„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისშეტანის თაობაზე

  • Word
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისშეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3775
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 01/12/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 47, 18/12/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 18/12/2009
სარეგისტრაციო კოდი 040.110.050.05.001.002.436
  • Word
3775
01/12/2006
სსმ, 47, 18/12/2006
040.110.050.05.001.002.436
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისშეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №11, 01.05.2006, მუხ. 78) მე-3 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კანონით გათვალისწინებული სპეციალური მოთხოვნების დაცვით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების გადაცემა ხორციელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული შემდეგი ფორმებით:

ა) აღნაგობა;

ბ) უზუფრუქტი;

გ) თხოვება;

დ) ქირავნობა;

ე) იჯარა;

ვ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სარგებლობის უფლებით გადაცემის სხვა ფორმები.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. შენობა-ნაგებობები სარგებლობის უფლებით შეიძლება გადაცემულ იქნეს:

ა) ვადით და სასყიდლით (სასყიდლიანი აღნაგობა, სასყიდლიანი უზუფრუქტი, ქირავნობა, იჯარა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სარგებლობის სხვა ფორმები);

ბ) უსასყიდლოდ (აღნაგობა, უზუფრუქტი, თხოვება, რომელიც შეიძლება იყოს ვადიანი ან უვადო).“;

გ) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. შენობა-ნაგებობების უსასყიდლო აღნაგობის, უსასყიდლო უზუფრუქტის და თხოვების ფორმებით გადაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

8. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო შენობა-ნაგებობებს უსასყიდლო აღნაგობის, უსასყიდლო უზუფრუქტისა და თხოვების ფორმებით კონკურსის (აუქციონის) გარეშე გადასცემს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, ხოლო სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებულ საწარმოებს, სადაც სახელმწიფო საკუთრებაშია წილის (აქციის) 50% ან 50%-ზე მეტი, უსასყიდლო აღნაგობის, უსასყიდლო უზუფრუქტისა და თხოვების ფორმებით კონკურსის (აუქციონის) გარეშე გადასცემს მხოლოდ იმ შენობა-ნაგებობებს, რომელთა პრივატიზება აკრძალულია „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონით.“;

დ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოები, სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ორგანოები სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებში ან მათ ნაწილებში განთავსდება საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე.“;

ე) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. შენობა-ნაგებობების სასყიდლიანი უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარის და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემისას საწყისი წლიური საიჯარო ქირა წარმოადგენს „საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №671 ბრძანებულებით განსაზღვრული საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების ღირებულების არანაკლებ 5%-ს.“;

ვ) მე-13 და მე-14 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

ზ) მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„16. შენობა-ნაგებობების სასყიდლიანი უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარის და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემა ხორციელდება კონკურსის ან აუქციონის წესით. შენობა-ნაგებობების კონკურსის ან აუქციონის წესით გადაცემის მიზანია სარგებლობის უფლების მინიჭება იმ იურიდიული ან ფიზიკური პირისათვის, რომელიც სახელმწიფოს საუკეთესო პირობებს შესთავაზებს. იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის შენობა-ნაგებობების გადაცემა კონკურსის (აუქციონის) გარეშე სასყიდლიანი უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სარგებლობის სხვა ფორმებით შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულებით.“.

    მუხლი 2

 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი

                                                                                                        მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 1 დეკემბერი.

№3775-რს