სელექციური მიღწევების დაცვის შესახებ

  • Word
სელექციური მიღწევების დაცვის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 451
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 18/10/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 27-28/4, 21/11/1996
ძალის დაკარგვის თარიღი 12/01/2007
სარეგისტრაციო კოდი 340.110.000.05.001.000.173
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
451
18/10/1996
პარლამენტის უწყებანი, 27-28/4, 21/11/1996
340.110.000.05.001.000.173
სელექციური მიღწევების დაცვის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს კანონი

სელექციური მიღწევების დაცვის შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. ძირითადი ცნებები

კანონში გამოყენებული ცნებების განმარტება

„სელექციური მიღწევა” – მცენარის ან ცხოველის ჯიში, რომელიც წარმოადგენს ადამიანის მიზანმიმართული სამეურნეო საქმიანობის შედეგს;

„მცენარის ჯიში” – მცენარეთა ჯგუფი, რომელიც, დაცვისუნარიანობის მიუხედავად, განისაზღვრება მოცემული გენოტიპის ან გენოტიპების კომბინაციებისათვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებებით, რითაც განსხვავდება იმავე ბოტანიკური ტაქსონის მცენარეთა სხვა ჯგუფისაგან.

ჯიში შესაძლოა წარმოდგენილი იყოს ერთი ან რამდენიმე მცენარით, მცენარის ერთი ან რამდენიმე ნაწილით, იმ პირობით, თუ ეს ნაწილი ან ნაწილები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ჯიშის, როგორც მთლიანი მცენარის, მიღებისათვის;

სელექციური მიღწევის დაცვის კატეგორიებია ჯიში, კლონი, ხაზი, პირველი თაობის ჰიბრიდი, პოპულაცია.

„მცენარის თესლი” – მომავალი მცენარე ან მისი ნაწილი, რომელიც გამოიყენება აღწარმოებისაგან განსხვავებული დანიშნულებით;

„ცხოველის ჯიში” – ცხოველთა ჯგუფი, რომელსაც, დაცვისუნარიანობის მიუხედავად, გააჩნია გენეტიკურად განპირობებული ბიოლოგიური და მორფოლოგიური ნიშან-თვისებები; ამასთან, ზოგი მათგანი სპეციფიურია და განასხვავებს მას სხვა ჯგუფის ცხოველებისაგან. ჯიში შეიძლება წარმოდგენილი იყოს მდედრი ან მამრი ინდივიდით ან სანაშენე მასალით.

ცხოველის ჯიშის დაცვის კატეგორიებია ტიპი და ხაზი;

„სანაშენე ცხოველი” – ჯიშის აღწარმოებისა და გამრავლებისათვის გათვალისწინებული ცხოველი;

„სანაშენე მასალა” – სანაშენე ცხოველი, მისი გამეტები ან ზიგოტები (ემბრიონები);

„საწარმოო დანიშნულების ცხოველი” – ცხოველი, რომელიც გამოიყენება ჯიშის აღწარმოებისაგან განსხვავებული მიზნებისათვის;

„მოწმობით დაცული სელექციური მიღწევა” – მცენარის ან ცხოველის ჯიში, რომელიც რეგისტრირებულია მოწმობით დაცული სელექციური მიღწევების სახელმწიფო რეესტრში;

„განმცხადებელი” – ფიზიკური ან იურიდიული პირი (დამქირავებელი), რომელმაც სელექციურ მიღწევაზე განაცხადი შეიტანა;

„ინდუცირებული მუტანტი” – ორგანიზმი, რომელსაც ქიმიური ან ფიზიკური ფაქტორის ზემოქმედებით გამოწვეული მუტაციის შედეგად აღმოაჩნდა განსხვავებული ნიშანი ან თვისება;

„ბეკროსი” – აღმავალი შეჯვარება, როცა ჰიბრიდი განმეორებით უჯვარდება ერთ რომელიმე მშობელს;

„კლონი” – ვეგეტატიურად მამრავლი ერთი მცენარის თაობა.

    მუხლი 2. საქართველოს კანონმდებლობა სელექციური მიღწევების დაცვის შესახებ

საქართველოს კანონმდებლობა სელექციური მიღწევების დაცვის შესახებ მოიცავს ამ კანონს და სხვა საკანონმდებლო აქტებს.

    მუხლი 3. სელექციური მიღწევების სამართლებრივი დაცვა

1. სელექციურ მიღწევაზე უფლებას განსაკუთრებული უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემით იცავს კანონი.

2. მოწმობა ადასტურებს მოწმობის მფლობელის განსაკუთრებულ უფლებას სელექციური მიღწევის გამოყენებაზე.

3. ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას სელექციური მიღწევების დაცვის სფეროში ამ კანონის საფუძველზე ატარებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სელექციური მიღწევების გამოცდისა და დაცვის სახელმწიფო კომისია (შემდგომში – კომისია). კომისია იღებს და განიხილავს განაცხადს ახალ ჯიშზე, ატარებს ექსპერტიზას და გამოცდას, კონტროლს უწევს ბიოტექნოლოგიით შექმნილი სელექციური მიღწევების გამოყენებასთან დაკავშირებულ რისკის ფაქტორებს, აწარმოებს სელექციური მიღწევების სახელმწიფო რეესტრს და გამოსაყენებლად დაშვებული სელექციური მიღწევების რეესტრს, გასცემს განსაკუთრებული უფლების დამადასტურებელ მოწმობას, აქვეყნებს ოფიციალურ მონაცემებს სელექციურ მიღწევებზე მოწმობის გაცემის შესახებ.

