დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4318 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 29/12/2006 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 4, 12/01/2007 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 29/12/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 340.020.000.05.001.002.728 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
საქართველოს კანონი
მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1
ეს კანონი აწესრიგებს მცენარეთა ახალი ჯიშების სამართლებრივ დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს და ვრცელდება მცენარეთა ყველა გვარსა და სახეობაზე.
მუხლი 2
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სელექციონერი:
ა.ა) პირი, რომელმაც გამოავლინა და გააუმჯობესა, ან გამოიყვანა მცენარის ახალი ჯიში;
ა.ბ) „ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული პირის სამუშაოს მიმცემი, ან დავალების გამცემი;
ა.გ) „ა.ა“ ან „ა.ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული პირის უფლებამონაცვლე;
ბ) განაცხადი – ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად გაფორმებული, მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაციისათვის და მოწმობის გაცემისათვის აუცილებელი საბუთების ერთობლიობა;
გ) მოწმობა – ამ კანონის შესაბამისად მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაციისა და სელექციონერის უფლების დამადასტურებელი, დამცავი დოკუმენტი;
დ) გასამრავლებელი მასალა – მცენარის ჯიშის გამრავლებისათვის განკუთვნილი თესლი, მცენარე ან მისი ნაწილი;
ე) მოსავალი – მცენარის ჯიშის გამრავლების შედეგად მიღებული ნებისმიერი სახის პროდუქტი;
ვ) მცენარის ჯიში – მცენარეთა ჯგუფი, ცნობილი ბოტანიკური ტაქსონის უდაბლესი საფეხურის ფარგლებში, რომელიც, მიუხედავად იმისა, აკმაყოფილებს თუ არა სრულად სელექციონერის უფლების მინიჭების პირობებს, შესაძლებელია განისაზღვროს მოცემული გენოტიპით ან გენოტიპთა კომბინაციით განპირობებულ მახასიათებელთა გამომჟღავნებით, განსხვავდება სხვა მცენარეთა ჯგუფებისაგან მითითებული განპირობებული მახასიათებლებიდან სულ მცირე ერთის გამომჟღავნებით და შეიძლება განხილულ იქნეს მთლიანად მისი უცვლელად კვლავწარმოებისათვის გამოდგომის თვალსაზრისით;
ზ) მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის საერთაშორისო კონვენცია – 1961 წლის 2 დეკემბრის „მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის საერთაშორისო კონვენცია“;
თ) საწყისი ჯიში – სელექციონერის მიერ ახალი ჯიშის გამოსაყვანად შერჩეული მცენარის ჯიში;
ი) კავშირი – მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის კავშირი, რომელიც დაფუძნებულია მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის საერთაშორისო კონვენციით.
მუხლი 3
1. ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“ (შემდგომში – „საქპატენტი“) უზრუნველყოფს სელექციონერისათვის სელექციონერის უფლების მინიჭებას და ოფიციალური ბიულეტენის გამოცემის გზით საზოგადოების ინფორმირებას მცენარის ახალი ჯიშების განაცხადებისა და სელექციონერის უფლების მინიჭების შესახებ.
2. განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე მცენარის ახალი ჯიშის გამოცდას საქართველოში ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული პირი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დამტკიცებული მოთხოვნებისა და გამოცდის მეთოდების შესაბამისად, დაკვეთის საფუძველზე. აღნიშნული გამოცდის შედეგების საფუძველზე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებული საექსპერტო საბჭო გასცემს დასკვნას მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე. ამ პროცედურების განხორციელებისათვის პასუხისმგებელია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
3. „საქპატენტს“ შეუძლია სელექციონერის უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს კავშირის წევრი სხვა ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს ან სელექციონერის მიერ მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე ჩატარებული გამოცდის შედეგების საფუძველზე.
მუხლი 4
მცენარის ახალ ჯიშზე სელექციონერის განსაკუთრებული უფლების მოქმედების ვადაა „საქპატენტის“ მიერ მცენარის ახალი ჯიშის დარეგისტრირების დღიდან 25 წელი, ხოლო ვაზის, მერქნიანი, ხეხილოვანი, დეკორატიული, ჩაის, სუბტროპიკული კულტურებისა და ტყის ჯიშებისათვის, მათ შორის, საძირეებისათვის – 30 წელი.
თავი II
სელექციონერი და მოწმობის მფლობელი
მუხლი 5
1. სელექციონერს მცენარის ახალი ჯიშის „საქპატენტში“ რეგისტრაციისა და მოწმობის გაცემის შედეგად წარმოექმნება სელექციონერის განსაკუთრებული (ქონებრივი) უფლებები.
2. თუ სელექციონერი მოითხოვს, „საქპატენტი“ ვალდებულია არ გამოაქვეყნოს მისი სახელი.
3. თუ მცენარის ახალი ჯიში გამოვლენილ და გაუმჯობესებულ, ან გამოყვანილ იქნა რამდენიმე ფიზიკური პირის ერთობლივი ინტელექტუალური შემოქმედების შედეგად, თითოეული მათგანი მიიჩნევა თანასელექციონერად.
4. თანასელექციონერთა შორის ურთიერთობები განისაზღვრება ხელშეკრულებით.
მუხლი 6
1. მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაციისა და მოწმობის მიღების უფლება აქვს სელექციონერს.
2. რამდენიმე ფიზიკური პირის ერთობლივი ინტელექტუალური შემოქმედების შედეგად გამოვლენილი და გაუმჯობესებული, ან გამოყვანილი მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაციისა და მოწმობის მიღების უფლება აქვს როგორც ყველა სელექციონერს ერთად, ისე ცალკეულ მათგანს დანარჩენი სელექციონერების მიერ რეგისტრაციასა და მოწმობის მიღებაზე წერილობითი უარის შემთხვევაში.
მუხლი 7
1. თუ მცენარის ახალი ჯიშის გამოვლენა და გაუმჯობესება, ან გამოყვანა დაკავშირებულია მუშაკის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების ან სპეციალური დავალების შესრულებასთან, მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაციისა და მოწმობის მიღების უფლება აქვს სამუშაოს მიმცემს, თუ მუშაკსა და სამუშაოს მიმცემს შორის დადებული ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაციის შედეგად გაცემული მოწმობა სამუშაოს მიმცემს ეკუთვნის, მუშაკს უფლება აქვს, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, სამუშაოს მიმცემისაგან მიიღოს მცენარის ახალი ჯიშის გამოყენების ფარდი გასამრჯელო.
2. თუ მცენარის ახალი ჯიშის გამოვლენა და გაუმჯობესება, ან გამოყვანა დაკავშირებული არ არის მუშაკის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების ან სპეციალური დავალების შესრულებასთან, მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაციისა და მოწმობის მიღების უფლება აქვს მუშაკს. ამ შემთხვევაში სამუშაოს მიმცემს განაცხადის შეტანის დღიდან ეკუთვნის მცენარის ახალი ჯიშის გამოყენების ლიცენზიის მიღების ან/და მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაციიდან და მოწმობის გაცემიდან გამომდინარე სელექციონერის განსაკუთრებული უფლებების შესყიდვის უპირატესი უფლება.
მუხლი 8
თუ სამუშაოს მიმცემი უარს ამბობს მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაციასა და მოწმობის მიღებაზე, რეგისტრაციისა და მოწმობის მიღების უფლება აქვს მუშაკს.
მუხლი 9
თუ „საქპატენტში“ მცენარის ერთ ახალ ჯიშზე სხვადასხვა დროს არის შეტანილი ორი ან მეტი განაცხადი, რეგისტრაცია და მოწმობის გაცემა ხდება პირველი განმცხადებლის სახელზე.
თავი III
მცენარის ახალი ჯიშის დაცვისუნარიანობა
მუხლი 10
1. მცენარის ახალი ჯიში რეგისტრირდება და მასზე გაიცემა მოწმობა, თუ ის აკმაყოფილებს დაცვისუნარიანობის კრიტერიუმებს.
2. მცენარის ახალი ჯიშის დაცვისუნარიანობის კრიტერიუმებია: სიახლე, განსხვავებულობა, ერთგვაროვნება, სტაბილურობა.
მუხლი 11
1. მცენარის ჯიშს აქვს სიახლე, თუ განაცხადის შეტანის დღისათვის ამ ჯიშის გასამრავლებელი მასალა სელექციონერის მიერ ან მისი თანხმობით არ გასხვისებულა გამოყენებისათვის ან/და არ გადაცემულა სხვა გზით მესამე პირისათვის:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე – „საქპატენტში“ განაცხადის შეტანამდე ერთი წლით ადრე;
ბ) სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე – „საქპატენტში“ განაცხადის შეტანამდე ოთხი წლით ადრე, ხოლო ვაზისა და ხემცენარეების შემთხვევაში – ექვსი წლით ადრე.
2. მიუხედავად ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებისა, სელექციონერის უფლების მინიჭება აგრეთვე შესაძლებელია მცენარის იმ ჯიშისათვის, რომელიც ამ კანონის ამოქმედების დღისათვის აღარ არის ახალი, იმ პირობით, რომ განაცხადი „საქპატენტში“ შეტანილია ამ კანონის ამოქმედების დღიდან ერთი წლის განმავლობაში და დაკმაყოფილებულია ქვემოთ მოყვანილი ერთ-ერთი პირობა:
ა) მცენარის ჯიში შეტანილი იყო ვაჭრობისათვის დაშვებულ მცენარეთა ეროვნულ კატალოგში;
ბ) კავშირის წევრ რომელიმე ქვეყანაში მცენარის ჯიში დაცული იყო სელექციონერის უფლებით, ან კავშირის წევრ რომელიმე ქვეყანაში წარდგენილი იყო განაცხადი და ამ განაცხადის წარდგენას მოჰყვა სელექციონერის უფლების მინიჭება;
გ) არსებობს „საქპატენტისათვის“ მისაღები მტკიცებულება იმ თარიღთან მიმართებით, როდესაც ჯიშმა დაკარგა სიახლე, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შეღავათებით სელექციონერმა შეიძლება ისარგებლოს იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პუნქტის ქვეპუნქტებში მითითებული ქმედებები განხორციელდა ამავე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ერთწლიან, ოთხწლიან და ექვსწლიან ვადებზე ადრე, მაგრამ არა უმეტეს ორი წლის განმავლობაში.
4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად მინიჭებული სელექციონერის უფლების მოქმედების ვადა აითვლება აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებულ კატალოგში შეტანის დღიდან, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული სელექციონერის უფლების მინიჭების დღიდან ან ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მითითებული ჯიშის მიერ სიახლის დაკარგვის დღიდან. შესაბამის შემთხვევებში გამოყენებული უნდა იყოს ამ თარიღებიდან ყველაზე ადრეული თარიღი.
5. თუ სელექციონერის უფლება მინიჭებულია ამ მუხლის მოთხოვნების შესაბამისად, სელექციონერი ვალდებულია გასცეს ლიცენზია გონივრული პირობებით, რათა მესამე პირმა შეძლოს გააგრძელოს მცენარის ჯიშის გამოყენება, რომელიც მას კეთილსინდისიერად ჰქონდა დაწყებული სელექციონერის მიერ განაცხადის „საქპატენტში“ შეტანამდე.
