დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19-58 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 22/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260050.35.101.016076 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (24/12/2014 - 27/04/2016)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ“, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
1.
დამტკიცდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება, დანართის შესაბამისად. |
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის N1-1 გადაწყვეტილება. |
3.
დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომში - თბილისი) მერიის დებულება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად განსაზღვრავს თბილისის მერიის (თბილისის მერი, თბილისის მთავრობა, თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულები და ტერიტორიული ორგანოები) უფლებამოსილებებს, სტრუქტურასა და საქმიანობის წესს. |
თავი I
ზოგადი დებულებები |
მუხლი 1.
თბილისის მერია |
1. თბილისის მერია არის იერარქიული დაქვემდებარების პრინციპით აგებული თბილისის აღმასრულებელი ორგანოების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს თბილისის აღმასრულებელ-განმკარგულებელ საქმიანობას.
2. თბილისის მერია მოიცავს: ა) ცენტრალურ ორგანოებს: თბილისის მერს, თბილისის მთავრობას, თბილისის მერიის სტრუქტურულ ერთეულებს; ბ) ტერიტორიულ ორგანოებს - თბილისის რაიონების გამგეობებს. 3. თბილისის მერიის ცენტრალური ორგანოები, როგორც წესი, უზრუნველყოფენ საქართველოს კანონმდებლობისა და ამ დებულებით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში საქალაქო პოლიტიკის შემუშავებას, თბილისის განვითარების სტრატეგიისა და პროგრამების მომზადებას, მათ განხორციელების კოორდინაციას და შესრულების ზედამხედველობას. 4. თბილისის მერიის ტერიტორიული ორგანოები შესაბამის ტერიტორიაზე, როგორც წესი, უზრუნველყოფენ საქართველოს კანონმდებლობისა და ამ დებულებით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელებას, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა (შემდგომში - საკრებულო) და თბილისის მერიის ცენტრალურ ორგანოთა მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას. |
მუხლი 2.
თბილისის მერიის საქმიანობის ძირითადი პრინციპები |
თბილისის მერიის საქმიანობის ძირითადი პრინციპებია:
ა) კანონიერება - მერიის საქმიანობა ხორციელდება კანონის საფუძველზე, კანონის შესაბამისად და კანონით დადგენილ ფარგლებში; ბ) საჯაროობა - მერიის საქმიანობა ეფუძნება მოსახლეობის ინტერესებისა და აზრის გათვალისწინებას და უზრუნველყოფს როგორც მიღებული გადაწყვეტილებების დადგენილი წესით გამოქვეყნებასა და მათ ხელმისაწვდომობას, ასევე გადაწყვეტილების მომზადების, განხილვის, მიღების, აღსრულებისა და აღსრულებაზე კონტროლის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობას; გ) მიუკერძოებლობა და სისრულე - მერიის სისტემაში შემავალი ორგანოები და თანამდებობის პირები გადაწყვეტილების მიღებისას ვალდებულნი არიან გამოიკვლიონ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღონ ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე; დ) საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობა - მერიის სისტემაში შემავალი ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობა ეფუძნება საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი გადაწყვეტილებებიდან ყველაზე მისაღები გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებას; ე) ადგილობრივი ხელისუფლების ერთიანობა - მერიის საქმიანობა ეფუძნება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ურთიერთთანამშრომლობას და კოლეგიალობას; ვ) იერარქიულობა - მერიის სისტემაში შემავალი ორგანოები და თანამდებობის პირები არიან იერარქიულ დაქვემდებარებაში. ზემდგომის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და დავალება სავალდებულოა შესასრულებლად ქვემდგომი ორგანოსა და თანამდებობის პირისათვის. |
მუხლი 3.
თბილისის მერიის ცენტრალური ორგანოების სტრუქტურა |
თბილისის მერიის ცენტრალური ორგანოებია:
ა) თბილისის მერი - თბილისის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო, რომელიც არის თბილისის მერიისა და თბილისის მთავრობის ხელმძღვანელი; ბ) თბილისის მთავრობა - კოლეგიური აღმასრულებელი ორგანო, რომელიც შედგება: თბილისის მერის, მისი პირველი მოადგილის (ვიცე-მერის) და მოადგილეების, თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისგან (გარდა თბილისის მერიის სისტემაში შემავალი, კონტროლისა და ზედამხედველობის განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისა) და თბილისის რაიონების გამგებლებისგან; გ) თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულებია: გ.ა) თბილისის მერიის ადმინისტრაცია; გ.ბ) თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახური; გ.გ) თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური; გ.დ) თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახური; გ.ე) თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახური; გ.ვ) თბილისის მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახური; გ.ზ) თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახური; გ.თ) თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახური; გ.ი) თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური; გ.კ) თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური; გ.ლ) თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახური; გ.მ) თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური; გ.ნ) თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური; გ.ო) თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური. |
მუხლი 4.
თბილისის მერიის ტერიტორიული ორგანოები |
1. თბილისის მერიის ტერიტორიული ორგანოები იქმნება თბილისის ადმინისტრაციულ ერთეულებში - თბილისის რაიონებში.
2. თბილისის ადმინისტრაციული ერთეულის შექმნისა და გაუქმების, მისი საზღვრების დადგენისა და შეცვლის შესახებ დადგენილებებს თბილისის მერის ან საკრებულოს წევრთა არანაკლებ ერთი მესამედის წარდგინებით, საკრებულოს სრული შემადგენლობის უმრავლესობით იღებს თბილისის საკრებულო. 3. თბილისის ადმინისტრაციული ერთეულები - თბილისის რაიონებია: გლდანის, დიდუბის, ვაკის, ისნის, კრწანისის, მთაწმინდის, ნაძალადევის, საბურთალოს, სამგორის და ჩუღურეთის რაიონი. |
მუხლი 5.
