საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიების შესახებ

  • Word
საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 847
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/09/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 41, 08/10/1997
ძალის დაკარგვის თარიღი 06/12/2005
სარეგისტრაციო კოდი 010.190.060.05.001.000.236
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
847
16/09/1997
პარლამენტის უწყებანი, 41, 08/10/1997
010.190.060.05.001.000.236
საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიების შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს კანონი

საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიების შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. დროებითი კომისიის ცნება

საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისია (შემდგომში – დროებითი კომისია) არის საქართველოს პარლამენტის დროებითი ორგანო, რომელიც იქმნება პარლამენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს კონსტიტუციითა და პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევში, აგრეთვე პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის მოთხოვნით, ცალკეული საკითხების შესასწავლად და გადაწყვეტილების პროექტის ან დასკვნის მოსამზადებლად, აგრეთვე ნებისმიერი იმ საკითხის შესასწავლად, რომელიც არ განეკუთვნება პარლამენტის არც ერთი კომიტეტის კომპეტენციას ან განეკუთვნება რამდენიმე კომიტეტის კომპეტენციას.

    მუხლი 2. დროებითი კომისიის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი

1. დროებითი კომისიის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, ეს კანონი, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი და სხვა ნორმატიული აქტები.

2. დროებითი კომისია ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია საქართველოს პარლამენტის წინაშე.

    მუხლი 3. კანონის რეგულირების სფერო და მიზნები

1. ეს კანონი განსაზღვრავს დროებითი კომისიის უფლებამოსილებას, მისი შექმნისა და საქმიანობის წესს.

2. ამ კანონის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილების განხორციელებას, მისი საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლებას, ცალკეული საკითხების ოპერატიულად გადაწყვეტას.

    მუხლი 4. დროებითი კომისიის შექმნის საფუძველი და უფლებამოსილება

1. დროებითი კომისია შეიძლება შეიქმნას:

ა) საქართველოს კონსტიტუციითა და პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის მოთხოვნით;

ბ) ცალკეული საკითხების, ფაქტების შესასწავლად და გადაწყვეტილების პროექტის ან დასკვნის მოსამზადებლად;

გ) პეტიციის ან საჩივრის შესასწავლად, თუ საქმე ეხება საერთო-სახელმწიფო მნიშვნელობის პრობლემებს;

დ) კანონპროექტისა და სხვა საკითხების განხილვისას წარმოშობილი აზრთა სხვადასხვაობისას ცალკეულ დებულებათა დაკონკრეტება-შეჯერების მიზნით (დროებითი შემთანხმებელი კომისია);

ე) იმ საკითხების შესასწავლად, რომლებიც არ განეკუთვნება პარლამენტის არც ერთი კომიტეტის კომპეტენციას ან განეკუთვნება რამდენიმე კომიტეტის კომპეტენციას.

2. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლობა დროებით კომისიაში არ უნდა აღემატებოდეს კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარს.

3. დროებითი კომისიის მოთხოვნით, სახელმწიფო ორგანოები, თანამდებობის პირები, იურიდიული და ფიზიკური პირები ვალდებულნი არიან, დადგენილ ვადაში, კანონით დადგენილი წესით, წარმოადგინონ კომისიის მუშაობისათვის აუცილებელი დასკვნები და სხვა საჭირო მასალები.

4. დროებით კომისიას უფლება აქვს თავისი საქმიანობის საჭიროებიდან გამომდინარე, პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული წესის შესაბამისად დასვას საკითხი მის შემადგენლობაში შემავალი პარლამენტის წევრისათვის საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მინიჭების შესახებ.

საქართველოს 2000 წლის 20 აპრილის კანონი №255 - სსმ I, №16, 02.05.2000 წ., მუხ.40

    მუხლი 5. დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადა

1. დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადას განსაზღვრავს პარლამენტი, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლით.

2. თუ დროებითმა კომისიამ დადგენილ ვადაში ვერ წარმოადგინა გადაწყვეტილების პროექტი ან დასკვნა განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, პარლამენტი თავის უახლოეს სხდომაზე მოისმენს დროებითი კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს, რომლის საფუძველზეც დადგენილებით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ;

 ბ) დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადის გაგრძელებისა და მისი შემადგენლობის შეცვლის შესახებ;

გ) დროებითი კომისიის უფლებამოსილებისა და საკითხის შესწავლის შეწყვეტის შესახებ.

