წვრილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ

წვრილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 228
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/05/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/05/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 08/10/2019
სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.018613
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
228
27/05/2015
ვებგვერდი, 28/05/2015
240110000.10.003.018613
წვრილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (28/05/2015 - 14/12/2017)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №228

2015 წლის 27 მაისი

ქ.თბილისი

 

წვრილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „წვრილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის წესი“.
მუხლი 2
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სურსათის ეროვნულმა სააგენტომ,  2018 წლის პირველ იანვრამდე, ამ წესის შესაბამისად, განახორციელოს წვრილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაცია, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
მუხლი 3
დადგენილება, გარდა ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, მე-11 მუხლის პირველი პუნქტის, მე-12 მუხლის „ვ“ და „ლ“ ქვეპუნქტებისა და მე-14 მუხლის მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს 2015 წლის პირველი ივლისიდან.  
მუხლი 4
ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი, მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, მე-11 მუხლის პირველი პუნქტი, მე-12 მუხლის „ვ“ და „ლ“ ქვეპუნქტები, მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2018 წლის პირველი იანვრიდან.
მუხლი 5
ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი, მე-7 მუხლი, მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, მე-12 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ძალაშია 2018 წლის პირველ იანვრამდე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



წვრილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს წესი ადგენს საქართველოში წვრილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის, ასევე, მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის, სადგომის წიგნაკის, მონაცემთა ელექტრონული ბაზის წარმოების წესს, სახელმწიფო კონტროლის განხორციელების პირობებსა და შემზღუდავ ღონისძიებებს.

 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში - სააგენტო).

მუხლი 2.  წვრილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის, ასევე, მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის მიზანი

წვრილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის მიზანია:

ა) წვრილფეხა საქონლის და მათი სადგომის/დროებითი სადგომის შესახებ, ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა და აღრიცხვიანობის რეგულირება;

ბ) წვრილფეხა საქონლის და მათი სადგომის/დროებითი სადგომის შესახებ, სრული ინფორმაციის ფლობა და ინდივიდუალური მიკვლევადობა;

გ) წვრილფეხა საქონლის ჯანმრთელობის დაცვა, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მართვა და ვეტერინარული კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფა;

დ) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა და მომხმარებლისათვის სარწმუნო ინფორმაციის მიწოდება, ცხოველური პროდუქტის წარმოშობისა და უვნებლობის შესახებ;

ე) ქვეყნის შიგნით, წვრილფეხა საქონლის გადაადგილებასა და ექსპორტ-იმპორტზე ვეტერინარული კონტროლის განხორციელება;

ვ) გამჭირვალობისა და მიკვლევადობის უზრუნველყოფა ცხოველური წარმოშობის სურსათისა და არასასურსათო დანიშნულების ცხოველური პროდუქტით ვაჭრობისას;

ზ) სანაშენე საქმიანობის გაუმჯობესება-სრულყოფა.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტებები

1. ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) იდენტიფიკაცია - წვრილფეხა საქონლისთვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება და ნიშანდება;

ბ) ნიშანდება - წვრილფეხა საქონლის ორივე ყურზე საყურე ნიშნის მიმაგრება;

გ) საყურე ნიშანი - სააგენტოს მიერ დადგენილი ნიმუშის მიხედვით დამზადებული ნიშანი, რომელზეც განთავსებულია საიდენტიფიკაციო ნომერი და გამოიყენება წვრილფეხა საქონლის იდენტიფიკაციისათვის;

დ) აპლიკატორი - საყურე ნიშნის დასამაგრებელი ხელსაწყო;

ე) მფლობელი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ფლობს წვრილფეხა საქონელს;

ვ) მონაცემთა ელექტრონული ბაზა - სააგენტოს მიერ რეგისტრირებული წვრილფეხა საქონლის და მათი სადგომის/დროებითი სადგომის შესახებ, ინფორმაციის ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ბაზა;

ზ) გადაადგილების დოკუმენტი - დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას წვრილფეხა საქონლის გადაადგილების შესახებ და ივსება ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;

თ) სადგომი - ფერმერულ მეურნეობასა და ოჯახურ წარმოებაში წვრილფეხა საქონლის ფიზიკური ადგილსამყოფელი;

ი) დროებითი სადგომი - ზაფხულის საძოვრებზე მყოფი წვრილფეხა საქონლის სადგომი;

კ) სადგომის წიგნაკი - ჟურნალი, რომლის ნიმუში გაიცემა სააგენტოს მიერ და ივსება ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;

ლ) წვრილფეხა საქონელი - ცხვარი, თხა;

მ) სასურსათო დანიშნულების წვრილფეხა საქონელი - წვრილფეხა საქონელი, რომელიც გამიზნულია ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის.

2. ამ წესის მიზნებისათვის, ასევე, გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით განსაზღვრული ტერმინები, თუ ამ წესით სხვაგვარად არ არის დადგენილი.

 მუხლი 4. იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ელემენტები

წვრილფეხა საქონლის იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის ელემენტებია:

ა) ნიშანდება;

ბ) თითოეული სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაცია და სადგომის წიგნაკი;

გ) გადაადგილების დოკუმენტი;

დ) მონაცემთა ელექტრონული ბაზა.

მუხლი 5. საყურე ნიშანი

1. მფლობელი, წვრილფეხა საქონლის იდენტიფიკაციისათვის, მიმართავს სააგენტოს განაცხადით - „განაცხადი წვრილფეხა საქონლის იდენტიფიკაციაზე“ (№1 დანართი).

2. საყურე ნიშანი მაგრდება წვრილფეხა საქონლის ორივე ყურზე აპლიკატორის საშუალებით, დაბადებიდან არა უგვიანეს 4 თვისა ან ვიდრე დატოვებს იმ სადგომს, რომელშიც დაიბადა.

3. მომთაბარე წვრილფეხა საქონლის ნიშანდება ხდება სადგომში დაბრუნებისთანავე. თუ არ არის ცნობილი წვრილფეხა საქონლის დაბადების თარიღი, მაშინ დაბადების თარიღად მიიჩნევა იდენტიფიკაციისათვის მფლობელის მიერ სააგენტოსთვის მიმართვის დღე.

4. საყურე ნიშანზე აღნიშნული უნდა იყოს ინდივიდუალური საიდენტიფიკაციო ნომერი.

5. საყურე ნიშნის დაკარგვის ან საყურე ნიშანზე დატანილი ინფორმაციის დაზიანების შედეგად, დატანილი ინფორმაციის წაკითხვის შეუძლებლობის შემთხვევაში, სავალდებულოა მისი ახალი საყურე ნიშნით შეცვლა იმ პირობით, რომ არ დაირღვევა მიკვლევადობა.

6. საყურე ნიშნის შეცვლასთან დაკავშირებულ ხარჯებს ანაზღაურებს მფლობელი.

7.  დაუშვებელია საყურე ნიშნის მოხსნა ან შეცვლა სააგენტოს ნებართვის გარეშე.

8. საყურე ნიშანი:

ა) უნდა იყოს ელასტიური, დამზადებული თერმოპლასტიკური პოლიურეტანის მასალისგან, ერთჯერადი გამოყენებისა და მდგრადი მაღალი და დაბალი ტემპერატურის მიმართ;

ბ) უნდა იძლეოდეს მასზე დატანილი ინფორმაციის წაკითხვის შესაძლებლობას, წვრილფეხა საქონლის სიცოცხლის განმავლობაში;

გ) დამაგრების შემდეგ, არ უნდა იწვევდეს ტკივილსა და ალერგიულ რეაქციებს;

დ) უნდა შეიცავდეს მწარმოებლის სამარკო ნიშანსა და დამზადების თარიღის შესახებ აღნიშვნას.

9. საყურე ნიშანზე დაიტანება შემდეგი ინფორმაცია:

ა) საყურე ნიშნის გამცემი უწყების დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი ან ლოგო;

ბ) წვრილფეხა საქონლის ინდივიდუალური 8 ციფრიანი საიდენტიფიკაციო ნომერი;

გ) ქვეყნის ინიციალი -  „GE“;

დ) სკანერის საშუალებით კითხვადი შტრიხ-კოდი.

 მუხლი 6. სადგომის რეგისტრაცია და სადგომის წიგნაკი

1. წვრილფეხა საქონლის სადგომის მფლობელი მიმართავს სააგენტოს სადგომის რეგისტრაციისათვის განაცხადით - „განაცხადი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციაზე“ (№2 დანართი).

2. სადგომს სააგენტოს მიერ ენიჭება სარეგისტრაციო ნომერი, ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად და გაიცემა სადგომის რეგისტრაციის მოწმობა - „წვრილფეხა საქონლის  სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის მოწმობა“ (№3 დანართი) და სადგომის წიგნაკის ნიმუში არა უმეტეს ათი სამუშაო დღის განმავლობაში.

3. ყველა სადგომში, რომელშიც იმყოფება იდენტიფიცირებული წვრილფეხა საქონელი, მფლობელმა უნდა აწარმოოს სააგენტოს მიერ დამტკიცებული ნიმუშის მიხედვით, სადგომის წიგნაკი და შეინახოს იგი სადგომში არსებული ბოლო სული წვრილფეხა საქონლის დაკვლიდან/სიკვდილიდან/განადგურებიდან/გასხვისებიდან სამი წლის განმავლობაში, მატერიალური ან ელექტრონული სახით. ამ პერიოდში, სადგომის წიგნაკი ხელმისაწვდომი უნდა იყოს სააგენტოსთვის.

4. სადგომის წიგნაკი უნდა შეიცავდეს სულ მცირე, შემდეგ განახლებად ინფორმაციას:

ა) სადგომის სარეგისტრაციო ნომერი;

ბ) სადგომის მისამართი და გეოგრაფიული კოორდინატები ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის ეკვივალენტური მითითებები;

გ) წარმოების მიმართულება;

დ) წვრილფეხა საქონლის აღრიცხვის (ინვენტარიზაციის) შედეგები, ჩატარების თარიღი;

ე) მფლობელის სახელი/დასახელება და მისამართი;

ვ) წვრილფეხა საქონლის საიდენტიფიკაციო ნომერი;

ზ) დაბადების, იდენტიფიკაციის თარიღი, დაბადების სადგომი;

თ) სადგომში წვრილფეხა საქონლის დაკვლის/სიკვდილის/განადგურების /გასხვისების თარიღი;

ი) თუ ცნობილია,  ჯიში და გენოტიპი;

კ) წვრილფეხა საქონლის მიერ სადგომის დატოვებისას:

კ.ა) ტრანსპორტიორის (გადამყვანის ) მონაცემები;

კ.ბ) სატრანსპორტო საშუალებით,  წვრილფეხა საქონლის გადასაყვანი სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი;

კ.გ) საბოლოო დანიშნულების სადგომის დასახელება, მისამართი ან სარეგისტრაციო ნომერი, თუ წვრილფეხა საქონელი გადაადგილდება სასაკლაოსკენ, სასაკლაოს აღიარების ნომერი ან დასახელება, გადაყვანის თარიღი;

ლ) წვრილფეხა საქონლის ახალ სადგომში გადაყვანისას, იმ სადგომის სარეგისტრაციო ნომერი, საიდანაც წამოიყვანეს  და მიღების თარიღი;

მ) საყურე ნიშნის საიდენტიფიკაციო ნომრის ნებისმიერი ცვლილება;

 ნ) განხორციელებული ვეტერინარული ღონისძიებები (ვაქცინაცია, მკურნალობა).

5. წვრილფეხა საქონელს სადგომის დატოვებისას, თუ სადგომის წიგნაკი არ შეიცავს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „კ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას, სავალდებულოა თან ახლდეს გადაადგილების დოკუმენტის ასლი ან ორიგინალი.

6. სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას, უფლებამოსილი პირი სადგომის წიგნაკში აფიქსირებს თავის სახელს, ხელმოწერასა და თარიღს.

მუხლი 7. გადაადგილების დოკუმენტი

1. წვრილფეხა საქონლის ნებისმიერი გადადგილებისას, გარდა ფარის ყოველდღიურ საძოვარზე გაყვანისა, მას თან უნდა ახლდეს სააგენტოს მიერ დადგენილი ნიმუშის შესაბამისად შედგენილი გადაადგილების  დოკუმენტი.

2. გადაადგილების დოკუმენტი ივსება მფლობელის მიერ.

3. გადაადგილების დოკუმენტი შეიცავს, სულ მცირე, შემდეგ ინფორმაციას:

ა) სადგომის სარეგისტრაციო ნომერი;

ბ) მფლობელის სახელი/დასახელება, პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი და მისამართი;

გ) გადასაადგილებელი წვრილფეხა საქონლის საერთო რაოდენობა;

დ) საბოლოო დანიშნულების სადგომის სარეგისტრაციო ნომერი ან მფლობელის/მომავალი მფლობელის სახელი/დასახელება და მისამართი, ხოლო წვრილფეხა საქონლის სასაკლაოზე გადაადგილებისას - სასაკლაოს აღიარების ნომერი ან დასახელება და მისამართი ან გადარეკვისას, დანიშნულების საბოლოო ადგილი;

 ე) მონაცემები სატრანსპორტო საშუალებების (არსებობის შემთხვევაში) და ტრანსპორტიორის (გადამყვანის) შესახებ;

ვ) გადაადგილების თარიღი (წელი, თვე და რიცხვი);

ზ) მფლობელის ხელმოწერა.

4. სააგენტოს მიერ დასაშვებია დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა.

5. წვრილფეხა საქონლის მფლობელი, ყოველი გადაადგილებისას, გარდა ფარის ყოველდღიურ საძოვარზე გაყვანისა, გადაადგილების დოკუმენტში უთითებს თითოეული წვრილფეხა საქონლის საიდენტიფიკაციო ნომერს.

6. მფლობელმა საბოლოო დანიშნულების სადგომში უნდა შეინახოს გადაადგილების დოკუმენტ(ებ)ი. მოთხოვნისას, მფლობელი ვალდებულია, სააგენტოს მიაწოდოს გადაადგილების დოკუმენტის ასლი.

მუხლი 8. მონაცემთა ელექტრონული ბაზა

1. მონაცემთა ელექტრონული ბაზა იქმნება სააგენტოს მიერ.

2. მონაცემთა ელექტრონული ბაზა შეიცავს თითოეული სადგომისათვის, სულ მცირე, შემდეგ ინფორმაციას:

ა) სადგომის/დროებითი სადგომის 11 ციფრიანი სარეგისტრაციო ნომერი, რომელთაგან პირველი და მე-2 ციფრები რეგიონის კოდია, მე-3 - მე-4 - მუნიციპალიტეტის/ქალაქის კოდი, მე-5 - მე-7 - დაბის/სოფლის კოდი, მე-8 - მე-11 - სადგომის ნომერი;

ბ) სადგომის მისამართი და გეოგრაფიული კოორდინატები ან სადგომის გეოგრაფიული მდებარეობის ეკვივალენტური აღნიშვნა;

გ) მფლობელის სახელი/დასახელება, პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი, მისამართი და საქმიანობა;

დ) წვრილფეხა საქონლის სახეობა;

ე) წარმოების მიმართულება;

ვ) წვრილფეხა საქონლის აღრიცხვის (ინვენტარიზაციის) შედეგები, ჩატარების თარიღი;

ზ) წვრილფეხა საქონლის საიდენტიფიკაციო ნომერი;

თ) წვრილფეხა საქონლის დაბადების თარიღი, იდენტიფიკაციის თარიღი, დაბადების სადგომი;

ი)  სადგომში სიკვდილის/დაკვლის/განადგურების რიცხვი, თვე და წელი;

 კ)  თუ ცნობილია, ჯიში და გენოტიპი;

ლ) იმპორტირებული წვრილფეხა საქონლის თავდაპირველი საიდენტიფიკაციო ნომერი;

 მ) წვრილფეხა საქონლის ჯანმრთელობის მდგომარეობის, გადაადგილებაზე შეზღუდვის, სხვა შესაბამის ინფორმაციას სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების  ფარგლებში.

3. მონაცემები წვრილფეხა საქონლის ნებისმიერ გადაადგილებაზე, გარდა ფარის ყოველდღიურ საძოვარზე გაყვანისა, უნდა შეიცავდეს, სულ მცირე, შემდეგ ინფორმაციას:

 ა) გადაადგილებული წვრილფეხა საქონლის რაოდენობა;

ბ) სადგომის სარეგისტრაციო ნომერი, საიდანაც გადაიყვანეს წვრილფეხა საქონელი;

გ) გაყვანის თარიღი;

დ) სადგომის სარეგისტრაციო ნომერი, სადაც გადაიყვანეს წვრილფეხა საქონელი;

ე) მიყვანის თარიღი.

4. სადგომის შესახებ ინფორმაცია ინახება მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არანაკლებ სამი თანმიმდევრული წლისა, მას შემდეგ, რაც სადგომი დაიცლება წვრილფეხა საქონლისგან.

5. მონაცემთა ელექტრონული ბაზა უზრუნველყოფს, რომ საყურე ნიშანზე აღნიშნული ინდივიდუალური საიდენტიფიკაციო ნომერი, თითოეული წვრილფეხა საქონლის ინდივიდუალურად იდენტიფიკაციის შესაძლებლობას იძლეოდეს იმ სადგომთან ერთად, რომელშიც ეს წვრილფეხა საქონელი დაიბადა.

6. სააგენტო უზრუნველყოფს მონაცემთა ელექტრონული ბაზის უსაფრთხოებასა და კონფიდენციალურობას.

 მუხლი 9. ზაფხულის საძოვრები

1. ზაფხულის საძოვრის მფლობელი ვალდებულია, მიმართოს განაცხადით სააგენტოს ზაფხულის საძოვრის რეგისტრაციისათვის - „განაცხადი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციაზე“ (№2 დანართი).

2. სააგენტოს მიერ ზაფხულის საძოვარს ენიჭება სარეგისტრაციო ნომერი, ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

3. სააგენტო ზაფხულის საძოვრისათვის სარეგისტრაციო ნომრის მინიჭების შემდეგ, გასცემს „წვრილფეხა საქონლის სადგომის/დროებითი სადგომის  რეგისტრაციის  მოწმობას“ (№3 დანართი), არა უმეტეს ათი სამუშაო დღის განმავლობაში.

4. ზაფხულის საძოვარზე გადაადგილებისას,  წვრილფეხა საქონელს თან უნდა ახლდეს:

ა) გადაადგილების დოკუმენტი;

ბ) სადგომის წიგნაკი, რაშიც ზაფხულის საძოვარზე განხორციელებული ღონისძიებები აისახება.

მუხლი 10.  იმპორტირებული წვრილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია

1. სასურსათო დანიშნულების ან სანაშენე მიზნით, იმპორტირებული იდენტიფიცირებული წვრილფეხა საქონლის, რომელსაც გავლილი აქვს ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლი, მფლობელი ვალდებულია, იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისათვის მიმართოს სააგენტოს განაცხადით - „განაცხადი წვრილფეხა საქონლის იდენტიფიკაციაზე“ (№1 დანართი), იმპორტირებიდან არა უგვიანეს 14 დღისა ან ვიდრე დატოვებს სადგომს.

2. სააგენტომ, განაცხადის მიღებიდან არა უგვიანეს 10 დღისა, უნდა უზრუნველყოს წვრილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია. 

3. სასურსათო დანიშნულების ან სანაშენე მიზნით, იმპორტირებული წვრილფეხა საქონლის პირველადი საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა იქნეს შეტანილი საბოლოო დანიშნულების სადგომის წიგნაკში მფლობელის მიერ, ხოლო, სააგენტოს მიერ - მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში იმ საიდენტიფიკაციო ნომერთან ერთად, რომელიც მიენიჭება სააგენტოს მიერ.

4. დასაკლავად განკუთვნილი იმპორტირებული წვრილფეხა საქონლის რეგისტრაცია არ არის სავალდებულო, თუ წვრილფეხა საქონელი დასაკლავად ტრანსპორტირებულია სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან პირდაპირ სასაკლაოში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ვეტერინარული კონტროლის გავლიდან, დაიკვლება არა უგვიანეს ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში.

მუხლი 11. სასაკლაოს მფლობელი ბიზნესოპერატორის ვალდებულება

1. დაუშვებელია სასაკლაოზე არაიდენტიფიცირებული წვრილფეხა საქონლის დაკვლა.

2. სასაკლაოს მფლობელი ბიზნესოპერატორი ვალდებულია, დაკვლიდან 7 დღის ვადაში, დაუბრუნოს სააგენტოს წვრილფეხა საქონლის საყურე ნიშანი, ხოლო, 2018 წლის პირველ იანვრამდე კი -  საყურე ნიშანი, არსებობის შემთხვევაში.

მუხლი 12.  მფლობელის ვალდებულებები        

მფლობელი ვალდებულია:

ა) დაიცვას ამ წესით დადგენილი მოთხოვნები და ითანამშრომლოს სააგენტოსთან წვრილფეხა საქონლის იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციისათვის;

ბ) სააგენტოს მოთხოვნისას, წარუდგინოს ინფორმაცია წვრილფეხა საქონლის წარმოშობის, იდენტიფიკაციისა და გადაადგილების შესახებ;

გ) მიმართოს სააგენტოს კუთვნილი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციისა და წვრილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისათვის;

დ) თითოეული იდენტიფიცირებული წვრილფეხა საქონლის სადგომიდან გაყვანამდე, გარდა ფარის ყოველდღიურ საძოვარზე გაყვანისა, შეავსოს გადაადგილების დოკუმენტი, რომელიც დასამოწმებლად უნდა წარუდგინოს სააგენტოს და თან  ახლდეს წვრილფეხა საქონელს, ყოველი გადაადგილებისას; აწარმოოს გადაადგილების დოკუმენტი, ამ წესის მე-7 მუხლის მე-3-მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად;

ე) მიმართოს სააგენტოს იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისათვის წვრილფეხა საქონლის დაბადებიდან 4 თვის ვადაში ან სადგომის დატოვებამდე;

ვ) მონაცემთა ელექტრონული  ბაზის განახლებისა და წვრილფეხა საქონლის გადაადგილებაზე, სააგენტოდან ნებართვის მიღების მიზნით, გარდა ფარის ყოველდღიურ საძოვარზე გაყვანისა, სააგენტოს მიაწოდოს ინფორმაცია მათი ნებისმიერი გადაადგილების, ხოლო, სეზონურ საძოვარზე გადაადგილების შესახებ, 7 დღით ადრე;

ზ) მონაცემთა ელექტრონული ბაზის განახლების მიზნით, მიაწოდოს ინფორმაცია წვრილფეხა საქონლის ყიდვა-გაყიდვის შესახებ;

თ) საყურე ნიშნის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს;

ი) წვრილფეხა საქონლის სიკვდილის, დაკარგვის, განადგურების, საკუთარი მოხმარებისათვის დაკვლის შემთხვევაში, 7 დღის ვადაში დაუბრუნოს სააგენტოს წვრილფეხა საქონლის საყურე ნიშანი (გარდა წვრილფეხა საქონლის დაკარგვის შემთხვევისა), ხოლო, 2018 წლის პირველ იანვრამდე კი -  საყურე ნიშანი, არსებობის შემთხვევაში;

კ) სადგომის ლიკვიდაციისა და დანიშნულების შეცვლის შემთხვევაში, შეატყობინოს სააგენტოს;

ლ) ჩაატაროს წვრილფეხა საქონლის აღრიცხვა (ინვენტარიზაცია) ყოველი წლის 15 აპრილამდე და ორი კვირის ვადაში, ინვენტარიზაციის შედეგები მიაწოდოს სააგენტოს.

მუხლი 13. სახელმწიფო კონტროლი

1. სააგენტომ ყოველწლიურად უნდა განახორციელოს სადგომის/დროებითი სადგომის საერთო რაოდენობის არანაკლებ 1% და წვრილფეხა საქონლის  საერთო რაოდენობის არანაკლებ 1,5%-ის სახელმწიფო კონტროლი.

2. თუ სახელმწიფო კონტროლისას გამოვლინდება წინა წელთან შედარებით, ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან მნიშვნელოვანი შეუსაბამობა, შემოწმების სიხშირე გაზრდილ უნდა იქნეს მომდევნო წლისათვის.

3. სააგენტოს მიერ სახელმწიფო კონტროლისთვის სადგომის/დროებითი სადგომის შერჩევა უნდა განხორციელდეს რისკების საფუძველზე, რომლის დროსაც გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი საკითხები:

ა) წვრილფეხა საქონლის რაოდენობა სადგომში;

ბ) წვრილფეხა საქონლის ჯანმრთელობის მდგომარეობა და განსაკუთრებით დაავადებების აფეთქებების არსებობა;

გ) წინა წლის მდგომარეობასთან არსებული მდგომარეობის შედარება;

დ) წინა წელში განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის შედეგები, განსაკუთრებით, სადგომების წიგნაკებისა და გადაადგილების დოკუმენტების სწორად შენახვა-წარმოება;

ე) მფლობელის მიერ სააგენტოსთვის სათანადო მონაცემების მიწოდება;

ვ) სხვა კრიტერიუმები, რომლებიც დაკავშირებულია იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის საკითხებთან.

4.      სახელმწიფო კონტროლი ამ წესის მიზნებისათვის, ხორციელდება ინსპექტირების საშუალებით, ძირითადად,  წინასწარი გაფრთხილების გარეშე. წინასწარი გაფრთხილება შეიძლება იყოს გამოყენებული საჭიროების შემთხვევაში. წინასწარი გაფრთხილების დრო არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს.

5. სახელმწიფო კონტროლისას, სააგენტომ უნდა შეამოწმოს სადგომში/დროებით სადგომში არსებული ყველა წვრილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია. 

6. სადგომის/დროებითი სადგომის ინსპექტირება შეიძლება განხორციელდეს ნებისმიერ, სხვა მიზნით ჩასატარებელ  ინსპექტირებასთან ერთად.

7. თუ სადგომში/დროებით სადგომში არსებული წვრილფეხა საქონლის რაოდენობა აჭარბებს ოცს, დასაშვებია წვრილფეხა საქონლის შერჩევითი  შემოწმება „შესამოწმებელი წვრილფეხა საქონლის  საკმარისი რაოდენობა  ამ წესით დადგენილი მოთხოვნების       5%-იანი შეუსაბამობების გამოსავლენად 95%-იანი ნდობის ინტერვალით“ (№6 დანართი) მეთოდით, იმ პირობით, რომ შემოწმებული წვრილფეხა საქონლის რაოდენობა საკმარისია, ამ წესით დადგენილი მოთხოვნების 5%-ზე მეტი შეუსაბამობის (2%-იანი ცდომილებით) გამოსავლენად, 95%-იანი ნდობის ინტერვალით. 

8. სახელმწიფო კონტროლის-ინსპექტირებისას, ივსება შესაბამისობის შეფასების აქტი ორ ეგზემპლარად - „წვრილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის შესაბამისობის შეფასების აქტი“ (№4 დანართი). ერთი ეგზემპლარი გადაეცემა მფლობელს, მეორე რჩება სააგენტოს. შესაბამისობის შეფასების აქტში მიეთითება მიზეზ(ებ)ი, შედეგები და დამსწრე პირები. მფლობელი ან მისი წარმომადგენელი ხელს აწერს აქტს და უფლებამოსილია მიიღოს სახელმწიფო კონტროლის შედეგების შესახებ ახსნა-განმარტებანი.

9. ყოველი მომდევნო წლის 1 ივნისამდე, სააგენტო სამინისტროს წარუდგენს საანგარიშო პერიოდის ყოველწლიურ ანგარიშს, განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის შესახებ „წვრილფეხა საქონლის სახელმწიფო კონტროლის შედეგების ანგარიში“ (№5 დანართი).

10. ანგარიში უნდა მოიცავდეს ინფორმაციას:

ა) არსებული და შემოწმებული სადგომების რაოდენობის შესახებ;

ბ) საანგარიშო წლის დასაწყისში, იდენტიფიცირებულ წვრილფეხა საქონლის საერთო რაოდენობის შესახებ;

გ) შემოწმებული წვრილფეხა საქონლის რაოდენობის შესახებ;

დ) გამოვლენილი დარღვევების რაოდენობისა და ტიპის შესახებ;

ე) გამოყენებული შეზღუდვებისა და სანქციების შესახებ.

მუხლი 14. შემზღუდავი ღონისძიებები

1. თუ სადგომში გამოვლინდა, ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრულ ელემენტებთან შეუსაბამობა, ერთ წვრილფეხა საქონელთან მიმართებით მაინც, სააგენტო უფლებამოსილია აკრძალოს ამ სადგომიდან ყველა წვრილფეხა საქონლის გადაადგილება.

2. თუ მფლობელი ვერ ამტკიცებს წვრილფეხა საქონლის იდენტიფიკაციას და მასთან დაკავშირებულ მიკვლევადობას, სააგენტოს შეუძლია დაავადების გავრცელების რისკის, წვრილფეხა საქონლის ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის რისკების განსაზღვრის საფუძველზე, გადაწყვიტოს წვრილფეხა საქონლის განადგურება.

3. თუ წვრილფეხა საქონელი ნაწილობრივ აკმაყოფილებს ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრულ ელემენტებს, სააგენტო უფლებამოსილია დააწესოს აკრძალვა, მხოლოდ მის გადაადგილებაზე, შეუსაბამობის აღმოფხვრამდე.

4. თუ სადგომში იმ წვრილფეხა საქონლის რაოდენობა, რომელიც არ აკმაყოფილებს ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრულ ელემენტებს, აჭარბებს სადგომში არსებული წვრილფეხა საქონლის საერთო რაოდენობის 20%-ს, აკრძალვა წესდება სადგომში არსებულ ყველა წვრილფეხა საქონლის გადაადგილებაზე.

5. იმ სადგომში, რომელიც შედგება არა უმეტეს 10 წვრილფეხა საქონლისაგან, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები გამოიყენება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორ ცხოველზე მეტი არ არის სრულად იდენტიფიცირებული.

6. თუ მფლობელი არ მიაწვდის ინფორმაციას სააგენტოს სადგომი/დროებით სადგომიდან წვრილფეხა საქონლის გადაადგილების, დაბადების, სიკვდილის ან დაკარგვის, განადგურების, საკუთარი მოხმარებისათვის დაკვლის თაობაზე, სააგენტო უფლებამოსილია, აკრძალოს ამ სადგომიდან წვრილფეხა საქონლის გადაადგილება.

7. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, სადგომში არსებული სხვა წვრილფეხა საქონლის გადაადგილება დაუშვებელია, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ეჭვის აღმოფხვრამდე.

მუხლი 15. პასუხისმგებლობა

ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.