარგო ნაკვეთურით გადასაზიდი ბარგის გამოსახულების ანალიზი, შემოწმების მეორე ეტაპზე;

ბ) დამატებით შეამოწმოს საბარგო ნაკვეთურით გადასაზიდი ბარგი, შემოწმების მესამე ეტაპზე;

გ) მოახდინოს შემოწმებული საბარგო ნაკვეთურით გადასაზიდი ბარგის დანომრილი სტიკერებით მარკირება;

დ) განახორციელოს ზედამხედველობა შემოწმებული და მარკირებული საბარგო ნაკვეთურით გადასაზიდი ბარგის საჰაერო ხომალდამდე ტრასნპორტირებაზე და ჩატვირთვაზე;

ე) არ დაუშვას შემოწმებაგავლილი და შემოწმებაგაუვლელი ბარგის შერევა;

ვ) მიიღოს გადაწყვეტილება მგზავრის დაუსწრებლად ბარგის ხელით შემოწმების თაობაზე;

ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესითა და შემთხვევებში, შემოწმების დროს აკრძალული საგნების და ნივთიერებების ამოღების დროს უზრუნველყოს სათანადო საბუთების გაფორმება;

 ზ) საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი ტექნიკური მოწყობილობებთან მუშაობისას დაიცვას უსაფრთხოების წესები;

თ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოვალეობანი.

3. საბარგო ნაკვეთურით გადასაზიდი ბარგის შემოწმება იმ აეროპორტებში, რომელთა წლიური მგზავრთნაკადი აღემატება 100 000 მგზავრს, ხორციელდება ავტომატიზებული, ფეთქებადი ნივთიერების აღმომჩენი, ევროპის სამოქალაქო ავიაციის კონფერენციის ოფიციალურ გამოცემაში - Doc 30 მითითებული, სულ მცირე მეორე სტანდარტის სისტემით აღჭურვილი რენტგენური მოწყობილობის საშუალებით, რომელიც უზრუნველყოფს პოტენციური საფრთხის შემცველი ბარგის ავტომატურ გამოვლენას.

4. საბარგო ნაკვეთურით გადასაზიდი ბარგის შემოწმება ხორციელდება სამ ეტაპად.

5. პირველ ეტაპზე ხორციელდება ბარგის შემოწმება ფეთქებადი ნივთიერების აღმომჩენი სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს პოტენციური საფრთხის შემცველი ჩანთების ავტომატურ გამოვლენას.

6. მეორე ეტაპზე ფეთქებადი ნივთიერების აღმომჩენი სისტემით აღჭურვილი დანადგარის მიერ პოტენციური საფრთხის შემცველი ბარგის აღმოჩენის შემთხვევაში, იგი მოწმდება რენტგენური დანადგარის საშუალებით, სადაც შემოწმების ოპერატორი ახორციელებს ბარგის გამოსახულების ანალიზს.

7. თუ შემოწმების ოპერატორი ვერ დარწმუნდა, რომ ბარგი არ შეიცავს გადასატანად აკრძალულ საგნებსა და ნივთიერებებს, ბარგი გადადის შემოწმების მესამე ეტაპზე.

8. მესამე ეტაპზე შემოწმება უნდა განხორციელდეს დამატებითი შემოწმების ერთი ან რამდენიმე მეთოდის გამოყენებით, როგორიცაა:

ა) უფრო მაღალი სტანდარტის მქონე ფეთქებადი ნივთიერების აღმომჩენი სისტემით აღჭურვილი მოწყობილობის საშუალებით (მაგ.: კომპიუტერული ტომოგრაფია);

ბ) იმავე სტანდარტის ფეთქებადი ნივთიერების აღმომჩენი სისტემით აღჭურვილი  მოწყობილობის საშუალებით, ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს ბარგის უფრო დეტალური შემოწმება;

გ) ხელით;

დ) მრავალგამოსახულებიანი რენტგენური დანადგარის არარსებობის შემთხვევაში, ერთგამოსახულებიანი რენტგენური დანადგარის საშუალებით, ბარგის სულ მცირე 600-დან 900-მდე შემობრუნებით, სხვა რაკურსით ან ორი სხვადასხვა რაკურსით შემოწმების მიზნით, შემოწმების იმავე სპეციალისტის მიერ;

ე) ფეთქებადი ნივთიერების აღმომჩენი ძაღლების საშუალებით;

ვ) ფეთქებადი ნივთიერების კვალის აღმომჩენი მოწყობილობის საშუალებით.

9. ბარგის ხელით შემოწმება მოიცავს ჩანთაში არსებული ყველა საგნის გულდასმით ხელით შემოწმებას.

10. თუ ბარგის დამატებითი შემოწმებისათვის გამოიყენება ფეთქებადი ნივთიერების აღმომჩენი ძაღლები ან ფეთქებადი ნივთიერების კვალის აღმომჩენი მოწყობილობა, ფეთქებადი ნივთიერების არსებობის ნიშნების გამოვლენისას, უნდა შემოწმდეს მთლიანი ჩანთა ან ის კონკრეტული საგნები, რომლებიც იწვევს ეჭვს.

11. თუ ბარგში არსებული საგნის სიმკვრივის გამო, რენტგენური დანადგარით შეუძლებელია მისი ანალიზი,ხორციელდება ამ ბარგის შემოწმება ამ წესით გათვალისწინებული სხვა მეთოდების გამოყენებით.

12. ფეთქებადი ნივთიერების კვალის აღმომჩენი მოწყობილობით შემოწმება ხორციელდება ჩანთის შიდა და გარე მხრიდან, ასევე მისი შიგთავსიდან შეგროვებული შესამოწმებელი მასალების ანალიზის საშუალებით. შიგთავსის შემოწმება დასაშვებია ხელითაც.

13. თუ ბარგის შემოწმება ხორციელდება ფეთქებადი ნივთიერების კვალის აღმომჩენი მოწყობილობით, რომელიც უზრუნველყოფს ნაწილაკების ანალიზს, შესამოწმებელი მასალები უნდა შეგროვდეს შემდეგი ზონებიდან:

ა) ჩანთის გარე ნაწილის იმ ზონებიდან, რომელთანაც მგზავრს აქვს ხშირი შეხება (მაგ.: „ელვა“ შესაკრავი, სახელური, ბალთა და ა.შ.);

ბ) ჩანთის შიდა ნაწილი, მათ შორის სარჩული და ბარგში მოთავსებული ყველა გაბარიტული ნივთი.

14. თუ ბარგის შემოწმება ხორციელდება ფეთქებადი ნივთიერების კვალის აღმომჩენი მოწყობილობით, რომელიც უზრუნველყოფს ჩანთიდან შეგროვებული ანაორთქლის ანალიზს, შესამოწმებელი მასალა უნდა შეგროვდეს სულ მცირე ჩანთის შიდა ნაწილიდან.

15. აეროპორტებში, რომელთა მგზავრთნაკადი არ აღემატება 100 000 მგზავრს, შემოწმება ხორციელდება ორ ეტაპად.

16. პირველი ეტაპზე ბარგი მოწმდება საფრთხის გამოსახულების პროეცირების სისტემით აღჭურვილი რენტგენური დანადგარით.