4. სელექციურ მიღწევაზე კომისიის მიერ გაცემული მოწმობა რეგისტრირდება მოწმობით დაცული სელექციური მიღწევების სახელმწიფო რეესტრში.

5. სელექციურ მიღწევაზე მოწმობით მინიჭებული უფლების სამართლებრივი დაცვის საზღვრები დგინდება სელექციური მიღწევის აღწერილობაში მოცემული ძირითადი ნიშნების ერთობლიობით.

6. მოწმობის მოქმედების ვადაა 30 წელი სელექციური მიღწევების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის დღიდან; ვაზის, მერქნიანი, ხეხილოვანი, დეკორატიული, ჩაის, სუბტროპიკული კულტურებისა და ტყის ჯიშებისათვის, მათ შორის საძირეებისათვის – 35 წელი.

თავი II

სელექციური მიღწევის დაცვის პირობები და მოწმობის გაცემაზე განაცხადის განხილვა პროცედურა

    მუხლი 4. სელექციური მიღწევის დაცვის პირობები

1. სელექციურ მიღწევაზე განსაკუთრებული უფლების დამადასტურებელი მოწმობა გაიცემა თუ იგი პასუხობს დაცვის კრიტერიუმებს და სახეობა, რომელსაც განეკუთვნება ეს ჯიში, შეტანილია ბოტანიკური და ზოოლოგიური გვარებისა და სახეობების ნუსხაში.

2. სელექციური მიღწევის დაცვის კრიტერიუმებია:

ა) სიახლე

მცენარის ან ცხოველის ჯიში მიიჩნევა ახლად, თუ მოწმობაზე განაცხადის შეტანის დღისათვის ამ ჯიშის მცენარის თესლი ან ცხოველის სანაშენე მასალა წარმოებაში გამოყენების მიზნით სელექციური მიღწევის ავტორს ან მის უფლებამონაცვლეს (დამქირავებელს) არ გაუყიდია და არ გადაუცია სხვა პირისათვის საქართველოს ტერიტორიაზე განაცხადის შეტანამდე, ერთი წლით ადრე, ხოლო სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე განაცხადის შეტანამდე ოთხი წლით ადრე, ვაზის, მერქნიანი, დეკორატიული, ხეხილოვანი და ტყის ჯიშებისა კი – არანაკლებ ექვსი წლით ადრე.

ბ) განსხვავებულობა

სელექციური მიღწევა, ძირითადი ნიშან-თვისებების მიხედვით, უნდა იყოს განსხვავებული შეტანის დღისათვის არსებული საყოველთაოდ ცნობილი სელექციური მიღწევებისაგან.

ჯიში მიიჩნევა საყოველთაოდ ცნობილად, თუ მონაცემები მის შესახებ მითითებულია ოფიციალურ კატალოგებში, აღნიშნულია საცნობარო ფონდებში ან ზუსტად არის აღწერილი გამოქვეყნებულ ლიტერატურაში.

მოწმობაზე ან გამოქვეყნებაზე განაცხადის შეტანის დღიდან სელექციური მიღწევა მიიჩნევა საყოველთაოდ ცნობილად, თუ მასზე გაიცემა მოწმობა ან თუ სელექციური მიღწევა დაშვებული იყო გამოსაყენებლად.

გ) ერთგვაროვნება

ერთი და იგივე მცენარეები ან ცხოველები მორფო-ბიოლოგიური ნიშან-თვისებების მიხედვით უნდა იყვნენ ერთგვაროვანნი ჯიშის გამრავლების პროცესისათვის დამახასიათებელი ცვალებადობის გათვალისწინებით.

დ) სტაბილურობა

სელექციური მიღწევა ითვლება სტაბილურად, თუ მრავალჯერადი გამრავლების ან გამრავლების განსაკუთრებული ციკლის პროცესში, გამრავლების ყოველი ციკლის ბოლოს, მისი ძირითადი ჯიშური ნიშან-თვისებები უცვლელი რჩება.

3. თუ სელექციური მიღწევა შეტანილია გამოსაყენებლად დაშვებული სელექციური მიღწევების რეესტრში, ხოლო გვარი და სახეობა, რომელსაც მიეკუთვნება სელექციური მიღწევა, ბოტანიკური და ზოოლოგიური გვარების და სახეობების ნუსხაში შეტანილ იქნა რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ, ასეთი ჯიშის მიმართ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნები და მე-18 მუხლით გათვალისწინებული უფლება არ ვრცელდება.

    მუხლი 5. მოწმობაზე განაცხადის წარდგენა

1. კომისიაში მოწმობაზე განაცხადის წარდგენის უფლება აქვს სელექციური მიღწევების ავტორს ან მის უფლებამონაცვლეს (დამქირავებელს).

