„კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულების აკრძალვიდან გამონაკლისების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №526 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულების აკრძალვიდან გამონაკლისების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №526 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 661
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/11/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/11/2020
ძალაში შესვლის თარიღი 04/11/2020
სარეგისტრაციო კოდი 240140000.10.003.022381
661
04/11/2020
ვებგვერდი, 05/11/2020
240140000.10.003.022381
„კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულების აკრძალვიდან გამონაკლისების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №526 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №661

2020 წლის 4 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულების აკრძალვიდან გამონაკლისების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №526 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულების აკრძალვიდან გამონაკლისების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №526 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 02/09/2014, 240140000.10.003.018146) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების აკრძალვიდან გამონაკლისების შესახებ“.

2. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების  შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტისა და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების აკრძალვიდან გამონაკლისები“.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული „კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულების აკრძალვიდან გამონაკლისების“ სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების აკრძალვიდან გამონაკლისები“.

4. დადგენილებით დამტკიცებული „კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულების  აკრძალვიდან გამონაკლისების“:

ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. მიზანი

1. კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების აკრძალვიდან გამონაკლისების შესახებ დადგენილება განსაზღვრავს გამონაკლისებს ისეთი შეთანხმებებიდან, რომლებიც ზღუდავენ კონკურენციას შესაბამის ბაზარზე.

2. დადგენილების მიზანია, გამორიცხოს ისეთი შეთანხმების აკრძალვა, რომელიც ხელს უწყობს წარმოების ან/და მიწოდების გაუმჯობესებას, ტექნიკურ-ეკონომიკურ პროგრესს, ამასთანავე, უზრუნველყოფს მომხმარებელთა კეთილდღეობის ზრდას.“;

ბ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის:

ბ.ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმება − „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში − კანონი) მე-7 მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულება, გადაწყვეტილება და შეთანხმებული ქმედება;

ბ) დისტრიბუტორი − ნებისმიერი ეკონომიკური აგენტი, რომელიც შეისყიდის ვერტიკალური შეთანხმების საგანს (საქონელი ან მომსახურება), მისი შემდგომი საბითუმო ან საცალო გაყიდვის მიზნით. ასევე ეკონომიკური აგენტი, რომელიც ყიდის ვერტიკალური შეთანხმების საგანს მიმწოდებლის სახელით როგორც საცალო, ისე საბითუმო დისტრიბუციის დონეზე;“;

ბ.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) შერჩევითი სადისტრიბუციო სისტემა − სადისტრიბუციო სისტემა, სადაც მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას, მიყიდოს ვერტიკალური შეთანხმების საგანი (საქონელი ან მომსახურება) როგორც პირდაპირ, ასევე არაპირდაპირ, მხოლოდ იმ დისტრიბუტორებს, რომლებიც შერჩეულნი არიან მის მიერ წინასწარ დადგენილი გონივრული და ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე. ამასთან, ეს უკანასკნელნი იღებენ ვალდებულებას,  მიმწოდებლის მიერ განსაზღვრულ ტერიტორიაზე არ მიყიდონ საქონელი ან არ გაუწიონ მომსახურება იმ დისტრიბუტორებს, რომლებიც არ არიან შერჩეულნი მიმწოდებლის მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად;“;

გ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. გამონაკლისებისადმი მიკუთვნების გამორიცხვა

ეს დადგენილება არ ვრცელდება და კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებების გამონაკლისისადმი მიკუთვნება დაუშვებელია, თუ განსახილველი შეთანხმება გულისხმობს მხარეთა შეთანხმებას:

ა) შესყიდვის ან გაყიდვის ფასის ან სხვა სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენის (ფიქსირების) შესახებ;

ბ) ბაზრების ან მიწოდების წყაროების მომხმარებლის, ტერიტორიული ან სხვა ნიშნით განაწილების შესახებ.“;

დ) მე-4 მუხლის:

დ.ა) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, შეთანხმებაზე არ ვრცელდება კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული აკრძალვა, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ წინაპირობებს:“;

დ.ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) შეთანხმების მონაწილე ეკონომიკურ აგენტებს არ უწესებს შეზღუდვებს, რომლებიც დაკავშირებული არ არის ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნების მიღწევასთან;“;

დ.გ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ექცევა ამ დადგენილების  მე-5 მუხლით განსაზღვრულ შეთანხმებათა ჯგუფებში.“;

ე) მე-5 მუხლის:

ე.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. გამონაკლისებისადმი მიკუთვნებულ შეთანხმებათა ჯგუფები“;

ე.ბ) პირველი პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეს დადგენილება ვრცელდება იმ ვერტიკალურ შეთანხმებებზე, რომლებიც გულისხმობს:“;

ვ) მე-2 თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი II

ვერტიკალური შეთანხმება დისტრიბუტორ ეკონომიკურ აგენტებს შორის

მუხლი 6. შეთანხმება დისტრიბუტორ ეკონომიკურ აგენტთა შორის

1. კანონის მე-7 მუხლით დაწესებული შეზღუდვები არ ვრცელდება ეკონომიკურ აგენტთა ისეთ ვერტიკალურ შეთანხმებებზე, რომლებიც იწვევს კონკურენციის შეზღუდვას და აკმაყოფილებს ამ დადგენილების მე-4 მუხლითა და ამ თავით განსაზღვრულ წინაპირობებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გამონაკლისით სარგებლობა ეკონომიკურ აგენტებს შეუძლიათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარეები წარმოადგენენ დისტრიბუტორებს და, ამავდროულად, თითოეული მათგანის წლიური ბრუნვა (ურთიერთდამოკიდებულ პირებთან ერთად) ბოლო საფინანსო წლის განმავლობაში არ აღემატება 15 000 000 ლარს და ასევე შეთანხმების მონაწილე ეკონომიკური აგენტები არ არიან კონკურენტი ეკონომიკური აგენტები კანონის შესაბამისად.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით დაწესებული გამონაკლისი ვრცელდება ვერტიკალურ შეთანხმებებზე, რომლებიც გულისხმობს არამატერიალურ სიკეთეთა გადაცემას ან ამ სიკეთეებით საერთო სარგებლობას.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით დაწესებული გამონაკლისით სარგებლობა შეუძლიათ ეკონომიკურ აგენტებს, თუ შეთანხმების ერთ მხარეს წარმოადგენს მწარმოებელი, რომელიც ვაჭრობის უფლების დელეგირებას ახდენს ერთ ან რამდენიმე ეკონომიკურ აგენტზე და, ამავდროულად, აშკარაა, რომ ეს უკანასკნელნი ვაჭრობის უფლების განხორციელებით მოქმედებენ მწარმოებლის ინტერესებისათვის.

მუხლი 7. დისტრიბუტორ ეკონომიკურ აგენტთა შორის დადებული შეთანხმების გამონაკლისისადმი მიკუთვნების გამომრიცხავი გარემოებები

1. ამ დადგენილების მე-6 მუხლით მინიჭებული უფლებით ვერ ისარგებლებენ ეკონომიკური აგენტები, რომელთა შორის დადებული შეთანხმება გულისხმობს:

ა) კონკურენციის პირდაპირ ან ირიბ შეზღუდვას დაუზუსტებელი ვადით ან დაზუსტებული ვადის შემთხვევაში − 5 წელზე მეტი ვადით;

ბ) მხარისთვის პირდაპირ ან ირიბ აკრძალვას, შეთანხმების მოქმედების დასრულების შემდგომ, განახორციელოს გარკვეული საქონლის ან/და მომსახურების დამზადება ან გაყიდვა;

გ) მხარისთვის პირდაპირ ან ირიბ აკრძალვას, მის სისტემაში შეისყიდოს ან გაყიდოს სხვა, მიმწოდებლის კონკურენტი ეკონომიკური აგენტის პროდუქცია/მომსახურება იმ შემთხვევაშიც, როდესაც შეთანხმების ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს შერჩევითი სადისტრიბუციო სისტემის წევრი;

დ) მხარისათვის ტერიტორიული ან მომხმარებელთა ან სხვა ნიშნით შეზღუდვების დაწესებას, გარდა:

დ.ა) შერჩევითი სადისტრიბუციო სისტემის წევრისათვის შეზღუდვის დაწესებისა, მიჰყიდოს საქონელი ან მომსახურება ეკონომიკურ აგენტს, რომელიც არ აკმაყოფილებს ამ სადისტრიბუციო სისტემის წევრობისთვის საჭირო მოთხოვნებს;

დ.ბ) ექსკლუზიურ ტერიტორიაზე ან ექსკლუზიურ მომხმარებელთა ჯგუფზე აქტიური გაყიდვების შეზღუდვისა, რომელიც მიმწოდებელს რეზერვირებული აქვს თავისთვის ან გამოყოფილი აქვს სხვა მყიდველისთვის;

დ.გ) მყიდველის უნარის შეზღუდვისა, გაყიდოს კომპონენტები, რომლებიც მიეწოდება სისტემის ერთიანობის მიზნებისათვის იმ მომხმარებლებს, რომლებსაც მათი გამოყენება სურთ იმავე საქონლის საწარმოებლად, რომელსაც აწარმოებს მიმწოდებელი;

დ.დ) მიმწოდებლის მიერ მყიდველისთვის შეზღუდვის დაწესებისა, რომელიც გულისხმობს მყიდველის მხრიდან საბოლოო მომხმარებლისთვის საცალო მიყიდვის აკრძალვას იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი წარმოადგენს საბითუმო მოვაჭრეს;

ე) შერჩევითი სადისტრიბუციო სისტემის საცალო ვაჭრობის დონეზე მოქმედი წევრისათვის აკრძალვის დაწესებას მომხმარებლის საბოლოო რგოლისათვის საქონლის ან მომსახურების მიყიდვასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი აკრძალვა ეხება ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვას შერჩევითი სადისტრიბუციო სისტემის გარეთ;

ვ) ჯვარედინი მიწოდების შეზღუდვას შერჩევითი სადისტრიბუციო სისტემის დისტრიბუტორებს შორის, იმ დისტრიბუტორების ჩათვლით, რომლებიც მოქმედებენ ვაჭრობის სხვადასხვა დონეზე.

2. ამ დადგენილების მიზნებისთვის, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევად ითვლება ასევე მხარეთა შეთანხმება დუმილზე, როგორც აქცეპტის ფორმაზე, 5 წლის შემდეგ შეთანხმების უვადოდ გაგრძელებასთან დაკავშირებით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებები არ ჩაითვლება გამონაკლისისადმი მიკუთვნების გამომრიცხავად, თუ შეთანხმებით ერთი მხარის მიერ მეორისთვის დაწესებული აკრძალვა:

ა) აუცილებელია, რათა დაცულ იქნეს მიმწოდებლის მიერ შეთანხმების მეორე მხარისთვის შეთანხმების ფარგლებში გადაცემული ნოუ ჰაუ;

ბ) ვრცელდება მაქსიმუმ ერთი წლით შეთანხმების მოქმედების დასრულებიდან;

გ) ვრცელდება მხოლოდ იმ საქონელზე ან მომსახურებაზე, რომელიც შეთანხმების საგანს წარმოადგენს და რაზეც მიმწოდებელს/მწარმოებელს ექსკლუზიური უფლებამოსილება გააჩნია;

დ) ვრცელდება მხოლოდ იმ უძრავ ქონებაზე, რომელსაც მეორე მხარე შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისათვის იყენებდა.

მუხლი 8.  ბაზრის მნიშვნელოვანი ნაწილის განსაზღვრა

1. ამ დადგენილების მე-6 მუხლით განსაზღვრული შეთანხმებების განხილვისას, ბაზრის მნიშვნელოვან ნაწილად ითვლება შესაბამისი ბაზრის 30%.

2. მიმწოდებლის მიერ დაკავებული შესაბამისი ბაზრის წილის განსაზღვრა ხორციელდება მხოლოდ იმ პროდუქციულ საზღვრებში, რომლებიც შედგება შეთანხმების მეორე მხარისათვის მიწოდებული პროდუქციისგან.

3. ბაზარზე დაკავებული წილების განსაზღვრა უნდა მოხდეს ბოლო საფინანსო წლის მონაცემების საფუძველზე.

4. იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმების დადების მომენტში კონკურენცია იზღუდება შესაბამისი ბაზრის არაუმეტეს 30%-ზე და შეთანხმების მოქმედების პერიოდში მისი მოცულობა გაიზრდება 40%-მდე, ამ თავით გათვალისწინებული დებულებების მოქმედების ხასიათი და ამ დებულებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი უცვლელი რჩება.

5. იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმების დადების მომენტში კონკურენცია იზღუდება შესაბამისი ბაზრის არაუმეტეს 30%-ზე და შეთანხმების მოქმედების პერიოდში მისი მოცულობა გადააჭარბებს 40%-ს, ამ თავით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი უცვლელი რჩება ამ ზღვრის გადაჭარბების მომენტიდან ერთი წლის განმავლობაში. ერთი წლის გასვლის შემდგომ, ასეთ შეთანხმებაზე გავრცელდება კანონის მე-7 მუხლით დაწესებული აკრძალვები.

მუხლი 9. ეკონომიკურ აგენტთა წლიური ბრუნვა

1.  ამ დადგენილების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წლიური ბრუნვა დაიანგარიშება შეთანხმების მონაწილე და მათი ურთიერთდამოკიდებული ეკონომიკური აგენტების ბოლო ერთი წლის ბრუნვის მოცულობათა ჯამით, გადასახადებისა და ფასდაკლებების გამოკლებით. ამასთან, წლიური ბრუნვის მოცულობაში არ გაითვალისწინება ვერტიკალური შეთანხმების მონაწილე ეკონომიკურ აგენტებს ან მათ ურთიერთდამოკიდებულ ეკონომიკურ აგენტებს შორის დადებული შეთანხმებები.

2. იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმების მონაწილე ეკონომიკური აგენტები შეთანხმების დადების მომენტისთვის აკმაყოფილებდნენ ამ დადგენილების  მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს წლიურ ბრუნვასთან დაკავშირებით და ამ ზღვარს  მომდევნო ორი საფინანსო წლის განმავლობაში 10%-ით არ გადააჭარბებენ, ამ დადგენილებით გათვალისწინებული გამონაკლისები რჩება უცვლელი.“;

ზ) მე-3 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვერტიკალური შეთანხმებები ავტოსატრანსპორტო სფეროში მოქმედ ეკონომიკურ აგენტთა შორის“;

თ) მე-10 მუხლის:

თ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10. ვერტიკალური შეთანხმება ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალების ყიდვის, გაყიდვის ან შემდგომ რეალიზაციასა და მომსახურებასთან დაკავშირებით“;

თ.ბ) პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვები არ ვრცელდება იმ ვერტიკალურ შეთანხმებებზე, რომლებიც უკავშირდება ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და ავტროსატრანსპორტო საშუალებების სათადარიგო ნაწილების ყიდვას, გაყიდვასა და შემდგომ რეალიზაციას, ასევე ავტოტრანსპორტის რემონტისა და ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფას.“;

ი) მე-11 მუხლის:

ი.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11. ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეალიზაციისა და მომსახურების სფეროში დადებული შეთანხმების გამონაკლისისადმი მიკუთვნების გამომრიცხავი გარემოებები“;

ი.ბ) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ეკონომიკური აგენტები, მიუხედავად შესაბამის ბაზარზე მათ მიერ დაკავებული წილებისა და მათი წლიური ბრუნვის მოცულობისა, ვერ ისარგებლებენ ამ დადგენილების მე-10 მუხლით განსაზღვრული გამონაკლისით, თუ ეკონომიკური აგენტები შეთანხმების დადებით პირდაპირ ან არაპირდაპირ მიზნად ისახავენ:“;

კ) 23- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 23.  დადგენილების მოქმედების ვადა

1. დადგენილების მოქმედება ვრცელდება იმ შეთანხმებებზე, რომლებიც დაიდება 2022 წლის 31 დეკემბრამდე.

2. დადგენილების მოქმედება ვრცელდება მის ძალაში შესვლამდე დადებულ შეთანხმებებზე.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შეთანხმებებისთვის, ამავე  დადგენილებით გათვალისწინებული ბრუნვისა და ბაზრის წილის ზღვრული ოდენობების გადაჭარბების შემთხვევაში, ამ გადაჭარბების გამოვლენის თარიღად ითვლება დადგენილების ძალაში შესვლის დრო.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 4 ნოემბრიდან.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია