უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ

  • Word
უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2635
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/12/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 5, 20/01/2006
ძალაში შესვლის თარიღი 20/03/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 13/01/2009
სარეგისტრაციო კოდი 040.110.020.05.001.002.169
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
2635
28/12/2005
სსმ, 5, 20/01/2006
040.110.020.05.001.002.169
უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (20/01/2006 - 11/05/2007)

საქართველოს კანონი

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ

თავი I

 ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის მიზანი და რეგულირების სფერო

1. ამ კანონის მიზანია საქართველოს ტერიტორიაზე უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების, საჯარო რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული სხვა სანივთო, საგარანტიო და ვალდებულებითი ურთიერთობებიდან გამომდინარე უფლებების (შემდგომში – უფლებების) სახელმწიფო რეგისტრაცია ამ უფლებების აღიარებისა და დადასტურების მიზნით.

2. ეს კანონი ადგენს უძრავ ნივთებზე უფლებათა სახელმწიფო რეგისტრაციის წესსა და პირობებს, სარეგისტრაციო წარმოებაში მონაწილე სუბიექტების უფლება-მოვალეობებს და განსაზღვრავს საჯარო რეესტრის ორგანიზებისა და ფუნქციონირების წესს.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტებანი

ამ კანონის მიზნებისათვის კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) არარეგისტრირებული პირები – არარეგისტრირებული კავშირი ან სამოქალაქო კოდექსის 208-ე–232-ე და 930-ე–940-ე მუხლებით გათვალისწინებული ამხანაგობები;

ბ) განცხადების მიღების ბარათი – რეგისტრაციით დაინტერესებული პირის სახელზე გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს სარეგისტრაციო სამსახურის მიერ განცხადების მიღებისა და მისთვის სარეგისტრაციო ნომრის მინიჭების ფაქტს;

გ) განცხადებებისა და უფლებების რეგისტრაციის წიგნი – სარეგისტრაციო განცხადებებისა და უფლებების სისტემური აღრიცხვის წიგნი;

დ) განცხადების სარეგისტრაციო ნომერი – რეგისტრაციით დაინტერესებული პირის მიერ, დადგენილი წესით სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი წერილობითი მოთხოვნის სარეგისტრაციო ნომერი;

ე) მიწის ნაკვეთი – მიწის ნაკვეთი არის გეოგრაფიული ერთეული, რომელიც შემოისაზღვრება ერთი უწყვეტი წირით და გააჩნია ტერიტორიული მთლიანობა;

ვ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი – განუმეორებელი რიცხვითი ნომერი (იდენტიფიკატორი), რომელიც მიენიჭება მოცემულ მიწის ნაკვეთს და რომლითაც აღირიცხება იგი, როგორც საკადასტრო რუკაზე, ასევე სააღრიცხვო ბარათზე;

ზ) პირველადი რეგისტრაცია – საჯარო რეესტრში დაურეგისტრირებელ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უფლებამოსილი პირის სარეგისტრაციო განცხადებისა და საკუთრების უფლების დამადასტურებელი საბუთის საფუძველზე;

თ) სააღრიცხვო ბარათი – სარეგისტრაციო წარმოების დამადასტურებელი საბუთი, რომელიც ასახავს უძრავი ნივთის საკადასტრო და სარეგისტრაციო მონაცემებს, რეგისტრირებული უფლებებისა და შესაბამისი უფლებების მქონე პირების, უძრავი ნივთის დანიშნულების შესახებ დოკუმენტურ მონაცემებს;

ი) საკადასტრო აღწერა – უძრავი ნივთების შესახებ მონაცემების დოკუმენტირება (მოძიება, სისტემატიზაცია, დაფიქსირება), რომლებიც ასახავენ უძრავი ნივთების ადგილმდებარეობას, დანიშნულებას, საზღვრებს, ზომებს და მათთან დაკავშირებულ უფლებებს;

კ) საკადასტრო გეგმა – ამონაბეჭდი საკადასტრო რუკიდან, რომელიც შესრულებულია ერთი მიწის ნაკვეთისათვის;

ლ) საკადასტრო რუკა – ნომენკლატურის მიხედვით, განსაზღვრულ მასშტაბში წარმოდგენილი უძრავი ნივთების ურთიერთგანლაგებისა და უფლებრივი დატვირთვის კარტოგრაფიული გამოსახულება;

მ) სარეგისტრაციო განცხადება (შემდგომში – განცხადება) – დაინტერესებული პირის მიერ დადგენილი ფორმით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა საჯარო რეესტრში უფლების რეგისტრაციის მიზნით;

ნ) სარეგისტრაციო სამსახური – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული სარეგისტრაციო ორგანო, რომელიც განსაზღვრულ ტერიტორიაზე ახორციელებს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ქმედებებს;

ო) სახელმწიფო რეგისტრაცია – სავალდებულო ან/და ნებაყოფლობით რეგისტრაციას დაქვემდებარებულ უფლებათა წარმოშობის, ცვლილების, დატვირთვის, შეჩერების, შეწყვეტის აღიარება და დადასტურება სახელმწიფოს მიერ;

პ) საჯარო რეესტრი – საქართველოს სამოქალაქო კოდექსითა და „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით უფლებათა სახელმწიფო რეგისტრაციის მიზნებისათვის გათვალისწინებული რეესტრი;

ჟ) სისტემური საკადასტრო აღწერა – სახელმწიფოს ინიციატივით, კონკრეტული ტერიტორიის ფარგლებში განხორციელებული საკადასტრო აღწერა;

რ) უფლების დამადასტურებელი საბუთი – კანონის ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული ან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, ან სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული საბუთი, რომელიც ადასტურებს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების, სხვა სანივთო, საგარანტიო და ვალდებულებითი ურთიერთობებიდან გამომდინარე უფლებების წარმოშობას, მის გადაცემას ან მიტოვებას, აგრეთვე საკუთრების უფლებაზე რაიმე ზეგავლენის წარმოშობას, შეჩერებას, მასში ცვლილების შეტანას ან შეწყვეტას;

ს) უძრავი ნივთი – განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 149-ე მუხლის მიხედვით;

ტ) შემდგომი რეგისტრაცია – საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე უფლების წარმოშობის, გადაცემის, შეცვლის, შეზღუდვის ან შეწყვეტის რეგისტრაცია განცხადებისა და უფლების დამადასტურებელი საბუთის საფუძველზე.

