საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შორის თავშესაფრის მაძიებელთა იდენტიფიკაციის, სახელმწიფო საზღვარზე მიღების, მათი გადაცემისა და ინფორმაციის გაცვლის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შორის თავშესაფრის მაძიებელთა იდენტიფიკაციის, სახელმწიფო საზღვარზე მიღების, მათი გადაცემისა და ინფორმაციის გაცვლის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1033
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 23/12/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 010340010.22.034.016401
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ყურადღებით! თქვენ ეცნობით არა საბოლოო რედაქციას. საბოლოო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (23/12/2014 - 27/08/2015)

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შორის თავშესაფრის მაძიებელთა იდენტიფიკაციის, სახელმწიფო საზღვარზე მიღების, მათი გადაცემისა და ინფორმაციის გაცვლის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის წესის დამტკიცების შესახებ
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის

ერთობლივი ბრძანება №1033-№2975

2014 წლის  23 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შორის თავშესაფრის მაძიებელთა იდენტიფიკაციის, სახელმწიფო საზღვარზე მიღების, მათი გადაცემისა და ინფორმაციის გაცვლის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის წესის დამტკიცების შესახებ

 „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 მარტის №226 დადგენილებით დამტკიცებული სტრატეგიის 5.3.2.3 პუნქტისა (წინადადებები/რეკომენდაციები) და „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგიის განხორციელების 2014-2018 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 მაისის №335 დადგენილებით დამტკიცებული სამოქმედო გეგმის 2.5 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებთ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შორის თავშესაფრის მაძიებელთა იდენტიფიკაციის, სახელმწიფო საზღვარზე მიღების, მათი გადაცემისა და ინფორმაციის გაცვლის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის თანდართული წესი.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

შინაგან საქმეთა მინისტრიალექსანდრე ჭიკაიძე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრისოზარ სუბარი



დანართი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შორის თავშესაფრის მაძიებელთა იდენტიფიკაციის, სახელმწიფო საზღვარზე მიღების, მათი გადაცემისა  და ინფორმაციის გაცვლის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის წესი

თავი I
ზოგადი დებულებები

მუხლი 1
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ერთობლივად უზრუნველყოფენ საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა  უფლებების, სახელმწიფო საზღვრის კვეთის პროცედურებისა და არგაძევების პრინციპის განუხრელად დაცვას საქართველოს კონსტიტუციასთან, საერთაშორისო შეთანხმებებთან, ხელშეკრულებებსა და „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.

2. ეს წესი განსაზღვრავს თავშესაფრის მაძიებელთა იდენტიფიკაციის, სახელმწიფო საზღვარზე მიღების, მათი გადაცემისა და ინფორმაციის გაცვლის სფეროში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის პრინციპებს, მიმართულებებსა და სხვა საკითხებს.

მუხლი 2
წინამდებარე წესი შემუშავებულია საქართველოს კონსტიტუციის, ადამიანის უფლებათა 1948 წლის საყოველთაო დეკლარაციის, „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის 28 ივლისის კონვენციის, „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1967 წლის 31 იანვრის ოქმის, „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“ 1966 წლის სამოქალაქო პაქტის, „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს სხვა კანონმდებლობისა და საქართველოს მთავრობასა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატს შორის 1996 წლის 11 სექტემბერს დადებული შეთანხმების საფუძველზე.

 

მუხლი 3
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი და ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიცია;

ბ) მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების  დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი ;

გ) გლუკი – გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლობა საქართველოში;

დ) პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაცია – საქართველოს გაეროს ასოციაცია;

ე) თავშესაფრის მოთხოვნა – სახელმწიფო საზღვარზე პირის მიერ ნებისმიერი ფორმით ნების გამოხატვა, მიიღოს „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი დაცვა;

ვ) თავშესაფრის მაძიებელი – პირი, რომელიც ზეპირი ან წერილობითი ფორმით „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ითხოვს სამართლებრივ დაცვას ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების გზით;

ზ) მზრუნველობის გარეშე დარჩენილი არასრულწლოვანი – უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანი (18 წელს მიუღწეველი პირი), რომელიც საქართველოში შემოვიდა მარტო, კანონიერი ან მასზე პასუხისმგებელი სრულწლოვანი პირის თანხლების გარეშე და განცხადების შეტანის დროს არ სარგებლობს მეურვეობით/მზრუნველობით, აგრეთვე არასრულწლოვანი, რომელიც საქართველოში შემოსვლის შემდეგ აღმოჩნდა კანონიერი ან მასზე პასუხისმგებელი სრულწლოვანი პირის თანხლების გარეშე;

