ვეტერინარ ექიმთა სახელმწიფო სერტიფიცირების წესის შესახებ

  • Word
ვეტერინარ ექიმთა სახელმწიფო სერტიფიცირების წესის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 504
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 26/10/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 33, 12/11/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 03/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 340.010.000.05.001.001.582
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
504
26/10/2004
სსმ, 33, 12/11/2004
340.010.000.05.001.001.582
ვეტერინარ ექიმთა სახელმწიფო სერტიფიცირების წესის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს კანონი

ვეტერინარ ექიმთა სახელმწიფო სერტიფიცირების წესის შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია ხელი შეუწყოს ვეტერინარიის სფეროში ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირთა საქმიანობას, ფიზიკურ პირთა პროფესიულ განათლებას და პრაქტიკულ მომზადებას; უზრუნველყოს ზემოაღნიშნულ პირთა საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობა და მათი უფლებების დაცვა, ვეტერინარიის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სტანდარტებისა და ნორმების გამოყენებით საქართველოს აგრარული სექტორისა და მოსახლეობის მაღალკვალიფიციური ვეტერინარული მომსახურება.

    მუხლი 2. კანონის რეგულირების სფერო

ეს კანონი არეგულირებს ურთიერთობებს კერძო ვეტერინარული საქმიანობის სუბიექტებსა და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს შორის.

    მუხლი 3. საქართველოს კანონმდებლობა ვეტერინარიის სფეროში

საქართველოს კანონმდებლობა ვეტერინარიის სფეროში შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსის, „ვეტერინარიის შესახებ“ და „ვეტერინარული სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის შესახებ“ საქართველოს კანონების, ამ კანონისა და სხვა ნორმატიული აქტებისაგან.

    მუხლი 4. ვეტერინარულ სპეციალობათა ნუსხა

ვეტერინარულ სპეციალობათა ნუსხას საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო უნივერსიტეტთან შეთანხმებით განსაზღვრავს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

    მუხლი 5. ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ვეტერინარული საქმიანობა – ვეტერინარიის სფეროში სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურების, აგრეთვე ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირთა საქმიანობა, რომლის მიზანია ვეტერინარიის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სტანდარტებისა და ნორმების გამოყენებით ცხოველთა, ცხოველთა და ადამიანის საერთო სნეულებებისაგან მოსახლეობის დაცვა, ვეტერინარული თვალსაზრისით კეთილსაიმედო ცხოველური წარმოშობის პროდუქტებით მოსახლეობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა;

ბ) კერძო ვეტერინარული საქმიანობა – კერძო ვეტერინარული სამსახურების საქმიანობა ვეტერინარიის სფეროში;

გ) საკვალიფიკაციო კურსი – უმაღლესი განათლების შემდგომი პროფესიული მომზადების ეტაპი ერთ-ერთ ვეტერინარულ სპეციალობაში;

დ) ვეტერინარი ექიმი (ვეტერინარულ-სანიტარიული ექიმი, ვეტერინარი ფარმაცევტი) – პირი, რომელსაც სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე უმაღლეს ვეტერინარულ სასწავლებელში სწავლების სრული კურსის გავლის შედეგად მიღებული განათლების შესაბამისად მიენიჭა სათანადო კვალიფიკაცია და აქვს დიპლომი;

ე) კერძო ვეტერინარული საქმიანობის სუბიექტი – ფიზიკური პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს კერძო ვეტერინარულ საქმიანობას;

ვ) ვეტერინარული განათლება – უმაღლეს ვეტერინარულ სასწავლებელში სწავლისა და შემდგომი პროფესიული მომზადების პერიოდი, რომელიც გრძელდება კერძო ვეტერინარული საქმიანობის სუბიექტის მთელი პროფესიული საქმიანობის განმავლობაში, არის ვეტერინარული საქმიანობის განუყოფელი ნაწილი და რომლის მიზანია თანამედროვე ვეტერინარულ მიღწევებთან და ტექნოლოგიებთან კერძო ვეტერინარული საქმიანობის სუბიექტის პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების შესაბამისობის უზრუნველყოფა;

ზ) დროებითი კერძო ვეტერინარული საქმიანობა – უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელებული კერძო ვეტერინარული საქმიანობა;

თ) უმცროსი ვეტერინარი სპეციალისტი (ვეტერინარი ტექნიკოსი – ვეტერინარი ფერშალი) – კერძო ვეტერინარული საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის არმქონე პირი, რომელიც კერძო ვეტერინარული საქმიანობის სუბიექტის მითითებითა და პასუხისმგებლობით ასრულებს ვეტერინარი ექიმის ფუნქციას;

ი) სერტიფიცირება – კერძო ვეტერინარული საქმიანობის უფლების მინიჭება.

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2567 - სსმ I, 59, 31.12.2005 წ., მუხ.449

    მუხლი 6. კერძო ვეტერინარული საქმიანობის დამოუკიდებლობა

კერძო ვეტერინარული საქმიანობის სუბიექტი პროფესიული გადაწყვეტილებების მიღებისას არის თავისუფალი და დამოუკიდებელი. დაუშვებელია კერძო ვეტერინარული საქმიანობის სუბიექტისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პრინციპებისა და ვეტერინარული საქმიანობის ნორმების საწინააღმდეგო მოქმედების შესრულების მოთხოვნა.

თავი II

კერძო ვეტერინარული საქმიანობის უფლება

    მუხლი 7. კერძო ვეტერინარული საქმიანობის უფლების მინიჭება

1.კერძო ვეტერინარული საქმიანობის უფლება აქვს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელმაც დაამთავრა საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე უმაღლესი ვეტერინარული სასწავლებელი, გაიარა საკვალიფიკაციო კურსი და ამ კანონით დადგენილი წესით მიიღო კერძო ვეტერინარული საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი (შემდგომში – სახელმწიფო სერტიფიკატი). კერძო ვეტერინარული საქმიანობის უფლება მას აქვს მხოლოდ სახელმწიფო სერტიფიკატში აღნიშნული ვეტერინარული სპეციალობით, გარდა ამ კანონით დადგენილი გამონაკლისებისა.

2. უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისათვის კერძო ვეტერინარული საქმიანობის უფლების მინიჭების წესს განსაზღვრავს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

    მუხლი 8. სახელმწიფო სერტიფიკატით გათვალისწინებულის გარდა სხვა ვეტერინარული სპეციალობით (სპეციალობებით) კერძო ვეტერინარული საქმიანობის უფლება

1. ერთ-ერთ ვეტერინარულ სპეციალობაში (სპეციალობებში) სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე კერძო ვეტერინარული საქმიანობის სუბიექტს უფლება აქვს ამ კანონით დადგენილი წესით მიიღოს სახელმწიფო სერტიფიკატი სხვა ვეტერინარული სპეციალობით (სპეციალობებით).

2. თუ კერძო ვეტერინარული საქმიანობის სუბიექტის ვეტერინარული სპეციალობა არ არის იმ ვეტერინარული სპეციალობის მომიჯნავე, რომელშიც სახელმწიფო სერტიფიკატი მას უკვე აქვს, ახალი სახელმწიფო სერტიფიკატის მისაღებად კერძო ვეტერინარული საქმიანობის სუბიექტმა შესაბამის ვეტერინარულ სპეციალობაში უნდა გაიაროს დადგენილი საკვალიფიკაციო კურსი და ჩააბაროს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდა.

3. თუ კერძო ვეტერინარული საქმიანობის სუბიექტის ვეტერინარული სპეციალობა იმ ვეტერინარული სპეციალობის მომიჯნავეა, რომელშიც სახელმწიფო სერტიფიკატი მას უკვე აქვს, ახალი სახელმწიფო სერტიფიკატის მისაღებად კერძო ვეტერინარული საქმიანობის სუბიექტმა შესაბამის ვეტერინარულ სპეციალობაში უნდა გაიაროს დადგენილი საკვალიფიკაციო კურსის ნაწილი.

    მუხლი 9. ვეტერინარული სპეციალობის შესაბამისობა უმაღლეს ვეტერინარულ სასწავლებელში გავლილ სწავლების სრულ კურსთან (დამთავრებულ ფაკულტეტთან)

პირს ერთ-ერთი ვეტერინარული სპეციალობით კერძო ვეტერინარული საქმიანობის უფლება შეიძლება მიენიჭოს, თუ ეს სპეციალობა შეესაბამება მის მიერ უმაღლეს ვეტერინარულ სასწავლებელში გავლილ სწავლების სრულ კურსს (დამთავრებულ ფაკულტეტს).

    მუხლი 10. კერძო ვეტერინარი ექიმის ფუნქციის დროებით შესრულება

1. კერძო ვეტერინარი ექიმის ფუნქციის დროებით შესრულების უფლება აქვს:

ა) უმაღლესი ვეტერინარული სასწავლებლის სტუდენტს – მხოლოდ ვეტერინარულ სამსახურში, იმ ვეტერინარი ექიმის ხელმძღვანელობითა და მეთვალყურეობით, რომელიც პასუხისმგებელია ვეტერინარული საქმიანობის მიმდინარეობაზე;

ბ) უმცროს ვეტერინარ სპეციალისტს.

2. კერძო ვეტერინარი ექიმის ფუნქციის დროებით შესრულება დასაშვებია არა უმეტეს 6 თვისა.

    მუხლი 11. საკვალიფიკაციო კურსი

1. ვეტერინარულ სპეციალობებში საკვალიფიკაციო კურსის გავლა დასაშვებია სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე იმ უმაღლეს ვეტერინარულ სასწავლებლებში, რომლებსაც აქვთ სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.

2. ვეტერინარული ლაბორატორიული დიაგნოსტიკის სპეციალობაში საკვალიფიკაციო კურსის გავლა დასაშვებია საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით განყოფილებებში და სხვა შესაბამის დაწესებულებებში.

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2567 - სსმ I, 59, 31.12.2005 წ., მუხ.449

თავი III

სახელმწიფო სერტიფიკატი

    მუხლი 12. სახელმწიფო სერტიფიცირება

1. სახელმწიფო სერტიფიცირება მოიცავს კერძო ვეტერინარული საქმიანობის სუბიექტის პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეფასებას.

2. სახელმწიფო სერტიფიცირება აუცილებელია იმ ვეტერინარული სპეციალობებით კერძო ვეტერინარული საქმიანობის უფლების მისაღებად, რომლებიც შეტანილია ამ კანონის მე-4 მუხლში მითითებულ ნუსხაში.

    მუხლი 13. სახელმწიფო სერტიფიკატი

1. სახელმწიფო სერტიფიკატი არის კერძო ვეტერინარული საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობა, რომელიც განსაზღვრავს კერძო ვეტერინარული საქმიანობის ფარგლებსა და ვადას.

2. სახელმწიფო სერტიფიკატის ფორმას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

3. სახელმწიფო სერტიფიკატის სხვა პირისათვის გადაცემა აკრძალულია.

    მუხლი 14. სახელმწიფო სერტიფიკატის გამცემი ორგანო

1. სახელმწიფო სერტიფიკატის გამცემი ორგანოა ვეტერინარ ექიმთა სასერტიფიკაციო საბჭო (შემდგომში – სასერტიფიკაციო საბჭო).

2. სასერტიფიკაციო საბჭო იქმნება საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით. საბჭოს შემადგენლობა ყოველ 2 წელიწადში განახლდება.

3. სასერტიფიკაციო საბჭოს თავმჯდომარეა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი.

4. სასერტიფიკაციო საბჭოს შემადგენლობაში შედიან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის წარმომადგენლები, ასევე შესაძლებელია აღნიშნული საბჭოს მუშაობაში აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სოფლის მეურნეობის სამინისტროების ვეტერინარიის სამსახურებისა და ვეტერინარიის სფეროში არსებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციათა წარმომადგენლების მონაწილეობა.

5. სასერტიფიკაციო საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად შეიძლება მიწვეულ იქნენ აგრეთვე საერთაშორისო ვეტერინარულ ორგანიზაციათა წარმომადგენლები.

6. სასერტიფიკაციო საბჭოს სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და სასერტიფიკაციო საბჭოს დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს აღნიშნული საბჭო და ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი.