თბილისის მერიის სამუშაო და საქმისწარმოების ენა |
თბილისის მერიის სამუშაო და საქმისწარმოების ენაა საქართველოს სახელმწიფო ენა. |
მუხლი 6.
თბილისის მერიის ადგილსამყოფელი |
1. თბილისის მერისა და თბილისის მთავრობის ადგილსამყოფელია - ქალაქი თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7.
2. თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულების ადგილსამყოფელი განისაზღვრება სტრუქტურული ერთეულის დებულებით. 3. თბილისის მერიის ტერიტორიული ორგანოების ადგილსამყოფელია: ა) თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგეობა - ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი 65; ბ) თბილისის დიდუბის რაიონის გამგეობა - ქ. თბილისი, რობაქიძის გამზირი 2; გ) თბილისის გლდანის რაიონის გამგეობა - ქ. თბილისი, დ. სარაჯიშვილის ქ. 1გ; დ) თბილისის ისნის რაიონის გამგეობა - ქ. თბილისი, ნავთლუღის 8_1; ე) თბილისის კრწანისის რაიონის გამგეობა - ქ. თბილისი, გორგასლის ქ. 115; ვ) თბილისის მთაწმინდის რაიონის გამგეობა - ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. 48; ზ) თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგეობა - ქ. თბილისი, გურამიშვილის გამზირი N16 კორპუსის მიმდებარე; თ) თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობა - ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის ქ.29; ი) თბილისის სამგორის რაიონის გამგეობა - ქ. თბილისი, ნავთლუღის 8_1; კ) თბილისის ვაკის რაიონის გამგეობა - ქ. თბილისი, მ. თამარაშვილის ქ. N10ა. |
თავი II
თბილისის მერი |
მუხლი 7.
თბილისის მერი |
1. თბილისის მერი არის თბილისის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო და უმაღლესი თანამდებობის პირი. თბილისის მერი ხელმძღვანელობს თბილისის მერიას და თბილისის მთავრობას.
2. თბილისის მერი პასუხისმგებელია და უფლებამოსილებას იხსნის თბილისის საკრებულოსა და მოსახლეობის წინაშე. 3. თბილისის მერისთვის უნდობლობის გამოცხადების, მისი თანამდებობრივი შეუთავსებლობის და უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“. |
მუხლი 8.
თბილისის მერის უფლებამოსილებანი |
1. თბილისის მერი, თბილისის მერიის ორგანიზაციული საქმიანობის მიზნით:
ა) საერთო ხელმძღვანელობასა და კოორდინაციას უწევს თბილისის მერიის და თბილისის მთავრობის საქმიანობას; ბ) იწვევს და თავმჯდომარეობს თბილისის მთავრობის სხდომებს; გ) თბილისის საკრებულოს თანხმობით თანამდებობებზე ნიშნავს თბილისის მთავრობის წევრებს; იღებს გადაწყვეტილებას თბილისის მთავრობის წევრების თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ; დ) ანაწილებს ფუნქციებს თბილისის მერის მოადგილეებს შორის; ე) თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს თბილისის მერიის დებულებას და თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს, თბილისის რაიონის გამგეობისა და თბილისის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ტიპურ დებულებებს; ვ) თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს თბილისის მერიისა და თბილისის რაიონის გამგეობის საშტატო ნუსხებს; ზ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოსამსახურეებს; თ) თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს თბილისის მერიის თანამდებობის პირთა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობებს; ი) უნაწილებს ფუნქციებს თბილისის მერიის მოსამსახურეებს; დავალებებს აძლევს თბილისის მერიის თანამდებობის პირებს და ისმენს მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ; კ) იღებს გადაწყვეტილებებს თბილისის მერიის მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ლ) ამტკიცებს თბილისის მერიის შინაგანაწესს და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ ინსტრუქციებს; მ) მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული ცალკეული საკითხების შესასწავლად ქმნის საკონსულტაციო-სათათბირო ორგანოებს − საბჭოებს და სამუშაო ჯგუფებს; განსაზღვრავს მათ შემადგენლობას და ამტკიცებს საკონსულტაციო-სათათბირო ორგანოების საქმიანობის მარეგულირებელ დოკუმენტებს (დებულებები, სამუშაო გეგმები, ინსტრუქციები და ა.შ.); ნ) გამოსცემს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტს - ბრძანებას; ო) ხელს აწერს თბილისის მთავრობის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; პ) ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით ახორციელებს თბილისის მერიის თანამდებობის პირებზე უფლებამოსილებების დელეგირებას. 2. თბილისის მერი, თბილისის განვითარების დაგეგმვის მიზნით: ა) ხელმძღვანელობს თბილისის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, მათი განხორციელების სამოქმედო გეგმების და მუნიციპალური პროგრამების პროექტების მომზადებასა და შეთანხმებას. წარუდგენს მათ თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად; ბ) ხელმძღვანელობს თბილისის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების მომზადებას და წარუდგენს მათ თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად; გ) ხელმძღვანელობს პრიორიტეტების დოკუმენტის, თბილისის ბიუჯეტის პროექტის და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მომზადებას; თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს პრიორიტეტების დოკუმენტს, თბილისის ბიუჯეტის და ბიუჯეტში შესატანი ცვლილების პროექტებს და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს; დ) საერთო ხელმძღვანელობას უწევს მუნიციპალიტეტის შესყიდვების გეგმის პროექტის მომზადებას; საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს შესყიდვებს. 3. თბილისის მერი, თბილისის საკრებულოსთან ურთიერთობის სფეროში: ა) უფლებამოსილია დაესწროს თბილისის საკრებულოს და თბილისის საკრებულოს კომისიების ღია და დახურულ სხდომებს; ბ) შეიმუშავებს და თბილისის საკრებულოს მისაღებად წარუდგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებს; გ) თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართავს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ წინადადებით; თბილისის საკრებულოს მორიგ სხდომაზე შეაქვს დამატებით განსახილველი საკითხი; დ) თბილისის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით უფლებამოსილია მიმართოს საკრებულოს აუცილებლობის მოთხოვნით საკითხის ხელახლა განხილვის შესახებ; ე) თბილისის საკრებულოს წელიწადში ერთხელ მაინც, თბილისის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით წარუდგენს ანგარიშს თბილისის მთავრობისა და მის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ, აგრეთვე თბილისის საკრებულოს წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის მოთხოვნით საკრებულოს წარუდგენს რიგგარეშე ანგარიშს. 4. თბილისის მერი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მიზნით: ა) უფლებამოსილია წარმოადგინოს თბილისი და თბილისის მთავრობა, იმოქმედოს მათი სახელით ოფიციალური ურთიერთობებისას, განახორციელოს სხვა წარმომადგენლობითი ფუნქციები, მუნიციპალიტეტის სახელით მიანიჭოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები, მათ შორის, რწმუნებები (მინდობილობები), გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ბ) ხელს აწერს მუნიციპალიტეტისა და თბილისის მთავრობის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს; გ) მიმართავს თბილისის მოსახლეობას, აწყობს მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრებს და მოქალაქეთა მიღებას; დ) ანიჭებს თბილისის საპატიო წოდებებს და ჯილდოებს. 5. თბილისის მერი ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის, ამ დებულებისა და საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილ სხვა უფლებამოსილებებს. 6. თბილისის მერი უფლებამოსილია მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მოახდინოს თბილისის მერიის თანამდებობის პირებისათვის უფლებამოსილების დელეგირება, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ , „დ“ და ,,ლ“ ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლეაბამოსილებისა, აგრეთვე იმ უფლებამოსილებებისა, რომლებიც საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’ შესაბამისად თბილისის საკრებულოს მიერ დამტკიცებას ან თანხმობის მიცემას საჭიროებს. 7. თბილისის მერის მიერ თბილისის მერიის თანამდებობის პირზე უფლებამოსილებათა დელეგირება შეიძლება იყოს ერთჯერადი ხასიათის, განსაზღვრული ვადით ან უვადოდ (არა უმეტეს მერის უფლებამოსილების ვადისა) გაცემული. თბილისის მერი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს გააუქმოს თანამდებობის პირზე უფლებამოსილების დელეგირება. |
მუხლი 9.
თბილისის მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი) და მოადგილეები |
1. თბილისის მერს ჰყავს პირველი მოადგილე (ვიცე-მერი) და არაუმეტეს 4 მოადგილე.
2. თბილისის მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი) ასრულებს თბილისის მერის მოვალეობას თბილისის მერის არყოფნის, ასევე კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 3. თბილისის მერის პირველ მოადგილეს (ვიცე-მერს) და თბილისის მერის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს თბილისის მერი საკრებულოს თანხმობით საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’ 76-ე მუხლით დადგენილი წესით. თბილისის მერის პირველ მოადგილეს (ვიცე-მერს) და მოადგილეებს თანამდებობიდან ათავისუფლებს თბილისის მერი. 4. თბილისის მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი) და მოადგილეები თბილისის მერის მიერ ფუნქციათა განაწილების შესაბამისად: ა) ხელმძღვანელობენ თბილისის მერის კომპეტენციას მიკუთვნებულ დარგებს; ბ) ამზადებენ და თბილისის მერს წარუდგენენ დასკვნებსა და რეკომენდაციებს შესაბამის დარგებში გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ; გ) სფეროების მიხედვით კოორდინაციას უწევენ თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების, ასევე თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობას; დ) შესაბამისი სფეროების მიხედვით ორგანიზაციას უწევენ და აკონტროლებენ თბილისის მერის, თბილისის საკრებულოს და თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებების შესრულებას; ე) ასრულებენ თბილისის მერის ცალკეულ დავალებებს. 5. თბილისის მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი) და მოადგილეები ანგარიშვალდებულნი არიან თბილისის მერის წინაშე. 6. თბილისის მერის პირველი მოადგილის (ვიცე-მერის) და მოადგილეების თანამდებობრივი შეუთავსებლობის, მათი უფლებამოსილებების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“. |
თავი III
თბილისის მთავრობა |
მუხლი 10.
თბილისის მთავრობა |
1. თბილისის მთავრობა არის კოლეგიური აღმასრულებელი ორგანო, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს საკრებულოს გადაწყვეტილებათა აღსრულებას.
2. თბილისის მთავრობა შედგება თბილისის მერის, მისი პირველი მოადგილის (ვიცე-მერის) და მოადგილეების, თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისგან (გარდა თბილისის მერიის სისტემაში შემავალი, კონტროლისა და ზედამხედველობის განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისა) და თბილისის რაიონების გამგებლებისგან. 3. თბილისის მთავრობის სხდომებს იწვევს და თავმჯდომარეობს თბილისის მერი ან თბილისის მერის დავალებით − თბილისის მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი) ან ერთ-ერთი მოადგილე. 4. თბილისის მთავრობის სხდომების ჩატარებისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება თბილისის მთავრობის რეგლამენტით. |
მუხლი 11.
