სახეობებისა და მახასიათებლების მიხედვით ნარჩენების ნუსხის განსაზღვრისა და კლასიფიკაციის შესახებ

სახეობებისა და მახასიათებლების მიხედვით ნარჩენების ნუსხის განსაზღვრისა და კლასიფიკაციის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 426
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/08/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/08/2015
სარეგისტრაციო კოდი 300230000.10.003.018812
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
426
17/08/2015
ვებგვერდი, 20/08/2015
300230000.10.003.018812
სახეობებისა და მახასიათებლების მიხედვით ნარჩენების ნუსხის განსაზღვრისა და კლასიფიკაციის შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (20/08/2015 - 07/03/2016)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №426

2015 წლის 17 აგვისტო

   ქ. თბილისი

 

სახეობებისა და მახასიათებლების მიხედვით ნარჩენების ნუსხის განსაზღვრისა და კლასიფიკაციის შესახებ

მუხლი 1
საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა  და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს „სახეობებისა და მახასიათებლების მიხედვით ნარჩენების ნუსხა და  კლასიფიკაცია“   დანართებთან ერთად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2015 წლის 1 აგვისტოდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



სახეობებისა და მახასიათებლების მიხედვით ნარჩენების ნუსხა და კლასიფიკაცია

თავი I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1.  მიზანი

სახეობებისა და მახასიათებლების მიხედვით ნარჩენების ნუსხისა და კლასიფიკაციის მიზანია, ნარჩენების კლასიფიკაციისა და მათი სახიფათო თვისებების დადგენის წესის (შემდგომში  წესი) განსაზღვრა ნარჩენების მართვის კოდექსისა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტების სათანადო განხორციელების უზრუნველსაყოფად.

 

მუხლი 2.  რეგულირების სფერო

ეს წესი არეგულირებს ამ წესით განსაზღვრული ნარჩენების წარმომქმნელის მიერ ნარჩენების მართვის კოდექსის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ნარჩენების კლასიფიცირებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

 

უხლი 3.  ტერმინთა განმარტება

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ნარჩენების ჯგუფი (შემდგომში  ჯგუფი)  საქმიანობების შედეგად წარმოქმნილი, საქმიანობის სფეროს მიხედვით კლასიფიცირებული ნარჩენების სახეობათა ერთობლიობა, რომელსაც მინიჭებული აქვს ორნიშნა კოდი;

ბ) ნარჩენების ქვეჯგუფი (შემდგომში  ქვეჯგუფი)  საქმიანობების შედეგად წარმოქმნილი საერთო მახასიათებლების (მათ შორის, წყაროს) მქონე ნარჩენების სახეობათა ერთობლიობა, რომელსაც მინიჭებული აქვს ოთხნიშნა კოდი;

გ) ნარჩენის კოდი (შემდგომში  კოდი)  ექვსნიშნა კოდი, რომელიც განსაზღვრავს კონკრეტულ ნარჩენს;

დ) ნარჩენის სარკისებური კოდი (შემდგომში  სარკისებური კოდი)  კოდის წყვილი ამ წესის II დანართის ნუსხის ერთსა და იმავე ქვეჯგუფში, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან მხოლოდ სახიფათო ნივთიერებების არსებობით ან არარსებობით;

ე) ნარჩენების წარმომქმნელი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ნარჩენების მართვის კოდექსის მე-3 მუხლის „პ“ ქვეპუნქტისა და 29-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;

ვ) ამ წესის მიზნებისათვის ასევე გამოიყენება  ნარჩენების მართვის კოდექსის მე-3 მუხლში მოცემული ტერმინები.

 

მუხლი 4. ნარჩენების წარმომქმნელის ვალდებულებები

1. ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია, ამ წესის მე-2 თავში განსაზღვრული პროცედურით მოახდინოს ნარჩენების კლასიფიკაცია კოდისა და  სახიფათო თვისებების შესაბამისად.

2. ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია, მოახდინოს ნარჩენების ხელახალი კლასიფიკაცია იმ შემთხვევაში, თუ  ნედლეულში ან/და პროცესში/საქმიანობაში ისეთი ცვლილებაა, რომლის შედეგად იცვლება ნარჩენების შემადგენლობა და/ან მახასიათებლები.

3. ნარჩენების წარმომქმნელს ეკრძალება სახიფათო ნივთიერებების ან ნარევების თავდაპირველი კონცენტრაციის დაწევით სახიფათო ნარჩენების კლასიფიკაცია  არასახიფათო ნარჩენებად, ნარჩენების გაზავების ან შერევის გზით.

4. თუ ნარჩენების წარმომქნელის იდენტიფიცირება შეუძლებელია, ნარჩენების კლასიფიკაციას ახორციელებს ნარჩენების  მფლობელი.

5. კლასიფიკაციის ვალდებულება არ ვრცელდება  საოჯახო მეურნეობასა და მოსახლეობაზე.

6. თუ სხვა ნორმატიული აქტით განსაზღვრულია სპეციფიკური ნარჩენების კლასიფიკაცია, დამატებით გამოიყენება  სპეციფიკური კლასიფიკაცია.

 

თავი II

ნარჩენების კლასიფიკაციის პროცედურა

მუხლი 5.  ნარჩენების კლასიფიკაცია

1. ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია, მოახდინოს საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების კლასიფიკაცია, ამ წესის II დანართში მოცემული ნარჩენების ნუსხიდან შესაბამისი კოდის მინიჭებით, შემდეგი თანმიმდევრობით:

ა) საქმიანობის სფეროს განსაზღვრა, რომელსაც განეკუთვნება ნარჩენების წარმომქმნელი, როგორც ეს მოცემულია ამ წესის I დანართის  01-12-ისა და 17-20-ის  ჩათვლით,  მოცემულ ნარჩენების ჯგუფებში;

ბ)  ქვეჯგუფის განსაზღვრა იმ ჯგუფში, რომელიც ყველაზე უკეთ მიესადაგება ნარჩენების წყაროს იმ ჯგუფში, რომელიც არჩეულია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და ამ დადგენილების II დანართის შესაბამისად;

გ) ქვეჯგუფში  კოდის განსაზღვრა ამ წესის II დანართის შესაბამისად;

დ) იმ შემთხვევაში, თუ ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ ჯგუფებში მოცემული კოდი არ მიესადაგება მოცემული ნარჩენების სახეობას, ამ შემთხვევაში მოწმდება მე-13, მე-14 და მე-15 ჯგუფები, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მოცემული ეტაპების გავლით;

ე) იმ შემთხვევაში, თუ „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ჯგუფებში მოცემული კოდი არ მიესადაგება მოცემული ნარჩენების სახეობას, მაშინ უნდა შემოწმდეს მე-16 ჯგუფი, ამ მუხლის პირველ პუნქტში მოცემული კლასიფიკაციით, „ბ“ და „გ“ ეტაპების ქვეპუნქტებში მოცემული ეტაპების გავლით.

2. იმ შემთხვევაში, თუ ნარჩენების შესაბამისი კოდი მე-16 ჯგუფში არ მოიძებნა,  გამოიყენება კოდი შემდეგი დაბოლოებით  „XX YY 99“. აღნიშნული კოდი განეკუთვნება ყოველ კონკრეტულ ქვეჯგუფს, როგორც „განუსაზღვრელი სხვაგვარი ნარჩენი“ და ნარჩენების წარმოშობის წყარო განისაზღვრება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. ჯგუფი და ქვეჯგუფი უნდა შეესაბამებოდეს ნარჩენების წარმოშობის წყაროს.

3. იმ შემთხვევაში, თუ ამ წესის II დანართში ხელმისაწვდომია სარკისებური კოდი, ნარჩენების კლასიფიკაცია უნდა მოხდეს სახიფათო ნარჩენებად, ვარსკვლავით (*) აღნიშნული კოდით.

 

მუხლი 6.  სახიფათო ნარჩენებად კლასიფიკაცია

1. ნარჩენები კლასიფიცირდება სახიფათო ნარჩენებად იმ შემთხვევაში, თუ იგი ამ წესის II დანართში მოცემულ ნარჩენების ნუსხაში აღნიშნულია ვარსკვლავით (*).

2. ნარჩენები ასევე კლასიფიცირდება სახიფათო ნარჩენებად, თუ მას აქვს  ან შეიძლება ჰქონდეს ნარჩენების მართვის კოდექსის III დანართში მოცემული ერთი ან მეტი სახიფათო თვისება.

 

მუხლი 7.  ნარჩენების პირველადი ინვენტარიზაციის დოკუმენტი

1. ნარჩენების წარმომქმნელის მიერ წარდგენილი პირველადი ინვენტარიზაციის დოკუმენტი მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:

ა)  ნარჩენის კოდი და ნარჩენის დასახელება ამ წესის II დანართის შესაბამისად;

ბ) აღდგენა/განთავსების ოპერაციებისა და ნარჩენის სახიფათო თვისებების განმსაზღვრელი კოდი ნარჩენების მართვის კოდექსის დანართების შესაბამისად;

გ) „Y“ კოდი,  „სახიფათო ნარჩენების გადაზიდვასა და მათ განთავსებაზე კონტროლის შესახებ“ ბაზელის კონვენციის I დანართის შესაბამისად, მისი განსაზღვრის შესაძლებლობის შემთხვევაში.

2. ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი  რესურსების დაცვის სამინისტროში (შემდგომში  სამინისტრო) წარადგინოს ნარჩენების პირველადი ინვენტარიზაციის დოკუმენტი, ამ წესის III დანართის შესაბამისად, ელექტრონული ფორმით, სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის  www.moe.gov.ge  მეშვეობით.

3. თუ სამინისტრო აღმოაჩენს შეუსაბამობას ნარჩენების ინვენტარიზაციის დოკუმენტში, იგი დაუბრუნდება ნარჩენების წარმომქმნელს  30 კალენდარულ დღეში, რომელიც ვალდებულია,  წარადგინოს ნარჩენების განახლებული პირველადი ინვენტარიზაციის დოკუმენტი  მე-7  მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, სამინისტროს მოსაზრების მიღებიდან 30  კალენდარულ დღეში.

4. სამინისტრო კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია,  ნებისმიერ დროს შეამოწმოს ნარჩენების წარმომქმნელის მიერ წარდგენილი ნარჩენების პირველადი ინვენტარიზაციის დოკუმენტაციაში წარდგენილი ინფორმაციის სიზუსტე.

5. პირველადი ინვენტარიზაციის დოკუმენტი სამინისტროში ასევე წარდგენილი უნდა იქნეს ისეთი ახალი საქმიანობის დაწყების ან საქმიანობის ცვლილების შემთხვევაში, რომელთა შედეგად იცვლება ნარჩენების შემადგენლობა და მახასიათებლები  საქმიანობის დაწყების ან ცვლილების განხორციელებიდან არაუგვიანეს 2 თვის ვადაში.

 

მუხლი 8.  არასახიფათო ნარჩენებად კლასიფიკაცია

1. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით ან მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას, სამინისტროს თანხმობით, ნარჩენებს შესაძლებელია მიენიჭოს არასახიფათო ნარჩენების კლასიფიკაცია იმ შემთხვევაში, თუ ნარჩენების წარმომქმნელი მიმართავს ასეთი მოთხოვნით სამინისტროს და წარადგენს  წარმოქმნილი ნარჩენების არასახიფათოობის შესახებ მტკიცებულებას.

2. წარმოქმნილი ნარჩენების არასახიფათოობის შესახებ მტკიცებულება უნდა მოიცავდეს აკრედიტებული ლაბორატორიის დასკვნას, ნარჩენების არასახიფათოობის დასადგენად, ნარჩენების შემადგენლობაზე ჩატარებული ანალიზების საფუძველზე, ან/და იმ პროცესების/საქმიანობის მახასიათებლების  შეფასებას, რომლიდანაც წარმოიქმნება ნარჩენები. 

3. სამინისტრო უფლებამოსილია, არ დააკმაყოფილოს ნარჩენების წარმომქმნელის მოთხოვნა ნარჩენების არასახიფათოდ კლასიფიცირების შესახებ და დასაბუთებული გადაწყვეტილება აცნობოს მოთხოვნის მიღებიდან  30 კალენდარული დღის ვადაში.

 

მუხლი 9. გარდამავალი დებულება

ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ნარჩენების წარმომქმნელები ვალდებულნი არიან, პირველადი ინვენტარიზაციის დოკუმენტი სამინისტროში წარადგინონ 2016 წლის 1 თებერვლიდან 2016 წლის 31 ივლისის ჩათვლით.