დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 220 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 24/06/2004 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 19, 15/07/2004 |
სარეგისტრაციო კოდი | 010.100.000.05.001.001.515 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (27/10/2015 - 21/12/2016)
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) განცხადება – ინფორმაცია, რომელიც განმცხადებელმა საჯაროდ გაავრცელა ან მესამე პირს გააცნო;
ბ) აზრი – შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს;
გ) გამოხატვის საგანი – თემა ან საკითხი, რომლის შესახებაც მიმდინარეობს მსჯელობა და ამა თუ იმ თვალსაზრისის გამოხატვა;
დ) მოწოდება – განცხადება, რომლის ავტორიც მიზნად ისახავს ან აშკარად უშვებს გარკვეული ქმედების გამოწვევას;
ე) ცილისწამება – არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება;
ვ) უხამსობა – განცხადება, რომელსაც არა აქვს პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან სამეცნიერო ღირებულება და რომელიც უხეშად ლახავს საზოგადოებაში საყოველთაოდ დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს;
ზ) საზოგადოებრივი ყურადღება – საზოგადოების ინტერესი (და არა ცალკეულ პირთა უბრალო ცნობისმოყვარეობა) იმ მოვლენისადმი, რომელიც დაკავშირებულია დემოკრატიულ სახელმწიფოში საზოგადოებრივი თვითმმართველობის განხორციელებასთან;
თ) ადმინისტრაციული ორგანო – საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ორგანო, დაწესებულება ან პირი, გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლობისა;
ი) საჯარო პირი – „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირი; პირი, რომლის გადაწყვეტილება ან აზრი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე; პირი, რომლისკენაც მისი გარკვეული ქმედების შედეგად ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით მიმართულია საზოგადოებრივი ყურადღება;
[ი) საჯარო პირი – „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირი; პირი, რომლის გადაწყვეტილება ან აზრი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე; პირი, რომლისკენაც მისი გარკვეული ქმედების შედეგად ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით მიმართულია საზოგადოებრივი ყურადღება; (ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან)]
კ) კერძო პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არ არის საჯარო პირი ან ადმინისტრაციული ორგანო;
ლ) სახელმწიფო საიდუმლოება – ინფორმაცია, რომელიც „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად და ექვემდებარება სახელმწიფოს მიერ დაცვას;
მ) კომერციული საიდუმლოება – საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია. ადმინისტრაციული ორგანოს შესახებ ინფორმაცია არ წარმოადგენს კომერციულ საიდუმლოებას;
ნ) (ამოღებულია – 25.05.2012, №6328) ;
ო) პროფესიული საიდუმლოება – აღსარების საიდუმლოება, პარლამენტის წევრის, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის, ექიმის, ჟურნალისტის, უფლებადამცველის, დამცველის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით მათთვის განდობილი ინფორმაცია, აგრეთვე პროფესიული ფასეულობის მქონე ინფორმაცია, რომელიც პირისათვის ცნობილი გახდა კონფიდენციალურობის დაცვის პირობით, მის მიერ პროფესიული მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით და რომლის გამჟღავნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს პირის პროფესიულ რეპუტაციას. ინფორმაცია, რომელიც არ შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს შესახებ ინფორმაცია არ არის პროფესიული საიდუმლოება;
პ) ნათელი და განჭვრეტადი კანონი – ჯეროვანი სიზუსტით ფორმულირებული ნორმა, რომელიც არ შეიცავს ზოგად, ორაზროვან და ბუნდოვან დებულებებს და პირს აძლევს საშუალებას, დაარეგულიროს საკუთარი ქმედება, აგრეთვე წინასწარ, ცხადად განსაზღვროს მისი სამართლებრივი შედეგები;
ჟ) ვიწროდ მიზანმიმართული კანონი – ნორმა, რომელიც აწესებს შეზღუდვის პირდაპირ მოთხოვნას, კონკრეტულ კრიტერიუმებსა და ამომწურავ ჩამონათვალს და შეიცავს ამ ნორმის არამიზნობრივად გამოყენების საწინააღმდეგო გარანტიებს;
რ) ლეგიტიმური მიზანი – საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტითა და 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით დაცული სიკეთეები;
ს) არადისკრიმინაციულობა – გარემოებათა იდენტურობის შემთხვევაში განსხვავებული გადაწყვეტილებების მიღების აკრძალვა და თანაბარი მოპყრობის ვალდებულება;
ტ) დემოკრატიული საზოგადოებისათვის კრიტიკულად აუცილებელი შეზღუდვა – ლეგიტიმური მიზნიდან გამომდინარე შეზღუდვა, რომელიც ემსახურება დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის შეუცვლელი და სასიცოცხლო მნიშვნელობის სიკეთის დაცვას და რომელიც შეიძლება გახორციელდეს მხოლოდ მაშინ, როცა ამოიწურება ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ყველა სხვა გონივრული და ქმედითი შესაძლებლობა;
უ) შეზღუდვის პროპორციულობა – ლეგიტიმური მიზნისა და კრიტიკული აუცილებლობის შესაბამისი შეზღუდვა, რომელიც ამ მიზნის მიღწევის ყველაზე ეფექტიანი და ყველაზე ნაკლებად შემზღუდავი საშუალებაა. უფრო მკაცრი ზომების გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ მაშინ, როცა სხვაგვარად შეუძლებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა და კრიტიკული აუცილებლობის მოთხოვნების დაკმაყოფილება;
ფ) აბსოლუტური პრივილეგია – კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან პირის სრული და უპირობო გათავისუფლება;
ქ) კვალიფიციური პრივილეგია – კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან პირის ნაწილობრივ ან პირობით გათავისუფლება. სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილებით პირმა ბრალეული ქმედების ჩადენისათვის შეიძლება დაკარგოს პრივილეგია, თუ ეს აუცილებელია ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად;
ღ) მედია – მასობრივი კომუნიკაციის ბეჭდვითი ან ელექტრონული საშუალება, მათ შორის, ინტერნეტი.
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6328 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.
საქართველოს 2015 წლის 10 ივლისის კანონი №4000 - ვებგვერდი, 20.07.2015წ.
საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონი №4379 - ვებგვერდი, 11.11. 2015 წ.
მუხლი 2. კანონის ინტერპრეტირება
ამ კანონის ინტერპრეტირება უნდა მოხდეს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების, მათ შორის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად.
მუხლი 3. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება
1. სახელმწიფო ცნობს და იცავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ფასეულობებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.
2. ყველას, ადმინისტრაციული ორგანოს გარდა, აქვს გამოხატვის თავისუფლება, რაც გულისხმობს:
ა) აზრის აბსოლუტურ თავისუფლებას;
ბ) პოლიტიკური სიტყვისა და დებატების თავისუფლებას;
გ) ნებისმიერი ფორმის ინფორმაციისა და იდეების მოძიების, მიღების, შექმნის, შენახვის, დამუშავებისა და გავრცელების უფლებას;
დ) ცენზურის დაუშვებლობას, მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობასა და პლურალიზმს, ჟურნალისტის უფლებას, დაიცვას ინფორმაციის წყაროს საიდუმლოობა და საკუთარი სინდისის შესაბამისად მიიღოს სარედაქციო გადაწყვეტილებები;
ე) სწავლის, სწავლებისა და კვლევის აკადემიურ თავისუფლებას;
ვ) ხელოვნების, შემოქმედებისა და გამოგონების თავისუფლებას;
ზ) ნებისმიერ ენაზე მეტყველების, ნებისმიერი დამწერლობის გამოყენების უფლებას;
თ) ქველმოქმედების უფლებას;
ი) მხილების თავისუფლებას და მამხილებელთა დაცვას;
კ) თავისუფლებას იძულებისაგან, გამოთქვას თავისი შეხედულება რწმენის, აღმსარებლობის, სინდისისა და მსოფლმხედველობის, ეთნიკური, კულტურული და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ოჯახური, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, აგრეთვე ყველა იმ გარემოების შესახებ, რომელიც შეიძლება გახდეს მისი უფლებებისა და თავისუფლებების შელახვის საფუძველი.
3. ეს კანონი არ უარყოფს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ, საქართველოს კონსტიტუციით დაცულ და სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების პრინციპებიდან.