17. თუ შემოწმების ოპერატორი ვერ დარწმუნდა, რომ ბარგი არ შეიცავს გადასატანად აკრძალულ საგნებსა და ნივთიერებებს, ბარგი გადადის შემოწმების მეორე ეტაპზე.

18. მეორე ეტაპზე შემოწმება უნდა განხორციელდეს დამატებითი შემოწმების ერთი ან რამდენიმე მეთოდის გამოყენებით, როგორიცაა:

ა) ხელით;

ბ) მრავალგამოსახულებიანი რენტგენური დანადგარის არარსებობის შემთხვევაში, ერთგამოსახულებიანი რენტგენური დანადგარის საშუალებით, ბარგის სულ მცირე 600-დან 900-მდე შემობრუნებით, სხვა რაკურსით ან ორი სხვადასხვა რაკურსით შემოწმების მიზნით, შემოწმების იმავე სპეციალისტის მიერ;

გ) ფეთქებადი ნივთიერების აღმომჩენი ძაღლების საშუალებით;

დ) ფეთქებადი ნივთიერების კვალის აღმომჩენი მოწყობილობის საშუალებით.

19. შემოწმების შემდეგ საბარგო ნაკვეთურით გადასაზიდი ბარგი მარკირდება დანომრილი სტიკერებით საავიაციო უშიშროების სამსახურის მიერ.

20. საბარგო ნაკვეთურით გადასაზიდი ბარგი უნდა იყოს დაცული არასანქცირებული წვდომისაგან, მისი გადასაზიდად მიღების მომენტიდან, საჰაერო ხომალდის გამგზავრებამდე. ის ბარგი, რომელიც არ იყო დაცული არასანქცირებული წვდომისაგან, უნდა შემოწმდეს განმეორებით.

21. მგზავრს არ უნდა ჰქონდეს წვდომა შემოწმებაგავლილ ბარგთან. გამონაკლის შემთხვევებში მგზავრს შეიძლება მიეცეს ბარგთან წვდომის უფლება (მაგ.: სასიცოცხლო მნიშვნელობის მედიკამენტების, ბავშვთა/ სპეციალური კვების, მაღალი მატერიალური ფასეულობის ნივთის ბარგში ჩადების ან ამოღების მიზნით) საავიაციო უშიშროების სამსახურის ცვლის უფროსის გადაწყვეტილებით, საავიაციო უშიშროების წარმომადგენლის ზედამხედველობით, რათა გამოირიცხოს ბარგში გადასატანად აკრძალული საგნებისა და ნივთიერებების მოთავსება ან იმ საგნების ამოღება, რომლის შეტანა აკრძალულია აეროპორტის შეზღუდული დაშვების დაცულ, სტერილურ ზონებში და საჰაერო ხომალდზე.

22. მგზავრის ბარგი, იმ საჰაერო ხომალდზე, რომელსაც არ გააჩნია იზოლირებული საბარგო ნაკვეთური, უნდა განთავსდეს ისე, რომ ფრენის პერიოდში მგზავრს არ ჰქონდეს ბარგთან წვდომის საშუალება.

23. ავიაგადამზიდველმა უნდა უზრუნველყოს მგზავრისადმი ბარგის კუთვნილების დადგენის პროცედურის განხორციელება, რომელიც შეიძლება შესრულდეს ფიზიკური, ნახევრად ავტომატიზებული ან ავტომატიზებული მეთოდის გამოყენებით. პროცედურის შესრულება უნდა დადასტურდეს საბარგო უწყისზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერით.

24. რეგისტრაციის პროცესში დასაშვებია მგზავრთა ბარგის გაერთიანება, ბარგის დაშვებული წონის გაზიარების მიზნით, მაგრამ სავალდებულოა თითოეულმა მგზავრმა ჩააბაროს კუთვნილი ბარგი ინდივიდუალურად, რათა მოხდეს თითოეულ ბარგზე ინდივიდუალური საბარგო საჭდის გაცემა.

25. მგზავრთა ჯგუფის (მაგ.: სპორტსმენების, მუსიკოსების და ა.შ.) რეგისტრაციის პროცესში დასაშვებია მგზავრთა ბარგის გაერთიანება ბარგის დაშვებული წონის გაზიარების მიზნით, ასევე დასაშვებია მთელი ჯგუფის ბარგის ერთ პირზე გაფორმება, იმ პირობით, რომ ჯგუფის რომელიმე წევრის გამოუცხადებლობის შემთხვევაში განხორციელდება მგზავრისადმი ბარგის კუთვნილების დადგენის ფიზიკური პროცედურა (ჯგუფის თითოეული წევრი ამოიცნობს საკუთარ ბარგს). იმ შემთხვევაში, თუ ჯგუფის წევრების ნივთები განთავსებულია საზიარო ჩანთაში და თითოეულ მგზავრს არ გააჩნია საკუთარი ინდივიდუალური ბარგის ადგილი, უნდა მოიხსნას ჯგუფზე გაფორმებული ბარგის ყველა ადგილი და განხორციელდეს მათი ხელმეორედ შემოწმება.

26. საბარგო საჭდეების არასანქცირებული წვდომისა და არასანქცირებული გამოყენების თავიდან აცილების მიზნით შემოწმების განმახორციელებელმა ავიასაწარმომ უნდა განახორციელოს საჭდეების დამზადებისათვის განკუთვნილი მასალის დაცვა და წინასწარ დაბეჭდილი საბარგო საჭდეების დაცვა და აღრიცხვა.

27. ხელბარგი, რომელიც ამა თუ იმ მიზეზის გამო განთავსებულ იქნება საჰაერო ხომალდის საბარგო ნაკვეთურში, ინარჩუნებს ხელბარგის სტატუსს მთელი ფრენის განმავლობაში. უნდა არსებობდეს ხელბარგის მგზავრისადმი კუთვნილების დადგენის პროცედურა, რომლის საფუძველზე განხორციელდება საჰაერო ხომალდიდან მოხსნილი მგზავრის ხელბარგის მოხსნა, რომელიც განთავსებული იყო საბარგო ნაკვეთურში.

28. არათანხლები ბარგის შემოწმება ხორციელდება საბარგო ნაკვეთურით გადასაზიდი ბარგის შემოწმების ანალოგიურად.

29. თუ ტრანზიტული ბარგი რჩება საჰაერო ხომალდზე და დაცულია არასანქცირებული წვდომისაგან, თავისუფლდება შემოწმების პროცედურისაგან.

30. ტრანსფერული ბარგი უნდა შემოწმდეს ამ წესით გათვალისწინებული საბარგო ნაკვეთურით გადასაზიდი ბარგის შემოწმებისათვის გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით. ბარგის შემოწმების პუნქტამდე ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს ავიაგადამზიდველი.

31. ბარგის ხელით შემოწმება შეიძლება განხორციელდეს როგორც მგზავრის თანდასწრებით, ასევე მის დაუსწრებლად. მგზავრის დასწრებას მისი ბარგის ხელით შემოწმებაზე, შემმოწმებლის მოთხოვნით უზრუნველყოფს ავიაგადამზიდველის წარმომადგენელი.

32. მგზავრის დაუსწრებლად ბარგის ხელით შემოწმებახორციელდება, როდესაც მგზავრმა დაარეგისტრირა ბარგი, მიიღო რეგისტრირებული ბარგის საჭდე და შემდგომ, მიუხედავად ავიაგადამზიდველის წარმომადგენლის მიერ მგზავრის უშედეგო ძებნისა და აეროპორტის შიდა რადიოქსელით არაერთჯერადი (არანაკლებ სამი) გამოცხადებისა, არ გამოცხადდა საკუთარი ბარგის შემოწმებაზე მგზავრთა რეგისტრაციის დამთავრებამდე. შემოწმება უნდა განხორციელდეს ჩაკეტილი სატელევიზიო სისტემით მეთვალყურეობის ქვეშ. ბარგში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის აშკარა ნიშნებისას, ამ პუნქტით განსაზღვრული წესით დაუყოვნებლივ მიიღება გადაწყვეტილება მგზავრის დაუსწრებლად ბარგის შემოწმების თაობაზე. იმ მგზავრის ბარგის გადაზიდვა, რომელიც არ გამოცხადდა ჩასხდომაზე, აკრძალულია.

33. ამ წესის მოთხოვნათა შესაბამისად, მგზავრის დაუსწრებლად მისი კუთვნილი ბარგის შემოწმების შემთხვევაში, ფორმდება მგზავრის დაუსწრებლად ბარგის შემოწმების აქტი (დანართი №3). აქტი დგება ორ ეგზემპლარად, ერთი ასლი რჩება საავიაციო უშიშროების სამსახურში, მეორე, მგზავრის ინფორმირების მიზნით, თავსდება ბარგში. შემოწმებული ბარგის შეკვრას უზრუნველყოფს ავიაგადამზიდველის წარმომადგენელი, ავიაგადამზიდველის წარმომადგენლის არარსებობის შემთხვევაში – საავიაციო უშიშროების სამსახურის თანამშრომელი. 


მუხლი 12. ტვირთის/ფოსტის, ბორტკვების, თანმდევი საშუალებების, საჰაერო ხომალდის საბორტო/აეროპორტის  მარაგის, ავიაგადამზიდველის ფოსტის, ავიაგადამზიდველის მასალების შემოწმება 
1. საჰაერო ხომალდზე ჩატვირთვამდე/კონტროლირებად და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში შეტანამდე, ტვირთი/ფოსტა, ბორტკვება და თანმდევი საშუალებები, საჰაერო ხომალდის საბორტო/აეროპორტის მარაგი, ავიაგადამზიდველის ფოსტა,ავიაგადამზიდველის მასალები ექვემდებარება შემოწმებას.

2. სახიფათო ტვირთების საჰაერო ხომალდით გადაზიდვა ხორციელდება „საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების შესახებ“ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს 2013 წლის 27 დეკემბრის №263 ბრძანების მოთხოვნათა შესაბამისად.

3. ტვირთი/ფოსტა არ გადაიზიდება, თუ იგი არ იქნა შემოწმებული ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.

4. ავიაგადამზიდველს უფლება აქვს გადასაზიდად მიიღოს მხოლოდ ის ტვირთი, რომელიც მოწოდებულია სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული საავიაციო სატვირთო ტერმინალის მიერ და მას თან ახლავს უშიშროების დეკლარაცია.

5. გამონაკლისის სახით, შემოწმებისგან გათავისუფლდება:

ა) ის ტვირთი, რომლებიც შეიძლება დაზიანდეს მისი შემოწმების განხორციელების პროცესში და მოწოდებულია სამედიცინო დაწესებულების მიერ შესაბამისი დოკუმენტაციის თანხლებით:

ა.ა) სასიცოცხლო მნიშვნელობის ბიოლოგიური მასალა (როგორიცაა: სისხლი, ორგანოები, ქსოვილები. ლაბორატორიული კვლევისათვის განკუთვნილი მასალა და ა.შ.);

ა.ბ) სამედიცინო დანიშნულების მალფუჭებადი ტვირთი (როგორიცაა: ვაქცინები, მედიკამენტები და ა.შ.).

შენიშვნა: დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს გამგზავნის: მისამართს, ინფორმაციას საქმიანობის შესახებ, კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდს ან კომპანიის სარეგისტრაციო ნომერს, ინფორმაციას უშუალოდ ტვირთისა და ტვირთმიმღების შესახებ. უნდა განხორციელდეს სატვირთო ტერმინალის წინასწარი ინფორმირება სასიცოცხლო მნიშვნელობის ბიოლოგიური მასალის, სამედიცინო დანიშნულების მალფუჭებადი ტვირთის გადაზიდვის შესახებ. ადამიანის ორგანოთა ექსპორტისათვის, დამატებით, სავალდებულოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანხმობა, „ადამიანის ორგანოთა ექსპორტ-იმპორტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის №194 დადგენილების შესაბამისად.

ბ) ბირთვული მასალა, რომლის მიმართაც გატარებულია 1980 წლის 3 მარტის, ნიუ-იორკისა და ვენის კონვენციით ,,ბირთვული მასალების ფიზიკური დაცვა“ გათვალისწინებული დაცვის ზომები, დამუშავებული, შეფუთული და მარკირებულია სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, დადგენილი ტექნიკური ინსტრუქციების (Doc 9284) შესაბამისად.

შენიშვნა: ამ პუნქტით გათვალისწინებული მასალების, მალფუჭებადი ტვირთის მიმართ ეჭვის არსებობის შემთხვევაში, აღნიშნული, გახსნის გარეშე უბრუნდება გამგზავნს.

6. თუ საქართველოს სამოქალაქო აეროპორტებში შემოსული ტრანზიტული ტვირთი/ფოსტა რჩება საჰაერო ხომალდზე და დაცულია არასანქცირებული წვდომისაგან, თავისუფლდება შემოწმების პროცედურისაგან.

7. საქართველოს სამოქალაქო აეროპორტებში შემოსული ტრანსფერული ტვირთი/ფოსტა უნდა შემოწმდეს ამ წესით დადგენილი ყველა მოთხოვნის დაცვით.

8. ტვირთი/ფოსტა უნდა შემოწმდეს:

ა) იმ საშუალებებითა და მეთოდებით, რომელიც შესაბამისი იქნება კონკრეტული ტვირთის/ფოსტის სახეობის გათვალისწინებით;

ბ) იმ სტანდარტის ტექნიკური მოწყობილობითა და მეთოდებით, რომელიც უზრუნველყოფს ტვირთის/ფოსტის ეფექტურ შემოწმებას.

9. თუ შემოწმების ოპერატორი ტვირთის/ფოსტის სხვადასხვა მეთოდებით შემოწმების შემდეგ ვერ რწმუნდება, რომ ტვირთი/ფოსტა არ შეიცავს გადასატანად აკრძალულ საგნებსა და ნივთიერებებს, ასეთი სახის ტვირთი/ფოსტა არ გადაიზიდება საჰაერო ხომალდით.