    მუხლი 3. უფლებები, რომლებიც ექვემდებარება საჯარო რეესტრში სავალდებულო რეგისტრაციას

უფლებები, რომლებიც ექვემდებარება სავალდებულო რეგისტრაციას:

ა) უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მოპოვება ნასყიდობის, გაცვლის, ჩუქების, მემკვიდრეობის, საკუთრების უფლების დადასტურების, პრივატიზების გზით, აგრეთვე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საკუთრების უფლების მიტოვება;

ბ) აღნაგობის, უზუფრუქტის, იპოთეკისა და საგარანტიო უფლებები, აგრეთვე სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი უძრავი ნივთის იჯარისა და ქირავნობის უფლებები;

გ) კანონიერ ძალაში შესული საქორწინო ხელშეკრულებით დადგენილი ქონებრივი უფლებები, რომლებიც შეეხება უძრავ ნივთს;

დ) ბინის მესაკუთრეთა ან/და ამხანაგობის წევრთა შორის დადებული შეთანხმებები;

ე) სამოქალაქო კოდექსის 315-ე მუხლის შესაბამისად – წინასწარი ჩანაწერის გაკეთება საჯარო რეესტრში.

    მუხლი 4. უფლებები, რომლებიც ექვემდებარება საჯარო რეესტრში ნებაყოფლობით რეგისტრაციას

უძრავ ნივთზე სანივთო და ვალდებულებითი უფლებები, რომლებსაც არ ითვალისწინებს ამ კანონის მე-3 მუხლი, ექვემდებარება საჯარო რეესტრში ნებაყოფლობით რეგისტრაციას.

თავი II

საჯარო რეესტრის დოკუმენტაცია

    მუხლი 5. უძრავ ნივთზე უფლებათა რეგისტრაციის საფუძველი

საჯარო რეესტრში უძრავ ნივთზე უფლებათა რეგისტრაცია ხორციელდება უფლების დამადასტურებელი საბუთებისა და საკადასტრო ინფორმაციის საფუძველზე.

    მუხლი 6. სარეგისტრაციო წარმოების დამადასტურებელი საბუთები

სარეგისტრაციო წარმოება დასტურდება შემდეგი საბუთებით:

ა) განცხადებებისა და უფლებების რეგისტრაციის წიგნი;

ბ) უძრავი ნივთების სააღრიცხვო ბარათი;

გ) სარეგისტრაციო მოწმობა;

დ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

ე) საკადასტრო გეგმა.

    მუხლი 7. განცხადებებისა და უფლებების რეგისტრაციის წიგნი

სარეგისტრაციო სამსახურში წარმოებს განცხადებებისა და უფლებების რეგისტრაციის წიგნი, რომელშიც ქრონოლოგიური თანმიმდევრობით შეიტანება მონაცემები განცხადებული მოთხოვნისა და შესრულებული სარეგისტრაციო ქმედების შესახებ.

    მუხლი 8. უძრავი ნივთის სააღრიცხვო ბარათი

1. თითოეულ მიწის ნაკვეთზე ან დამოუკიდებელი სანივთო უფლების მქონე უძრავ ნივთზე იხსნება ინდივიდუალური სააღრიცხვო ბარათი, რომელსაც გააჩნია განუმეორებელი ნომერი, რომელიც ემთხვევა მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდს. სააღრიცხვო ბარათზე ასევე მიეთითება წინა საკადასტრო კოდი ასეთის არსებობის შემთხვევაში.

2. სააღრიცხვო ბარათში ჩანაწერების შეტანა, შეცვლა ან გაუქმება ხორციელდება უფლების დამადასტურებელი საბუთების საფუძველზე და მათ შესაბამისად.

3. სააღრიცხვო ბარათი შეიცავს შემდეგ მონაცემებს:

ა) უძრავი ნივთის საკადასტრო კოდს;

ბ) ფართობს (დაზუსტებულს, დაუზუსტებელს);

გ) მისამართს (ადგილმდებარეობას);

დ) მიწის ნაკვეთის დანიშნულებას;

ე) საკუთრების უფლების სახეს;

ვ) წინა საკადასტრო კოდს;

ზ) მესაკუთრის (თანამესაკუთრეების) საიდენტიფიკაციო მონაცემებს;

თ) უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალს და რეკვიზიტებს; პირველადი რეგისტრაციისას საკუთრების დამადასტურებელი საბუთების ჩამონათვალს და რეკვიზიტებს;

ი) თანამესაკუთრეთა წილობრივ მონაცემებს;

კ) მიწის ნაკვეთთან მყარად დაკავშირებული ობიექტების საკადასტრო კოდებსა და მონაცემებს;

ლ) უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების შეზღუდვის (სარგებლობის) ან ვალდებულებითი დატვირთვის დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალს, რეკვიზიტებსა და შეზღუდვის შინაარსს;

მ) იმ პირების საიდენტიფიკაციო მონაცემებს, რომელთა სასარგებლოდაც შეზღუდულია ან დატვირთულია უფლება;

ნ) უფლების დამადასტურებელი საბუთების არსებით პირობებს;

ო) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 315-ე მუხლით გათვალისწინებულ წინასწარ ჩანაწერს, სამომავლო ან/და პირობითი მოთხოვნის უზრუნველსაყოფად სანოტარო წესით დამოწმებული ისეთი გარიგების მოთხოვნების შესახებ, რომელიც გავლენას ახდენს, ან მოახდენს უძრავ ნივთზე საკუთრების ან სხვა სანივთო უფლებაზე;

პ) უძრავი ნივთის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენების დამადასტურებელი დოკუმენტის დასახელებასა და რეკვიზიტებს;

ჟ) მოთხოვნაზე უფლებამოსილი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებს;

რ) იპოთეკის სახესა და მისი უზრუნველყოფის პირობებს.

    მუხლი 9. სარეგისტრაციო მოწმობა

1. სარეგისტრაციო მოწმობა წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო) მიერ უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაციის თაობაზე გაცემულ ძირითად იურიდიულ დოკუმენტს.

2. სარეგისტრაციო მოწმობა არ წარმოადგენს უძრავ ნივთზე შემდგომი გარიგების განხორციელების საფუძველს.

3. სარეგისტრაციო მოწმობა ძალაში შედის მისი გამოცემის მომენტიდან.

4. სარეგისტრაციო მოწმობის გასაჩივრების ვადაა დაინტერესებული მხარისთვის მისი გადაცემიდან ერთი თვე. სარეგისტრაციო მოწმობა საჩივრდება სასამართლოში.

    მუხლი 10. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან

1. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან წარმოადგენს დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემულ სარეგისტრაციო წარმოების განხორციელების დამადასტურებელ საბუთს.

2. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან შეიცავს გაცემის მომენტისათვის სააღრიცხვო ბარათში უძრავი ნივთის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ძალაში მყოფ მონაცემებს. ბათილია ამონაწერი, რომელიც არ შეესაბამება შესაბამის სააღრიცხვო ბარათს მისი გაცემის მომენტისათვის.

3. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის განუყოფელ ნაწილს (დანართს) წარმოადგენს საკადასტრო გეგმა, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

4. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ძალაშია გაცემის მომენტიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.

5. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან უნდა დაამოწმოს სარეგისტრაციო სამსახურმა.

6. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან წარმოადგენს უძრავ ნივთზე გარიგების და სხვა სამართლებრივი მოქმედებისას საკუთრების ან სხვა სანივთო და ვალდებულებითი უფლების რეგისტრაციის დამადასტურებელ ერთადერთ დოკუმენტს.

7. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ხელახლა გაიცემა მხოლოდ ამონაწერის დედნის დაბრუნების შემდეგ ან უფლებამოსილი პირის (ნოტარიუსის, საბანკო დაწესებულების და ა.შ.) წერილობითი დასტურის საფუძველზე ამონაწერის დედნის მასთან შენახვის შესახებ.

8. თუ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან დაიკარგა ან დაზიანდა, ისე, რომ მისი იდენტიფიკაცია შეუძლებელია, დაინტერესებულ პირს შეუძლია სარეგისტრაციო სამსახურს მოსთხოვოს ახალი ამონაწერის გაცემა, რისთვისაც უნდა წარადგინოს წერილობითი განცხადება ამონაწერის დაკარგვის ან დაზიანების თაობაზე, რის შემდეგაც სარეგისტრაციო სამსახური გასცემს ახალ ამონაწერს და აკეთებს შესაბამის ჩანაწერს სააღრიცხვო ბარათში.

    მუხლი 11. საკადასტრო გეგმა

1. საკადასტრო გეგმა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შემადგენელ ნაწილს და არის საკადასტრო რუკიდან ამონაბეჭდი, რომელიც შესრულებულია ერთი მიწის ნაკვეთისათვის და წარმოადგენს უძრავი ნივთის ადგილმდებარეობისა და საზღვრების შესახებ საკადასტრო მონაცემების კარტოგრაფიულ გამოსახულებას.

2. საკადასტრო რუკის საფუძველს წარმოადგენს ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურის არქივში არსებული ინფორმაცია, ურბანული დაგეგმარების ან არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული ინფორმაცია და საკადასტრო აზომვითი ნახაზი.

3. ფართობის სხვადასხვაობის შემთხვევაში, როდესაც საზღვრები უცვლელია, დაზუსტებულად ითვლება ბოლო აზომვის შედეგად მიღებული ფართობი.

4. საკადასტრო გეგმა სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაიცემა საჯარო რეესტრიდან ამონაწერთან ერთად ან მის გარეშე, განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისად.

    მუხლი 12. უძრავი ნივთის იდენტიფიკაციის წესი

1. რეგისტრაციის მიზნით საქართველოს ტერიტორია იყოფა სარეგისტრაციო ზონებად, ხოლო თითოეული რეგისტრაციის ზონა იყოფა სექტორებად, სექტორი კი – კვარტალებად.

2. ამ კანონით გათვალისწინებული სარეგისტრაციო ზონების, სექტორებისა და კვარტალების საზღვრებს ადგენს, ცვლის და ამტკიცებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

3. ყოველ უძრავ ნივთს მიენიჭება განუმეორებელი საკადასტრო კოდი.

4. საკადასტრო კოდი შედგება საბაზო და დამატებითი კოდებისაგან.

5. საბაზო საკადასტრო კოდის ფორმირება ხდება მიწის ნაკვეთის იდენტიფიცირების მიზნით და შედგება:

ა) საკადასტრო ზონის;

ბ) საკადასტრო სექტორის;

გ) საკადასტრო კვარტალის;

დ) მიწის ნაკვეთის კოდებისაგან.

6. მიწის ნაკვეთზე განლაგებულ შენობებსა და მრავალერთეულიანი უძრავი ქონების ინდივიდუალური საკუთრების ერთეულების (ბინების, ოფისების და სხვა) იდენტიფიცირებისათვის საბაზო კოდს ემატება:

ა) შენობის კოდი;

ბ) ინდივიდუალური საკუთრების ერთეულის კოდი.

7. მიწის ნაკვეთის გაერთიანებისას ან გაყოფისას ახლად ფორმირებულ მიწის ნაკვეთს ენიჭება ახალი კოდი.

თავი III

პირველადი და შემდგომი რეგისტრაცია

    მუხლი 13. პირველადი რეგისტრაციის საფუძველი

1. პირველადი რეგისტრაცია ხორციელდება ამ კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრული შესაბამისი უფლების დამადასტურებელი საბუთის, ამ კანონის მე-20 მუხლით განსაზღვრული სარეგისტრაციო განცხადებისა და სხვა საბუთების საფუძველზე.

2. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებად გამოცხადებულ უძრავ ნივთზე უფლების პირველადი რეგისტრაცია ხორციელდება საკუთრებად გამოცხადების შესახებ ნორმატიული ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, საკადასტრო გეგმებისა (ასეთის არარსებობის შემთხვევაში – აზომვითი ნახაზის) და რეგისტრაციით დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე.

