კრედიტქულების დაგროვების ვადების დამტკიცების შესახებ

კრედიტქულების დაგროვების ვადების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 70
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/02/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/02/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 27/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 430050000.10.003.018455
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
70
20/02/2015
ვებგვერდი, 23/02/2015
430050000.10.003.018455
კრედიტქულების დაგროვების ვადების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (23/02/2015 - 24/01/2017)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №70

2015 წლის 20 თებერვალი

ქ. თბილისი

 

კრედიტქულების დაგროვების ვადების დამტკიცების შესახებ

,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 217 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

მუხლი 1
ამ დადგენილების დანართის შესაბამისად დამტკიცდეს კრედიტქულების დაგროვების ვადები.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



დანართი
კრედიტქულების დაგროვების ვადებ

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

კრედიტქულების დაგროვების ვადები ადგენს მასწავლებლის მიერ, მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით (შემდგომში - სქემა) განსაზღვრული სტატუსის მისანიჭებლად/შესანარჩუნებლად აუცილებელი კრედიტქულების დაგროვების ვადებს.

 

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ დანართში გამოყენებულ ტერმინებს ამ დანართის მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სქემით განსაზღვრული სტატუსი - პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი, ან უფროსი მასწავლებლის სტატუსი, ან წამყვანი მასწავლებლის სტატუსი, ან მენტორის სტატუსი, რომელიც მასწავლებლის შეფასების/სქემაში მასწავლებლების განაწილების საფუძველზე მასწავლებელს ენიჭება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომში - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი) დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;

 ბ) პრაქტიკოსი მასწავლებელი - მასწავლებელი, რომელიც გეგმავს და წარმართავს საგაკვეთილო პროცესს ,,ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად;

 გ) უფროსი მასწავლებელი - მასწავლებელი, რომელიც აკმაყოფილებს პრაქტიკოსი მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრულ მოთხოვნებს და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი სერტიფიკატით დადასტურებული აქვს საგნობრივი და მეთოდური კომპეტენციები;

 დ) წამყვანი მასწავლებელი - მასწავლებელი, რომელიც აკმაყოფილებს უფროსი მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრულ მოთხოვნებს, საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის საფუძველზე შეიმუშავებს საგნის სწავლების ეფექტურ სტრატეგიებსა და სასწავლო რესურსებს და შედეგებს უზიარებს კოლეგებს;

 ე) მენტორი - მასწავლებელი, რომელიც აკმაყოფილებს წამყვანი მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრულ მოთხოვნებს, შეიმუშავებს რეკომენდაციებს სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის, არის სხვა მასწავლებლების კონსულტანტი, ხელმძღვანელობს სტუდენტებისა და დამწყები მასწავლებლების პედაგოგიურ პრაქტიკას;

 ვ) კრედიტქულა - მასწავლებლის პროფესიული მიღწევების გაზომვისა და შეფასების ერთეული;

ზ) საგნის გამოცდა - საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (შემდგომში - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი) მიერ ორგანიზებული გამოცდა;

თ) მასწავლებლის შეფასების ელექტრონული სისტემა (შემდგომში - ელექტრონული სისტემა) - საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ადმინისტრირებული ელექტრონული მონაცემთა ბაზა, რომელიც წარმოადგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის საინფორმაციო სისტემის ნაწილს. ელექტრონული სისტემის საშუალებით, მასწავლებლები განაწილდებიან სქემაში და განხორციელდება მასწავლებლის საქმიანობის შედეგების ელექტრონული აღრიცხვა.

 

მუხლი 3. პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ კრედიტქულების დაგროვების ვადები

1. პრაქტიკოსი მასწავლებელი უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად კრედიტქულებს აგროვებს არა უმეტეს ოთხი წლის განმავლობაში.

2. იმ შემთხვევაში, თუ პრაქტიკოსი მასწავლებელი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ ვერ დააგროვებს უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად აუცილებელ კრედიტქულებს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, გაწყვიტოს მასთან შრომითი ურთიერთობა და გამოაცხადოს ვაკანსია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. გამოცხადებული ვაკანსიის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შევსებამდე, ამ პუნქტით გათვალისწინებულ პირს უფლება აქვს შესაბამის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსით დაიკავოს ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 212 მუხლით გათვალისწინებული მასწავლებლის ერთ-ერთი თანამდებობა.

 

მუხლი 4. უფროსი მასწავლებლის მიერ კრედიტქულების დაგროვების ვადები

1. უფროსი მასწავლებელი უფროსი მასწავლებლის სტატუსის შესანარჩუნებლად კრედიტქულებს აგროვებს ყოველი ოთხი წლის განმავლობაში.

2. უფროსი მასწავლებელი წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად კრედიტქულებს აგროვებს არა უმეტეს ოთხი წლის განმავლობაში.

3. იმ შემთხვევაში, თუ უფროსი მასწავლებელი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში ვერ დააგროვებს სულ მცირე უფროსი მასწავლებლის სტატუსის შესანარჩუნებლად აუცილებელ კრედიტქულებს, უფროსი მასწავლებლის შეფასების შედეგების საფუძველზე, შედგება მასწავლებლის ინდივიდუალური პროფესიული განვითარების არა უმეტეს ერთწლიანი გეგმა. 

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური პროფესიული განვითარების გეგმის შემუშავება ხორციელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლობით.

5. მასწავლებლის ინდივიდუალური პროფესიული განვითარების გეგმის შედგენის მოთხოვნით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს მიმართავს ის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელშიც დასაქმებულია უფროსი მასწავლებელი.

6. მასწავლებლის ინდივიდუალური პროფესიული განვითარების გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებელია უფროსი მასწავლებელი.

7. მასწავლებლის ინდივიდუალური პროფესიული განვითარების გეგმის შედგენის შემთხვევაში, უფროსი მასწავლებელი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ფასდება მასწავლებლის ინდივიდუალური პროფესიული განვითარების გეგმით განსაზღვრულ ვადაში.

8. იმ შემთხვევაში, თუ უფროსი მასწავლებელი მასწავლებლის ინდივიდუალური პროფესიული განვითარების გეგმით განსაზღვრულ ვადაში ვერ დააგროვებს სულ მცირე უფროსი მასწავლებლის სტატუსის შესანარჩუნებლად აუცილებელ კრედიტქულებს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, შეწყვიტოს მასთან შრომითი ურთიერთობა და გამოაცხადოს ვაკანსია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

მუხლი 5. წამყვანი მასწავლებლის მიერ კრედიტქულების დაგროვების ვადები

1. წამყვანი მასწავლებელი წამყვანი მასწავლებლის სტატუსის შესანარჩუნებლად კრედიტქულებს აგროვებს ყოველი ხუთი წლის განმავლობაში.

2. წამყვანი მასწავლებელი მენტორის სტატუსის მისანიჭებლად კრედიტქულებს აგროვებს არა უმეტეს ხუთი წლის განმავლობაში.

3. იმ შემთხვევაში, თუ წამყვანი მასწავლებელი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში ვერ დააგროვებს სულ მცირე წამყვანი მასწავლებლის სტატუსის შესანარჩუნებლად აუცილებელ კრედიტქულებს, მას შეუწყდება წამყვანი მასწავლებლის სტატუსი და მიენიჭება უფროსი მასწავლებლის სტატუსი.

 

მუხლი 6. მენტორის მიერ კრედიტქულების დაგროვების ვადები

1. მენტორი მენტორის სტატუსის შესანარჩუნებლად კრედიტქულებს აგროვებს არა უმეტეს 5 წლის განმავლობაში.

2. იმ შემთხვევაში თუ მენტორი ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში ვერ დააგროვებს მენტორის სტატუსის შესანარჩუნებლად აუცილებელ კრედიტქულებს, მას შეუწყდება მენტორის სტატუსი და მიენიჭება წამყვანი მასწავლებლის სტატუსი.

3. მენტორის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში მენტორის სტატუსის შესანარჩუნებლად აუცილებელი კრედიტქულების დაგროვების შემთხვევაში, მენტორს მენტორის სტატუსი უნარჩუნდება უვადოდ.

 

მუხლი 7. კრედიტქულების დაგროვების ვადის შეჩერება/აღდგენა

1. მასწავლებლის მიერ კრედიტქულების დაგროვების ვადის შეჩერების საფუძველია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასთან მასწავლებლის შრომითი ურთიერთობის შეჩერება/შეწყვეტა.

2. მასწავლებელი კრედიტქულების დაგროვების ვადის შეჩერების განცხადებით მიმართავს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას.

 3. მასწავლებლის მიერ კრედიტქულების დაგროვების ვადის აღდგენის საფუძველია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასა და მასწავლებელს შორის შრომითი ურთიერთობის აღდგენა/ახალი შრომითი ურთიერთობის წარმოშობა.

4. მასწავლებლის მიერ კრედიტქულების დაგროვების ვადა ჩერდება და აღდგება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ბრძანებით. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ განათავსოს ელექტრონულ სისტემაში.

5. მასწავლებელი უფლებამოსილია, მასწავლებლის შეფასების ჯგუფს წარუდგინოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასთან შრომითი ურთიერთობის შეჩერების/შეწყვეტის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომლებიც ექვემდებარება შეფასებას მასწავლებლის შეფასებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

მუხლი 8. ვადების ათვლა

ამ დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით, მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით და მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადების ათვლა იწყება სქემაში კანონმდებლობით დადგენილი წესით მასწავლებლების განაწილების დღიდან.

 

მუხლი 9. გარდამავალი დებულებანი

1. მუსიკისა და სპორტის (ფიზიკური აღზრდის) მასწავლებლებისათვის, ასევე არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სექტორის მასწავლებლებისათვის, რომელთათვისაც საგნის გამოცდის ჩატარებას ამ დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში ვერ უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, ამ დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შედეგი დადგება საჯარო სამართლის იურიდიული პირი - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მათთვის საგნის გამოცდის ჩატარების შემთხვევაში, მათ მიერ საგნის გამოცდის ვერ/არ ჩაბარებისას.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მასწავლებლებისათვის საგნის გამოცდის ჩატარების შემთხვევაში, მათ მიერ საგნის გამოცდის ვერ/არ ჩაბარებამდე მასწავლებლები ინარჩუნებენ პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსს.

3. 2015-2016 სასწავლო წელი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულია მასწავლებლის შეფასების სისტემის პილოტირების წლად, რის გამოც, ამ დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით, მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით და მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაზე დამატებით, სქემით განსაზღვრული სტატუსის მისანიჭებლად/შესანარჩუნებლად მასწავლებელს მიეცემა ერთი წელი.