საქართველოს პროკურატურის მუშაკთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ

საქართველოს პროკურატურის მუშაკთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 234
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 25/05/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/05/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 22/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 110060080.22.027.016734
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
234
25/05/2017
ვებგვერდი, 29/05/2017
110060080.22.027.016734
საქართველოს პროკურატურის მუშაკთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (29/05/2017 - 21/09/2020)

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება №234

2017 წლის 25 მაისი

ქ. თბილისი

 

საქართველოს პროკურატურის მუშაკთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ

ქვეყანაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების, დემოკრატიული პრინციპების განვითარების და ადამიანის უფლებების განმტკიცების საქმეში საქართველოს პროკურატურის მნიშვნელოვანი როლის გათვალისწინებით;

საქართველოს პროკურატურის ყოველი მუშაკის საზოგადოების წინაშე განსაკუთრებული პასუხისმგებლობის მხედველობაში მიღებით;

ასევე იმის აღიარებით, რომ საქართველოს პროკურატურის მუშაკის მიერ პროფესიონალური და ეთიკური მუშაობის პრინციპების განუხრელად დაცვის გარეშე შეუძლებელია სახელმწიფოში მართლმსაჯულების სამართლიანი და ეფექტური სისტემის ფუნქციონირება;

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:


1. დამტკიცდეს საქართველოს პროკურატურის მუშაკთა ეთიკის თანდართული კოდექსი.

 

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს გენერალური პროკურორის 2006 წლის 19 ივნისის №5 ბრძანება „საქართველოს პროკურატურის მუშაკთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“.

 

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი



დანართი

საქართველოს პროკურატურის მუშაკთა ეთიკის კოდექსი

თავი I

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. კოდექსის მიზანი

1. საქართველოს პროკურატურის მუშაკთა ეთიკის კოდექსი (შემდგომში – კოდექსი) აყალიბებს პროკურატურის მუშაკთა ქცევის ისეთ სტანდარტებს, რომლებიც შეესაბამება საჯარო ინტერესს.

2. კოდექსის მიზანია პროკურატურის მუშაკთა ქცევის ისეთი ნორმების დამკვიდრება, რომლებიც ხელს უწყობს:

ა) თანამდებობის შესაბამისი პასუხისმგებლობისა და სამართლიანობის პრინციპების განმტკიცებას პროკურატურის მუშაკის საქმიანობაში;

ბ) პროკურატურის მუშაკის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა პროფესიონალურად შესრულებას;

გ) ადამიანის უფლებათა დაცვას საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების შესაბამისად;

დ) სამართლიანი, ეფექტური, მიუკერძოებელი და კვალიფიციური გამოძიების ჩატარებას, სისხლისსამართლებრივი დევნისა და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის განხორციელებას;

ე) პროფესიულ და პირად საქმიანობაში პროკურატურის მუშაკის მიერ კანონის მოთხოვნების განუხრელად დაცვას;

 ვ) საქართველოს პროკურატურის მიმართ საზოგადოების ნდობისა და პატივისცემის განმტკიცებას;

ზ) პროკურატურის მუშაკთა მიერ დისციპლინის დაცვას.

მუხლი 2. კოდექსის განმარტება

კოდექსი არ შეიძლება შეზღუდულად იქნეს განმარტებული. მისი დებულებები სრულად გამოიყენება პროკურატურის მუშაკის ისეთი ქცევის მიმართ, რომლებიც კოდექსში არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს ამ კოდექსის პრინციპებიდან.

მუხლი 3. კოდექსის მოქმედების სფერო

კოდექსის მოქმედება თანაბრად ვრცელდება საქართველოს პროკურატურის მუშაკებზე მათთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში და მის ფარგლებს გარეთ.

თავი II

ზოგადი ეთიკური ნორმები

მუხლი 4. მორალური სტანდარტები

1. საჯარო სამსახური საზოგადოების მიერ გამოცხადებულ ნდობას გულისხმობს. პროკურატურის მუშაკს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ მისი სამსახურებრივი მდგომარეობის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მას საზოგადოების წინაშე აქვს ვალდებულებები, რომელიც პროკურატურის მიმართ საზოგადოების ნდობასა და პროკურატურის იმიჯზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.

