სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2882
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 14/04/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 11, 01/05/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 18/12/2009
სარეგისტრაციო კოდი 040.110.000.05.001.002.202
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
2882
14/04/2006
სსმ, 11, 01/05/2006
040.110.000.05.001.002.202
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (01/05/2006 - 01/12/2006)

საქართველოს კანონი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ

    მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო

1. ეს კანონი განსაზღვრავს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით, სარგებლობის უფლებით გადაცემის სპეციალურ მოთხოვნებს.

2. ეს კანონი არ ვრცელდება:

ა) სახელმწიფო საბინაო ფონდზე (გარდა „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ქონებისა);

ბ) „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით გათვალისწინებულ შენობა-ნაგებობებზე.

    მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები – ნებისმიერი შენობა-ნაგებობა, რომლის მესაკუთრეა საქართველოს სახელმწიფო;

ბ) შენობა-ნაგებობები – ნებისმიერი შენობა, კონსტრუქცია და ნაგებობა (ან მათი ნაწილი) მიწის ნაკვეთით, რომელზედაც იგი არის დამაგრებული.

    მუხლი 3. შენობა-ნაგებობების გადაცემის ფორმები

1. შენობა-ნაგებობების გადაცემა ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და ამ კანონის საფუძველზე.

2. ამ კანონით გათვალისწინებული სპეციალური მოთხოვნების დაცვით შენობა-ნაგებობების გადაცემა ხორციელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული შემდეგი ფორმებით:

ა) უზუფრუქტი;

ბ) ქირავნობა;

გ) იჯარა;

დ) თხოვება.

3. აკრძალულია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების იპოთეკით დატვირთვა.

4. შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემა შეიძლება:

ა) ვადით და სასყიდლით (სასყიდლიანი უზუფრუქტი, ქირავნობა, იჯარა);

ბ) უსასყიდლოდ (თხოვება, უსასყიდლო უზუფრუქტი).

5. შენობა-ნაგებობების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემა შეიძლება ვადით ან უვადოდ.

6. შენობა-ნაგებობების სასყიდლიანი უზუფრუქტის ფორმით გადაცემა შეიძლება ვადით.

7. შენობა-ნაგებობების თხოვების ან უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

8. შენობა-ნაგებობები თხოვების ან უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით კონკურსის (აუქციონის) გარეშე გადაეცემა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს.

9. შენობა-ნაგებობების თხოვების უფლებით გადაცემისას გამნათხოვრებელი უფლებას იტოვებს, ხელშეკრულებაში გაითვალისწინოს თხოვების ფორმით გადაცემული, მის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების ნებისმიერ დროს დაბრუნების უფლება.

10. სახელმწიფო ორგანოებს შენობა-ნაგებობები გადაეცემა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. სახელმწიფო ორგანოებისათვის შენობა-ნაგებობების გადაცემის წესი და პირობები, მათი გამოყენებისა და დაცვის წესი განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ნორმატიული აქტით.

11. შენობა-ნაგებობების გადაცემის ხელშეკრულების ვადის დამთავრების შემდეგ ისინი უბრუნდება სახელმწიფოს იმ პირობებით, რომლებსაც ითვალისწინებდა ხელშეკრულება.

12. შენობა-ნაგებობების სასყიდლიანი უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარის ფორმით გადაცემისას წლიური ქირის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. კონკურსის (აუქციონის) დროს ქირის საწყისი ფასი დიფერენცირებულია საქართველოს ქალაქების, რაიონების მაკრომდებარეობის ინდექსებისა და ტერიტორიული ზონების მიხედვით.

13. საქართველოს ქალაქების, რაიონების მაკრომდებარეობის ინდექსები დგინდება დასახლებათა სოციალურ-ეკონომიკური და ბუნებრივი მახასიათებლების მიხედვით, შემდეგი პარამეტრების საფუძველზე:

ა) მოსახლეობის რაოდენობა;

ბ) ადმინისტრაციული სტატუსი;

გ) სამეურნეო პროფილი;

დ) სიმაღლე ზღვის დონიდან;

ე) სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა;

ვ) ადგილი განსახლების სისტემაში.

14. საქართველოს ქალაქების, რაიონების ტერიტორიული ზონები გამოიყოფა ტერიტორიის შემდეგი პარამეტრების გათვალისწინებით:

ა) საინჟინრო ინფრასტრუქტურა;

ბ) სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა;

გ) სოციალური ინფრასტრუქტურა;

დ) კეთილმოწყობა;

ე) ბუნებრივ-ეკოლოგიური პირობები;

ვ) პრესტიჟულობა.

15. შენობა-ნაგებობების სასყიდლიანი უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარის ფორმით გადაცემის წესს ადგენს საქართველოს მთავრობა.

16. შენობა-ნაგებობების სასყიდლიანი უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარის ფორმით გადაცემა ხორციელდება მხოლოდ კონკურსის (აუქციონის) საფუძველზე. შენობა-ნაგებობების კონკურსის წესით გადაცემის მიზანია შენობა-ნაგებობებით სარგებლობის უფლების მინიჭება იმ იურიდიული ან ფიზიკური პირისათვის (პირებისათვის), რომელიც ყველაზე უკეთეს პირობებს შესთავაზებს სახელმწიფოს. აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია აუქციონის პირობების სრულად დაკმაყოფილება და შენობა-ნაგებობების ვადიანი სარგებლობისათვის მაქსიმალური ფასის გადახდა.

17. ამ კანონის შესაბამისად გადაცემულ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებს მოსარგებლე მესამე პირს გადასცემს ამ კანონით დადგენილი წესით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობით. თანხმობის გაცემის წესი და პირობები, აგრეთვე თანხმობაზე უარის თქმის საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ნორმატიული აქტით.

    მუხლი 4. სპეციალური მოთხოვნები, რომლებსაც უნდა უპასუხებდეს შენობა-ნაგებობების გადაცემის ხელშეკრულება

1. შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ფორმდება ხელშეკრულება, რომელშიც უნდა აისახოს მისი მოქმედების ვადა (გარდა უვადო უზუფრუქტის შემთხვევისა), სხვა პირობები, მხარეთა უფლება-მოვალეობანი. შენობა-ნაგებობების სასყიდლიანი უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარის ფორმით გადაცემისას ხელშეკრულებაში უნდა აისახოს აგრეთვე ქირის ოდენობა.

2. აკრძალულია სასყიდლიანი ან უსასყიდლო უზუფრუქტის ან თხოვების ფორმით გადაცემული შენობა-ნაგებობების მესამე პირისათვის ამავე ფორმით გადაცემა.

3. მოიჯარეს უფლება აქვს დააგირაოს მის ხელთ არსებული შენობა-ნაგებობის იჯარის უფლება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობით. ამგვარი იჯარის გირაოს მფლობელს აქვს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული მოგირავნის ყველა უფლება. თანხმობის გაცემის წესი და პირობები, აგრეთვე თანხმობაზე უარის თქმის საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ნორმატიული აქტით.

4. მესაკუთრეს შეუძლია ხელშეკრულება ვადამდე მოშალოს, თუ უზუფრუქტუარი, დამქირავებელი, მოიჯარე:

ა) მესაკუთრის გაფრთხილების მიუხედავად, შენობა-ნაგებობას მნიშვნელოვნად აზიანებს ან ასეთი დაზიანების რეალურ საშიშროებას უქმნის;

ბ) არ იხდის ქირას 3 თვის განმავლობაში.

5. მესაკუთრესა და კონკურსში (აუქციონში) გამარჯვებულს შორის დადებულ ხელშეკრულებაში შეიტანება შემდეგი მონაცემები:

ა) გადაცემული შენობა-ნაგებობის დასახელება და მისამართი;

ბ) ცნობები აღნიშნული შენობა-ნაგებობის გადაცემისა და მიღების შესახებ;

გ) ხელშეკრულებით დადგენილი ქირის ოდენობა;

დ) სასყიდლიანი გადაცემის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული სამართლებრივი აქტებით, განსაზღვრული სპეციალური მოთხოვნების ცვლილების შემთხვევაში ხელშეკრულების პირობების ერთი თვის ვადაში მოდიფიცირებისა და შეცვლილ სპეციალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის ვალდებულება;

ე) მიწის ნაკვეთის ფართობი, რომელზედაც დამაგრებულია შენობა-ნაგებობა;

ვ) მხარეთა ურთიერთვალდებულებები შენობა-ნაგებობის შემდგომ გამოყენებასთან დაკავშირებით;

ზ) საქართველოს კანონმდებლობითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობის ფორმები.

6. ამ კანონის საფუძველზე გადაცემული შენობა-ნაგებობები და მათი ფართობები აღირიცხება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს უწყებრივ რეესტრში, რომლის წარმოების წესს ადგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი.

7. შენობა-ნაგებობების სახელმწიფო რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

    მუხლი 5. გარდამავალი დებულებანი

1. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ 2 თვის ვადაში მიიღოს დადგენილებები:

ა) „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“;

ბ) „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის სარგებლობის უფლებით გადაცემისას წლიური ქირის ოდენობის გამოთვლის წესის დამტკიცების შესახებ“.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა:

ა) დაამტკიცოს „საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ფორმებით შენობა-ნაგებობების გადაცემის უწყებრივი რეესტრის წარმოების წესი“;

ბ) გამოსცეს ბრძანება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების მოსარგებლის მიერ მესამე პირისათვის სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“.

3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ:

ა) ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს ახალი პირობების შეთავაზება კონტრაგენტი ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, რომლებსაც გადაცემული აქვთ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობანი ამ კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით. ახალი პირობებით ხელშეკრულება დაიდოს შეთავაზებიდან ერთი წლის ვადაში. ახალი პირობებით ხელშეკრულების გაფორმების შეთავაზებაზე (ოფერტაზე) უარის ან ერთი წლის განმავლობაში თანხმობის (აქცეპტის) განუცხადებლობის შემთხვევაში ადრე დადებული ხელშეკრულების მოქმედება წყდება;

ბ) უზრუნველყოს შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემამდე მათი პირველადი სახელმწიფო რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

    მუხლი 6. დასკვნითი დებულება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი

 მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 14 აპრილი.

№2882–Iს