დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
გარე დაკვირვების წესის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 102/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
მიღების თარიღი | 13/06/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/06/2017 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/10/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 430050000.22.022.017356 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (14/06/2017 - 30/03/2018)
|
გარე დაკვირვების წესის დამტკიცების შესახებ
|
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის №68 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის V თავის (მასწავლებლის პროფესიული განვითარება) საფუძველზე, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
დამტკიცდეს გარე დაკვირვების წესი ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
|
მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
|
გარე დაკვირვების წესი
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები
|
გარე დაკვირვების წესი (შემდგომში –
წესი) შემუშავებულია „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის №68 დადგენილებით დამტკიცებული მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის (შემდგომში –
სქემა) ფარგლებში და აწესრიგებს უფროსი მასწავლებლის მიერ გაკვეთილის წარმართვის შემოწმების მიზნით გარე დაკვირვებასთან დაკავშირებულ პროცესებს.
|
მუხლი 2.
ტერმინთა განმარტებები
|
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს ამ წესის მიზნებისთვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) გარე დაკვირვება – მასწავლებლის მიერ წარმართული გაკვეთილის შეფასება გაკვეთილის შეფასების რუბრიკის გამოყენებით; ბ) მასწავლებელი – „მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 21 ნოემბრის №1014 ბრძანებით დამტკიცებული მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით განსაზღვრული პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც ერთ საგანს მაინც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში; გ) სქემით განსაზღვრული სტატუსი – პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი, ან უფროსი მასწავლებლის სტატუსი, ან წამყვანი მასწავლებლის სტატუსი, ან მენტორის სტატუსი, რომელიც მასწავლებლის შეფასების/სქემაში მასწავლებლების განაწილების საფუძველზე, მასწავლებელს ენიჭება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომში – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი) დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით; დ) პრაქტიკოსი მასწავლებელი – მასწავლებელი, რომელიც გეგმავს და წარმართავს საგაკვეთილო პროცესს „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის (შემდგომში – ეროვნული სასწავლო გეგმა) მოთხოვნების შესაბამისად; ე) უფროსი მასწავლებელი – მასწავლებელი, რომელიც აკმაყოფილებს პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის სქემით განსაზღვრულ მოთხოვნებს და სქემით დადგენილი წესით განაწილებულია სქემაში უფროს მასწავლებლად ან მიენიჭება უფროსი მასწავლებლის სტატუსი; ვ) წამყვანი მასწავლებელი – მასწავლებელი, რომელიც აკმაყოფილებს უფროსი მასწავლებლისთვის სქემით განსაზღვრულ მოთხოვნებს და სქემით დადგენილი წესით განაწილებულია სქემაში წამყვან მასწავლებლად ან მიენიჭება წამყვანი მასწავლებლის სტატუსი; ზ) გაკვეთილის შეფასების რუბრიკა – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტი, რომელიც ეფუძნება გაკვეთილის შეფასების გაზომვად და ვალიდურ კრიტერიუმებს და არის მასწავლებლის გაკვეთილის შეფასების უნიფიცირებული ფორმა; თ) მასწავლებლის შეფასების ელექტრონული სისტემა – (შემდგომში – ელექტრონული სისტემა) – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ადმინისტრირებული ელექტრონული მონაცემთა ბაზა, რომელიც წარმოადგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემის ნაწილს. ელექტრონული სისტემის საშუალებით მასწავლებლები განაწილდებიან სქემაში და განხორციელდება მასწავლებლის საქმიანობის შედეგების ელექტრონული აღრიცხვა; ი) კრედიტქულა – მასწავლებლის პროფესიული მიღწევების გაზომვისა და შეფასების ერთეული; კ) მასწავლებლის შეფასება – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურა, რომლის საფუძველზეც ხდება მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტთან მასწავლებლის შესაბამისობის დადგენა; ლ) შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტი – სქემით განსაზღვრული სტატუსის მისანიჭებლად/შესანარჩუნებლად მასწავლებლის მიერ განხორციელებული სავალდებულო აქტივობებისა და დამატებითი საქმიანობის შეფასების უნიფიცირებული საშუალება; მ) მასწავლებლის პროფესიული განვითარების ფასილიტატორი (შემდგომში – ფასილიტატორი) – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელი (მენტორი – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელსაც ირჩევს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების პედაგოგიური საბჭო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული კრიტერიუმების მიხედვით; ნ) საპრეტენზიო კომისია – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისია, რომელიც განიხილავს მასწავლებელთა საპრეტენზიო განაცხადებს. |
მუხლი 3.
გარე დაკვირვების გავლის უფლება
|
გარე დაკვირვების გავლის უფლება აქვს უფროს მასწავლებელს, რომელსაც სურს წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოპოვება და რომელიც აკმაყოფილებს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ მოთხოვნას:
ა) წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად საჭირო კრედიტქულებიდან მოპოვებული აქვს არანაკლებ 13 კრედიტქულა; ბ) უფროსი მასწავლებლის სტატუსი მინიჭებული აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მოპოვების შედეგად განათლების მიმართულებით ან იმ დარგში/სპეციალობაში, რომლის შესაბამის საგანსაც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში. |
მუხლი 4.
გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია
|
1. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით აცხადებს გარე დაკვირვების გავლის მსურველ პირთა რეგისტრაციას სასწავლო წლის განმავლობაში ორჯერ.
2. გარე დაკვირვების გავლის მსურველ პირთა რეგისტრაცია წარმოებს ელექტრონულ სისტემაში. 3. რეგისტრაციის დროს გარე დაკვირვების მსურველი პირი ავსებს ელექტრონულ განაცხადს, რომელშიც მითითებული უნდა იყოს: ა) საგანი, რომელსაც ასწავლის მასწავლებელი და რომელშიც სურს გარე დაკვირვების გავლა; ბ) კლასი, რომელშიც გეგმავს გარე დაკვირვებისთვის საგაკვეთილო პროცესის წარმართვას; გ) კლასში/პარალელურ კლასში ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული საგნის შესაბამისი საათობრივი დატვირთვა კვირის განმავლობაში; დ) საჭიროების შემთხვევაში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სხვა ინფორმაცია. |
მუხლი 5.
გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის საფასური
|
1. გარე დაკვირვებაზე პირველი რეგისტრაცია მასწავლებლისთვის არის უფასო.
2. იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელი წარმატებით ვერ გაივლის გარე დაკვირვებას, მეორე და ყოველი შემდგომი რეგისტრაციის გამოცხადებისთვის გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის საფასური შეადგენს 50 ლარს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საფასური გადახდილი უნდა იქნეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ანგარიშზე. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფასური სრულად ბრუნდება, თუ შესაბამისი პირი რეგისტრაციის ვადის განმავლობაში არ დარეგისტრირდება ან ამ ვადის ამოწურვამდე წერილობითი ფორმით უარს განაცხადებს გარე დაკვირვებაში მონაწილეობაზე. 5. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფასური გადახდილია ამავე პუნქტით განსაზღვრულზე მეტი ოდენობით, მასწავლებელს უბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და საფასურის დადგენილ ოდენობას შორის. 6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადახდილი საფასურის დაბრუნების შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი ფორმით განცხადების წარდგენა ხდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადებში. საფასურის თანხა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დაბრუნდება საფასურის დაბრუნების შესახებ განცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვის განმავლობაში. |
მუხლი 6.
გაკვეთილის გეგმის წარგდენა
|
1. რეგისტრაციის დასრულებიდან 1 თვის ვადაში, დარეგისტრირებული მასწავლებლების საათობრივი დატვირთვის გათვალისწინებით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს გარე დაკვირვების განხორციელების პერიოდს თითოეული მასწავლებლისთვის.
2. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პერიოდის ელექტრონულ სისტემაში, გარე დაკვირვებაზე დარეგისტრირებულ მასწავლებლების შესაბამის გრაფაში ასახვას და შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – საგანმანათლებლო რესურსცენტრის (შემდგომში – რესურსცენტრი) ინფორმირებას. 3. გარე დაკვირვებაზე რეგისტრირებული მასწავლებელი მისთვის განსაზღვრული პერიოდის დაწყებამდე არანაკლებ 5 სამუშაო დღით ადრე ვალდებულია ელექტრონულ სისტემაში ატვირთოს შესაბამის პერიოდში მიყოლებით ჩასატარებელი 5 გაკვეთილის გეგმა, რომელთაგან ერთ-ერთზე განხორციელდება გარე დაკვრივება, ასევე ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია. 4. ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი გაკვეთილის გეგმის ფორმა და საჭიროების შემთხვევაში სხვა დამატებითი დოკუმენტაციის ჩამონათვალი მტკიცდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 5. იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელი ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში არ წარადგენს გაკვეთილის გეგმასა და მოთხოვნილ დოკუმენტაციას, მის გაკვეთილზე არ განხორციელდება გარე დაკვირვება. 6. მასწავლებელი ვალდებულია გაკვეთილის ჩატარება დაგეგმოს ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საგანში და ამავე პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კლასში. 7. მასწავლებლისთვის გაკვეთილის ჩატარების განსაზღვრული პერიოდის ან/და მასწავლებლის მიერ წარდგენილი ჩასატარებელი გაკვეთილის გეგმის ცვლილება დასაშვებია მხოლოდ საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში, მასწავლებლის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის გადაწყვეტილებით. |
მუხლი 7.
გარე დამკვირვებელთა ჯგუფი
|
1. გარე დაკვირვებას ახორციელებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი ორი წევრისგან შემდგარი გარე დამკვირვებელთა ჯგუფი.
2. გარე დამკვირვებელთა ჯგუფის ერთ-ერთი წევრი უნდა იყოს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული იმ საგნის/საგნობრივი ჯგუფის ფასილიტატორი, რომელი საგნის გაკვეთილზეც უნდა განხორციელდეს გარე დაკვირვება. დაუშვებელია ფასილიტატორი იყოს იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომელი, რომელშიც ასწავლის გარე დაკვირვების მსურველი მასწავლებელი. ფასილიტატორს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი შეარჩევს იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ახლომდებარე რეგიონის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომლის მასწავლებელზეც უნდა განხორციელდეს გარე დაკვირვება. 3. გარე დამკვირვებელთა ჯგუფის მეორე წევრი უნდა იყოს შესაფასებელი გაკვეთილის შესაბამისი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი აკადემიური ხარისხის მქონე პირი და აკმაყოფილებდეს ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას: ა) უნდა ჰქონდეს შესაფასებელი გაკვეთილის შესაბამისი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი მიმართულებით მასწავლებლად მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება; ბ) უნდა ჰქონდეს პროფესიულ ან/და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის წარმართვის გამოცდილება შესაფასებელი გაკვეთილის შესაბამისი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი მიმართულებით; გ) უნდა ჰქონდეს წამყვანი მასწავლებლის/მენტორის სტატუსი და შესაფასებელი გაკვეთილის შესაბამისი ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი საგნის სწავლების გამოცდილება; დ) წარმატებით უნდა ჰქონდეს გავლილი გარე დაკვირვება. 4. გარე დაკვირვების პროცესს გაკვეთილის შეფასების უფლების გარეშე შეიძლება დაესწრონ მასწავლებლის ზედამხედველი ფასილიტატორი ან/და რესურსცენტრის მიერ წარდგენილი პირი. |
მუხლი 8.
გარე დაკვირვების ეტაპები
|
გარე დაკვირვება შედგება შემდეგი ეტაპებისგან:
ა) წინასაგაკვეთილო შეხვედრა; ბ) გაკვეთილზე დაკვირვება; გ) გაკვეთილის შემდგომი შეხვედრა; დ) გაკვეთილის შეფასება. |
მუხლი 9.
წინასაგაკვეთილო შეხვედრა
|
1. გარე დაკვირვება ხორციელდება მასწავლებლის მიერ შეთავაზებული 5 გაკვეთილიდან ერთ-ერთ გაკვეთილზე.
2. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი გარე დაკვირვების ჩატარების კონკრეტული თარიღის შესახებ ერთი დღით ადრე აცნობებს შესაბამის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, რესურსცენტრს, მასწავლებელსა და ფასილიტატორს. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი ვალდებულია უზრუნველყოს მომდევნო დღისთვის საგაკვეთილო პროცესის შეუფერხებელი ორგანიზება. 3. წინასაგაკვეთილო შეხვედრა წარიმართება გარე დამკვირვებელთა ჯგუფს, მასწავლებელსა და ამ წესის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ პირებს შორის გაკვეთილის წარმართვის დღეს. 4. წინასაგაკვეთილო შეხვედრაზე მასწავლებელი წარადგენს ჩასატარებელი გაკვეთილის გეგმას, გარე დამკვირვებელთა ჯგუფსა და სხვა დამსწრე პირებს აწვდის ინფორმაციას კლასზე, მოსწავლეების საჭიროებებზე, დაგეგმილ აქტივობებსა და მოსალოდნელ შედეგებზე. 5. მასწავლებლის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ჩასატარებელი გაკვეთილის გეგმის წარდგენა არ ექვემდებარება შეფასებას. |
მუხლი 10.
გაკვეთილზე დაკვირვება
|
1. გაკვეთილზე დაკვირვება მოიცავს მასწავლებლის მიერ დაგეგმილი საგაკვეთილო პროცესის წარმართვას, რომელსაც აკვირდება გარე დამკვირვებელთა ჯგუფი.
2. გარე დამკვირვებელთა ჯგუფი ავსებს ამ წესის დანართით გათვალისწინებულ გაკვეთილის აღწერის ფორმას, რომელსაც ხელს აწერენ გარე დამკვირვებელთა ჯგუფის წევრები. გაკვეთილის აღწერის ფორმა უზრუნველყოფს იმ ფაქტობრივი გარემოებების აღწერას, რაც უკავშირდება მასწავლებლის მიერ გაკვეთილის წარმართვას. 3. გარე დამკვირვებელთა ჯგუფის თითოეული წევრი დამოუკიდებლად აფასებს მასწავლებლის მიერ ჩატარებულ გაკვეთილს, გაკვეთილის შეფასების რუბრიკის გამოყენებით. |
მუხლი 11.
გაკვეთილის შემდგომი შეხვედრა
|
1. გაკვეთილის დასრულების შემდგომ, იმავე დღეს გარე დამკვირვებელთა ჯგუფის წევრები საკუთარ მოსაზრებას უზიარებენ ერთმანეთს.
2. გარე დამკვირვებელთა ჯგუფი ხვდება მასწავლებელს გაკვეთილის განხილვისა და განმავითარებელი უკუკავშირის მიცემის მიზნით. 3. გაკვეთილის ჩატარებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში მასწავლებელი ვალდებულია ჩატარებული გაკვეთილის შესახებ რეფლექსია ატვირთოს ელექტრონულ სისტემაში გამოყოფილ სპეციალურ ველში. წინააღმდეგ შემთხვევაში მასწავლებლის მიერ ჩატარებული გაკვეთილი არ შეფასდება. |
მუხლი 12.
გაკვეთილის შეფასება
|
1. გაკვეთილზე დაკვირვება და მისი შეფასება ხორციელდება გაკვეთილის შეფასების რუბრიკის საფუძველზე. გარე დამკვირვებელთა ჯგუფის წევრები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აფასებენ გაკვეთილს ქულებით, გაკვეთილის შეფასების რუბრიკით გათვალისწინებული თითოეული კრიტერიუმის მიხედვით.
2. ელექტრონულ სისტემაში მასწავლებლის საბოლოო შეფასება ასახული უნდა იქნეს გაკვეთილის ჩატარებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში გარე დამკვირვებელთა ჯგუფის ორივე წევრის მიერ შეფასებული ქულების საშუალო არითმეტიკულის გამოთვლის საფუძველზე. 3. გაკვეთილის შეფასების მაქსიმალური ქულაა 32, გაკვეთილი დადებითად შეფასებულად ჩაითვლება, თუ ის დააგროვებს გარე დამკვირვებელთა ჯგუფის ორივე წევრის მიერ შეფასებული ქულების საშუალო არითმეტიკულის 75%-ს, არანაკლებ 24 ქულას. 4. ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სპორტის საგნობრივ ჯგუფში შემავალ საგნებში გაკვეთილების შეფასების მაქსიმალური ქულაა 28. გაკვეთილი დადებითად შეფასებულად ჩაითვლება, თუ ის დააგროვებს გარე დამკვირვებელთა ჯგუფის ორივე წევრის მიერ შეფასებული ქულების ჯამური რაოდენობის საშუალო არითმეტიკულის 75%-ს, არანაკლებ 21 ქულას. 5. თუ მასწავლებელი მიიღებს უარყოფით შეფასებას გარე დაკვირვებაში, მას ხელახალი რეგისტრაციის უფლება მიეცემა გარე დაკვირვების გავლის მომდევნო სასწავლო წელს. |
მუხლი 13.
გარე დაკვირვების შედეგები
|
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრმა გარე დაკვირვების შედეგები უნდა განათავსოს ელექტრონულ სისტემაში, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება შესაბამისი მასწავლებლისთვის და მასწავლებლის შეფასების ჯგუფისთვის.
|
მუხლი 14.
გარე დაკვირვების შედეგების აპელაცია
|
1. გარე დაკვირვების შედეგის ელექტრონულ სისტემაში განთავსებიდან ერთი თვის განმავლობაში მასწავლებელს შეუძლია გაასაჩივროს გარე დაკვირვების შედეგად მიღებული უარყოფითი შეფასება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში.
2. მასწავლებელთა სააპელაციო განაცხადებს განიხილავს საპრეტენზიო კომისია. 3. აპელაციის საფასური შეადგენს 50 ლარს, რომელიც გადახდილი უნდა იქნეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ანგარიშზე. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული საფასური უკან უბრუნდება მასწავლებელს, თუ საპრეტენზიო განაცხადის საფუძველზე შეიცვლება გარე დაკვირვების შედეგად მიღებული შეფასება. 5. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საფასური გადახდილია ამავე პუნქტით განსაზღვრულზე მეტი ოდენობით, მასწავლებელს უბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და საფასურის დადგენილ ოდენობას შორის. 6. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გადახდილი საფასურის დაბრუნების შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი ფორმით განცხადების წარდგენა ხდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადებში. საფასურის თანხა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დაბრუნდება საფასურის დაბრუნების შესახებ განცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვის განმავლობაში. |
მუხლი 15.
საპრეტენზიო კომისია
|
1. საპრეტენზიო კომისია განიხილავს საპრეტენზიო განაცხადებს და გადაწყვეტილებას იღებს გარე დაკვირვების დროს გამოყენებული ყველა დოკუმენტაციის საფუძველზე, მათ შორის გარე დამკვირვებელთა ჯგუფის წევრების მიერ შევსებული გაკვეთილის შეფასების რუბრიკების, მასწავლებლის მიერ წარდგენილ გაკვეთილის გეგმისა, რეფლექსიის საფუძველზე. საპრეტენზიო კომისია უფლებამოსილია მოიწვიოს გარე დაკვირვების განმახორციელებელი გარე დამკვირვებელთა ჯგუფი, მასწავლებელი და ამ წესის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირები და მოისმინოს მათი მოსაზრებები ჩატარებული გაკვეთილის შესახებ. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია განხორციელდეს საპრეტენზიო კომისიის წევრის/წევრების ვიზიტი იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, სადაც განხორციელდა გარე დაკვირვება.
2. საპრეტენზიო კომისია უფლებამოსილია მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) საპრეტენზიო განაცხადის სრულად დაკმაყოფილების შესახებ; ბ) საპრეტენზიო განაცხადის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ; გ) საპრეტენზიო განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. 3. საპრეტენზიო კომისია მიღებულ გადაწყვეტილებას აწვდის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს, რომელიც ვალდებულია შეიტანოს შესაბამისი ცვლილება ელექტრონულ სისტემაში. 4. მასწავლებელი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებები გაასაჩივროს სასამართლოში მისი მიღებიდან 1 თვის ვადაში. |
მუხლი 16.
ინტერესთა კონფლიქტი |
1. გარე დამკვირვებელთა ჯგუფის წევრი, ამ წესის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირი და საპრეტენზიო კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს პირი:
ა) რომელიც არის გარე დაკვირვების გავლის მსურველი მასწავლებელი; ბ) რომელიც არის გარე დაკვირვების გავლის მსურველი მასწავლებლის ნათესავი; გ) რომელმაც შესაძლოა უშუალოდ მიიღოს ფინანსური ან პირადი სარგებელი გარე დაკვირვების შედეგების შემთხვევაში. 2. ამ წესის მიზნებისთვის ნათესავად ჩაითვლება: ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი; ბ) მეუღლე, მეუღლის და-ძმა და პირდაპირი ხაზის ნათესავი; გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და-ძმა; დ) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირი ვალდებულია, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს/საპრეტენზიო კომისიას აცნობოს ამ მუხლში აღნიშნული გარემოების შესახებ. 4. იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია ინტერესთა კონფლიქტის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისთვის/საპრეტენზიო კომისიისთვის ცნობილი გახდება გარე დაკვირვების შედეგად მასწავლებლის შეფასების/გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი/საპრეტენზიო კომისია უფლებამოსილია იმსჯელოს ასეთი პირის მიერ გაკეთებული შეფასების გაუქმების შესახებ. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განხორციელდება განმეორებითი გარე დაკვირვება გარე დამკვირვებელთა ჯგუფის სხვა შემადგენლობით. |
მუხლი 17.
გარდამავალი დებულებები
|
2017-2018 სასწავლო წლის პირველი სემესტრისთვის გარე დაკვირვება განხორციელდება საპილოტე რეჟიმში. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შესაძლებელია განისაზღვროს ამ წესისგან განსხვავებული რეგულაციები.
|
დოკუმენტის კომენტარები