2. პროკურატურის მუშაკი უნდა მოქმედებდეს პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტებით, ხელმძღვანელობდეს მიუკერძოებლობის, სამართლიანობის, ობიექტურობის, პოლიტიკური ნეიტრალობის, წესიერების, პატიოსნების, თავაზიანობის, ღირსების, ურთიერთპატივისცემის, ნდობის, საზოგადოდ მიღებული კულტურის, ზნეობისა და ეთიკის ნორმებით. პროკურატურის მუშაკი საკუთარი ქმედებით ხელს უნდა უწყობდეს პროკურატურის მიმართ საზოგადოების რწმენისა და ნდობის განმტკიცებას.

მუხლი 5. ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, დისკრიმინაციის დაუშვებლობა

1. პროკურატურის მუშაკმა პატივი უნდა სცეს და იცავდეს საქართველოს კონსტიტუტუციით,  საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და  შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტებით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს. პიროვნების ღირსების პატივისცემის საყოველთაო პრინციპი სავალდებულოა პროკურატურის მუშაკისათვის.

2. პროკურატურის მუშაკმა პერსონალური მონაცემის დამუშავებისას უნდა უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა.

3. პროკურატურის მუშაკი ვალდებულია ხელი შეუწყოს ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის აღმოფხვრას. პროკურატურის მუშაკმა უნდა დაიცვას ყველა კანონი და რეგულაცია, რომლითაც უზრუნველყოფილია თანაბარი შესაძლებლობები ყველა პირისთვის, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა და სხვა ნიშნით. ამავე დროს დაუშვებელია პროკურატურის მუშაკმა განახორციელოს რაიმე სახის დისკრიმინაციული ქმედება.

მუხლი 6. საზოგადოებასთან ურთიერთობა

1. საზოგადოებასთან ურთიერთობისას პროკურატურის მუშაკი მუდამ უნდა ხელმძღვანელობდეს პროკურატურის, როგორც ინსტიტუტის საუკეთესო რეპუტაციის პრიორიტეტით. ის  პატივისცემით უნდა მოეპყროს თანამოსაუბრეებს, საკუთარი მოსაზრებების გამოთქმისას ტაქტიანად უნდა გამოხატავდეს დასაბუთებულ კრიტიკას. პროკურატურის მუშაკი ვალდებულია პატივი სცეს სხვა პირის სიტყვის, აზრისა და გამოხატვის თავისუფლებას, თუ ამით არ ილახება მესამე პირთა უფლებები და თავისუფლებები.

2. დაუშვებელია ისეთი შეხედულებების გამოხატვა, რომელიც მიზნად ისახავს პირის შეზღუდვას ან შეურაცხყოფის მიყენებას რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური თუ სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი, წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის და სხვა ნიშნით.

მუხლი 7. დამოუკიდებლობა და გავლენისაგან თავისუფლება

1. პროკურატურის მუშაკი თავისუფალი უნდა იყოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების და ცალკეულ პირთა გავლენისაგან და დაემორჩილოს მხოლოდ კანონს.

2. პროკურატურის მუშაკი ვალდებულია სრული პასუხისმგებლობა აიღოს თავის ქმედებებზე. დაუშვებელია საკუთარ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობის მოხსნა ზემდგომი თანამდებობის პირის მიერ გაცემულ დავალებაზე მითითებით.

3. პროკურატურის მუშაკი ვალდებულია დაიცვას პოლიტიკური ნეიტრალობა. მან თავი უნდა  შეიკავოს რომელიმე პოლიტიკური პარტიისა თუ გაერთიანების მიმართ საკუთარი დამოკიდებულების საჯაროდ გამოხატვისაგან. დაუშვებელია პროკურატურის მუშაკის მიერ პოლიტიკური მრწამსის ნიშნების აშკარა დემონსტრირება.

თავი III

პროკურატურის მუშაკი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას

მუხლი 8. სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება

1. პროკურატურის მუშაკი ვალდებულია მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება გამოიყენოს მხოლოდ კანონით მკაცრად განსაზღვრული მიზნებისათვის და კანონით დადგენილი წესით. პროკურატურის მუშაკმა კეთილსინდისიერად უნდა შეასრულოს სამსახურებრივი მოვალეობები.

2. დაუშვებელია:

ა) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება პირადი სარგებლისთვის, მათ შორის, ფინანსური და სხვა კანონიერი ვალდებულებებისთვის თავის არიდება;

ბ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება ნებისმიერ პირზე უკანონო ზემოქმედებისთვის;

გ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება პროდუქციისა თუ მომსახურების რეკლამისათვის;  

დ) პროკურატურის მუშაკის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, შეღავათებით სარგებლობა პროდუქციისა და მომსახურების შეძენისას;

ე) პროკურატურის მუშაკის მიერ ისეთი პირობის დადება ან ვალდებულების აღება, რომლის განხორციელებაც არ შედის მის უფლებამოსილებაში და შესაძლოა ლახავდეს პროკურატურის ინტერესს;

ვ) პროკურატურის მუშაკის მიერ ნებისმიერი პირისთვის უპირატესობის მინიჭება;

ზ) პროკურატურის მუშაკმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წააქეზოს ან აიძულოს სხვა პირი, მოუტანოს ნებისმიერი სახის სარგებელი მას ან მასთან დაახლოებულ პირს;

თ) პროკურატურის მუშაკი არ  გაუფრთხილდეს საქართველოს პროკურატურის ქონებას;

ი) პროკურატურის მუშაკის თანამდებობაზე დანიშვნის ან დაწინაურების საფუძველი იყოს მისი პროკურატურის სხვა თანამშრომელთან ნათესაური კავშირი;

კ) პროკურატურის მუშაკის მიერ სამსახურებრივი დროის არასამსახურებრივი მიზნებისთვის გამოყენება არასაპატიო მიზეზით.

მუხლი 9. დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და სამართლიანობა

1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პროკურატურის მუშაკი მკაცრად უნდა იცავდეს კერძო ინტერესებისაგან დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის პრინციპებს. მან უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები, რათა თავიდან აიცილოს თუნდაც შთაბეჭდილების შექმნა მის მიკერძოებულობასთან დაკავშირებით. კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით იგი არ უნდა მოექცეს ცალკეული პირების (მათ შორის, თანამდებობის პირთა და პოლიტიკოსთა),  მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა თუ საზოგადოებრივი აზრის გავლენის ქვეშ. პროკურორის მუშაობა ნებისმიერ სისხლის სამართლის საქმეზე უნდა აკმაყოფილებდეს სამართლიანობის, მიუკერძოებლობისა და ეფექტურობის სტანდარტებს.

2. პროკურატურის მუშაკი პატივს უნდა სცემდეს უდანაშაულობის პრეზუმფციისა და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპებს, როგორც უზენაეს სამართლებრივ ღირებულებებს.

მუხლი 10. ეფექტიანობა და პროფესიონალიზმი

პროკურატურის მუშაკი ვალდებულია ეფექტიანად, პოლიტიკური ნეიტრალობის დაცვით, პროფესიონალიზმის მაღალი ხარისხითა და მაღალი  პასუხისმგებლობით შეასრულოს მასზე კანონით დაკისრებული მოვალეობები.

მუხლი 11. იურიდიული დახმარება

პროკურატურის მუშაკმა თავი უნდა შეიკავოს სამართლებრივი კონსულტაციების მიცემის ან/და იურიდიული დახმარების გაწევისაგან ნებისმიერი პირისათვის, თუ ეს ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს ან/და საქართველოს პროკურატურის ინტერესებს.

მუხლი 12. კოლეგებთან ურთიერთობა

1. კოლეგებთან ურთიერთობისას პროკურატურის მუშაკი უნდა ხელმძღვანელობდეს პატივისცემისა და პროფესიული სოლიდარობის პრინციპით.

2. პროკურატურის მუშაკი:

ა) ხელს უნდა უწყობდეს კოლეგებს შორის პატივისცემისა და ურთიერთნდობის დამკვიდრებას და თავს უნდა არიდებდეს პირადი თუ სხვა სახის კონფლიქტების წარმოშობას ან გაღვივებას;

ბ) საკუთარ გამოცდილებას უნდა უზიარებდეს იმ კოლეგებს, რომელთა კვალიფიკაცია და სამუშაო გამოცდილება ამას საჭიროებს;

გ) თავს უნდა იკავებდეს კოლეგის საქმიანობაში თვითნებური ჩარევისაგან;

დ) არ უნდა ითხოვდეს კოლეგისაგან ისეთი მომსახურების გაწევას, რომელიც გაართულებს ან შეაფერხებს მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებას;

ე) წინასწარ განზრახულად არ უნდა შეიყვანოს კოლეგა შეცდომაში;

ვ) ტაქტიანად უნდა გამოხატავდეს უკმაყოფილებას კოლეგის შეცდომასა და ხარვეზებზე;

ზ) უნდა ითვალისწინებდეს პროფესიული სოლიდარობის და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნისათვის აუცილებელ სხვა პრინციპებსა და ნორმებს.

მუხლი 13. სამსახურებრივი ინფორმაცია

დაუშვებელია პროკურატურის მუშაკის მიერ მისთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით მიღებული საიდუმლო ინფორმაციის შემცველი, სხვა კონფიდენციალური ან/და არასაჯარო ინფორმაციის გამჟღავნება ან არასამსახურებრივი მიზნით გამოყენება.

მუხლი 14. პერსონალური ინფორმაცია

დაუშვებელია პერსონალური მონაცემის დამუშავებისას ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დარღვევა ან/და პერსონალური ინფორმაციის კანონით დადგენილი წესის უგულებელყოფით მესამე პირთათვის გამჟღავნება.

მუხლი 15. კომენტარები სისხლის სამართლის საქმეზე

1. დაუშვებელია პროკურატურის მუშაკის მიერ მისი ან პროკურატურის სხვა მუშაკის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე კომენტარების გაკეთება, თუ ეს ზიანს მიაყენებს გამოძიების ინტერესებს.

2. დაუშვებელია პროკურატურის მუშაკის მიერ მისი ან პროკურატურის სხვა მუშაკის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე კომენტარების გაკეთება, თუ ეს ზიანს მიაყენებს პროცესის რომელიმე მონაწილეს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საჯარო ინტერესი მოითხოვს საზოგადოების ინფორმირებას მოცემულ საკითხზე ან ინფორმაციის გამოქვეყნება ემსახურება სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის მიზანს.

3. პროკურატურის მუშაკი ვალდებულია საჯაროდ არ გამოხატოს ისეთი შეხედულება, რომელიც ეწინააღმდეგება პროკურატურის მიერ გატარებულ პოლიტიკას ან/და ბრალდების  მხარის პოზიციას კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე.

მუხლი 16. სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეებთან ურთიერთობა

1. სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეებთან ურთიერთობისას პროკურატურის მუშაკი ვალდებულია იხელმძღვანელოს ამ კოდექსით, შიდაუწყებრივი ნორმებით და სტანდარტებით, რომლებიც მიმართულია სისხლის სამართლის პროცესში მონაწილე მხარეთა მიმართ ეთიკური და პროფესიონალური ქცევის უზრუნველყოფისაკენ.

2. პროკურატურის მუშაკი ვალდებულია საქმის განხილვის ყველა სტადიაზე თავი შეიკავოს საქმის განმხილველ მოსამართლესთან როგორც პროფესიული, ისე არაპროფესიული მოტივით ურთიერთობისაგან (საქმის სასამართლო განხილვის მიღმა), მათ შორის, დროულად გამოცხადდეს სასამართლოს სხდომაზე, დაიცვას ოფიციალური ჩაცმულობის სტილი სასამართლოში, თავი შეიკავოს დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი ქმედებებისაგან ან/და განცხადებების გაკეთებისაგან, პროცესის ნებისმიერი მონაწილის მიმართ განსაკუთრებით კეთილგანწყობილი ან აშკარად ნეგატიური დამოკიდებულების გამოხატვისაგან, ასევე საქმისადმი პირადი დამოკიდებულების გამოვლენისაგან.

მუხლი 17. შეუფერებელი მდგომარეობა

1. პროკურატურის მუშაკი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას არ უნდა იმყოფებოდეს ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ, ან სხვა მდგომარეობაში, რომელიც შეუფერებელია პროკურატურის მუშაკის ღირსებისათვის. ამასთან, პროკურატურის მუშაკის ვალია, ღირსეულად იქცეოდეს სამსახურებრივი საქმიანობის მიღმაც და უფრთხილდებოდეს პროკურატურის რეპუტაციასა და სახელს.

2. პროკურატურის ორგანოების შენობებში ალკოჰოლური სასმელის მიღება დასაშვებია მხოლოდ ოფიციალურ ღონისძიებათა ფარგლებში.

3. პროკურატურის მუშაკი არ უნდა ჩაერთოს დანაშაულებრივ, არაკეთილსინდისიერ, ამორალურ ან ნებისმიერ სხვა შეუფერებელ ქმედებაში, რომელიც ლახავს პროკურატურის ინტერესებს ან/და სახელს.

4. პროკურატურის მუშაკს ეკრძალება ნებისმიერი სახის აზარტულ თამაშებში ჩართვა, თუმცა გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევები, როდესაც ამგვარი ქმედების საჭიროება დგება პროკურატურის მუშაკის სამსახურებრივი მოვალეობებიდან გამომდინარე.

მუხლი 18. სამსახურებრივ-საშტატო იარაღისა და სამსახურებრივი დანიშნულების პირადობის მოწმობის გამოყენება

1. პროკურატურის მუშაკი ვალდებულია, დაიცვას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები სამსახურებრივ-საშტატო იარაღის და სამსახურებრივი დანიშნულების პირადობის მოწმობის შენახვისა და ტარებისას.

2. პროკურატურის მუშაკი ვალდებულია, თავი შეიკავოს სამსახურებრივ-საშტატო იარაღისა და სამსახურებრივი დანიშნულების პირადობის მოწმობის საზოგადოებაში დემონსტრირებისაგან, თუკი არ არსებობს ამის საჭიროება.

3. პროკურატურის მუშაკს ეკრძალება კანონით დადგენილი წესის დარღვევით სხვა პირს გადასცეს მასზე გაპიროვნებული სამსახურებრივ-საშტატო იარაღი ან სამსახურებრივი დანიშნულების პირადობის მოწმობა.

თავი IV

მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა

მუხლი 19. საჯარო განცხადება

1. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებითა და საჯარო გამოსვლების დროს გაკეთებული ოფიციალური წერილობითი ან სიტყვიერი განცხადებები უნდა იყოს საქმიანი, კორექტული და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს პროკურატურის ინტერესებს. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის ფაქტი, რომ ეს განცხადებები შეიძლება აღქმული იქნეს, როგორც საქართველოს პროკურატურის პოზიცია.

2. პროკურატურის მუშაკს, რომელიც აკეთებს განცხადებას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის, უფლება აქვს, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, მიაწოდოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს იმ მოცულობის ობიექტური ინფორმაცია, რომელიც მოცემული დროისათვის მისთვის არის ცნობილი.

მუხლი 20. აქტივობა ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებში

პროკურატურის მუშაკის მიერ ინტერნეტსივრცეში განხორციელებული ქმედებები უნდა იყოს კორექტული და თავისი შინაარსით არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ამ კოდექსით განსაზღვრულ პრინციპებს.

თავი V

ინტერესთა შეუთავსებლობა

მუხლი 21. შეუფერებელი საქმიანობა

პროკურატურის მუშაკი ვალდებულია, თავი შეიკავოს ნებისმიერი ქმედების განხორციელებისაგან, რამაც შეიძლება ობიექტურად ეჭვქვეშ დააყენოს მისი დამოუკიდებლობა ან გავლენა იქონიოს მის სამსახურებრივ საქმიანობაზე, ასევე პროკურატურის ავტორიტეტსა და სახელზე.

მუხლი 22. ინტერესთა შეუთავსებლობა

1. პროკურატურის მუშაკმა უნდა დაიცვას ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.

2. პროკურატურის მუშაკს არ უნდა ჰქონდეს კერძო ინტერესები, რომლებიც შეუთავსებელია სამსახურებრივი მოვალეობის  შესრულებასთან.

3. პროკურატურის მუშაკი, რომელსაც გააჩნია საქართველოს პროკურატურის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის მიმართ ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესი, ვალდებულია კანონით დადგენილი წესით განაცხადოს თვითაცილების შესახებ და არ მიიღოს მონაწილეობა ასეთი საკითხის განხილვასა და გადაწყვეტაში.

4. დაუშვებელია სამსახურში ან/და მის ფარგლებს გარეთ პროკურატურის მუშაკი ახორციელებდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც შეუთავსებელია პროკურატურის ინტერესებთან.

მუხლი 23. საჩუქარი

1. კანონით აკრძალული საჩუქრის მიღება ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით.

2. პროკურატურის მუშაკმა არ უნდა მოითხოვოს ან/და არ უნდა მიიღოს ნებისმიერი სახის მატერიალური სიკეთე იმ პირისგან, რომელიც დაინტერესებულია მისი, როგორც პროკურატურის მუშაკის მხრიდან რაიმე ქმედების განხორციელებით. 

3. პროკურატურის მუშაკმა თავი უნდა შეიკავოს საჩუქრის მიღებისაგან, ყველა იმ პირის მხრიდან, რომელიც რაიმე ფორმით დაინტერესებულია პროკურატურის მუშაკის წარმოებაში ან საპროცესო ხელმძღვანელობის ქვეშ არსებული საქმით, ან თუ ამგვარი ქმედება წარმოადგენს პროკურატურის მუშაკზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობას, ან შესაძლოა მომავალში მოახდინოს ასეთი ზეგავლენა.

თავი VI

დისციპლინური წარმოება და კოდექსის აღსრულების მექანიზმები

მუხლი 24. დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველები

1. დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველია: 

ა) პროკურატურის მუშაკის მიერ ფიცის გატეხა;

ბ) სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევა;

გ) პროკურატურის მუშაკისათვის შეუფერებელი საქციელის ჩადენა;

დ) კანონით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობა ან/და არაჯეროვნად შესრულება.

2. ამ კოდექსის მიზნებისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველი შემდეგნაირად განიმარტება:

ა) ფიცის გატეხად ითვლება პროკურატურის მუშაკის ფიცით გათვალისწინებული პრინციპებისა და მოთხოვნების დარღვევა;

ბ) სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევად ითვლება „საქართველოს პროკურატურის შინაგანაწესით“ გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა;

გ) შეუფერებელი საქციელის ჩადენად ითვლება ამ კოდექსით გათვალისწინებული პრინციპებისა და მითითებების დარღვევა;

დ) კანონით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობად ითვლება საქართველოს კონსტიტუციის, სისხლის სამართლის კოდექსის, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის და სხვა სამართლებრივი აქტების, ასევე საქართველოს იუსტიციის მინისტრის, საქართველოს მთავარი პროკურორის ბრძანების ან/და შიდაუწყებრივი  მითითების შეუსრულებლობა;

ე) კანონით დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებად ითვლება საქართველოს კონსტიტუციის, სისხლის სამართლის კოდექსის, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის და სხვა სამართლებრივი აქტების, ასევე საქართველოს იუსტიციის მინისტრის, საქართველოს მთავარი პროკურორის ბრძანების ან/და შიდაუწყებრივი მითითების არაჯეროვანი შესრულება.

მუხლი 25. დისციპლინური გადაცდომის სახეები

1. დისციპლინური გადაცდომა და შესაბამისი სახდელები იყოფა მათი სიმძიმის ხარისხის შესაბამისად.

2. ამ კოდექსის მიზნებისთვის დისციპლინური გადაცდომა იყოფა:

ა) მსუბუქ გადაცდომად;

ბ) საშუალო გადაცდომად;

გ) მძიმე გადაცდომად.

3. პროკურატურის მუშაკის მიერ მასზე კანონით დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება, გარემოებათა გათვალისწინებით, ფასდება მსუბუქ გადაცდომად და დისციპლინური სახდელის სახედ გამოიყენება შენიშვნა ან საყვედური.  

4. პროკურატურის მუშაკის მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევა, გარემოებათა გათვალისწინებით, ფასდება მსუბუქ ან საშუალო გადაცდომად და დისციპლინური სახდელის სახედ გამოიყენება შენიშვნა ან საყვედური. 

5. პროკურატურის მუშაკის მიერ პროკურატურის მუშაკისათვის შეუფერებელი საქციელის ჩადენა ფასდება მძიმე გადაცდომად და, გარემოებათა გათვალისწინებით, დისციპლინური სახდელის სახედ გამოიყენება საყვედური, უფრო დაბალი რანგის თანამდებობაზე გადაყვანა ან პროკურატურიდან დათხოვნა.

6. პროკურატურის მუშაკის მიერ მასზე კანონით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობა მიიჩნევა მძიმე გადაცდომად და, გარემოებათა გათვალისწინებით, დისციპლინური სახდელის სახედ გამოიყენება საყვედური, უფრო დაბალი რანგის თანამდებობაზე გადაყვანა ან პროკურატურიდან დათხოვნა.

7. პროკურატურის მუშაკის მიერ ფიცის გატეხა, ფასდება მძიმე გადაცდომად და დისციპლინური სახდელის სახედ გამოიყენება პროკურატურიდან დათხოვნა.

8. პროკურატურის მუშაკის მიერ ერთობლივად ორი ან მეტი ერთგვარი ან/და სხვადასხვა სახის დისციპლინური გადაცდომის ჩადენის დროს შესაძლებელია მის მიმართ, დისციპლინური სახდელის სახედ, გამოყენებულ იქნეს პროკურატურიდან დათხოვნა.

9. დისციპლინური სახდელის გაქარწყლებამდე  განმეორებითი დისციპლინური გადაცდომის ჩადენის დროს შესაძლებელია პროკურატურის მუშაკის მიმართ გამოყენებულ იქნეს უფრო მძიმე დისციპლინური სახდელი.

მუხლი 26. დისციპლინურ გადაცდომაზე რეაგირება

პროკურატურის მუშაკის მიერ დისციპლინური გადაცდომის ნიშნების არსებობის შემთხვევაში მის მიმართ ტარდება სამსახურებრივი შემოწმება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.