„კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების აკრძალვიდან გამონაკლისების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №526 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების აკრძალვიდან გამონაკლისების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №526 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 463
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/12/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 240140000.10.003.024858
463
30/12/2024
ვებგვერდი, 30/12/2024
240140000.10.003.024858
„კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების აკრძალვიდან გამონაკლისების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №526 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №463

2024 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების აკრძალვიდან გამონაკლისების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №526 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების აკრძალვიდან გამონაკლისების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №526 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 02/09/2014, 240140000.10.003.018146) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების აკრძალვიდან ჯგუფური გამონაკლისების შესახებ“;

ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების  შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტისა და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების აკრძალვიდან ჯგუფური გამონაკლისები“.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების აკრძალვიდან გამონაკლისების“ სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების აკრძალვიდან ჯგუფური გამონაკლისები“.

3. დადგენილებით დამტკიცებული „კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების აკრძალვიდან ჯგუფური გამონაკლისების“:

ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების აკრძალვიდან ჯგუფური გამონაკლისების (შემდგომში − გამონაკლისები) შესახებ დადგენილება განსაზღვრავს გამონაკლისებს ისეთი შეთანხმებებიდან, რომლებიც ზღუდავს კონკურენციას შესაბამის ბაზარზე.“;

ბ) მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები:

„ვ) კვლევა და განვითარება − საქმიანობა, რომელიც მიზნად ისახავს საქონლის, ტექნოლოგიების ან პროცესების შესახებ ნოუ-ჰაუს მიღებას, თეორიულ ანალიზს, სისტემატურ შესწავლას ან ექსპერიმენტების ჩატარებას, მათ შორის, საპილოტე და საჩვენებელ წარმოებას, საქონლის ან პროცესების ტექნიკურ გამოცდას, საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნას საჩვენებელი მასშტაბით და მიღებულ შედეგებზე ინტელექტუალური საკუთრების უფლებების მოპოვებას;

ზ) კვლევისა და განვითარების შესახებ შეთანხმება − შეთანხმება, რომელიც დადებულია ორ ან მეტ ეკონომიკურ აგენტს შორის და რომელიც მოიცავს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევას:

ზ.ა) სახელშეკრულებო საქონლის ან ტექნოლოგიების ერთობლივი კვლევა და განვითარება, რომელიც მოიცავს ან არ მოიცავს მისი შედეგების ერთობლივ გამოყენებას;

ზ.ბ) სახელშეკრულებო საქონლის ან ტექნოლოგიების დაკვეთით განხორციელებული კვლევა და განვითარება, რომელიც მოიცავს ან არ მოიცავს მისი  შედეგების ერთობლივ გამოყენებას;

ზ.გ) სახელშეკრულებო საქონლის ან ტექნოლოგიების ერთობლივი გამოყენება, შესრულებული წინასწარი შეთანხმების შესაბამისად, რომელიც ექვემდებარება ამ  პუნქტის „ზ.ა“ ან „ზ.ბ“ ქვეპუნქტს იმავე მხარეებს შორის.“;

გ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ)  კვლევისა და განვითარების შესახებ შეთანხმებაზე.“;

დ) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გამონაკლისით სარგებლობა ეკონომიკურ აგენტებს შეუძლიათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარეები წარმოადგენენ დისტრიბუტორებს და, ამავდროულად, თითოეული მათგანის წლიური ერთობლივი შემოსავალი (ურთიერთდამოკიდებულ პირებთან ერთად) ბოლო საფინანსო წლის განმავლობაში არ აღემატება 15 000 000 ლარს და ასევე შეთანხმების მონაწილე ეკონომიკური აგენტები არ არიან კონკურენტი ეკონომიკური აგენტები კანონის შესაბამისად.“;

ე) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 9. ეკონომიკურ აგენტთა წლიური ერთობლივი შემოსავალი

 1.  ამ დადგენილების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წლიური ერთობლივი შემოსავალი დაიანგარიშება შეთანხმების მონაწილე და მათი ურთიერთდამოკიდებული ეკონომიკური აგენტების ბოლო ერთი წლის ერთობლივი შემოსავლის მოცულობათა ჯამით. ამასთან, წლიური ერთობლივი შემოსავლის მოცულობაში არ გაითვალისწინება ვერტიკალური შეთანხმების მონაწილე ეკონომიკურ აგენტებს ან მათ ურთიერთდამოკიდებულ ეკონომიკურ აგენტებს შორის დადებული შეთანხმებები.