მუხლი 4. აზრისა და მოწოდების თავისუფლება
1. აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით.
2. მოწოდება დაცულია კვალიფიციური პრივილეგიით. მოწოდება იწვევს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას მხოლოდ მაშინ, როცა პირი ჩაიდენს განზრახ ქმედებას, რომელიც ქმნის კანონსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს.
მუხლი 5. პოლიტიკური და სასამართლო სიტყვის თავისუფლება
1. ცილისწამებისათვის პასუხისმგებლობას არ იწვევს განცხადება, რომელიც გაკეთებულია:
ა) პოლიტიკური დებატების ფარგლებში, აგრეთვე პარლამენტის, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ან საკრებულოს წევრის მიერ თავისი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით;
ბ) წინასასამართლო ან სასამართლო პროცესზე, სახალხო დამცველის წინაშე, პარლამენტის, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ან საკრებულოს, აგრეთვე მისი კომიტეტის/კომისიის სხდომაზე, პირის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში;
გ) უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნით.
2. ცილისწამების შესახებ სარჩელის შეტანის შემთხვევაში სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით ამოწმებს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ გარემოებებს. ასეთი გარემოებების დადასტურებისას სასამართლოს გამოაქვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 209-ე და 273-ე მუხლებით გათვალისწინებული განჩინება, რაც არ იწვევს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებულ შედეგებს.
საქართველოს 2015 წლის 10 ივლისის კანონი №4000 - ვებგვერდი, 20.07.2015წ.
მუხლი 6 . სასამართლო გარანტიები
1. პირს უფლება აქვს სარჩელით მიმართოს სასამართლოს ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების ხელყოფის თავიდან აცილების ან აღკვეთის, აგრეთვე უკანონო ზემოქმედებისა და ჩარევის შედეგად დარღვეული უფლების აღდგენის მოთხოვნით.
2. მედიაში ჟურნალისტის მიერ გამოქვეყნებულ ცილისწამებასთან დაკავშირებული სასამართლო დავისას მოპასუხეა მედიის მესაკუთრე.
3. ცილისწამების თაობაზე სასამართლო დავის საგანი არ შეიძლება იყოს ისეთი განცხადება, რომელიც ეხება პირთა განუსაზღვრელ ჯგუფს ან/და რომელშიც მოსარჩელე არ არის ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირებული.
4. ცილისწამების თაობაზე სასამართლო დავა არ შეიძლება ეხებოდეს სახელმწიფო ან ადმინისტრაციული ორგანოს პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვას.
41. გარდაცვლილი პირის პირადი არაქონებრივი უფლებების დასაცავად ცილისწამების თაობაზე სასამართლოსთვის მიმართვა შეუძლია პირს, რომელსაც საამისოდ აქვს დაცვის ღირსი ინტერესი. მას შეუძლია სახელისა და ღირსების ისეთი დაცვის მოთხოვნის განხორციელება, რომელიც პიროვნების არსების განმსაზღვრელია და გრძელდება სიკვდილის შემდეგაც. სახელის, პატივის, ღირსების ან საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის მორალური ზიანის ქონებრივი ანაზღაურების მოთხოვნა სიკვდილის შემდეგ დაუშვებელია.
5. ცილისწამების თაობაზე სასამართლო დავისას არასათანადო მოპასუხეა პირი, რომელიც არ არის განცხადების ავტორი ან რედაქტორი, ან პირი, რომელმაც ტექნიკურად უზრუნველყო განცხადების გავრცელება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის აშკარად და პირდაპირ უჭერს მხარს განცხადებას.
6. ცილისწამების შესახებ სასამართლო დავისას სასამართლო იღებს ზომებს მხარეთა მოსარიგებლად. მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მორიგებისათვის დანიშნოს ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 1 თვეს.
საქართველოს 2014 წლის 2 ოქტომბრის კანონი №2681 - ვებგვერდი, 08.10.2014წ.
მუხლი 7 . მტკიცებულების სტანდარტი და ტვირთი
1. ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს.
2. ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების შეზღუდვისას ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ამ უფლებების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ.
3. კერძო ან საჯარო პირის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისას ყოველგვარი გონივრული ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს პირისათვის საჯარო პირის სტატუსის მინიჭების სასარგებლოდ.
4. საზოგადოებრივი ყურადღების ან ცნობისმოყვარეობის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისას ყოველგვარი გონივრული ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს მოვლენისათვის საზოგადოებრივი ყურადღების სტატუსის მინიჭების სასარგებლოდ.
5. აზრის ან ფაქტის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისას ყოველგვარი გონივრული ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს განცხადებაში მოყვანილი ცნობებისათვის აზრის სტატუსის მინიჭების სასარგებლოდ.
6. სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისას მტკიცების ტვირთი ეკისრება შეზღუდვის ინიციატორს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ.
7. დაუშვებელია, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საქმეზე მოპასუხის უარი – გაამხილოს პროფესიული საიდუმლოება ან მისი წყარო – გახდეს მოპასუხის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების გამოტანის ერთადერთი საფუძველი.
თავი II. შეზღუდვის საფუძველი და წესი
მუხლი 8. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძვლები
1. ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების ნებისმიერი შეზღუდვა შეიძლება დაწესდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს გათვალისწინებულია ნათელი და განჭვრეტადი, ვიწროდ მიზანმიმართული კანონით და შეზღუდვით დაცული სიკეთე აღემატება შეზღუდვით მიყენებულ ზიანს.
2. ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების შემზღუდველი კანონი უნდა იყოს:
ა) პირდაპირ მიმართული ლეგიტიმური მიზნების განხორციელებისაკენ;
ბ) კრიტიკულად აუცილებელი დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის;
გ) არადისკრიმინაციული;
დ) პროპორციულად შემზღუდველი.
მუხლი 9. შინაარსობრივი რეგულირება
1. კანონით შეიძლება დაწესდეს სიტყვისა და გამოხატვის შინაარსობრივი რეგულირება, თუ ეს ეხება:
ა) ცილისწამებას;
ბ) უხამსობას;
გ) პირისპირ შეურაცხყოფას ;
დ) დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზებას;
ე) მუქარას;
ვ) პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო, კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას;
ზ) რეკლამას, ტელეშოპინგს ან სპონსორობას;
თ) სამხედრო მოსამსახურის, ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის, წევრის ან თანამშრომლის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას;
ი) თავისუფლებააღკვეთილი ან თავისუფლებაშეზღუდული პირის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას;
კ) (ამოღებულია - 20.03.2015. №3375).
2. შინაარსობრივი რეგულირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ თვალსაზრისობრივად ნეიტრალური, არადისკრიმინაციული შეზღუდვის სახით.
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6328 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.
მუხლი 10 . შინაარსობრივად ნეიტრალური რეგულირება
1. შინაარსობრივად ნეიტრალური რეგულირებისას დაუშვებელია გამოხატვის საგნის შეზღუდვა.
2. შინაარსობრივად ნეიტრალური რეგულირება შეიძლება ითვალისწინებდეს მხოლოდ გამოხატვის ადგილის, დროისა და ფორმის მიხედვით ისეთ არადისკრიმინაციულ შეზღუდვას, რომელიც გავლენას არ ახდენს ინფორმაციის ან იდეების შინაარსზე ან გამომხატველობით ეფექტზე ან ტოვებს მათი სხვა გზებით გამოხატვის ეფექტიან შესაძლებლობას.
მუხლი 11. პროფესიული საიდუმლოებისა და მისი წყაროს დაცვა
1. პროფესიული საიდუმლოების წყარო დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და არავის არ აქვს უფლება, მოითხოვოს ამ წყაროს გამხელა. სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ სასამართლო დავისას მოპასუხეს არ შეიძლება დაეკისროს კონფიდენციალური ინფორმაციის წყაროს გამხელის ვალდებულება.
2. დაუშვებელია კონფიდენციალური ინფორმაციის გამხელა თვით მისი მფლობელის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე.
3. სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს მტკიცებულების უზრუნველყოფის შესახებ განჩინება კონფიდენციალური ინფორმაციის მხოლოდ იმ ნაწილის გამხელასთან დაკავშირებით, რომლის გამხელის აუცილებლობაც დამტკიცდა.
4. გამხელით მიღებული კონფიდენციალური ინფორმაცია შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ მიზნით, რომლისთვისაც მოხდა მისი გამხელა.
მუხლი 12. პასუხისმგებლობა საიდუმლოების გამხელისათვის
1. პირი პასუხს აგებს მხოლოდ იმ საიდუმლოების გამხელისათვის, რომლის დაცვაც მას ევალება სამსახურებრივად ან სამოქალაქო გარიგებით და რომლის გამხელა აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს უქმნის კანონით დაცულ სიკეთეებს.
2. პირი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ საიდუმლოების გამხელა მიზნად ისახავდა საზოგადოების კანონიერი ინტერესების დაცვას და დაცული სიკეთე აღემატება მიყენებულ ზიანს.
3. კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით არ შეიძლება შეიზღუდოს გამოხატვის თავისუფლება იმ მოვლენასთან დაკავშირებით, რომლის ცოდნაც აუცილებელია ადამიანისათვის დემოკრატიულ სახელმწიფოში საზოგადოებრივი თვითმმართველობის განსახორციელებლად.
4. პირს შეუძლია მოითხოვოს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დაცული უფლებების ხელყოფით მიყენებული ქონებრივი და არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურება.
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6328 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.
მუხლი 13. კერძო პირის ცილისწამება
პირს ეკისრება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა კერძო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა.
მუხლი 14. საჯარო პირის ცილისწამება
პირს ეკისრება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა საჯარო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ, ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა და განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება.
მუხლი 15. კვალიფიციური პრივილეგია ცილისწამებისათვის
პირს ენიჭება კვალიფიციური პრივილეგია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადებისათვის, თუ:
ა) მან მიიღო გონივრული ზომები ფაქტის სისწორის გადასამოწმებლად, მაგრამ ვერ შეძლო შეცდომის თავიდან აცილება და გაატარა ქმედითი ღონისძიებები ცილისწამებით დაზიანებული პირის რეპუტაციის აღსადგენად;
ბ) იგი მიზნად ისახავდა საზოგადოების კანონიერი ინტერესების დაცვას და დაცული სიკეთე აღემატება მიყენებულ ზიანს;
გ) მან განცხადება გააკეთა მოსარჩელის თანხმობით;
დ) მისი განცხადება წარმოადგენდა მოსარჩელის მიერ მის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებაზე თანაზომიერ პასუხს;
ე) მისი განცხადება წარმოადგენდა სამართლიან და ზუსტ რეპორტაჟს იმ მოვლენასთან დაკავშირებით, რომლისკენაც მიმართულია საზოგადოებრივი ყურადღება.
მუხლი 16. ცილისწამებისათვის პასუხისმგებლობის ფარგლები
პირს ცილისწამებისათვის არ ეკისრება პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაში, თუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ცილისწამებას ავრცელებდა.
მუხლი 17. ცილისწამებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება
1. ცილისწამებასთან დაკავშირებით მოპასუხეს შეიძლება დაეკისროს სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ.
2. დაუშვებელია მოპასუხის იძულება, მოიხადოს ბოდიში.
3. თუ მოპასუხე კანონით დადგენილ ვადაში განახორციელებს შესწორებას ან უარყოფას, მაგრამ შესწორების ან უარყოფის გამოქვეყნება არ არის საკმარისი ცილისწამებით მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ჯეროვანი ანაზღაურებისათვის, მოპასუხეს შეიძლება დაეკისროს მოსარჩელისათვის მიყენებული ქონებრივი ან/და არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურება.
მუხლი 18. ცილისწამების შესახებ უსაფუძვლო სარჩელი
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვის მიზნით ცილისწამების შესახებ აშკარად უსაფუძვლო სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მოპასუხეს უფლება აქვს მოითხოვოს მოსარჩელისაგან გონივრულ ფარგლებში ფულადი ანაზღაურების მიღება.
მუ ხლი 19. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა
ცილისწამების შესახებ სარჩელი სასამართლოში წარდგენილი უნდა იქნეს 100 დღის განმავლობაში მას შემდეგ, რაც პირი გაეცნო ან შეეძლო, რომ გასცნობოდა განცხადებას.
ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს კანონი „პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ“.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2004 წლის 24 ივნისი.
№220-რს
დოკუმენტის კომენტარები