10. ტვირთი/ფოსტა უნდა შემოწმდეს ერთი ან რამდენიმე მეთოდის გამოყენებით:

ა) ხელით;

ბ) რენტგენური დანადგარით;

გ) ფეთქებადი ნივთიერების აღმომჩენი სისტემით აღჭურვილი მოწყობილობით;

დ) ფეთქებადი ნივთიერების აღმომჩენი ძაღლებით;

ე) ფეთქებადი ნივთიერების კვალის აღმომჩენი მოწყობილობით;

ვ) ვიზუალურად;

ზ) მეტალმძებნით.

11. შემოწმების პუნქტში, მუშაობის მთელი პერიოდის განმავლობაში უნდა განხორციელდეს სამუშაო ადგილებზე შემოწმების ოპერატორების როტაცია. რენტგენური დანადგარის მონიტორის ეკრანზე უწყვეტი დაკვირვების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს, ხოლო შესვენება არ უნდა იყოს 40 წუთზე ნაკლები.

12. ხელით შემოწმების დროს უნდა განხორციელდეს ტვირთში/ფოსტაში არსებული ყველა საგნის გულდასმით შემოწმება.

13. თუ ტვირთის/ფოსტის სიღრმე, რომელშიც უნდა შეაღწიოს რენტგენურმა სხივმა, აღემატება 130 სმ-ს, მრავალგამოსახულებიანი რენტგენური დანადგარის არ არსებობის შემთხვევაში, ერთგამოსახულებიანი რენტგენური დანადგარით შემოწმებისას, ხორციელდება ტვირთის/ფოსტის შემობრუნება სულ მცირე 600-დან 900-მდე. შემოწმება ხორციელდება ორი სხვადასხვა რაკურსით შემოწმების იმავე სპეციალისტის მიერ.

14. ფეთქებადი ნივთიერების კვალის აღმომჩენი მოწყობილობით შემოწმება მოიცავს ნაწილაკების ან ანაორთქლის ანალიზს, რომელიც აღებულია ტვირთის/ფოსტის გარე და შიდა ნაწილებიდან და მისი შიგთავსიდან. ნაწილაკების ანაორთქლის შესამოწმებელი მასალა გროვდება სულ მცირე შემდეგი ზონებიდან:

ა) შიდა და გარე ნაწიბურებიდან;

ბ) გარე ზედაპირის ორი მხრიდან, მათ შორის დამცავი შეფუთვის არსებობისას, შეფუთვის შიგნით არსებული ზედაპირებიდან;

გ) ზონებიდან, რომელთანაც ხორციელდება ხელით შეხება;

დ) იმ ზონიდან, რომელსაც აღენიშნება არასანქცირებული წვდომის ნიშნები.

15. ფეთქებადი ნივთიერების კვალის აღმომჩენი მოწყობილობა გამოიყენება შემოწმების სხვა მეთოდთან კომბინაციაში იმ შემთხვევაში, თუ:

ა) ვერ ხორციელდება ამ მუხლის მე-14 პუნქტის ,,ა’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით მოცემულ ზონებთან წვდომა; და/ან

ბ) ტვირთის/ფოსტის ზედაპირი სველი ან ტენიანია; და/ან

გ) ტვირთი/ფოსტა ისეა შეფუთული ან დაცული, რომ ვერ ხორციელდება შესამოწმებელი მასალის სრულყოფილად შეგროვება.

16. ვიზუალური შემოწმება მოიცავს ტვირთის/ფოსტის გულდასმით ვიზუალურ დათვალიერებას არასანქცირებული წვდომის ნიშნების გამორიცხვის მიზნით და დასაშვებია მხოლოდ:

ა) სხვა მეთოდებთან კომბინაციაში;

ბ) ისეთი ტვირთის/ფოსტის შემოწმებისათვის, რომლის ყველა ნაწილის დათვალიერება შესაძლებელია დამხმარე საშუალებების გამოყენების გარეშე;

გ) ცხოველების შემოწმებისათვის.

17. მეტალმძებნი მოწყობილობა გამოიყენება მხოლოდ იმ ტვირთის/ფოსტის შესამოწმებლად, რომელიც არ მოიცავს ლითონის ნაწილებს.

18. ტვირთი/ფოსტა უნდა იყოს დაცული არასანქცირებული წვდომისაგან, მისი შემოწმების მომენტიდან, საჰაერო ხომალდის გაფრენამდე.

19. ტვირთი/ფოსტა, რომელიც არ იყო დაცული არასანქცირებული წვდომისაგან, უნდა შემოწმდეს განმეორებით.

მაღალი რისკის ტვირთი/ფოსტა უნდა შემოწმდეს დამატებით შემდეგი საშუალებებით:

ა) ფეთქებადი ნივთიერების აღმომჩენი სისტემით აღჭურვილი მოწყობილობით, რომელიც შეესაბამება სულ მცირე მეორე სტანდარტს ევროპის სამოქალაქო ავიაციის კონფერენციის ოფიციალური გამოცემის Doc-30 მე-12 თავის შესაბამისად;

ბ) ორი ან მეტი შემოწმების მეთოდის კომბინაციით, გარდა ფეთქებადი ნივთიერების კვალის აღმომჩენი მოწყობილობისა, ხოლო შემდგომ ფეთქებადი ნივთიერების აღმომჩენი ძაღლებით ან ფეთქებადი ნივთიერების კვალის აღმომჩენი მოწყობილობის გამოყენებით;

გ) 500 გრ-ზე ნაკლები ტვირთი/ფოსტა მოწმდება ორგამოსახულებიანი ან ერთგამოსახულებიანი რენტგენური დანადგარის საშუალებით, ბარგის სულ მცირე 600-დან 900-მდე შემობრუნებით, ორი სხვადასხვა რაკურსით შემოწმების მიზნით.

19. შემოწმების შემდეგ ტვირთი/ფოსტა მარკირდება დანომრილი სტიკერებით, შემოწმების შესახებ კეთდება აღნიშვნა საავიაციო სატვირთო ზედნადების და უწყისის ყველა ეგზემპლარში.

20. ტვირთის შემოწმების შესახებ, ამ წესის დანართის №7 შესაბამისად, დგება ტვირთის უშიშროების დეკლარაცია, რომელიც თან ახლავს ტვირთს ტრანსპორტირების მთელ მანძილზე.

21. ტვირთში/ფოსტაში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის ნიშნების აღმოჩენისას, ტვირთი/ფოსტა არ იხსნება, არ გადაადგილდება და ხორციელდება პასუხისმგებელი პირის მიერ აეროპორტის ოპერატიული ცენტრის ხელმძღვანელთან დაკავშირება, რომელიც უზრუნველყოფს შსს-ს განმნაღმველთა ჯგუფის გამოძახებას.

22. ტვირთი/ფოსტა, რომლებიც გადაიზიდება შპს „საქართველოს ფოსტის“ საფელდეგერო სამსახურის თანამშრომლების თანხლებით და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე საერთაშორისო ორგანიზაციების და დაწესებულებების სხვა ოფიციალური კორესპონდენცია (შემდგომ – სპეციალური ბარგი) მოწმდება გახსნის გარეშე ტექნიკური მოწყობილობების გამოყენებით, არ ექვემდებარება ხელით შემოწმებას და დაკავებას.

23. დიპლომატიურ ფოსტას, საკონსულო ვალიზებს და მათთან გათანაბრებულ სხვა ოფიციალურ კორესპონდენციას უნდა გააჩნდეს თვალსაჩინო გარე ნიშნები (საკეტები, ე.წ. სურგუჩის ბეჭედი, დალუქული საჭდეები, დანიშნულების და გამგზავნი პუნქტების ჩვენებით), ხოლო დიპლომატიურ კურიერებს თან უნდა ჰქონდეთ საკურიერო ფურცლები.

დიპლომატიურ გზავნილში (კორესპონდენციაში), გადასატანად აკრძალული სახიფათო საგნების ან ნივთიერებების არსებობაზე ეჭვის შემთხვევაში, (კორესპონდენცია) ექვემდებარება მისი გამგზავნისათვის დაბრუნებას, გახსნის გარეშე.

24. დიპლომატიური გზავნილი (კორესპონდენცია), აგრეთვე სპეციალური ბარგის სხვა სახეობები, მარკირდება დანომრილი სტიკერებით და საავიაციო სატვირთო ზედნადებში და უწყისში კეთდება აღნიშვნა შემოწმების ჩატარების შესახებ.

25. ტვირთის/ფოსტის, ბორტკვებისა და თანმდევი საშუალებების, საჰაერო ხომალდის საბორტო მარაგის, აეროპორტის მარაგის, ავიაგადამზიდველის ფოსტის,ავიაგადამზიდველის მასალების შემოწმებისას აღმოჩენილი გადასატანად აკრძალული საგნები და ნივთიერებები ამოიღება შესაბამისი აქტის (დანართი №2) გაფორმებით, ორ ან მეტ (საჭიროების შემთხვევაში) ეგზემპლარად. ის ამოღებული საგნები და ნივთიერებები, რომლებიც თავისუფალ გაყიდვაშია, გადაეცემა ამ საგნების/ნივთიერებების გამგზავნს.

26. ტვირთი/ფოსტა, ბორტკვება და თანმდევი საშუალებები, საბორტო მარაგი, ავიაგადამზიდველის ფოსტა,ავიაგადამზიდველის მასალები დაკავდება და საჰაერო ხომალდის გადასაზიდად (გასაცემად) არ დაიშვება, თუ მათში აღმოჩენილ იქნა გადასატანად აკრძალული საგნები და ნივთიერებები.

27. საჰაერო ხომალდის ბორტკვებისა და მისი მოსამზადებელი მოწყობილობების შემოწმება ხორციელდება მათი კომპლექტაციის ადგილებში მოწყობილ შემოწმების პუნქტებში, შემოწმების ოპერატორების მიერ.

28. ბორტკვება და თანმდევი საშუალებები, აეროპორტის/საბორტო მარაგი, ავიაგადამზიდველის ფოსტა,ავიაგადამზიდველის მასალები უნდა შემოწმდეს:

 ა) იმ საშუალებებითა და მეთოდებით, რომელიც შესაბამისი იქნება შესამოწმებელი მასალის სახეობის გათვალისწინებით;

ბ) იმ სტანდარტის ტექნიკური მოწყობილობითა და მეთოდებით, რომელიც უზრუნველყოფს მის ეფექტურ შემოწმებას.

29. ავიაგადამზიდველის ბორტკვება და თანმდევი საშუალებები, აეროპორტის/საბორტო მარაგი, ავიაგადამზიდველის ფოსტა, ავიაგადამზიდველის, ავიაგადამზიდველის მასალები უნდა შემოწმდეს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე მეთოდის გამოყენებით:

ა) ვიზუალურად;

ბ) ხელით;

გ) რენტგენური დანადგარით;

დ) ფეთქებადი ნივთიერების აღმომჩენი სისტემით აღჭურვილი მოწყობილობით;

ე) ფეთქებადი ნივთიერების კვალის აღმომჩენი მოწყობილობით ვიზუალურ დათვალიერებასთან კომბინაციაში და/ან ფეთქებადი ნივთიერების აღმომჩენი ძაღლებით, ვიზუალურ დათვალიერებასთან კომბინაციაში.

30. ბორტკვებისა და თანმდევი საშუალებების, აეროპორტის/საბორტო მარაგის, ავიაგადამზიდველის ფოსტის, ავიაგადამზიდველის მასალების ვიზუალური შემოწმება მოიცავს მათ გულდასმით ვიზუალურ დათვალიერებას და დაიშვება მხოლოდ ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი მეთოდის გამოყენებით:

ა) სხვა მეთოდებთან კომბინაციაში;

ბ) როდესაც ყველა ნაწილის დათვალიერება შესაძლებელია დამხმარე საშუალებების გამოყენებით ან მათ გარეშე;

გ) როდესაც შესამოწმებელი მასალა იმ სახისაა, რომ მასში ფიზიკურად შეუძლებელია  გადასატანად აკრძალული საგნების ან ნივთირერების მოთავსება;

დ) როდესაც ფეთქებადი ნივთიერების კვალის აღმომჩენი მოწყობილობა ან ფეთქებადი ნივთიერების აღმომჩენი ძაღლები არ არის ხელმისაწვდომი, ხოლო შესამოწმებელი მასალის ზომა, წონა და სახეობა არ იძლევა რენტგენური დანადგარით, ფეთქებადი ნივთიერების აღმომჩენი სისტემით აღჭურვილი დანადგარით ან ხელით შემოწმების საშუალებას.

31. ბორტკვებისა და თანმდევი საშუალებების, აეროპორტის/საბორტო მარაგის, ავიაგადამზიდველის ფოსტის/ავიაგადამზიდველისმასალების ფეთქებადი ნივთიერების აღმომჩენი სისტემით აღჭურვილი დანადგარით შემოწმებისას შემოწმების ოპერატორმა უნდა მოახდინოს ყველა გამოსახულების ანალიზი.

32. თუ ცნობილი მიმწოდებელი, რომელიც უზრუნველყოფს აეროპორტის მარაგის მოწოდებას, არ არის დამამზადებელი ან არ გააჩნია დამამზადებელთან გაფორმებული ხელშეკრულება ამ წესის №6 დანართის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იგი ვალდებულია განახორციელოს აეროპორტის მარაგის შემოწმება ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

33. ცნობილი მიმწოდებლის მიერ მოწოდებული აეროპორტის მარაგი, მათ შორის საგ/აგდპ კონტროლირებად და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში დაიშვება დამატებითი შემოწმების გარეშე, მიმღების მიერ ხორციელდება მხოლოდ ვიზუალური დათვალიერება, რათა გამოირიცხოს მასზე არასანქცირებული წვდომის ნიშნების არსებობა.

34. იმ მიმწოდებლის მიერ მიწოდებული აეროპორტის მარაგი, მათ შორის საგ/აგდპ, რომელსაც არ აქვს აეროდრომის ექსპლუატანტთან გაფორმებული ვალდებულებების დეკლარაცია და არ გააჩნია ცნობილი მიმწოდებელის სტატუსი ექვემდებარება შემოწმებას აეროპორტის კონტროლირებად და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში შეტანამდე ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით, აეროდრომის ექსპლუატანტის მიერ.

35. თუ ცნობილი მიმწოდებლის მიერ მოწოდებულ აეროპორტის მარაგს აღმოაჩნდა არასანქცირებული წვდომის ნიშნები, ან არსებობს ინფორმაცია საფრთხის შესახებ, მარაგი ექვემდებარება დამატებით შემოწმებას აეროდრომის ექსპლუატანტის მიერ.

36. ბორტკვების თანმდევი საშუალებებისა და საბორტო მარაგის რეგულირებადი მიმწოდებელის მიერ (შემდეგში – რეგულირებადი მიმწოდებელი) მიწოდებული მარაგი საჰაერო ხომალდზე დაიშვება დამატებითი შემოწმების გარეშე. მიმღების მიერ ხორციელდება მხოლოდ ვიზუალური დათვალიერება, რათა გამოირიცხოს მასზე არასანქცირებული წვდომის ნიშნების არსებობა.

37. რეგულირებადი მიმწოდებელი ვალდებულია განახორციელოს ბორტკვების, თანმდევი საშუალებებისა და საბორტო მარაგის, მათ შორის საგ/აგდპ-ს შემოწმება ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

38. იმ მიმწოდებლის მიერ მიწოდებული ბორტკვება, თანმდევი საშუალებები და საბორტო მარაგი, მათ შორის საგ/აგდპ, რომელსაც არ აქვს სააგენტოში წარმოდგენილი ვალდებულებების დეკლარაცია (დანართი №10) და არ გააჩნია რეგულირებადი მიმწოდებელის სტატუსი ან წარმოადგენს აეროპორტის მარაგის ცნობილ მიმწოდებელს, ექვემდებარება შემოწმებას საჰაერო ხომალდზე დატვირთვამდე, ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით, ავიაგადამზიდველის მიერ.

39. თუ რეგულირებადი მიმწოდებლის მიერ მოწოდებულ ბორტკვებას, თანმდევ საშუალებებს და საბორტო მარაგს აღმოაჩნდა არასანქცირებული წვდომის ნიშნები, ან არსებობს ინფორმაცია საფრთხის შესახებ, მარაგი ექვემდებარება დამატებით შემოწმებას ავიაგადამზიდველის მიერ.

40. ბორტკვების შემოწმების დამთავრების შემდეგ, საბორტო კვების თითოეული კონტეინერი მარკირდება დანომრილი სტიკერებით/ლუქებით, შემოწმების შესახებ კეთდება აღნიშვნა საავიაციო სატვირთო ზედნადებში.

41. აეროპორტის/საბორტო მარაგი, ბორტკვება და თანმდევი საშუალებები, მათ შორის საგ/აგდპ უნდა იყოს დაცული აეროპორტის კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში დასაწყობების მომენტიდან მათ გამოყენებამდე.

42. აგდპ-ების მარაგი ჩაითვლება დაცულად არასანქცირებული წვდომისაგან, თუ ისინი ფიზიკურად არის დაცული ან არის მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ.

43. აგდპ-ების მარაგი აეროპორტის კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში უნდა იქნეს მიწოდებული ისეთი შეფუთვით, რომელსაც არასანქცირებული წვდომისას დაეტყობა არასანქცირებული წვდომის ნიშნები.

44. საჰაერო ხომალდზე ტვირთის/ფოსტის, საბორტო მარაგის, ბორტკვებისა და თანმდევი საშუალებების, ავიაგადამზიდველის ფოსტის, ავიაგადამზიდველის მასალების ჩატვირთვის კონტროლს ახორციელებენ ავიაგადამზიდველის/აეროდრომის ექსპლუატანტის საავიაციო უშიშროების სამსახურის თანამშრომლები.


მუხლი 13. შემოწმების ჩატარების ვადები
1. შემოწმების პროცესმა არ უნდა გაზარდოს გამფრენი მგზავრების მომსახურების ხანგრძლივობა და არ უნდა იმოქმედოს შესრულებული ფრენების რეგულარობაზე, რის უზრუნველსაყოფადაც საავიაციო უშიშროების სამსახური პერიოდულად აცნობებს ავიაგადამზიდველის წარმომადგენელს და/ან საჰაერო ხომალდის მეთაურს შემოწმების მიმდინარეობაზე. შემოწმების მიზნით/მიზეზით საჰაერო ხომალდის გაფრენის დაყოვნება თანხმდება ავიაგადამზიდველის წარმომადგენელთან და საჰაერო ხომალდის მეთაურთან. შეუთანხმებლობის შემთხვევაში, საჰაერო ხომალდის მეთაურის გადაწყვეტილების შესაბამისად, ფრენა სრულდება და ფრენის შესრულების მოქმედი ნორმების მოთხოვნების დაცვით გადაიყვანება/გადაიზიდება მხოლოდ შემოწმებაგავლილი მგზავრი, ბარგი, ტვირთი/ფოსტა, ბორტკვება და თანმდევი საშუალებები, საბორტო მარაგი.

2. ფრენის დაყოვნების გამორიცხვის მიზნით, შემოწმების დაწყება და დამთავრება განისაზღვრება საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ტექნოლოგიური გრაფიკით, რომელსაც შეიმუშავებს შემოწმების განმხორციელებელი ავიასაწარმო და  რომელიც მტკიცდება აეროპორტის კომიტეტის მიერ.

3. აეროპორტის და/ან ავიაგადამზიდველის შესაბამისი სამსახურის ცვლის უფროსი, ფრენის  დაყოვნების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დროულად ატყობინებს საავიაციო უშიშროების სამსახურის შემოწმების ცვლის უფროსს.

4. მგზავრის, მისი თანმქონი ნივთების, ხელბარგის ან სხვა შემოწმების ჩატარებასთან დაკავშირებული მიზეზით, მგზავრის ფრენაზე დაგვიანების შემთხვევაში, მისი შემდგომ გამგზავრებას უზრუნველყოფს ავიაგადამზიდველი.


მუხლი 14. რეგულირებადი  მიმწოდებელი  
1. რეგულირებად მიმწოდებლად ინიშნება მეწარმე იურიდიული პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს.
2.  რეგულირებად მიმწოდებლად დანიშვნას, დანიშვნაზე უარის თქმას, საქმიანობის შეჩერებას, განახლებას, სტატუსის გაუქმებას და საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს ავიაგადამზიდველი, სააგენტოს თანხმობით.
3.  რეგულირებად მიმწოდებლად დასანიშნად განმცხადებელმა ავიაგადამზიდველს უნდა წარუდგინოს:

ა) საწარმოს უფლებამოსილი პირის მიერ შევსებული და ხელმოწერილი განცხადება  (დანართი №12);

ბ) საავიაციო უშიშროების პროგრამა, რომელშიც გაწერილი იქნება ყველა ის ზომა, რომელიც განსახორციელებელია რეგულირებადი მიმწოდებლის მიერ ამ წესის თანახმად. პროგრამა უნდა მოიცავდეს საავიაციო უშიშროების ხარისხის შიდა კონტროლის ღონისძიებებს, საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ზომების შემოწმების, შეფასების და მათი ეფექტიანობის ამაღლების მიზნით;

გ) საავიაციო უშიშროებაზე პასუხისმგებელი პირის დანიშვნის შესახებ ბრძანების ასლი, საავიაციო უშიშროების შესაბამისი სწავლების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) საავიაციო უშიშროების პერსონალის   სწავლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;

ე) საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი  ტექნიკური მოწყობილობ(ებ) ის სერტიფიკატ(ებ)ის ასლ(ებ)ი;

ვ) ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის ასლ(ებ)ი იმ საავტომობილო ტრანსპორტზე, რომლებიც გამოიყენება საბორტო მარაგის/აეროპორტის მარაგის   ტრანსპორტირებისათვის.

4.  წარმოდგენილი საბუთების ამ წესის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ, ავიაგადამზიდველი ახორციელებს საწარმოს ადგილზე ფაქტობრივ შემოწმებას და დებს დასაბუთებულ დასკვნას, რომელიც შეიძლება იყოს:

ა) დადებითი, თუ განმცხადებლის ფაქტობრივი მდგომარეობა აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს;

ბ) უარყოფითი, თუ განმცხადებლის ფაქტობრივი მდგომარეობა არ აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს.

5. ავიაგადამზიდველმა უნდა   შეიმუშაოს      რეგულირებადი         მიმწოდებლის            დანიშვნის პროცედურა, ავიაგადამზიდველისთვის დოკუმენტაციის წარმოდგენიდან, საწარმოს ადგილზე/ფაქტობრივი შემოწმებისა და ხარისხის კონტროლის ღონისძიებების  განხორციელების ჩათვლით, ვადების მითითებით.
6.  დადებითი      დასკვნის         შემთხვევაში,  ავიაგადამზიდველმა სააგენტოში    უნდა წარმოადგინოს შუამდგომლობის წერილთან ერთად:

ა) საავიაციო უშიშროების პროგრამა, რომელსაც ითანხმებს სააგენტო;

ბ) საწარმოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი, ამ წესის №10 დანართით გათვალისწინებული ,,ბორტკვების, თანმდევი საშუალებებისა და საბორტო მარაგის რეგულირებადი მიმწოდებელის ვალდებულებების დეკლარაცია’’, რომელიც ორმხრივი (სააგენტოსა და საწარმოს) ხელმოწერის შემდეგ რჩება და ინახება სააგენტოში;

გ) ავიაგადამზიდველი მიერ საწარმოს ადგილზე, ფაქტობრივი შემოწმების ანგარიშის ასლი.

შენიშვნა:სააგენტო უფლებამოსილია დამატებით მოითხოვოს საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტაცია.

7. სააგენტო განიხილავს მოწოდებულ დოკუმენტაციას თოთხმეტი სამუშაო დღის ვადაში. სააგენტო უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში განახორციელოს საწარმოს ადგილზე ფაქტობრივი შემოწმება. განხილვის შემდგომ დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების შესახებ წერილობით ატყობინებს როგორც საწარმოს, ასევე ავიაგადამზიდველს.
8. სააგენტოს თანხმობა რეგულირებადი მიმწოდებლის დანნიშვნის თაობაზე, დასტურდება სააგენტოს დირექტორის ხელმოწერით ,,ბორტკვების, თანმდევი საშუალებებისა და საბორტო მარაგის რეგულირებადი მიმწოდებელის ვალდებულებების დეკლარაციაზე’’, რის შემდეგაც  საწარმო შეიყვანება სააგენტოს მიერ წარმოებულ რეგულირებადი მიმწოდებლების ოფიციალურ რეესტრში.
9. საწარმო რეგულირებად მიმწოდებლად   ინიშნება ორი წლის ვადით.
10. რეგულირებადი მიმწოდებლის საქმიანობა შეჩერდება ავიაგადამზიდველის მიერ, თუ იგი ვეღარ აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს, დარღვევების აღმოფხვრამდე, მაგრამ არაუმეტეს ერთი თვისა საქმიანობის   შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან.
11. საქმიანობის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მოტივებისა და საფუძვლების მითითებით წერილობით ეცნობება როგორც რეგულირებად მიმწოდებელს, ასევე სააგენტოს.
12. საქმიანობის  განახლება შესაძლებელია, თუ აღმოფხვრილი იქნა ის ნაკლოვანებები, რომელიც გახდა საწარმოს საქმიანობის შეჩერების საფუძველი.
13. რეგულირებადი მიმწოდებლის სტატუსის გაუქმების საფუძვლებს წარმოადგენს:

ა) ნაკლოვანების აღმოფხვრისთვის განკუთვნილი ვადის გასვლა, თუ საწარმომ  ამ ვადაში არ აღმოფხვრა მისი შეჩერების საფუძვლები;

ბ) საწარმოს ლიკვიდაცია;

გ) საწარმოს მოთხოვნა;

დ) კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.

14. სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს რეგულირებადი მიმწოდებლის საავიაციო უშიშროების ხარისხის კონტროლი, ავიაგადამზიდველის ხარისხის კონტროლის ღონისძიებების განხორციელების ფარგლებში ნაკლოვანებ(ებ)ის გამოვლენის შემთხვევაში სააგენტო წერილობით მიმართავს ავიაგადამზიდველს რეგულირებადი მიმწოდებლის საქმიანობის შეჩერების/გაუქმების მოთხოვნით.
15. რეგულირებადი მიმწოდებლის სტატუსის გაუქმებას ახორციელებს ავიაგადამზიდველი, რის შემდეგაც სააგენტო ამოიღებს  საწარმოს რეგულირებადი მიმწოდებლების ოფიციალური რეესტრიდან.
16. რეგულირებადი მიმწოდებელი ვალდებულია:

ა) დანიშნოს საწარმოს საავიაციო უშიშროებაზე პასუხისმგებელი პირი;

ბ) მოამზადოს საწარმოს ის პერსონალი, რომელთაც წვდომა უნდა ჰქონდეთ აეროპორტის/საბორტო მარაგთან, ბორტკვებისა და თანმდევ საშუალებებთან, ICAO- ს ოფიციალური გამოცემის Doc 8973 მე-10 დამატების A და B დანართში მითითებული პროგრამის მიხედვით;

გ) საწარმოს  შენობა-ნაგებობებში, საბორტო მარაგის, ბორტკვებისა და თანმდევი საშუალებების დამუშავებისა და განთავსების ზონებში უზრუნველყოს დაშვების კონტროლის ზომების  არსებობა;

დ) უზრუნველყოს შენობა-ნაგებობებისა და შემოწმებული მარაგის დაცვა;

ე) მოახდინოს საბორტო მარაგის, მათ შორის საგ/აგდპ-ს, ბორტკვებისა და თანმდევი საშუალებების შემოწმება ამ წესის  მოთხოვნების დაცვით;

ვ) განახორციელოს იმ თანამშრომლების ანკეტური მონაცემების შემოწმება, რომელთაც წვდომა აქვთ საბორტო მარაგთან, მათ შორის საგ/აგდპ-სთან, ბორტკვებასა და თანმდევ საშუალებებთან;

ზ) განახორციელოს საბორტო მარაგის, მათ შორის საგ/აგდპ-ს ბორტკვებისა და თანმდევი საშუალებების ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების დალუქვა ან დაცვა;

თ) უზრუნველყოს მიწოდების ჯაჭვის ორგანიზება, რომელიც ითვალისწინებს საბორტო მარაგის, მათ შორის საგ/აგდპ, ბორტკვებისა და თანმდევი საშუალებების მიმართ რიგი ურთიერთდაკავშირებული ღონისძიებების გატარებას, რათა დაცულ იქნეს მათი მთლიანობა შემოწმების მომენტიდან მთელი ტრანსპორტირების  მანძილზე. 


