დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4134 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 27/12/2006 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 3, 11/01/2007 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 19/10/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 010.010.010.05.001.002.492 |
საქართველოს კონსტიტუციური კანონი
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №16, 4.07.2004, მუხ. 53) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. მე-10 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო შედგება 4 წლის ვადით არჩეული არა უმეტეს 21 დეპუტატისგან. უმაღლესი საბჭოს დეპუტატების არჩევის წესი და მათი რაოდენობა განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით.“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მორიგი არჩევნები ტარდება უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში. არჩევნების თარიღს საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.“.
2. მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობიდან 10 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი უმაღლესი საბჭოს ფრაქციებთან კონსულტაციების შემდეგ, ხოლო თუ ფრაქციები არ არის შექმნილი – ერთპიროვნულად, მას თანამდებობაზე დასამტკიცებლად წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე დამტკიცებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. თუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო არ დაამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატურას, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია 10 დღის ვადაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგინოს იგივე ან სხვა კანდიდატურა.“.
3. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაბამისი გარემოების აღმოფხვრიდან 1 თვის განმავლობაში, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაყენებიდან 2 თვის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი უმაღლესი საბჭოს ფრაქციებთან კონსულტაციების შემდეგ შეარჩევს მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას და მას თანამდებობაზე დასამტკიცებლად წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს.“.
4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 241 მუხლი:
„მუხლი 241
ამ კანონის ამოქმედების შემდეგ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მორიგი არჩევნები გაიმართება 2008 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე. არჩევნების თარიღს განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი.“.
მუხლი 2.
2004 წელს არჩეული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების შეწყვეტამდე მისი შემადგენლობა განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევის დროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 27 დეკემბერი.
№4134–რს
დოკუმენტის კომენტარები