    მუხლი 14. საკუთრების უფლების გადაცემის, დატვირთვის, შეზღუდვის ან შეწყვეტის რეგისტრაცია

საკუთრების უფლების გადაცემა, დატვირთვა, შეზღუდვა ან შეწყვეტა რეგისტრირდება შესაბამისი უფლების დამადასტურებელი ერთ-ერთი საბუთის და ამ კანონის მე-20 მუხლით განსაზღვრული სარეგისტრაციო განცხადებისა და სხვა საბუთების საფუძველზე.

    მუხლი 15. მშენებარე მრავალბინიან სახლზე უფლების პირველადი და შემდგომი რეგისტრაცია

1. მშენებარე მრავალბინიან სახლზე სამომავლო საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის უფლებამოსილი პირი სარეგისტრაციო სამსახურს ამ კანონის მე-20 მუხლით განსაზღვრული დოკუმენტაციის გარდა წარუდგენს უფლებამოსილი ორგანოს მიერ შეთანხმებულ სამშენებლო-საპროექტო დოკუმენტაციას და მშენებლობის ნებართვას, რის საფუძველზეც უფლებამოსილი პირის მიწის ნაკვეთის საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტაციაში მრავალბინიანი სახლი აღინიშნება, როგორც „მშენებარე“.

2. მშენებლობადასრულებულ მრავალბინიან სახლზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის უფლებამოსილი პირი სარეგისტრაციო სამსახურს ამ კანონის მე-20 მუხლით განსაზღვრული დოკუმენტაციის გარდა წარუდგენს შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების დამადასტურებელ სათანადო დოკუმენტაციას, რომლის საფუძველზეც უფლებამოსილი პირის მიწის ნაკვეთის საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტაციაში აღნიშვნა – „მშენებარე“ – უქმდება.

3. მშენებარე მრავალბინიანი სახლის ცალკეულ ბინაზე და სხვა უძრავ ქონებაზე სამომავლო საკუთრების უფლების შემდგომი რეგისტრაციისათვის უფლებამოსილი პირი სარეგისტრაციო სამსახურს ამ კანონის მე-20 მუხლით განსაზღვრული დოკუმენტაციის გარდა წარუდგენს შესაბამისი წესით დამოწმებულ მრავალბინიანი სახლის სართულების მიხედვით ინდივიდუალურ და საერთო საკუთრებაში არსებული ფართების განლაგების სქემას და მშენებარე მრავალბინიანი სახლის სამომავლო საკუთრების უფლების მქონე პირის ნოტარიალურად დამოწმებულ თანხმობას, რის საფუძველზეც მშენებარე მრავალბინიანი სახლის კონკრეტულ მშენებარე ბინაზე და სხვა უძრავ ქონებაზე იქმნება სამომავლო საკუთრების უფლების რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ხორციელდება შესაბამისი წინასწარი ჩანაწერი.

4. მშენებარე ბინის და სხვა უძრავი ქონების წინასწარი ჩანაწერის საწინააღმდეგო განკარგვა (წინასწარი ჩანაწერის შინაარსის შეცვლა, მშენებარე ბინაზე და სხვა უძრავ ქონებაზე სამომავლო საკუთრების უფლების გადაცემა მესამე პირზე, მისი დატვირთვა და ა.შ.), რომელზედაც არ არის სამომავლო საკუთრების უფლების მქონე პირის წინასწარი, ნოტარიალურად დამოწმებული წერილობითი თანხმობა, ითვლება ბათილად.

5. მშენებლობადასრულებულ ბინაზე და სხვა უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის უფლებამოსილი პირი სარეგისტრაციო სამსახურს, ამ კანონის მე-20 მუხლით განსაზღვრული დოკუმენტაციის გარდა წარუდგენს შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების დამადასტურებელ, დოკუმენტაციის სათანადო წესით დამოწმებულ ასლს, რის საფუძველზეც მშენებარე ბინაზე და სხვა უძრავ ქონებაზე შექმნილ სამომავლო საკუთრების უფლების რეგისტრაციის დამადასტურებელ დოკუმენტაციაში უფლებამოსილი პირი აღინიშნება, როგორც მესაკუთრე.

    მუხლი 16. დამოუკიდებელი სანივთო უფლების მქონე უძრავ ნივთზე რეგისტრაციის განსაკუთრებული შემთხვევები

1. ხაზოვანი ნაგებობები (ობიექტები) წარმოადგენენ უძრავი ნივთის (მიწის ნაკვეთების) ისეთ არსებით შემადგენელ ნაწილს, რომელიც დამოუკიდებელი უფლების მქონე ობიექტია.

2. აღნიშნულ ნაგებობაზე საკუთრების, სხვა სანივთო და ვალდებულებითი ურთიერთობებიდან წარმოშობილ უფლებებზე სახელმწიფო რეგისტრაციას ახორციელებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

    მუხლი 17. უძრავი ნივთების გაერთიანების რეგისტრაცია

1. თუ მომიჯნავე უძრავი ნივთები ერთი პირის საკუთრებას წარმოადგენს და მდებარეობს ერთი საკადასტრო კვარტალის ფარგლებში, მესაკუთრის განცხადების საფუძველზე, სარეგისტრაციო სამსახურს შეუძლია გააერთიანოს უძრავი ნივთები, თუ ამით არ ილახება მესამე პირთა კანონიერი ინტერესები.

2. თუ მომიჯნავე უძრავი ნივთები არ წარმოადგენს ერთი პირის საკუთრებას და მდებარეობს ერთი საკადასტრო კვარტალის ფარგლებში, სარეგისტრაციო სამსახურს შეუძლია გააერთიანოს ეს უძრავი ნივთები მესაკუთრეთა შორის დადებული ნოტარიალურად დამოწმებული ხელშეკრულების საფუძველზე, თუ ამით არ ილახება მესამე პირთა კანონიერი ინტერესები.

3. უძრავი ნივთების გაერთიანებისას სარეგისტრაციო სამსახური დახურავს უკვე არსებულ სააღრიცხვო ბარათებს, გახსნის ახალს და შესაბამის ცვლილებებს შეიტანს საკადასტრო რუკაზე/გეგმაზე.

    მუხლი 18. უძრავი ნივთის დაყოფის რეგისტრაცია

1. თუ უძრავი ნივთის მესაკუთრეს სურს ნაწილებად დაყოს თავისი ნივთი, სარეგისტრაციო სამსახური მოითხოვს მისგან საკადასტრო აღწერილობას შემოთავაზებული დაყოფის თაობაზე. ნივთის დაყოფა რეგისტრირდება იმ შემთხვევაში, თუ დაყოფის შედეგად არ იცვლება უფლებები ახლად წარმოქმნილი ნივთის მიმართ და არ ილახება მესამე პირების კანონიერი ინტერესები.

2. მესაკუთრეს ან თანამესაკუთრეებს უფლება აქვთ გაყონ უძრავი ნივთი და გაასხვისონ მისი ერთ-ერთი ნაწილი, თუ ამით არ ილახება მესამე პირების კანონიერი ინტერესი, ამ შემთხვევაში სანოტარო აქტს დანართის სახით თან უნდა ერთვოდეს გაყოფის სქემატური ნახაზი.

3. თუ დაყოფის შედეგად იცვლება უფლებები ახლად წარმოქმნილი ნივთის მიმართ, აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია დაინტერესებული პირების სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა.

4. თუ თანამესაკუთრეების შეთანხმება მათ საერთო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის დაყოფაზე დადასტურებულია სანოტარო წესით ან წარმოდგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული აქტი ან უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი უძრავი ნივთის დაყოფის ან უძრავი ნივთის ერთ-ერთი ნაწილის გასხვისების თაობაზე, სარეგისტრაციო სამსახურმა უნდა მოახდინოს დაყოფილი ნივთის რეგისტრაცია ცალ-ცალკე, ამ კანონით დადგენილი წესით.

თავი IV

სარეგისტრაციო წარმოება

    მუხლი 19. სარეგისტრაციო წარმოების მხარეები

სარეგისტრაციო წარმოების მხარეებს წარმოადგენენ დაინტერესებული პირი და შესაბამისი სარეგისტრაციო სამსახური.

    მუხლი 20. სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული საბუთები

1. სარეგისტრაციო წარმოებით დაინტერესებული პირი წერილობითი განცხადებით მიმართავს სარეგისტრაციო სამსახურს.

2. განცხადება შეტანილ უნდა იქნეს უძრავი ნივთის ადგილმდებარეობის მიხედვით შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურში და უნდა შეიცავდეს:

ა) იმ სარეგისტრაციო სამსახურის დასახელებას, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი;

ბ) განმცხადებლის ვინაობასა და მისამართს;

გ) განმცხადებლის მოთხოვნის არსს;

დ) განცხადებაზე თანდართული საბუთების ნუსხას;

ე) წარდგენის თარიღს და განმცხადებლის ხელმოწერას.

3. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დაკისრებული ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი შემდეგი საბუთები:

ა) „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული გადასახდელების გადახდის დამადასტურებელი საბუთი – აღნიშნული კანონის საფუძველზე წარმოშობილი საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნისას;

ბ) „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემული მიწის ნაკვეთის ღირებულების სრულად ან ხელშეკრულებით დადგენილი პირობებით გადახდის დამადასტურებელი საბუთი – აღნიშნული კანონის საფუძველზე წარმოშობილი უფლებების რეგისტრაციის მოთხოვნისას;

გ) სარეგისტრაციო წარმოებისათვის დაწესებული საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი;

დ) ამგეგმავის მიერ შესრულებული უძრავი ნივთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი. პირველადი რეგისტრაციის შემთხვევაში საკადასტრო აზომვითი ნახაზი არ მოითხოვება, თუ ჩატარებულია სისტემური საკადასტრო სამუშაოები;

ე) ფიზიკური ან იურიდიული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები;

ვ) თუ ადგილობრივი მმართველობის ყოფილი ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურის მიერ გაცემული ცნობადახასიათება დაიკარგა ან დაზიანდა, ისე, რომ მისი იდენტიფიკაცია შეუძლებელია, უფლებამოსილი პირის სარეგისტრაციო განცხადებას თან უნდა ერთვოდეს ახსნა-განმარტება ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურის მიერ გაცემული ცნობა-დახასიათების დაკარგვის ან დაზიანების თაობაზე.

4. ყველა ხელშეკრულება ან სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უძრავ ნივთზე საკუთრების, სხვა სანივთო, ან ვალდებულებითი ურთიერთობიდან გამომდინარე უფლებების წარმოშობას, შეცვლას ან შეწყვეტას, სარეგისტრაციო სამსახურს წარედგინება მისი მიღებიდან (გამოცემიდან) ან დამოწმებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ დოკუმენტის წარმოუდგენლობის სამართლებრივი შედეგები განისაზღვრება „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონით.

5. სარეგისტრაციო სამსახურს უფლება არა აქვს მოსთხოვოს განმცხადებელს ამ მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებში აღნიშნული დოკუმენტაციის გარდა სხვა რაიმე დამატებითი საბუთი ან ინფორმაცია.

    მუხლი 21. სარეგისტრაციო წარმოების ვადები

1. სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია ამ კანონის მე-20 მუხლით გათვალისწინებული საბუთების წარდგენა სარეგისტრაციო სამსახურში ან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის კანონმდებლობის შესაბამისად დაკისრებული ვალდებულება განახორციელოს უფლების რეგისტრაცია.

2. სარეგისტრაციო სამსახური განცხადების მიღებას ადასტურებს განცხადების რეგისტრაციის წიგნში დაუყოვნებლივ რეგისტრაციითა და მასზე სარეგისტრაციო ნომრის მინიჭებით.

3. სარეგისტრაციო სამსახური ვალდებულია დადგენილი წესით რეგისტრაციაში გაატაროს განცხადება, დასვას მასზე რეგისტრაციის თარიღი, ნომერი და დაუყოვნებლივ გადასცეს განმცხადებელს განცხადების მიღების ბარათი.

4. სარეგისტრაციო სამსახური დაუყოვნებლივ ამოწმებს განცხადების შესაბამისობას ამ კანონის მე-20 მუხლის მოთხოვნებთან და იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ განმცხადებელმა არ წარადგინა მე-20 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული რაიმე საბუთი ან ინფორმაცია, იგი დაუყოვნებლივ განუსაზღვრავს განმცხადებელს 3 სამუშაო დღის ვადას, რომლის განმავლობაშიც განმცხადებელმა უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია.

5. დამატებითი დოკუმენტების წარდგენისას, სარეგისტრაციო სამსახური რეგისტრირებულ განცხადებასა და რეგისტრაციის დამადასტურებელ დოკუმენტში აღნიშნავს დამატებით წარმოდგენილ დოკუმენტაციას, წარდგენის თარიღს, რასაც ადასტურებს ბეჭდით.

6. დამატებითი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენამდე განცხადების ვადის დინება შეჩერებულად ითვლება და განახლდება მხოლოდ განმცხადებლის მიერ შესაბამისი საბუთის ან ინფორმაციის წარდგენისთანავე.

7. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, სარეგისტრაციო სამსახური შეწყვეტს სარეგისტრაციო წარმოებას და გამოიტანს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილავად დატოვების შესახებ.

8. თუ არ არსებობს რეგისტრაციის შეჩერების ან რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი, სარეგისტრაციო სამსახური უფლების პირველად რეგისტრაციას ახორციელებს ათი, იპოთეკის რეგისტრაციას სამი, ხოლო შემდგომ რეგისტრაციას – ხუთი სამუშაო დღის ვადაში და გასცემს ამონაწერს საჯარო რეესტრიდან, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – სარეგისტრაციო მოწმობას.

9. თუ დაცულია ამ კანონის მე-10 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების მოთხოვნები, საჯარო რეესტრიდან ამონაწერის განმეორებით გაცემას სარეგისტრაციო სამსახური ახორციელებს მოთხოვნიდან ერთი სამუშაო დღის ვადაში.

    მუხლი 22. დაჩქარებული სარეგისტრაციო წარმოება

1. დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე სარეგისტრაციო სამსახური სარეგისტრაციო წარმოებას ახორციელებს კანონმდებლობით დაწესებულ ვადაზე ადრე. დაჩქარებული სარეგისტრაციო წარმოებისათვის დაინტერესებული პირი იხდის მომსახურების საფასურს, რომელიც განისაზღვრება „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონით.

2. დაჩქარებული სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია ამ კანონის მე-20 მუხლით გათვალისწინებული საბუთების წარდგენა სარეგისტრაციო სამსახურში და სარეგისტრაციო განცხადებაში მითითება, რომ სურს დაჩქარებული სარეგისტრაციო წარმოების განხორციელება.

3. სარეგისტრაციო სამსახური დაჩქარებულ სარეგისტრაციო წარმოებას ახორციელებს შემდეგ ვადებში:

ა) პირველადი რეგისტრაცია – ერთი, სამი ან ხუთი სამუშაო დღის ვადაში;

ბ) იპოთეკა – ერთი სამუშაო დღის ვადაში;

გ) შემდგომი რეგისტრაცია, მათ შორის, საკუთრების უფლების გადაცემის, დატვირთვის, შეზღუდვის ან შეწყვეტის (იპოთეკის გარდა) რეგისტრაცია – ერთი ან სამი სამუშაო დღის ვადაში.

    მუხლი 23. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლები

1. სარეგისტრაციო წარმოება ჩერდება, თუ:

ა) გასაჩივრდა უძრავ ნივთზე უფლების დამადასტურებელი საბუთი (საბუთები) და ეს გასაჩივრება აჩერებს დამადასტურებელი საბუთების მოქმედებას და აღნიშნული შეჩერების შესახებ შესაბამისი ორგანოს მიერ ოფიციალურად ეცნობება სარეგისტრაციო სამსახურს;

ბ) არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ითვალისწინებს რეგისტრაციის პროცესის შეჩერებას.

2. უძრავ ნივთზე ყადაღის დადება არ აჩერებს სარეგისტრაციო წარმოებას, თუ დაყადაღების აქტში პირდაპირ არ არის მითითებული სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ.

3. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების თაობაზე დაუყოვნებლივ ხდება განმცხადებლის წერილობითი ინფორმირება შეჩერების მიზეზების დასაბუთებით.

    მუხლი 24. სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის საფუძვლები

1. სარეგისტრაციო წარმოების ვადის განმავლობაში სარეგისტრაციო სამსახური უარს ამბობს რეგისტრაციის განხორციელებაზე, თუ:

ა) დადგენილია არსებითი წინააღმდეგობის არსებობა სარეგისტრაციოდ წარდგენილ უფლებასა და საჯარო რეესტრში უკვე რეგისტრირებულ უფლებრივ მდგომარეობას შორის, რაც შეუძლებელს ხდის რეგისტრაციას;

ბ) სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლება არ ექვემდებარება საჯარო რეესტრში რეგისტრაციას;

გ) სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ნივთზე უფლების დამადასტურებელი საბუთი ბათილად, ძალადაკარგულად ან არარად არის ცნობილი;

დ) უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიღებულია (გამოცემულია) ან დამოწმებულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან თანამდებობის პირის მიერ.

2. სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს გადახდილი მომსახურების საფასური უკან არ უბრუნდება.

    მუხლი 25. სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტა

1. სარეგისტრაციო წარმოება შეიძლება შეწყდეს დაინტერესებული პირის განცხადებით, თუ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლება ან ამ უფლების ობიექტი აღარ არსებობს ან გარიგება გაუქმდა მხარეთა შეთანხმებით.

2. თუ განმცხადებელმა ვერ უზრუნველყო რეგისტრაციის შეჩერების ვადაში სათანადო დოკუმენტაციის წარდგენა, სარეგისტრაციო წარმოება წყდება.

3. სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სარეგისტრაციო მომსახურების საფასური უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.

    მუხლი 26. საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის საფუძვლები

1. სარეგისტრაციო სამსახური უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე განახორციელოს რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებებისა და დამატებების რეგისტრაცია.

2. რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის რეგისტრაციის საფუძვლებია:

ა) მესაკუთრის საიდენტიფიკაციო მონაცემების (ფიზიკური პირის – სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, რეგისტრაციის ადგილი; იურიდიული პირის – სახელწოდება, იურიდიული მისამართი, მარეგისტრირებელი ორგანო) და სხვა ცვლილება, რაც დოკუმენტურად არის დადასტურებული;

ბ) ფაქტობრივი გარემოების არსებობა, რომელიც იწვევს რეგისტრირებულ უფლებაში ან უფლების ობიექტში ცვლილებას ან/და დამატებას და რომელიც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით;

გ) საკადასტრო აღწერის დროს მიწის ნაკვეთის ფართობის, კონფიგურაციის და საზღვრების დადგენისას დაშვებული ან დაზუსტებისას გამოვლენილი ტექნიკური ხარვეზები;

დ) კანონიერ ძალაში შესული ადმინისტრაციული ორგანოს ან სასამართლოს აქტი.

3. სარეგისტრაციო ორგანო, საკუთარი ინიციატივით რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანამდე ვალდებულია, დაინტერესებულ მხარეებს აღნიშნული ცვლილებების ან/და დამატებების მიმართ საკუთარი წერილობითი მოსაზრებების წარსადგენად განუსაზღვროს 20-დღიანი ვადა.

4. რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებებისა და დამატებების რეგისტრაცია ხორციელდება უფლების რეგისტრაციისათვის დადგენილი წესით და მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე.

    მუხლი 27. საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ტექნიკური ხარვეზის შესწორება

1. სარეგისტრაციო სამსახური უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ან უფლებამოსილი პირის განცხადების საფუძველზე შეასწოროს რეგისტრირებულ მონაცემებში ტექნიკური ხარვეზი, რომელიც გამოწვეულია სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში მოცემული ინფორმაციის უზუსტო გადატანით, ტექნიკური ან გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომით.

2. რეგისტრირებულ მონაცემებში ტექნიკური ხარვეზების შესწორება ხორციელდება უფლების რეგისტრაციისათვის დადგენილი წესით, მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე და შესწორების შესახებ უნდა ეცნობოს ყველა დაინტერესებულ პირს.

    მუხლი 28. საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმება

1. საჯარო რეესტრის ჩანაწერი უქმდება, თუ:

ა) წარმოდგენილია ახალი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უფლების გადასვლის ან შეწყვეტის ფაქტს;

ბ) წარმოდგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ადასტურებს საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ან ძალადაკარგულად ცნობის ფაქტს;

გ) წარმოდგენილია უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული (გამოცემული) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ადასტურებს იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ან ძალადაკარგულად ცნობის ფაქტს, რომელთა საფუძველზედაც განხორციელდა საჯარო რეესტრში საკუთრების ან სხვა სანივთო უფლების რეგისტრაცია;

დ) ამოიწურა ვადით განსაზღვრული უფლების მოქმედების ვადა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმება შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ ამ ჩანაწერის საფუძველთან ერთად.

3. საჯარო რეესტრის ჩანაწერების გაუქმების შემთხვევაში სარეგისტრაციო ჩანაწერები და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან კარგავენ იურიდიულ ძალას.

თავი V

ყადაღის აღრიცხვა

    მუხლი 29. ყადაღის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვისა და გაცემის წესი

1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სარეგისტრაციო სამსახურების მეშვეობით აწარმოებს უძრავ და მოძრავ ნივთებზე ყადაღის არსებობის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვასა და დაინტერესებულ პირებზე გაცემას.

2. უძრავ ნივთზე ყადაღის დადების ან გაუქმების შესახებ აქტი სასამართლოს, აღმასრულებლის ან საგადასახადო ორგანოს მიერ დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურს.

3. ყადაღის არსებობის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა ხორციელდება ყადაღის რეესტრში ინფორმაციის შემოსვლის დროის მიხედვით და თითოეულ ცნობას ენიჭება შესაბამისი ნომერი.

4. სხვა დოკუმენტები, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული დოკუმენტებისა, არ შეიძლება გახდეს საჯარო რეესტრში ყადაღის დადების ან გაუქმების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვის საფუძველი.

5. ყადაღის არსებობის შესახებ ცნობის გაცემა ხდება შესაბამისი განცხადების შეტანიდან ერთი სამუშაო დღის ვადაში.

6. ყადაღის არსებობის შესახებ ცნობა ძალაშია მისი გაცემიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.

თავი VI

სარეგისტრაციო სამსახურის უფლებები და მოვალეობები

    მუხლი 30. სარეგისტრაციო სამსახურის ფუნქციები

1. სარეგისტრაციო სამსახური სამოქმედო ტერიტორიაზე ახორციელებს:

ა) ამ კანონით დადგენილ უფლებათა რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საქმიანობას;

ბ) უძრავ და მოძრავ ნივთებზე ყადაღის არსებობის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვასა და გაცემას;

გ) საკადასტრო სარეგისტრაციო მონაცემების საფუძველზე უძრავი ნივთების შესახებ ინფორმაციის საგადასახადო ორგანოებისათვის მიწოდებას;

დ) ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ადმინისტრაციული საზღვრების აღრიცხვას;

ე) უფლების დამადასტურებელი და სხვა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის, აგრეთვე საკადასტრო/სარეგისტრაციო მონაცემებისა და ინფორმაციის სისტემატიზაციას, არქივირებას და უსაფრთხოდ შენახვას;

ვ) საჯარო რეესტრიდან ამონაწერის, სარეგისტრაციო მოწმობის, საკადასტრო რუკებისა და გეგმების გაცემას და აგრეთვე უზრუნველყოფს საჯარო დოკუმენტაციისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;

ზ) საკადასტრო და სარეგისტრაციო მონაცემების გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მომხმარებელთა კონსულტირებას;

თ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. სარეგისტრაციო სამსახურის ხელმძღვანელი იმავდროულად წარმოადგენს ზონის ან ზონების სახელმწიფო რეგისტრატორს (შემდგომში – სახელმწიფო რეგისტრატორი). საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უფლება აქვს ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურში საჭიროების შემთხვევაში დანიშნოს სექტორის სახელმწიფო რეგისტრატორები.

3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და სარეგისტრაციო სამსახურები უზრუნველყოფენ:

ა) საჯარო რეესტრის მონაცემთა სისტემატიზაციას, უსაფრთხო შენახვას, უძრავი ნივთის საკადასტრო/სარეგისტრაციო მონაცემთა ბაზის შექმნასა და მის მუდმივ განახლებას;

ბ) მოთხოვნის შესაბამისად და დადგენილი მომსახურების საფასურის საფუძველზე დაინტერესებული პირების სარეგისტრაციო/საინფორმაციო მომსახურებას.

4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო პასუხს არ აგებს სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტების და გაცხადებული უფლების სისწორეზე.

5. რეგისტრაციას დაქვემდებარებული უფლება იურიდიულ ძალას იძენს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. რეგისტრაციის თარიღად მიიჩნევა განცხადების სარეგისტრაციო წიგნში რეგისტრაციის დღე.

6. სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და განაცხადთა რეგისტრაციის წიგნი ექვემდებარება მუდმივ შენახვას. მათი დედნის მტკიცებულების სახით გამოთხოვა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი აქტის საფუძველზე. სასამართლო წარმოების დასრულების შემდეგ ისინი ექვემდებარებიან საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით დაბრუნებას.

    მუხლი 31. სახელმწიფო რეგისტრატორის უფლებამოსილება

1. სახელმწიფო რეგისტრატორი უფლებამოსილია:

ა) ამ კანონისა და მის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე განახორციელოს უფლებათა რეგისტრაცია და საინფორმაციო მომსახურება;

ბ) უფლებათა რეგისტრაციის დროს მოითხოვოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია;

გ) განახორციელოს, უარი განაცხადოს, შეაჩეროს ან შეწყვიტოს უფლებათა რეგისტრაცია ამ კანონით დადგენილი წესით;

დ) ამ კანონით დადგენილი წესით საჯარო რეესტრში არსებული მონაცემების საფუძველზე მოამზადოს და გასცეს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, სარეგისტრაციო მოწმობა, საკადასტრო რუკებისა და გეგმების ასლები, ცნობა ნივთზე ყადაღის არსებობის შესახებ, აგრეთვე იმ საბუთების ასლები, რომლებიც საფუძვლად დაედო უძრავ ნივთზე უფლებათა რეგისტრაციას;

ე) ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოითხოვოს ხელახალი საკადასტრო აღწერის ჩატარება, მომხდარი ცვლილებების შესაბამისად საკადასტრო რუკის/გეგმის მომზადება;

ვ) მოამზადოს და დაამტკიცოს უძრავი ნივთის საკადასტრო გეგმა;

ზ) დასაბუთებული უარი განაცხადოს არარეგისტრირებული უძრავი ნივთის გასხვისების, სხვა პირის სარგებლობაში გადაცემის და უფლებრივად დატვირთვის რეგისტრაციაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსით ან ხორციელდება სასამართლოს გადაწყვეტილების ან საკანონმდებლო აქტის საფუძველზე;

თ) განახორციელოს კანონით დადგენილი სხვა უფლებამოსილებანი.

2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სარეგისტრაციო სამსახურის სხვა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულებით.

    მუხლი 32. სახელმწიფო რეგისტრატორის ბეჭედი და სარეგისტრაციო სამსახურის თანამშრომელთა პასუხისმგებლობა

1. სახელმწიფო რეგისტრატორს აქვს მხოლოდ ერთი ბეჭედი, რომლის ანაბეჭდის ნიმუში ინახება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სარეგისტრაციო სამსახურის თანამშრომელთა პასუხისმგებლობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

თავი VII

გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 33. გარდამავალი დებულებანი

1. ამ კანონის ამოქმედებიდან სამი თვის ვადაში საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ბრძანებით უზრუნველყოს:

ა) საჯარო რეესტრიდან ამონაწერის ფორმის დამტკიცება;

ბ) სარეგისტრაციო განცხადების ფორმის დამტკიცება;

გ) სარეგისტრაციო მოწმობის ფორმის დამტკიცება;

დ) საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო წარმოების დამადასტურებელი საბუთების ფორმის დამტკიცება;

ე) საკადასტრო/სარეგისტრაციო მონაცემების დამუშავების, რეგისტრაციის, შენახვისა და გაცემის, საკადასტრო აღწერების ჩატარების ინსტრუქციისა და წესის დამტკიცება;

ვ) ყადაღის რეესტრის წარმოების, მისი ფორმების და ყადაღის შესახებ დოკუმენტის გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცება.

2. ამ კანონის ამოქმედებიდან სამი თვის ვადაში საქართველოს იუსტიციის მინისტრმა უზრუნველყოს:

ა) შემდეგ ნორმატიულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა:

ა.ა) საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 21 დეკემბრის №353 ბრძანება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის იჯარის ხელშეკრულების ფორმის დამტკიცების შესახებ“;

ა.ბ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 10 მაისის №65 ბრძანება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“;

ბ) „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 2 აგვისტოს №446 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტის მომზადება და პრეზიდენტისათვის წარდგენა.

3. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ამ კანონით დადგენილი სარეგისტრაციო ფორმების, წესებისა და ინსტრუქციების დამტკიცებამდე სარეგისტრაციო წარმოება და საინფორმაციო მომსახურება უზრუნველყოს მოქმედი წესის შესაბამისად.

4. „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ყოფილი მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ზონის რეგისტრატურებში რეგისტრირებული უფლებები მიიჩნევა საჯარო რეესტრში რეგისტრირებულად.

5. ადგილობრივი მმართველობის ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურებში, ამ სამსახურების ლიკვიდაციამდე რეგისტრირებული უფლებები მიიჩნევა საჯარო რეესტრში პირველადი რეგისტრაციის განხორციელების საფუძვლად.

6. უფლებები, რომლებიც წარმოიშვა ამ კანონის მიღებამდე და არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, ექვემდებარება რეგისტრაციას ამ კანონის შესაბამისად.

თავი VIII

დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 34. დასკვნითი დებულებანი

1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს 1996 წლის 14 ნოემბრის კანონი „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ (პარლამენტის უწყებანი, №29-30/5, 11 დეკემბერი 1996, გვ. 12).

2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან ორი თვის შემდეგ.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 28 დეკემბერი.

№2635-რს