დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 825-IIმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 26/06/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/06/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010100000.05.001.102710 |
|
„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №19, 15.07.2004, მუხ. 84) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ცილისწამება – არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირის სახელის გამტეხი განცხადება;“. 2. მე-6 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ცილისწამების შესახებ სასამართლო დავისას სასამართლო იღებს ზომებს მხარეთა მოსარიგებლად. მას უფლება აქვს, გადადოს საქმის განხილვა და მორიგებისთვის დანიშნოს ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეს.“. 3. მე-7 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები ამოღებულ იქნეს. 4. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) პირისპირ შეურაცხყოფას ან საჯარო სივრცეში შეურაცხყოფას;“. 5. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 6. მე-13 და მე-14 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 13. კერძო პირის ცილისწამება 1. კერძო პირმა, რომელიც თავს ცილისწამების ადრესატად თვლის და აღძრავს სარჩელს ცილისმწამებლისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით, სასამართლოს უნდა წარუდგინოს ის განცხადება, რომელიც მას ცილისწამებად მიაჩნია, სარჩელში უნდა მიუთითოს, მის შესახებ რა არსებითად მცდარ ფაქტს შეიცავს ეს განცხადება, და უნდა დაასაბუთოს, რატომ არის აღნიშნული განცხადება მოსარჩელის სახელის გამტეხი. 2. მოპასუხეს ცილისწამებისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სარჩელის საფუძველზე შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრება, თუ იგი ვერ დაამტკიცებს, რომ სადავო განცხადება მოსარჩელის შესახებ არსებითად მცდარ ფაქტს არ შეიცავს. მუხლი 14. საჯარო პირის ცილისწამება 1. საჯარო პირმა, რომელიც თავს ცილისწამების ადრესატად თვლის და აღძრავს სარჩელს ცილისმწამებლისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით, სასამართლოს უნდა წარუდგინოს ის განცხადება, რომელიც მას ცილისწამებად მიაჩნია, სარჩელში უნდა მიუთითოს, მის შესახებ რა არსებითად მცდარ ფაქტს შეიცავს ეს განცხადება, და უნდა დაასაბუთოს, რატომ არის აღნიშნული განცხადება მოსარჩელის სახელის გამტეხი. 2. მოპასუხეს ცილისწამებისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სარჩელის საფუძველზე შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრება, თუ იგი ვერ დაამტკიცებს, რომ სადავო განცხადება მოსარჩელის შესახებ არსებითად მცდარ ფაქტს არ შეიცავს. 3. მოპასუხის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა გამოირიცხება, თუ, მიუხედავად იმისა, რომ სადავო განცხადება მოსარჩელის შესახებ არსებითად მცდარ ფაქტს შეიცავს, მოპასუხე განცხადების გავრცელებასთან დაკავშირებით საკუთარ კეთილსინდისიერებას დაამტკიცებს. ამ ნორმის მიზნებისთვის კეთილსინდისიერებად ითვლება, როდესაც მოპასუხემ აღნიშნული განცხადების გავრცელებამდე შესაბამისი ინფორმაციის სისწორის გადასამოწმებლად ყველა აუცილებელი გონივრული ზომა მიიღო და ფაქტის მცდარობა მისთვის უცნობი იყო.“. 7. მე-15 მუხლი ამოღებულ იქნეს. 8. მე-17 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ შესწორების ან უარყოფის გამოქვეყნება არ არის საკმარისი ცილისწამებით მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის ჯეროვანი ანაზღაურებისთვის, მოსარჩელის მოთხოვნით მოპასუხეს შეიძლება დაეკისროს აგრეთვე მოსარჩელისთვის მიყენებული ქონებრივი ზიანის ან/და არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.“. მუხლი 2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება იმ საქმეზე, რომელზედაც სარჩელი ამ კანონის ამოქმედებამდე აღიძრა. აღნიშნული საქმის წარმოება უნდა დასრულდეს ამ კანონის ამოქმედებამდე მოქმედი წესით. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 26 ივნისი 2025 წ. N825-IIმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები