დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1515 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 26/06/1998 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 27-28, 30/07/1998 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 15/06/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 010.250.030.05.001.000.396 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (25/05/2006 - 28/12/2009)
საქართველოს კანონი
ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ
ეს კანონი, საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განსაზღვრავს ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს (შემდგომში – საკრებულო) წევრის უფლებამოსილებას, პასუხისმგებლობას, საქმიანობის წესსა და გარანტიებს.
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. საკრებულოს წევრი
საკრებულოს წევრი არის „საკრებულოების არჩევნების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოში – საკრებულოში არჩეული პირი.
მუხლი 2. საკრებულოს წევრის სტატუსი
საკრებულოს წევრის სტატუსი არის მისი კანონით განსაზღვრული სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც მოიცავს საკრებულოს წევრის უფლებამოსილებას, პასუხისმგებლობას, საქმიანობის წესსა და გარანტიებს.
მუხლი 3. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელების სამართლებრივი საფუძვლები
1. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელების სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონი, ეს კანონი, საკრებულოს დებულება და სხვა ნორმატიული აქტები.
2. საკრებულოს წევრი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის და ამომრჩეველთა ინტერესების გათვალისწინებით.
მუხლი 4. საკრებულოს წევრის მანდატი
1. საკრებულოს წევრი სარგებლობს თავისუფალი მანდატით და მისი გაწვევა დაუშვებელია. თავისი მოვალეობების შესრულებისას იგი შეზღუდული არ არის ამომრჩევლებისა და მისი წარმდგენი პოლიტიკური გაერთიანებების განაწესებითა და დავალებებით.
2. დაუშვებელია საკრებულოს წევრის უფლებამოსილების სხვა პირისათვის გადაცემა.
3. თავისუფალი მანდატი საკრებულოს წევრს არ ათავისუფლებს ამომრჩევლებთან მუშაობისა და მასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობისაგან საკრებულოს დებულებით დადგენილი წესით.
მუხლი 5. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადა
საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადა იწყება საკრებულოს მიერ მისი უფლებამოსილების ცნობის დღიდან და მთავრდება ახალარჩეული საკრებულოს პირველი შეკრებისთანავე ან საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას.
მუხლი 6. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა
1. საკრებულოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ:
ა) არსებობს საკრებულოს წევრის პირადი განცხადება უფლებამოსილების მოხსნის თაობაზე;
ბ) დაიკავა მის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა;
გ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;
დ) სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად;
ე) შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა;
ვ) არასაპატიო მიზეზით ოთხი თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა საკრებულოს მუშაობაში, რაც ერთობლივად მოიცავს საკრებულოს სხდომებსა და კომისიებში მუშაობას;
ზ) გარდაიცვალა.
2. გადაწყვეტილებას საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ იღებს საკრებულო.
3. საკრებულოს წევრის უფლებამოსილება ვადამდე წყდება საკრებულოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისთანავე. საკრებულოს გადაწყვეტილება მიღებიდან ორი კვირის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
მუხლი 7. საკრებულოს წევრის თანამდებობრივი შეუთავსებლობა
1. საკრებულოს წევრი თავის საქმიანობას ახორციელებს საწარმოო და სამსახურებრივი საქმიანობისაგან მოუწყვეტლად, გარდა კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა.
2. საკრებულოს წევრს უფლება არა აქვს იმავდროულად ეკავოს:
ა) თანამდებობა, რომელზედაც არჩევა, დანიშვნა ან დამტკიცება ხდება საქართველოს პარლამენტის მიერ;
ბ) თანამდებობა, რომელზედაც დანიშვნა ან დამტკიცება ხდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ;
გ) თანამდებობა, რომელზედაც არჩევა, დანიშვნა ან დამტკიცება ხდება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ;
დ) საქართველოს პროკურატურის, კონტროლის პალატის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს შტატით გათვალისწინებული თანამდებობა.
3. საკრებულოს წევრს არ შეიძლება იმავდროულად ეკავოს „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9, მე-10 და მე-11 მუხლების მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული თანამდებობა, გარდა სოფლის, თემის, დაბის, ქალაქის გამგებლისა.“.4. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის აღმასრულებელი ორგანოს საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს შეთავსებით ეწეოდეს სამეცნიერო, პედაგოგიურ, შემოქმედებით საქმიანობას.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ თანამდებობის პირებს საკრებულოს წევრობის კანდიდატად დასახელების შემთხვევაში უჩერდებათ სამსახურებრივი უფლებამოსილება.