2. თუ სელექციური მიღწევა გამოყვანილია, შექმნილია ან გამოვლენილია სამსახურებრივი დავალების ან მოვალეობის შესრულების შედეგად, მოწმობაზე განაცხადის წარდგენის უფლება ეკუთვნის დამქირავებელს, თუ სელექციური მიღწევის ავტორისა და დამქირავებლის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3. ერთ ჯიშზე განაცხადის წარდგენა შეუძლია რამდენიმე განმცხადებელს, თუ ჯიში ერთობლივად არის გამოყვანილი.

განაცხადი შეიძლება წარადგინოს წარმომადგენელმა, რომელიც მინდობილობით წარმართავს მოწმობის მიღებასთან დაკავშირებულ საქმიანობას.

კომისიის სისტემაში მომუშავეებს სელექციურ მიღწევაზე მოწმობის მისაღებად განაცხადის წარდგენის უფლება არა აქვთ, გარდა იმ თანამშრომლებისა, რომლებიც კომისიაში მუშაობის დაწყებამდე მონაწილეობდნენ სელექციური მიღწევის შექმნაში და მათი შემოქმედებითი წვლილი დასაბუთებულია.

4. მოწმობის მიღების განაცხადი უნდა შეიცავდეს:

ა) მოწმობის გაცემის განცხადებას;

ბ) სელექციური მიღწევის ანკეტას;

გ) დადგენილი საფასურის გადახდის, საფასურისაგან გათავისუფლების შესახებ ცნობას.

5. ჩამოთვლილი საბუთების ფორმასა და შინაარსს ადგენს კომისია.

6. ერთ სელექციურ მიღწევაზე წარედგინება ერთი განაცხადი.

7. თუ განმცხადებელი არის დამქირავებელი, ამ მუხლის მეორე პუნქტის მოთხოვნის შესაბამისად განაცხადს თან უნდა დაერთოს სელექციური მიღწევის ავტორთან დადებული ხელშეკრულების ასლი.

8. განაცხადის წარდგენა ხდება ქართულ ან სხვა ენაზე. განაცხადის სხვა ენაზე წარდგენის შემთხვევაში განაცხადს თან უნდა ერთოდეს ქართული თარგმანი. განცხადება მოწმობის მოთხოვნის შესახებ ფორმდება ქართულ ენაზე კომისიის მიერ დადგენილი ფორმით.

    მუხლი 6. სელექციური მიღწევის დასახელება

1. სელექციურ მიღწევას სახელს არქმევს განმცხადებელი კომისიასთან შეთანხმებით.

თუ კომისია არ ეთანხმება დასახელებას, განმცხადებელი ვალდებულია დადგენილ ვადაში წარმოადგინოს ახალი დასახელება. სელექციური მიღწევის დასახელება უნდა იძლეოდეს მისი იდენტიფიცირების საშუალებას, იყოს მოკლე და განსხვავდებოდეს იმავე ან ახლო მდგომი ბოტანიკური ან ზოოლოგიური სახეობის სხვა სელექციური მიღწევის დასახელებისაგან, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ჰუმანურობის და მორალის პრინციპებს, არ უნდა შედგებოდეს მხოლოდ ციფრებისაგან და არ უნდა იწვევდეს ცდომილებას სელექციური მიღწევის თვისებების, წარმოშობის, მნიშვნელობისა და სელექციონერის პიროვნების გარკვევის დროს.

2. პირი, რომელიც იყენებს დაცულ სელექციურ მიღწევას, ვალდებულია ისარგებლოს სელექციური მიღწევის სახელმწიფო რეესტრში შეტანილი დასახელებით.

3. სელექციური მიღწევის დასახელება შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში კომისიის თანხმობით.

    მუხლი 7. სელექციურ მიღწევაზე განაცხადის შეტანის თარიღი

1. სელექციურ მიღწევაზე განაცხადის შეტანის თარიღი დგინდება კომისიაში მოწმობის მიღებაზე განცხადების შესვლის თარიღის მიხედვით.

2. ერთსა და იმავე დღეს ერთსა და იმავე სელექციურ მიღწევაზე ორი ან მეტი განცხადების შესვლისას განაცხადის შეტანის თარიღი განისაზღვრება განაცხადის გაგზავნის თარიღით; თუ ეს თარიღიც ერთია, მაშინ უპირატესობა მიენიჭება კომისიაში ადრე რეგისტრირებულ განაცხადს.

3. თუ განაცხადის კომისიაში შეტანამდე იგი წარდგენილი იყო სხვა სახელმწიფოში, რომელთანაც საქართველოს დადებული აქვს ხელშეკრულება სელექციური მიღწევების სამართლებრივი დაცვის შესახებ, განმცხადებელს უფლება აქვს იგივე განაცხადის კომისიაში შეტანიდან 12 თვის განმავლობაში ისარგებლოს სხვა სახელმწიფოში განაცხადის შეტანის თარიღით.