2.  იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმების მონაწილე ეკონომიკური აგენტები შეთანხმების დადების მომენტისთვის აკმაყოფილებდნენ ამ დადგენილების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს წლიურ ერთობლივ შემოსავალთან დაკავშირებით და ამ ზღვარს მომდევნო ორი საფინანსო წლის განმავლობაში 10%-ით არ გადააჭარბებენ, ამავე დადგენილებით გათვალისწინებული გამონაკლისები რჩება უცვლელი.“;

ვ) მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 11. ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეალიზაციისა და მომსახურების სფეროში დადებული შეთანხმების გამონაკლისისადმი მიკუთვნების გამომრიცხავი გარემოებები

ეკონომიკური აგენტები, მიუხედავად შესაბამის ბაზარზე მათ მიერ დაკავებული წილებისა და მათი წლიური ერთობლივი შემოსავლის მოცულობისა, ვერ ისარგებლებენ ამ დადგენილების მე-10 მუხლით განსაზღვრული გამონაკლისით, თუ ეკონომიკური აგენტები შეთანხმების დადებით პირდაპირ ან არაპირდაპირ მიზნად ისახავენ:

ა) ავტოსატრანსპორტო საშუალებების სათადარიგო ნაწილების მიყიდვის აკრძალვას იმ დამოუკიდებელი ავტოსატრანსპორტო სახელოსნოებისათვის, რომლებიც ამ  ნაწილებს იყენებენ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა შეკეთების ან მათი ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფისათვის;

ბ) მწარმოებლის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების წარმოებისთვის საჭირო პირველადი ავტონაწილების მიმწოდებლისათვის ისეთი პირობების დაწესებას, რაც უკრძალავს ამ უკანასკნელს, ნათლად და გარკვევით განათავსოს მისი სავაჭრო ან სხვა მაიდენტიფიცირებელი ნიშანი მიწოდებულ ავტონაწილზე.“;

ზ) თავი VI ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

თავი VI

კვლევისა და განვითარების შესახებ შეთანხმება

მუხლი 20. კვლევისა და განვითარების შესახებ შეთანხმებების გამონაკლისებისადმი მიკუთვნება

1. კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული აკრძალვა არ ვრცელდება ეკონომიკურ აგენტებს შორის კვლევისა და განვითარების შესახებ შეთანხმებებზე, თუ ისინი აკმაყოფილებენ ამ თავის პირობებს.

 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისი ასევე ვრცელდება კვლევისა და განვითარების შესახებ შეთანხმებებზე, რომლებიც მოიცავენ დებულებებს ერთი ან რამდენიმე მხარის ინტელექტუალური უფლებების გადაცემის ან ლიცენზირების შესახებ ან მხარეთა შექმნილი ორგანიზაციის მიერ ერთობლივი ან დაკვეთით კვლევისა და განვითარების ან მიღებული შედეგების ერთობლივი გამოყენებისათვის, იმ პირობით, რომ ეს დებულებები პირდაპირ არის დაკავშირებული და აუცილებელია შეთანხმების განსახორციელებლად, თუმცა არ წარმოადგენს შეთანხმების ძირითად მიზანს.

მუხლი 21. წვდომა კვლევისა და განვითარების საბოლოო შედეგებზე

1. ამ დადგენილების მე-20 მუხლით დადგენილი გამონაკლისი გამოიყენება ამ მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

2. კვლევისა და განვითარების შესახებ შეთანხმება უნდა ითვალისწინებდეს, რომ ყველა მხარეს ჰქონდეს სრული წვდომა ერთობლივი ან დაკვეთით კვლევისა და განვითარების საბოლოო შედეგებზე შემდგომი კვლევისა და განვითარების მიზნებისათვის, აგრეთვე მათი გამოყენების მიზნებისათვის.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წვდომა უნდა მოიცავდეს ინტელექტუალური საკუთრების ნებისმიერ უფლებასა და ნოუ-ჰაუს.