3. დროებითი კომისიის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილების პროექტი, დასკვნა ან გაწეული საქმიანობის ანგარიში შეიძლება საკმარისად ჩაითვალოს განსახილველ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.

4. თუ პარლამენტი არასრულყოფილად მიიჩნევს დროებითი კომისიის მიერ წარმოდგენილ გადაწყვეტილების პროექტს, დასკვნას ან გაწეული საქმიანობის ანგარიშს, იგი იღებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ერთ-ერთ გადაწყვეტილებას.

5. თუ დროებითმა კომისიამ პარლამენტის უფლებამოსილების პერიოდში ვერ წარმოადგინა გადაწყვეტილების პროექტი ან დასკვნა, შესაბამისი მასალები გადაეცემა ახალარჩეულ პარლამენტს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას საკითხის შესწავლისა და განხილვის გაგრძელების ან შეწყვეტის შესახებ.

თავი II

დროებითი კომისიის შემადგენლობა, თანამდებობის პირები და მათი უფლებამოსილება

    მუხლი 6. დროებითი კომისიის შექმნის წესი

1. გადაწყვეტილებას დროებითი კომისიის შექმნის შესახებ პარლამენტი იღებს დადგენილებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გამოსაკვლევ საკითხთა წრე, კომისიის წევრთა რაოდენობა, უფლებამოსილებისა და კანდიდატურების წარდგენის ვადა.

2. საპარლამენტო ფრაქცია, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ათკაციანი ჯგუფი, რომლებიც არ არიან გაერთიანებულნი არც ერთ საპარლამენტო ფრაქციაში, დროებითი კომისიის თავმჯდომარეს პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრული პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დაცვით წარუდგენენ კომისიის წევრობის კანდიდატურებს.

3. დროებითი კომისიის თავმჯდომარე არჩევიდან არა უგვიანეს სამი დღისა პარლამენტს წარუდგენს კომისიის წევრობის კანდიდატთა სიას, რომელსაც ერთად ეყრება კენჭი. კომისიის წევრობის იმ კანდიდატს, რომლის მიმართაც გამოითქვა აცილება, ცალკე ეყრება კენჭი. პარლამენტი გადაწყვეტილებას იღებს დადგენილებით. კომისიის წევრობაზე ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ერთხელ.

4. პარლამენტში დროებითი კომისიის წევრთა არჩევნები მთავრდება არა უგვიანეს 10 დღისა კომისიის თავმჯდომარის არჩევის დღიდან, თუ პარლამენტის დადგენილებით სხვა ვადა არ არის განსაზღვრული.

5. დროებითი კომისიის თავმჯდომარე, მისი მოადგილე და მდივანი არიან კომისიის თანამდებობის პირები.

    მუხლი 7. დროებითი კომისიის წევრის უფლებამოსილება

დროებითი კომისიის წევრს უფლება აქვს, თანაბარ საწყისებზე მიიღოს მონაწილეობა კომისიის მუშაობაში, განსახილველ საკითხზე გამოთქვას შენიშვნები, წინადადებები, მოსაზრებები, აირჩიოს და არჩეულ იქნეს კომისიის თანამდებობებზე, დაიკავოს განსხვავებული პოზიცია და პარლამენტის სხდომაზე საკითხის განხილვისას განაცხადოს ამის თაობაზე.

    მუხლი 8. დროებითი კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა

1. დროებითი კომისიის წევრს უფლება აქვს, პირადი განცხადებით გავიდეს კომისიის შემადგენლობიდან.

2. დროებითი კომისიის შემადგენლობიდან წევრის გაწვევის უფლება აქვს პარლამენტის წევრთა გაერთიანებას, რომელმაც იგი წარადგინა.

2. დროებითმა კომისიამ თავისი შემადგენლობიდან შეიძლება გაიწვიოს წევრი, თუ იგი არასაპატიო მიზეზით ზედიზედ ორი კვირის განმავლობაში არ მონაწილეობდა კომისიის მუშაობაში, არ ესწრებოდა კომისიის სხდომებს, გადაამეტა თავის უფლებამოსილებებს, აგრეთვე კომისიის დებულებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. კომისია ამ გადაწყვეტილებას იღებს თავის სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების არანაკლებ ორი მესამედით, რის შესახებაც ეცნობება პარლამენტს.

