დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების უმნიშვნელო ოდენობისა და სახელმწიფო დახმარების გაცემის ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №529 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 662 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 04/11/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/11/2020 |
ძალაში შესვლის თარიღი | 04/11/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 240140000.10.003.022382 |
|
„ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების უმნიშვნელო ოდენობისა და სახელმწიფო დახმარების გაცემის ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №529 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების უმნიშვნელო ოდენობისა და სახელმწიფო დახმარების გაცემის ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №529 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/09/2014, 240140000.10.003.018153) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ წესში:
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) სახელმწიფო დახმარების კანონსა და ამ წესით გათვალისწინებულ დებულებებთან შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამისი ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) უფლებამოსილების განსაზღვრა;“. 2. მე-3 − მე-5 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. სახელმწიფო დახმარების ფორმა და სახელმწიფო დახმარების გაცემის პრინციპები 1. სახელმწიფო დახმარებად ითვლება საბიუჯეტო სახსრების ან სახელმწიფო რესურსების გადაცემით ან სხვა შეღავათის დაწესებით ეკონომიკური აგენტისთვის შერჩევითი ეკონომიკური უპირატესობის მინიჭება, ნებისმიერი ფორმით. 2. სახელმწიფო დახმარების გაცემისას დაცული უნდა იყოს არასდისკრიმინაციულობისა და გამჭვირვალობის პრინციპები. 3. ეს წესი არ ვრცელდება კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე, გარდა ამავე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა. მუხლი 4. სახელმწიფო დახმარების გაცემის შესახებ განცხადება 1. სახელმწიფო დახმარების გამცემი, სახელმწიფო დახმარების კანონის დებულებებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, განცხადებით მიმართავს სააგენტოს. 2. განცხადება სახელმწიფო დახმარების გაცემის შესახებ უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) სახელმწიფო დახმარების გამცემი ორგანოს დასახელება; ბ) სახელმწიფო დახმარების განხორციელების ფორმა; გ) სახელმწიფო დახმარების მიმღები ეკონომიკური აგენტი/ეკონომიკური აგენტები; დ) სახელმწიფო დახმარების ოდენობა; ე) სახელმწიფო დახმარების გაცემის პერიოდულობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ვ) თუ დახმარება გაიცემა რამდენიმე ეკონომიკურ აგენტზე, სახელმწიფო დახმარების მიმღებ ეკონომიკურ აგენტებს შორის განაწილების მექანიზმი; ზ) სახელმწიფო დახმარების გაცემის მიზანი − სახელმწიფო დახმარების გაცემის აუცილებლობისა და სახელმწიფო დახმარების გაცემით ბაზარზე გამოწვეული შესაძლო შედეგების გათვალისწინებით; თ) დასაბუთება, რომ გასაცემი სახელმწიფო დახმარება არსებითად არ ზღუდავს შესაბამის ბაზარზე კონკურენციას. 3. თუ სააგენტოს მიერ განცხადების განხილვის პროცესში შეიცვალა ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული პირობები, სახელმწიფო დახმარების გამცემი ორგანო ვალდებულია, სააგენტოს აცნობოს აღნიშნულის თაობაზე. მუხლი 5. სახელმწიფო დახმარების შეთანხმება 1. სააგენტო, მისთვის წარდგენილი განცხადების (ინფორმაციის) საფუძველზე, ამოწმებს გასაცემი სახელმწიფო დახმარების კანონისა და ამ წესის დებულებებთან შესაბამისობას და არაუგვიანეს 30 სამუშაო დღისა გასცემს სათანადო დასკვნას. 2. საქმის მოცულობისა და სირთულის გათვალისწინებით, პირველ პუნქტში მითითებული ვადა შეიძლება, გაგრძელდეს 3 თვემდე, რის თაობაზეც სახელმწიფო დახმარების გამცემ ორგანოს უნდა ეცნობოს ვადის ამოწურვამდე 3 სამუშაო დღით ადრე. დადგენილ ვადაში სააგენტოს მიერ დასკვნის გაუცემლობა თანხმობად მიიჩნევა. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დასკვნას სააგენტო წარუდგენს სახელმწიფო დახმარების გამცემ ორგანოსა და საქართველოს მთავრობას. 4. სააგენტოს დადებითი დასკვნა სახელმწიფო დახმარების გაცემის საფუძველია. 5. სააგენტოს მიერ უარყოფითი დასკვნის შემუშავების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობა, რომელსაც სააგენტოს უარყოფითი დასკვნა წარმოედგინა, იღებს ერთ-ერთ გადაწყვეტილებას: ა) ეთანხმება სააგენტოს უარყოფით დასკვნას, რაც სახელმწიფო დახმარების გამცემს ართმევს დახმარების გაცემის უფლებას; ბ) არ ეთანხმება სააგენტოს დასკვნას და იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფო დახმარების გაცემის მიზანშეწონილობის თაობაზე, რაც სახელმწიფო დახმარების გაცემის საფუძველია.“. 3. დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 და 52 მუხლები: „ მუხლი 51. ინფორმაციის გამოთხოვა 1. სააგენტო უფლებამოსილია, სახელმწიფო დახმარების გამცემ ორგანოს ან/და დახმარების მიმღებ ეკონომიკურ აგენტს/აგენტებს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარდგენა, რაც ამ წესის მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ვადის დინების შეჩერების საფუძველია. 2. სააგენტო ასევე უფლებამოსილია, სხვა ეკონომიკურ აგენტს/დაინტერესებულ მხარეს მოსთხოვოს ნებისმიერი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა, რომელიც საჭიროა სააგენტოს მიერ შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ შეთხვევაში, ინფორმაციის გამოთხოვა არ არის ამ წესის მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ვადის დინების შეჩერების საფუძველი. 4. დოკუმენტის/ინფორმაციის მიწოდების შესახებ სააგენტოს მიმართვაში მითითებული უნდა იყოს ინფორმაციის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, საგანი, მიზანი და ვადა, რომლის განმავლობაშიც უნდა იქნეს ინფორმაცია მიწოდებული, აგრეთვე მითითება ინფორმაციის მიუწოდებლობის შესაძლო შედეგებზე. 5. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, სააგენტოს მიერ განსაზღვრული ვადა არ შეიძლება, იყოს 5 სამუშაო დღეზე ნაკლები. სააგენტო უფლებამოსილია, მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არაუმეტეს 15 სამუშაო დღით, დასაბუთებული განცხადების საფუძველზე, გააგრძელოს დოკუმენტის/ინფორმაციის წარდგენის ვადა. 6. ინფორმაცია ითვლება მიწოდებულად, თუ იგი სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სრულყოფილად იქნა წარდგენილი სააგენტოს იურიდიულ მისამართზე ან/და ოფიციალური ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. 7. პირი უფლებამოსილია, სააგენტოს მოსთხოვოს მის მიერ წარდგენილი კონკრეტული ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად და წარუდგინოს შესაბამისი დასაბუთება. მუხლი 52. ინფორმაციის მიუწოდებლობის შედეგები 1. სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის დადგენილ ვადაში მიუწოდებლობა, არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება გამოიწვევს იურიდიული პირის დაჯარიმებას სამი ათასი ლარის ოდენობით. ხოლო ფიზიკური პირის დაჯარიმებას ათასი ლარის ოდენობით. 2. სააგენტოსათვის ინფორმაციის მიუწოდებლობად ითვლება: ა) ინფორმაციის დადგენილ ვადაში მიუწოდებლობა; ბ) არასწორი ინფორმაციის მიწოდება; გ) მოთხოვნილი ინფორმაციის არასრულად მიწოდება. 3. ინფორმაციის მიუწოდებლობად არ ითვლება სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში დასაბუთებული პასუხი მოთხოვნილი ინფორმაციის არქონის შესახებ. 4. ჯარიმის დაკისრების მიუხედავად, სააგენტოს მიერ ხელახლა განსაზღვრულ ვადაში ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, იურიდიულ პირს დაეკისრება ჯარიმა ხუთი ათასი ლარის ოდენობით, ხოლო ფიზიკურ პირს − სამი ათასი ლარის ოდენობით. 5. ჯარიმის დაკისრება პირს არ ათავისუფლებს სააგენტოსათვის ინფორმაციის წარდგენის ვალდებულებისაგან. 6. სახელმწიფო დახმარების გამცემის მიერ სააგენტოს მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის დადგენილ ვადაში მიუწოდებლობის, არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, სააგენტო დასვამს სახელმწიფო დახმარების გამცემი ორგანოს უფლებამოსილი პირის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხს.“. 4. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. თუ გაცემული სახელმწიფო დახმარება მნიშვნელოვნად ზღუდავს შესაბამის ბაზარზე კონკურენციას ან/და დარღვეულია კონკურენციის კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო დახმარების გაცემის პროცედურა, პირს, რომელსაც უშუალოდ მიადგა ზიანი, შეუძლია, სასამართლოში გაასაჩივროს გაცემული სახელმწიფო დახმარება.“. 5. მე-7 მუხლში: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების უმნიშვნელო ოდენობად ითვლება დახმარება, რომლის მოცულობა ერთ ეკონომიკურ აგენტთან მიმართებით, ჯამურად, ზედიზედ 3 ფისკალური წლის განმავლობაში არ აღემატება 400 000 ლარს, გარდა ამ მუხლის მე-2 − მე-4 პუნქტებით დადგენილი შემთხვევებისა.“; ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 − მე-8 პუნქტები: „6. უმნიშვნელო ოდენობის ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების გამცემი ორგანო ვალდებულია, ყოველწლიურად, საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 თებერვლამდე, მიაწოდოს სააგენტოს ინფორმაცია გაცემული უმნიშვნელო ოდენობის ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების ოდენობის, გაცემის ვადისა და მიმღები ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების თაობაზე. 7. სააგენტო უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად მიღებული ინფორმაციის უმნიშვნელო ოდენობის ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარებების რეესტრში შეტანას. 8. თუ ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული უმნიშვნელო ოდენობის ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარებების რეესტრის წარმოების პროცესში სააგენტო დაადგენს, რომ გაცემული ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების ოდენობა აღემატება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების უმნიშვნელო ოდენობას, იგი ამზადებს სათანადო დასკვნას და მას უგზავნის როგორც სახელმწიფო დახმარების გამცემ ორგანოს, ისე მის ზემდგომ ორგანოს (არსებობის შემთხვევაში).“. 6. დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი: „ მუხლი 71. პასუხისმგებლობა 1. სახელმწიფო დახმარების გამცემი ორგანოს მიერ სახელმწიფო დახმარების სააგენტოსთან შეთანხმების წესის დარღვევის შემთხვევაში, სააგენტო სახელმწიფო დახმარების გამცემი ორგანოს უფლებამოსილი პირის პასუხისმგებლობის საკითხს დასვამს მისი ზემდგომი ორგანოს ან თანამდებობის პირის წინაშე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილი ორგანო ან თანამდებობის პირი იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფო დახმარების გამცემი ორგანოს უფლებამოსილი პირის მიმართ შესაბამისი ღონისძიების გამოყენების თაობაზე და აღნიშნულის შესახებ აცნობებს სააგენტოს.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 4 ნოემბრიდან.
|
|
დოკუმენტის კომენტარები