4. თუ კვლევისა და განვითარების შესახებ შეთანხმება ითვალისწინებს, რომ მხარეები ანაზღაურებენ ერთმანეთის შემდგომი კვლევისა და განვითარების ან გამოყენების მიზნებისთვის შედეგებზე წვდომას, კომპენსაცია არ უნდა იყოს იმდენად მაღალი, რომ შეაფერხოს ამგვარი წვდომა.

5. კვლევითი ინსტიტუტები, აკადემიური ორგანიზაციები ან ეკონომიკური აგენტები, რომლებიც უზრუნველყოფენ კვლევასა და განვითარებას, როგორც კომერციულ მომსახურებას და რომლებიც, ჩვეულებრივ, არ არიან ჩართულნი შედეგების გამოყენებაში, შეიძლება, შეთანხმდნენ, რომ შეზღუდონ შედეგების გამოყენება შემდგომი კვლევისა და განვითარების მიზნებისთვის. 

მუხლი 22. წვდომა წინასწარ არსებულ ნოუ-ჰაუზე

1. თუ კვლევისა და განვითარების შესახებ შეთანხმება არ ითვალისწინებს შედეგების ერთობლივ გამოყენებას, ამ დადგენილების მე-20 მუხლით დადგენილი გამონაკლისი მოქმედებს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი პირობების შესაბამისად.

2. შეთანხმება უნდა ითვალისწინებდეს, რომ თითოეულ მხარეს ექნება წვდომა ერთმანეთის ნებისმიერ წინასწარ არსებულ ნოუ-ჰაუზე, თუკი ეს აუცილებელია შედეგების გამოყენებისათვის. 

3. თუ შეთანხმება ითვალისწინებს, რომ მხარეები ერთმანეთს გადაუხდიან კომპენსაციას წინასწარ არსებულ ნოუ-ჰაუზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, კომპენსაციის ოდენობა არ უნდა იყოს იმდენად მაღალი, რომ შეაფერხოს ამგვარი წვდომა.

მუხლი 221. კვლევისა და განვითარების შედეგების ერთობლივი გამოყენება

1. ამ დადგენილების მე-20 მუხლით დადგენილი გამონაკლისი გამოიყენება იმ პირობით, რომ ნებისმიერი ერთობლივი გამოყენება ეხება მხოლოდ იმ შედეგს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს ერთობლივად:

ა) შედეგები აუცილებელია სახელშეკრულებო საქონლის წარმოებისთვის ან სახელშეკრულებო ტექნოლოგიების გამოყენებისთვის;

ბ) შედეგები დაცულია ინტელექტუალური საკუთრების უფლებებით ან წარმოადგენს ნოუ-ჰაუს.

2. თუ ერთ ან მეტ მხარეს ევალება სახელშეკრულებო საქონლის წარმოება წინასწარ განსაზღვრული პირობებით, ამ დადგენილების მე-20 მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისი გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშეკრულების მხარეებმა უნდა შეასრულონ სხვა ეკონომიკური აგენტების მოთხოვნები სახელშეკრულებო საქონლის მიწოდებაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სახეზეა ქვემოჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი:

ა) კვლევისა და განვითარების ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს, რომ დისტრიბუცია განხორციელდება ერთობლივი გუნდის, ორგანიზაციის ან ეკონომიკური აგენტის მიერ ან ერთობლივად დაევალება მესამე მხარეს;

ბ) მხარეები თანხმდებიან, რომ სახელშეკრულებო საქონლის დისტრიბუციის უფლება აქვს მხოლოდ იმ მხარეს, რომელიც ამ საქონელს აწარმოებს.

მუხლი  222.  ბაზრის წილის ზღვრები და გამონაკლისის ხანგრძლივობა  კვლევისა და განვითარების შესახებ შეთანხმებებისთვის

1. თუ ორი ან მეტი მხარე წარმოადგენს კონკურენტეკონომიკურ აგენტს,  ამ დადგენილების მე-20 მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისი გავრცელდება კვლევისა და განვითარების შესახებ შეთანხმების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში, თუ შეთანხმების დადების დროს მხარეთა საერთო საბაზრო წილი შესაბამის სასაქონლო და ტექნოლოგიების შესაბამის ბაზრებზე არ აღემატება 25%-ს.