მუხლი 12
მცენარის ახალი ჯიში ითვლება განსხვავებულად, თუ იგი ნათლად განირჩევა სხვა ჯიშისაგან, რომლის არსებობაც „საქპატენტში“ განაცხადის შეტანის დღისათვის საყოველთაოდ ცნობილია, კერძოდ, განაცხადის შეტანა სელექციონერის უფლების მინიჭებისათვის ან ჯიშის ჯიშების ოფიციალურ რეესტრში ან კატალოგში შესატანად ნებისმიერ ქვეყანაში ჯიშს ხდის საყოველთაოდ ცნობილად განაცხადის შეტანის დღიდან, თუ განაცხადის შეტანის შედეგად მინიჭებულია სელექციონერის უფლება ან თუ ჯიში შეტანილია ჯიშების ოფიციალურ რეესტრში ან კატალოგში.
მუხლი 13
მცენარის ახალი ჯიში ითვლება ერთგვაროვნად, თუ იგი, გამრავლების თავისებურებების მიუხედავად, ძირითადი ნიშან-თვისებებით ერთგვაროვანია.
მუხლი 14
მცენარის ახალი ჯიში ითვლება სტაბილურად, თუ მისი ძირითადი ნიშან-თვისებები უცვლელი რჩება ერთ ჯერზე მეტად გამრავლების შემდეგ ან გამრავლების განსაკუთრებული ციკლის შემთხვევაში – ყოველი ასეთი ციკლის ბოლოს.
თავი IV
მცენარის ახალი ჯიშის ექსპერტიზა, გამოქვეყნება, რეგისტრაცია და მოწმობის გაცემა
მუხლი 15
სელექციონერს განაცხადი მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაციისა და მოწმობის მიღების მოთხოვნით „საქპატენტში“ შეაქვს პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით.
მუხლი 16
1. განაცხადი უნდა შეიცავდეს:
ა) განცხადებას, რომელშიც მითითებულია სელექციონერის სახელი და მისამართი;
ბ) მცენარის ახალი ჯიშის შეთავაზებულ დასახელებას;
გ) მცენარის ახალი ჯიშის აღწერილობას, ძირითად მორფოლოგიურ-ბიოლოგიურ და ბოტანიკურ ნიშან-თვისებებს;
დ) მცენარის ახალი ჯიშის ფოტოგამოსახულებას;
ე) სელექციონერის წერილობით ვალდებულებას, ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით აკრედიტებულ პირს დადგენილ ვადაში, დადგენილი ოდენობით, უსასყიდლოდ მიაწოდოს მცენარის ჯიშის გასამრავლებელი მასალის ნიმუშები;
ვ) იმ თარიღის მითითებას, როდესაც მცენარის ჯიშის გასამრავლებელი მასალა გამოყენების მიზნით გაიყიდა ან სხვაგვარად გადაეცა სხვა პირს სელექციონერის მიერ ან მისი თანხმობით.
2. მცენარის ერთ ახალ ჯიშზე შეიტანება ერთი განაცხადი.
3. თუ განაცხადი შეტანილია წარმომადგენლის მეშვეობით, საგანაცხადო მასალებს განაცხადის შეტანის დღიდან ერთი თვის განმავლობაში უნდა დაერთოს წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი.
4. განცხადება წარდგენილ უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე, ხოლო სხვა საგანაცხადო მასალა შეიძლება წარდგენილ იქნეს ნებისმიერ სხვა ენაზე. ამ საგანაცხადო მასალის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში განმცხადებელმა 3 თვის ვადაში უნდა წარმოადგინოს მისი ქართული თარგმანი.
5. თუ განაცხადი შეტანილია უფლებამონაცვლის მიერ, საგანაცხადო მასალებს განაცხადის შეტანის დღიდან ერთი თვის განმავლობაში უნდა დაერთოს უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი საბუთი.
6. ამ მუხლის მე-3–მე-5 პუნქტებით დადგენილი მონაცემებისა და მასალების შესაბამის ვადებში წარმოუდგენლობის შემთხვევაში განაცხადზე საქმის წარმოება წყდება.
მუხლი 17
თუ „საქპატენტში“ შეტანამდე განაცხადი წარდგენილი იყო კავშირის წევრი სხვა ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოში, უნდა მიეთითოს შესაბამისი ქვეყანა, მცენარის ახალი ჯიშის დასახელება, განაცხადის ნომერი და წარდგენის თარიღი.
მუხლი 18
თუ „საქპატენტში“ შეტანილ განაცხადში აღწერილი მცენარის ახალი ჯიში წარდგენილი იყო კავშირის წევრ სხვა ქვეყანაში, განმცხადებელი ვალდებულია საგანაცხადო მასალებს დაურთოს პირველი განაცხადის დამოწმებული ასლი და მისი ქართული თარგმანი.
მუხლი 19
1. განაცხადში მცენარის ახალი ჯიშის დასახელება შეთავაზებულ უნდა იქნეს სელექციონერის მიერ.
2. მცენარის ჯიში აღნიშნული უნდა იყოს დასახელებით, რომელიც შემდგომ ამ ჯიშის გვარეობითი დასახელება იქნება და შესაძლებელს გახდის მის ადვილად ამოცნობას. იგი უნდა განსხვავდებოდეს იმავე ან ახლოს მდგომი ბოტანიკური სახეობის სხვა მცენარის ჯიშის ყველა დასახელებისაგან, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ზნეობის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს, არ უნდა შეურაცხყოფდეს რელიგიურ გრძნობებს, არ უნდა შედგებოდეს მხოლოდ ციფრებისაგან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს მიღებული პრაქტიკაა, და არ უნდა იწვევდეს მცენარის ახალი ჯიშის თვისებების, წარმოშობის, მნიშვნელობის, იდენტურობისა და სელექციონერის ვინაობის აღრევას.
3. თუ დასახელება არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, ან თუ მესამე პირის უკვე არსებული უფლება ხელს უშლის ჯიშის გამოყენებას, ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სელექციონერი ვალდებულია შეტყობინების მიღების დღიდან ერთი თვის ვადაში წარმოადგინოს ახალი დასახელება.
4. ნებისმიერი პირი, რომელიც საქართველოში დაცულ მცენარის ჯიშს გასაყიდად სთავაზობს ან ყიდის საქართველოს ტერიტორიაზე, ვალდებულია ამ ჯიშის დასახელება გამოიყენოს ჯიშზე სელექციონერის უფლების ამოწურვის შემდეგაც კი, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, უკვე არსებული უფლება ხელს უშლის ასეთ გამოყენებას.
5. თუ მცენარის ჯიში გასაყიდად არის შეთავაზებული ან იყიდება, ნებადართულია ჯიშის რეგისტრირებული დასახელების დაკავშირება სასაქონლო ნიშანთან, საფირმო სახელწოდებასთან ან სხვა მსგავს აღნიშვნასთან, იმ პირობით, რომ მცენარის ჯიშის დასახელება ადვილად ამოსაცნობი იქნება.
მუხლი 20
განაცხადი „საქპატენტში“ შეტანილად ჩაითვლება იმ დღიდან, როდესაც წარდგენილია შემდეგი მასალები:
ა) განცხადება;
ბ) მცენარის ახალი ჯიშის შეთავაზებული დასახელება;
გ) მცენარის ახალი ჯიშის აღწერილობა.
მუხლი 21
1. მცენარის ერთ ახალ ჯიშზე ორი ან მეტი განაცხადის შეტანის შემთხვევაში პრიორიტეტი მიენიჭება იმ განაცხადს, რომელიც უფრო ადრე იქნა შეტანილი „საქპატენტში“.
2. სელექციონერი, რომელსაც სურს ისარგებლოს მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის საერთაშორისო კონვენციით დადგენილი პრიორიტეტით, ვალდებულია „საქპატენტში“ განაცხადი შეიტანოს ამ კონვენციის მონაწილე ქვეყანაში განაცხადის წარდგენიდან 12 თვის განმავლობაში.
3. „საქპატენტში“ შეტანილ განაცხადში აღნიშნული უნდა იყოს სხვა ქვეყანაში განაცხადის წარდგენის თარიღი. განმცხადებელი ვალდებულია განაცხადის „საქპატენტში“ შეტანის დღიდან 6 თვის განმავლობაში წარადგინოს იმ ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ დამოწმებული განაცხადის ასლი, სადაც პირველად იყო წარდგენილი განაცხადი, და მისი ქართული თარგმანი.
4. სელექციონერს უფლება აქვს, 2 წლის განმავლობაში პრიორიტეტის ვადის ამოწურვის დღიდან ან, თუ პირველი განაცხადი უარყოფილი ან უკან გამოთხოვილია, – ამგვარი უარყოფის ან გამოთხოვის დღიდან, განაცხადის ექსპერტიზის მიზნებისათვის „საქპატენტს“ წარუდგინოს ნებისმიერი აუცილებელი ინფორმაცია, საბუთი ან მასალა.
მუხლი 22
„საქპატენტი“ ატარებს განაცხადის ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზას, რაც მოიცავს საგანაცხადო მასალების სისრულის, გაფორმების შემოწმებას, განაცხადის შეტანის თარიღის დადასტურების ჩათვლით.
მუხლი 23
1. „საქპატენტი“ განაცხადის შეტანის თარიღს ადასტურებს მისი შეტანის დღიდან 2 დღის ვადაში.
2. განაცხადის ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა ტარდება განაცხადის შეტანის დღიდან ერთი თვის ვადაში.
3. თუ განაცხადი არ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-16 და 21-ე მუხლების მოთხოვნებს, ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის მსვლელობისას „საქპატენტს“ შეუძლია მოსთხოვოს სელექციონერს ხარვეზების გამოსწორება და შესაბამისი მასალების წარდგენა. სელექციონერი ვალდებულია გამოასწოროს ხარვეზი ან წარადგინოს შესაბამისი მასალა შეტყობინების მიღების დღიდან ერთი თვის ვადაში.
4. თუ სელექციონერი შეასრულებს ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნას, მაშინ განაცხადის შეტანის თარიღად ჩაითვლება აღნიშნული მოთხოვნის შესრულების თარიღი. თუ სელექციონერი ვერ შეასრულებს ამ მოთხოვნას, განაცხადი შეტანილად არ ჩაითვლება, ხოლო საგანაცხადო მასალები დაუბრუნდება სელექციონერს.
5. თუ განაცხადი არ აკმაყოფილებს ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის პირობებს, მცენარის ახალი ჯიშის განაცხადზე საქმის წარმოება წყდება.
მუხლი 24
1. თუ დადასტურდა, რომ განაცხადი აკმაყოფილებს ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის პირობებს, „საქპატენტი“ მცენარის ახალი ჯიშის შესახებ მონაცემებს აქვეყნებს ოფიციალურ ბიულეტენში და იღებს გადაწყვეტილებას მცენარის ჯიშის გამოცდისათვის გადაცემის თაობაზე.
2. ოფიციალურ ბიულეტენში ქვეყნდება:
ა) მონაცემები სელექციონერის შესახებ;
ბ) განაცხადის წარდგენის თარიღი;
გ) მცენარის ახალი ჯიშის შეთავაზებული დასახელება;
დ) მცენარის ახალი ჯიშის მოკლე დახასიათება.
3. მცენარის ახალი ჯიშის აღწერილობა გამოიფინება საჯაროდ გასაცნობად.
მუხლი 25
მცენარის ახალი ჯიშის შესახებ მონაცემების ოფიციალურ ბიულეტენში გამოქვეყნებიდან 3 თვის განმავლობაში ნებისმიერ პირს აქვს უფლება, „საქპატენტს“ წარუდგინოს წერილობითი შედავება:
ა) თუ მცენარის ახალი ჯიში არ აკმაყოფილებს დაცვისუნარიანობის კრიტერიუმებს;
ბ) თუ მცენარის ახალი ჯიშის აღწერილობა სრულ წარმოდგენას არ ქმნის ამ ჯიშის შეფასებისთვის;
გ) თუ მცენარის ახალი ჯიშის აღწერილობაში შეტანილია ყალბი მონაცემები;
დ) თუ განაცხადში აღწერილ მცენარის ახალ ჯიშზე ამ კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად პრიორიტეტის მოთხოვნა სხვა ქვეყანაში მცენარის ამ ჯიშზე წარდგენილი განაცხადის მიხედვით საფუძველს მოკლებულია.
მუხლი 26
1. შედავების მიღებიდან ერთი კვირის განმავლობაში „საქპატენტი“ შედავების მასალებს დასკვნისათვის გადასცემს ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირს. შედავების მასალების ასლი გადაეცემა განმცხადებელს.
2. „საქპატენტი“ შედავებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირის დასკვნის საფუძველზე.
3. შედავების განხილვის პროცედურები და ვადები განისაზღვრება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.
მუხლი 27
1. მცენარის ახალი ჯიშის განაცხადის ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დასრულებისა და საგანაცხადო მასალების ოფიციალურ ბიულეტენში გამოქვეყნების შემდეგ მცენარის ახალი ჯიში 2 კვირის ვადაში გადაეცემა ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირს გამოცდის ჩასატარებლად.
2. მცენარის ახალი ჯიშის გამოცდა ტარდება განსხვავებულობის, ერთგვაროვნებისა და სტაბილურობის შემოწმების გზით.
3. სელექციონერს უფლება აქვს მოითხოვოს მცენარის ახალი ჯიშის განაცხადის განხილვის პროცედურული ვადების გაგრძელება ან მის მიერ ამ ვადების დარღვევის შემთხვევაში – აღნიშნული ვადების აღდგენა დადგენილი წესით.
4. სელექციონერს უფლება აქვს განაცხადის განხილვის ნებისმიერ საფეხურზე გამოითხოვოს განაცხადი ან მოითხოვოს განაცხადზე საქმის წარმოების შეწყვეტა.
მუხლი 28
1. საქართველოში ჩატარებული მცენარის ახალი ჯიშის გამოცდის შედეგებს აფორმებს ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირი და ისინი ერთი თვის ვადაში გადაეცემა „საქპატენტს“.
2. მცენარის ახალი ჯიშის გამოცდის დადებითი დასკვნის შემთხვევაში გამოცდის ჩამტარებელი პირი განმცხადებელთან ერთად ადგენს მცენარის ახალი ჯიშის აღწერილობას, რომელსაც დასკვნასთან ერთად გადასცემს „საქპატენტს“.
3. გამოცდის შედეგების შესახებ მონაცემები განმცხადებლის კომერციული საიდუმლოებაა, მათი სხვა პირისათვის გადაცემა „საქპატენტთან“ და განმცხადებელთან შეუთანხმებლად ითვლება დარღვევად და იწვევს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას.
მუხლი 29
1. მცენარის ახალი ჯიშის გამოცდის დადებითი დასკვნის შემთხვევაში „საქპატენტი“ იღებს გადაწყვეტილებას მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაციის შესახებ. მცენარის ახალი ჯიშის დასახელება, აღწერილობა და სხვა მონაცემები „საქპატენტს“ შეაქვს მცენარეთა ახალი ჯიშების რეესტრში და გასცემს მოწმობას, რომელიც სელექციონერის განსაკუთრებული უფლების მფლობელის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტია.
2. მცენარეთა ახალი ჯიშების რეესტრში შეიტანება:
ა) მცენარის ახალი ჯიშის გვარი და სახეობა;
ბ) მცენარის ახალი ჯიშის დასახელება;
გ) მცენარის ახალი ჯიშის აღწერილობა და ფოტოგამოსახულება;
დ) სელექციონერის სახელი და მისამართი;
ე) რეგისტრაციის ნომერი და თარიღი.
3. მცენარის ახალ ჯიშზე გაცემული მოწმობის ფორმას ადგენს „საქპატენტი“.
4. „საქპატენტი“ ოფიციალურ ბიულეტენში აქვეყნებს: მცენარის ახალი ჯიშის გვარსა და სახეობას, მცენარის ახალი ჯიშის დასახელებას, მცენარის ახალი ჯიშის აღწერილობასა და ფოტოგამოსახულებას, სელექციონერის სახელსა და მისამართს, რეგისტრაციის ნომერსა და თარიღს.
5. ნებისმიერ პირს აქვს უფლება, დადგენილი წესით გაეცნოს მცენარეთა ახალი ჯიშების რეესტრს.
მუხლი 30
1. თუ „საქპატენტში“ შეტანილი განაცხადი ეხება ჯიშს, რომელიც სელექციონერის უფლებით დაცულია კავშირის წევრ სხვა ქვეყანაში, მცენარის ეს ჯიში საქართველოს ტერიტორიაზე განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდას არ ექვემდებარება. ასეთ ჯიშზე შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული, სელექციონერის უფლების დამადასტურებელი ოფიციალური საბუთების დამოწმებული ასლი და მისი ქართული თარგმანი წარედგინება „საქპატენტს“ განაცხადთან ერთად ან განაცხადის შეტანის დღიდან 2 თვის ვადაში. ასეთ განაცხადზე ტარდება მხოლოდ ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა.
2. თუ „საქპატენტში“ შეტანილი განაცხადი ეხება ჯიშს, რომელზედაც ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირის მიერ უკვე ჩატარებულია გამოცდა განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე და გაცემულია დადებითი დასკვნა, ასეთ განაცხადზე ტარდება მხოლოდ ჯიშის სიახლესთან და დასახელებასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა.
3. თუ ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებული განაცხადები აკმაყოფილებს ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის პირობებს, „საქპატენტი“ იღებს გადაწყვეტილებას მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაციის შესახებ, მონაცემები შეაქვს მცენარეთა ახალი ჯიშების რეესტრში, გასცემს მოწმობას და რეგისტრაციის მონაცემებს აქვეყნებს ოფიციალურ ბიულეტენში.
მუხლი 31
ამ კანონის 24-ე მუხლის თანახმად მცენარის ახალი ჯიშის შესახებ მონაცემების გამოქვეყნების დღიდან რეგისტრაციის დღემდე განმცხადებელს დროებით ენიჭება სელექციონერის იგივე უფლებები, რომლებიც მას მინიჭებული ექნებოდა რეგისტრაციის შემთხვევაში. თუ მესამე პირმა მცენარის ახალი ჯიშის შესახებ მონაცემების გამოქვეყნების დღიდან რეგისტრაციის დღემდე განახორციელა ისეთი ქმედებები, რომლებიც საჭიროებს სელექციონერის თანხმობას, სელექციონერს უფლება აქვს მოითხოვოს სამართლიანი ანაზღაურება მხოლოდ მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაციის შემდეგ.
თავი V
სელექციონერის განსაკუთრებული უფლების მფლობელის უფლებები და მოვალეობები
მუხლი 32
1. სელექციონერის განსაკუთრებული უფლება არის უფლება, თავად განახორციელოს, ნება დართოს ან/და აკრძალოს მცენარის ახალი ჯიშის:
ა) წარმოება და კვლავწარმოება;
ბ) გამრავლების მიზნით კონდიციამდე დაყვანა;
გ) გასაყიდად შეთავაზება, გასხვისება ან უფლებების სხვა სახით გადაცემა;
დ) ექსპორტი;
ე) იმპორტი;
ვ) გასამრავლებელი მასალის შენახვა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებში ჩამოთვლილი მიზნებისათვის.
2. სელექციონერს შეუძლია გარკვეული პირობებითა და შეზღუდვებით გასცეს ნებართვა ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ ქმედებებზე.
3. ამ კანონის 34-ე მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქმედებები მოსავალთან დაკავშირებით, მთელი მცენარისა და მისი ნაწილების ჩათვლით, რომელიც მიღებულია დაცული ჯიშის გასამრავლებელი მასალის უნებართვოდ გამოყენების შედეგად, საჭიროებს სელექციონერის ნებართვას, თუ სელექციონერს არ ჰქონდა შესაძლებლობა, განეხორციელებინა თავისი განსაკუთრებული უფლებები აღნიშნულ გასამრავლებელ მასალასთან დაკავშირებით.
4. სელექციონერის განსაკუთრებული უფლება ვრცელდება აგრეთვე:
ა) მცენარის ჯიშებზე, რომლებიც არსებითად წარმოებულია დაცული ჯიშისაგან, თუ ეს დაცული მცენარის ჯიში თვითონ არ არის არსებითად წარმოებული ჯიში;
ბ) მცენარის ჯიშზე, რომელიც, ამ კანონის მე-12 მუხლის თანახმად, ნათლად არ განირჩევა დაცული მცენარის ჯიშისაგან;
გ) მცენარის ჯიშზე, რომლის წარმოება მოითხოვს დაცული მცენარის ჯიშის განმეორებით გამოყენებას.
მუხლი 33
1. მცენარის ჯიში ითვლება სხვა მცენარის ჯიშისაგან არსებითად წარმოებულად, თუ იგი:
ა) უპირატესად წარმოებულია საწყისი ჯიშისაგან ან იმ ჯიშისაგან, რომელიც თვითონ არის წარმოებული საწყისი ჯიშისაგან და ინარჩუნებს არსებითი ნიშნების გამოხატულებას, რაც საწყისი ჯიშის გენოტიპის ან გენოტიპების კომბინაციის შედეგია;
ბ) საწყისი ჯიშისაგან განსხვავდება გარეგნული ნიშნებით, გარდა გამრავლების პროცესისათვის დამახასიათებელი განსხვავებებისა, და საწყის ჯიშს შეესაბამება ძირითადი ნიშნების გამოვლენით, რაც საწყისი ჯიშის გენოტიპის ან გენოტიპების კომბინაციის შედეგია.
2. არსებითად წარმოებული ჯიში შეიძლება მიღებულ იქნეს: ბუნებრივი ან ინდუცირებული მუტანტის ან თვითკლონური ვარიანტის გამორჩევით, ან მცენარის გამორჩევით საწყისი ჯიშის მცენარისგან, უკუშეჯვარებით ან გენური ინჟინერიით გარდაქმნის მეთოდით.
მუხლი 34
1. სელექციონერის განსაკუთრებული უფლება არ ვრცელდება:
ა) მცენარის ახალი ჯიშის პირადი მოხმარებისთვის და არაკომერციული მიზნით გამოყენებაზე;
ბ) ექსპერიმენტული მიზნით განხორციელებულ ქმედებაზე;
გ) სხვა ჯიშების შექმნის მიზნით განხორციელებულ ქმედებაზე, გარდა ამ კანონის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აგრეთვე იმ ქმედებებზე, რომლებიც განსაზღვრულია აღნიშნული მუხლის პირველი–მე-3 პუნქტებით.
2. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სელექციონერის კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით და გონივრულ ფარგლებში, უფლება აქვს შეზღუდოს სელექციონერის უფლება ნებისმიერ ჯიშთან დაკავშირებით, რათა ნება დართოს ფერმერებს, საკუთარ მიწის ნაკვეთში გამრავლების მიზნით გამოიყენონ გასამრავლებელი მასალა, რომელიც მიღებულია მათ მიერ საკუთარ მიწის ნაკვეთში დაცული ჯიშის მოყვანის შედეგად, ან იმ ჯიშთან დაკავშირებით, რომელზედაც ვრცელდება ამ კანონის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტი ან ამ მუხლის პირველი პუნქტი.
მუხლი 35
1. სელექციონერის განსაკუთრებული უფლება არ ვრცელდება ქმედებებზე დაცული ჯიშის ნებისმიერ მასალაზე ან მისგან წარმოებულ ნებისმიერ მასალაზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე სამოქალაქო ბრუნვაში ჩართულია სელექციონერის მიერ ან მისი თანხმობით, თუ ეს ქმედებები არ არის დაკავშირებული:
ა) დაცული ჯიშის შემდგომ გამრავლებასთან;
ბ) დაცული ჯიშის მცენარეული მასალის, რომლისგანაც შესაძლებელია მცენარის ამ ჯიშის გამრავლება, ექსპორტთან იმ ქვეყანაში, სადაც ამ გვარსა და სახეობას მიკუთვნებული ჯიშის დაცვა არ ხდება, გარდა საბოლოო სახით მოხმარების მიზნით ექსპორტის შემთხვევისა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის, ტერმინი „მასალა“, ჯიშთან დაკავშირებით, ნიშნავს:
ა) ნებისმიერი სახის გასამრავლებელ მასალას;
ბ) აღებულ მოსავალს, მთელი მცენარის ან მისი ნაწილების ჩათვლით;
გ) ამ მოსავლისაგან მიღებულ ნებისმიერ პროდუქტს.
მუხლი 36
სელექციონერი ვალდებულია განსაკუთრებული უფლების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში უზრუნველყოს მცენარის ჯიშის გასამრავლებელი მასალის მიღება, რომლისგანაც შესაძლებელია მცენარის ახალი ჯიშის აღწერილობაში მითითებული ნიშნების მქონე მცენარის ჯიშის წარმოება.
თავი VI
მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაციისა და მოწმობის ძალადაკარგულად ცნობა და ბათილობა
მუხლი 37
დაინტერესებული პირის მოთხოვნით მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაცია და მოწმობა შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი რეგისტრაციის დღიდან, თუ დადგინდა, რომ მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაციისა და მოწმობის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროს:
ა) მცენარის ჯიში არ აკმაყოფილებდა ამ კანონის მე-11 და მე-12 მუხლების მოთხოვნებს;
ბ) სელექციონერის უფლების მინიჭება დაფუძნებული იყო სელექციონერის მიერ მიწოდებულ ინფორმაციასა და დოკუმენტებზე, ამასთანავე, სელექციონერის უფლების მინიჭების დროს არ იყო დაკმაყოფილებული ამ კანონის მე-13 და მე-14 მუხლებით დადგენილი პირობები;
გ) სელექციონერის უფლება მიენიჭა იმ პირს, რომელსაც არ ჰქონდა ამის უფლება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მან ეს უფლება გადასცა იმ პირს, რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით ეკუთვნოდა სელექციონერის უფლების მინიჭება.
მუხლი 38
1. დაინტერესებული პირის მოთხოვნით მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაცია და მოწმობა შეიძლება ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების დღიდან, თუ დადგინდა, რომ:
ა) მცენარის ახალი ჯიში აღარ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-13 და მე-14 მუხლების მოთხოვნებს;
ბ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოთხოვნით და დადგენილ ვადაში სელექციონერმა არ წარადგინა ცნობები, საბუთები ან მასალები, რომლებიც აუცილებელია ჯიშის შენარჩუნების შემოწმებისათვის ამ კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად;
გ) სელექციონერმა არ დააკმაყოფილა უფლებების შენარჩუნებისათვის დადგენილი მოთხოვნები;
დ) სელექციონერმა, იმ შემთხვევაში, თუ მცენარის ჯიშის დასახელება გაუქმდა უფლების მინიჭების შემდეგ, არ შესთავაზა სხვა შესაბამისი დასახელება.
2. მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაცია და მოწმობა შეიძლება ძალადაკარგულად ან ბათილად იქნეს ცნობილი სელექციონერის მიერ „საქპატენტში“ წერილობითი მოთხოვნის წარდგენის საფუძველზე.
3. მონაცემები მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაციისა და მოწმობის ძალადაკარგულად ან ბათილად ცნობის შესახებ „საქპატენტს“ შეაქვს მცენარეთა ახალი ჯიშების რეესტრში და აღნიშნულის თაობაზე ცნობას აქვეყნებს ოფიციალურ ბიულეტენში.
მუხლი 39
„საქპატენტისათვის“ წერილობითი მიმართვის საფუძველზე სელექციონერს მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაციის მოქმედების პერიოდში უფლება აქვს რეგისტრირებულ მონაცემებში შეიტანოს ცვლილება ან დამატება მხოლოდ სელექციონერის ან მისი წარმომადგენლის მისამართთან დაკავშირებით.
თავი VII
ლიცენზია
მუხლი 40
1. სელექციონერს (ლიცენზიარს) უფლება აქვს სხვა პირზე (ლიცენზიატზე) გასცეს რეგისტრირებული მცენარის ახალი ჯიშის გამოყენების ლიცენზია.
2. მცენარის ახალი ჯიშის გამოყენების ლიცენზიის გაცემა დასაშვებია საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დაშვებულ მცენარის ახალ ჯიშზე.
3. ლიცენზია შეიძლება იყოს მარტივი ან განსაკუთრებული.
4. მარტივი ლიცენზიის ხელშეკრულებით ლიცენზიარი გადასცემს ლიცენზიატს მცენარის ახალი ჯიშის გამოყენების უფლებას. ამასთანავე, ლიცენზიარი ინარჩუნებს ყველა განსაკუთრებულ უფლებას და უფლებას, დადოს სხვა მარტივი სალიცენზიო ხელშეკრულებები.
5. განსაკუთრებული ლიცენზიის ხელშეკრულებით ლიცენზიარი მხოლოდ ლიცენზიატს გადასცემს მცენარის ახალი ჯიშის გამოყენების უფლებას. ამასთანავე, ლიცენზიარი განსაკუთრებული სალიცენზიო ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში თავად კარგავს ამ ხელშეკრულებით გადაცემულ განსაკუთრებულ უფლებებს და უფლებას, დადოს სხვა სალიცენზიო ხელშეკრულებები.
6. სალიცენზიო ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს წერილობით და უნდა ითვალისწინებდეს: მცენარის ახალი ჯიშის შესახებ ზუსტ მონაცემებს, გამოყენების სახეებს, ხელშეკრულების მოქმედების ვადას და ტერიტორიას, ანაზღაურების ოდენობას ან ოდენობის განსაზღვრის წესსა და ვადას, აგრეთვე სხვა პირობებს, რომლებსაც მხარეები არსებითად მიიჩნევენ.
7. მცენარის ახალი ჯიშის ყველა იმ სახით გამოყენების უფლება, რომელიც სალიცენზიო ხელშეკრულებით პირდაპირ არ არის გათვალისწინებული, ეკუთვნის ლიცენზიარს.
8. ლიცენზიატს ეკრძალება სალიცენზიო ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებების გადაცემა ან ქველიცენზიის გაცემა, თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული სალიცენზიო ხელშეკრულებით.
მუხლი 41
1. იძულებითი ლიცენზიის გაცემა შესაძლებელია ნებისმიერი დაინტერესებული პირის მოთხოვნით, მხოლოდ საჯარო ინტერესების დაკმაყოფილების მიზნით.
2. იძულებითი ლიცენზია გაიცემა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებული მეთესლეობის ეროვნული საბჭოს რეკომენდაციით, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის გადაწყვეტილებით.
3. იძულებითი ლიცენზია გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი მანამდე ცდილობდა სელექციონერისაგან ლიცენზიის მიღებას გონივრული პირობებით და გონივრულ ვადებში, მაგრამ მისი მცდელობა წარუმატებლად დამთავრდა.
4. იძულებითი ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებით დგინდება მცენარის ახალი ჯიშის გამოყენების ფარგლები, მოქმედების ვადა, სელექციონერისა და ლიცენზიატის უფლება-მოვალეობანი და ანაზღაურების ოდენობა. იძულებითი ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილება ფორმდება საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით.
5. იძულებითი სალიცენზიო ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდება, თუ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ჩატარებული შემოწმებით დადგინდება, რომ სალიცენზიო ხელშეკრულების პირობები სრულდება და არის ამის აუცილებლობა.
6. თუ იძულებითი ლიცენზიის მოქმედების პერიოდში შემოწმებით დადგინდება, რომ აღარ არსებობს იძულებითი ლიცენზიის მოქმედების საფუძვლები, იძულებითი ლიცენზიის მოქმედება წყდება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით.
7. იძულებითი ლიცენზიის გაცემის დროს სელექციონერმა უნდა მიიღოს სამართლიანი ანაზღაურება.
თავი VIII
სელექციონერის უფლებების დარღვევა და პასუხისმგებლობა
მუხლი 42
ამ კანონის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ მცენარის ახალი ჯიშის გამოყენება მესამე პირის მიერ ითვლება სელექციონერის უფლებების დარღვევად და იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი IX
გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
მუხლი 43
მცენარეთა ახალი ჯიშების რეგისტრაციისათვის საქართველოს მცენარეთა ჯიშების სელექციონერთა უფლებების დაცვის ცენტრში „საქჯიშცენტრში“ „სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშების გასავრცელებლად დაშვების, ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის შესახებ“ საქართველოს კანონის და „სელექციური მიღწევების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად წარდგენილი განაცხადები, რომლებზედაც საქმის წარმოება არ შეწყვეტილა, გადაეცეს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს „საქპატენტს“ საქმის წარმოების გაგრძელებისათვის.
მუხლი 44
ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი „სელექციური მიღწევების დაცვის შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 18 ოქტომბრის კანონი (პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21 ნოემბერი 1996, გვ. 42).
მუხლი 45
1. ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრთან „საქპატენტთან“ ერთად მოამზადოს და დაამტკიცოს მცენარის ახალი ჯიშის შესახებ მონაცემების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირების შედავებების განხილვის წესი, განაცხადის განხილვის, პროცედურული ვადების გაგრძელების, შეწყვეტისა და აღდგენის წესი და იძულებითი ლიცენზიის გაცემის წესი.
2. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე მცენარის ახალი ჯიშის მიმართ მოთხოვნებისა და გამოცდის მეთოდების დამტკიცება საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით.
3. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში უზრუნველყოს ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე საექსპერტო საბჭოს ჩამოყალიბება და მისი დებულების დამტკიცება.
მუხლი 46
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 29 დეკემბერი.
№4318–რს
შეტანილი ცვლილებები:
1. ძალადაკარგულია - საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4066 - სსმ I, №76, 29.12.2010წ., მუხ.501
დოკუმენტის კომენტარები