კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების აკრძალვიდან გამონაკლისების შესახებ

კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების აკრძალვიდან გამონაკლისების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 526
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/09/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/09/2014
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2015
სარეგისტრაციო კოდი 240140000.10.003.018146
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
526
01/09/2014
ვებგვერდი, 02/09/2014
240140000.10.003.018146
კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების აკრძალვიდან გამონაკლისების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (02/09/2014 - 04/11/2020)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №526

2014 წლის 1 სექტემბერი

ქ.თბილისი

 

კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულების აკრძალვიდან გამონაკლისების შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების  შესახებ“  საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის, ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტისა  და 34-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული ,,კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულების აკრძალვიდან გამონაკლისები“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულების

 აკრძალვიდან გამონაკლისები


თავი I

 

ზოგადი დებულებანი


მუხლი 1. მიზანი

1. კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულების აკრძალვიდან გამონაკლისების შესახებ დადგენილება განსაზღვრავს გამონაკლისებს  ისეთი ხელშეკრულებებიდან, რომლებიც ზღუდავენ კონკურენციას შესაბამის ბაზარზე.

2. დადგენილების მიზანია გამორიცხოს ისეთი ხელშეკრულების აკრძალვა, რომელიც ხელს უწყობს წარმოების ან/და მიწოდების გაუმჯობესებას, ტექნიკურ-ეკონომიკურ პროგრესს, ამასთანავე, უზრუნველყოფს მომხმარებელთა კეთილდღეობის ზრდას.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1.  ამ დადგენილების მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულება - „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) მე-7 მუხლით განსაზღვრული ხელშეკრულება, გადაწყვეტილება  და  შეთანხმებული ქმედება;

ბ)  დისტრიბუტორი - ნებისმიერი ეკონომიკური აგენტი, რომელიც შეისყიდის ვერტიკალური ხელშეკრულების საგანს (საქონელი ან მომსახურება) მისი შემდგომი საბითუმო ან საცალო გაყიდვის მიზნით. ასევე, ეკონომიკური აგენტი, რომელიც ყიდის ვერტიკალური ხელშეკრულების საგანს მიმწოდებლის სახელით, როგორც საცალო, ისე საბითუმო დისტრიბუციის დონეზე;

გ) არამატერიალური სიკეთე      -   სასაქონლო ნიშნები, „საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ“ საქართველოს კანონით, ან საქართველოს საპატენტო კანონით დაცული სიკეთეები,  აგრეთვე, ნოუ ჰაუ;

დ) შერჩევითი სადისტრიბუციო სისტემა - სადისტრიბუციო სისტემა, სადაც მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას, მიყიდოს ვერტიკალური ხელშეკრულების საგანი (საქონელი ან მომსახურება),  როგორც პირდაპირ, ასევე არაპირდაპირ, მხოლოდ იმ დისტრიბუტორებს, რომლებიც შერჩეულნი არიან მის მიერ წინასწარ დადგენილი გონივრული და ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე. ამასთან, ეს უკანასკნელნი  იღებენ ვალდებულებას  მიმწოდებლის მიერ განსაზღვრულ ტერიტორიაზე არ მიყიდონ საქონელი ან არ გაუწიონ მომსახურება იმ დისტრიბუტორებს, რომლებიც არ არიან შერჩეულნი მიმწოდებლის მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად;

ე) ნოუ ჰაუ - პატენტის ან მსგავსი სამართლებრივი ინსტიტუტებით დაუცველ ისეთ ინფორმაციულ სიკეთეთა ერთობლიობა, ან პრაქტიკული ცოდნა, რომელიც მიმწოდებელს დაუგროვდა გამოცდილებით, ან ცდებით და რომელიც არის საიდუმლო, ავთენტური და იდენტიფიცირებადი.

2. ამ დადგენილებაში გამოყენებულ სხვა ტერმინებს  აქვთ კანონით  განსაზღვრული მნიშვნელობა.

 მუხლი 3. გამონაკლისებისადმი მიკუთვნების გამორიცხვა

ეს დადგენილება არ ვრცელდება და კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულებების გამონაკლისისადმი მიკუთვნება დაუშვებელია, თუ განსახილველი ხელშეკრულება გულისხმობს მხარეთა შეთანხმებას:

ა) შესყიდვის ან გაყიდვის ფასების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენის (ფიქსირების) შესახებ;

ბ) ბაზრის ან მიწოდების წყაროების მომხმარებლის, ტერიტორიული ან სხვა ნიშნით განაწილების შესახებ;

გ) მატერიალური გამორჩენის ან უპირატესობის მისაღებად სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ურთიერთშეთანხმებული ეკონომიკური აგენტებისათვის ან სხვისთვის სატენდერო წინადადების შეთანხმებული პირობების დაწესების შესახებ, რაც არსებითად ლახავს შემსყიდველი ორგანიზაციის კანონიერ ინტერესებს.

მუხლი 4. გამონაკლისისადმი მიკუთვნების წინაპირობები

საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ხელშეკრულებაზე არ ვრცელდება კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული აკრძალვა, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ წინაპირობებს:

ა) ხელს უწყობს წარმოების ან/და მიწოდების გაუმჯობესებას, ტექნიკურ - ეკონომიკურ პროგრესს, ამასთანავე, ხელს უწყობს  მომხმარებელთა კეთილდღეობის ზრდას;

ბ)  ხელშეკრულების მონაწილე ეკონომიკურ აგენტებს არ  უწესებს შეზღუდვებს, რომლებიც დაკავშირებული არ არის ამ მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნების მიღწევასთან;

გ) ეკონომიკურ აგენტებს საშუალებას არ აძლევს, აღკვეთონ კონკურენცია შესაბამისი ბაზრის მნიშნელოვან ნაწილზე;

დ) ექცევა ამ დადგენილების მე-5 მუხლით განსაზღვრულ ხელშეკრულებათა ჯგუფებში.

მუხლი 5.  გამონაკლისებისადმი მიკუთვნებულ ხელშეკრულებათა ჯგუფები

1. ეს დადგენილება ვრცელდება იმ ვერტიკალურ ხელშეკრულებებზე, რომელიც გულისხმობს:

ა)  შეთანხმებას დისტრიბუტორ ეკონომიკურ აგენტთა შორის;

ბ) შეთანხმებას ავტოტრანსპორტის სექტორში მოქმედ ეკონომიკურ აგენტთა შორის.

2. ჰორიზონტალური ან/და ვერტიკალური ხელშეკრულებების შემთხვევაში, დადგენილება ვრცელდება:

ა)  ტექნოლოგიური ტრანსფერის შესახებ ხელშეკრულებაზე;

ბ)  სპეციალიზაციის შესახებ ხელშეკრულებაზე;

გ)  საერთო კვლევების წარმოების შესახებ ხელშეკრულებაზე.

თავი II

ვერტიკალური ხელშეკრულება დისტრიბუტორ ეკონომიკურ

აგენტებს შორის

          მუხლი 6.  ხელშეკრულება დისტრიბუტორ  ეკონომიკურ აგენტთა შორის

1.  კანონის მე-7 მუხლით დაწესებული შეზღუდვები არ ვრცელდება ეკონომიკურ აგენტებს შორის დადებულ ისეთ ვერტიკალურ ხელშეკრულებებზე, რომლებიც იწვევს  კონკურენციის შეზღუდვას და აკმაყოფილებს  ამ დადგენილების მე-4 მუხლითა და ამ თავით განსაზღრულ წინაპირობებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გამონაკლისით სარგებლობა ეკონომიკურ აგენტებს  შეუძლიათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გარიგების მხარეები წარმოადგენენ დისტრიბუტორებს  და ამავდროულად, თითოეული მათგანის წლიური ბრუნვა (ურთიერთდაკავშირებულ პირებთან ერთად) ბოლო საფინანსო წლის განმავლობაში არ აღემატება 15  000 000 ლარს და ასევე, ხელშეკრულების მონაწილე ეკონომიკური აგენტები არ არიან კონკურენტი ეკონომიკური აგენტები კანონის შესაბამისად. 

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით დაწესებული გამონაკლისი  ვრცელდება ვერტიკალურ ხელშეკრულებებზე, რომლებიც გულისხმობს არამატერიალურ სიკეთეთა გადაცემას ან ამ სიკეთეებით საერთო სარგებლობას.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით დაწესებული გამონაკლისით სარგებლობა შეუძლიათ ეკონომიკურ აგენტებს, თუ ხელშეკრულების ერთ მხარეს წარმოადგენს მწარმოებელი, რომელიც ვაჭრობის უფლების დელეგირებას ახდენს ერთ ან რამდენიმე ეკონომიკურ აგენტზე და ამავდროულად აშკარაა, რომ ეს უკანასკნელნი  ვაჭრობის უფლების განხორციელებით მოქმედებენ მწარმოებლის ინტერესებისათვის.

მუხლი 7.  დისტრიბუტორ  ეკონომიკურ  აგენტთა  შორის  დადებული ხელშეკრულების გამონაკლისისადმი მიკუთვნების გამომრიცხველი გარემოებები

1.  ამ დადგენილების მე-6 მუხლით მინიჭებული უფლებით ვერ ისარგებლებენ ეკონომიკური აგენტები, რომელთა შორის დადებული ხელშეკრულება გულისხმობს:

ა) კონკურენციის პირდაპირ ან ირიბ შეზღუდვას დაუზუსტებელი ვადით, ან დაზუსტებული ვადის შემთხვევაში, 5 წელზე მეტი ვადით;

ბ)    მხარისათვის პირდაპირ ან ირიბ აკრძალვას  ხელშეკრულების მოქმედების დასრულების  შემდგომ, განახორციელოს გარკვეული საქონლის ან/და მომსახურების დამზადება ან გაყიდვა;

გ)    მხარისათვის პირდაპირ ან ირიბ აკრძალვას, მის სისტემაში შეისყიდოს ან გაყიდოს სხვა, მიმწოდებლის კონკურენტი ეკონომიკური აგენტის პროდუქცია/მომსახურება, იმ შემთხვევაშიც, როდესაც ხელშეკრულების ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს შერჩევითი  სადისტრიბუციო სისტემის  წევრი;

დ) მხარისათვის ტერიტორიული ან მომხმარებელთა, ან სხვა ნიშნით შეზღუდვების დაწესებას, გარდა:

დ.ა) შერჩევითი სადისტრიბუციო სისტემის წევრისათვის  შეზღუდვის დაწესებისა, მიჰყიდოს საქონელი ან მომსახურება ეკონომიკურ აგენტს, რომელიც არ აკმაყოფილებს ამ სადისტრიბუციო სისტემის წევრობისთვის საჭირო მოთხოვნებს;

დ.ბ) ექსკლუზიურ ტერიტორიაზე ან ექსკლუზიურ მომხმარებელთა ჯგუფზე აქტიური გაყიდვების შეზღუდვისა, რომელიც მიმწოდებელს რეზერვირებული აქვს თავისთვის, ან გამოყოფილი აქვს სხვა მყიდველისთვის;

დ.გ) მყიდველის უნარის შეზღუდვისა, გაყიდოს კომპონენტები, რომლებიც მიეწოდება სისტემის ერთიანობის მიზნებისათვის იმ მომხმარებლებს, რომლებსაც მათი გამოყენება სურთ იგივე საქონლის საწარმოებლად, რომელსაც აწარმოებს მიმწოდებელი;

დ.დ) მიმწოდებლის მიერ მყიდველისთვის შეზღუდვის დაწესებისა, რომელიც გულისხმობს მყიდველის მხრიდან საბოლოო მომხმარებლისთვის საცალო მიყიდვის აკრძალვას იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი წარმოადგენს საბითუმოდ მოვაჭრეს;

ე) შერჩევითი სადისტრიბუციო სისტემის საცალო ვაჭრობის დონეზე მოქმედი წევრისათვის აკრძალვის დაწესებას მომხმარებლის საბოლოო რგოლისათვის საქონლის ან მომსახურების მიყიდვასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი აკრძალვა ეხება ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვას შერჩევითი სადისტრიბუციო სისტემის გარეთ; 

ვ) ჯვარედინი მიწოდების შეზღუდვას შერჩევითი სადისტრიბუციო სისტემის დისტრიბუტორებს შორის, იმ დისტრიბუტორების ჩათვლით, რომლებიც მოქმედებენ ვაჭრობის სხვადასხვა დონეზე.

2.  ამ დადგენილების  მიზნებისათვის, ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევად ითვლება ასევე, მხარეთა შეთანხმება დუმილზე, როგორც აქცეპტის ფორმაზე, 5 წლის შემდეგ ხელშეკრულების უვადოდ გაგრძელებასთან დაკავშირებით. 

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებები არ ჩაითვლება გამონაკლისისადმი მიკუთვნების გამომრიცხავად, თუ ხელშეკრულებით ერთი მხარის მიერ მეორისთვის დაწესებული აკრძალვა:

ა) აუცილებელია, რათა დაცულ იქნეს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების მეორე მხარისთვის ხელშეკრულების ფარგლებში გადაცემული ნოუ ჰაუ;

ბ)  ვრცელდება მაქსიმუმ ერთი წლით  ხელშეკრულების მოქმედების დასრულებიდან;

გ)  ვრცელდება მხოლოდ იმ საქონელზე ან მომსახურებაზე, რომელიც ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს და რაზეც მიმწოდებელს/მწარმოებელს  ექსკლუზიური უფლებამოსილებები გააჩნია;

დ) ვრცელდება მხოლოდ იმ უძრავ ქონებაზე, რომელსაც  მეორე მხარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისათვის იყენებდა.

მუხლი 8.  ბაზრის მნიშვნელოვანი ნაწილის განსაზღვრა

1.  ამ დადგენილების  მე-6 მუხლით განსაზღვრული ხელშეკრულებების  განხილვისას,  ბაზრის მნიშნელოვან ნაწილად ითვლება შესაბამისი ბაზრის 30%.

2. მიმწოდებლის მიერ დაკავებული შესაბამისი ბაზრის წილის განსაზღვრა ხორციელდება მხოლოდ იმ პროდუქციულ საზღვრებში, რომლებიც შედგება ხელშეკრულების მეორე მხარისათვის მიწოდებული პროდუქციისგან.

3. ბაზარზე დაკავებული წილების განსაზღვრა უნდა მოხდეს ბოლო საფინანსო წლის მონაცემების საფუძველზე.

4. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების დადების მომენტში კონკურენცია იზღუდება შესაბამისი ბაზრის არა უმეტეს 30%-ზე და ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში  მისი მოცულობა გაიზრდება 40-%-მდე, ამ დადგენილების ამ თავით გათვალისწინებული დებულებების მოქმედების ხასიათი და ამ დებულებებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგები უცვლელი რჩება.

5. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების დადების მომენტში კონკურენცია იზღუდება შესაბამისი ბაზრის არა უმეტეს 30%-ზე და ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მისი მოცულობა გადააჭარბებს შესაბამისი ბაზრის 40%-ს, ამ თავით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგები უცვლელი რჩება ამ ზღვრის გადაჭარბების მომენტიდან ერთი წლის განმავლობაში. ერთი წლის გასვლის შემდგომ, ასეთ ხელშეკრულებაზე გავრცელდება კანონის მე-7 მუხლით დაწესებული აკრძალვები.

 მუხლი 9. ეკონომიკურ აგენტთა წლიური ბრუნვა

1.  ამ დადგენილების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წლიური ბრუნვა დაიანგარიშება ხელშეკრულების მონაწილე და მათთან დაკავშირებული ეკონომიკური აგენტების ბოლო ერთი წლის ბრუნვის მოცულობათა ჯამით, გადასახადებისა და დისკაუნტების (ფასდაკლებების) გამოკლებით. ამასთან,  წლიური ბრუნვის მოცულობაში არ გაითვალისწინება ვერტიკალური ხელშეკრულების მონაწილე ეკონომიკურ აგენტებს ან მათთან დაკავშირებულ ეკონომიკურ აგენტებს შორის დადებული ხელშეკრულები.

2. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების მონაწილე ეკონომიკური აგენტები ხელშეკრულების დადების მომენტისთვის აკმაყოფილებდნენ ამ დადგენილების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს წლიურ ბრუნვასთან დაკავშირებით და ამ ზღვარს ორი მომდევნო საფინანსო წლის განმავლობაში 10%-ით არ გადააჭარბებენ ამ დადგენილებით გათვალისწინებული გამონაკლისები  რჩება უცვლელი.

თავი III

     ვერტიკალური  ხელშეკრულებები ავტოსატრანსპორტო სფეროში მოქმედ ეკონომიკურ აგენტთა შორის

მუხლი 10.  ვერტიკალური ხელშეკრულება ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალების ყიდვის, გაყიდვის ან შემდგომ რეალიზაციასა და მომსახურებასთან დაკავშირებით

1. კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვები არ ვრცელდება იმ ვერტიკალურ  ხელშეკრულებებზე, რომლებიც  უკავშირდება ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალებების და ავტოსატრანსპორტო საშუალებების სათადარიგო ნაწილების ყიდვას, გაყიდვას და  შემდგომ რეალიზაციას. ასევე, ავტოტრანსპორტის რემონტისა და ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფას.

2.  ამ მუხლის  პირველი  პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისით მოსარგებლე  ეკონომიკური აგენტები უნდა აკმაყოფილებდნენ ამ დადგენილების მე-2 თავით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, გარდა დისტრიბუციასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და არ უნდა არსებობდეს ამ დადგენილების მე-11 მუხლით განსაზღვრული გამომრიცხავი გარემოებები.

მუხლი 11.  ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეალიზაციისა და მომსახურების  სფეროში  დადებული  ხელშეკრულების  გამონაკლისისადმი მიკუთვნების გამომრიცხავი გარემოებები

ეკონომიკური აგენტები, მიუხედავად შესაბამის ბაზარზე მათ მიერ დაკავებული წილებისა და მათი წლიური ბრუნვის მოცულობისა,  ვერ ისარგებლებენ ამ დადგენილების მე-10 მუხლით განსაზღვრული გამონაკლისით,  თუ ეკონომიკური აგენტები ხელშეკრულების დადებით პირდაპირ ან არაპირდაპირ მიზნად ისახავენ:

ა) ავტოსატრანსპორტო საშუალებების სათადარიგო ნაწილების მიყიდვის აკრძალვას იმ დამოუკიდებელი ავტოსატრანსპორტო სახელოსნოებისათვის, რომლებიც ამ  ნაწილებს იყენებენ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა შეკეთების ან მათი ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფისათვის;

ბ)  მწარმოებლის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების წარმოებისთვის საჭირო პირველადი ავტონაწილების მიმწოდებლისათვის ისეთი პირობების დაწესებას, რაც უკრძალავს ამ უკანასკნელს ნათლად და გარკვევით განათავსოს მისი სავაჭრო ან სხვა მაიდენტიფიცირებელი ნიშანი მიწოდებულ ავტონაწილზე.

თავი IV

ხელშეკრულებები ტექნოლოგიური ტრანსფერის შესახებ

მუხლი 12. ტექნოლოგიური ტრანსფერის შესახებ ხელშეკრულების ცნება

1. ტექნოლოგიური ტრანსფერის შესახებ ხელშეკრულებად განიხილება ორ ეკონომიკურ აგენტს შორის დადებული ისეთი ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე მეორეს გადასცემს ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ სალიცენზიო უფლებებს იმ მიზნით,  რომ ამ უკანასკნელმა თვითონ აწარმოოს ამ სალიცენზიო უფლებებთან დაკავშირებული პროდუქცია. ამავდროულად, ეს ხელშეკრულება აკმაყოფილებს ამ დადგენილების მე-4  მუხლითა და ამ თავით განსაზღვრულ წინაპირობებს.

2. ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ სალიცენზიო უფლებებს წარმოადგენს:

ა) პატენტები;

ბ) რეგისტრირებული დიზაინი;

გ) ტოპოგრაფიები;

დ) ნოუ ჰაუ.

მუხლი 13.  ტექნოლოგიური ტრანსფერის შესახებ ხელშეკრულების გამონაკლისისადმი მიკუთვნება

1. კანონის მე-7 მუხლით დაწესებული აკრძალვები არ ვრცელდება ეკონომიკურ აგენტთა შორის დადებულ ხელშეკრულებებზე ტექნოლოგიური ტრანსფერის შესახებ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გამონაკლისის წესი კონკრეტული ხელშეკრულების მიმართ მოქმედებს იმ ვადითა და ფარგლებში, რა ვადით და ფარგლებშიც იმოქმედებს ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ის სალიცენზიო უფლება, რომელიც ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს. 

3. სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული ნოუ ჰაუს  შემთხვევაში, გამონაკლისის წესი მოქმედებს მანამ, სანამ ნოუ ჰაუ  შენარჩუნდება საიდუმლოდ.  იმ შემთხვევაში, თუ საიდუმლოება დაირღვა ნოუ ჰაუს მიმღების მხრიდან, გამონაკლისის წესი მოქმედებს ხელშეკრულების დადების ვადით.

4. პირველი პუნქტით დადგენილი გამონაკლისი ვრცელდება ასევე, იმ პროდუქტებზეც, რომლებიც წარმოადგენს ხელშეკრულების საგანს იმ მიზეზით, რომ მათი გადაცემის გარეშე შეუძლებელია სალიცენზიო პირობებისა და სალიცენზიო ხელშეკრულების მიზნის მიღწევა.

მუხლი 14.  ტექნოლოგიური ტრანსფერის შესახებ ხელშეკრულების გამონაკლისისადმი მიკუთვნების აკრძალვა

ტექნოლოგიური ტრანსფერის შესახებ ხელშეკრულება არ შეიძლება ჩაითვალოს ამ დადგენილების მე-13 მუხლით გათვალისწინებულ გამონაკლისად, თუ (პირდაპირ ან ირიბად):

ა) კონკურენტი ეკონომიკური აგენტებიდან რომელიმეს ერთმევა შესაძლებლობა, მოახდინოს პროდუქციის ფასის ფორმირება საკუთარი შეხედულებისამებრ, რაც არ მოიცავს მაქსიმალური ფასის დაწესების  ან ფასის რჩევის შემთხვევას,  არაკონკურენტ ეკონომიკურ აგენტებთან მიმართებით;

 ბ) კონკურენტი ეკონომიკური აგენტებიდან რომელიმეს ერთმევა კვლევებისა და განვითარების სამუშაოების  ჩატარების შესაძლებლობა,  გარდა იმ შემთხვევებისა,  როდესაც ასეთი შეზღუდვა უზრუნველყოფს ლიცენზირებული ნოუ ჰაუს დაცვას;

 გ)  ეკონომიკურ აგენტს ეზღუდება სამოქმედო არეალი  გეოგრაფიული, სამომხმარებლო და  მიწოდების წყაროების ნიშნით.

მუხლი 15.  ბაზრის მნიშვნელოვანი ნაწილის ცნება ტექნოლოგიური ტრანსფერის შესახებ ხელშეკრულებებისათვის

1. თუ ხელშემკვრელ მხარეებს წარმოადგენენ კონკურენტი ეკონომიკური აგენტები,  ამ დადგენილების მე-4 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული  ბაზრის მნიშვნელოვანი ნაწილი განისაზღვრება შესაბამისი ბაზრის 20%-ით, ხელშეკრულების მონაწილე ეკონომიკური აგენტებისათვის ერთობლივად.

2. თუ  ხელშეკრულების მხარეებს წარმოადგენენ არაკონკურენტი ეკონომიკური აგენტები, ბაზრის მნიშვნელოვანი ნაწილი განისაზღვრება შესაბამისი ბაზრის  30%-ით,  ხელშეკრულების მონაწილე თითოეული აგენტისთვის.

3. ეკონომიკური აგენტის წილი შესაბამის ბაზარზე ითვლება უკანასკნელი საფინანსო წლის მონაცემებით.

თავი V

ხელშეკრულებები სპეციალიზაციის შესახებ

მუხლი 16. სპეციალიზაციის ხელშეკრულების ცნება

1. ამ  დადგენილებით განსაზღვრული სპეციალიზაციის ხელშეკრულებები შეიძლება იყოს როგორც ცალმხრივი, ისე თანმხვედრი სპეციალიზაციის შესახებ.

2.   ერთსა და იმავე შესაბამის ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტები ხელშეკრულებით შეიძლება შეთანხმდნენ, რომ ერთ-ერთი მათგანი აწარმოებს, უარს იტყვის წარმოებაზე ან შეისყიდის პროდუქციას ხელშეკრულების მეორე მხარისგან, იმ პირობით, რომ ეს უკანასკნელი აწარმოებს და მიაწვდის ამ პროდუქციას პირველს (ცალმხრივი სპეციალიზაცია).

3. ერთსა და იმავე ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტები ხელშეკრულებით შეიძლება შეთანხმდნენ, რომ ურთიერთშენაცვლების პრინციპით აწარმოებენ, უარს იტყვიან წარმოებაზე ან შეისყიდიან ერთმანეთისგან სხვადასხვა პროდუქციას, იმ პირობით, რომ მეორე მხარე აწარმოებს და მიაწვდის პირველს იმ პროდუქციას, რომლის წარმოებაზეც ამ უკანასკნელმა უარი თქვა, ან რომლის მეორე მხარისგან შესყიდვაზეც მზაობა გამოთქვა (თანმხვედრი სპეციალიზაცია).

მუხლი 17.  სპეციალიზაციის  ხელშეკრულებათა  გამონაკლისისადმი მიკუთვნება

1. კანონის მე-7 მუხლით დაწესებული აკრძალვები არ ვრცელდება სპეციალიზაციის ხელშეკრულებებზე, თუ ისინი ამავდროულად აკმაყოფილებს ამ დადგენილების მე-4 მუხლითა და ამ თავით გათვალისწინებულ წინაპირობებს.

2.  ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალიწინებული გამონაკლისით სარგებლობა ეკონომიკურ აგენტებს შეუძლიათ იმ შემთხვევაში, თუ მათ შორის დადებული სპეციალიზაციის ხელშეკრულების ფარგლებში მხარეები:

ა) იმ პროდუქციასთან მიმართებით, რომელიც ხელშეკრულების საგანია, თანახმანი არიან, იყვნენ მხოლოდ მიმწოდებელი, ან მხოლოდ მიმღები;

ბ) მოახდენენ სპეციალიზაციის საგნის (პროდუქტის) არა ცალმხრივ, არამედ ერთობლივ რეალიზაციას.

მუხლი 18.  სპეციალიზაციის ხელშეკრულებათა გამონაკლისისადმი მიკუთვნების გამომრიცხავი გარემოებები

1. სპეციალიზაციის ხელშეკრულება არ მიეკუთვნება ამ დადგენილების მე-17 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ გამონაკლისს, თუ ის პირდაპირ ან არაპირდაპირ ან იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომლებზე ზემოქმედებაც მხარეებს შეუძიათ, მიზნად ისახავს:

ა) მესამე პირებზე პროდუქციის მიყიდვის ფასის დადგენას;

ბ) ბაზრების ან მომხმარებელთა ჯგუფების გადანაწილებას.

2. ამ დადგენილების მე-17 მუხლით მინიჭებული უფლებით ვერ ისარგებლებენ ის  ეკონომიკური აგენტები, რომელთა შორის სპეციალიზაციის შესახებ ხელშეკრულება იდება დაუზუსტებელი ვადით, ან დაზუსტებული ვადის  შემთხვევაში, 5 წელზე მეტი ვადით.

მუხლი 19.  ბაზრის მნიშნელოვანი ნაწილი სპეციალიზაციის ხელშეკრულებებისათვის

1. ბაზრის მნიშვნელოვანი ნაწილი სპეციალიზაციის ხელშეკრულებებისათვის შეადგენს შესაბამისი ბაზრის 20%-ს.

2. ეკონომიკურ აგენტებს ამ დადგენილების მე-17 მუხლის პირველი პუნქტით დაწესებული გამონაკლისის წესით შეუძლიათ ისარგებლონ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი ერთობლივი წილი შესაბამის ბაზარზე არ აღემატება 20%-ს.

 

თავი VI

ხელშეკრულებები საერთო კვლევების წარმოების შესახებ

მუხლი 20.  საერთო  კვლევების  წარმოების შესახებ ხელშეკრულებათა გამონაკლისებისადმი მიკუთვნება

1. ეკონომიკური აგენტები შესაძლებელია, შეთანხმდნენ საერთო კვლევების წარმოებაზე ბაზრის ანალიზის,   ახალი პროდუქციის შექმნის, მომავალი სპეციალიზაციის ხელშეკრულების მომზადების, ან სხვა მიზნით, რაც შეიძლება მოიცავდეს ლიცენზიების, პატენტების, ნოუ ჰაუს, საავტორო უფლებების, სასაქონლო ნიშნების, ასევე, სხვა არამატერიალური ან მატერიალური აქტივების ურთიერთხელმისაწვდომობას ან გაზიარებას.

2.  ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ხელშეკრულებებზე არ ვრცელდება კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული აკრძალვა, თუ ისინი აკმაყოფილებს  ამ დადგენილების მე-4 მუხლითა და ამ თავით განსაზღრულ წინაპირობებს.

მუხლი 21. საერთო კვლევების წარმოების შესახებ ხელშეკრულებათა გამონაკლისებისადმი მიკუთვნების წინაპირობები

1. ეკონომიკურ აგენტებს შეუძლიათ, ისარგებლონ ამ დადგენილების მე-20 მუხლით დაწესებული გამონაკლისით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებაში გარკვევით იქნება ფორმულირებული, რომ კვლევების დასრულების შემდგომ მიღებულ შედეგზე თითოეულ მხარეს შეუზღუდავი წვდომა ექნება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საერთო წვდომა ვრცელდება კვლევის შედეგად მიღებულ ცოდნაზე და არა უშუალოდ შექმნილ პროდუქციაზე.

3. გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღრული წინაპირობებისა, ხელშეკრულება:

ა) არ უნდა ითვალისწინებდეს კვლევის დასრულების შემდგომ მიღებული შედეგის გასხვისების აკრძალვას მესამე პირებზე;

ბ) არ უნდა აწესებდეს ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღრული პროდუქტის გაყიდვისთვის ფასს წინასწარ.

მუხლი 22.  ბაზრის მნიშვნელოვანი ნაწილი და ხელშეკრულების მოქმედების ვადა

1. ამ დადგენილების მე-4 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შესაბამისი ბაზრის მნიშნელოვანი ნაწილი ამ თავით განსაზღვრული ხელშეკრულებების შემთხვევაში, შეადგენს  25%-ს.

2. თუ ხელშეკრულება აკმაყოფილებს ამ თავით დადგენილ ყველა წინაპირობას, გამონაკლისის წესი მის მიმართ მოქმედებს ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან და ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის ან მომსახურების ბაზარზე განთავსებიდან 7 წლის განმავლობაში.

3. თუ ხელშეკრულების დადების შემდგომ ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა საერთო  წილმა შესაბამის ბაზარზე შეადგინა 25%-ზე მეტი, მაგრამ არა უმეტეს 30%-ისა, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათალისწინებული სამართლებრივი შედეგები უცვლელი რჩება.

4. თუ ხელშეკრულების დადების შემდგომ ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა საერთო წილმა შეადგინა 30%-ზე მეტი, გამონაკლისის წესი მის მიმართ მოქმედებს ამ გარემოების აღმოჩენიდან ერთი წლის განმავლობაში.

თავი VII

გარდამავალი დებულებანი

მუხლი 23.  დადგენილების მოქმედების ვადა

1. ამ დადგენილების მოქმედება ვრცელდება იმ ხელშეკრულებებზე, რომლებიც დაიდება 2022 წლის 31 დეკემბრამდე.

2. ამ დადგენილების მოქმედება ვრცელდება მის ძალაში შესვლამდე დადებულ ხელშეკრულებებზეც.

3.  ამ მუხლის მე-2 პუქტით განსაზღვრული ხელშეკრულებებისათვის ამავე  დადგენილებით გათვალისწინებული ბრუნვისა და ბაზრის წილის ზღვრული ოდენობების გადაჭარბების შემთხვევაში, ამ გადაჭარბების გამოვლენის თარიღად ითვლება დადგენილების ძალაში შესვლის დრო.