2. თუ მხარეები არ წარმოადგენენ კონკურენტ ეკონომიკურ აგენტებს, ამ დადგენილების მე-20 მუხლით დადგენილი გამონაკლისი გავრცელდება  კვლევისა და განვითარების შეთანხმების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში.

3. იმ კვლევისა და განვითარების შეთანხმებებისთვის, სადაც შედეგები ერთობლივად გამოიყენება, ამ დადგენილების მე-20 მუხლით დადგენილი გამონაკლისი გაგრძელდება 7 წლის განმავლობაში სახელშეკრულებო საქონლის ან ტექნოლოგიების შიდა ბაზარზე პირველი განთავსების დღიდან.

მუხლი 223. კვლევისა და განვითარების შესახებ შეთანხმებების გამონაკლისებისადმი მიკუთვნების გამორიცხვა (მძიმე ფორმის შეზღუდვები)

ამ დადგენილების მე-20 მუხლში მითითებული გამონაკლისი არ ვრცელდება კვლევისა და განვითარების შესახებ შეთანხმებებზე, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ, ცალკე ან მხარეთა კონტროლს დაქვემდებარებულ სხვა ფაქტორებთან ერთად, მიზნად ისახავს შემდეგ შეზღუდვებს:

ა) მხარეთა თავისუფლების შეზღუდვა, განახორციელონ კვლევა და განვითარება დამოუკიდებლად ან მესამე პირებთან თანამშრომლობით, კერძოდ:

ა.ა) იმ სფეროში, რომელიც არ არის დაკავშირებული კვლევისა და  განვითარების ხელშეკრულების სფეროსთან;

 ა.ბ) ერთობლივი ან დაკვეთით კვლევისა და განვითარების დასრულების შემდგომ იმ სფეროში, რომელსაც ეხება კვლევისა და განვითარების ხელშეკრულება ან მასთან დაკავშირებულ სფეროში;

ბ) წარმოების ან გაყიდვების შეზღუდვა, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:

ბ.ა) წარმოების მიზნების დადგენა, სადაც შედეგების ერთობლივი გამოყენება მოიცავს სახელშეკრულებო საქონლის ერთობლივ წარმოებას;

ბ.ბ) გაყიდვების მიზნების დადგენა, როდესაც შედეგების ერთობლივი გამოყენება:

ბ.ბ.ა) მოიცავს სახელშეკრულებო საქონლის ერთობლივ დისტრიბუციას ან სახელშეკრულებო ტექნოლოგიების ერთობლივ ლიცენზირებას;

ბ.ბ.ბ) ხორციელდება ერთობლივი გუნდის, ორგანიზაციის ან ეკონომიკური აგენტის მიერ ან ერთობლივად გადაეცემა მესამე მხარეს;

ბ.გ) მხარეთა თავისუფლების შეზღუდვა, აწარმოონ, გაყიდონ, გადასცენ ან განახორციელონ იმ საქონლის, ტექნოლოგიების ან პროცესების ლიცენზირება, რომლებიც კონკურენციას უწევს სახელშეკრულებო საქონელს ან  ტექნოლოგიებს იმ პერიოდის განმავლობაში, რომლის დროსაც მხარეები შეთანხმდნენ შედეგების ერთობლივი გამოყენების შესახებ;

გ) სახელშეკრულებო საქონლის გაყიდვის ან მესამე მხარისათვის სახელშეკრულებო ტექნოლოგიების ლიცენზირების ფასების ფიქსირება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ფასების ფიქსირება ეხება უშუალო მომხმარებლებს ან ლიცენზიის საფასურის დაწესება ხდება უშუალო ლიცენზიანტებისთვის, თუ შედეგების ერთობლივი გამოყენება:

გ.ა) მოიცავს სახელშეკრულებო საქონლის ერთობლივ დისტრიბუციას ან სახელშეკრულებო ტექნოლოგიების ერთობლივ ლიცენზირებას; და

გ.ბ) ხორციელდება ერთობლივი გუნდის, ორგანიზაციის ან ეკონომიკური აგენტის მიერ, ან ერთობლივად არის გადაცემული მესამე მხარისათვის;

დ) ითვალისწინებს მხარეთა ტერიტორიულ შეზღუდვას ან იმ მომხმარებელთა შეზღუდვას, რომლებსაც შეუძლიათ პასიურად შეიძინონ სახელშეკრულებო საქონელი ან მიიღონ სახელშეკრულებო ტექნოლოგიების ლიცენზია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კვლევისა და განვითარების შედეგების ექსკლუზიური ლიცენზირება სხვა მხარისთვის სავალდებულოა;

ე) მოიცავს მოთხოვნას, უარი თქვას მხარეთა შესაბამის ტერიტორიებზე მდებარე მომხმარებელთა ან გამოყენების კონტექსტში სპეციალიზაციის შედეგად მხარეებს შორის სხვაგვარად განაწილებული მომხმარებლის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, იმ შემთხვევაში, თუ ასეთი მომხმარებლები ყიდიან სახელშეკრულებო საქონელს სხვა ტერიტორიებზე, შიდა ბაზრის ფარგლებში;

ვ) ითვალისწინებს მოთხოვნას, რომ მომხმარებლებს ან გადამყიდველებს გაურთულდეთ სახელშეკრულებო საქონლის მიღება ბაზრის სხვა გადამყიდველებისგან.

მუხლი 224. კვლევისა და განვითარების შესახებ შეთანხმების გამონაკლისისადმი მიკუთვნების გამომრიცხავი სხვა გარემოებები

1. ამ დადგენილების მე-20 მუხლში მითითებული გამონაკლისი არ ვრცელდება კვლევისა და განვითარების შესახებ შეთანხმებებში არსებულ შემდეგ ვალდებულებებზე:

ა) ვალდებულება, არ გაასაჩივროს:

ა.ა) სამეცნიერო კვლევისა და განვითარების დასრულების შემდეგ ინტელექტუალური უფლებების ნამდვილობა, რომლებიც მხარეებს გააჩნიათ ბაზარზე და დაკავშირებულია კვლევისა და განვითარებისათვის; ან

ა.ბ) კვლევისა და განვითარების ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ნამდვილობა, რომელიც მხარეებს გააჩნიათ ბაზარზე და იცავენ კვლევისა და განვითარების შედეგებს;

ბ) ვალდებულება, არ გასცეს ლიცენზიები მესამე პირებზე სახელშეკრულებო საქონლის წარმოების ან სახელშეკრულებო ტექნოლოგიების გამოყენებისათვის, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ერთობლივი ან დაკვეთით კვლევისა და განვითარების შედეგების გამოყენებას ერთი ან მეტი მხარის მიერ და ამგვარ გამოყენებას ბაზარზე ადგილი აქვს მესამე პირებთან მიმართებით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი არ ზღუდავს შესაძლებლობას, ითვალისწინებდეს სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების შესახებ შეთანხმების შეწყვეტას, იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი მხარე გაასაჩივრებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტებში მითითებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ნამდვილობას.

3. თუ კვლევისა და განვითარების შესახებ შეთანხმება შეიცავს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული გამონაკლისის გამომრიცხავ რომელიმე გარემოებას, ამ დადგენილების მე-20 მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისი კვლავაც ვრცელდება კვლევისა და განვითარების შესახებ შეთანხმების დარჩენილ ნაწილზე, იმ პირობით, რომ გამონაკლისის გამომრიცხავი გარემოებები შეიძლება, გამოეყოს დარჩენილ ნაწილს და, ამავდროულად, ამ დადგენილების სხვა პირობები დაკმაყოფილებულია.“;

თ) 23-მუხლის:

თ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. დადგენილების მოქმედება ვრცელდება იმ შეთანხმებებზე, რომლებიც დაიდება 2027 წლის 31 დეკემბრამდე.“;

თ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შეთანხმებებისთვის, ამ  დადგენილებით გათვალისწინებული ერთობლივი შემოსავლისა და ბაზრის წილის ზღვრული ოდენობების გადაჭარბების შემთხვევაში, ამ გადაჭარბების გამოვლენის თარიღად ითვლება დადგენილების ძალაში შესვლის დრო.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე