შრომის პირობების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

შრომის პირობების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 38
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/02/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/02/2015
სარეგისტრაციო კოდი 270000000.10.003.018422
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
38
05/02/2015
ვებგვერდი, 09/02/2015
270000000.10.003.018422
შრომის პირობების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (09/02/2015 - 15/09/2015)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №38

2015 წლის 5 თებერვალი

ქ. თბილისი

 

შრომის პირობების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე და საქართველოს ორგანული კანონის ,,შრომის კოდექსის“ გათვალისწინებით, დამტკიცდეს თანდართული „შრომის პირობების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა“  (შემდგომში - პროგრამა).
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი




შრომის პირობების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა

მუხლი 1.  პროგრამის მიზანი და ამოცანები

1. პროგრამის მიზანია, დაეხმაროს დამსაქმებელს, შექმნას უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემო.

2. პროგრამის ამოცანებია:

ა)  შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის პრევენცია;

ბ) გამოვლენილ დარღვევებზე დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლება, ინფორმირება და კონსულტირება;

გ) იძულებითი შრომის პრევენციის მიზნით, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საფრთხეების შესახებ დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლება;

დ) შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესაბამისი სტანდარტების შემუშავება/გადასინჯვა;

ე) შრომის უსაფრთხოების დაცვის ინსტიტუციონალური რეფორმის საჭიროებების განსაზღვრა.

მუხლი 2. პროგრამის სამიზნე ჯგუფი

1. პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ დამსაქმებლები, რომლებმაც წერილობითი თანხმობა განაცხადეს ამ პროგრამაში ჩართვის შესახებ და დასაქმებულები, რომლებიც მუშაობენ ამ დამსაქმებლებთან.

2. მონიტორინგის განხორციელების ხანგრძლივობა დამოკიდებულია დამსაქმებლის/საქმიანობის სიდიდეზე, მაგრამ ერთ ობიექტზე არა უმეტეს 7 სამუშაო დღისა. დასაბუთებულ შემთხვევებში, აღნიშნული ვადის გახანგრძლივება შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ, იმავე ვადით.

3. შრომის უსაფრთხოების მონიტორინგი ხორციელდება ამ პროგრამის ეფექტურად განხორცილებისა და ზედამხედველობის მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი სამუშაო ჯგუფის ინიციატივით.

4. მონიტორინგის განხორციელების, რიგითობის და ვადების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში, სამინისტროების წარმომადგენლების გარდა, შევლენ სოციალური პარტნიორების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

5. სამუშაო ჯგუფის მიერ დამსაქმებელს 5 სამუშაო დღით ადრე ეგზავნება წერილობითი შეტყობინება მონიტორინგის დაწყების თარიღის შესახებ.

6. ამ პროგრამაში ჩართული დამსაქმებელი მაქსიმალურად ხელს უწყობს მონიტორებს თავიანთი უფლებამოსილების განხორციელებაში (კერძოდ, ობიექტზე დაშვება, თავისუფალი გადაადგილება და დასაქმებულებთან შეხვედრა/გასაუბრება, საჭირო დოკუმენტების და ინფორმაციის წარდგენა). დამსაქმებელი ასევე უფლებამოსილია:

ა)  მოითხოვოს ინფორმაცია მონიტორინგის მიმდინარეობის შესახებ;

ბ) მოითხოვოს სოციალური პარტნიორის წარმომადგენლის დასწრება მონიტორინგის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე;

გ) გაეცნოს მონაცემებს აღმოჩენილი დარღვევების შესახებ;

დ) გაეცნოს მონიტორის მიერ მომზადებულ დასკვნას;

ე) წერილობით დააფიქსიროს შენიშვნები/მოსაზრებები მონიტორინგის განხორციელების პროცესისა და მომზადებული დასკვნის შესახებ;

ვ) მიმართოს მონიტორს რეკომენდაციებისთვის შრომის უსაფრთხოების დაცვის საკითხებთან დაკავშირებით;

ზ) მიმართოს სამუშაო ჯგუფს და შესაბამის ორგანოებს მონიტორის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევაში.

7. მონიტორინგის განხორციელებამ გონივრულ ფარგლებში არ უნდა დაარღვიოს დამსაქმებლის საქმიანობის ჩვეული რიტმი და არ უნდა გააჩეროს მისი საქმიანობა.

მუხლი 3.  პროგრამის ღონისძიებები

1.   პროგრამის ღონისძიებებია:

ა) პროგრამის მე-2 მუხლის  მე-3 პუნქტის მიზნებისთვის სამუშაო ჯგუფის შექმნა;

ბ)  სამიზნე ჯგუფის შერჩევა;

გ) მონიტორინგის განმახორციელებელი პირების (მონიტორების) შერჩევა სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული და  მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული მოთხოვნებისა და შერჩევის წესის შესაბამისად;

დ) დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით მონიტორების ტრენინგი;

ე) არასაჯარო ანგარიშების/დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება და დამსაქმელის ან/და დასაქმებულთა კონსულტირება;

ვ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საფრთხეების შესახებ დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების გატარება;

ზ) სისტემური დარღვევების გამოვლენა და მათი აღმოფხვრის ღონისძიებების ასახვა შესაბამის დოკუმენტში;

თ) ანალიზის საფუძველზე, შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესაბამისი სტანდარტების შემუშავება/გადასინჯვა და საჭიროების შემთხვევაში, საკანონმდებლო წინადადებების მომზადება.

2. მონიტორინგის ჩატარების წესი მტკიცდება  მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროობას და ხელმისაწვდომობას უზრუნველყოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (შემდგომში - სამინისტრო).

4. მონიტორინგის განხორციელების პროცესში მონიტორის მიერ ივსება ანკეტა, რომლის ფორმას შეიმუშავებს სამუშაო ჯგუფი და მტკიცდება  მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

5. მონიტორის მიერ შედგენილი დასკვნა უნდა შეიცავდეს:

ა) ინფორმაციას ობიექტის შესახებ (სახელწოდება, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია, ინფორმაცია ხელმძღვანელის/წარმომადგენლის შესახებ, საქმიანობის სფერო);

ბ) ინფორმაციას მონიტორინგის განმახორციელებელი პირ(ებ)ის შესახებ;

გ) ინფორმაციას მონიტორინგის ჩატარების პერიოდის შესახებ;

დ) ინფორმაციას ხელისშემშლელი ფაქტორების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) ინფორმაციას აღმოჩენილი დარღვევების შესახებ არსებული შესაბამისი სტანდარტებისა და რეგლამენტების მითითებით;

ვ) რეკომენდაციებს მათი აღმოფხვრის შესახებ;

ზ) მონიტორ(ებ)ის ხელმოწერასა და თარიღს;

თ) დამსაქმებლის უფლებამოსილი ხელმძღვანელი პირის ხელმოწერას.

6. მონიტორის მიერ შედგენილ დასკვნას თან  უნდა ერთვოდეს დამსაქმებლის წერილობითი შენიშვნები/მოსაზრებები მონიტორინგის განხორციელების პროცესის და მომზადებული დასკვნის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

მუხლი 4. პროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსების წყარო

1. პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1.000.000 ლარით.

2. პროგრამის (მათ შორის, პროგრამის ადმინისტრირების ხარჯების) დაფინანსების წყაროა „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით ,,შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმების“ პროგრამისათვის (პროგრამული კოდი - 35 05) გათვალისწინებული ასიგნება.

მუხლი 5. პროგრამის შესრულების ინდიკატორები

პროგრამის შესრულების ინდიკატორებია:

ა) პროგრამაში ჩართულ დამსაქმებელთა და მათ მიერ დასაქმებული მუშაკების რაოდენობა;

ბ) შრომის უსაფრთხოების დაცვის ინსტიტუციონალური რეფორმისთვის მომზადებული კადრების რაოდენობა;

გ)  გამოვლენილი დარღვევების სტატისტიკური და თემატური ანალიზი;

დ) შენიშვნები, რეკომენდაციები და საჭიროების შემთხვევაში, საკანონმდებლო ინიციატივები.

მუხლი 6. პროგრამის განმახორციელებელი

1. პროგრამის განმახორციელებელია  სამინისტროს ცენტრალური აპარატი.

2. ამ პროგრამით განსაზღვრული მონიტორის ან სხვა მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.