4. კომისიაში შეტანილ განაცხადში აღნიშნული უნდა იყოს სხვა ქვეყანაში განაცხადის შეტანის თარიღი. განმცხადებელი ვალდებულია განაცხადის კომისიაში შეტანის დღიდან ექვს თვეში წარადგინოს იმ ქვეყნის შესაბამისი ორგანიზაციის მიერ დამოწმებული განაცხადის ასლი, სადაც პირველად იყო შეტანილი და მისი ქართული თარგმანი. ამ შემთხვევაში განმცხადებელს უფლება აქვს დამატებითი დოკუმენტაცია და გამოცდისათვის საჭირო მასალები კომისიაში წარადგინოს სხვა ქვეყანაში განაცხადის შეტანიდან სამი წლის განმავლობაში.

    მუხლი 8. კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება

 

მოწმობის გაცემაზე თანხმობის ან უარის, მოწმობის ძალადაკარგულად მიჩნევის ან გაუქმების შესახებ კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

თავი III

სელექციური მიღწევის დაცვის კრიტერიუმების შეფასება

    მუხლი 9. მოწმობის გაცემაზე განაცხადის წინასწარი ექსპერტიზა

1. მოწმობის გაცემაზე განაცხადის წინასწარი ექსპერტიზა ტარდება განაცხადის შეტანიდან ერთი თვის ვადაში. წინასწარი ექსპერტიზისას დგინდება განაცხადის შეტანის თარიღისა და თანდართული საბუთების მიმართ წაყენებული მოთხოვნების შესაბამისობა.

2. წინასწარი ექსპერტიზის პროცესში განმცხადებელს უფლება აქვს განაცხადში შეიტანოს შესწორება, დააზუსტოს ან დაამატოს მასალები.

3. თუ წინასწარი ექსპერტიზის მოთხოვნების შესაბამისად განაცხადი დადგენილი ვადისათვის არ ჩასწორდა ან არ შეივსო დამატებითი მასალებით, იგი განსახილველად არ მიიღება, რის შესახებაც ეცნობება განმცხადებელს.

4. განმცხადებელს უფლება აქვს წინასწარი ექსპერტიზის უარყოფითი გადაწყვეტილება გაასაჩივროს კომისიის საექსპერტო საბჭოში შეტყობინების მიღებიდან სამი თვის ვადაში.

5. წინასწარი ექსპერტიზის დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში განმცხადებელს ეცნობება, რომ განაცხადი მიღებულია და გამოქვეყნდება კომისიის ოფიციალურ ბიულეტენში.

    მუხლი 10. სელექციური მიღწევის ექსპერტიზა სიახლეზე

1. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს განაცხადის შესახებ მონაცემების გამოქვეყნებიდან ექვსი თვის ვადაში კომისიაში შეიტანოს პრეტენზია სელექციური მიღწევის სიახლესთან დაკავშირებით, რასაც კომისია აცნობებს განმცხადებელს, რომელიც ვალდებულია კომისიაში სამი თვის ვადაში წარადგინოს დასაბუთებული პასუხი პრეტენზიაში დასმული საკითხების შესახებ.

2. კომისია მის ხელთ არსებული მასალების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას და აცნობებს განმცხადებელს.

3. თუ სელექციური მიღწევა არ უპასუხებს სიახლის კრიტერიუმს, მიიღება უარყოფითი გადაწყვეტილება მოწმობის გაცემაზე.

    მუხლი 11. სელექციური მიღწევის გამოცდა განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებაზე, სტაბილურობაზე

1. სელექციური მიღწევის გამოცდა განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებაზე, სტაბილურობაზე ტარდება კომისიის მიერ დადგენილი მეთოდიკითა და ვადაში.

2. განმცხადებელი ვალდებულია გამოცდისათვის კომისიის მიერ მითითებულ მისამართზე და განსაზღვრულ ვადაში წარადგინოს საჭირო რაოდენობის მცენარის თესლი, ნერგი ან ცხოველის სანაშენე მასალა.

3. კომისიას შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე შეუძლია გამოიყენოს სხვა ორგანიზაციების მიერ კომისიასთან შეთანხმებით ჩატარებული გამოცდის შედეგები, განმცხადებლის წარმოდგენილი მონაცემები ან სხვა ქვეყნის კომპეტენტური ორგანოების ჩატარებული სელექციური მიღწევის გამოცდის შედეგები.

 4. თუ სელექციური მიღწევა აკმაყოფილებს დაცვის კრიტერიუმებს, დასახელება კი ამ კანონის მეექვსე მუხლის მოთხოვნებს, კომისიას გამოაქვს გადაწყვეტილება მოწმობის გაცემის შესახებ და მასთან შეთანხმებით განმცხადებელი ადგენს სელექციური მიღწევის აღწერილობას.

    მუხლი 12. საფასური

სელექციურ მიღწევაზე მოწმობის გაცემასთან დაკავშირებული საქმიანობის შესასრულებლად დაწესებული საფასური გადაიხდება კომისიაში. ჩამონათვალს, რა ქმედებების განხორციელებისათვის გადაიხდება საფასური, მის ოდენობას, გადახდის ვადას, საფასურის ოდენობის შემცირების, მისგან გათავისუფლების ან უკან დაბრუნების წესს ადგენს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო.

