ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების უმნიშვნელო ოდენობისა და სახელმწიფო დახმარების გაცემის ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ

ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების უმნიშვნელო ოდენობისა და სახელმწიფო დახმარების გაცემის ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 529
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/09/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 240140000.10.003.018153
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
529
01/09/2014
ვებგვერდი, 04/09/2014
240140000.10.003.018153
ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების უმნიშვნელო ოდენობისა და სახელმწიფო დახმარების გაცემის ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (04/09/2014 - 04/11/2020)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №529

2014 წლის 1 სექტემბერი

ქ.თბილისი

 

ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების უმნიშვნელო ოდენობისა და სახელმწიფო დახმარების გაცემის ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-6 მუხლისა და ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, მე-13 მუხლის პირველი პუნქტისა  და 34-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების უმნიშვნელო ოდენობა და სახელმწიფო დახმარების გაცემის  ზოგადი წესი“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



                                                                                                                                                   
ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების უმნიშვნელო ოდენობა და სახელმწიფო დახმარების გაცემის ზოგადი წესი 

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1.  ეს წესი შემუშავებულია ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) შესაბამისად.

2.  ამ წესის მიზანია:

 ა) სახელმწიფო დახმარების გაცემის პროცედურის არადისკრიმინაციულობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;

ბ)  სახელმწიფო დახმარების უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმების პროცედურის დადგენა;

გ) სახელმწიფო დახმარების  კანონთან და ამ დოკუმენტით გათვალისწინებულ დებულებებთან შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში,  შესაბამისი ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კონკურენციის სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) უფლებამოსილების განსაზღვრა;

დ) კანონით გათვალისწინებული ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების უმნიშვნელო ოდენობის განსაზღვრა.

3.  ამ  წესით გათვალისწინებული უფლებამოსილი ორგანოა სააგენტო.

4. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა. 

მუხლი 2.  მოქმედების სფერო

 ეს წესი ვრცელდება მხოლოდ იმ სახელმწიფო დახმარებაზე, რომლის გაცემას, კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ესაჭიროება სააგენტოსთან შეთანხმება  და რომელიც გაიცემა შემდეგი მიზნით:

 ა) გარკვეული რეგიონების ეკონომიკური განვითარებისთვის;

ბ) კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების ხელშეწყობისთვის.

 მუხლი 3. სახელმწიფო დახმარების ფორმა და სახელმწიფო დახმარების გაცემის პრინციპები

1.  სახელმწიფო დახმარების ფორმებია:

ა) გადასახადებისგან გათავისუფლება, მათი შემცირება ან გადავადება;

ბ) ვალის ჩამოწერა, რესტრუქტურიზაცია;

გ) სესხის ხელსაყრელი პირობებით გაცემა;

დ) საოპერაციო აქტივების გადაცემა;

ე) ფულადი დახმარების გაწევა;

ვ) მოგების მიღების გარანტია;

ზ) შეღავათები;

თ) სხვა.

2.  ამ მუხლის  პირველი  პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული  უფლების მინიჭებად არ განიხილება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვა.

3. სახელმწიფო დახმარების გაცემისას დაცული უნდა იყოს არასდისკრიმინაციულობისა და გამჭვირვალობის პრინციპები.

4. ეს წესი არ ვრცელდება კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე, გარდა ამავე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.

მუხლი 4. სახელმწიფო დახმარების გაცემის შესახებ განცხადება

1. სახელმწიფო დახმარების გამცემი, სახელმწიფო დახმარების კანონის დებულებებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, განცხადებით მიმართავს სააგენტოს.

2. განცხადება სახელმწიფო დახმარების გაცემის შესახებ უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა)    სახელმწიფო დახმარების გამცემის დასახელებას;

ბ)   სახელმწიფო დახმარების გაცემის მიზანს - სახელმწიფო დახმარების გაცემის აუცილებლობისა და სახელმწიფო დახმარების გაცემით ბაზარზე გამოწვეული შესაძლო შედეგების გათვალისწინებით;

გ) ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო დახმარების განხორციელების ფორმას;

დ)  სახელმწიფო დახმარების მიმღებ სუბიექტს/სუბიექტებს;

ე)   სახელმწიფო დახმარების მოცულობას;

 ვ)   სახელმწიფო დახმარების გაცემის პირობებს/პროცედურებს;

ზ) სახელმწიფო დახმარების გაცემის  პერიოდულობას, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

თ) თუ სახელმწიფო დახმარება გაიცემა ფულადი თანხის გადაცემის გზით, თითოეული გადარიცხვის  მოცულობას და გაცემის პერიოდულობას;

ი) სახელმწიფო დახმარების მიმღებ სუბიექტებს შორის განაწილების მექანიზმს;

 კ)  დასაბუთებას, რომ გასაცემი სახელმწიფო დახმარება მნიშვნელოვნად არ ზღუდავს შესაბამის ბაზარზე კონკურენციას.

3. სახელმწიფო დახმარების გამცემმა სააგენტოს უნდა აცნობოს, ასევე, სახელმწიფო დახმარების გაცემის პირობების არსებითი ცვლილების შესახებ.

4.   ამ მუხლის მე–3 პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო დახმარების გაცემის პირობების არსებით ცვლილებას წარმოადგენს ამ მუხლის მე–2 პუნქტში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება, ასევე, სახელმწიფო დახმარების გაცემის პირობების სხვა ცვლილება, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვნად შეზღუდოს შესაბამის ბაზარზე კონკურენცია.

