დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ეკონომიკური საბჭოს შემადგენლობის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 664 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 05/12/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/12/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 010220030.10.003.018284 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (05/12/2014 - 25/06/2015)
|
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑5 მუხლის „თ“-„კ“ ქვეპუნქტების, მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და 292 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე: |
მუხლი 1 |
ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური სტრატეგიის შემუშავებისა და დაგეგმვის კოორდინაციის მიზნით, განისაზღვროს ეკონომიკური საბჭოს (შემდგომში – საბჭო) შემადგენლობა:
საქართველოს პრემიერ-მინისტრი – საბჭოს თავმჯდომარე; საქართველოს ფინანსთა მინისტრი – საბჭოს წევრი; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – საბჭოს წევრი; საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი – საბჭოს წევრი; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – საბჭოს წევრი; საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი – საბჭოს წევრი; საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი – საბჭოს წევრი; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე – საბჭოს წევრი; საგადასახადო ომბუდსმენი – საბჭოს წევრი; საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში – ეკონომიკური საბჭოს მდივანი – საბჭოს წევრი. |
მუხლი 2 |
დამტკიცდეს ეკონომიკური საბჭოს თანდართული დებულება. |
მუხლი 3 |
დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ეკონომიკური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №394 დადგენილება. |
მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ეკონომიკური საბჭოს დებულება
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ეკონომიკური საბჭო (შემდგომში – საბჭო) არის საქართველოს პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანო. 2. საბჭო თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს კანონების, ამ დებულებისა და საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე. 3. საბჭო ანგარიშვალდებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე.
მუხლი 2. საბჭოს ძირითადი ფუნქციები და ამოცანები საბჭოს ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია, კომპეტენციის ფარგლებში: ა) ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება, მისი დაგეგმვის კოორდინაცია, განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა; ბ) ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის რეალიზაციის, სამეწარმეო და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, შესაბამისი წინადადებების/რეკომენდაციების შემუშავება; გ) ქვეყნის ეკონომიკური სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების განხილვა, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის დაგეგმარების/მომზადების კოორდინაციის ხელშეწყობა; დ) საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველ ცალკეულ საკითხთა წინასწარი შესწავლა; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 3. საბჭოს მოწვეული წევრები საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საბჭოს წევრების გარდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საბჭოს სხდომაზე შეიძლება მოწვეულ იქნენ მთავრობის წევრები, ადმინისტრაციული ორგანოს და კერძო სამართლის იურიდიული პირების წარმომადგენლები, ხმის უფლებით ან მის გარეშე.
მუხლი 4. საბჭოს სხდომა 1. საბჭოს სხდომებს თავმჯდომარეობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 2. საბჭოს სხდომები დახურულია. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საბჭოს სხდომა შეიძლება გამოცხადდეს ღიად. 3. საბჭოს სხდომა იმართება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოწვევით. 4. საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა. 5. საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი. 6. საბჭოს გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულოა საბჭოს წევრებისათვის.
მუხლი 5. საბჭოს საქმიანობის უზრუნველყოფა 1. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ, ინფორმაციულ და სამართლებრივ უზრუნველყოფას ახორციელებს საბჭოს აპარატი. 2. საბჭოს აპარატის დებულება და საშტატო განრიგი მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
მუხლი 6. საბჭოს დებულებაში ცვლილების შეტანა საბჭოს დებულებაში ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
|
დოკუმენტის კომენტარები