    მუხლი 9. დროებითი კომისიის თავმჯდომარის არჩევისა და გადარჩევის წესი, მისი კომპეტენცია

1. დროებითი კომისიის თავმჯდომარის არჩევა და გადარჩევა ხდება საქართველოს პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარისათვის დადგენილი წესით.

2. დროებითი კომისიის თავმჯდომარე:

ა) ადგენს კომისიის წევრობის კანდიდატთა სიას და წარუდგენს მას პარლამენტის სხდომას;

ბ) კომისიის წევრთა არანაკლებ ორი მესამედის არჩევის დღიდან არა უგვიანეს სამი დღისა იწვევს კომისიის პირველ საორგანიზაციო სხდომას;

გ) წარმოადგენს კომისიას პარლამენტში, მის ფარგლებს გარეთ და შესაბამის საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებში;

დ) იწვევს და უძღვება კომისიის სხდომებს;

ე) კოორდინაციას უწევს კომისიის ცალკეულ წევრთა საქმიანობას;

ვ) ხელს აწერს კომისიის გადაწყვეტილებებს და მისი სხდომის ოქმებს;

ზ) ახორციელებს ამ კანონით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.

    მუხლი 10. დროებითი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

დროებითი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ასრულებს კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილებას მისივე დავალებით ან კომისიის დავალებით, თავმჯდომარის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, თანამდებობიდან გადაყენების, გადადგომის ან მისი, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – ახალი თავმჯდომარის არჩევამდე.

    მუხლი 11. დროებითი კომისიის მდივანი

დროებითი კომისიის მდივანი ორგანიზაციას უწევს კომისიის სხდომების გამართვას, განაგებს კომისიის საქმის წარმოებას, ხელს აწერს კომისიის სხდომის ოქმებს, ახორციელებს დროებითი კომისიის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

თავი III

დროებითი კომისიის მუშაობის წესი

    მუხლი 12. დროებითი კომისიის პირველი საორგანიზაციო სხდომა

1. დროებითი კომისია თავის პირველ საორგანიზაციო სხდომაზე ირჩევს კომისიის თავმჯდომარის მოადგილესა და მდივანს, ამტკიცებს დროებითი კომისიის დებულებას.

2. დროებითი კომისიის თავმჯდომარის მოადგილისა და მდივნის არჩევა და გადარჩევა ხდება „დროებითი საგამოძიებო კომისიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 და მე-13 მუხლების შესაბამისად.

3. დროებითი კომისიის თავმჯდომარის მოადგილესა და მდივანს ამტკიცებს პარლამენტის ბიურო.

    მუხლი 13. დროებითი კომისიის სხდომა

1. დროებითი კომისიის სხდომების პერიოდულობას განსაზღვრავს თვით კომისია, მაგრამ თვეში არანაკლებ ორი სხდომისა.

2. დროებითი კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

3. დროებითი კომისიის სხდომა საჯაროა. დახურული სხდომა შეიძლება გაიმართოს კომისიის გადაწყვეტილებით. სავალდებულოა კომისიის სხდომაზე წევრთა დასწრება. სხდომის თარიღი და დღის წესრიგი წინასწარ ეცნობება კომისიის წევრებს.

4. დროებითი კომისიის ღია სხდომას შეიძლება დაესწრონ პარლამენტის სხვა წევრები სათათბირო ხმის უფლებით, ის პირები, რომელთა მონაწილეობასაც თავის მუშაობაში საჭიროდ ჩათვლის კომისია, აგრეთვე დადგენილი წესით აკრედიტებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლები. კომისიის გადაწყვეტილებით შესაძლებელია სხდომის ტრანსლაცია რადიოთი ან ტელევიზიით.

5. ინფორმაცია დროებითი კომისიის სხდომის შესახებ, როგორც წესი, პარლამენტის პრესცენტრის მეშვეობით ქვეყნდება პრესაში.

5. ლობისტური საქმიანობის შესახებ დავალების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტის (მისგან გამომდინარე ნორმატიული აქტების), ნორმატიული აქტის პროექტის (მისგან გამომდინარე ნორმატიული აქტების პროექტების) განხილვის დროს კომისიის ღია სხდომაზე დასწრების უფლება აქვს პარლამენტში კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულ ლობისტს. მას კომისიის გადაწყვეტილებით შეიძლება მიენიჭოს რეგლამენტირებული სიტყვის უფლება, ხოლო მე-5 პუნქტი ჩაითვალოს მე-6 პუნქტად.

საქართველოს 1998 წლის 30 სექტემბრის კანონი №1593 - სსმ I, №2, 26.10.1998 წ., მუხ.11

    მუხლი 14. დროებითი კომისიის მუშაობის ასახვა

1. დროებითი კომისიის მუშაობა სრულად და ზუსტად აისახება კომისიის სხდომის ოქმში, რომლის შედგენისთვისაც პასუხისმგებელია კომისიის მდივანი.

2. დროებითი კომისიის ნებისმიერ წევრს უფლება აქვს გაეცნოს კომისიის სხდომის ოქმს, გამოთქვას მასზე თავისი შენიშვნები.

3. თუ დროებითი კომისია თავის მუშაობაში იყენებს დოკუმენტებს, რომლებიც წარმოადგენს სახელმწიფო, სამხედრო ან კომერციულ საიდუმლოებას, იგი ვალდებულია დაიცვას კანონით დადგენილი წესები ასეთი დოკუმენტების შენახვისა და მათით სარგებლობისა.

    მუხლი 15. დროებითი კომისიის გადაწყვეტილებათა სახეები და მათი მიღების წესი

1. დროებითი კომისია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეიმუშავებს დასკვნებს, იღებს გადაწყვეტილებებს, რეკომენდაციებსა და წარდგინებებს, რომლებსაც წარუდგენს პარლამენტის ბიუროს, პარლამენტის სხდომას.

2. დროებითი კომისია გადაწყვეტილებას იღებს თავის სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში ეწყობა ხელახალი კენჭისყრა. თუ გადაწყვეტილება კვლავ არ იქნა მიღებული, საკითხი უარყოფილად ითვლება.

    მუხლი 16. დროებითი კომისიის გადაწყვეტილების პარლამენტისათვის წარდგენა

1. დროებითი კომისიის მიერ შემუშავებული გადაწყვეტილების პროექტი ან დასკვნა წარედგინება პარლამენტის ბიუროს პარლამენტის სხდომის დღის წესრიგის პროექტში შესატანად. თუ ბიურომ საკითხი არ შეიტანა პარლამენტის სხდომის დღის წესრიგის პროექტში, კომისია საკითხს სვამს პარლამენტის სხდომაზე.

2. დროებითი კომისიის გადაწყვეტილების პროექტის ან დასკვნის განსახილველად პარლამენტის სხდომა შეიძლება იყოს ღია ან დახურული.

3. დროებითი კომისიის პოზიციას პარლამენტის სხდომაზე წარმოადგენს მომხსენებელი, რომელსაც კომისია ირჩევს თავისი შემადგენლობიდან.

თავი IV

დროებითი კომისიის მუშაობის უზრუნველყოფა

    მუხლი 17. დროებითი კომისიის მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა

1. დროებითი კომისიის მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს პარლამენტის აპარატი.

2. დროებითი კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი შრომით ხელშეკრულებას აფორმებს მოწვეულ ექსპერტებთან და სპეციალისტებთან.

    მუხლი 18. დროებითი კომისიის მუშაობის ინფორმაციული და ფინანსური უზრუნველყოფა

1. დროებით კომისიას თავისი საქმიანობისათვის შეუძლია გამოიყენოს საქართველოს პარლამენტის აპარატის დამხმარე სტრუქტურები.

2. დროებითი კომისიის მიერ თავისი საქმიანობის პერიოდში გაწეული ხარჯები ანაზღაურდება პარლამენტის ბიუჯეტიდან.

3. დროებითი კომისიის ხარჯების ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტის ბიურო.

თავი V

დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 19. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე

თბილისი,

1997 წლის 16 სექტემბერი.

№847–I

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 1998 წლის 30 სექტემბრის კანონი №1593 - სსმ I, №2, 26.10.1998 წ., მუხ.11

2. საქართველოს 2000 წლის 20 აპრილის კანონი №255 - სსმ I, №16, 02.05.2000 წ., მუხ.40

3. ძალადაკარგულია - საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2153 - სსმ I , №51, 06.12.2005 წ., მუხ.341