თ) ოჯახის წევრი – ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის მეუღლე, 18 წლამდე ასაკის შვილი, სრულწლოვანი ქმედუუნარო შვილი, ქმედუუნარო ან ხანდაზმული (საპენსიო ასაკის) მშობელი ან მეურვეობის/მზრუნველობის ქვეშ მყოფი სხვა პირი;

ი) წარმოშობის ქვეყანა – თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის ან/და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის მოქალაქეობის ან მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანა;

კ) არგაძევების პრინციპი – ქვეყნის ვალდებულება, თავშესაფრის მაძიებელი, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი არ გააძევოს იმ ქვეყანაში ან არ დააბრუნოს იმ ქვეყნის საზღვარზე, სადაც მის სიცოცხლეს ან თავისუფლებას საფრთხე ემუქრება მისი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულებების ანდა ძალადობის, გარე აგრესიის, ოკუპაციის, შიდა კონფლიქტების, ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის ან საზოგადოებრივი წესრიგის სხვა მნიშვნელოვანი დარღვევის გამო.


თავი II
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

მუხლი 4
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო უზრუნველყოფს:

ა) საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე თავშესაფრის მაძიებელთათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებისა და პროცედურების გაცნობას, ასევე შესაბამისი სამართლებრივი დაცვის მოთხოვნის უფლების რეალიზებას;

ბ) თავშესაფრის მაძიებლის საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიღებას და მის არგაძევებას ქვეყნის ტერიტორიიდან წინამდებარე წესში ფორმულირებული არგაძევების პრინციპის დაცვით;

გ) საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე თავშესაფრის მაძიებლისათვის თავშესაფრის მოთხოვნის უფლების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას;

დ) თავშესაფრის მაძიებელთან პირველადი გასაუბრების ჩატარებას.


თავი III
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით

გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო


მუხლი 5
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო არის ერთადერთი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი პირების თავშესაფრის მიღების შესახებ განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღებისათვის.

2. დეპარტამენტის წარმომადგენელმა უნდა იქონიოს შეუფერხებელი წვდომა საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე თავშესაფრის მაძიებელსა და მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან, დაუყოვნებლივი შეხვედრისა და გასაუბრების მიზნით.

3. დეპარტამენტის წარმომადგენელი ვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან ინფორმაციის მიღების შემდეგ, „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების  შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი პროცედურების დაცვით, განახორციელოს თავშესაფრის მაძიებლის განაცხადის რეგისტრაცია.

4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო პასუხისმგებელია თავშესაფრის მაძიებლის მიღებაზე და ხელს უწყობს მოწყვლადი კატეგორიის თავშესაფრის მაძიებლის მიმღებ ცენტრში განთავსებას.


თავი IV
საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე თავშესაფრის მაძიებელთა

გამოვლენა და რეფერალური მექანიზმი


მუხლი 6
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო უზრუნველყოფს თავშესაფრის მაძიებლისათვის საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ყველა პროცედურისა და მისი უფლება-მოვალეობების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, მისთვის გასაგებ ენაზე.

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილმა ორგანომ თავშესაფრის მაძიებელს უნდა ჩაუტაროს პირველადი გასაუბრება წარმოშობის ქვეყნიდან გამომგზავრებისა და უკან არდაბრუნების მიზეზების დასადგენად (დანართი №2).

3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენელი პირველადი გასაუბრების დაწყებამდე განუმარტავს თავშესაფრის მაძიებელს, რომ მის მიერ გასაუბრების დროს მიწოდებული ინფორმაცია არის კონფიდენციალური და არ მიეწოდება განმცხადებლის წარმოშობის ქვეყანას ან მესამე პირს.

4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო დადგენილი წესებისა და პროცედურების შესაბამისად უზრუნველყოფს თავშესაფრის მაძიებლის დოკუმენტების შემოწმებას სასაზღვრო გამტარ პუნქტებსა და სასაზღვრო პოლიციის დანაყოფებში.

5. სამგზავრო ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების არარსებობა არ უნდა იყოს თავშესაფრის მიღების თაობაზე განაცხადის გაკეთებისათვის შემაფერხებელი გარემოება. თუ თავშესაფრის მაძიებელ უცხოელს არ აქვს სამგზავრო დოკუმენტი ან იდენტიფიკაციისათვის საჭირო სხვა დოკუმენტაცია, განაცხადი უნდა შეივსოს უცხოელის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

6. თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ თავშესაფრის მაძიებელი მალავს შესაბამის დოკუმენტებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლება აქვს, შეაჩეროს და ზედაპირულად შეამოწმოს იგი.

7. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე თავშესაფრის მოთხოვნის დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო უზრუნველყოფს თავშესაფრის მაძიებელთან დაკავშირებული ყველა ხელმისაწვდომი დოკუმენტის ასლის შეგროვებასა და შენახვას.

8. შესაძლებლობის ფარგლებში, თავშესაფრის მაძიებელთან გასაუბრება უნდა ჩაატაროს იმავე სქესის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენელმა, განცალკევებულ ადგილას, საჭიროების შემთხვევაში – თარჯიმნის თანდასწრებით. გასაუბრებას არ უნდა ესწრებოდეს არაუფლებამოსილი პირი.

9. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენელი ვალდებულია შეადგინოს პირველადი გასაუბრების ოქმი, რომელშიც მიეთითება გასაუბრების მიმდინარეობისას თავშესაფრის მაძიებლის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (დანართი №3).

10. იმ შემთხვევაში, თუ თავშესაფარს ითხოვს ოჯახი, ოჯახის თითოეულ სრულწლოვან  წევრს გასაუბრება უნდა ჩაუტარდეს ინდივიდუალურად.

11. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე, დეპარტამენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდოს მას ინფორმაცია თავშესაფრის მაძიებლის წარმოშობის ქვეყნის შესახებ.

მუხლი 7
1. უცხოელის მიერ თავშესაფრის მოთხოვნის შემდეგ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო აღნიშნული ფაქტის შესახებ დეპარტამენტს ზეპირ ინფორმაციას აწვდის შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში, ხოლო განცხადებას უგზავნის არაუგვიანეს 3 დღისა. ამასთან, მზრუნველობის გარეშე დარჩენილი არასრულწლოვნის შემთხვევაში შესაბამისი შეტყობინება უნდა განხორციელდეს დაუყოვნებლივ.

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილმა ორგანომ გასაუბრების მასალები, ხელმისაწვდომი დოკუმენტების დედნები და/ან ასლები უნდა მიაწოდოს დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომელს.

3. დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომელი დაუყოვნებლივ უნდა გაემგზავროს თავშესაფრის მაძიებლის განთავსების ადგილას (საჭიროების შემთხვევაში, კვალიფიციურ თარჯიმანთან ერთად) და/ან საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს მისი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში ტრანსპორტირება „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პროცედურების გატარების მიზნით.

4. თავშესაფრის მიღების შესახებ განაცხადის რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ,  დეპარტამენტის უფლებამოსილმა თანამშრომელმა თავშესაფრის მაძიებელს უნდა გააცნოს საქართველოში თავშესაფრის მიღების პროცედურა და თავშესაფრის მაძიებელთა უფლება-მოვალეობები, მათ შორის, აღნიშნულის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმი.

5. განსახლების საჭიროების მქონე თავშესაფრის მაძიებლის გამოვლენის შემთხვევაში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ შესაძლებლობის ფარგლებში უნდა გაუწიოს მას შესაბამისი დახმარება, რათა გათვალისწინებულ იქნეს მისი აუცილებელი პირველადი მოთხოვნები (საცხოვრებელი, აუცილებელი საკვები, წყალი, სანიტარიული მოთხოვნები, სამედიცინო დახმარება და ა.შ.).


თავი V
ინფორმაციის გაცვლის წესი

მუხლი 8
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ უნდა უზრუნველყონ გლუკისა და მისი პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომლების სწრაფი და შეუფერხებელი დაშვება თავშესაფრის მაძიებლებთან, მათი შესაძლო განთავსების ადგილებსა და განაცხადებთან.

2. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ცალკეული მოწყვლადი პირების იდენტიფიკაციას. აღნიშნულ საქმეებთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლა უნდა განხორციელდეს უმოკლეს დროში, მათ საჭიროებებზე დაუყოვნებლივი რეაგირების მიზნით.

3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა აწარმოოს თავშესაფრის მოთხოვნების შესახებ მიღებული სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვა/შეგროვება და მოთხოვნის შესაბამისად მიაწოდოს გლუკსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, გარდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული მონაცემების/ინფორმაციისა.

4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ კვარტალურად უნდა შეაგროვოს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გაუზიაროს სტატისტიკური მონაცემები წარმოშობის ქვეყნის, თავშესაფრის მაძიებლის სქესისა და ასაკის მითითებით.


თავი VI
საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე თავშესაფრის

მაძიებელთან მოპყრობის ეთიკის ნორმები


მუხლი 9
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო  და დეპარტამენტი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ვალდებულია:

ა) მიიჩნიოს პირი თავშესაფრის მაძიებლად (სანამ სხვა ფაქტობრივი გარემოება არ იქნება დადასტურებული), თუკი ის ნებისმიერი ფორმით დაადასტურებს წარმოშობის, ბინადრობის ან ადრინდელ საცხოვრებელ ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში საფრთხის წარმოქმნის შესაძლებლობას და მისცეს მას ლეგალურად თავშესაფრის მოთხოვნის საშუალება;

ბ) თავშესაფრის მაძიებელს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია, რომ მას უფლება აქვს მიმართოს შესაბამის პასუხისმგებელ უწყებას (დანართი №1);

გ) განცალკევებულ ადგილზე, განსაკუთრებული სიფრთხილითა და ადამიანის ღირსების სრული დაცვით ჩაატაროს თავშესაფრის მაძიებელ პირთან გასაუბრება, მისი ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება;

დ) ასაკის შესაბამისად, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეპყროს არასრულწლოვნებს;

ე) განსაკუთრებული ყურადღებითა და სიფრთხილით გამოჰკითხოს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისათვის ან გადაკვეთის მცდელობისათვის დაკავებული, სავარაუდოდ, თავშესაფრის მაძიებელი მოწყვლადი პირები;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში აღმოუჩინოს დახმარება საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე განსაცდელში მყოფ პირებს;

ზ) შესაძლებლობის ფარგლებში, თავშესაფრის მაძიებელი პირები მოათავსოს უკანონო მიგრანტებისა და სახელმწიფო საზღვრის დამრღვევებისაგან განცალკევებით.

დანართი №1

უფლებამოსილი პირი ვალდებულია, პირველადი გასაუბრების დაწყებამდე თავშესაფრის მაძიებელს მიაწოდოს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ:

  • გასაუბრებას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო;
  • პირველადი გასაუბრების საფუძველზე დგება ოქმი;
  • ოქმი იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაციის წყარო, რომელსაც თავშესაფრის მაძიებლის სტატუსის განხილვის დროს გამოიყენებს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო;
  • გასაუბრებისას მოწოდებული ინფორმაცია არის კონფიდენციალური და არ მიეწოდება თავშესაფრის მაძიებლის წარმოშობის ქვეყანას ან მესამე პირს;
  • თავშესაფრის მაძიებელს უფლება აქვს ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით;
  • თავშესაფრის მაძიებლის მიერ  ყალბი ინფორმაციის მიწოდება უარყოფითად იმოქმედებს მისი სტატუსის განხილვის პროცესზე;
  • პირის იდენტიფიცირების თაობაზე მიღებული ნებისმიერი  ინფორმაციის ჩასწორება ან შეცვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ უფლებამოსილი ორგანოს მიერ გამოცემული  შესაბამისი დოკუმენტის საფუძველზე;
  • პირის იდენტიფიცირების თაობაზე ყალბი ინფორმაციის მოწოდებამ შემდგომში შეიძლება იმოქმედოს ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ოჯახის გაერთიანება ან საქართველოს მოქალაქეობის მიღება.

თავშესაფრის მაძიებელი ოქმზე ხელმოწერით ადასტურებს, რომ გაეცნო თავის უფლება-მოვალეობებს, ოქმში მითითებული ინფორმაცია ზუსტია და მიეწოდა მისთვის გასაგებ ენაზე.

დანართი №2

თავშესაფრის მაძიებლების იდენტიფიკაციისთვის საჭირო შეკითხვების (არასრული) ჩამონათვალი:

  • რატომ დატოვეთ წარმოშობის ქვეყანა?
  • არსებობს თუ არა რაიმე მიზეზი, რის გამოც არ  შეგიძლიათ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნება?
  • გექნებათ რაიმე უსიამოვნება იმ შემთხვევაში, თუ ახლა დაგაბრუნებთ თქვენი წარმოშობის ქვეყანაში?
  • ყოფილხართ თუ არა ოდესმე დაკავებული თქვენი წარმოშობის ქვეყანაში?
  • დარღვეულა თუ არა ოდესმე თქვენი უფლებები წარმოშობის ქვეყანაში?
  • თავი აგირიდებიათ თუ არა სამხედრო სამსახურისთვის (დეზერტირობა)?
  • ყოფილხართ თუ არა ჩართული სამხედრო, პოლიტიკურ, რელიგიურ ან სოციალურ აქტივობებში?

ეს არ არის შეკითხვების ამომწურავი სია, ამიტომ შეგიძლიათ დასვათ დამატებითი, უფრო სპეციფიკური შეკითხვები, რომლებიც დაგეხმარებათ თავშესაფრის მაძიებლის გამოვლენაში.

გთხოვთ, ყურადღება გაამახვილოთ თავშესაფრის მომთხოვნი პირის ქცევასა და რეაგირებაზე.

 



totop
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.