    მუხლი 13. გამოქვეყნება

კომისია გამოსცემს ოფიციალურ ბიულეტენს, რომელშიც ქვეყნდება ინფორმაცია მოწმობის მიღებაზე განაცხადის შეტანის თაობაზე, მოწმობის გაცემის, სელექციური მიღწევის გამოყენებაზე ლიცენზიების გაცემისა და ამ მონაცემებში ცვლილებათა შეტანის შესახებ.

თავი IV

სელექციური მიღწევის დაცვა

    მუხლი 14. სელექციური მიღწევის რეგისტრაცია

სელექციური მიღწევების სახელმწიფო რეესტრში კეთდება შემდეგი ჩანაწერი:

ა) მცენარის, ცხოველის გვარი, სახეობა;

ბ) სელექციური მიღწევის დასახელება;

გ) სელექციური მიღწევის რეგისტრაციის თარიღი და ნომერი;

დ) მოწმობის მფლობელის სახელწოდება, მისამართი;

ე) სელექციური მიღწევის ავტორის სახელი, მამის სახელი, გვარი და მისამართი;

ვ) მოწმობის სხვა პირზე გადაცემის აქტი, ამ პირის სახელი, მამის სახელი, გვარი და მისამართი;

ზ) მონაცემები ლიცენზიების შესახებ;

თ) მონაცემები მოწმობის მოქმედების დამთავრების ან შეწყვეტის შესახებ (მიზეზის ჩვენებით).

    მუხლი 15. მოწმობა

1. სელექციურ მიღწევაზე განსაკუთრებული უფლების დამადასტურებელი მოწმობა ეძლევა პირს, რომლის უფლება დადასტურებულია ამ კანონით დადგენილი წესით. მოწმობაში მითითებული უნდა იყოს ყველა ავტორი.

2. მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში შეიძლება გაიცეს დუბლიკატი.

    მუხლი 16. მოწმობის მფლობელის უფლება

1. მოწმობის მფლობელის განსაკუთრებულ უფლებას წარმოადგენს ის, რომ ნებისმიერი პირი ვალდებულია მისგან აიღოს ლიცენზია (ნებართვა) მოწმობით დაცული შემდეგი სელექციური მიღწევის გამოყენების სახეებზე:

ა) წარმოება და კვლავწარმოება;

ბ) შემდგომი გამრავლების მიზნით სათეს კონდიციამდე დაყვანა;

გ) შენახვა;

დ) გაყიდვა და გასხვისების სხვა სახე;

ე) საქართველოს ტერიტორიიდან გატანა;

ვ) საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა.

2. მოწმობის მფლობელის უფლება ვრცელდება აგრეთვე იმ მცენარეულ მასალასა და საწარმოო დანიშნულების ცხოველზე, რომელიც მიღებულია მოწმობის მფლობელის ნებართვის გარეშე უნებართვოდ სამეურნეო ბრუნვაში ჩართული მცენარის თესლის ან სანაშენე ცხოველიდან.

3. მოწმობის მფლობელის ნებართვა აუცილებელია ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი ქმედებების განსახორციელებლად იმ მცენარის ჯიშის თესლზე ან სანაშენე მასალაზე, რომელშიც ძირითადად მემკვიდრეობს მოწმობით დაცული ჯიშის ნიშან-თვისებები, ან თუ თესლის წარმოებისათვის აუცილებელია მოწმობით დაცული ჯიშის ერთხელ მეტად გამოყენება.

4. ამ მუხლის პირველ პუნქტში დასახელებული სელექციური მიღწევის გამოყენების სახეებზე მოწმობის მფლობელის უფლება დასტურდება იმ შემთხვევაში, თუ:

ა) არსებულ ჯიშში მემკვიდრეობს მოწმობით დაცული სელექციური მიღწევის ძირითადი ნიშნები და შენარჩუნებულია გენოტიპის ან გენოტიპების კომბინაციებისათვის დამახასიათებელი ძირითადი ნიშნები;

ბ) არსებული ჯიში შეესაბამება მოწმობით დაცული სელექციური მიღწევის გენოტიპს ან გენოტიპების კომბინაციებს, გარდა იმ ცვალებადობისა, რომელიც შესაძლებელია გამოწვეული იყოს მოწმობით დაცული ჯიშიდან ინდივიდუალური გამორჩევის, ინდუცირებული მუტანტის გამორჩევის, ბეკროსის და გენური ინჟინერიის მეთოდების გამოყენების შედეგად.

    მუხლი 17. ქმედებები, რომლებიც არ ითვლება მოწმობის მფლობელის უფლების დარღვევად

მოწმობის მფლობელის უფლების დარღვევად არ ითვლება:

ა) მოწმობით დაცულ სელექციურ მიღწევაზე პირადი მოხმარების და სელექციური მიზნით განხორციელებული ქმედებები;

ბ) ახალი ჯიშის შესაქმნელ საწყის მასალად სელექციური მიღწევის გამოყენება; ამ გზით გამოყვანილ ჯიშზე იმ ქმედებების განხორციელება, რომელიც მითითებულია მე-16 მუხლის პირველ პუნქტში, ამავე მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი შემთხვევების გარდა;

გ) ადგილობრივად მიღებული მცენარეული მასალის თესლად გამოყენება ამავე მეურნეობის ტერიტორიაზე ორი წლის განმავლობაში (მცენარეების გვარებისა და სახეობების ნუსხას ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობის და სურსათის სამინისტრო);

დ) საწარმოო დანიშნულების ცხოველების გამრავლება იმ საწარმოში გამოსაყენებლად, სადაც გამოიყვანეს;

ე) ნებისმიერი ქმედებები თესლზე, მცენარეულ და სანაშენე მასალაზე ან საწარმოო დანიშნულების ცხოველზე, რომელიც სამეურნეო ბრუნვაში ჩართულია მოწმობის მფლობელის თანხმობით.

    მუხლი 18.   სელექციურმიღწევის დაცვა მოწმობის მიღებამდე

1. კომისიის მიერ განაცხადის მიღების დღიდან მოწმობის გაცემამდე განმცხადებელს ენიჭება სელექციურ მიღწევის დაცვის უფლება.

2. მოწმობის მიღების შემდეგ მის მფლობელს უფლება აქვს მიიღოს კომპენსაცია იმ პირისაგან, რომელმაც სელექციურმიღწევაზე საავტორო უფლების დროებითი დაცვის პერიოდში განმცხადებლის ნებართვის გარეშე განახორციელა ამ კანონის მე-16 მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი ქმედებები.

3. მოწმობის მიღებამდე განმცხადებელს უფლება აქვს თესლი და სანაშენე მასალა გაყიდოს ან გადასცეს მეცნიერული მიზნებისათვის ან გადასცეს წარმოებას თესლის ან სანაშენე მასალის მარაგის შექმნის მიზნით.

4. განმცხადებლის ან მისი თანხმობით სხვა პირის მიერ ზემოთ აღნიშნული მოთხოვნების დარღვევისას მასზე არ ვრცელდება ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული უფლება.

თავი V

სელექციური მიღწევების გამოყენება

    მუხლი 19. სალიცენზიო ხელშეკრულება

მოწმობის მფლობელი (ლიცენზიარი) სხვა პირს (ლიცენზიატს) გადასცემს სელექციური მიღწევით სარგებლობის უფლებას სალიცენზიო ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით.

    მუხლი 20. ლიცენზიატის უფლება

ლიცენზიატს უფლება აქვს გამოიყენოს სელექციური მიღწევა და განახორციელოს ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქმედებები.

ლიცენზიატს უფლება არა აქვს გადასცეს ლიცენზია მესამე პირს ან გასცეს სუბლიცენზია, თუ ეს ხელშეკრულებით არ არის გათვალისწინებული.

    მუხლი 21. სალიცენზიო ხელშეკრულების პირობებით ლიცენზიატის უფლების შეზღუდვა

სალიცენზიო ხელშეკრულება, რომლის პირობები არ გამომდინარეობს მოწმობით მინიჭებული უფლებიდან და ზღუდავს ლიცენზიატს, ბათილია.

    მუხლი 22.   ლიცენზია

1. მოწმობის მფლობელს უფლება აქვს კომისიის ოფიციალურ ბიულეტენში გამოაქვეყნოს განცხადება, რომ მასთან შეთანხმებით ნებისმიერ პირს აქვს უფლება გამოიყენოს სელექციური მიღწევა.

2. კომისიას სელექციური მიღწევების სახელმწიფო რეესტრში შეაქვს ჩანაწერი ლიცენზიის გამოცხადების შესახებ ღირებულების მითითებით.

3. ლიცენზიის გაყიდვის შესახებ განცხადების გამოქვეყნების მომდევნო წლის 1 იანვრიდან მოწმობის მოქმედების ძალაში დატოვების საფასური ნახევრდება.

4. მოწმობის მფლობელის განცხადების საფუძველზე და ლიცენზიის ყველა მფლობელის თანხმობით კომისიას სამართლებრივად დაცული სელექციური მიღწევების სახელმწიფო რეესტრში შეაქვს ჩანაწერი ლიცენზიის მოქმედების შეწყვეტის შესახებ.

    მუხლი 23. ლიცენზიის გაცემა მოწმობის მფლობელის თანხმობის გარეშე

1. მოწმობის მიღებიდან 3 წლის შემდეგ კომისიამ შეიძლება გასცეს ლიცენზია მოწმობის მფლობელის თანხმობის გარეშე, თუ:

ა) მოწმობის მფლობელი სელექციურ მიღწევას არ აწარმოებს, აწარმოებს საჭირო რაოდენობაზე ნაკლებს ან აწარმოებს საქართველოს ფარგლებს გარეთ;

ბ) მოწმობის მფლობელი უმიზეზოდ აცხადებს უარს გადასცეს განმცხადებელს ლიცენზია სელექციურ მიღწევაზე;

გ) პირმა, რომელმაც მოითხოვა ლიცენზია, დაამტკიცა, რომ ფინანსურად და სხვა პირობების გათვალისწინებით შესაძლებლობა აქვს კომპეტენტურად და ეფექტიანად ისარგებლოს ლიცენზიით.

2. კომისია მოწმობის მფლობელის თანხმობის გარეშე ლიცენზიის გაცემისას აწესებს თანხას, რომელიც ლიცენზიატმა უნდა გადაუხადოს მოწმობის მფლობელს.

3. ლიცენზიატს ენიჭება უფლება განახორციელოს ამ კანონის მე-16 მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი ქმედებები, ისე რომ მოწმობის მფლობელს უნარჩუნდება სელექციურ მიღწევაზე გაცემული მოწმობით მინიჭებული ყველა უფლება.

4. მოწმობის მფლობელი ვალდებულია გადასცეს ლიცენზიატს ჯიშის თესლი ან სანაშენე მასალა გამოსაყენებლად.

5. მოწმობის მფლობელს თანხმობის გარეშე ლიცენზიას კომისია გასცემს ოთხ წლამდე ვადით. ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს, თუ საინსპექციო შემოწმებით დადასტურდა, რომ პირობები, რომელთა გათვალისწინებითაც გაიცა ლიცენზია ისევ დაცულია. კომისია ლიცენზიას აუქმებს იმ შემთხვევაში, თუ მისი მფლობელი არღვევს ლიცენზიის პირობებს.

თავი VI

საავტორო უფლება სელექციურ მიღწევაზე

    მუხლი 24. სელექციური მიღწევის ავტორის უფლება

1. სელექციური მიღწევის ავტორი არის ფიზიკური პირი, რომლის შემოქმედებითი შრომით გამოყვანილი, შექმნილი ან გამოვლენილია სელექციური მიღწევა.

2. სელექციური მიღწევის ავტორს უფლება აქვს მოწმობის მფლობელისაგან (დამქირავებლისაგან) მიიღოს საავტორო ანაზღაურება სელექციური მიღწევის გამოყენებისათვის.

3. ავტორობის შესახებ დავას წყვეტს სასამართლო.

    მუხლი 25. სელექციური მიღწევის ავტორის შრომის ანაზღაურება

1. სელექციური მიღწევის ავტორს უფლება აქვს თავისი გამოყვანილი, შექმნილი ან გამოვლენილი სელექციური მიღწევის გამოყენებისათვის მოწმობის მფლობელისაგან (დამქირავებლისაგან) მიიღოს ანაზღაურება მოწმობის მოქმედების პერიოდში. ანაზღაურების რაოდენობა და პირობები განისაზღვრება მოწმობის მფლობელისა და სელექციური მიღწევის ავტორის ხელშეკრულებით.

2. თუ ჯიში გამოყვანილი, შექმნილი ან გამოვლენილია რამდენიმე ავტორის მიერ, ანაზღაურება ნაწილდება ურთიერთშეთანხმებით.

3. ავტორს ანაზღაურება მიეცემა სელექციური მიღწევის გამოყენების ყოველი წლის დამთავრებიდან ექვს თვეში ან ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში.

4. ანაზღაურების დაგვიანების შემთხვევაში მოწმობის მფლობელი (დამქირავებელი) ყოველ დაგვიანებულ დღეზე ავტორს უხდის საურავს ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობით.

თავი VII

სელექციური ჯიშების შექმნისა და გამოყენების სახელმწიფოებრივი რეგულირება

    მუხლი 26. სელექციური მიღწევის შექმნისა და გამოყენების წახალისება სახელმწიფოს მიერ

1. სელექციური მიღწევების შექმნისა და გამოყენების წახალისების მიზნით ხორციელდება სასელექციო სამუშაოების პროგრამული დაფინანსება.

2. პროგრამა მოიცავს სპეციალურ პრემიებს ხალხური და მეცნიერული სელექციის სტიმულირების, პროდუქტიული და მაღალხარისხოვანი ჯიშების შექმნის, სელექციური ტექნოლოგიის განხორციელების, სამამულო და საერთაშორისო გამოცდილების დანერგვისათვის, სასელექციო საქმიანობის ორგანიზაციული და ეკონომიკური მხარდაჭერისათვის.

    მუხლი 27. სელექციური მიღწევის შენარჩუნება

1. მოწმობის მფლობელი ვალდებულია მოწმობის მოქმედების მთელი პერიოდის მანძილზე შეუნარჩუნოს ჯიშს (ჰიბრიდს) მოწმობით დაცული სელექციური მიღწევების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის თარიღისათვის ჯიშის აღწერილობაში აღნიშნული ნიშან-თვისებები.

2. მოწმობის მფლობელი ვალდებულია მოთხოვნისთანავე გადასცეს კომისიას ჯიშის საკონკურსო გამოცდის ჩასატარებლად საჭირო მცენარის თესლი, ნერგი ან სანაშენე მასალა და მისცეს ინსპექციის ადგილზე ჩატარების საშუალება.

    მუხლი 28. მოწმობის ბათილად ცნობა

1. ნებისმიერ პირს უფლება აქვს კომისიას მიმართოს განცხადებით მოწმობის ბათილად ცნობის შესახებ.

2. კომისია განცხადებას განიხილავს და გადაწყვეტილება გამოაქვს ექვსი თვის ვადაში. გადაწყვეტილების გამოტანის ვადა შეიძლება გაგრძელდეს, თუ აუცილებელია დამატებითი გამოცდის ჩატარება.

3. კომისია მიიჩნევს, რომ მოწმობა უსაფუძვლოდაა გაცემული, თუ დადგინდება, რომ:

ა) მოწმობის გაცემისას უსაფუძვლოდ იყო დადასტურებული მონაცემები სელექციური მიღწევის ერთგვაროვნების და სტაბილურობის შესახებ;

ბ) მოწმობის გაცემის თარიღისათვის სელექციური მიღწევა აღარ აკმაყოფილებდა სიახლისა და განსხვავებულობის მოთხოვნებს;

გ) მის მფლობელად მითითებულ პირს არ გააჩნდა მოწმობის მიღების კანონიერი საფუძველი.

    მუხლი 29. მოწმობის გაუქმება

კომისია აუქმებს მოწმობას, როდესაც:

ა) სელექციური მიღწევა აღარ აკმაყოფილებს ერთგვაროვნებისა და სტაბილურობის პირობებს;

ბ) მოწმობის მფლობელმა კომისიის მოთხოვნით 12 თვის განმავლობაში არ წარმოადგინა მცენარის თესლი, ნერგი, სანაშენე მასალა, საბუთები და ინფორმაცია, რაც საჭიროა სელექციური მიღწევის შესამოწმებლად ან არ შექმნა ადგილზე ინსპექციის ჩატარების ხელშემწყობი პირობები;

გ) მოწმობის მფლობელმა დროულად არ გადაიხადა მოწმობის ძალაში დატოვებისათვის დადგენილი საფასური;

დ) სელექციური მიღწევის დასახელება გაუქმებულია, მოწმობის მფლობელმა კი არ წარადგინა სხვა შესაფერისი დასახელება.

    მუხლი 30. მოწმობის მფლობელის და სელექციონერის სხვა უფლებების დარღვევის სახეები

1. მოწმობის მფლობელის სხვა უფლებების დარღვევისათვის ფიზიკური ან იურიდიული პირი პასუხს აგებს, თუ:

ა) წარმოებულ ან გასაყიდ თესლს, ნერგს ან სანაშენე მასალას უწოდებს სახელს, რომელიც განსხვავდება მოცემული სელექციური მიღწევის რეგისტრირებული დასახელებისაგან;

ბ) წარმოებულ და გასაყიდ თესლს, ნერგს ან სანაშენე მასალას უწოდებს რეგისტრირებული სელექციური მიღწევის სახელს, წარმოებული და გაყიდული თესლი (ნერგი) ან სანაშენე მასალა კი სინამდვილეში არ შეესაბამება ამ სელექციური მიღწევის სათესლე, სანერგე ან სანაშენე მასალას;

გ) წარმოებულ ან გასაყიდ თესლს, თესლნერგს ან სანაშენე მასალას უწოდებს რეგისტრირებული სელექციური მიღწევის დასახელებისაგან ძნელად გასარჩევ სახელს, რის გამოც შესაძლებელია ერთიმეორეში არევა;

დ) სელექციური მიღწევების სახელმწიფო რეესტრსა და საანგარიშო დოკუმენტაციაში შეაქვს დასაბუთებული ჩანაწერი ან იძლევა მითითებას მისი შეტანის შესახებ;

ე) კანონის მოთხოვნათა შესრულების მიზნით ქმნის ან ამზადებს ყალბ საბუთებს ან იძლევა მითითებას საბუთების გაყალბებასა ან დამზადებაზე;

ვ) წარადგენს სელექციური მიღწევის შესახებ დასაბუთებული მონაცემების შემცველ დოკუმენტებს;

ზ) სერტიფიკატის გარეშე ახდენს თესლის, ნერგისა და სანაშენე მასალის რეალიზაციას.

2. პირს, რომელიც ჩაიდენს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ქმედობას, ეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

    მუხლი 31. დავების განხილვის წესი

ამ კანონის გამოყენებასთან დაკავშირებულ დავას წყვეტს სასამართლო.

თავი VIII

საერთაშორისო თანამშრომლობა

    მუხლი 32. განაცხადის სხვა სახელმწიფოში შეტანის უფლება

მოწმობის მფლობელს ან მის წარმომადგენელს აქვს უფლება სელექციური მიღწევის სამართლებრივი დაცვის განაცხადი შეიტანოს სხვა ქვეყნის შესაბამის ორგანოში.

    მუხლი 33. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა უფლება

უცხო ქვეყნის მოქალაქეები და იურიდიული პირები სარგებლობენ საქართველოს მოქალაქეებისა და იურიდიული პირების თანაბარი უფლებებით.

    მუხლი 34. საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედება

თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი წესები განსხვავდება ამ კანონით გათვალისწინებული წესებისაგან, გამოიყენება საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი წესები.

საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე.

თბილისი,

1996 წლის 18 ოქტომბერი.

№451–Iს

 

შეტანილი ცვლილებები:

1. ძალადაკარგულია -  საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4318 - სსმ I, №4, 12.01.2007 წ., მუხ.61