აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 305
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 01/07/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 16, 04/07/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 19/10/2017
სარეგისტრაციო კოდი 010.010.010.01.001.001.538
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
305
01/07/2004
სსმ, 16, 04/07/2004
010.010.010.01.001.001.538
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (04/07/2004 - 27/12/2006)

საქართველოს კონსტიტუციური კანონი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ

    მუხლი 1

1. ეს კანონი საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამართლებრივ სტატუსს, ხელისუფლების განხორციელების ძირითად ფორმებსა და პრინციპებს, უფლებამოსილებებსა და მათი განხორციელების წესს, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

2. ეს კანონი საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია.

    მუხლი 2

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა არის ტერიტორიული ერთეული, რომელიც საქართველოს განუყოფელი ნაწილია და ახორციელებს ამ კანონით განსაზღვრულ და ამ კანონით დადგენილი წესით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი პრინციპების საფუძველზე. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დასაშვებია მხოლოდ ამ კანონით გათვალისწინებული ხელისუფლების ორგანოების შექმნა.

    მუხლი 3

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ბათუმი.

    მუხლი 4

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა მოიცავს ტერიტორიას ამ კანონის მიღების დღისათვის არსებულ ადმინისტრაციულ საზღვრებში.

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლა დასაშვებია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედის ინიციატივის საფუძველზე. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პარლამენტი საქართველოს ორგანული კანონით.

    მუხლი 5

1. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას აქვს თავისი დროშა და გერბი, რომლებიც განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშასა და გერბში გათვალისწინებული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო დროშისა და გერბის ელემენტები.

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშა ზომით საქართველოს სახელმწიფო დროშის სამი მეხუთედი უნდა იყოს.

3. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ოფიციალური ღონისძიების ჩატარებისას სრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში საქართველოს სახელმწიფოს ოფიციალურ სიმბოლოებთან (დროშასა და გერბთან) ერთად გამოიფინება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშა და გერბი, ხოლო საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვისას აღიმართება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშაც.

    მუხლი 6

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებათა საფუძვლებია საქართველოს კონტიტუცია, ეს კანონი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია.

2. ის საკითხები, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციისა და ამ კანონის შესაბამისად არ განეკუთვნება საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებულ გამგებლობას, წესრიგდება საქართველოს საკანონმდებლო აქტებით.

3. დაუშვებელია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიკუთვნებული უფლებამოსილებების დელეგირება.

    მუხლი 7

1. საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებულ გამგებლობას განეკუთვნება შემდეგი საკითხები:

ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა ნორმატიული აქტების მიღება, მათში ცვლილებების შეტანა;

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ჩატარება;

გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის განსაზღვრა;

დ) განათლებისა და მეცნიერების ხელშეწყობა, კულტურისა და სამეცნიერო დაწესებულებების შექმნა და მართვა, ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურის ძეგლების მოვლა-პატრონობა;

ე) ადგილობრივი მნიშვნელობის ბიბლიოთეკები და მუზეუმები;

ვ) ტურიზმი, კულტურა და სპორტი;

ზ) ადგილობრივი მნიშვნელობის მშენებლობა და ურბანული განვითარება;

თ) ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები და სხვა კომუნიკაციები;

ი) სანიტარია, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის საკითხების გადაწყვეტაში მონაწილეობა;

კ) სოფლის მეურნეობა და სამონადირეო საქმე;

ლ) სურსათი და საკვები პროდუქტების ხარისხის კონტროლი;

მ) ბაზრობები, ბაზრები და გამოფენები;

ნ) საქართველოს საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შემოსავლების ფარგლებში საბიუჯეტო პოლიტიკის განსაზღვრა და განხორციელება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის პროექტის შემუშავება, ბიუჯეტის დამტკიცება და შესრულების კონტროლი;

ო) საქართველოს კანონებით განსაზღვრული ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება და გაუქმება;

პ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვა და განკარგვა;

ჟ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის საჭირო საარქივო სამსახური;

რ) სატყეო მეურნეობის მართვა;

ს) სახანძრო დაცვა.

2. თუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა არ აწესრიგებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ რომელიმე საკითხს, მისი მოწესრიგება შეუძლია საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ნორმატიული აქტით.

    მუხლი 8

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებული გამგებლობისათვის მიკუთვნებულ საკითხებს დამოუკიდებლად წყვეტენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოები, გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

    მუხლი 9

1. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას არა აქვს უფლება, დაადგინოს ისეთი შეზღუდვები ან მიიღოს ისეთი ზომები, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად ხელს შეუშლის მოქალაქის, საქონლის, მომსახურების ან კაპიტალის თავისუფალ გადაადგილებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ან ამ ტერიტორიის გავლით.

2. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას არა აქვს უფლება, ნორმატიული აქტით მოაწესრიგოს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებული საკითხები.

    მუხლი 10

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საკანონმდებლო საქმიანობას და აკონტროლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას.

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო შედგება 4 წლის ვადით, პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული 18 და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული 12 დეპუტატისაგან.

3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მიერ.

4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებს საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.

    მუხლი 11

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება წყდება:

ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობისთანავე;

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დათხოვნის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების ძალაში შესვლისთანავე.

    მუხლი 12

1. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტის თანხმობით დაითხოვოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, თუ მისი მოქმედებით საფრთხე შეექმნა ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა განხორციელებას ან/და იგი ვერ ახორციელებს ამ კანონითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.

2. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია დაითხოვოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, თუ მან ზედიზედ ორჯერ არ დაამტკიცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურა.

3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დათხოვნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებებს ახორციელებს დროებითი საპრეზიდენტო საბჭო, რომელსაც ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. დროებითი საპრეზიდენტო საბჭოს უფლებამოსილება წყდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობისთანავე.

4. დროებითი საპრეზიდენტო საბჭოს მიერ მიღებული აქტი ექვემდებარება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებას მისი უფლებამოსილების ცნობიდან 1 თვის ვადაში. თუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო არ დაამტკიცებს დროებითი საპრეზიდენტო საბჭოს მიერ მიღებულ აქტს, ეს აქტი კარგავს იურიდიულ ძალას.

5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დათხოვნის შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნები ტარდება მისი დათხოვნიდან არა უადრეს 60 და არა უგვიანეს 90 დღისა. თუ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე არჩევნები ტარდება საგანგებო მდგომარეობის გაუქმებიდან 60 დღის ვადაში.

    მუხლი 13

1. დაუშვებელია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი იმავდროულად იყოს სხვა წარმომადგენლობითი ორგანოს ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრი. შეუთავსებლობის სხვა შემთხვევები განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცით.

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს შიდა ორგანიზაცია, პროცედურები და საქმიანობის წესი განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით და უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული რეგლამენტით.

3. საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია, დადგენილების საფუძველზე, კონსტიტუციური წარდგინებით მიმართოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აქტის გაუქმება, თუ ის ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ამ კანონს, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს და საქართველოს კანონებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქართველოს პარლამენტის კონსტიტუციური წარდგინების განსახილველად მიღება იწვევს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი აქტის მოქმედების შეჩერებას.

    მუხლი 14

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო:

ა) იღებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონებს ამ კანონით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებული გამგებლობისათვის მიკუთვნებულ საკითხებზე, ასევე საქართველოს საკანონმდებლო აქტებით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში;

ბ) ამტკიცებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტს;

გ) აკონტროლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოების მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო სახსრების ხარჯვას;

დ) ამტკიცებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობას მთავრობის თავმჯდომარის წარდგინებით;

ე) უფლებამოსილია სრული შემადგენლობის ორი მესამედით უნდობლობა გამოუცხადოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას;

ვ) ახორციელებს ამ კანონით, საქართველოს კანონმდებლობითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით მის კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონს ხელს აწერს და აქვეყნებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. იგი უფლებამოსილია კანონი შენიშვნებით დაუბრუნოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს. უმაღლესი საბჭო კენჭს უყრის მთავრობის თავმჯდომარის შენიშვნებს, რომელთა მისაღებად საკმარისია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მიღებისათვის დადგენილი ხმათა უმრავლესობა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პირვანდელი რედაქციით მიღებისათვის საჭიროა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის მხარდაჭერა.

3. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში საკანონმდებლო პროცესთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის დამტკიცებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები წესრიგდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით, საქართველოს საკანონმდებლო აქტებით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.

    მუხლი 15

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანო, რომელიც ახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელ ხელისუფლებას და განსაზღვრავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის ძირითად მიმართულებებს.

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა შედგება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრებისაგან.

3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით, რომელსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე.

4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წინაშე.

5. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია შეაჩეროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აქტის მოქმედება ან გააუქმოს ეს აქტი, თუ ის ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ამ კანონს, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, საქართველოს კანონებსა და საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტებს.

    მუხლი 16

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტა იწვევს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მთელი შემადგენლობის უფლებამოსილების შეწყვეტას.

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას უფლებამოსილება ასევე უწყდება:

ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობისთანავე;

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ სრული შემადგენლობის ორი მესამედით მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადებისას;

გ) ამ კანონით დადგენილ შემთხვევებში საქართველოს პრეზიდენტის მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაყენებისას.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადადგომისას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ახორციელებს თავის უფლებამოსილებებს მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილებებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დანიშნული სახელმწიფო რწმუნებული და მისი ადმინისტრაცია.

5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები წესრიგდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით.

    მუხლი 17

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობიდან 10 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი მას თანამდებობაზე დასამტკიცებლად წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე დამტკიცებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. თუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო არ დაამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატურას, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია 10 დღის ვადაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგინოს იგივე ან სხვა კანდიდატურა.

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში იგი ამ კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეთანხმების პროცედურის განხორციელების შემდეგ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს თანამდებობაზე დასამტკიცებლად წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობას. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობა დამტკიცებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობა, მაგრამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედისა.

3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცალკეული წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესაბამის ახალ წევრს ნიშნავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოს შესაბამისი სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელთან (ხელმძღვანელებთან) შეთანხმებით.

4. თუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობა ნახევარზე მეტით განახლდა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით თანამდებობაზე დასამტკიცებლად წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განახლებულ შემადგენლობას.

5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით.

    მუხლი 18

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე:

ა) არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი თანამდებობის პირი და წარმოადგენს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას;

ბ) ხელმძღვანელობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობას;

გ) უფლებამოსილია გააუქმოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აქტი;

დ) უფლებამოსილია გადააყენოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი;

ე) საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობებით დადგენილი წესით განკარგავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონებას;

ვ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტს;

ზ) ახორციელებს ამ კანონით, საქართველოს კანონმდებლობითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია შეაჩეროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის აქტის მოქმედება ან გააუქმოს ეს აქტი, თუ ის ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ამ კანონს, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, საქართველოს კანონებსა და საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტებს.

    მუხლი 19

1. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია გადააყენოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, თუ:

ა) მისი მოქმედებით საფრთხე შეექმნა ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა განხორციელებას;

ბ) იგი ვერ ახორციელებს ამ კანონით ან/და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაბამისი გარემოების აღმოფხვრიდან 1 თვის განმავლობაში, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაყენებიდან 2 თვის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას.

    მუხლი 20

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების შექმნა დასაშვებია მხოლოდ შემდეგ სფეროებში:

ა) ეკონომიკა, ფინანსები და ტურიზმი;

ბ) ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა;

გ) განათლება, კულტურა და სპორტი;

დ) სოფლის მეურნეობა.

2. აკრძალულია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს ან სხვა გასამხედროებული ორგანოს შექმნა.

3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის კანდიდატურას საქართველოს შესაბამისი სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელთან (ხელმძღვანელებთან) შეთანხმებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს ამ კანონით დადგენილი წესით დასამტკიცებლად წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე.

    მუხლი 21

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული საქართველოს სამთავრობო დაწესებულებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანოს სტატუსი, სტრუქტურა, შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე შეიძლება არსებობდეს მხოლოდ საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოსადმი დაქვემდებარებული შეიარაღებული ქვედანაყოფი, რომლის განლაგების, გადაადგილებისა და გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო.

    მუხლი 22

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა საქართველოს კანონით დადგენილ ფარგლებში სარგებლობს ფინანსური ავტონომიით. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა განკარგავს მის მიერ შემოღებული ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების აკრეფით მიღებულ შემოსავლებს.

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებების განხორციელების უზრუნველსაყოფად აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საქართველოს კანონის საფუძველზე შესაძლებელია გადაეცეს სახელმწიფო საგადასახადო და არასაგადასახადო შემოსავლების ნაწილი, ასევე სპეციალური დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

3. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას აქვს ქონება, რომლის ფორმირების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

    მუხლი 23

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია მიიღება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ სრული შემადგენლობის ორი მესამედით და ძალაში შედის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის ამოქმედებისთანავე.

    მუხლი 24

საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში გადაწყვიტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის სახელმწიფო ქონების გადაცემის სამართლებრივი და ორგანიზაციული საკითხები ამ კანონით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გამგებლობისათვის მიკუთვნებული საკითხებისა და საქართველოს კონსტიტუციით საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებული გამგებლობისათვის მიკუთვნებული საკითხების გათვალისწინებით.

    მუხლი 25

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი

მიხეილ სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 1 ივლისი.

№305-რს