მუხლი 15. ცნობილი  მიმწოდებელი  
1. ცნობილ მიმწოდებლად ინიშნება მეწარმე, იურიდიულ პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს.

2. ცნობილ მიმწოდებლად დანიშვნას, დანიშვნაზე უარის თქმას, საქმიანობის შეჩერებას, განახლებას, სტატუსის გაუქმებას და საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს აეროდრომის ექსპლუატანტი.

3. ცნობილ მიმწოდებლად დასანიშნად განმცხადებელმა აეროდრომის ექსპლუატანტს უნდა წარუდგინოს:

 ა) განცხადება (დანართი № 12);

ბ) საავიაციო უშიშროების პროგრამა, რომელშიც გაწერილი იქნება ყველა ზომა, რომელიც განსახორციელებელია ცნობილი მიმწოდებლის მიერ ამ წესის თანახმად. პროგრამა უნდა მოიცავდეს ხარისხის კონტროლის ღონისძიებებს, საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ზომების შემოწმების და შეფასების, მათი ეფექტიანობის ამაღლების მიზნით;

გ) უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი, ამ წესის №6 დანართით გათვალისწინებული ,,ცნობილი მიმწოდებლის მიერ აეროპორტის კონტროლირებად ზონაში აეროპორტის, მათ შორის საგ/აგდპ-ის მიწოდების ვალდებულებების დეკლარაცია’’, რომელიც რჩება და ინახება აეროდრომის ექსპლუატანტთან;

დ) საავიაციო უშიშროებაზე პასუხისმგებელი პირის დანიშვნის შესახებ ბრძანების ასლი, საავიაციო უშიშროების შესაბამისი სწავლების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ე) საავიაციო უშიშროების პერსონალის სწავლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლ(ებ)ი;

ვ) საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი ტექნიკური დანადგარ(ებ)ის სერტიფიკატ(ებ)ის ასლ(ებ)ი; 

ზ) ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის ასლ(ებ)ი იმ საავტომობილო ტრანსპორტზე, რომელიც გამოიყენება საბორტო მარაგის/აეროპორტის მარაგის ტრანსპორტირებისათვის.

4. ცნობილ მიმწოდებლად დანიშვნა, დანიშვნაზე უარის თქმა, საქმიანობის შეჩერება, განახლება, სტატუსის გაუქმება და საქმიანობაზე ზედამხედველობა ხორციელდება აეროდრომის ექსპლუატანტის მიერ, საწარმოს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და ფაქტობრივი შემოწმების საფუძველზე.

5. აეროდრომის ექსპლუატანტმა უნდა შეიმუშაოს ცნობილი მიმწოდებლის დანიშვნის პროცედურა დოკუმენტაციის წარმოდგენიდან, საწარმოს ადგილზე/ფაქტობრივი შემოწმებისა და ხარისხის კონტროლის ღონისძიებების განხორციელების ჩათვლით, ვადების მითითებით.

6. აეროდრომის ექსპლუატანტი ვალდებულია შეინახოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) აეროპორტის მარაგის, მათ შორის საგ/აგდპ ყველა ცნობილი მიმწოდებლის სია, ,,ცნობილი მიმწოდებლის მიერ აეროპორტის კონტროლირებად ზონაში აეროპორტის, მათ შორის საგ/აგდპ-ის მიწოდების ვალდებულებების დეკლარაციის’’ მოქმედების ვადის მითითებით;

ბ) ხელმოწერილი ,,ცნობილი მიმწოდებლის მიერ აეროპორტის კონტროლირებად ზონაში აეროპორტის, მათ შორის საგ/აგდპ-ის მიწოდების ვალდებულებების დეკლარაცია’’;

გ) ცნობილი მიმწოდებლის საავიაციო უშიშროების პროგრამა;

დ) საავიაციო უშიშროების პროგრამით გათვალისწინებულ საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ჩანაწერი.

7. დოკუმენტაცია ინახება ცნობილ მიმწოდებლის სტატუსის ვადის გასვლიდან 6 თვის განმავლობაში. დოკუმენტაცია, ხარისხის კონტროლის განხორციელებისას, მოთხოვნისამებრ, წარედგინება სააგენტოს.

8. აეროდრომის ექსპლუატანტი ვალდებულია განახორციელოს ცნობილი მიმწოდებლის მიმართ ხარისხის კონტროლის ღონისძიებები, საწარმოს მიერ განხორციელებული უშიშროების ზომების, საავიაციო უშიშროების პროგრამასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.

9. შემოწმებისას უნდა დადასტურდეს, რომ:

ა) ცნობილი მიმწოდებლის იმ პერსონალს, რომლებიც ახორციელებენ აეროპორტის მარაგის, მათ შორის, საგ/აგდპ მიწოდებას, გავლილი აქვთ მომზადება საავიაციო უშიშროების საკითხებში;

ბ) ცნობილი მიმწოდებლის მიერ მიწოდებული მარაგის დაცვა და შემოწმება ხორციელდება ამ წესის დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

10. სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს ცნობილი მიმწოდებლის ხარისხის კონტროლი, აეროდრომის ექსპლუატანტის ხარისხის კონტროლის ღონისძიებების განხორციელების ფარგლებში.

11. ცნობილი მიმწოდებელი ვალდებულია:

ა) დანიშნოს საწარმოს საავიაციო უშიშროებაზე პასუხისმგებელი პირი;

ბ) მოამზადოს საწარმოს ის პერსონალი, რომელთაც წვდომა უნდა ჰქონდეთ აეროპორტის მარაგთან ICAO-ს ოფიციალური გამოცემის Doc 8973 მე-10 დამატების A და B დანართში მითითებული პროგრამის მიხედვით;

გ) საწარმოს შენობა-ნაგებობებში, აეროპორტის მარაგის დამუშავებისა და განთავსების ზონებში უზრუნველყოს დაშვების კონტროლის ზომების არსებობა;

დ) უზრუნველყოს შენობა-ნაგებობებისა და შემოწმებული მარაგის დაცვა;

ე) მოახდინოს აეროპორტის მარაგის, მათ შორის საგ/აგდპ-ს შემოწმება ამ წესის მოთხოვნების დაცვით;

ვ) განახორციელოს იმ თანამშრომლების ანკეტური მონაცემების შემოწმება, რომელთაც წვდომა აქვთ აეროპორტის მარაგთან, მათ შორის საგ/აგდპ-სთან;

ზ) განახორციელოს აეროპორტის მარაგის, მათ შორის საგ/აგდპ-ს ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების დალუქვა ან დაცვა;

თ) უზრუნველყოს მიწოდების ჯაჭვის ორგანიზება, რომელიც ითვალისწინებს აეროპორტის მარაგის, მათ შორის საგ/აგდპ-ს მიმართ რიგი ურთიერთდაკავშირებული ღონისძიებების გატარებას, რათა დაცულ იქნეს მათი მთლიანობა შემოწმების მომენტიდან მთელი ტრანსპორტირების მანძილზე.