მუხლი  5. სახელმწიფო დახმარების შეთანხმება

1. სახელმწიფო დახმარების გაცემის შესახებ განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს 14  სამუშაო დღის განმავლობაში, სააგენტო, მისთვის წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, ადგენს დასაშვებია თუ არა სახელმწიფო დახმარების გაცემა კანონის და ამ წესის შესაბამისად. აღნიშნული ვადა, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია გაგრძელდეს 2 თვემდე, რის თაობაზეც სახელმწიფო დახმარების გამცემს უნდა ეცნობოს 14 სამუშაო დღის ამოწურვამდე, 3 სამუშაო დღით ადრე, შეტყობინების საფუძველზე.

2.  სააგენტო, სახელმწიფო დახმარების კანონთან შესაბამისობის საკითხის შესწავლისას, უფლებამოსილია, გამოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია სახელმწიფო დახმარების გამცემ პირთაგან ან/და შესაბამისი სახელმწიფო  ორგანოებიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.  

3. სახელმწიფო დახმარების, კანონსა და ამ წესის დებულებებთან  შესაბამისობის   შემთხვევაში, სააგენტო აცნობებს საქართველოს მთავრობასა და სახელმწიფო დახმარების გამცემს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადებში.

4. თუ დადგინდა, რომ კანონით და ამ წესით განსაზღვრული დებულებების  შესაბამისად, სახელმწიფო დახმარების გაცემა დაუშვებელია,  სააგენტო, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ  ვადაში, ამზადებს  უარყოფით სამართლებრივ  დასკვნას და ამის შესახებ აცნობებს საქართველოს მთავრობასა და სახელმწიფო დახმარების გამცემს.

5. სააგენტო უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში, სახელმწიფო დახმარების გამცემის ქმედების კანონის დებულებებთან წინააღმდეგობის გამოვლენის შემთხვევაში, მოსთხოვოს სახელმწიფო დახმარების გამცემს დამატებითი დასაბუთება ან/და შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაცია.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უარყოფითი სამართლებრივი დასკვნის არსებობის შემთხვევაში, სააგენტოს შეუძლია, სახელმწიფო დახმარების გამცემს  მისცეს შესაბამისი რეკომენდაცია, ქმედების კანონთან შესაბამისობაში მოყვანისათვის.

 7.  სააგენტოს სამართლებრივი დასკვნის/რეკომენდაციის საფუძველზე, საქართველოს მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფო დახმარების გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის თაობაზე.

მუხლი  6.  გაცემული სახელმწიფო დახმარების გასაჩივრება

1. თუ გაცემული სახელმწიფო დახმარება მნიშვნელოვნად ზღუდავს შესაბამის ბაზარზე კონკურენციას ან/და დარღვეულია კონკურენციის სფეროში  საქართველოს კანონმდებლობა სახელმწიფო დახმარების გაცემის პროცედურასთან დაკავშირებით,  პირს, რომელსაც უშუალოდ მიადგა ზიანი, შეუძლია სასამართლოში გაასაჩივროს გაცემული სახელმწიფო დახმარება.

 2. ამ წესის დარღვევასთან დაკავშირებულ დავებს განიხილავს კონკურენციასთან დაკავშირებული დავებისათვის უფლებამოსილი სასამართლო - თბილისის საქალაქო სასამართლო.

მუხლი 7.  ინდივიდუალური  სახელმწიფო  დახმარების უმნიშვნელო ოდენობა

1. ამ  წესით განსაზღვრული სახელმწიფო დახმარების გაცემის ზოგადი წესი არ მოქმედებს სახელმწიფო დახმარებებზე, რომელთა მოცულობა  ერთ  ეკონომიკურ აგენტთან მიმართებით, ჯამურად, ზედიზედ 3 ფისკალური წლის განმავლობაში არ აღემატება 400 000 ლარს, გარდა, ამ მუხლის მე-2 - მე-4 პუნქტებით დადგენილი შემთხვევებისა.

 2.  სახმელეთო  ტრანსპორტით ტვირთის გადაზიდვის სფეროში მოქმედ ერთ ეკონომიკურ აგენტთან მიმართებით, ინდივიდუალური სახელმწიფო დამხარება, ჯამურად, ზედიზედ 3 ფისკალური წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს  200 000 ლარს.

3.  ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო დახმარება არ შეიძლება იქნეს გამოყენებული სახმელეთო-სატვირთო ტრანსპორტის შესყიდვისათვის.

4. სოფლის მეურნეობის სფეროში მოქმედ ერთ ეკონომიკურ აგენტთან მიმართებით ინდივიდუალური სახელმწიფო დამხარება, ჯამურად, ზედიზედ 3 ფისკალური წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს  200 000 ლარს.

5. ამ მუხლის მიზნებისათვის კანონით განსაზღვრული  ურთიერთდამოკიდებული  პირები განიხილებიან როგორც ერთი ეკონომიკური აგენტი.

მუხლი 8.  გარდამავალი   დებულება

ეს  წესი არ ვრცელდება მის ამოქმედებამდე გაცემულ სახელმწიფო დახმარებაზე და აღნიშნული სახის სახელმწიფო დამხარების პირობების ცვლილება არ საჭიროებს სააგენტოსთან შეთანხმებას.