ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 33
დოკუმენტის მიმღები ქედის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/11/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/11/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 09/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.134.016152
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
33
21/11/2014
ვებგვერდი, 25/11/2014
010260020.35.134.016152
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ქედის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (25/11/2014 - 28/07/2017)

 

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №33

2014 წლის 21 ნოემბერი

დაბა ქედა

 

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის  „ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად  ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 დამტკიცდეს ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება, თანახმად დანართისა.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 3 სექტემბრის  №24 დადგენილება (სსმ V, №28, 22.09.2010)
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან ცინცაძე



დანართი
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება

მუხლი 1. გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური
1. ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და გამგეობის სამსახურების საქმისწარმოებას, მათ კომუნიკაციას ერთმანეთთან; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და გამგეობის სამსახურების საქმიანობის სამართლებრივ მომსახურებას; ადამიანური რესურსების მართვას;  მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ურთიერთობის ორგანიზებას მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; გამგეობის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივ აქტების შესაბამისად.
3. სამსახურს აქვს შტამპი, დადგენილი ფორმის ბეჭედი და ბლანკი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით და სხვა საჭირო რეკვიზიტები.

მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა
1.  სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების - განყოფილებებისაგან.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) იურიდიული და საკადრო საკითხთა განყოფილება;
ბ) საქმისწარმოების განყოფილება;
გ) საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება;
დ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება;
3.  სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულებით და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ბრძანებით, განყოფილების უფროსის მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებითა და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.

მუხლი 3.  სამსახურის  ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის  გამგეობის კორესპონდენციის მიღებასა და ადრესატებისათვის გადაგზავნას;
ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების გამოქვეყნებას;
გ) მიღებული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და მათ განაწილებას დანიშნულებისამებრ, საკრებულოს, მუნიციპალურ სამსახურებსა და ტერიტორიულ ორგანოებს შორის;
დ) საკრებულოსა და გამგებლის დავალებების რეგისტრაციას, მათ შესრულების კონტროლს;
ე) ადმინისტრაციული წარმოების დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვას;
ვ) საქმისწარმოებაში დაშვებული დოკუმენტების სათანადოდ გაფორმებას და დოკუმენტბრუნვას;
ზ)  საქმეთა ნომენკლატურის შედგენას;
თ) გამართულ კომუნიკაციას მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა კომუნიკაციას მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან;
ი) მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის ადმინისტრირებას;
კ) მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურეობას ,,ერთი ფანჯრის" პრინციპის დაცვით;
ლ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;
მ) გამგებლის, გამგეობის სამსახურებისა და თანამდებობის პირების იურიდიულ კონსულტირებას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას;
ნ) გამგეობაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას, ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან;
ო) მუნიციპალიტეტის გამგეობის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში;
პ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.

მუხლი 4. სამსახურის იურიდიული და საკადრო საკითხთა განყოფილების ფუნქციები
სამსახურის იურიდიული და საკადრო საკითხთა განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) გამგებლის, გამგეობის სამსახურებისა და თანამდებობის პირების იურიდიულ კონსულტირებას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას;
ბ) გამგეობაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას, ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან;
გ) მუნიციპალიტეტის გამგეობის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში;
დ)  მუნიციპალიტეტის გამგეობის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
ე)  მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა საკადრო პოლიტიკის შემუშავებასა და მის განხორციელებას;
ვ) მოსამსახურეთა მიერ ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფას და კონტროლს, საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას; მუნიციპალურ მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას; მუნიციპალურ მოსამსახურეთა მიერ ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი დოკუმენტაციის წარმოდგენის სისრულის და შესაბამისობის შემოწმებას;  მუნიციპალიტეტის შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას; აღრიცხვასა და კონტროლს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობების დაცვაზე;
ზ) მოსამსახურეთა შვებულებაში გასვლის გრაფიკის შედგენას; კონტროლს მოსამსახურეთა მიერ კანონით დადგენილი დეკლარაციების წარდგენაზე; მოსამსახურეთა სამსახურეობრივი მოწმობების გაფორმებას და აღრიცხვას;გამგეობის მოსამსახურეთა სამუშაო გეგმების და სამუშაოთა აღწერილობების მომზადებაში მეთოდურ დახმარებას, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობებისა და სამუშაოს შესრულების შეფესების და ანგარიშგების კრიტერიუმებისა და ფორმების დადგენას;
თ) საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის პირობების, წახალისების და დისციპლინარული ზომების გამოყენების წესების განსაზღვრის შესახებ წინადადებების მომზადებას;
ი) ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთათვის საკლასო ჩინების მინიჭების საკითხების მომზადებას;
კ) ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა სტაბილურობის, სამსახურეობრივი გადაადგილების და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას, მათ პერიოდულ ანალიზსა და შეფასებას;
ლ) მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა ატესტაციების და ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზებას;
მ) მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა პროფესიული დონის ანალიზს, კადრების საჭიროებათა შესწავლას და საკადრო რესურსების გამოყენების პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადებას; მათი მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებას; სტაჟირებასთან და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას; კვალიფიკაციის ასამაღლებელ მოსამსახურეთა სიის შედგენას; გადამზადების პროგრამათა განსაზღვრას; კონტროლს მუნიციპალურ მოსამსახურეთა მიერ სწავლების (კვალიფიკაციის) ამაღლების კურსების გავლაზე, სწავლების ეფექტურობის შემოწმებას;
ნ) თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთათვის კონსულტაციების გაწევას მათი სამართლებრივი მდგომარეობის, შეზღუდვების და სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე;
ო) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.

მუხლი 5.  სამსახურის საქმისწარმოების განყოფილების ფუნქციები
სამსახურის საქმისწარმოების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვას;
ბ) შემოსული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და ინდექსაციას;
გ) დოკუმენტების გადაცემას შემსრულებლისათვის;
დ) დავალებების სათანადოდ გაფორმებას;
ე) დოკუმენტების შესრულების კონტროლს და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადებას;
ვ) გასული დოკუმენტების გაგზავნას;
ზ) საქმეთა მომზადებას არქივისათვის ჩასაბარებლად;
თ)  საქმეთა ნომენკლატურის შედგენას;
ი) ადმინისტრაციული წარმოების წესებისა და პროცედურების დაცვას;
კ) საქმისწარმოებაში ბეჭდების, შტამპების, ბლანკების სათანადო გამოყენებას;
ლ) თვითმმართველობის მოხელეთათვის საქმისწარმოების წესის გაცნობას და კონტროლს მათ დაცვაზე;
მ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.

მუხლი 6. სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ფუნქციები
სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა)  მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის ადმინისტრირებას;
ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის საჯაროობას; საჯარო ინფორმაციის რეესტრის წარმოებას, საჯარო ინფორმაციის პროაქტიული წესით გამოქვეყნებას, საჯარო ინფორმაციის გაცემას;
გ)  მოქალაქეთა მისაღების მეშვეობით ,,ერთი ფანჯრის" პრინციპის დაცვით მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურეობას;
დ) ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირების პრეს-კონფერენციების ჩატარების ორგანიზებას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ ყოველთვიური პრეს-დაიჯესტის მომზადებასა და გამოქვეყნებას; მათ ურთიერთობას მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან;
ე)  მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ფუნქციონირებას;
ვ) გამგეობის სამსახურებისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და სელექციას;
ზ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.

მუხლი 7. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის  განყოფილების ფუნქციები
მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის გამართულ ფუნქციონირებას;
ბ)  საოფისე ავეჯის, კომპიუტერების და სხვა ტექნიკის მოვლა-პატრონობას და ტექნიკურ მომსახურეობას;
გ) საკრებულოს, გამგეობის, მუნიციპალური სამსახურებისა და ადმინისტრაციული ერთეულების საოფისე მასალებით მომარაგებას;
დ) საკრებულოს, გამგეობის, მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების ინვენტარის, ტექნიკისა და სხვა აღჭურვილობით სარგებლობის წესების დაცვას;
ე)  მუნიციპალიტეტის ბალანსზე მყოფი სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-პატრონობას;
ვ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ინვენტარისა და მატერიალურ ფასეულობათა აღრიცხვას, შენახვას, რაციონალურ გამოყენებას, მოვლასა და დაცვას;
ზ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.

მუხლი 8. ადმინისტრაციული სამსახურის მოსამსახურეთა უფლებები
ადმინისტრაციული სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს უფლება აქვთ:
ა) წარუდგინონ უშუალო ხელმძღვანელს წინადადებები სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის სრულყოფის თაობაზე და მიიღონ  მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;
ბ) ისარგებლონ  მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით, რომლებიც მიღებულია გამგეობაში;
გ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;
დ) დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო  ტექნიკითა და სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით;
ე) ისარგებლონ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის უფლებებითა და გარანტიებით;

მუხლი 9. ადმინისტრაციული სამსახურის მოსამსახურეთა მოვალეობები
 ადმინისტრაციული სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ვალდებულნი არიან:
ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან  ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციონალური მოვალეობანი;
ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;
გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი;
დ)  განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;
ე)  გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა სახაზინო ქონებას.

მუხლი 10. საშტატო განრიგი და თანამდებობრივი სარგოები
სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.