საქართველოს 1998 წლის 30 სექტემბრის კანონი №1612-სსმ I, №2, 26.10.1998წ; მუხ.20
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3159-სსმ I, №19, 01.06.2006წ; მუხ.148
მუხლი 8. საკრებულოს წევრის საქმიანობის ფორმები
საკრებულოს წევრის საქმიანობის ფორმებია:
ა) საკრებულოს სხდომებში მონაწილეობა;
ბ) საკრებულოს ორგანოების მუშაობაში მონაწილეობა;
გ) საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება და მათი ინიციირება;
დ) საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებათა შესრულება;
ე) საკრებულოს ფრაქციების, ჯგუფებისა და კომისიების მუშაობაში მონაწილეობა;
ვ) საკრებულოსადმი დაქვემდებარებულ ორგანოთა ხელმძღვანელებისადმი კითხვით მიმართვა;
ზ) ამომრჩეველთა მიღება, მათი წერილების, წინადადებებისა და საჩივრების განხილვა;
თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ფორმები.
მუხლი 9. საკრებულოს წევრის ურთიერთობა ამომრჩევლებთან
საკრებულოს წევრის ურთიერთობა ამომრჩევლებთან მოიცავს:
ა) ამომრჩეველთა უფლებების, თავისუფლებებისა და ინტერესების დაცვის მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებას;
ბ) მოქალაქეთა მიღებას;
გ) საზოგადოებრივი აზრის შესწავლას;
დ) სახელმწიფო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და პოლიტიკურ გაერთიანებებთან თანამშრომლობას;
ე) გაწეული მუშაობის შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირებას;
ვ) ამომრჩევლებთან შეხვედრას სამ თვეში ერთხელ მაინც.
თავი II
საკრებულოს წევრის საქმიანობა
მუხლი 10. ინიციირების უფლება
1. საქართველოს კანონმდებლობითა და საკრებულოს დებულებით დადგენილი წესით საკრებულოს წევრს უფლება აქვს ინიციირების წესით საკრებულოში:
ა) შეიტანოს საკრებულოს გადაწყვეტილების პროექტი;
ბ) წარადგინოს წინადადება საკრებულოს გადაწყვეტილების შესახებ;
გ) წარადგინოს წინადადება საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტის გაუქმების ან მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ.
2. საკრებულო ვალდებულია განიხილოს ინიციირების წესით საკრებულოს სხდომაზე შეტანილი საკითხი.
მუხლი 11. საკრებულოს სხდომებში მონაწილეობის უფლება
1. საკრებულოს წევრი საკრებულოს კომპეტენციას მიკუთვნებული ყველა საკითხის განხილვისას სარგებლობს გადამწყვეტი ხმის უფლებით.
2. საკრებულოს წევრი სათათბირო ხმის უფლებით სარგებლობს საკრებულოს იმ ორგანოების მუშაობაში, რომლის წევრიც არ არის.
3. საკრებულოს წევრს უფლება აქვს საკრებულოს სხდომაზე:
ა) დასვას საკითხი განსახილველად;
ბ) შეიტანოს შენიშვნები და წინადადებები საკრებულოს კომპეტენციაში შემავალ ყველა საკითხზე;
გ) მონაწილეობდეს კამათში, შეკითხვით მიმართოს მომხსენებელსა და სხდომის თავმჯდომარეს, მოითხოვოს პასუხი და შეაფასოს იგი;
დ) გააცნოს საკრებულოს მოქალაქეთა წერილები და მიმართვები;
ე) გამოთქვას აზრი საკრებულოს მიერ შესაქმნელი ორგანოებისა და იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურების შესახებ, რომელთაც ირჩევს, ნიშნავს, ამტკიცებს ან რომელთა დანიშვნაზედაც თანხმობას აძლევს საკრებულო;
ვ) მონაწილეობა მიიღოს ადგილობრივი ბიუჯეტის, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის საკითხის, აგრეთვე ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვაში;
ზ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობითა და საკრებულოს დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილება.
4. საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს სხდომაზე მისი უფლებამოსილების განხორციელების პროცედურული საკითხები განისაზღვრება საკრებულოს დებულებით.
მუხლი 12. საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების ფორმირებაში მონაწილეობის უფლება
1. საკრებულოს წევრს უფლება აქვს აირჩიოს საკრებულოს კომისიათა შემადგენლობა ან არჩეულ იქნეს მათში, გაერთიანდეს საკრებულოს ფრაქციაში და გამოვიდეს ამ ორგანოებიდან (გაერთიანებებიდან).
2. საკრებულოს კომისიებსა და ფრაქციებში საკრებულოს წევრის არჩევისა (შესვლის) და გამოსვლის წესები განისაზღვრება საკრებულოს დებულებით.