თბილისის მთავრობის უფლებამოსილებანი |
1. თბილისის მთავრობა ორგანიზაციული საქმიანობისა და თბილისის განვითარების დაგეგმვის მიზნით:
ა) კოორდინაციას უწევს თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და თბილისის რაიონების გამგეობების საქმიანობას; ბ) დავალებებს აძლევს თბილისის მთავრობის წევრებს მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული საკითხების მომზადებისა და გადაწყვეტის მიზნით; ისმენს მათ ანგარიშებს შესრულების მიმდინარეობის შესახებ; გ) კოორდინაციას უწევს თბილისის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, მათი განხორციელების სამოქმედო გეგმების და მუნიციპალური პროგრამების, თბილისის სივრცით-ტერიტორიული დოკუმენტების, პრიორიტეტების დოკუმენტის და თბილისის ბიუჯეტის პროექტების მომზადებისა და შეთანხმების პროცესს; ისმენს თბილისის მთავრობის წევრთა ინფორმაციას და ანგარიშებს დაგეგმვის დოკუმენტების მომზადების მიმდინარეობის შესახებ; განიხილავს მომზადების პროცესში წამოჭრილ პრობლემებს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს; დ) კოორდინაციას უწევს და უზრუნველყოფს დამტკიცებული დაგეგმვის დოკუმენტების შესრულებას; საჭიროების შემთხვევაში ამზადებს წინადადებებს ამ დოკუმენტებში ცვლილების შეტანის შესახებ, ადგენს მათი შესრულების ანგარიშს და უზრუნველყოფს მის საჯაროობას; ე) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, თბილისის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით თბილისის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილების შეუტანლად იღებს გადაწყვეტილებას მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების შესახებ; ვ) მუნიციპალიტეტის სახელითა და თბილისის საკრებულოს თანხმობით, საქართველოს საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესით იღებს სესხს; ზ) განიხილავს და თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კანონით განსაზღვრული ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღების, ცვლილებისა და გაუქმების შესახებ დადგენილებების პროექტებს; თ) განიხილავს და თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის მიერ წლის განმავლობაში განსახორციელებელი შესყიდვების გეგმას; ი) განიხილავს და ამტკიცებს თბილისის მთავრობის, თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და თბილისის მერიის ტერიტორიული ორგანოების სამუშაო გეგმებს; კ) უზრუნველყოფს თბილისის მერიის საქმიანობის დაგეგმვისათვის საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და განახლებას; ამტკიცებს სტატისტიკური ინფორმაციის ფორმებსა და განახლების პერიოდულობას; ლ) მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ცალკეული საკითხების შესასწავლად, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად ქმნის საბჭოებს, კომისიებს და სხვა საკონსულტაციო ორგანოებს; განსაზღვრავს მათ პერსონალურ შემადგენლობას და ამტკიცებს საკონსულტაციო ორგანოების საქმიანობის მარეგულირებელ დოკუმენტებს (დებულებები, სამუშაო გეგმები და ა.შ.); მ) გამოსცემს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტს - განკარგულებას. 2. თბილისის მთავრობა მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის სფეროში: ა) საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა’’ და საკრებულოს მიერ დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ; ბ) თბილისის საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებებს: კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ; კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფუძნებაში მონაწილეობისა და მათში გაწევრების შესახებ; მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს კაპიტალში ცვლილების შესახებ; სამეწარმეო იურიდიული პირის წილის/აქციების შეძენის შესახებ; გ) თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ წინადადებებს, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდებას (დებულებას); დ) საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით’’ გათვალისწინებულ შემთხვევებში, თბილისის საკრებულოს თანხმობით, იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის მოძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გაცემის შესახებ; ე) თბილისის საკრებულოს თანხმობით წყვეტს უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გაცემის საკითხს; ვ) თბილისის საკრებულოს თანხმობით უფლებამოსილია გადაწყვიტოს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის/სარგებლობის უფლებით მიმღების/მართვის უფლებით მიმღების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისთვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან განთავისუფლების საკითხი; ზ) თბილისის საკრებულოს თანხმობით უფლებამოსილია გადაწყვიტოს პრივატიზებული ან/და სარგებლობის უფლებით გაცემული ქონების მიმღების ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების) შესრულების ვალდებულებისგან განთავისუფლების საკითხი, გარდა ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული პირობებისა; თ) საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, თბილისის საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისების შესახებ; ი) საერთო კოორდინაციას უწევს და უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ქონების მოვლა-პატრონობას, მშენებლობას, რეკონსტრუქციასა და აღდგენას; ისმენს შესაბამისი სტრუქტურული ერთულებისა და ტერიტორიული ორგანოების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ; კ) განიხილავს და თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმას; ლ) ახორციელებს საერთო კონტროლს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ მათთვის სარგებლობის უფლებით გადაცემული მუნიციპალიტეტის ქონების გამოყენებისა და ქონებით სარგებლობის წესების დაცვაზე; ისმენს შესაბამისი სტრუქტურული ერთულებისა და ტერიტორიული ორგანოების ანგარიშს მათ მიერ ჩატარებული მონიტორინგის თაობაზე; მ) მუნიციპალიტეტის ქონების პირობებიანი აუქციონის ფორმით განკარგვის შემთხვევაში ახორციელებს საერთო კონტროლს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ შესაბამისი პირობების შესრულებაზე; ისმენს შესაბამისი სტრუქტურული ერთულებისა და ტერიტორიული ორგანოების ანგარიშს მათ მიერ ჩატარებული მონიტორინგის თაობაზე. 3. თბილისის მთავრობა საქალაქო მეურნეობის, საქალაქო ტრანსპორტისა და მშენებლობის რეგულირების სფეროში: ა) განიხილავს და თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასს, ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესებს; ბ) ადგენს და თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M2 და M3 კატეგორიები) მოძრაობის მარშრუტებს; გ) ადგენს და თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას დედაქალაქის ტერიტორიაზე შემომავალი ავტობუსების (M2 და M3 კატეგორიები) მოძრაობის მარშრუტებს; დ) გასცემს ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვას; ე) შეიმუშავებს და თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს წინადადებებს დედაქალაქში ისტორიულ-კულტურული, სარეკრეაციო, სამრეწველო, სავაჭრო და სხვა სპეციალური დანიშნულების ზონების გამოყოფის, ქალაქის გენერალური გეგმით განსაზღვრულ ზონებში მიწათსარგებლობის და საცხოვრებელ, სოციალურ-კულტურულ, სამრეწველო-საინჟინრო ინფრასტრუქტურისა და სატრანსპორტო ქსელების მშენებლობის დადგენილი ნორმებისა და წესების შესახებ; ახორციელებს საერთო ზედამხედველობას ამ წესების დაცვაზე, ისმენს შესაბამისი სტრუქტურული ერთულებისა და ტერიტორიული ორგანოების ანგარიშს; ვ) შეიმუშავებს და თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მშენებლობის ნებართვის ელექტრონული ფორმით გაცემისა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობის წესებს; განიხილავს შესაბამისის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების ანგარიშებს თბილისში მიმდინარე მშენებლობების, მშენებლობაზე ზედამხედველობის განხორციელებისა და მშენებლობის პროცესში არსებული დარღვევებისა და პრობლემების შესახებ; ზ) თბილისის განვითარების სტრატეგიიდან გამომდინარე შეიმუშავებს საქალაქო მეურნეობის, თბილისის კეთილმოწყობის, ნარჩენების მართვის, ინფრასტრუქტურის ობიექტების რეაბილიტაციისა და განვითარების პროგრამებს; აკონტროლებს თბილისის საკრებულოს მიერ დამტკიცებული პროგრამების შესრულების მიმდინარეობას; ისმენს თბილისის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთულების, ტერიტორიული ორგანოებისა და მერიისადმი დაქვემდებარებული დაწესებულებების ანგარიშს პროგრამების შესრულების მიმდინარეობის შესახებ; თ) შეიმუშავებს და თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს თბილისის ტერიტორიაზე მიწისა და სხვა ბუნებრივი რესურსების გამოყენების, დაცვისა და კონტროლის, მიწის იჯარის ოდენობის, მისი გაანგარიშებისა და გადახდის წესებს; ი) შეიმუშავებს და თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს წინადადებებს დედაქალაქში გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების ფუნქციონირების რეგულირების შესახებ; კოორდინაციას უწევს დადგენილი წესების დაცვას. 4. თბილისის მთავრობა განათლების, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სფეროში: ა) შეიმუშავებს და თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს თბილისის სოციალური პოლიტიკის ძირითად მიმართულებს; უზრუნველყოფს მათი რეალიზაციის კოორდინაციას; ბ) შეიმუშავებს და თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მოსახლეობის სოციალური დაცვისა და დასაქმების საქალაქო პროგრამების პროექტებს; უზრუნველყოფს დამტკიცებულ პროგრამათა შესრულებას; გ) შეიმუშავებს და თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს განათლების, სკოლამდელი აღზრდის, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების საქალაქო პროგრამების პროექტებს; უზრუნველყოფს დამტკიცებულ პროგრამათა შესრულებას; დ) შეიმუშავებს და თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს თბილისის სოციალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და განვითარების საქალაქო პროგრამებს; უზრუნველყოფს დამტკიცებულ პროგრამათა შესრულებას. 5. თბილისის მთავრობა ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის, ამ დებულებისა და თბილისის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილ სხვა უფლებამოსილებებს. 6. თბილისის მთავრობის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს - თბილისის მთავრობის განკარგულებას ხელს აწერს თბილისის მერი. |
მუხლი 12.
თბილისის მთავრობის რეგლამენტი |
1. თბილისის მთავრობის რეგლამენტით განისაზღვრება თბილისის მთავრობის სხდომის მომზადების, მოწვევის, წარმართვის, თბილისის მთავრობის სხდომაზე საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი, აგრეთვე, თბილისის მთავრობის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა პროცედურული და საორგანიზაციო საკითხები.
2. თბილისის მთავრობის რეგლამენტს თბილისის მთავრობის წარდგინებით ამტკიცებს თბილისი საკრებულო. |
თავი IV
თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულები და ტერიტორიული ორგანოები |
მუხლი 13.
თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეული |
1. თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულები იქმნება თბილისის მთავრობის უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული სოციალურ-ეკონომიკური დარგების მართვისა და თბილისის მერიის საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით.
2. სოციალურ-ეკონომიკური დარგების მართვის მიზნით შექმნილი სტრუქტურული ერთეულები უზრუნველყოფენ შესაბამის სფეროებში მუნიციპალური პოლიტიკის დაგეგმვას, მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას; კოორდინაციას უწევენ თბილისის რაიონის გამგეობების შესაბამისი სამსახურების, შესაბამის სფეროებში მოქმედი მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებების საქმიანობას. 3. თბილისის მერიის საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი სტრუქტურული ერთეულები ახდენენ თბილისის მერიის თანამდებობის პირებისა და მერიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ორგანიზაციულ, იურიდიულ, დოკუმენტურ, საინფორმაციო და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას. 4. თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულები იქმნება თბილისის მერიის დებულებით ან მასში შესაბამისი ცვლილებით. 5. თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილება და სტრუქტურა განისაზღვრება სტრუქტურული ერთეულის დებულებით, რომელსაც თბილისის მერის წარდგინებით ამტკიცებს თბილისის საკრებულო. 6. თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას ზედამხედველობასა და კოორდინაციას უწევს თბილისის მერი და მერის მოადგილე, თბილისის მერის მიერ მოადგილეებს შორის განაწილებული ფუნქციების შესაბამისად. |
მუხლი 14.
თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი |
1. თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს თბილისის საკრებულოს თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს თბილისის მერი. თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობიდან განთავისუფლების საკითხს წყვეტს თბილისის მერი. თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პასუხისმგებელია და უფლებამოსილებას იხსნის თბილისის მერის წინაშე.
2. თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი: ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის; ბ) უნაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს; გ) თბილისის მერს/მერის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; ე) თბილისის მერს/მერის მოადგილეს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ვ) თბილისის მერს/მერის მოადგილეს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ; ზ) თბილისის მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. 3. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი და მერის მოადგილე. 4. თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობრივი შეუთავსებლობის, აგრეთვე უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები წესრიგდება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ . |
მუხლი 15.
თბილისის რაიონის გამგეობა |
1. თბილისის ადმინისტრაციულ ერთეულში − რაიონში იქმნება თბილისის მერიის ტერიტორიული ორგანო − თბილისის რაიონის გამგეობა (შემდგომ − რაიონის გამგეობა).
2. რაიონის გამგეობის სტრუქტურა და უფლებამოსილება განისაზღვრება რაიონის გამგეობის ტიპური დებულებით. 3. რაიონის გამგეობის საშტატო ნუსხას, თანამდებობრივ სარგოებსა და ტიპურ დებულებას თბილისის მერის წარდგინებით ამტკიცებს თბილისის საკრებულო. 4. თბილისის მერიის ტერიტორიული ორგანოების საქმიანობას ზედამხედველობასა და კოორდინაციას უწევს თბილისის მერი და მერის მოადგილე, მერის მიერ მოადგილეებს შორის განაწილებული ფუნქციების შესაბამისად. |
მუხლი 16.
რაიონის გამგებელი |
1. რაიონის გამგეობის ხელმძღვანელია რაიონის გამგებელი, რომელსაც თბილისის საკრებულოს თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს თბილისის მერი. რაიონის გამგებლის თანამდებობიდან განთავისუფლების საკითხს წყვეტს თბილისის მერი.
2. რაიონის გამგებელი უძღვება რაიონის გამგეობის საქმიანობას, უზრუნველყოფს რაიონის მართვას, კოორდინაციას უწევს თბილისის მერისა და თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებათა შესრულებას. 3. რაიონის გამგებელი თანამდებობრივად შედის თბილისის მთავრობის შემადგენლობაში. 4. რაიონის გამგებელი: ა) უნაწილებს ფუნქციებს რაიონის გამგეობის წევრებს; ბ) თავმჯდომარეობს რაიონის გამგეობის სხდომებს; გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რაიონის გამგეობის თანამდებობის პირებსა და რაიონის გამგეობის სხვა მოსამსახურეებს; დ) უზრუნველყოფს თბილისის საკრებულოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას; ე) თბილისის მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს წარუდგენს საბიუჯეტო განაცხადს; ვ) ხელს აწერს რაიონის გამგეობის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს; წარმოადგენს რაიონის გამგეობას და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალური ურთიერთობებისას, ასრულებს სხვა წარმომადგენლობით ფუნქციებს, ახორციელებს შესყიდვებს საქართველოს კანონმდებლობისა და თბილისის ნორმატიული აქტების შესაბამისად; ზ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; თ) მონაწილეობს საქართველოს დედაქალაქის პრიორიტეტების დოკუმენტისა და თბილისის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებაში; ი) პასუხისმგებელია რაიონისთვის თბილისის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების შესაბამისად გადახდების განხორციელებისათვის; კ) ამზადებს ინფორმაციას თბილისის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების შესრულების შესახებ და წარუდგენს თბილისის მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს; ლ) ახორციელებს საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და თბილისის მერიის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 5. რაიონის გამგებლის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს თბილისის მერი და მერის მიერ განსაზღვრული მოადგილე. 6. რაიონის გამგებლის თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობრივი შეუთავსებლობის, უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით’’. |
მუხლი 17.
თბილისის მერიის საფინანსო კონტროლისა და ზედამხედველობის ორგანო |
1. თბილისის ორგანოების საქმიანობის შიდა აუდიტს და ინსპექტირებას ახორციელებს თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მორიტორინგის საქალაქო სამსახური, რომლის ხელმძღვანელს სრული შემადგენლობის უმრავლესობით, თბილისის საკრებულოს უფლებამოსილების ვადით ირჩევს თბილისის საკრებულო.
2. თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახური „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ დებულებისა და სამსახურის დებულების შესაბამისად უზრუნველყოფს შიდა კონტროლის სისტემის დანერგვას და ფუნქციონირებას სამსახურის დებულებით განსაზღვრული სუბიექტების საქმიანობის სრულყოფის, ფინანსების მართვის გაუმჯობესების, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით. 3. თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახური ფუნქციურად დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში, ანგარიშვალდებულია თბილისის მერის წინაშე და „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში მოქმედებს შიდა კონტროლთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭოსთან კოორდინირებულად. 4. თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს სამსახურის სტრატეგიული და წლიური გეგმების შესაბამისად, რომელთაც სამსახურის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს თბილისის მერი. |
თავი V
თბილისის მერიის საქმიანობის დაგეგმვა |
მუხლი 18.
თბილისის მთავრობის, თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების სამუშაო გეგმები |
1. თბილისის მერია თავის საქმიანობას წარმართავს თბილისის მთავრობის, თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების სამუშაო გეგმების საფუძველზე. სამუშაო გეგმა წარმოადგენს ორგანიზაციულ დოკუმენტს, რომლითაც დასაგეგმ პერიოდში განისაზღვრება განსახორციელებელ სამუშაოთა ნუსხა და ვადები.
2. სამუშაო გეგმის ფორმებს და გეგმის შედგენის პერიოდულობას განსაზღვრავს თბილისის მთავრობა. 3. თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების სამუშაო გეგმა უნდა შეესაბამებოდეს თბილისის მთავრობის სამუშაო გეგმას. 4. სამუშაო გეგმებს დასაგეგმი პერიოდის დაწყებამდე ორი კვირით ადრე მაინც ამტკიცებს თბილისის მთავრობა. |
მუხლი 19.
თბილისის მერიის მოხელის სამუშაო გეგმა |
1. თბილისის მერიის მოხელის სამუშაო გეგმა მზადდება თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულის/ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის დავალებით.
2. თბილისის მერიის მოხელის სამუშაო გეგმა უნდა შეესაბამებოდეს თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულის/ტერიტორიული ორგანოს სამუშაო გეგმას და მოხელის თანამდებობრივ ინსტრუქციას. 3. თბილისის მერიის მოხელის სამუშაო გეგმას შეიმუშავებს მოხელე და ამტკიცებს თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულის/ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი. 4. თბილისის მერიის მოხელის სამუშაო გეგმის შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულის/ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი. |
მუხლი 20.
სამუშაო გეგმის შესრულების ანგარიში |
1. სამუშაო გეგმის შესრულების ანგარიშის წარდგენა ხორციელდება სამუშაო გეგმით დადგენილი პერიოდის (საანგარიშგებო პერიოდი) დასრულებისას ან უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მოთხოვნისას, ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადებში წერილობითი ანგარიშის წარდგენით.
2. ანგარიშის წარდგენა ხორციელდება შემდეგ ვადებში: ა) თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულის ანგარიში თბილისის მთავრობას წარედგინება საანგარიშგებო პერიოდის დასრულებიდან ან თბილისის მთავრობის მოთხოვნიდან არა უგვიანეს ერთი კვირის ვადაში; ბ) თბილისის მერიის მოხელის ანგარიში ზემდგომ თანამდებობის პირს წარედგინება საანგარიშგებო პერიოდის გასვლიდან ან მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში, აგრეთვე, თუ ამას წერილობითი დავალება ითვალისწინებს, დავალების შესრულებისთანავე, თუ დავალებით სხვა ვადა არ არის განსაზღვრული. 3. საჭიროების შემთხვევაში ანგარიშს უნდა დაერთოს შესრულებული სამუშაოს შესახებ დოკუმენტები. |
თავი VI
საკონსულტაციო-სათათბირო ორგანოები და სამუშაო თათბირი |
მუხლი 21.
საკონსულტაციო-სათათბირო ორგანოები |
1. თბილისის მერის/მთავრობის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხთა კომპლექსური შესწავლის/მომზადების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მოზადების მიზნით თბილისის მერის ბრძანებით/მთავრობის განკარგულებით იქმნება თბილისის მერის/მთავრობის საკონსულტაციო-სათათბირო ორგანოები.
2. თბილისის მერის საკონსულტაციო-სათათბირო ორგანოებია: საბჭოები და დროებითი სამუშაო ჯგუფები, ხოლო თბილისის მთავრობის საკონსულტაციო-სათათბირო ორგანოებია: საბჭოები და კომისიები. 3. თბილისის მერის/მთავრობის საკონსულტაციო-სათათბირო ორგანოები - საბჭოები, როგორც წესი, იქმნება თბილისის მერის/მთავრობის უფლებამოსილების ვადით თბილისის უმნიშვნელოვანეს, პრობლემატურ და აქტუალურ საკითხებზე დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადების მიზნით. 4. თბილისის მერის საკონსულტაციო-სათათბირო ორგანოები დროებითი სამუშაო ჯგუფები, ასევე თბილისის მთავრობის კომისიები იქმნება კონკრეტული საკითხის კომპლექსური შესწავლის და მათზე დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადების მიზნით. 5. საკონსულტაციო-სათათბირო ორგანოებში სამუშაოდ მოიწვევიან როგორც თბილისის მერიის თანამდებობის პირები და სხვა მოხელეები, ასევე, მათთან შეთანხმებით, თბილისის საკრებულოს წევრები, ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლები, შესაბამისი დარგის სპეციალისტები და ექსპერტები. 6. საკონსულტაციო-სათათბირო ორგანოების შემადგენლობა, სტრუქტურა, უფლებამოსილება და მუშაობის ორგანიზაცია განისაზღვრება შესაბამისი დებულებით, რომელსაც ამტკიცებს თბილისის მერი/მთავრობა. 7. თბილისის მერთან შეთანხმებით და/ან მისი დავალებით თბილისის მერიის სტრუქტურულ ერთეულში ცალკეულ საკითხთა შესწავლის და/ან რეკომენდაციის მომზადების მიზნით შეიძლება შეიქმნას სამუშაო ჯგუფი. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა, სტრუქტურა, უფლებამოსილება და მუშაობის ორგანიზაცია განისაზღვრება თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ბრძანებით. |
მუხლი 22.
სამუშაო თათბირის მომზადება და გამართვა |
1. თბილისის მერიაში საქმიანობის დაგეგმვის, კოორდინაციისა და სამუშაოთა შესრულების მიმდინარეობის კონტროლის მიზნით ტარდება პერიოდული თათბირები თბილისის მერის, თბილისის მერის მოადგილეების, თბილისის მერიის სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელთა მიერ.
2. თათბირზე მოწვეულ პირთა წრეს, თათბირის დღის წესრიგს და ხანგრძლივობას განსაზღვრავს თათბირის ინიციატორი. 3. თბილისის მერისა და თბილისის მერის მოადგილეების თათბირის ჩატარების ორგანიზებას უზრუნველყოფს თბილისის მერიის ადმინისტრაცია, ხოლო თბილისის მერიის სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელთა თათბირის - ამ ორგანოს ხელმძღვანელის დავალებით თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულის/ტერიტორიული ორგანოს თანამდებობის პირი. 4. თათბირზე დგება თათბირის ოქმი, რომელიც თათბირის დამთავრებიდან ორი დღის ვადაში თათბირის ინიციატორის ხელმოწერით ეგზავნებათ თათბირის მონაწილე პირებს. |
თავი VII
მოქალაქეთა ინფორმირება და მონაწილეობა თბილისის მერიის საქმიანობაში |
მუხლი 23.
მოქალაქეთა ინფორმირების წესი |
1. თბილისის მერიაში, საქართველოს კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად უზრუნველყოფილია:
ა) თბილისის მერიის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა; ბ) მოქალაქეთა ინფორმირებულობა თბილისის მერიის საქმიანობის შესახებ; გ) მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში; დ) გაწეული საქმიანობის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირება. 2. საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის’’ შესაბამისად, თბილისის საკრებულოს მიერ დამტკიცებული წესით უზრუნველყოფილია საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება. |
მუხლი 24.
თბილისის მერის საჯარო შეხვედრები და ანგარიშგების წესი |
1. თბილისის მერი ყოველწლიური ანგარიშის, აგრეთვე ქალაქის საჭიროებების განხილვის მიზნით ატარებს საჯარო შეხვედრებს თბილისის მოსახლეობასთან.
2. ინფორმაცია საჯარო შეხვედრის შესახებ უნდა გამოქვეყნდეს შეხვედრამდე სამი დღით ადრე მაინც. 3. თბილისის მერის მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრა შეიძლება ჩატარდეს როგორც უშუალო შეხვედრის, ასევე ინტერაქტიული (ტელევიზია, რადიო, ინტერნეტი) ფორმით. 4. საჯარო შეხვედრებზე მოსახლეობას უნდა მიეცეს საშუალება დასვას შეკითხვები და გააკეთოს შეფასებები. 5. საჯარო შეხვედრების ჩატარების ორგანიზებას უზრუნველყოფს თბილისის მერიის ადმინისტრაცია. 6. თბილისის მერის მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრებს, თბილისის მერის დავალებით, ასევე ესწრებიან თბილისის მერიის თანამდებობის პირები, რომლებიც უფლებამოსილნი არიან გასცენ პასუხები მოსახლეობის მიერ დასმულ შეკითხვებზე. |
მუხლი 25.
მოქალაქეთა მიღება |
თბილისის მერის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად, თბილისის მერმა, თბილისის მერის პირველმა მოადგილემ (ვიცე-მერი),თბილისის მერის მოადგილეებმა, თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულების/ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებმა შეიძლება აწარმოონ მოქალაქეთა მიღება. |
თავი VIII
თბილისის მერიის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტები |
მუხლი 26.
თბილისის მერიის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები |
თბილისის მერიის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია:
ა) თბილისის მერის ბრძანება; ბ) თბილისის მთავრობის განკარგულება; გ) თბილისის მერის პირველი მოადგილის (ვიცე-მერის) ბრძანება; დ) თბილისის მერის მოადგილის ბრძანება; ე) თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ბრძანება; ვ) თბილისის მერიის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანება. |
მუხლი 27.
თბილისის მერიის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადების, გაფორმებისა და გამოცემის წესი |
1. თბილისის მერისა და თბილისის მთავრობის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები შემუშავდება:
ა) თბილისის მერის ინიციატივით; ბ) თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულის/ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის ინიციატივით; გ) თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ინიციატივით; დ) თბილისის საკრებულოს სამართლებრივი აქტის საფუძველზე; ე) სამუშაო გეგმის საფუძველზე. 2. თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულის/ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები შემუშავდება: ა) თბილისის მერის და/ან თბილისის მთავრობის დავალებით; ბ) თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულის/ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის ინიციატივით; გ) თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულის/ტერიტორიული ორგანოს სამუშაო გეგმის საფუძველზე. 3. თბილისის მერის, მერის მოადგილის და თბილისის მთავრობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების გაფორმებასა და გამოცემაზე პასუხისმგებელია თბილისის მერიის ადმინისტრაცია, ხოლო თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულის/ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაზე, გაფორმებასა და გამოცემაზე - შესაბამისი სტრუქტურული ერთეული/ტერიტორიული ორგანო. 4. თბილისის მერის, თბილისის მერის მოადგილეების, თბილისის მთავრობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი შეთანხმებული უნდა იყოს თბილისის მერიის იურიდიულ საქალაქო სამსახურთან, აგრეთვე თბილისის მერიის ყველა იმ სტრუქტურულ ერთეულთან, ტერიტორიულ ორგანოსთან ან/და ორგანიზაციასთან, რომელთა გამგებლობასაც განეკუთვნება პროექტით გათვალისწინებული საკითხები. პროექტის შემთანხმებელთა ჩამონათვალს განსაზღვრავს პროექტის წარმომდგენი. 5. თბილისის მერის, თბილისის მერის მოადგილეების, თბილისის მთავრობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტებზე პასუხისმგებელია პროექტის ინიციატორი, ასევე საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, თბილისის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ან ტერიტორიული ორგანო, ხოლო პროექტის რედაქციულ და სტილისტურ უზრუნველყოფაზე - თბილისის მერიის ადმინისტრაცია. თბილისის მერის, თბილისის მერის მოადგილეების, თბილისის მთავრობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტების შინაარსზე პასუხისმგებელია პროექტის ინიციატორი. 6. თბილისის მერის და თბილისის მერის მოადგილეების ხელმოწერილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გადაეცემა თბილისის მერიის ადმინისტრაციას, რომელიც უზრუნველყოფს მის სათანადოდ გაფორმებას (რეგისტრაციის ნომრისა და თარიღის მითითებით) და ხელმოწერილი დოკუმენტის ასლების დანიშნულებისამებრ გადაგზავნას. |
მუხლი 28.
თბილისის მერიის ორგანოების და თანამდებობის პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება |
1. თბილისის მერიის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები შეიძლება შეიცვალოს ამ გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს ან თანამდებობის პირის მიერ.
2. თბილისის მერიის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები შეიძლება შეჩერდეს და/ან გაუქმდეს კანონით დადგენილი წესით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები