აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 43-უ.ს.გ.ს.
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი 15/06/2017
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 010240010.30.056.016064
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
43-უ.ს.გ.ს.
15/06/2017
ვებგვერდი, 20/06/2017
010240010.30.056.016064
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

კანონი

 

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ

თავი I
ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო
1. ეს კანონი  განსაზღვრავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების სახეებს, მათ იერარქიას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის ზოგად წესებს.

2. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების მომზადებისა და მიღების (გამოცემის) მიმართ არ გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახეები.

3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნებისა და მოქმედების წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციური კანონით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, ამ კანონითა და მათ საფუძველზე მიღებული (გამოცემული) შესაბამისი ნორმატიული აქტებით.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 201 9 წლის 4 აპრილის კანონი №85 -უ.ს.რ.ს.- ვებგვერდი, 11.04.2019წ.


მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) კონსტიტუცია, კონსტიტუციური კანონი, კანონი, უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი, მთავრობის დადგენილება, უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება, მინისტრის ბრძანება, სამართლებრივი აქტი, ნორმატიული აქტი, იგულისხმება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ მიღებული (გამოცემული) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია, კონსტიტუციური კანონი, კანონი, უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი, მთავრობის დადგენილება, უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება, მინისტრის ბრძანება,  სამართლებრივი აქტი, ნორმატიული აქტი;

ბ) მთავრობა, მთავრობის თავმჯდომარე, უმაღლესი საბჭო, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, სამინისტრო, მინისტრი, უმაღლესი საარჩევნო კომისია  – იგულისხმება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოები და თანამდებობის პირები.


მუხლი 3. სამართლებრივი აქტის ცნება და სახეები
1. სამართლებრივი აქტი არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული (გამოცემული), შესასრულებლად სავალდებულო აქტი.

2. სამართლებრივი აქტის სახეებია: ნორმატიული აქტი და ინდივიდუალური აქტი.

3. ნორმატიული აქტი არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული (გამოცემული) სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს.

4. ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი ერთჯერადია და უნდა შეესაბამებოდეს ნორმატიულ აქტს. ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი მიიღება (გამოიცემა) მხოლოდ ნორმატიული აქტის საფუძველზე და მის მიერ დადგენილ ფარგლებში.

5. დაუშვებელია ნორმატიული შინაარსის სამართლებრივი აქტის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის სახით მიღება (გამოცემა) და ინდივიდუალური შინაარსის სამართლებრივი აქტის ნორმატიული აქტის სახით მიღება (გამოცემა).


მუხლი 4. ნორმატიული აქტის მოქმედების სფერო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტები (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება) მოქმედებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე, თუ თვით ამ ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, და სავალდებულოა შესასრულებლად.

მუხლი 5. სახელმწიფო ენის გამოყენება ნორმატიულ აქტში
ნორმატიული აქტი უნდა მომზადდეს, გამოიცეს და გამოქვეყნდეს ქართულ ენაზე. ნორმატიული აქტი შეიძლება გამოქვეყნდეს არასახელმწიფო ენაზეც, მაგრამ ასეთ ტექსტს არა აქვს ოფიციალური ძალა.

მუხლი 6. ანალოგია ნორმატიულ აქტში
1. კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად გამოიყენება ყველაზე უფრო მსგავსი ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლის ნორმა (კანონის ანალოგია). საჯარო სამართლებრივ ურთიერთობებში კანონის ანალოგია გამოიყენება მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

2. კანონის ანალოგიის გამოყენების შეუძლებლობისას კერძოსამართლებრივი ურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს სამართლის მთელი სისტემისა და ზოგადი პრინციპების საფუძველზე (სამართლის ანალოგია).

3. სპეციალური (საგამონაკლისო) ნორმები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ანალოგიით.


მუხლი 7. ვადების ათვლა ნორმატიულ აქტში
1. ვადები, რომლებიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით დღეებით არის განსაზღვრული, გულისხმობს კალენდარულ დღეებს.
2. ვადები, რომლებიც ამ კანონით დღეებით არის განსაზღვრული, გულისხმობს სამუშაო დღეებს, გარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით გათვალისწინებული ვადებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტითა და ამ კანონით პირდაპირ გათვალისწინებული კალენდარული დღეებისა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის 4 აპრილის კანონი №85 -უ.ს.რ.ს.- ვებგვერდი, 11.04.2019წ.


მუხლი 8. ნორმატიულ აქტთა ურთიერთმიმართება
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტები იყოფა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებად, რომლებიც ქმნიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობას.

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტების სახეებია:

ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონი;

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი;

გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი.

3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტების მიმართ მოქმედებს შემდეგი იერარქია:

ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონი;

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი.

4. ნორმატიული აქტი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს რეფერენდუმის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებას.

5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტებს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიმართ.

6. თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება უფრო გვიან მიღებულ (გამოცემულ) ნორმატიულ აქტს.

7. თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) შეიძლება მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში, მხოლოდ საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად და იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტით. კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში მითითებული უნდა იყოს, რომელი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად იქნა მიღებული (გამოცემული) იგი.

8. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა (თანამდებობის პირთა) ნორმატიული აქტების იურიდიული ძალა განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელ ხელისუფლებაში ამ ორგანოთა (თანამდებობის პირთა) იერარქიის შესაბამისად.

9. უფლებამოსილებათა გამიჯვნის პრინციპის გათვალისწინებით:

ა) საქართველოს ნორმატიულ აქტებს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა აჭარის  ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების მიმართ;

ბ) საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიულ აქტს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა (თანამდებობის პირთა) ნორმატიული აქტების მიმართ.


თავი II
ნორმატიული აქტების მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ორგანოები

მუხლი 9. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტის რეგულირების სფერო
მხოლოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტით შეიძლება განისაზღვროს:

ა) საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც კანონმდებლობის თანახმად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით არის გათვალისწინებული;

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს შიდა ორგანიზაცია, პროცედურები და საქმიანობის წესი;

გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევის წესი;

დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესი;

ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის მომზადების, მიღებისა და ამოქმედების წესი.


მუხლი 10. ერთობლივი ნორმატიული აქტის გამოცემის უფლებამოსილება
საქართველოს ნორმატიული აქტებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრებმა შეიძლება გამოსცენ ერთობლივი ნორმატიული აქტი.

მუხლი 11. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ნორმატიული აქტები
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია მიიღოს შემდეგი ნორმატიული აქტები:
ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონი;
გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი;
დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი;
ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილება.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია მიიღება და გადაისინჯება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობის მხარდაჭერით და ძალაში შედის მისი დამტკიცების თაობაზე საქართველოს ორგანულ ი კანონის ძალაში შესვლისთანავე.
3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონი მიიღება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის გადასინჯვისას და იგი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია.
4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი შეიძლება მიღებულ იქნეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ ნებისმიერ საკითხზე, თუ საქართველოს საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი მიიღება და ქვეყნდება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, ამ კანონითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით განსაზღვრული წესით.
6. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული კანონი 5 დღის ვადაში ხელმოსაწერად და გამოსაქვეყნებლად გადაეცემა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს.
7. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონს, გარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონისა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ხელს აწერს და აქვეყნებს 10 დღის ვადაში ან შენიშვნებით უბრუნებს უმაღლეს საბჭოს.
8. თუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე შენიშვნებით დააბრუნებს კანონს, უმაღლესი საბჭო კენჭს უყრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის შენიშვნებს. შენიშვნების მისაღებად საკმარისია ხმათა იგივე რაოდენობა, რაც კანონის პირვანდელი მიღებისათვის არის დადგენილი. თუ შენიშვნები მიღებულია, კანონის საბოლოო რედაქცია 5 დღის ვადაში გადაეცემა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, რომელიც 5 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს მას.
9. თუ უმაღლესმა საბჭომ არ მიიღო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის შენიშვნები, კენჭი ეყრება კანონის პირვანდელ რედაქციას. კანონის პირვანდელი რედაქციით მისაღებად საჭიროა უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობის   მხარდაჭერა. უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული კანონის საბოლოო რედაქცია 5 დღის ვადაში გადაეცემა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, რომელიც 5 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს მას.
10. თუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილ ვადაში არ მოაწერა ხელი კანონს და არც მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნა იგი უმაღლეს საბჭოს ან ამ მუხლის მე-8 ან მე-9 პუნქტით დადგენილ ვადაში ხელი არ მოაწერა და არ გამოაქვეყნა კანონი, მას ვადის ამოწურვიდან 5 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.
11. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტს აქვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის ძალა, რომლის მომზადება და მიღება ხდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მომზადებისა და მიღებისათვის დადგენილი წესის შესაბამისად და რომელიც მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების განხორციელების  პროცედურა, უმაღლესი საბჭოს სტრუქტურა და უმაღლესი საბჭოს მუშაობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტს ხელს აწერს და აქვეყნებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.
12. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილება შეიძლება იყოს როგორც ნორმატიული, ისე არანორმატიული. არანორმატიულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ის დადგენილება, რომელიც საკადრო, ინდივიდუალურ, პროცედურულ ან პერსონალურ საკითხებს ეხება, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არანორმატიული დადგენილების მიღების სხვა შემთხვევები განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 201 9 წლის 4 აპრილის კანონი №85 -უ.ს.რ.ს.- ვებგვერდი, 11.04.2019წ.


მუხლი 12. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ნორმატიული აქტი
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება მიიღება საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებაში უნდა მიეთითოს, რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად იქნა მიღებული იგი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება მიიღება ამ კანონითა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა დადგენილებას იღებს იმ შემთხვევაშიც, თუ შესაბამისი საკითხი მოწესრიგებული არ არის საკანონმდებლო აქტით (გარდა იმ შემთხვევისა, როცა საკითხი განეკუთვნება სხვა ორგანოს უფლებამოსილებას) და მისი მიღება გამოწვეულია გადაუდებელი აუცილებლობით. ამ პუნქტის შესაბამისად მიღებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება ძალას კარგავს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტის საფუძველზე მიღებული/გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ამოქმედების დღიდან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი ან თუ ეს დადგენილება ძალადაკარგულად გამოცხადდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ამოქმედებამდე.

3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ვალდებულია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტის მიღებიდან არაუგვიანეს 1 თვისა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წარუდგინოს საკანონმდებლო აქტის პროექტი, რომლითაც გათვალისწინებული იქნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ან სხვა ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ შესაბამის საკითხზე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღების/გამოცემის უფლებამოსილება. თუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო შესაბამის კანონპროექტს არ მიიღებს მისი წარდგენიდან 3 თვის ვადაში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება ძალადაკარგულად ითვლება. ამ შემთხვევაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას აღარ აქვს უფლება, იმავე საკითხზე მიიღოს დადგენილება.


მუხლი 13. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ნორმატიული აქტი
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებითა და საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანებაში მითითებული უნდა იყოს რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად გამოიცა იგი.

2. მინისტრის ბრძანების პროექტი წინასწარი სამართლებრივი ექს­პერ­ტი­ზი­სათვის გადაეცემა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატს. მთავრობის აპარატი მინისტრის ბრძანების პროექტის გადაცემიდან შვიდი დღის ვა­დაში გასცემს დასკვნას ნორმატიული აქტის პროექტის უპი­რა­ტესი იუ­რი­დი­უ­ლი ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის თაობაზე. მთავ­რობის აპარატის დასაბუთებული უარყოფითი დასკვნის შემ­თხ­ვე­ვა­ში მინის­ტრის ბრძა­ნე­ბის პროექტი შესაბამისობაში უნ­და იქნეს მოყვანილი უპირატესი იუ­რიდიული ძალის მქონე ნორმა­ტი­ულ აქტებთან.

3. თუ მთავრობის აპარატი მისთვის ნორმატიული აქტის პროექტის გა­და­­ცემიდან 7 დღის ვადაში არ გასცემს შესაბამის დასკვნას, მინისტრის ბრძა­ნების პროექტი ჩაითვლება მთავრობის აპარატის მიერ მოწონებულად, ხოლო მთავ­რობის აპარატის დადებითი დას­კვნა მი­ღე­ბულად. 

4. წინასწარი სამართლებრივი ექსპერტიზის დროს გაცემულ მთავრობის აპა­რატის დასკვნას მინისტრის ნორმატიული აქ­ტე­ბის მიმართ აქვს სავალ­დე­ბუ­ლო ხასიათი.

5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებებს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებს, სტუქტურულ ერთეულებს და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს არა აქვთ ნორმატიული აქტების გამოცემის უფლება.


მუხლი 14. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ნორმატიული აქტი
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ნორმატიული აქტია დადგენილება.

2. უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება შეიძლება მიღებულ იქნეს მხოლოდ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში.


თავი III
ნორმატიული აქტის მომზადებისა და მიღების (გამოცემის) ზოგადი წესი და ნორმატიული აქტის სტრუქტურა

მუხლი 15. ნორმატიული აქტის მომზადების უფლებამოსილების მქონე ორგანო
1. კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის პროექტს ამზადებს შესაბამისად საკანონმდებლო ინიციატივის ან ნორმატიული აქტის პროექტის წარდგენის უფლების მქონე სუბიექტი ან თვით ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ორგანო (თანამდებობის პირი). აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტს, ასევე პროექტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ ამზადებს და წარადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი, უმაღლესი საბჭოს ფრაქცია, უმაღლესი საბჭოს კომიტეტი.
2. საკანონმდებლო ინიციატივის ან ნორმატიული აქტის პროექტის წარდგენის უფლების მქონე სუბიექტს ან თვით ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ორგანოს (თანამდებობის პირს) უფლება აქვს, ნორმატიული აქტის პროექტის მომზადება დაუკვეთოს სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციასა და დაწესებულებას (მათ შორის, უცხოეთის დაწესებულებას), ცალკეულ სპეციალისტსა და სპეციალისტთა ჯგუფს (მათ შორის, უცხოელებს).

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 201 9 წლის 4 აპრილის კანონი №85 -უ.ს.რ.ს.- ვებგვერდი, 11.04.2019წ.


მუხლი 16. ნორმატიული აქტის პროექტის შედგენის, ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის), გაგზავნისა და გადაცემის წესი
ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ ნორმატიული აქტის პროექტის შედგენა, ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა), გაგზავნა ან გადაცემა ხორციელდება მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით.