მუხლი 13. უფლებამოსილება კონტროლის სფეროში
საკრებულოს წევრს, საკრებულოს თავმჯდომარის, კომისიის ან ფრაქციის დავალებით, საკრებულოს დებულებით დადგენილი წესით, უფლება აქვს:
ა) დაესწროს გამგეობის (მერიის) სხდომებს, დასვას საკითხი თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
ბ) კითხვით მიმართოს საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს, გამგეობის (მერიის) წევრს, გამგებელს (მერს), მიიღოს პასუხი. შესაბამისი ორგანო და თანამდებობის პირი ვალდებულნი არიან ერთი კვირის ვადაში უპასუხონ საკრებულოს წევრის კითხვას. კითხვის ავტორთან ან საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს ათი დღით.
გ) შეუფერხებლად შეხვდეს საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირებს;
დ) უშუალოდ მონაწილეობდეს თავის მიერ დასმული საკითხების განხილვაში.
მუხლი 14. უფლება ინფორმაციაზე
1. საკრებულოს წევრს უფლება აქვს:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს ნებისმიერი ინფორმაციით, რომელიც აუცილებელია მისი უფლებამოსილების განსახორციელებლად;
ბ) დადგენილი წესით მოსთხოვოს ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) აპარატის განყოფილებებსა და სამსახურებს სათანადო ინფორმაცია და ორგანიზაციულ-ტექნიკური მომსახურებით უზრუნველყოფა.
2. საკრებულოს წევრი სარგებლობს მასობრივი ინფორმაციის საბიუჯეტო საშუალებებში თავის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდების უპირატესი უფლებით. საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების მიერ მასობრივი ინფორმაციის საბიუჯეტო საშუალებებში მიწოდებული მასალები ექვემდებარება სავალდებულო გამოქვეყნებას (გავრცელებას), ამასთან ხარჯებს ანაზღაურებს საკრებულო თავისი დებულებით დადგენილი წესით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში.
მუხლი 15. საკრებულოს წევრისათვის იურიდიული დახმარებისა და სპეციალური კონსულტაციების გაწევა
საკრებულოს დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე არსებული ორგანოები, საწარმოები, ორგანიზაციები და დაწესებულებები ვალდებულნი არიან კანონმდებლობით დადგენილი წესით დახმარება გაუწიონ საკრებულოს წევრს მისი საქმიანობისას წამოჭრილი სამართლებრივი საკითხების გადაწყვეტაში, აგრეთვე საჭიროებისამებრ უზრუნველყონ საკრებულოს წევრი სპეციალისტთა კონსულტაციებით.
მუხლი 16. საკრებულოს წევრის მოვალეობანი
1. საკრებულოს წევრი ვალდებულია:
ა) დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია და კანონები;
ბ) დებულებით დადგენილი წესით შეხვდეს მოქალაქეებს;
გ) მონაწილეობა მიიღოს საკრებულოს სხდომებსა და საკრებულოს კომისიათა მუშაობაში;
დ) იყოს საკრებულოს ერთი კომისიის შემადგენლობაში მაინც;
ე) არ გაახმაუროს და პირადი ინტერესებისათვის არ გამოიყენოს სახელმწიფო საიდუმლეობის შემცველი ან კონფიდენციალური ინფორმაცია;
ვ) ამომრჩეველთა მოთხოვნით შეხვდეს მათ და არანაკლებ წელიწადში ერთხელ ჩააბაროს ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ.
2. საკრებულოს წევრი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს საკრებულოს თავმჯდომარეს ან გამგებელს (მერს) კანონმდებლობით განსაზღვრულ მოვალეობათა შესრულების ხელის შემშლელი გარემოებების თაობაზე.
თავი III
საკრებულოს წევრის საქმიანობის გარანტიები
მუხლი 17. საკრებულოს წევრის ხელშეუხებლობა
1. (ამოღებულია).
2. დაუშვებელია საკრებულოს წევრის პასუხისგებაში მიცემა თავისი მოვალეობების შესრულებისას საკრებულოში ან მის გარეთ გამოთქმული აზრებისა და შეხედულებებისათვის, გარდა საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით დადგენილი შემთხვევებისა.
3. საკრებულოს წევრს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს, როგორც საკრებულოს წევრს. დაუშვებელია ამ საკითხთან დაკავშირებული წერილობითი მასალის დაყადაღება. ეს უფლება საკრებულოს წევრს უნარჩუნდება მისი უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც.
4. საკრებულოს წევრის დაკავების ან დაპატიმრების შემთხვევაში მას უჩერდება საკრებულოს წევრის უფლებამოსილება სისხლის სამართლის საქმის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.
5. სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის ან სასამართლოს მიერ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში საკრებულოს წევრს:
ა) აღუდგება წევრის უფლებამოსილება, თუ გასული არ არის იმ საკრებულოს უფლებამოსილების ვადა, რომლის წევრიც იგი არის და მიეცემა კომპენსაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) თუ გასულია საკრებულოს უფლებამოსილების ვადა, რომლის წევრიც იგი იყო, დაკავების ან დაპატიმრების ვადა ჩაეთვლება საკრებულოს წევრად ყოფნის საერთო ვადაში და მიეცემა შესაბამისი კომპენსაცია.
საქართველოს 1998 წლის 30 სექტემბრის კანონი №1612-სსმ I, №2, 26.10.1998წ; მუხ.20
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №1993-სსმ I, №20(27), 09.06.1999წ; მუხ.83
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2335-სსმ I, №40(47), 11.08.1999წ; მუხ.206
მუხლი 18. საკრებულოს წევრის შრომითი გარანტიები
1. (ამოღებულია)
2. საკრებულოს წევრს საკრებულოში იმ თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში, რომელზეც უფლებამოსილება ხორციელდება საწარმოო ან სამსახურებრივი საქმიანობისაგან მოწყვეტით, უფლებამოსილების დამთავრების შემდეგ ეძლევა წინანდელი სამუშაო (თანამდებობა), ხოლო თუ ასეთი აღარ არსებობს – სხვა ტოლფასი სამუშაო (თანამდებობა) იმავე ან მისი თანხმობით სხვა საწარმოში, დაწესებულებაში ან ორგანიზაციაში.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ თანამდებობაზე საკრებულოს წევრის მუშაობის დრო ითვლება იმ სპეციალობით შრომის სტაჟში, რომლითაც საკრებულოს წევრი მუშაობდა ამ თანამდებობაზე არჩევამდე.
4. საკრებულოს წევრი საკრებულოს სხდომებში ან მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, აგრეთვე ამომრჩევლებთან შესახვედრად, საკრებულოს ან საკრებულოს თავმჯდომარის დავალებათა შესასრულებლად, საკრებულოს თავმჯდომარის ოფიციალური შეტყობინების საფუძველზე შესაბამისი ვადით თავისუფლდება საწარმოო ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან საშუალო ხელფასის შენარჩუნებით და უნაზღაურდება საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები.
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2335-სსმ I, №40(47), 11.08.1999წ; მუხ.206
თავი IV
პასუხისმგებლობა საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ კანონმდებლობის დარღვევისათვის
მუხლი 19. პასუხისმგებლობა საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ კანონმდებლობის დარღვევისათვის
საკრებულოს წევრის პასუხისმგებლობა საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ კანონმდებლობის დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და საკრებულოს დებულებით. საკრებულოს წევრის მიერ თავისი უფლებების გადამეტება ან მათი ბოროტად გამოყენება იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 20. პასუხისმგებლობა საკრებულოს წევრის მოთხოვნათა შეუსრულებლობის ან მისი საქმიანობისათვის ხელის შეშლისათვის
საჯარო მოსამსახურეების, საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ გაერთიანებათა მიერ საკრებულოს წევრის საქმიანობასთან დაკავშირებული კანონიერი მოთხოვნების შეუსრულებლობა ან მისი საქმიანობის განხორციელებისათვის ხელის შეშლა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 21. პასუხისმგებლობა ხელშეუხებლობის, პატივისა და ღირსების ხელყოფის, ოჯახის წევრებსა და ახლო ნათესავებზე კანონსაწინააღმდეგო ზემოქმედებისათვის
საკრებულოს წევრის ხელშეუხებლობის, პატივისა და ღირსების ხელყოფა, მისი ოჯახის წევრებსა და ახლო ნათესავებზე კანონსაწინააღმდეგო ზემოქმედება საკრებულოს წევრის მიერ საქმიანობის შეწყვეტის ან მისი ხასიათის შეცვლის მიზნით, ისჯება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი V
დასკვნითი დებულება
მუხლი 22. კანონის ამოქმედება
ეს კანონი ამოქმედდეს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1998 წლის 26 ივნისი.
№1515–Iს
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს 1998 წლის 30 სექტემბრის კანონი №1612-სსმ I, №2, 26.10.1998წ; მუხ.20
2. საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №1993-სსმ I, №20(27), 09.06.1999წ; მუხ.83
3. საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2335-სსმ I, №40(47), 11.08.1999წ; მუხ.206
4. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3159-სსმ I, №19, 01.06.2006წ; მუხ.148
დოკუმენტის კომენტარები