7. სასერტიფიკაციო საბჭო:

ა) შეიმუშავებს და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის პროგრამას, გამოსაცდელის ცოდნის შეფასების კრიტერიუმებს, გამოცდის ჩატარების წესს, გრაფიკსა და ადგილს;

ბ) ქმნის საგამოცდო კომისიებს შესაბამის ვეტერინარულ სპეციალობებში;

გ) განიხილავს და ამტკიცებს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგებს;

დ) შეიმუშავებს და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს დროებითი კერძო ვეტერინარული საქმიანობის განხორციელების მექანიზმს;

ე) იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემის შესახებ ან სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე;

ვ) განიხილავს სახელმწიფო სერტიფიკატის მისაღებად წარდგენილ საბუთებს;

ზ) ახორციელებს ამ კანონით, სხვა ნორმატიული აქტებითა და საბჭოს დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2567 - სსმ I, 59, 31.12.2005 წ., მუხ.449

    მუხლი 15. სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემის საფუძველი

სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემის საფუძველია:

ა) სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებლის წერილობითი განცხადება, რომელიც შეიცავს განმცხადებლის სახელს, გვარს, დაბადების ადგილსა და თარიღს, საცხოვრებელი ადგილის მისამართს, მოქალაქეობას, სამსახურის (თუ განმცხადებელი მუშაობს) მისამართს, აგრეთვე მითითებას, თუ რომელი ვეტერინარული სპეციალობით აპირებს მაძიებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მიღებას;

ბ) უმაღლესი ვეტერინარული განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი;

გ) შესაბამის ვეტერინარულ სპეციალობაში საკვალიფიკაციო კურსის გავლის დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობა;

დ) საკვალიფიკაციო კურსის ხელმძღვანელის წარდგინება – რეკომენდაცია ან იმ ვეტერინარული სამსახურის ხელმძღვანელის წარდგინება-რეკომენდაცია, სადაც სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელი მუშაობდა;

ე) შესაბამის ვეტერინარულ სპეციალობაში სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობა;

ვ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

ზ) შრომითი ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს აქვს ასეთი დოკუმენტი;

თ) სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებლის მიერ შესაბამის ვეტერინარულ სპეციალობაში ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოების აღწერა;

ი) სასერტიფიკაციო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2225 - სსმ I, №45, 21.12.2009 წ., მუხ.342

    მუხლი 16. სამეცნიერო ხარისხის მქონე ვეტერინარი ექიმებისათვის სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემის საფუძველი

1. ვეტერინარიის მეცნიერებათა კანდიდატისათვის ან ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორისათვის სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემის საფუძველია:

ა) სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებლის წერილობითი განცხადება, რომელიც შეიცავს განმცხადებლის სახელს, გვარს, დაბადების ადგილსა და თარიღს, საცხოვრებელი ადგილის მისამართს, მოქალაქეობას, სამსახურის (თუ განმცხადებელი მუშაობს) მისამართს, აგრეთვე მითითებას, თუ რომელი ვეტერინარული სპეციალობით აპირებს მაძიებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მიღებას;

ბ) უმაღლესი ვეტერინარული განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი;

გ) ვეტერინარიის მეცნიერებათა კანდიდატის ან ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორის დიპლომის ასლი, რომლითაც დასტურდება სამეცნიერო ხარისხის მინიჭება;

დ) შესაბამისი ვეტერინარული სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი ვეტერინარიის მეცნიერებათა კანდიდატისთვის და შესაბამისი ვეტერინარული სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორისთვის;

ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

ვ) შრომითი ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს აქვს ასეთი დოკუმენტი.

2. ვეტერინარიის მეცნიერებათა კანდიდატსა და ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორს სასერტიფიკაციო საბჭოს გადაწყვეტილებით სახელმწიფო სერტიფიკატი ენიჭება სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე.

საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2225 - სსმ I, №45, 21.12.2009 წ., მუხ.342

    მუხლი 17. სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდა

1. სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდა ტარდება ამ კანონის მე-4 მუხლში მითითებულ ნუსხაში შეტანილ ვეტერინარულ სპეციალობებში, სასერტიფიკაციო საბჭოს მიერ შემუშავებული და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ დამტკიცებული პროგრამის შესაბამისად.

2. სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაიშვება ვეტერინარი ექიმი (ვეტერინარულ-სანიტარიული ექიმი, ვეტერინარი ფარმაცევტი), რომელსაც გავლილი აქვს საკვალიფიკაციო კურსი სათანადო სპეციალობაში.

3. სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში პირს აქვს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე ხელახლა გასვლის უფლება, ამასთან, მომდევნო 1 წლის განმავლობაში მხოლოდ 2-ჯერ, გამოცდებს შორის 6-თვიანი შუალედით.

    მუხლი 18. სახელმწიფო სერტიფიკატის მისაღებად წარდგენილი საბუთების განხილვა და განხილვის შედეგების შეტყობინება

1. სასერტიფიკაციო საბჭო წარდგენილი საბუთების განხილვისა და სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებლის მიერ სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შედეგების შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემის შესახებ ან სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე.

2. სასერტიფიკაციო საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებლის მიერ განცხადების წარდგენიდან 30 დღეში.

3. სასერტიფიკაციო საბჭო წარდგენილი საბუთების განხილვის შედეგებს აცნობებს სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღეში.

4. თუ სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულ ვადაში არ გაეგზავნა შეტყობინება სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემის ან სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, მას უფლება აქვს ამ ვადის გასვლისთანავე დაიწყოს განცხადებაში აღნიშნული კერძო ვეტერინარული საქმიანობა.

    მუხლი 19. უარი სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემაზე

1. სასერტიფიკაციო საბჭო უარს ეუბნება სახელმწიფო სერტიფიკაციის მაძიებელს სერტიფიკატის გაცემაზე, თუ:

ა) სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებლის მიერ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება ამ კანონის მოთხოვნებს;

ბ) სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელი ითხოვს სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემას იმ საქმიანობისათვის, რომლის უფლებაც მას სასამართლომ ჩამოართვა;

გ) სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს შეჩერებული აქვს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება და აღმოფხვრილი არ არის მისი შეჩერების საფუძველი.

2. სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში სასერტიფიკაციო საბჭო სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს წერილობით აცნობებს ამ გადაწყვეტილებას საფუძვლის მითითებით.

3. აკრძალულია სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმა კერძო ვეტერინარული საქმიანობის სუბიექტთა რაოდენობის შეზღუდვის მოტივით.

4. სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემაზე უარის მიღების შემთხვევაში სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 20. კერძო ვეტერინარული საქმიანობის დაწყების შესახებ შეტყობინების ვალდებულება

1. კერძო ვეტერინარული საქმიანობის სუბიექტი პროფესიული საქმიანობის დაწყების შესახებ წერილობით შეტყობინებას უგზავნის სასერტიფიკაციო საბჭოს საქმიანობის დაწყებიდან 10 დღეში, სამსახურის მისამართის ჩვენებით.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში სასერტიფიკაციო საბჭო კერძო ვეტერინარული საქმიანობის სუბიექტს უგზავნის წერილობით გაფრთხილებას.

    მუხლი 21. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადა

1. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადაა 5 წელი სასერტიფიკაციო საბჭოს მიერ მისი გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან. ამ ვადის გასვლის შემდეგ კერძო ვეტერინარული საქმიანობის სუბიექტმა უნდა გაიაროს განმეორებითი სერტიფიცირება ამ კანონით დადგენილი წესით.

2. სახელმწიფო სერტიფიკატით ნებადართულ კერძო ვეტერინარულ საქმიანობას მისი მფლობელი ახორციელებს სასერტიფიკაციო საბჭოს მიერ სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან.

თავი IV

სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელება

    მუხლი 22. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელება

სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელება ხდება 5 წლით, ამ კანონით დადგენილი წესით.

    მუხლი 23. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელების საფუძვლები

1. სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელების საფუძველია:

ა) სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებლის წერილობითი განცხადება;

ბ) სახელმწიფო სერტიფიკატი;

გ) შესაბამის ვეტერინარულ სპეციალობაში სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის განმეორებით ჩაბარების დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობა;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

ე) შრომითი ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს აქვს ასეთი დოკუმენტი;

ვ) სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებლის მიერ შესაბამის ვეტერინარულ სპეციალობაში ჩატარებული სამუშაოების აღწერა.

2. უმაღლესისშემდგომი ვეტერინარული განათლების სისტემაში მონაწილეობის შემთხვევაში სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელების საფუძველია:

ა) სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებლის წერილობითი განცხადება;

ბ) სახელმწიფო სერტიფიკატი;

გ) უმაღლესისშემდგომი ვეტერინარული განათლების სისტემაში სასერტიფიკაციო საბჭოს მიერ დადგენილი კრიტერიუმებით მონაწილეობის დამადასტურებელი საბუთი;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

ე) ამონაწერი შრომის წიგნაკიდან (თუ სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს ასეთი წიგნაკი აქვს);

ვ) სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებლის მიერ შესაბამის ვეტერინარულ სპეციალობაში ჩატარებული სამუშაოების აღწერა.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ სისტემაში მონაწილეობის დამადასტურებელი საბუთის ფორმა განისაზღვრება საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ნორმატიული აქტით.

საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2225 - სსმ I, №45, 21.12.2009 წ., მუხ.342

    მუხლი 24. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის წარდგენილი საბუთების განხილვა და განხილვის შედეგების შეტყობინება

1. სასერტიფიკაციო საბჭო წარდგენილი საბუთების განხილვისა და სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებლის მიერ სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შედეგების შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ ან სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის თაობაზე.

2. სასერტიფიკაციო საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებლის მიერ განცხადების წარდგენიდან 4 კვირაში.

3. სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს უფლება აქვს სასერტიფიკაციო საბჭოში წარდგენილი საბუთების განხილვის პერიოდში გააგრძელოს კერძო ვეტერინარული საქმიანობა.

4. სასერტიფიკაციო საბჭო არ განიხილავს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის წარდგენილ საბუთებს, თუ:

ა) სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს შეჩერებული აქვს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება და აღმოფხვრილი არ არის მისი შეჩერების საფუძველი;

ბ) სასერტიფიკაციო საბჭომ სასამართლოს მიმართა განცხადებით სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმების შესახებ.

5. სასერტიფიკაციო საბჭო წარდგენილი საბუთების განხილვის შედეგებს აცნობებს სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღეში.

6. თუ სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს ამ მუხლის მე-5 პუნქტში მითითებულ ვადაში არ გაეგზავნა შეტყობინება სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელების ან სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ, მას უფლება აქვს ამ ვადის გასვლისთანავე გააგრძელოს კერძო ვეტერინარული საქმიანობა.

7. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სახელმწიფო სერტიფიკატში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა.

    მუხლი 25. უარი სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე

1. სასერტიფიკაციო საბჭო უარს ეუბნება სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე, თუ:

ა) სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებლის მიერ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება ამ კანონის მოთხოვნებს;

ბ) სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელი ითხოვს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელებას იმ საქმიანობისათვის, რომლის უფლებაც მას სასამართლომ ჩამოართვა.

2. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის შემთხვევაში სასერტიფიკაციო საბჭო სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს წერილობით აცნობებს ამ გადაწყვეტილებას საფუძვლის მითითებით.

3. აკრძალულია სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე უარის თქმა კერძო ვეტერინარული საქმიანობის სუბიექტთა რაოდენობის შეზღუდვის მოტივით.

4. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე უარის მიღების შემთხვევაში სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 26. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელების შემდეგ მისი მოქმედების შეჩერება, განახლება ან სერტიფიკატის გაუქმება

სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელების შემდეგ მისი მოქმედების შეჩერება, განახლება ან სერტიფიკატის გაუქმება ხდება ამ კანონის 39-ე–41-ე მუხლებით დადგენილი წესით.

    მუხლი 27. სახელმწიფო სასერტიფიკაციო რეესტრი

1. სახელმწიფო სასერტიფიკაციო რეესტრის წარმოების მიზანია სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემის, მისი მოქმედების შეჩერების, განახლების, სერტიფიკატის გაუქმების, მისი ასლის გაცემის შესახებ მონაცემების სრული და ერთიანი ბაზის შექმნა.

2. სახელმწიფო სასერტიფიკაციო რეესტრს აწარმოებს სასერტიფიკაციო საბჭო.

3. სახელმწიფო სასერტიფიკაციო რეესტრში შეიტანება:

ა) მონაცემები სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის შესახებ (სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, მოქალაქეობა, სამსახურის მისამართი (სახელმწიფო ან კერძო ვეტერინარულ სამსახურში შეთავსების მითითებით);

ბ) ვეტერინარული სპეციალობა, რომელშიც გაიცა სახელმწიფო სერტიფიკატი;

გ) სახელმწიფო სერტიფიკატის ნომერი და გაცემის თარიღი;

დ) მონაცემები სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების, განახლების, სერტიფიკატის გაუქმების, მისი ასლის გაცემის შესახებ;

ე) სასერტიფიკაციო საბჭოს იურიდიული მისამართი და სახელმწიფო სერტიფიკატზე ხელის მომწერი პირის ვინაობა.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული მონაცემები სახელმწიფო სასერტიფიკაციო რეესტრში შეიტანება სასერტიფიკაციო საბჭოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღეში.

5. ყველას აქვს უფლება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაეცნოს და წერილობით მიიღოს სახელმწიფო სასერტიფიკაციო რეესტრში შეტანილი მონაცემები.

თავი V

კერძო ვეტერინარული საქმიანობის სუბიექტის ვალდებულება ცხოველთა მეპატრონის, ცხოველების, მეცხოველეობის პროდუქციის დამამზადებელ, გადამამუშავებელ, შემნახველ, გადამზიდავ და რეალიზატორ ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირთა წინაშე

    მუხლი 28. მომსახურების სუბიექტისათვის ინფორმაციის მიწოდება

1. კერძო ვეტერინარული საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია მომსახურების სუბიექტს მისთვის მისაღები ფორმით, დროულად მიაწოდოს სრული და ობიექტური ინფორმაცია:

ა) ცხოველთა და ადამიანის საერთო საშიში გადამდები ზოონოზური და ზოოანთროპონოზური სნეულებების მდგომარეობის შესახებ, მათ შორის:

ა. ა) განზრახული პროფილაქტიკური, დიაგნოსტიკური, სადეზინფექციო, საკარანტინო და სხვა ვეტერინარული ღონისძიებების შესახებ;

ა. ბ) ვეტერინარული ლაბორატორიული და სხვა გამოკვლევების შედეგების შესახებ;

ა. გ) განზრახული ვეტერინარული ღონისძიებების ჩატარებაზე განცხადებული უარის მოსალოდნელი შედეგების შესახებ;

ა. დ) დიაგნოზისა და გამოვლენილი სნეულებების პროფილაქტიკის გადაუდებელ ღონისძიებათა მიმდინარეობის შესახებ;

ბ) ჩასატარებელ გადაუდებელ საკარანტინო ღონისძიებათა და მათი ჩაუტარებლობის შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგების შესახებ;

გ) მომსახურების სუბიექტისათვის საჭირო ვეტერინარული მომსახურების არსებული სახეების და მათი გამოყენების შესაძლებლობის შესახებ, აგრეთვე გაწეული ან განზრახული ვეტერინარული მომსახურების საფასურის და მისი ანაზღაურების წესის თაობაზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციას კერძო ვეტერინარული საქმიანობის სუბიექტი მომსახურების სუბიექტს აწვდის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.

თავი VI

კერძო ვეტერინარული საქმიანობის სუბიექტის მიერ ვეტერინარული ჩანაწერების წარმოების მოვალეობა

    მუხლი 29. ვეტერინარული ჩანაწერების წარმოების პირობები

1. კერძო ვეტერინარული საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია თითოეულ ჩატარებულ ღონისძიებაზე აწარმოოს ვეტერინარული ჩანაწერები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სხვა მოთხოვნების გათვალისწინებასთან ერთად, კერძო ვეტერინარული საქმიანობის სუბიექტის მიერ ვეტერინარული ჩანაწერების წარმოებისას აუცილებელია:

ა) ვეტერინარული ჩანაწერები შესრულდეს საქართველოს სახელმწიფო ენაზე, მკაფიოდ და გასაგებად; უცხო ქვეყნის წარმომადგენლის მიერ სხვა ენაზე წარმოებული ჩანაწერები ითარგმნოს სახელმწიფო ენაზე;

ბ) ვეტერინარული ჩანაწერები იყოს სრულყოფილი; ვეტერინარული ჩანაწერების თითოეული ნაწილი სრულად შეივსოს;

გ) ვეტერინარულ ჩანაწერებში ინფორმაცია დაფიქსირდეს დროულად, განსაზღვრულ ვადაში;

დ) ვეტერინარული ჩანაწერები ადეკვატურად ასახავდეს ვეტერინარულ მომსახურებასთან დაკავშირებულ ყველა დეტალს;

ე) ვეტერინარული ჩანაწერების თითოეული ნაწილი კერძო ვეტერინარული საქმიანობის სუბიექტმა დაამოწმოს მკაფიო ხელმოწერით, არსებული წესის მიხედვით.

3. კერძო ვეტერინარული საქმიანობის სუბიექტმა უნდა დაიცვას ვეტერინარული ჩანაწერების შენახვის კანონმდებლობით დადგენილი წესი. იგი ვალდებულია ვეტერინარული ჩანაწერები მესამე პირს გააცნოს მხოლოდ ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

თავი VII

კერძო ვეტერინარული საქმიანობის სუბიექტის ვალდებულება კოლეგების წინაშე

    მუხლი 30. კერძო ვეტერინარული საქმიანობის ზოგადი პრინციპები

კერძო ვეტერინარული საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია ვეტერინარული საქმიანობის განხორციელებისას დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები, მომსახურების სუბიექტის ინტერესები, ვეტერინარული საქმიანობის პრესტიჟი, კოლეგებს შორის დაამკვიდროს ურთიერთპატივისცემის ატმოსფერო.

    მუხლი 31. სხვა კერძო ვეტერინარული საქმიანობის სუბიექტის მიერ ვეტერინარული მომსახურების გაწევა

თუ კერძო ვეტერინარული საქმიანობის სუბიექტმა გადაუდებელი ვეტერინარული მომსახურება გაუწია ფიზიკური ან იურიდიული პირის ცხოველს, რომელსაც მანამდე სხვა კერძო ვეტერინარული საქმიანობის სუბიექტი მკურნალობდა ან/და მეთვალყურეობდა, მომსახურების გამწევი ვალდებულია ამის შესახებ შეატყობინოს შესაბამის კერძო ვეტერინარული საქმიანობის სუბიექტს და მომსახურების სუბიექტის თანხმობით მას გადააბაროს ვეტერინარული მომსახურების გაგრძელება.

თავი VIII

სახელმწიფო ზედამხედველობა კერძო ვეტერინარულ საქმიანობაზე

    მუხლი 32. კერძო ვეტერინარულ საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანო

კერძო ვეტერინარულ საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობას თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურები. სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელებაში შესაძლებელია მონაწილეობდნენ საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის, ვეტერინარიის სფეროში არსებული საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ვეტერინარული ორგანიზაციების წარმომადგენლები.

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2567 - სსმ I, №59, 31.12.2005 წ., მუხ.449

    მუხლი 33. კერძო ვეტერინარულ საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის სახეები

1. კერძო ვეტერინარულ საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის სახეებია:

ა) ვეტერინარული მომსახურების ხარისხის კონტროლი;

ბ) ვეტერინარული დოკუმენტაციის წარმოების კონტროლი;

გ) კერძო ვეტერინარული საქმიანობის სუბიექტის პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების შემოწმება.

2. კერძო ვეტერინარულ საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 34. ვეტერინარული მომსახურების ხარისხისა და ვეტერინარული დოკუმენტაციის წარმოების კონტროლი

1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამსახურები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში პერიოდულად, წელიწადში ერთხელ მაინც, შერჩევით აკონტროლებენ კერძო ვეტერინარული საქმიანობის სუბიექტების მიერ გაწეული ვეტერინარული მომსახურების ხარისხს და ვეტერინარული დოკუმენტაციის წარმოებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. კონტროლის შედეგების ამსახველი დოკუმენტის მომზადებისა და განხილვის ყველა ეტაპზე აუცილებელია იმ კერძო ვეტერინარული საქმიანობის სუბიექტის მონაწილეობა, რომლის საქმიანობაც გაკონტროლდა.

3. კერძო ვეტერინარული საქმიანობის სუბიექტს, თავისი შეხედულებით, უფლება აქვს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს დაურთოს ახსნა-განმარტებითი ბარათი, რომელშიც აისახება მისი დამოკიდებულება დოკუმენტში მოცემული შენიშვნებისადმი.

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2567 - სსმ I, №59, 31.12.2005 წ., მუხ.449

    მუხლი 35. კერძო ვეტერინარული საქმიანობის სუბიექტის პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების შემოწმება

1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით, საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო უნივერსიტეტთან ერთად ქმნის უმაღლესისშემდგომი ვეტერინარული განათლების სისტემას, რომლის მიზანია კერძო ვეტერინარული საქმიანობის სუბიექტის პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების შენარჩუნება და სრულყოფა და რომელიც მოიცავს:

ა) ყველა ვეტერინარულ სპეციალობაში პროგრამების მომზადებას;

ბ) სწავლების მეთოდის განსაზღვრას;

გ) უმაღლესისშემდგომი ვეტერინარული განათლების სისტემაში კერძო ვეტერინარული საქმიანობის სუბიექტების მონაწილეობის შეფასების მეთოდების განსაზღვრას;

დ) განმეორებითი სერტიფიცირებისათვის საჭირო კრიტერიუმების განსაზღვრას უმაღლესისშემდგომი ვეტერინარული განათლების სისტემაში კერძო ვეტერინარული საქმიანობის სუბიექტების მონაწილეობის შეფასების შედეგების მიხედვით.

2. სასერტიფიკაციო საბჭო 5 წელიწადში ერთხელ ამოწმებს კერძო ვეტერინარული საქმიანობის სუბიექტის პროფესიულ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს, ანუ ახორციელებს კერძო ვეტერინარული საქმიანობის სუბიექტის უმაღლესისშემდგომი ვეტერინარული განათლების სისტემაში მონაწილეობის შეფასებას ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შესაბამისად.

    მუხლი 36. კერძო ვეტერინარულ საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განუხორციელებლობის სამართლებრივი შედეგი

თუ კერძო ვეტერინარული საქმიანობის სუბიექტი უარს აცხადებს მის მიერ გაწეული ვეტერინარული მომსახურების ხარისხისა და ვეტერინარული დოკუმენტაციის წარმოების კონტროლზე, სასერტიფიკაციო საბჭო შეაჩერებს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედებას ამ კანონით დადგენილი წესით.

თავი IX

კერძო ვეტერინარული საქმიანობის სუბიექტის პასუხისმგებლობა

    მუხლი 37. პასუხისმგებლობა კერძო ვეტერინარული საქმიანობის არასწორად წარმართვისათვის

კერძო ვეტერინარული საქმიანობის არასწორად წარმართვისათვის გათვალისწინებულია კერძო ვეტერინარული საქმიანობის სუბიექტის პასუხისმგებლობის შემდეგი სახეები:

ა) წერილობითი გაფრთხილება;

ბ) სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერება;

გ) სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმება;

დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის სხვა ზომები.

    მუხლი 38. წერილობითი გაფრთხილება

1. წერილობითი გაფრთხილება მიეცემა კერძო ვეტერინარული საქმიანობის სუბიექტს, რომელიც განზრახ ან დაუდევრობით არ ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პროფესიულ მოვალეობებს.

2. წერილობითი გაფრთხილების საკითხის განხილვის საფუძველია:

ა) ცხოველთა მეპატრონის ან მომსახურების სუბიექტის განცხადება ან საჩივარი;

ბ) კერძო ვეტერინარული საქმიანობის სუბიექტის დამქირავებლის განცხადება ან საჩივარი;

გ) იმ ვეტერინარული სამსახურის ხელმძღვანელის განცხადება ან საჩივარი, სადაც მუშაობს კერძო ვეტერინარული საქმიანობის სუბიექტი, რომელსაც ადასტურებს იმავე სამსახურში მომუშავე ორზე მეტი კოლეგა;

დ) იმ ვეტერინარულ სამსახურში მომუშავე ორზე მეტი კოლეგის განცხადება ან საჩივარი, სადაც მუშაობს კერძო ვეტერინარული საქმიანობის სუბიექტი, რომელსაც ადასტურებს იმავე სამსახურის ხელმძღვანელი;

ე) კერძო ვეტერინარული საქმიანობის სუბიექტის დამქირავებლის ან მომსახურების სუბიექტის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, სადაც მუშაობს კერძო ვეტერინარული საქმიანობის სუბიექტი.

3. თუ კერძო ვეტერინარული საქმიანობის სუბიექტის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე პროფესიული საქმიანობისას ჩადენილი ქმედებისათვის, იმავე ქმედების შესახებ განცხადება ან საჩივარი არ განიხილება.

4. თუ კერძო ვეტერინარული საქმიანობის სუბიექტს 1 წლის განმავლობაში სულ ცოტა 3-ჯერ მიეცა წერილობითი გაფრთხილება, სასერტიფიკაციო საბჭო უფლებამოსილია ამ კანონით დადგენილი წესით განიხილოს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების საკითხი.

5. სასერტიფიკაციო საბჭო ვალდებულია:

ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„ე“ ქვეპუნქტებში მითითებული პირების მიერ განცხადების ან საჩივრის შემოტანიდან 1 კვირაში აცნობოს კერძო ვეტერინარული საქმიანობის სუბიექტს მის შესახებ შემოსული განცხადების ან საჩივრის თაობაზე;

ბ) კერძო ვეტერინარული საქმიანობის სუბიექტის მოთხოვნისთანავე გააცნოს მას შემოსული განცხადების ან საჩივრის შინაარსი;

გ) კერძო ვეტერინარული საქმიანობის სუბიექტის სურვილის შემთხვევაში მიიღოს მისი ზეპირი ან წერილობითი განმარტება განცხადებაში ან საჩივარში მითითებული ფაქტების შესახებ;

დ) მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების ან საჩივრის შემოტანიდან 1 თვეში;

ე) გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღეში აცნობოს ეს გადაწყვეტილება კერძო ვეტერინარული საქმიანობის სუბიექტს, აგრეთვე განმცხადებელს ან მომჩივანს.

    მუხლი 39. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერება

1. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერება არის სახელმწიფო სერტიფიკატით ნებადართული კერძო ვეტერინარული საქმიანობის დროებით აკრძალვა სასერტიფიკაციო საბჭოს მიერ სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების განახლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ან სასამართლოს მიერ სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმებამდე.

2. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების საფუძველია:

ა) სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის მიერ სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრული პირობების ან სახელმწიფო სერტიფიკატით ნებადართული კერძო ვეტერინარული საქმიანობისათვის საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ვეტერინარიის სფეროში კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა;

ბ) სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის მიერ წერილობითი გაფრთხილების 1 წლის განმავლობაში სულ ცოტა 3-ჯერ მიღება;

გ) სასერტიფიკაციო საბჭოს მიერ სასამართლოსთვის მიმართვა სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმების მოთხოვნით.

3. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება შეიძლება შეჩერდეს არა უმეტეს 3 თვისა.

4. გადაწყვეტილება სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების შესახებ 1 კვირის ვადაში წერილობით ეცნობება მის მფლობელს, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების საფუძვლის მითითებით.

5. გადაწყვეტილება სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

    მუხლი 40. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების განახლება

1. სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის მიერ სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება განახლდება სასერტიფიკაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის განცხადების საფუძველზე.

2. სასერტიფიკაციო საბჭო სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის განცხადებას სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების განახლების შესახებ განიხილავს მისი შემოტანიდან 2 კვირაში.

    მუხლი 41. სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმება

1. სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმების საფუძველია:

ა) სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეუსაბამობა მის პროფესიულ მოვალეობებთან;

ბ) განმეორებითი სერტიფიცირებისას სასერტიფიკაციო საბჭოს უარყოფითი გადაწყვეტილება სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ;

გ) სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის მიერ ისეთი საქმიანობის განახლება, რომელიც სცილდება სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრულ ფარგლებს;

დ) სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გასვლა;

ე) სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების ვადის გასვლა, თუ სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელმა მის გასვლამდე არ აღმოფხვრა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების საფუძველი;

ვ) სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების, მათ შორის, ვეტერინარიის სფეროში კანონმდებლობით განსაზღვრული სტანდარტებისა და ნორმების, სისტემატური ან ერთჯერადი მძიმე დარღვევა, რომელსაც მოჰყვა ცხოველთა და ადამიანის საერთო საშიში გადამდები ზოონოზური და ზოოანთროპონოზური სნეულებების გაჩენა-გავრცელება ან ცხოველთა მეპატრონისათვის მატერიალური ზიანის მიყენება;

ზ) სასამართლოს გადაწყვეტილება სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელისთვის თავისუფლების აღკვეთის ან მისი სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ (მათ შორის, სასამართლოს გადაწყვეტილება პროფესიული საქმიანობისას სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისათვის თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის თაობაზე) – მისი კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში გადაწყვეტილებას სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმების შესახებ სასერტიფიკაციო საბჭოს განცხადების საფუძველზე იღებს შესაბამისი სასამართლო განსჯადობის მიხედვით.

3. სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმების შესახებ განცხადებით სასერტიფიკაციო საბჭო სასამართლოს მიმართავს 5 დღის ვადაში იმ დღიდან, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმების საფუძველი.

4. სასერტიფიკაციო საბჭო ვალდებულია:

ა) 5 დღეში წერილობით აცნობოს სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელს სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმების შესახებ სასამართლოსთვის მიმართვის თაობაზე, შესაბამისი საფუძვლის მითითებით;

ბ) სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 3 დღეში შეიტანოს შესაბამისი მონაცემები სახელმწიფო სასერტიფიკაციო რეესტრში.

5. სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმების შესახებ სასამართლოსათვის მიმართვისას სასერტიფიკაციო საბჭო შეაჩერებს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედებას სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, თუ მიიჩნევს, რომ სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის მიერ პროფესიული საქმიანობის გაგრძელებამ შეიძლება შექმნას ცხოველთა და ადამიანის საერთო საშიში გადამდები ზოონოზური და ზოოანთროპონოზური სნეულებების გაჩენა-გავრცელების საფრთხე. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების აუცილებლობა სასერტიფიკაციო საბჭომ წერილობით უნდა დაასაბუთოს.

თავი X

კერძო ვეტერინარული საქმიანობის სუბიექტის პასუხისმგებლობის საკითხის განხილვა

    მუხლი 42. კერძო ვეტერინარული საქმიანობის სუბიექტის პასუხისმგებლობის შესახებ გადაწყვეტილების მიმღები ორგანო

1. კერძო ვეტერინარული საქმიანობის სუბიექტის პასუხისმგებლობის შესახებ გადაწყვეტილებას ამ კანონის 37-ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში იღებს სასერტიფიკაციო საბჭო, „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – სასამართლო, ხოლო „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – სასამართლო ან შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო.

2. სასერტიფიკაციო საბჭოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 43. განცხადების ან საჩივრის წარდგენა სასერტიფიკაციო საბჭოსთვის

1. განცხადება ან საჩივარი სასერტიფიკაციო საბჭოს წარედგინება წერილობით.

2. სასერტიფიკაციო საბჭოსთვის წარდგენილი განცხადება ან საჩივარი უნდა შეიცავდეს:

ა) განმცხადებლის ან მომჩივნის სახელს, გვარს, დაბადების თარიღს და საცხოვრებელი ადგილის მისამართს;

ბ) იმ კერძო ვეტერინარული საქმიანობის სუბიექტის სახელს, გვარს, სპეციალობას და სამსახურის მისამართს, რომელსაც ეხება განცხადება ან საჩივარი;

გ) განცხადების ან საჩივრის შინაარსსა და მოთხოვნას;

დ) სხვა გარემოებებს, თუ ისინი არსებობს.

3. განცხადება ან საჩივარი ხელმოწერილი უნდა იყოს განმცხადებლის ან მომჩივნის მიერ.

    მუხლი 44. განცხადების ან საჩივრის არასრულყოფილება

თუ განცხადება ან საჩივარი არასრულყოფილია და ამიტომ ვერ გახდება განხილვის საფუძველი, სასერტიფიკაციო საბჭოს დამატებითი მასალები წარედგინება უახლოესი 2 კვირის ვადაში. დამატებითი მასალების ამ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში განცხადება ან საჩივარი არ განიხილება.

    მუხლი 45. განცხადების ან საჩივრის თაობაზე ასლის გაგზავნის ვალდებულება

1. განცხადების ან საჩივრის მიღების შემთხვევაში სასერტიფიკაციო საბჭო მის ასლს დაუყოვნებლივ უგზავნის კერძო ვეტერინარული საქმიანობის სუბიექტს, რომელსაც ეხება განცხადება ან საჩივარი.

2. ასლის გაგზავნა არ არის სავალდებულო, როცა ამ კანონის 44-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში განცხადება ან საჩივარი არ განიხილება.

    მუხლი 46. განცხადებაში ან საჩივარში მითითებული ფაქტების ექსპერტიზა

1. თუ სასერტიფიკაციო საბჭო მიიჩნევს, რომ განცხადებაში ან საჩივარში დასმული საკითხის გადასაწყვეტად საჭიროა ექსპერტიზა, მას უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს განმარტებები შესაბამისი ექსპერტებისაგან.

2. ექსპერტის მიერ გაწეული სამუშაოს ანაზღაურების საკითხი გადაწყდება სასერტიფიკაციო საბჭოსა და ექსპერტს შორის დადებული ხელშეკრულებით.

3. ვეტერინარიის სფეროში არსებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციას ან საერთაშორისო ვეტერინარულ ორგანიზაციას იმ კერძო ვეტერინარული საქმიანობის სუბიექტის თანხმობის შემთხვევაში ან მოთხოვნით, რომელსაც ეხება განცხადება ან საჩივარი, უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს განცხადების ან საჩივრის განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაში.

    მუხლი 47. გადაწყვეტილების მიღებისას მხარეების დასწრების აუცილებლობა

სასერტიფიკაციო საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას მხარეების დასწრება სავალდებულოა.

    მუხლი 48. განცხადების ან საჩივრის გადაწყვეტა კომპეტენტური ორგანოს მიერ

თუ სასერტიფიკაციო საბჭო მიიჩნევს, რომ ცხოველთა მეპატრონის, მომსახურების სუბიექტის ან კერძო ვეტერინარული საქმიანობის სუბიექტის დამქირავებლის განცხადებაში ან საჩივარში დასმული საკითხის გადაწყვეტა არ განეკუთვნება სასერტიფიკაციო საბჭოს კომპეტენციას და განცხადების ან საჩივრის განხილვაზე უარი არ ხელყოფს განმცხადებლის ან მომჩივნის უფლებებს, სასერტიფიკაციო საბჭო განცხადებას ან საჩივარს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უგზავნის შესაბამისი კომპეტენციის მქონე ორგანოს.

თავი XI

გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 49. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებები

1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყოს:

ა) 2005 წლის 1 აპრილამდე საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო უნივერსიტეტთან ერთად ვეტერინარ ექიმთა (ვეტერინარულ-სანიტარიულ ექიმთა, ვეტერინარ ფარმაცევტთა) სახელმწიფო სერტიფიცირებასთან დაკავშირებული საკვალიფიკაციო კურსების პროგრამების შემუშავება, მათი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმება და დამტკიცება;

ბ) ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში:

ბ.ა) ვეტერინარ ექიმთა სასერტიფიკაციო საბჭოს შექმნა და მისი დებულების დამტკიცება;

ბ.ბ) სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე იმ უმაღლესი ვეტერინარული სასწავლებლებისა და ვეტერინარული ლაბორატორიების ნუსხის განსაზღვრა, სადაც შეიძლება ვეტერინარულ სპეციალობებში ვეტერინარ ექიმთა (ვეტერინარულ-სანიტარიულ ექიმთა, ვეტერინარ ფარმაცევტთა) საკვალიფიკაციო კურსის გავლა;

ბ.გ) ამ კანონიდან გამომდინარე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა.

2. (ამოღებულია).

3. 2008 წლის 1 იანვრიდან კერძო ვეტერინარული საქმიანობა აეკრძალოს იმ ვეტერინარ ექიმებს (ვეტერინარულ-სანიტარიულ ექიმებს, ვეტერინარ ფარმაცევტებს), რომლებსაც არ აქვთ კერძო ვეტერინარული საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი.

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2567 - სსმ I, №59, 31.12.2005 წ., მუხ.449

საქართველოს 2007 წლის 16 მარტის კანონი №4470 - სსმ I, №9, 31.03.2007 წ., მუხ.81

    მუხლი 50. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი                       მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 26 ოქტომბერი.

№504-IIს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2567 - სსმ I,  №59, 31.12.2005 წ., მუხ.449

2. საქართველოს 2007 წლის 16 მარტის კანონი №4470 - სსმ I,  №9, 31.03.2007 წ., მუხ.81

      3. საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2225 - სსმ I, №45, 21.12.2009 წ., მუხ.342

      4. ძალადაკარგულია - საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4145 - სსმ I, №76, 29.12.2010წ., მუხ.517