მუხლი 17. ნორმატიული აქტის სტრუქტურა
1. ნორმატიული აქტი შეიცავს ძირითად ნაწილსა და დასკვნით დებულებებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – აგრეთვე გარდამავალ დებულებებს.

2. ნორმატიულ აქტს შეიძლება ჰქონდეს პრეამბულა. მასში გადმოიცემა ამ ნორმატიული აქტის დანიშნულება და პრინციპები, რომლებიც მას უდევს საფუძვლად. თუ აქტი კანონქვემდებარეა, პრეამბულაში მითითებული უნდა იყოს, რომელი ნორმატიული აქტის შესასრულებლად გამოიცა იგი.

3. ნორმატიულ აქტში ზოგადი ნორმები უნდა უსწრებდეს სპეციალურ ნორმებს.

4. ნორმატიული აქტი შეიძლება შეიცავდეს გარდამავალ დებულებებს, თუ განსაზღვრული ვადით დგინდება ძირითადისგან განსხვავებული ნორმები ან თუ ამ ნორმატიული აქტის სრულად ასამოქმედებლად გარკვეული პირობები და დროა საჭირო.

5. ნორმატიული აქტის დასკვნითი დებულებები შეიცავს იმ ნორმატიული აქტების ჩამონათვალს, რომლებიც ძალას კარგავს ამ ნორმატიული აქტის ამოქმედების მომენტიდან, აქტის ძალაში შესვლის დროს და მისი მოქმედების ვადას (თუ იგი განსაზღვრული ვადით არის მიღებული (გამოცემული)).

6. გადასახადის, მოსაკრებლის განაკვეთები და ოდენობები, აგრეთვე ნუსხები, უჯრები, სქემები, ფორმულები და ა.შ. ნორმატიული აქტის ტექსტში გამოიყენება შესაბამისი ნორმის შემდეგ, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – დაერთვის ნორმატიულ აქტს დანართის სახით. ნორმატიული აქტის დანართი ნორმატიულ აქტთან ერთად ქვეყნდება და მისი ნაწილია.

7. ნორმატიული აქტი შედგება მუხლებისაგან. მუხლი შეიძლება დაიყოს პუნქტებად, ხოლო პუნქტი – ქვეპუნქტებად; საჭიროების შემთხვევაში ქვეპუნქტი შესაძლებელია დაიყოს რამდენიმე ქვეპუნქტად. მუხლები შინაარსობრივი სიახლოვის გათვალისწინებით შეიძლება დაჯგუფდეს თავებად. თავს უნდა ჰქონდეს სათაური, ხოლო მუხლს შეიძლება ჰქონდეს სათაური. პუნქტი და ქვეპუნქტი უსათაუროა.

8. თავების, მუხლების და პუნქტების ნუმერაცია, ასევე ქვეპუნქტების ანბანური თანმიმდევრობა უწყვეტია. თავების ნუმერაციისას გამოიყენება რომაული ციფრები, ხოლო მუხლების და პუნქტების ნუმერაციისას – არაბული ციფრები. ქვეპუნქტების თანმიმდევრობა ქართული ანბანის ასოებით აღინიშნება.

9. ნორმატიულ აქტში სხვა ნორმატიული აქტის მითითებისას უნდა დასახელდეს ნორმატიული აქტის სახე და სათაური, მუხლი, პუნქტი და ქვეპუნქტი, ხოლო თუ აუცილებელია – წინადადებაც. ნორმატიულ აქტში იმავე ნორმატიული აქტის რომელიმე დებულების მითითებისას უნდა დასახელდეს მხოლოდ მუხლი, პუნქტი და ქვეპუნქტი, ხოლო თუ აუცილებელია – წინადადებაც.

10. ნორმატიულ აქტში თავის, მუხლის, პუნქტის ან ქვეპუნქტის ამოღების ან/და ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში ნორმატიული აქტის ნუმერაციის (ანბანური თანმიმდევრობის) უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით ნორმატიული აქტის გამოქვეყნებისას ამოღებული ან/და ძალადაკარგული კარის, თავის, მუხლის, პუნქტის ან ქვეპუნქტის ადგილას მიეთითება იმ ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) თარიღი და მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი, რომლითაც თავი, მუხლი, პუნქტი ან ქვეპუნქტი ამოღებულ იქნა ან/და ძალადაკარგულად გამოცხადდა.

11. ნორმატიულ აქტში თავის, მუხლის, პუნქტის ან ქვეპუნქტის დამატების შემთხვევაში ნორმატიული აქტის ნუმერაციის, ასევე ანბანური თანმიმდევრობის უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით მიეთითება შესაბამისად წინა თავის, მუხლის, პუნქტის ნომერი ან ქვეპუნქტის აღმნიშვნელი ასო დამატებითი ციფრით (პრიმა თავი, მუხლი, პუნქტი ან ქვეპუნქტი).

12. ნორმატიულ აქტში განისაზღვრება:

ა) ნორმატიული აქტები, რომლებიც უნდა გამოცხადდეს ძალადაკარგულად ამ ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) შემთხვევაში;

ბ) ნორმატიული აქტები, რომელთა მიღება (გამოცემა) საჭიროა ამ ნორმატიულ აქტთან დაკავშირებით, მათი მიღების (გამოცემის) ვადა და მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) დასახელება.


მუხლი 18. ნორმატიული აქტის პროექტის თანდართული დოკუმენტები
1. კანონპროექტს უნდა დაერთოს განმარტებითი ბარათი, რომელშიც აისახება:
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ. მასში აღინიშნება:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი;
ა.ბ)კანონპროექტის მიზანი;
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი;
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება. მასში აღინიშნება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო;
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;
ბ.დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალი ფინანსური ვალდებულებები;
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვ
რცელდება კანონპროექტის მოქმედება;
1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება;
2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება;
გ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. მასში აღინიშნება:
გ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
გ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
დ) კანონპროექტის ავტორი;
ე) კანონპროექტის ინიციატორი.
2. კანონპროექტს ასევე უნდა დაერთოს:
ა) კანონპროექტი სხვა საკანონმდებლო აქტში იმ ცვლილების შეტანის შესახებ, რომელსაც გამოიწვევს კანონპროექტის მიღება ან რომლითაც განისაზღვრება ამ ნორმატიული აქტის ნორმათა დარღვევისათვის დადგენილი პასუხისმგებლობა;
ბ) იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება;
გ) დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა ასეთის არსებობის შემთხვევაში;
დ) შესაბამის ორგანოში კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული ლობისტის დასკვნა, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტს უნდა დაერთოს კომიტეტის სხდომის ოქმის ამონაწერი, რ
ომელშიც მითითებულია მისი წარდგენის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება.
4. (ამოღებულია - 04.04.2019, №85-უ.ს.რ.ს.).
5. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პროექტს უნდა დაერთოს:
ა) განმარტებითი ბარათი, რომელშიც აისახება ნორმატიული აქტის პროექტის მიღების (გამოცემის) მიზეზი, მისი დამახასიათებელი ძირითადი ნიშნები, იმ შედეგების საფინანსო-ეკონომიკური გაანგარიშება, რომლებსაც გამოიწვევს წარდგენილი პროექტის მიღება (გამოცემა). განმარტებით ბარათში აღინიშნება აგრეთვე ნორმატიული აქტის პროექტის ავტორი (ავტორები) და წარმდგენი;
ბ) პროექტი სხვა ნორმატიულ აქტში იმ ცვლილების შეტანის შესახებ, რომელსაც გამოიწვევს წ
არდგენილი პროექტის მიღება (გამოცემა);
გ) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე ნორმატიული აქტის ზეგავლენის შეფასება (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტის შემთხვევაში);
დ) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე ნორმატიული აქტის პროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება.
6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ​2“ ქვეპუნქტითა და მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე ნორმატიული აქტის პროექტის ზეგავლენის (თუ ასეთი ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელია) შეფასება უნდა მოიცავდეს იმ დადებითი ან უარყოფითი ზეგავლენის დასაბუთებას ან/და იმ დადებითი ან უარყოფითი ზეგავლენის შესახებ ინფორმაციას, რომელიც, ნორმატიული აქტის პროექტის ავტორის/ინიციატორის მოსაზრებით, შეიძლება ნორმატიული აქტის მიღებამ მოახდინოს გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. თუ, ნორმატიული აქტის პროექტის ავტორის/ინიციატორის მოსაზრებით, ნორმატიული აქტის მიღებით გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელი არ არის, იგი ამის შესახებ განმარტებითი ბარათის შესაბამის ნაწილში აღნიშნავს. ნორმატიული აქტის მიღებით გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელია იმ შემთხვევაში, თუ, ნორმატიული აქტის პროექტის ავტორის/ინიციატორის მოსაზრებით:
ა) დგინდება ახალი ან/და სპეციფიკური უფლებები, ვალდებულებები ან შესაძლებლობები, რომლებიც ნორმატიული აქტის მიღების შემდეგ გაუჩნდება ქალს ან მამაკაცს დიფერენცირებულად ან/და უთანასწოროდ;
ბ) ხორციელდება ცვლილებები, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ გამომდინარეობს ნორმატიული აქტის პროექტიდან და უთანასწოროდ ზღუდავს ან უწყობს ხელს ქალისთვის ან მამაკაცისთვის განათლების, დასაქმების, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური დაცვის, ძალადობისგან დაცვის, შემოსავლებისა და სხვა სიკეთის, აგრეთვე სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის დიფერენცირებულ ან/და უთანასწორო ხელმისაწვდომობას;
გ) ნორმატიული აქტის პროექტს აქვს ქალისა და მამაკაცის სამართლებრივ ან ფაქტობრივ თანასწორობაზე სხვა მოსალოდნელი გავლენა.
7. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ​2“ ქვეპუნქტითა და მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე ნორმატიული აქტის პროექტის ზეგავლენის (თუ, ნორმატიული აქტის პროექტის ავტორის/ინიციატორის მოსაზრებით, ასეთი ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელია) შეფასება შეიძლება მოიცავდეს იმ შესაბამის ფაქტებზე, ინფორმაციის წყაროებზე ან/და მტკიცებულებებზე მითითებას, რომელთა მიხედვითაც შესაძლებელია ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების შეფასება და რომლებითაც ნორმატიული აქტის პროექტის ავტორი/ინიციატორი ხელმძღვანელობდა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 201 9 წლის 4 აპრილის კანონი №85 -უ.ს.რ.ს.- ვებგვერდი, 11.04.2019წ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის 3 მარტის კანონი №109-უ.ს.გ.ს.- ვებგვერდი, 10.03.2020წ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის 21 მაისის კანონი №115-უ.ს.გ.ს.- ვებგვერდი, 28.05.2020წ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის 29 მაისის კანონი №75-IIს- ვებგვერდი, 30.05.2023წ.


მუხლი 19. ნორმატიული აქტის რეკვიზიტები
1. ნორმატიულ აქტს უნდა ჰქონდეს შემდეგი რეკვიზიტები:

ა) ნორმატიული აქტის სახე;

ბ) ნორმატიული აქტის სათაური;

გ) ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) თარიღი და ადგილი (თუ ნორმატიულ აქტში შეტანილია ცვლილება, – მისი შეტანის თარიღიც);

დ) ნორმატიული აქტის ძალაში შესვლის თარიღი და აქტის მოქმედების ვადა (თუ იგი განსაზღვრული ვადით არის მიღებული (გამოცემული));

ე) უფლებამოსილი თანამდებობის პირის ხელმოწერა;

ვ) ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი.

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ნორმატიულ აქტებზე, სრული სახით გამოსახული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო გერბი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბი.


მუხლი 20. ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) და მასში ცვლილების შეტანის წესი
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აქტის მიღების თარიღად ითვლება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ ამ აქტის საბოლოო რედაქციით მიღების დღე.
2. სხვა ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) თარიღად ჩაითვლება უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ მისი ხელმოწერის დღე.
3. ნორმატიულ აქტში ცვლილების (ცვლილების (ცვლილებების) ან/და დამატების (დამატებების)) შეტანა ხდება მხოლოდ იმავე სახის ნორმატიული აქტით. იგი იმ ნორმატიული აქტის განუყოფელი ნაწილია, რომელშიც შეტანილ იქნა ცვლილება.
4. თუ კანონპროექტი იწვევს სხვა საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანას, მას უნდა დაერთოს შესაბამისი პროექტი ამ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ და ისინი წარდგენილი უნდა იქნეს საკანონმდებლო პაკეტის სახით.
5. ნორმატიული აქტის ცვლილების მომზადება, მიღება (გამოცემა) და ძალაში შესვლა ხდება იმ ნორმატიული აქტის მომზადების, მიღებისა (გამოცემისა) და ამოქმედებისთვის დადგენილი წესით, რომელშიც შეიტანება ეს ცვლილება.
6. ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე ნორმატიული აქტის პროექტში მითითებული უნდა იყოს მონაცემები იმ ნორმატიული აქტის შესახებ, რომელშიც შეიტანება ეს ცვლილება, კერძოდ, ნორმატიული აქტის სათაური, ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდი და ნორმატიული აქტის გამოქვეყნების თარიღი და სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი.
7. ნორმატიულ აქტში სიტყვის (სიტყვების) ან რიცხვის (რიცხვების) შეცვლის, ამოღების ან დამატების შემთხვევაში ნორმატიული აქტის პროექტი უნდა შეიცავდეს შესაბამისი პუნქტის, ქვეპუნქტის სრულ რედაქციას სათანადო ცვლილების გათვალისწინებით.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის 4 აპრილის კანონი №85 -უ.ს.რ.ს.- ვებგვერდი, 11.04.2019წ.


თავი IV
ნორმატიული აქტის მოქმედება

მუხლი 21. ნორმატიული აქტის მოქმედება დროში
1. ნორმატიული აქტი, რომლის ძალაში შესვლაც დაკავშირებულია გამოქვეყნებასთან, ძალაში შედის მხოლოდ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ამ კანონით დადგენილი წესით ოფიციალურად გამოქვეყნების შემდეგ.
2. ნორმატიული აქტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე – ეს ნიშნავს, რომ ნორმატიული აქტი ძალაში შედის გამოქვეყნების დღეს, 24 საათზე.
3. თუ ნორმატიულ აქტში მითითებულია, რომ იგი ძალაში უნდა შევიდეს გამოქვეყნებიდან განსაზღვრული დროის შემდეგ, ნორმატიული აქტის ძალაში შესვლის თარიღის ათვლის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს მისი გამოქვეყნების დღე.
4. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ძალაში შესვლა, გარდა კონკრეტული კალენდარული დღის დადგომისა ან სხვა ნორმატიული აქტის მიღების ან გამოცემის (ამოქმედების) თარიღისა, არ უნდა უკავშირდებოდეს სხვა რაიმე იურიდიული ფაქტის დადგომას.
5. ნორმატიული აქტით შეიძლება დადგინდეს ამ აქტის ცალკეული თავის ან მუხლის (პუნქტის, ქვეპუნქტის) ძალაში შესვლის განსაკუთრებული თარიღი.
6. ნორმატიული აქტი მოქმედებს უვადოდ, თუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით ან თვით ამ აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი.
7. ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი შეიძლება მიღებულ (გამოცემულ) იქნეს განსაზღვრული ვადით. ამ ვადის გასვლის შემდეგ ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი ძალადაკარგულად ჩაითვლება, თუ ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანო (თანამდებობის პირი) ასეთი ნორმატიული აქტის მიღებისთვის (გამოცემისთვის) დადგენილი წესით არ მიიღებს გადაწყვეტილებას ვადის გაგრძელების შესახებ.
8. ნორმატიული აქტის ამოქმედების ვადის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ ამ ვადის დადგომამდე.
9. ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის მოქმედება შეიძლება შეჩერდეს მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) და ზემდგომი ორგანოს მიერ, აგრეთვე კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.
10. საკანონმდებლო აქტს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, მიუხედავად იმისა, მიღებულია (გამოცემულია) თუ არა მის საფუძველზე ან მის შესასრულებლად კანონქვემდებარე აქტი, თუ თვით ამ საკანონმდებლო აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი.
11. დაუშვებელია საკანონმდებლო აქტით დადგენილი ნორმის შესრულებაზე უარის თქმა იმ მოტივით, რომ მის შესასრულებლად მიღებული (გამოცემული) არ არის შესაბამისი კანონქვემდებარე აქტი, თუ თვით ამ საკანონმდებლო აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 201 9 წლის 4 აპრილის კანონი №85 -უ.ს.რ.ს.- ვებგვერდი, 11.04.2019წ.


მუხლი 22. ნორმატიული აქტის ძალაში შესვლის განსაკუთრებული წესი
1. თუ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტები ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, თუ თვით ამ ნორმატიული აქტებით სხვა ვადა არ არის დადგენილი.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტი ძალაში შედის ოფიციალურად გამოქვეყნებიდან მე-10 დღეს, თუ თვით ამ საკანონმდებლო აქტით სხვა ვადა არ არის დადგენილი.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 201 9 წლის 4 აპრილის კანონი №85 -უ.ს.რ.ს.- ვებგვერდი, 11.04.2019წ.


მუხლი 23. ნორმატიული აქტის უკუძალა
1. ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით.

2. ნორმატიულ აქტს, რომელიც ადგენს ან ამძიმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს.


მუხლი 24. ნორმატიული აქტის გაუქმება
1. ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი ძალას კარგავს, თუ:

ა) გავიდა ვადა, რომლითაც იგი იყო მიღებული (გამოცემული);

ბ) მიღებულია (გამოცემულია) ნორმატიული აქტი, რომელიც მას ძალადაკარგულად აცხადებს;

გ) უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებულია ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო აქტების მიხედვით იწვევს მისი იურიდიული ძალის დაკარგვას.

2. არ შეიძლება რომელიმე ნორმატიული აქტით უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება.

3. იმ ნორმატიული აქტის გაუქმება, რომლითაც გაუქმდა ძველი ნორმატიული აქტი, არ ნიშნავს ძველი ნორმატიული აქტის მოქმედების აღდგენას, თუ თვით ამ აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი.

4. ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს მის საფუძველზე ან მის შესასრულებლად მიღებული (გამოცემული) ყველა ნორმატიული აქტი ან ნორმატიული აქტის შესაბამისი ნაწილი.

5. იურიდიული ძალა არა აქვს ძალადაკარგულად გამოცხადებული საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის საფუძველზე მიღებულ (გამოცემულ) ნორმატიულ აქტს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი გამოცხადებული ძალადაკარგულად.

6. საკანონმდებლო აქტის მიღების შემთხვევაში ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს შესაბამისი საზოგადოებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ყველა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი.

7. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ნორმატიული აქტი მისი კანონიერების ან მიზანშეუწონლობის მოტივით.

8. თუ ნორმატიული აქტი მიღებულია (გამოცემულია) საკითხზე, რომელიც საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციების, საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტების თანახმად განეკუთვნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა ორგანოს (თანამდებობის პირის) უფლებამოსილებას ან მიღებულია ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევით, ან დარღვეულია შესაბამისი ნორმატიული აქტის მიღებისა (გამოცემისა) და ამოქმედებისათვის დადგენილი პროცედურა, ნორმატიულ აქტს იურიდიული ძალა არა აქვს.

9. ამ მუხლში აღნიშნულ საკითხებს განიხილავენ და წყვეტენ ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) ზემდგომი ორგანო (თანამდებობის პირი), აგრეთვე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და საერთო სასამართლოები, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში.


თავი V
ნორმატიული აქტის გამოქვეყნება

მუხლი 25. ნორმატიული აქტის ოფიციალური გამოქვეყნება
1. ნორმატიული აქტის ოფიციალურ (იურიდიული ძალის მქონე) გამოქვეყნებად ითვლება მისი სრული ტექსტის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე პირველად გამოქვეყნება. ოფიციალური იურიდიული ძალა აქვს აგრეთვე „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე ელექტრონული ფორმით განთავსებულ სისტემატიზებულ ნორმატიულ აქტებს.

2. ნორმატიული აქტები ელექტრონული ფორმით ქვეყნდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ (შემდგომში – „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“) ვებგვერდზე.

3. „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ ნორმატიული აქტის გამოქვეყნებისა და მომსახურების საფასურის ოდენობა, ასევე გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.


მუხლი 26. ნორმატიული აქტის გამოქვეყნების წესი
1. აჭარის ავტონომიური   რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული კანონები ქვეყნდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, ამ კანონითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით დადგენილი წესით.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტი (გარდა ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ნორმატიული აქტისა), ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ უნდა გადაეცეს და უნდა გამოქვეყნდეს მათი მიღებიდან/გამოცემიდან 10 დღის ვადაში.
3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ნორმატიული აქტი „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ უნდა გადაეცეს და უნდა გამოქვეყნდეს მისი მიღებიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა.
4. „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ გამოსაქვეყნებლად უნდა გაეგზავნოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით დამოწმებული ნორმატიული აქტი. ნორმატიული აქტის (ნორმატიული აქტის პროექტის) შედგენის, მიღების (გამოცემის), გაგზავნის, აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის 4 აპრილის კანონი №85 -უ.ს.რ.ს.- ვებგვერდი, 11.04.2019წ.


მუხლი 27. ნორმატიული აქტის გამოქვეყნებაზე უარი
1. ნორმატიული აქტის გამოქვეყნებაზე უარი უნდა ითქვას, თუ ნორმატიული აქტი გამოსაქვეყნებლად წარდგენილია „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-4 მუხლის, მე-18 მუხლის პირველი პუნქტისა და 27-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით.
2. ნორმატიული აქტის გამოქვეყნებაზე უარი არ არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მის მიმართ არ გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოება.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის 4 აპრილის კანონი №85 -უ.ს.რ.ს.- ვებგვერდი, 11.04.2019წ.


თავი VI
ნორმატიული აქტების სახელმწიფო აღრიცხვა და სისტემატიზაცია

მუხლი 28. ნორმატიული აქტების სახელმწიფო აღრიცხვა და სისტემატიზაცია
ნორმატიული აქტების სახელმწიფო აღრიცხვა და სისტემატიზაცია ხორციელდება „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის VI თავით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 201 9 წლის 4 აპრილის კანონი №85 -უ.ს.რ.ს.- ვებგვერდი, 11.04.2019წ.


თავი VII
გარდამავალი დებულებები

მუხლი 29. მონაცემები 2011 წლის 1 იანვრამდე გამოქვეყნებული ნორმატიული აქტის შესახებ
2011 წლის 1 იანვრამდე გამოქვეყნებულ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე ნორმატიული აქტის პროექტში მითითებული უნდა იყოს მონაცემები იმ ნორმატიული აქტის შესახებ, რომელშიც შეიტანება ეს ცვლილება, კერძოდ, ნორმატიული აქტის სათაური, იმ ოფიციალური გამოქვეყნების ორგანოს სახელწოდება, რომელშიც აღნიშნული ნორმატიული აქტია გამოქვეყნებული, აქტის გამოქვეყნების თარიღი, აგრეთვე მუხლი და გვერდი მისი არსებობის შემთხვევაში.

მუხლი 30. ნორმატიული აქტის გამოსაქვეყნებლად გაგზავნის დროებითი წესი
2018 წლის 1 ივლისამდე დასაშვებია ნორმატიული აქტი „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ გამოსაქვეყნებლად გაეგზავნოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით დამოწმების გარეშე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.

მუხლი 31. კანონის ამოქმედებამდე მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტების იურიდიული ძალა
ამ კანონის ამოქმედებამდე „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2004 წლის 16 დეკემბრის კანონის (გაზეთი “აჭარა“, №251, 22.12.2004) საფუძველზე მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტები, რომლებიც რეგისტრირებულია ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში, ინარჩუნებს იურიდიულ ძალას კანონმდებლობით დადგენილი წესით მათ ძალადაკარგულად გამოცხადებამდე.

თავი VIII
დასკვნითი დებულებები

მუხლი 32. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით ძალადაკარგული ნორმატიული აქტი
ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2004 წლის 16 დეკემბრის კანონი (გაზეთი “აჭარა“, №251, 22.12.2004).

მუხლი 33. კანონის ამოქმედება
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეზურაბ პატარაძე

 

ჩაქვი,

15 ივნისი 2017 წ.

N43-უ.ს.გ.ს.